ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 17-66
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/07/2015
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/07/2015
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
17-66
05/07/2015
ვებგვერდი, 06/07/2015
010260050.35.101.016179
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/07/2015 - 12/08/2015)

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17-66

2015 წლის 5 ივლისი

ქ. თბილისი

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“   61-ე მუხლის მე-2  პუნქტის და 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, ,,საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 19 დეკემბრის №18-57 დადგენილების შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) „სტიქიის შედეგად დაკარგული/დაზიანებული საცხოვრისის შეძენის/რეაბილიტაციის განაცხადის“ ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ,,სტიქიის შედეგად დაკარგული/დაზიანებული უძრავი ქონების დათმობის შესახებ“ განაცხადის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) ,,საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე“ ხელშეკრულების ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად;

ე) ,,უძრავი ქონების დათმობის შესახებ“ ხელშეკრულების ფორმა, დანართი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი



დანართი №1
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი  
   1. ეს წესი არეგულირებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პირობებს, დაზარალებული ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შესწავლის, შეფასებისა და მათთვის დახმარების აღმოჩენის კრიტერიუმებს.

 2. წესის მიზანია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა და საცხოვრისით უზრუნველყოფა.

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამიდან დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და უძრავი ქონების დათმობასთან დაკავშირებულ პროცედურებს ახორციელებს თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემას ახორციელებენ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობები (შემდგომში - გამგეობა)  მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) კომისია - „2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო და მდინარე ვერეს ხეობის და მიმდებარე ტერიტორიის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი აღდგენითი სამუშაოების ორგანიზების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 ივნისის №274 დადგენილებით შექმნილი უწყებათაშორისი კომისია;

ბ) დაზარალებული პირი (ოჯახი) – კომისიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიაზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები,  „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სუბიექტები, რომლებსაც ქ.თბილისში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად  დაენგრათ/დაუზიანდათ საცხოვრებელი სახლი/ბინა;

გ) ოჯახი - ერთ საცხოვრებელ სახლში მუდმივად მცხოვრები პირები, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას (ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი);

დ) საცხოვრისი - მუდმივად  საცხოვრებლად მოწყობილი და გამოყენებული, ერთი ან მეტი საცხოვრებელი ოთახისაგან შემდგარი ბინა;

ე) უძრავი ქონების დათმობა – დაზარალებული პირის (ოჯახის) საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული უძრავი ქონების თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა, საბაზრო ღირებულების ანაზღაურების სანაცვლოდ;

ვ) სხვა სახის ფულადი დახმარება - ფულადი  დახმარება საოჯახო ნივთების შეძენისთვის;

ზ) სტიქიური უბედურების ზონა - კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორია, სადაც ცხოვრება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველია;

თ) რეაბილიტაცია - შენობა–ნაგებობაში საცხოვრებლად უსაფრთხო პირობების შექმნა;

ი) შემფასებელი - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.


მუხლი 3. დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) კატეგორიები და ჯგუფები

 

  1. დაზარალებული პირები  (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ძირითად კატეგორიებად:

ა) I კატეგორია -­ დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დანგრეულია ან დაზიანებულია სტიქიის შედეგად და არ ექვემდებარება რეაბილიტაციას;

ბ)  II კატეგორია - დაზარალებული პირი (ოჯახი), რომლის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიის შედეგად, თუმცა ექვემდებარება რეაბილიტაციას.

  1. დაზარალებული პირები (ოჯახები) იყოფიან შემდეგ ჯგუფებად:

ა) I ჯგუფი -  მესაკუთრეები;

ბ) II ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები (შემდგომში - მფლობელი);

გ) III ჯგუფი - ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში/სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული  თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის მოსარგებლეები (შემდგომში - მოსარგებლე).


მუხლი 4. საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი
1. დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფა ხდება ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებული კატეგორიებისა და ჯგუფების მიხედვით.

2. I კატეგორიაში მითითებულ ყველა ჯგუფის დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით,  საცხოვრებელი სახლის/ბინის შესაძენად მიეცემათ ფულადი თანხა ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით  კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის არეალში შემფასებლის მიერ დადგენილი საცხოვრებელი ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება:

ა) 1-2 წევრიანი ოჯახისათვის - 45 კვადრატული მეტრის ღირებულებით;

ბ) 3-4 წევრიანი ოჯახისათვის - 65 კვადრატული მეტრის ღირებულებით;

გ) 5-6 წევრიანი ოჯახისათვის - 90 კვადრატული მეტრის ღირებულებით;

დ) 7 და მეტ წევრიანი ოჯახისათვის - 110 კვადრატული მეტრის ღირებულებით.

3. II კატეგორიაში მითითებული დაზარალებული პირი (ოჯახი) საცხოვრებელი სახლის/ბინის რეაბილიტაციისათვის, გამგეობასთან შეთანხმებით შეარჩევს სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელს, თუ სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის მიხედვით, არ აღემატება მათ საკუთრებაში/მფლობელობაში /სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის/ბინის სტიქიამდე არსებული საშუალო საბაზრო ღირებულების 50 %-ს.

4. II კატეგორიაში მითითებულ დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით,  საცხოვრებელი სახლის/ბინის შესაძენად მიეცემათ ფულადი თანხა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით, თუ მათი საცხოვრებელი სახლის/ბინის სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება, შემფასებლის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნის  მიხედვით,  აღემატება მათ  საკუთრებაში/ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლის/ბინის სტიქიამდე არსებული საშუალო საბაზრო ღირებულების 50 %-ს ან/და მათ  საკუთრებაში/მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი სახლი/ბინა მდებარეობს სტიქიური უბედურების ზონაში.

5. საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმებისას თბილისის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, კომისიის მიერ სტიქიური უბედურების ზონის დადგენის შემდეგ, ხსენებულ ზონაში მდებარე საცხოვრებელი სახლის/ბინის მესაკუთრეებს უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ხოლო მფლობელებს/მოსარგებლეებს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების დათმობის სანაცვლოდ აუნაზღაუროს, სტიქიამდე მათ საკუთრებაში/მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულება, რა დროსაც ასანაზღაურებელ თანხას გამოაკლდება დაზარალებული პირის (ოჯახის) მიერ ამ მუხლის მე–2 პუნქტით დადგენილი წესით, მიღებული თანხა. ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული თანხა აღემატება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას, დაზარალებულ  პირს (ოჯახს) რჩება მეტობით მიღებული თანხა.

6. თუ დაზარალებული პირი (ოჯახი) უარს განაცხადებს ამ მუხლის მე-2 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული საცხოვრისის უზრუნველყოფის წესით სარგებლობაზე, დანგრეული ან დაზიანებული სახლის/ბინის მესაკუთრეებს უძრავი ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთის) მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადმოცემის სანაცვლოდ, ხოლო  მფლობელებს/მოსარგებლეებს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლების დათმობის სანაცვლოდ საცხოვრებელი სახლის/ბინის შესაძენად მიეცემათ ფულადი თანხა, სტიქიამდე მათ საკუთრებაში/ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების შემფასებლის მიერ დადგენილი საბაზრო ღირებულების მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ან სტიქიური უბედურების ზონაში ექცევა დაზარალებული პირის (ოჯახის) საკუთრებაში/ მფლობელობაში/სარგებლობაში არსებული  მიწის ნაკვეთის  არაუმეტეს 1/3 ნაწილი, მას აუნაზღაურდება მხოლოდ კომისიის მიერ განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში ან სტიქიური უბედურების ზონაში მოხვედრილი ქონების ნაწილის საბაზრო ღირებულება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ დარჩენილი მიწის ნაკვეთი რჩება მისასვლელი გზის გარეშე მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს იგი აუცილებელი გზით.


მუხლი 5. სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესი
დაზარალებულ პირებს (ოჯახებს) საოჯახო ნივთების შესაძენად მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება, რომელიც განისაზღვრება:

ა) 1-2 წევრიანი ოჯახისათვის - 8 000 (რვა ათასი) ლარით;

ბ) 3-4 წევრიანი ოჯახისათვის - 8 700 (რვა ათას შვიდასი) ლარით;

გ) 5-6 წევრიანი ოჯახისათვის - 9 400 (ცხრა ათას ოთხასი) ლარით;

დ) 7 და მეტ წევრიანი ოჯახისათვის - 10 500 (ათი ათას ხუთასი) ლარით.

 


მუხლი 6. დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის პროცედურა
1. დაზარალებული პირის (ოჯახის) მიერ საცხოვრისით უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისათვის საჭირო ფულადი თანხის მიღების ან უძრავი ქონების დათმობის  თაობაზე შევსებულ განაცხადს, რომელსაც დაზარალებული წარადგენს გამგეობაში  ან  სააგენტოში, უნდა ერთოდეს:

ა) დაზარალებული პირის (დაზარალებული ოჯახის ყველა წევრის) მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტები;

ბ) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ამ წესის მე-7 მუხლით განსაზღვრული სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

2. წარმოდგენილი განაცხადის განხილვის პროცესში სააგენტო ან გამგეობა ხელმძღვანელობს  სააგენტოსთვის შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკისა“ და ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ არსებული მდგომარეობის აღწერის (ინვენტარიზაციის) შედეგად მოპოვებული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით, რომელიც შეიცავს:

ა) ფოტომასალას;

ბ) საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმას;

გ) ინფორმაციას უფლებრივი მდგომარეობის შესახებ;

დ) ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობის შესახებ;

ე) ინფორმაციას ოჯახის წევრთა რაოდენობის შესახებ;

ვ) გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო სხვა ინფორმაციას.

3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადასტურდება, რომ არსებობს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ფულადი თანხის გაცემის, სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების  ან უძრავი ქონების დათმობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი რაიონის გამგებელი ან სააგენტო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (შემდგომში - აქტი) განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.

4. სააგენტოს ან გამგეობის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული აქტის გამოცემის შემდეგ, განაცხადის მოთხოვნის შინაარსიდან გამომდინარე:

ა) სააგენტოსა და დაზარალებულ პირს (ოჯახს) შორის ფორმდება ხელშეკრულება საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის ან უძრავი ქონების დათმობის თაობაზე, ამ დადგენილების მე-4 ან მე-5 დანართით დადგენილი ფორმის შესაბამისად;

ბ) გამგეობა გასცემს თანხმობას დაზარალებული პირის (ოჯახს) მიერ შერჩეულ სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელ პირთან,   შესაბამისი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე;

გ) გამგეობა სარეაბილიტაციო სამუშაოების განმახორციელებელ პირს შესრულებული სამუშაოსთვის გადაურიცხავს თანხას მის მიერ წარმოდგენილი ფორმა 2-ის საფუძველზე, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს ა(ა)იპ ,,თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის“ მიერ.

5. დაზარალებული პირისათვის (ოჯახისათვის) საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ თანხას, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური განათავასებს ამ მიზნით გახსნილ სპეციალურ („ესქროუ“) ანგარიშზე. ბანკში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე, თანხა გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე, ხოლო თუკი ნასყიდობის ფასი აღნიშნულ თანხაზე ნაკლებია სხვაობა გადაერიცხება დაზარალებულ პირს (ოჯახს) მის მიერ მითითებულ ანგარიშზე. ხოლო მე-4 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფულადი თანხა სააგენტოს მიმართვის საფუძველზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის მიერ გადაირიცხება დაზარალებული პირის (ოჯახის) მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. 

6. დაზარალებულ ოჯახებს, რომელთა საცხოვრისით უზრუნველყოფის შესახებ განცხადებებიც დაკმაყოფილდა, სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ  მიეცემათ ორთვიანი ვადა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ღირებულების ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის/ბინის შეძენისათვის. დაზარალებულ პირს (ოჯახს), რომელსაც არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით დადგენილი წესით მიეცემა ფულადი თანხა, საცხოვრებელი ფართის დაქირავების მიზნით, ხოლო თუ იგი ხსენებულ ვადაში ვერ შეიძენს საცხოვრებელ სახლს/ბინას, მას აღარ მიეცემა ფულადი თანხა საცხოვრებელი ფართის დასაქირავებლად.

7. სააგენტო ან გამგეობა არ განიხილავს იმ დაზარალებული ოჯახების განაცხადებს, რომლებსაც სახელმწიფოს,  დონორი ორგანიზაციების ან სხვა ფიზიკური ან იურიდიულ პირთა მხრიდან სტიქიით დაზარალების გამო ერთხელ უკვე აქვთ მიღებული სათანადო საცხოვრებელი ფართი ან საცხოვრებელი ფართის შეძენის ან რეაბილიტაციისათვის ფულადი დახმარება.


მუხლი 7. პრიორიტეტების განსაზღვრა ამ წესით დადგენილი პროცედურების განხორციელებისას
ამ წესით  დადგენილი პროცედურების განხორციელებისას, რიგითობის მიხედვით პრიორიტეტი მიენიჭება ქვემოთ ჩამოთვლილ პრიორიტეტულ ჯგუფებს:

ა) დაზარალებულ  ოჯახს, რომლის არცერთ წევრს არ გააჩნია საცხოვრებლად უსაფრთხო სხვა უძრავი ქონება;

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა  ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ დაზარალებულ ოჯახებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 100 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა;

გ) მრავალშვილიან დაზარალებულ ოჯახებს (18 წლამდე ასაკის სამი და მეტი შვილი);

დ) დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის ორსული ან მეძუძური დედა;

ე) დაზარალებულ ოჯახს, რომლის წევრიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი;

ვ) დაზარალებულ ოჯახს, რომლის ერთ-ერთი წევრი არის ომის ვეტერანი.


მუხლი 8. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

 

.



დანართი №4
ხელშეკრულება

საცხოვრისით უზრუნველყოფის მიზნით ფულადი თანხის გადაცემის თაობაზე

ქ.თბილისი   2015  წელი


1. ხელშეკრულების მხარეები

ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს   სახით და, მეორე მხრივ დაზარალებული პირი (პირადი მონაცემები), შემდგომში წოდებული მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი /მოსარგებლე, ერთობლივად წოდებულნი როგორც მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, ვთანხმდებით შემდეგზე:

2. ხელშეკრულების საგანი

 

 „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილების  და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე,  შემფასებლის მიერ გაცემული N დასკვნის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირს (ოჯახს) საცხოვრისის უზრუნველყოფის მიზნით გადაეცემა ფულადი თანხა საცხოვრებელი ბინის შესაძენად  --- ლარის ოდენობით.

 

3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

1.მუნიციპალიტეტიმესაკუთრისათვის/მართლზომიერი მფლობელისათვის/მოსარგებლისათვის საცხოვრისის უზრუნველყოფის მიზნით გადასაცემ თანხას განათავსებს სპეციალურ („ესქროუ“) ანგარიშზე:

ბანკის დასახელება:

ანგარიშის ნომერი:

ბანკის კოდი:

2. ბანკში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების წარდგენის საფუძველზე,  ამ ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული თანხა გადაირიცხება გამყიდველის ანგარიშზე.

3. მესაკუთრეს/მართლზომიერ მფლობელს/მოსარგებლეს, ეძლევა ორთვიანი ვადა ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში მითითებული თანხის ფარგლებში, საცხოვრებელი სახლის/ბინის  შესაძენად.

4. მესაკუთრე (მართლზომიერი მფლობელი/მოსარგებლე) აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ კომისიის მიერ სტიქიური უბედურების ზონის დადგენის შემდეგ --------------- ვადაში შემფასებლის დასკვნით დადგენილი საბაზრო ღირებულების მუნიციპალიტეტის მიერ, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებით განსაზღვრული წესით ანაზღაურების სანაცვლოდ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მისამართი, საერთო ფართი, საკადასტრო კოდი არსებობის შემთხვევაში) გადასცეს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში  (დათმოს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება).

 

4. სხვა პირობები

1. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა მოაგვარონ ურთიერთშეთანხმების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს მიერ.

2. ხელშეკრულება შედგენილია 5 (ხუთ) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული

პირის - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი

 

 

 

დაზარალებული პირი   (სახელი, გვარი)

 


დანართი 5
ხელშეკრულება

უძრავი ქონების დათმობის შესახებ

ქ.თბილისი  2015 წელი


1. ხელშეკრულების მხარეები

ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (შემდგომში - მუნიციპალიტეტი) წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს   სახით და, მეორეს მხრივ დაზარალებული პირი (პირადი მონაცემები), შემდგომში წოდებული მესაკუთრე/მართლზომიერი მფლობელი/ მოსარგებლე, ერთობლივად წოდებულნი როგორც მხარეები, წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად ვთანხმდებით შემდეგზე:

2. ხელშეკრულების საგანი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილების და წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე,  შემფასებლის მიერ გაცემული N დასკვნის გათვალისწინებით, სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირს (ოჯახს) უძრავი ქონების (მისამართი, საერთო ფართი, საკადასტრო კოდი არსებობის შემთხვევაში) დათმობის სანაცვლოდ გადაეცემა ფულადი თანხა  --- ლარის ოდენობით.

3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

1.მუნიციპალიტეტი მესაკუთრისათვის/მართლზომიერი მფლობელისათვის / მოსარგებლისათვის უძრავი ქონების დათმობის სანაცვლოდ ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებულ თანხას გადაურიცხავს შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ბანკის დასახელება:

ანგარიშის ნომერი:

ბანკის კოდი:

2. მესაკუთრე (მართლზომიერი მფლობელი/მოსარგებლე) აცხადებს თანხმობას მასზედ, რომ ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხის მუნიციპალიტეტის მიერ, „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 5 ივლისის №17-66 დადგენილებით განსაზღვრული წესით ანაზღაურების სანაცვლოდ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (მისამართი, საერთო ფართი, საკადასტრო კოდი არსებობის შემთხვევაში)  გადასცეს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში  (დათმოს საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის უფლება).

4. სხვა პირობები

 

1. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან დავა მოაგვარონ ურთიერთშეთანხმების გზით, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს შესაბამისი იურისდიქციის მქონე სასამართლოს მიერ.

2. ხელშეკრულება შედგენილია 5 (ხუთ) თანაბარმნიშვნელოვან ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული

პირის - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი

 

 

 

დაზარალებული პირი   (სახელი, გვარი).


10. 29/04/2021 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 80-47 - ვებგვერდი, 04/05/2021 9. 29/03/2019 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 40-28 - ვებგვერდი, 02/04/2019 8. 02/10/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 29-104 - ვებგვერდი, 03/10/2018 7. 26/12/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 8-20 - ვებგვერდი, 03/01/2018 6. 06/06/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 11-47 - ვებგვერდი, 08/06/2017 5. 23/12/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 32-91 - ვებგვერდი, 29/12/2016 4. 10/06/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15-42 - ვებგვერდი, 14/06/2016 3. 13/05/2016 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 12-36 - ვებგვერდი, 18/05/2016 2. 18/12/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 29-121 - ვებგვერდი, 21/12/2015 1. 12/08/2015 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 21-92 - ვებგვერდი, 13/08/2015