ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ

  • Word
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3091
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 24/05/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 09/06/2006
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.020.05.001.002.246
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
3091
24/05/2006
სსმ, 20, 09/06/2006
190.020.020.05.001.002.246
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (09/06/2006 - 29/12/2006)

 

საქართველოს კანონი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის მიზნები

1. ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, შესრულების, აუდიტის, ზედამხედველობის, ანგარიშგების, შეფასებისა და კონტროლის წესს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებს.

2. ამ კანონის მიზანია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ურთიერთობების მოწესრიგება და ამ მიმართებით საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფა.

    მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების ძირითადი საფინანსო გეგმა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ;

ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების შეფასება – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულებიდან გამომდინარე მიღებული სოციალური შედეგების და ხარჯების ეფექტიანობის შეფასება;

გ) გამოთანაბრებითი ტრანსფერი – ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კანონით განსაზღვრული ფორმულით, ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;

დ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები – შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოცემულ განმარტებებს;

ე) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;

ვ) საბიუჯეტო განაცხადი, საბიუჯეტო პროცესი, ბიუჯეტის ყოვლისმომცველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა და უნივერსალობა – შეესაბამება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულ განმარტებებს;

ზ) სარეზერვო ფონდი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრები;

თ) სპეციალური ტრანსფერი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე კონკრეტული კაპიტალური და სხვა აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები.

    მუხლი 3. სამართლებრივი საფუძვლები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“, „საგადასახადო, არასაგადასახადო და კაპიტალური შემოსავლების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტების საფუძველზე.

2. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე.

3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით.

    მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის ნაწილია და იცავს საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის, ბიუჯეტის ყოვლისმომცველობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობისა და უნივერსალობის პრინციპებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ურთიერთობა სხვა ბიუჯეტებთან განისაზღვრება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით.

    მუხლი 5. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ურთიერთობა ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში შემავალ სხვა ბიუჯეტებთან უზრუნველყოფილია ერთიანი სამართლებრივი ბაზით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციის გამოყენებით, ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების დადგენილი წესით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებული ბიუჯეტისა და მისი შესრულების შესახებ ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობით, საბიუჯეტო პროცესის დადგენილი პრინციპებით, ფულადი სისტემის ერთიანობით, ერთიანი საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკით.

    მუხლი 6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა

1. ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისაგან.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია: კანონით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებითა და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ხარჯების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით; აგრეთვე დელეგირებულ უფლებამოსილებათა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.

4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს არა აქვთ უფლება, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.

    მუხლი 7. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური დახმარება.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობა დგინდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულით.

    მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაბალანსება

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები უნდა იყოს დაბალანსებული.

თავი II

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები

    მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობებია:

ა) ადგილობრივი გადასახადები;

ბ) ადგილობრივი მოსაკრებლები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა არასაგადასახადო შემოსავლები;

გ) კაპიტალური შემოსავლები;

დ) გამოთანაბრებითი ტრანსფერი;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები;

ვ) გრანტი;

ზ) სესხი.

    მუხლი 10. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მოზიდული სახსრები

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მოზიდული სახსრებია:

ა) მიზნობრივი და სპეციალური ტრანსფერები;

ბ) სუბსიდია, სუბვენცია;

გ) დელეგირებული უფლებამოსილებებისათვის მიღებული გრანტი;

დ) დონორებისაგან მიღებული მიზნობრივი შემოსულობები.

    მუხლი 11. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელები

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ექსკლუზიური, ასევე ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი პროგრამების და ხარჯების მიმართულებებს, აგრეთვე მათ ოდენობებს.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელებია:

ა) ხარჯები, მათ შორის:

ა.ა) მიმდინარე ხარჯები – ხელფასები, საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული სხვა ხარჯები, დახმარებები, მიმდინარე ტრანსფერები, სუბსიდიები, პროცენტის დაფარვა და საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა მიმდინარე ხარჯები;

ა.ბ) კაპიტალური ხარჯები – კაპიტალური აქტივების შეძენა, კაპიტალური ტრანსფერები, საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული სხვა კაპიტალური ხარჯები და ვალის მომსახურების ხარჯები;

ბ) დაკრედიტება, სააქციო კაპიტალში მონაწილეობა;

გ) ვალის ამორტიზაცია – სესხის ძირითადი თანხის დაფარვა.

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის განკუთვნილი ხარჯები განისაზღვრება კანონის თანახმად ან დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე.

თავი III

საბიუჯეტო პროცესი

    მუხლი 12. საბიუჯეტო პროცესი

1. საბიუჯეტო პროცესი იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 10 თვით ადრე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებით და მთავრდება 2 წლის შემდეგ – ახალი საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის 1 მარტს – ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებით და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენით. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა და დამტკიცება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 1 მაისისა.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება და წარდგენა, ბიუჯეტის შესრულება და მისი ანგარიშგების პროექტის შედგენა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციაა.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილ ცვლილებათა და დამატებათა შეტანა, ამ ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, შეფასება და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციაა.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ფორმით და დადგენილ ვადებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები წარუდგენენ მას ინფორმაციას ბიუჯეტის შესახებ.

5. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარუდგენენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წლის დაწყებამდე აცნობებს საგადასახადო შემოსავლების ყოველკვარტალურ გეგმებს.

    მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. ამ ბიუჯეტების შემადგენელი ნაწილია დასაგეგმისშემდგომი ორი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზები.

3. შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების დასადგენად მზადდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ყველა შემოსულობისა და გადასახდელის დასაბუთებული გაანგარიშებები. ამასთანავე, ბიუჯეტის გადასახდელების ფორმირება ხდება შემოსულობების პროგნოზის გათვალისწინებით.

4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ მხარჯავ დაწესებულებას უწესებს კონკრეტულ ვადებს საბიუჯეტო განაცხადის წარსადგენად ამ ორგანოების მიერ მომზადებულ საბიუჯეტო ცირკულარში მითითებული ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს ინფორმაციას თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ხარჯების ზღვრული მოცულობის შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

5. მხარჯავი დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) გასული საბიუჯეტო წლის ფაქტობრივ და მიმდინარე წლის მოსალოდნელ შემოსულობებსა და გადასახდელებს, დასაგეგმი და დასაგეგმისშემდგომი საბიუჯეტო წლების შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზებს, მათ შორის, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის შესაბამისად მიმდინარე, კაპიტალურ და პროგრამულ ხარჯებს;

ბ) შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას;

გ) საბიუჯეტო განაცხადს, რომელიც შეიცავს მომავალ ვალდებულებებს ან მრავალწლიან გადასახდელებს, საინვესტიციო და დონორების მიერ დაფინანსებულ პროექტებს, რომლებიც წარდგენილ უნდა იქნეს თითოეული წლისათვის ცალკე სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით;

დ) მხარჯავი დაწესებულების მიერ მიღებული ან მისაღები გრანტების მოცულობას;

ე) წინა წლებში აღებული ვალდებულებების მომსახურების ხარჯებს.

6. დაუშვებელია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა საშტატო რიცხოვნობისა და ხარჯების ზღვრული მოცულობის გადამეტებით.

7. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და ბიუჯეტის დაბალანსების წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებს.

8. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობების განხილვის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების პარამეტრების შესახებ ახალი საბიუჯეტო წლისათვის. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავდება ბიუჯეტის პროექტი შემოსულობების წყაროებისა და გადასახდელების სახეობათა მიხედვით.

9. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები საბაზისო წლის 15 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთანაბრებითი ტრანსფერის გასაანგარიშებლად წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებულ და ამ კანონით დამტკიცებული გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულით გათვალისწინებულ ძირითად მონაცემებს.

10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად საბაზისო წლის 15 აგვისტომდე იხილავს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად მონაცემებს.

11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაზისო წლის 20 სექტემბრამდე აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულით დადგენილი ფინანსური დახმარების მოცულობას და მისი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.

12. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები აზუსტებენ სათანადო ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებს. ბიუჯეტის პროექტი განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საჯაროდ იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ახალი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.

13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში აისახება:

ა) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საერთო მოცულობა შემოსავლის ძირითადი წყაროებისა და ხარჯების მიმართულებების, ასევე შემოსავლის ყოველი სახეობის, თითოეული მხარჯავი დაწესებულების და ღონისძიებების მიხედვით ფუნქციონალური და ეკონომიკური საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით;

ბ) სარეზერვო ფონდის მოცულობა;

გ) წლის დასაწყისისათვის არსებული გამოუყენებელი სახსრების, მათ შორის, გარდამავალი საბრუნავი საშუალებების, მოცულობა;

დ) წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა.

14. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები არ დაამტკიცებენ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს, აღმასრულებელი ორგანოები ამ გადაწყვეტილებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებს ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს.

15. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს ყოველი კალენდარული წლისათვის, მაგრამ შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.

16. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს უფლება აქვთ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი გადასახდელები გასწიონ ახალ საბიუჯეტო წელს, ყოველ თვეში არა უმეტეს წინა წლის ასიგნების 1/12-ის ოდენობით.

    მუხლი 14. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი და საგანგებო ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიძლება შეიქმნას სარეზერვო ფონდი წლიური ბიუჯეტის მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების საერთო მოცულობის არა უმეტეს 2 პროცენტისა, რომელსაც განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით.

    მუხლი 15. მიზნობრივი ტრანსფერის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინება

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ახალი საბიუჯეტო წლის წინა წლის 15 მაისამდე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს დელეგირებული უფლებამოსილებების სახეებს, ღონისძიებებს, მომსახურების მოცულობებს და მიზნობრივი ტრანსფერის ძირითად პარამეტრებს.

2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე. მათ იხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და განხილვის შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის მზადდება ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების თაობაზე.

3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებს და დელეგირების ხელშეკრულების პროექტებს განსახილველად წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.

4. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები.

5. ავტონომიურ რესპუბლიკაში მიზნობრივი ტრანსფერის, სუბსიდიისა და სუბვენციის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინებისა და გამოყენების წესს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.

    მუხლი 16. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი ასიგნების შესახებ.

3. მხარჯავი დაწესებულება პასუხისმგებელია ასიგნების შესაბამისად ხარჯების გაწევაზე.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიშზე.

5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების მობილიზებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო არასაგადასახადო შემოსავლების, ადგილობრივი მოსაკრებლებისა და კაპიტალური შემოსავლების მობილიზებას – თვითმმართველი ერთეულის სამსახურები.

6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება სახაზინო მომსახურების პრინციპით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად), საბანკო დაწესებულების მეშვეობით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით სახელმწიფო ხაზინა მას უწევს ტექნიკურ მომსახურებას.

7. რომელიმე მხარჯავი დაწესებულებიდან ერთ ან რამდენიმე მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.

8. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად გადაანაწილოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნება ერთი საბიუჯეტო ორგანიზაციის ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის წლიური ბიუჯეტით ამ ორგანიზაციისათვის დამტკიცებული ასიგნების 10 პროცენტის ფარგლებში.

9. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა თვითმმართველი ერთეულის ან ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს 1 თვის განმავლობაში და იძლევა შესაბამის დასკვნას.

    მუხლი 17. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებზე ან გადასახდელებზე, აუცილებელია დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

3. წლის პირველი კვარტალის ყოველი შემდგომი თვის (ნაზარდი ჯამით) შედეგების განხილვისას, შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების 10 პროცენტის ან მეტის შეუსრულებლობის ან გადაჭარბების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს ბიუჯეტში ცვლილების პროექტი.

თავი IV

გამოთანაბრებითი ტრანსფერი

    მუხლი 18. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მიზანი

1. ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გადაეცემა გამოთანაბრებითი ტრანსფერი.

2. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გამოთანაბრება.

3. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

4. გამოთანაბრებითი ტრანსფერი უზრუნველყოფს ერთ სულ მოსახლეზე დაბალი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების გამოთანაბრებას ქვეყანაში ჩამოყალიბებულ ანალოგიურ საშუალო მაჩვენებლამდე.

5. ქალაქი თბილისი, სპეციფიკური უფლებამოსილებების გათვალისწინებით, გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშებაში არ მონაწილეობს.

    მუხლი 19. გამოთანაბრებითი ტრანსფერი

1. სახელმწიფო ბიუჯეტში ცენტრალური ხელისუფლება ყოველწლიურად გამოყოფს გამოთანაბრებით ტრანსფერს.

2. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა გამოიანგარიშება ამ კანონით განსაზღვრული წესით და ფორმულის მეშვეობით.

    მუხლი 20. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების კრიტერიუმები

გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების კრიტერიუმებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარი შემოსულობების პოტენციური მოცულობა, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე;

ბ) საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების საკუთარი შემოსულობების პოტენციური მოცულობა, მათ შორის, ერთ სულ მოსახლეზე;

გ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის რიცხოვნობა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით;

დ) საქართველოს ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის რიცხოვნობა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ჩათვლით.

    მუხლი 21. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესი

1. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშება ხდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიხედვით, გარდა ქალაქ თბილისისა.

2. განისაზღვრება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიხედვით პოტენციური შემოსულობები ერთ სულ მოსახლეზე.

3. განისაზღვრება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების მიხედვით საშუალო პოტენციური შემოსულობები ერთ სულ მოსახლეზე.

4. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის შემოსულობები ერთ სულ მოსახლეზე აღემატება ქვეყანაში არსებულ ანალოგიურ საშუალო მაჩვენებელს, გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა და იგი გაანგარიშების მომდევნო ეტაპზე არ მონაწილეობს.

5. გაანგარიშების მეორე ეტაპზე გამოითვლება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების უკმარისობის ოდენობა, რომელიც მიიღება ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსულობასა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსულობას შორის მიღებული სხვაობის გამრავლებით მოცემული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შემასწორებელ კოეფიციენტებსა და მოსახლეობის რაოდენობაზე.

6. გამოთანაბრებითი ტრანსფერი შეადგენს მიღებული შემოსულობების უკმარისობის ოდენობის არანაკლებ 70 პროცენტს.

7. გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულაში გამოიყენება 2 შემასწორებელი კოეფიციენტი, მათ შორის:

ა) მაღალმთიანობის კოეფიციენტი (K1), რომლის გამოსათვლელად აიღება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობის რაოდენობა და „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ტერიტორიულ ერთეულებში დასახლებული მოსახლეობის რაოდენობა. ამ მონაცემების საფუძველზე პროცენტებში გამოითვლება მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში მცხოვრები მოსახლეობის ხვედრითი წონა მოცემული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, ხოლო მიღებული სიდიდე დიფერენცირდება მისი ზრდადობის მიხედვით;

ბ) მცირემოსახლეობიანი ტერიტორიული ერთეულის კოეფიციენტი (K2), რომელიც განისაზღვრება მოსახლეობის სიმცირის მიხედვით. უპირატესობა ენიჭება მცირედ დასახლებულ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს.

8. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით გაანგარიშებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების შემოსულობების უკმარისობის საერთო თანხის დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გამოიყოფა ფინანსური დახმარება აღნიშნული თანხის არანაკლებ 70 პროცენტის ოდენობით.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემასწორებელ კოეფიციენტებს ადგენს საქართველოს მთავრობა.

10. საჭიროების შემთხვევაში ფორმულაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა კოეფიციენტებიც, რომლებიც დადგინდება ყოველ წელს „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით.

11. გამოთანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს გადაეცემა ყოველთვიურად, წლიური მოცულობის 1/12-ის ოდენობით.

12. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოთანაბრებითი ტრანსფერი გამოიყოფა უპირატესი წესით.

    მუხლი 22. გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულა

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ფორმულით: Ti=(R-Ri) x Pi x K x 70%

რომელშიც:

Ti – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა;

R – ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე საშუალო წლიური საკუთარი პოტენციური შემოსულობები;

Ri – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე წლიური საკუთარი პოტენციური შემოსულობები;

Pi – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობა;

K – შემასწორებელი კოეფიციენტი, K= K1 x K2;

K1 – მაღალმთიანობის კოეფიციენტი;

K2 – მცირემოსახლეობიანი ტერიტორიული ერთეულის კოეფიციენტი.

თავი V

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სესხი

    მუხლი 23. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის აღების უფლება

ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია აიღოს სესხი მხოლოდ საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი

    მუხლი 24. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, აუდიტი, შეფასება და შესრულების ანგარიშის დამტკიცება

1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი.

2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ახდენენ დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების შეფასებას კვარტალში ერთხელ მაინც.

3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვისა განსახილველად წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის.

4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში უნდა აისახოს:

ა) შემოსულობების შესრულება სახეობების მიხედვით, დაგეგმილთან შედარებით მეტობის ან ნაკლებობის მითითებით;

ბ) საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების შედეგების ანალიზი მათში დასახულ ამოცანებთან მიმართებით; პროგრამებისა და ღონისძიებების რეალიზებისას გამოვლენილი დაგეგმვის ნაკლოვანებები;

გ) სარეზერვო ფონდის გამოყენების ანგარიში;

დ) სხვა მონაცემები, რომლებსაც ითვალისწინებს საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).

5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ამტკიცებენ შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებულ ოპერაციებზე შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უშუალო ზედამხედველობით.

6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საჯაროდ იხილავს და აფასებს ბიუჯეტის შესრულებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი საბიუჯეტო წლისათვის.

7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების ანგარიში ეგზავნება საქართველოს კონტროლის პალატას.

8. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.

    მუხლი 25. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კონტროლი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გადაცემული მიზნობრივი ტრანსფერის, აგრეთვე სხვა ნებისმიერი დელეგირებული ფუნქციის განსახორციელებლად გადაცემული სახსრების გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.

თავი VII

დასკვნითი დებულება

    მუხლი 26. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 მაისი.

№3091–Iს