„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2429
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 15/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2019
სარეგისტრაციო კოდი 370.030.000.05.001.001.317
  • Word
2429
20/06/2003
სსმ, 21, 15/07/2003
370.030.000.05.001.001.317
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

   საქართველოს კანონი

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

 მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №007, 30.04.96, გვ.16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, კომლს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თავის ძირითად საქმიანობას ახორციელებს სოფლის მეურნეობის სფეროში.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.

5. საკომლო მეურნეობა რეგისტრირებული უნდა იქნეს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ ეს მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ უნდა იქნეს რეგისტრირებული.“;

დ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. არსიანისა და აჭარა-იმერეთის ქედებზე არსებული სუბალპური და ალპური საძოვრები წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და მათ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან შეთანხმებით, 5-5 წლის ვადით, სათანადო ნორმატიული აქტებით, დროებით სარგებლობაში გადასცემს იმ რაიონს, თემს, დაბასა და სოფელს, რომლებიც მოცემულ ტერიტორიებს ტრადიციულად საძოვრებად იყენებდნენ.“;

ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. მესამე პირებთან ურთიერთობაში საკომლო მეურნეობის სახელით გამოდის ერთ-ერთი თანამესაკუთრე, რომელსაც დანარჩენი თანამესაკუთრეები მიანიჭებენ ამგვარ უფლებამოსილებას. ეს პირი საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) საკომლო მეურნეობის მეთაურად უნდა იქნეს რეგისტრირებული.“;

ვ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. გასხვისების ზოგადი შეზღუდვა

მესაკუთრეს, რომელიც საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობას უძღვება მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, შეუძლია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ან საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა ანდა საერთო საკუთრების თავისი წილი გაასხვისოს მხოლოდ მათი თანხმობით. თანხმობა დამოწმებული უნდა იყოს სანოტარო წესით. თანხმობის მიღებაზე უარი შეიძლება ითქვას მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობისას. თუ მესაკუთრე ვერ მიიღებს თანხმობას, მას შეუძლია მიმართოს სასამართლოს.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 მუხლი:

    „მუხლი 9. გამოსყიდვის სახელშეკრულებო უფლება

მიწის ნაკვეთის გასხვისებისას გამსხვისებელს შეუძლია შეუთანხმდეს შემძენს მის გამოსყიდვაზე იმ შემთხვევისათვის, როცა შემძენი თავს დაანებებს მიწის დამუშავებას. თუ შემძენმა მიწის დამუშავებას თავი გამსხვისებლის გარდაცვალების შემდეგ დაანება, გამოსყიდვის უფლებით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლია გამსხვისებლის იმ მემკვიდრეს, რომელსაც სურს თვითონ დაამუშაოს მიწა.“.

5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 10. მოიჯარის მიერ უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს, თუ იგი თვითონ უძღვება ამ მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მოიჯარეს. მოიჯარის მიერ შესყიდვაზე უარის თქმის შემთხვევაში ამ მიწის ნაკვეთის უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან/და მოიჯარეს.“.

6. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 და მე-12 მუხლები:

    „მუხლი 11. საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება

1. საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობაზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელსაც სურს თვითონ გაუძღვეს ამ მეურნეობას.

2. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საერთო საკუთრების წილის გასხვისებისას უპირატესი შესყიდვის უფლება აქვს ნებისმიერ თანამესაკუთრეს, რომელიც არის საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობის მესაკუთრე ან უძღვება ასეთ მეურნეობას და შესაძენი მიწის ნაკვეთი მისი მეურნეობის მომიჯნავე ტერიტორიაზე მდებარეობს.

    მუხლი 12. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება

1. საქართველოს მიწის ბაზრის რეგულირების, მიწების გამოყენებისა და დაცვის, მათი ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში იქმნება საქართველოს საადგილმამულო ფონდი. საადგილმამულო ფონდის მეშვეობით უპირატესი გამოსყიდვის უფლება აქვს სახელმწიფოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ შემთხვევებში.

2. სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება, თუ:

ა) მესაკუთრის შვილს სურს მიიღოს საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა და დამოუკიდებლად გაუძღვეს მას;

ბ) მესაკუთრემ საადგილმამულო (საკომლო) მეურნეობა ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი გაასხვისა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ან იგი მას იძულებით ჩამოერთვა.

3. თუ მესაკუთრეს რჩება ქმედუუნარო მემკვიდრე, სახელმწიფოს მიერ უპირატესი გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენება მანამ, სანამ არ დადგინდება, შეუძლია თუ არა მემკვიდრეს, დამოუკიდებლად გაუძღვეს მეურნეობას.“.

7. მე-19 მუხლის ტექსტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:

„2. აკრძალულია მიწის ნაკვეთის გასხვისება, თუ გასხვისების შედეგად დარჩენილი ფართობი 5 ჰექტარზე ნაკლები იქნება.“.

    მუხლი 2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე  

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2429-IIს