საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
დოკუმენტის ნომერი 3/10/1267,1268
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
მიღების თარიღი 07/12/2018
დოკუმენტის ტიპი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.016366
3/10/1267,1268
07/12/2018
ვებგვერდი, 12/12/2018
000000000.00.000.016366
საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები - პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს

პლენუმის

განმწესრიგებელი სხდომის

განჩინება №3/ 10/1267,1268

 

2018 წლის 7 დეკემბერი

ქ. ბათუმი

 

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე – სხდომის თავმჯდომარე;

ევა გოცირიძე – წევრი, მომხსენებელი მოსამართლე;

ირინე იმერლიშვილი – წევრი;

გიორგი კვერენჩხილაძე – წევრი;

მანანა კობახიძე – წევრი;

მაია კოპალეიშვილი – წევრი;

მერაბ ტურავა – წევრი;

თეიმურაზ ტუღუში – წევრი;

თამაზ ცაბუტაშვილი – წევრი.

სხდომის მდივანი: დარეჯან ჩალიგავა.

საქმის დასახელება: საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

დავის საგანი: „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით.

საქმის განხილვის მონაწილეები: მოსარჩელეების წარმომადგენელი მარინე კაპანაძე; აგრეთვე, მოსარჩელე დიანა შამანიდის წარმომადგენლები შოთა ქობალია და ლაშა მაჭავარიანი; მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ნინო ქოჩიაშვილი და გიორგი გიგუაშვილი.

 

I

აღწერილობითი ნაწილი

1. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 26 ოქტომბერს კონსტიტუციური სარჩელებით მომართეს საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეებმა პროკოპი სავვიდმა (რეგისტრაციის №1267) და დიანა შამანიდმა (რეგისტრაციის №1268). №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები, არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას გადაეცა 2017 წლის პირველ ნოემბერს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განმწესრიგებელი სხდომა №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 30 ივლისს.

2. 2018 წლის 12 ოქტომბერს №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებზე („საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) მომხსენებელმა მოსამართლემ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, №01/02-5 შუამდგომლობით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს საქმის პლენუმის მიერ განხილვის შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/1/1267,1268 განჩინებით არ დააკმაყოფილა სასამართლოს წევრის შუამდგომლობა და საქმე განსახილველად დაუბრუნა საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას. 2018 წლის 19 ნოემბრის №1/1/1267,1268 განჩინებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები განსახილველად გადასცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომა №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელების არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ზეპირი მოსმენით, გაიმართა 2018 წლის 5 დეკემბერს.

3. №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მომართვის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია: საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი და 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი; „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის 41 პუნქტი, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი; „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-16 მუხლები.

4. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის თანახმად, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებულია ამავე კანონის იმ დებულების მოქმედება, რომელიც უცხოელებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (მათ შორის, მემკვიდრეობით მიღებულის) საკუთრების უფლებას ანიჭებს.

5. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი აღიარებს და ხელშეუვალად აცხადებს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს დასახელებულ უფლებათა შეზღუდვის კონსტიტუციურსამართლებრივ საფუძველს.

6. კონსტიტუციური სარჩელიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეები წარსულში იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ეს სტატუსი საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების შედეგად დაკარგეს. ისინი აღნიშნავენ, რომ სწორედ სადავო ნორმის საფუძველზე ვერ ახერხებენ საკუთრებაში დაირეგისტრირონ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და მათზე არსებული ქონება. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ პრობლემურია არა მხოლოდ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ ქონებაზე საკუთრების შეძენის უფლების შეზღუდვა, არამედ, ზოგადად, ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მომავალში შეძენის აკრძალვა.

7. მოსარჩელე მხარის განმარტებით, სადავო ნორმით შეჩერებულია იმ საკანონმდებლო დებულების მოქმედება, რომელიც უცხოელს აღიარებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებაზე უფლებამოსილ სუბიექტად. მოსარჩელეებს ეზღუდებათ არა მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების შეძენა, არამედ შეზღუდული აქვთ, აგრეთვე მემკვიდრეობით მიღებული ამგვარი ქონების საკუთრებაში დარეგისტრირების შესაძლებლობაც. ამავდროულად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ მემკვიდრეობით საკუთრების შეძენა წარმოადგენს საკუთრების შეძენის ერთ-ერთ კონკრეტულ სახეს, შესაბამისად, ის არის სწორედ საკუთრების უფლების ნაწილი.

8. მოსარჩელე მხარის პოზიციით, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის ჩანაწერი იქნება გაკეთებული საქართველოს კონსტიტუციის საკუთრების უფლების დამდგენ დებულებაში, ეს უკანასკნელი ეკუთვნის ნებისმიერ ადამიანს და უცხოელი წარმოადგენს ამ უფლების სრულფასოვან სუბიექტს. აღნიშნულთან ერთად, ბუნებრივია, კონსტიტუციური უფლების ამგვარი განმარტება არ ბოჭავს სახელმწიფოს შესაძლებლობას, გარკვეული შეზღუდვები დაადგინოს უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლებასთან მიმართებით, თუმცა ამგვარი შეზღუდვის არსებობა ვერ იქონიებს გავლენას თავად უფლებით დაცული სფეროს ფარგლებზე.

9. მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ დროის გასვლასთან ერთად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განსაკუთრებული როლი ქვეყნის ეკონომიკისათვის იკლებს, თუმცა განსაკუთრებული როლის აღიარების პირობებშიც კი, უცხოელთა საკუთრებაში ამ ობიექტების მოქცევა არ წარმოშობს სახელმწიფოსთვის საფრთხეს. კერძოდ, ერთი მხრივ, თუკი სახელმწიფოს გააჩნია ეფექტური კონტროლი, უცხოელთა საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების არსებობა სახელმწიფო სუვერენიტეტს ვერ შეუქმნის საფრთხეს, ხოლო, მეორე მხრივ, ამ გარემოებას გავლენა ვერ ექნება და შესაძლოა, პირიქით, ნეგატიური ეფექტიც კი ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოებისათვის.

10. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვა არ არის კანონმდებლის მიერ გაცხადებულ ლეგიტიმურ მიზნებთან მიმართებით ლოგიკურ კავშირში და ამ კუთხით, მოსარჩელე სრულიად იზიარებს საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობას. ამასთან, მაშინ, როდესაც უცხოელებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვას სახელმწიფო ახორციელებს სახელმწიფო სუვერენიტეტისა თუ სხვა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევის მიზნით, აუცილებელია, მან წარმოადგინოს მყარი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოაჩენს შესაბამისი საფრთხის არსებობის რეალისტურობას. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ არ არსებობს იმგვარი ფაქტობრივი ან სამართლებრივი გარემოება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს არსებული პრაქტიკის გადახედვისა თუ შეცვლის საჭიროებას წარმოაჩენდა.

11. მოსარჩელეთა წარმომადგენლის აზრით, ცხადად არის დაფიქსირებული კანონმდებლის მიერ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების მიზანი, რომ უცხოელებმა ვერ ისარგებლონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებით. შესაბამისად, ამ შემთხვევაში სადავო ნორმით გათვალისწინებული უფლების შეზღუდვის ვადა გამოყენებულია მის სრულ აკრძალვამდე. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის საკუთრების უფლებაში ჩარევის ინტენსივობას, ვინაიდან კანონმდებლობით არ მომხდარა რაიმე გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებაც კი.

12. მოსარჩელე მხარე იშველიებს სადავო ნორმის განმარტებით ბარათს და აღნიშნავს, რომ ამ ნორმის მიღების მიზანი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქმეებზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების იდენტურია. ამასთან, სადავო ნორმა ტექსტობრივად იმავე ფორმულირებით არის მოცემული, როგორიც იყო „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებული №1/2/563 განჩინებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმაში.

13. მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში უფლების სადავო ნორმით განსაზღვრულ ვადამდე შეზღუდვა კიდევ უფრო მძიმეა, ვიდრე ეს საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ძალადაკარგული ნორმით დადგენილი კალენდარულად განსაზღვრული ვადის შემთხვევაში იყო სახეზე. კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში არსებობს იმის რეალური საფრთხე, რომ შეზღუდვა არა მხოლოდ უშუალოდ მითითებულ ვადამდე იქნეს გათვალისწინებული, არამედ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ მუდმივი აკრძალვის სახე მიიღოს. ამ კუთხით, უცხოელთა საკუთრების უფლების მდგომარეობას ვერ აუმჯობესებს კონსტიტუციის მომავალში ამოქმედებადი რედაქციით გათვალისწინებული ორგანული კანონის მიღების პერსპექტივა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ბუნდოვანია და წინასწარ შეუძლებელია განჭვრეტა, თუ რა ვადაში მიიღებს საქართველოს პარლამენტი დასახელებულ ორგანულ კანონს.

14. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არის საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებისა და განჩინების დამძლევი ნორმა და ის ძალადაკარგულად უნდა იქნეს ცნობილი საქმის განხილვის განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში. იმავდროულად, არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რომელიც საკითხზე მოითხოვდა დამატებით არსებითი განხილვის ფორმატში მსჯელობას.

15. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმაზე მსჯელობისას მას მხოლოდ მოქმედ კონსტიტუციასთან მიმართებით იხილავს. კანონმდებლობა სასამართლოს არ ავალდებულებს, მხედველობაში მიიღოს და საკუთარი გადაწყვეტილება დააფუძნოს კონსტიტუციის იმ რედაქციას, რომელიც საქმის განხილვის დროს არ არის მოქმედი. მოსარჩელის აზრით, ამგვარი მიდგომით, საკონსტიტუციო სასამართლო განახორციელებდა გაუმართლებელ თვითბოჭვას. ამავდროულად, მოსარჩელე უშვებს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ამოქმედების პირობებში წარმოიშვას საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ არსებითი განხილვის ფორმატში ახლებურად და შესაძლოა საკუთარი ადრე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებულად ჩამოყალიბების აუცილებლობა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოქმედი კონსტიტუციის პირობებში არ არსებობს მსგავსი მიდგომის გამოყენებისთვის ლეგიტიმური საფუძველი.

16. მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უთითებს განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო დოკუმენტებზე, უცხო ქვეყნებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე.

17. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არ არის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებათა დამძლევი და აღნიშნავს, რომ, მართალია, ნორმა ზღუდავს იდენტურ კონსტიტუციურ უფლებას, მსგავსია მისი მოქმედების სამართლებრივი შედეგიც, თუმცა სახეზეა საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებით გამოწვეული არსებითად შეცვლილი სამართლებრივი მდგომარეობა, რაც მოითხოვს საკითხზე არსებით მსჯელობას. ამასთან, საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმა უცხოელებს აძლევდა შესაძლებლობას, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა მიეღოთ საკუთრებაში ორი საფუძვლით, კერძოდ, მემკვიდრეობით და იმ შემთხვევაში, როდესაც ამ მიწას ისინი მართლზომიერად ფლობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, სადავო ნორმასთან შედარებით აგრეთვე განსხვავებულია უფლების შეზღუდვის მასშტაბი.

18. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ საკანონმდებლო ორგანო კვლავაც იზიარებს იმ ლეგიტიმურ მიზნებსა და მათ მნიშვნელობას, რომელიც გააჩნდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმებს. სწორედ ეს პოლიტიკური ნება იქნა გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების ჩამოყალიბებისას. კერძოდ, სადავო ნორმა, ერთი მხრივ, ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას, ხოლო, მეორე მხრივ, აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სტაბილური გარემოს შენარჩუნებას.

19. მოპასუხე მხარის საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით ახლებურად ჩამოყალიბდა საკუთრების უფლების დამდგენი კონსტიტუციური დებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას მიენიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსის სტატუსი და დაადგინა, რომ იგი შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საქართველოს მოქალაქეების ან მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. ამავდროულად, ეს კონსტიტუციური ცვლილება არ ქმნის უცხოელებისათვის საკუთრების აბსოლუტური შეზღუდვის საფუძველს, ვინაიდან ითვალისწინებს შეზღუდვიდან გამონაკლისების დაწესების შესაძლებლობას ორგანული კანონით. უშუალოდ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა კი, ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს მის საკანონმდებლო მოწესრიგებას გარდამავალ პერიოდში შესაბამისი ორგანული კანონის მიღებამდე. ამდენად, სწორედ საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილება და საკითხის განსხვავებული კონსტიტუციური მოწესრიგება აყალიბებს სადავო ნორმით გათვალისწინებული შეზღუდვის მიზანს.

20. მოპასუხის მტკიცებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული რესურსი სახელმწიფოსთვის, ვერ იქნება იმგვარადვე თავისუფალი ბრუნვისთვის მინდობილი, როგორც საკუთრების სხვა ობიექტები. იმისთვის, რომ ამ კატეგორიის მიწებზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების სრულყოფილი რეალიზაცია მოხდეს, აუცილებელია, ორგანულ კანონში გაიწეროს არა სრული აკრძალვა უცხოელებისთვის, არამედ გარკვეული სამართლებრივი ბერკეტები, რომლებიც დააზღვევს ამ კატეგორიის მიწების უცხოელების მიერ შესყიდვასთან დაკავშირებულ საფრთხეებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ამოქმედების მომენტისთვის, სადავო ნორმის არარსებობის პირობებში, შესაძლოა, თავად კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედება გამხდარიყო საფუძველგამოცლილი. შესაბამისად, სწორედ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციისთვის მოსამზადებელ ეტაპს ქმნის სადავო ნორმა, რომელიც მიზნად ემსახურება იმ საფრთხეების პრევენციას, რომელთა თავიდან აცილების მიზნითაც თავად კონსტიტუციური ცვლილება იქნა მიღებული.

21. მოყვანილ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა სადავო ნორმის დამძლევ ნორმად მიჩნევისა და განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

22. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 141 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, №1267 და №1268 კონსტიტუციურ სარჩელებზე საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრება.

23. სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში აღნიშნულია, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი არსებითად იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ მიღებული გადაწყვეტილებითა („დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) და საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის განჩინებით („ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) ძალადაკარგულად ცნობილი ნორმების შინაარსს. ამასთან, ის ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით ჩამოყალიბებულ სამართლებრივ რეჟიმს, ისევე, როგორც თავად კონსტიტუციური კანონის იმ დებულებას, რომელიც შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედებას ითვალისწინებს საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან და არა უფრო ადრეული პერიოდიდან.

24. სახალხო დამცველი საკანონმდებლო ჩარჩოს ანალიზის ფონზე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში შესული ცვლილებების ამოქმედების შემდგომ, საქართველოში უკვე კონსტიტუციურად მოხდება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელებზე გასხვისების აკრძალვა. ამდენად, განსახილველი სადავო ნორმა კიდევ უფრო მაღალი ინტენსივობით ითვალისწინებს უფლების შეზღუდვას, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ ძალადაკარგული ნორმით. გარდა ამისა, წერილობით მოსაზრებაში სადავო ნორმის განმარტებითი ბარათის გაანალიზების შედეგად აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ დასახელებული ნორმის ლეგიტიმური მიზნები არის არსებითად იდენტური, რაც ხსენებული, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილული საქმეების განხილვისას იყო მითითებული. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაშიც არ არსებობს სადავო ნორმით გათვალისწინებულ შეზღუდვასა და არსებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის ლოგიკური კავშირი.

25. მოყვანილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, სადავო ნორმა განმწესრიგებელი სხდომის ფორმატში, არსებითად განხილვის გარეშე უნდა იქნეს მიჩნეული „დამძლევ ნორმად“ და ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად.

 

II

სამოტივაციო ნაწილი

1. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არსებითად იმავე შინაარსის მქონეა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით. შესაბამისად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის საფუძველზე შუამდგომლობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად ცნოს განმწესრიგებელი სხდომის ეტაპზე, არსებითად განხილვის გარეშე. ამასთან, მოსარჩელე მხარე ითხოვს სადავო ნორმის ძალადაკარგულად ცნობას მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც შეეხება ფიზიკურ პირებს. შესაბამისად, სასამართლო სწორედ ამ ფარგლებში შეაფასებს, რამდენად არის სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების დამძლევი.

2. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის თანახმად, „თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად... გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ“. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმა „წარმოადგენს სასამართლო პროცესის ეკონომიურობისა და მართლმსაჯულების ეფექტურობის პრინციპის გამოხატულებას. აღნიშნული ნორმა სასამართლოს ანიჭებს შესაძლებლობას, მის მიერ ერთხელ უკვე შეფასებული და არაკონსტიტუციურად ცნობილი ქცევის წესი გააუქმოს არსებითად განხილვის გარეშე. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს მასში ასახული მოწესრიგების რეალურ აღსრულებას. მოცემული ნორმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ერთი მხრივ, კონტროლს უწევს საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, ხოლო, მეორე მხრივ, ქმნის ადამიანის უფლებათა დარღვევისაგან დაცვის პრევენციულ მექანიზმს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-8).

3. იმისათვის, რომ სადავო ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი არსებითად განსახილველად მიღების გარეშე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტის მიხედვით, აუცილებელია, სახეზე იყოს ორი წინაპირობა: (ა) სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად და (ბ) საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იზიარებდეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში ადრე გამოხატულ პოზიციას. მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/1/1267,1268 განჩინებით უკვე დადგენილია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იზიარეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 19 ოქტომბრის №3/1/1267,1268 განჩინება საქმეზე „ საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-18). ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო შეაფასებს, რამდენად იმეორებს სადავო ნორმა №3/1/512 გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს.

4. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტში არსებული ტერმინი „იმავე შინაარსის ნორმა“ არ გულისხმობს სიტყვასიტყვით იმავე ფორმულირების შემცველი წესის არსებობას. „სადავო ნორმების მსგავსება არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, არამედ იმ სამართლებრივი შედეგის მიხედვით, რომელიც შესაძლოა სადავო ნორმებს აერთიანებდეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 14 დეკემბრის №1/5/525 განჩინება საქმეზე „მოლდოვის მოქალაქე მარიანა კიკუ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-11). ამასთან, „ნორმის მხოლოდ ტექსტუალური, რედაქციული ან სხვა ფორმალური განსხვავება ვერ ჩაითვლება არსებით განმასხვავებელ ფაქტორად. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეაფასებს, არის თუ არა სადავო ნორმა არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსი შინაარსის“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10). შინაარსობრივი მსგავსება, თავის მხრივ, სახეზეა მაშინ, როდესაც სადავო ნორმით დადგენილი სამართლებრივი მოწესრიგების არაკონსტიტუციურობა უკვე დადგენილია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ და არ არსებობს სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახლა შეფასების საჭიროებას/საფუძველს შექმნიდა.

5. შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, რამდენად იმეორებს სადავო ნორმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმების შინაარსს. ამასთან, არსებითი მსგავსების პირობებშიც კი, აუცილებელია გამოირკვეს, ხომ არ არსებობს რაიმე ახალი გარემოება, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა სადავო ნორმის კონსტიტუციურობის ხელახალი შეფასება არსებითი განხილვის ფორმატში.

6. საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებაში იმსჯელა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის უცხოელთა მიერ შეძენის აკრძალვის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. კერძოდ, აღნიშნულ საქმეზე შეფასდა იმ ნორმის კონსტიტუციურობა, რომელიც უცხოელს დასახელებული კატეგორიის მიწის შეძენის უფლებას ანიჭებდა მხოლოდ მისი მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაში ან მაშინ, როდესაც იგი მას მართლზომიერად ფლობდა როგორც საქართველოს მოქალაქე. იმავდროულად, უცხოელი ვალდებული იყო 6 თვის ვადაში გაესხვისებინა დასახელებული საკუთრების ობიექტი. აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მხარე განმარტავდა, რომ დასახელებული შეზღუდვები ემსახურებოდა, ერთი მხრივ, აგრარული სექტორის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი სუვერენიტეტის დაცვას. კერძოდ, მდიდარი ქვეყნების მოქალაქეების მიერ საქართველოს მიწების მასობრივად შესყიდვის თავიდან აცილებას.

7. საკონსტიტუციო სასამართლომ 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ უცხოელი წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული საკუთრების უფლების სრულფასოვან სუბიექტს. შესაბამისად, მისთვის სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის შეზღუდვა საჭიროებს კონსტიტუციურ სამართლებრივ გამართლებას თანაზომიერების პრინციპის შესაბამისად. დადგენილი შეზღუდვის თანაზომიერებაზე მსჯელობისას საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ „აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესაძლებლობა სახელმწიფოს ერთნაირად აქვს იმისგან დამოუკიდებლად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა საქართველოში მცხოვრებ უცხოელ ფერმერს ეკუთვნის, თუ საქართველოს მოქალაქეს. აგრარული მეურნეობის ფარგლებში წარმოებული პროდუქტის როგორც ეკონომიკური ხასიათი, ისევე ხარისხი არ არის დამოკიდებული ამ რესურსის მწარმოებლის მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე. ამავე დროს, სახელმწიფოს ეკონომიკურ ზრდას, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიურ თუ მეცნიერულ განვითარებას ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლა არა თუ დააკნინებს, არამედ შესაძლოა ხელიც კი შეუწყოს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-65). ამავდროულად, „სახელმწიფოს გააჩნია სუვერენიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართლებრივ სივრცეს, მათ შორის საკუთრების უფლების შინაარსსა და ფარგლებს თავად განსაზღვრავს. ამავე დროს, კერძო საკუთრების არსებობა ვერ იქნება განხილული სახელმწიფოს სუვერენიტეტის რაიმე ფორმით დამცრობის შესაძლებლობად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-68). ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა, გარკვეულ შემთხვევებში უცხოელთათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვის კონსტიტუციურობა და აღნიშნა, რომ „შესაძლებელია არსებობდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთი, რომელზე საკუთრების უფლებაც, თავისი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოადგენდეს სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილს, თუმცა ზოგადად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ასეთად ვერ იქნება განხილული“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის 3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-69). შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, არ არსებობდა ლოგიკური კავშირი მოპასუხის მიერ დასახელებულ საჯარო ლეგიტიმურ მიზნებსა და სადავო ნორმით გათვალისწინებულ ბლანკეტურ აკრძალვას შორის.

8. საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნაა, რომ უფლების შეზღუდვა ემსახურებოდეს ლეგიტიმურ მიზანს და წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, დაცული უნდა იყოს პროპორციულობა ვიწრო გაგებით, რაც გულისხმობს, რომ უფლების შეზღუდვისათვის გამოყენებული აუცილებელი ღონისძიებით დაცული სიკეთე უნდა აღემატებოდეს შეზღუდვის შედეგად შელახულ უფლებრივ ინტერესს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-60). იმ შემთხვევაში, თუ სადავო ნორმა არ პასუხობს თანაზომიერების პრინციპის რომელიმე მოთხოვნას, უფლების შეზღუდვა არაპროპორციულად და შესაბამისად, არაკონსტიტუციურად მიიჩნევა. 2012 წლის 26 ივნისის 3/1/512 გადაწყვეტილებით სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არ უზრუნველყოფდა დასახელებული ლეგიტიმური მიზნების მიღწევას, შესაბამისად, არ აკმაყოფილებდა თანაზომიერების პრინციპის გამოსადეგობის მოთხოვნას და სწორედ ამიტომ წარმოადგენდა უფლების შეზღუდვის არაპროპორციულ და მაშასადამე არაკონსტიტუციურ საშუალებას.

9. მოცემულ შემთხვევაშიც, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის 3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის მსგავსად, სადავო ნორმა კრძალავს უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მქონე მიწის ნაკვეთის შეძენას. ამავე დროს, სადავო ნორმით აკრძალულია უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების ნებისმიერი ფორმით შეძენის აკრძალვა. უცხოელებს საკუთრების უფლების შეძენა ეკრძალებათ, მათ შორის მემკვიდრეობით მიღების გზით ან/და იმ მიწაზე, რომელსაც მართლზომიერად ფლობდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები. ამდენად, სადავო ნორმა სრულად იმეორებს 2012 წლის 26 ივნისის 3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით გათვალისწინებულ აკრძალვას და დამატებით გამორიცხავს უცხოელის მიერ საგამონაკლისო შემთხვევებში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების შეძენას. შესაბამისად, სადავო ნორმით დადგენილია 3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმაზე უფრო ყოვლისმომცველი შეზღუდვა. აღსანიშნავია, რომ განსახილველი საქმის განმწესრიგებელ სხდომაზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნები არსებითად 2012 წლის 26 ივნისის 3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილ ნორმათა ლეგიტიმური მიზნების იდენტურია. აღნიშნული გარემოება დაადასტურა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ლეგიტიმური მიზნები არსებითად მეორდება და ემსახურება, ერთი მხრივ, აგრარული სტრუქტურის გაუმჯობესებას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებას, დაცულ იქნეს მიწის დაქუცმაცებისა და მასობრივად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდიდარი ქვეყნების მოქალაქეებზე გასხვისებისაგან.

10. ამავე დროს, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით, არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმისგან განსხვავებით, სადავო ნორმით გათვალისწინებული აკრძალვა არ არის უვადო, იგი დროებითი ხასიათის არის და მოქმედებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე.

11. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის უცხოელებისათვის აკრძალვის დამდგენი დროებითი ხასიათის ნორმა ერთხელ უკვე ჩაითვალა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური ნორმის შინაარსის მქონე ნორმად და ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინებით საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „ნორმები, რომლებიც შინაარსობრივად იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმით დადგენილ ქცევის წესს, თუმცა დროებითი ხასიათი აქვს, ცალკეულ შემთხვევაში, შესაძლოა, მართლაც იქნეს განხილული როგორც ისეთი განსხვავებული ნორმატიული მოცემულობა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საჭიროებს ახალი პროცესის ფარგლებში არსებით განხილვას. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ პირის უფლების შემზღუდველი ნორმატიული რეგულირება ლოგიკურად არ უკავშირდება დასახელებულ ლეგიტიმურ მიზანს და, შესაბამისად, არ წარმოადგენს მისი მიღწევის საშუალებას, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის ხარისხს, ნორმის კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, არ გააჩნია არსებითი მნიშვნელობა. ასეთი ნორმა, პირის უფლებაში ჩარევის ინტენსივობის შეფასების გარეშეც, უკვე არაკონსტიტუციურია. უფლების შემზღუდველი ნორმატიული აქტის მოქმედების ვადას, არც იმ შემთხვევაში აქვს არსებითი მნიშვნელობა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ კონსტიტუციური უფლების დარღვევა გარდაუვალია სადავო ნორმით უფლებაში ჩარევის ინტენსივობის მიუხედავად“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის №1 /2 /563 განჩინება საქმეზე „ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-20).

12. როგორც აღინიშნა, საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით უცხოელებისათვის სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის აკრძალვის დამდგენი ნორმა არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, ვინაიდან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ვერ დაინახა ლოგიკური კავშირი სადავო ნორმით გათვალისწინებულ ღონისძიებასა და დასახელებულ ლეგიტიმურ მიზნებს შორის. ხსენებული ნიშნავს, რომ სადავო ნორმა არ ემსახურებოდა რაიმე ლეგიტიმურ მიზანს და ფაქტობრივად წარმოადგენდა უფლების თვითნებურ შეზღუდვას. სადავო ნორმის კონსტიტუციურობის შეფასებისას უფლების შეზღუდვის ვადა შეიძლება რელევანტური იყოს, როდესაც ნორმის არაკონსტიტუციურობა შეზღუდვის სიმძიმეს უკავშირდება. ხსენებული შეიძლება სახეზე იყოს იმ პირობებში, როდესაც სასამართლო ადგენს, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია ნაკლებად მზღუდველი ღონისძიებით (აუცილებლობის მოთხოვნა) ან/და შეზღუდვა იმდენად მძიმეა, რომ სადავო ნორმით დაცული სიკეთე არ აღემატება შეზღუდვის შედეგად პირის უფლებისთვის მიყენებულ ზიანს (ვიწრო პროპორციულობის მოთხოვნა), მსგავსი არგუმენტაციით სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შეთხვევაში შესაძლოა საჭირო იყოს იმის შეფასება, ხანმოკლე ვადით ანუ ნაკლები ინტენსივობით დადგენილი შეზღუდვა რამდენად პასუხობს თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნებს. თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ, თუ  დადგენილია, რომ არ არსებობს ლოგიკური კავშირი სადავო ნორმით გათვალისწინებულ მზღუდავ ღონისძიებასა და შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შორის, ნორმის არაკონსტიტუციურობისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ნორმის მოქმედების ვადას. თანაბრად არაკონსტიტუციურია უფლების როგორც მუდმივად, ისე დროებით თვითმიზნური შეზღუდვა. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში შეზღუდვის დროებითი ხასიათი არ განაპირობებს სადავო ნორმებს შორის იმგვარ სხვაობას, რომ გამორიცხოს ნორმების იდენტურობა და საჭიროებდეს არსებითი განხილვის ფორმატში შეფასებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოდ გამხდარ ნორმას აქვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის იდენტური შინაარსი.

13. როგორც აღინიშნა, ნორმის არსებითი განხილვის გარეშე ძალადაკარგულად ცნობის წინაპირობაა, რომ არ არსებობდეს რაიმე ახალი სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გააჩენდა არსებითი განხილვის ფორმატში შეფასების საჭიროებას. მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა შეცვლილი სამართლებრივი გარემოება, რომელიც წინა საქმეებზე არ ყოფილა შეფასებული. მოპასუხე მიუთითებს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" 2017 წლის 13 ოქტომბრის №1324-რს საქართველოს კონსტიტუციურ კანონზე, რომლის თანახმადაც ცვლილება შედის საქართველოს კონსტიტუციაში. აღნიშნული კონსტიტუციური კანონის მე-3 მუხლის თანახმად, დასახელებული ცვლილება ძალაში შედის საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული ცვლილებების შედეგად, ახლებურად ყალიბდება საკუთრების უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულება. მოპასუხის მტკიცებით, სადავო ნორმის არარსებობის პირობებში შესაძლოა, კონსტიტუციური ცვლილების ამოქმედების შემდგომ საფრთხე შეექმნას ახალი რედაქციით ჩამოყალიბებული საკუთრების უფლების დამდგენი დებულების სათანადო რეალიზაციას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაფასოს, რამდენად უნდა ჩაითვალოს საქართველოს კონსტიტუციაში შემავალი, მომავალში ასამოქმედებელი ცვლილება იმგვარ სამართლებრივ გარემოებად, რომლის გამოც აუცილებელი იქნება სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობა არსებითი განხილვის ფორმატში.

14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციური კანონი, როგორც კონსტიტუციის განუყოფელი და ორგანული ნაწილი, თავად ქმნის კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს, შესაბამისად, მას ისეთივე იურიდიული ძალა გააჩნია, როგორიც ძირითადი კანონის სხვა ნორმებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის №1/1/549 განჩინება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები ირმა ინაშვილი, დავით თარხან-მოურავი და იოსებ მანჯავიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-9). ამასთანავე, კონსტიტუციური კანონი იურიდიულ ძალას იძენს მხოლოდ სათანადო წესით ამოქმედების შემდგომ. ბუნებრივია, ვიდრე „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი არ შევა ძალაში, ვერ ჩაითვლება მოქმედი კონსტიტუციურსამართლებრივი სისტემის ნაწილად, ვერ შექმნის კონსტიტუციურსამართლებრივ წესრიგს და ვერ მოახდენს გავლენას აწმყოში არსებულ სამართლებრივ სივრცეზე.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკუთრების კონსტიტუციური უფლების მარეგლამენტირებელი, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი მოქმედებს იმ რედაქციით, როგორიც იყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებისა და 2014 წლის 24 ივნისის №1/2/563 განჩინების მიღების მომენტისთვის. შესაბამისად, მოქმედი კონსტიტუციის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლებასთან მიმართებით, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შინაარსი არ შეცვლილა. როგორც არაერთხელ აღინიშნა, კონსტიტუციური კანონი, რომლის თანახმადაც, ახლებურად ყალიბდება საკუთრების ძირითადი უფლების მარეგლამენტირებელი კონსტიტუციური დებულება, ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე. შესაბამისად, მოცემულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მომენტისთვის კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული ცვლილებები არ არის ძალაში და ახალი რედაქციით გათვალისწინებულ დებულებას არ გააჩნია კონსტიტუციის ძალა. შესაბამისად, მის ამოქმედებამდე საკუთრების კონსტიტუციური უფლების ფარგლებს და შინაარსს აყალიბებს მოქმედი კონსტიტუციური დებულება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი.

16. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ორგანომ, რომელმაც მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები, გააჩნდა ლეგიტიმური შესაძლებლობა, რომ დასახელებული კონსტიტუციური ცვლილებების ამოქმედება დაეკავშირებინა არა მომავალში გარკვეული მომენტისათვის, არამედ ნებისმიერი სხვა დროისთვის. მაგალითისთვის, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2018 წლის 23 მარტის №2071-IIს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულია: „ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობები ამოქმედდეს ამ კანონის ამოქმედებისთანავე“. თავის მხრივ, ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით“. დასახელებული კონსტიტუციური დებულებით გათვალისწინებული პირობები საქართველოს პარლამენტის მიერ ამოქმედდა ბევრად ადრე, ვიდრე დანარჩენი ცვლილებები – შესაბამისი კონსტიტუციური კანონის გამოქვეყნებისთანავე. შესაბამისად, იმ ნაწილში, სადაც კანონმდებელმა დაინახა კონსტიტუციური ცვლილებების დროულად ამოქმედების საჭიროება, კონსტიტუციურ კანონში გააკეთა კიდეც შესაბამისი დათქმა. კონსტიტუციური კანონით გათვალისწინებული ცვლილებების დანარჩენ ნაწილში კი ამგვარი დათქმა არ არის გაკეთებული და მათი ამოქმედება დაკავშირებულია საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტთან. შესაბამისად, სწორედ კონსტიტუციური კანონმდებლის ნების გამოხატულებაა, რომ განხორციელებული ცვლილებების ამოქმედება და შედეგები გავრცელდეს მის მიერ განსაზღვრული თარიღიდან და არა სხვა, უფრო ადრეული პერიოდიდან.

17. განსახილველ შემთხვევაში, კონსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც საქმის განხილვის მომენტისათვის არ არის ძალაში, ვერ გახდება მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრული უფლების ფარგლების დავიწროების საფუძველი. შესაბამისად, მოპასუხის მიერ მითითებული კონსტიტუციური ცვლილება ძალაში შესვლამდე გავლენას ვერ მოახდენს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთრების უფლების ფარგლებისა და შინაარსის განსაზღვრაზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ დასახელებული კონსტიტუციური ცვლილება არ უნდა შეფასდეს ისეთ ახალ სამართლებრივ გარემოებად, არსებით განმასხვავებელ ფაქტორად, რის გამოც აუცილებელი იქნებოდა საკითხზე ხელახალი მსჯელობა არსებითი განხილვის ფორმატში.

18. ამრიგად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი იმეორებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს. ამავე დროს, როგროც უკვე აღინიშნა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სრულად იზიარებს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის №3/1/512 გადაწყვეტილებაში გამოხატულ სამართლებრივ პოზიციას და მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობს სასამართლოს პრაქტიკის შეცვლის საჭიროება. შესაბამისად, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტი უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად ამ განჩინების გამოქვეყნების მომენტიდან.

 

 

III

სარეზოლუციო ნაწილი

საქართველოს კონსტიტუციის 89-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის, 211 მუხლის, 25-ე მუხლის 41 პუნქტის, 271 მუხლის პირველი პუნქტის, 39-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის პირველი, მე-2, 51, მე-7, მე-8, მე-11 და მე-13 პუნქტების, „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, მე-17 მუხლის 51 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის და 22-ე მუხლის საფუძველზე,

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

ა დ გ ე ნ ს:

1. არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად №1267 და №1268 კონსტიტუციური სარჩელები („საბერძნეთის რესპუბლიკის მოქალაქეები – პროკოპი სავვიდი და დიანა შამანიდი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

2. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 33 პუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს უცხოელის მიმართ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედების „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის ამოქმედებამდე შეჩერებას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ განჩინების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

3. განჩინება ძალაშია მისი საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

4. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

5. განჩინებას დაერთოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრების – ევა გოცირიძის, მანანა კობახიძისა და მერაბ ტურავას განსხვავებული აზრი.

6. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, გაეგზავნოს მხარეებს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“.

 

პლენუმის შემადგენლობა:

ზაზა თავაძე

ევა გოცირიძე

ირინე იმერლიშვილი

გიორგი კვერენჩხილაძე

მანანა კობახიძე

მაია კოპალეიშვილი

მერაბ ტურავა

თეიმურაზ ტუღუში

თამაზ ცაბუტაშვილი