დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3091 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 24/05/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 20, 09/06/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.020.05.001.002.246 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზნები
1. ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პრინციპებს და არეგულირებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, შესრულების, აუდიტის, ზედამხედველობის, ანგარიშგების, შეფასებისა და კონტროლის წესს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებს.
2. ამ კანონის მიზანია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საბიუჯეტო ურთიერთობების მოწესრიგება და ამ მიმართებით საქართველოს მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური პროგრესის უზრუნველყოფა.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების შეფასება – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულებიდან გამომდინარე მიღებული სოციალური შედეგების და გადასახდელების ეფექტიანობის შეფასება;
გ) გამოთანაბრებითი ტრანსფერი – ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ კანონით განსაზღვრული ფორმულით, ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები, რომელთა გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო;
დ) ადგილობრივი თვითმმართველობა, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, ექსკლუზიური, დელეგირებული და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები – შეესაბამება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში მოცემულ განმარტებებს;
ე) მიზნობრივი ტრანსფერი – დელეგირებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით მიღებული სახსრები;
ვ) საბიუჯეტო განაცხადი, საბიუჯეტო პროცესი, ბიუჯეტის ყოვლისმომცველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა, უნივერსალობა და საბიუჯეტო კლასიფიკაცია – შეესაბამება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულ განმარტებებს;
ზ) სარეზერვო ფონდი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრები;
თ) სპეციალური ტრანსფერი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა გადასახდელების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4329 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.390
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 3. სამართლებრივი საფუძვლები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“, „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2. ეს კანონი ვრცელდება აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებზე.
3. ქალაქ თბილისის თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი განისაზღვრება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულები ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები ქვეყნის საბიუჯეტო სისტემის ნაწილია და იცავს საბიუჯეტო სისტემის ერთიანობის, ბიუჯეტის ყოვლისმომცველობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, დამოუკიდებლობისა და უნივერსალობის პრინციპებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ურთიერთობა სხვა ბიუჯეტებთან განისაზღვრება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ კანონით.
მუხლი 5. საბიუჯეტო სისტემის ერთიანობა
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ურთიერთობა ქვეყნის საბიუჯეტო სისტემაში შემავალ სხვა ბიუჯეტებთან უზრუნველყოფილია ერთიანი სამართლებრივი ბაზით, ერთიანი საბიუჯეტო კლასიფიკაციის გამოყენებით, ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგების დადგენილი წესით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებული ბიუჯეტისა და მისი შესრულების შესახებ ინფორმაციის გადაცემის აუცილებლობით, საბიუჯეტო პროცესის დადგენილი პრინციპებით, ფულადი სისტემის ერთიანობით, ერთიანი საგადასახადო და საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკით.
მუხლი 6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამოუკიდებლობა
1. ყველა ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბიუჯეტი.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა თვითმმართველი ერთეულის, ისე საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისაგან.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია: კანონით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებით და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე დელეგირებულ უფლებამოსილებათა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.
4. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებას, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებებს არა აქვთ უფლება, ჩაერიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებებში.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 7. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრება
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრების უზრუნველსაყოფად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ფინანსური დახმარება.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გამოთანაბრების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უშუალოდ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების ოდენობა დგინდება ამ კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულით.
მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაბალანსება
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი უნდა იყოს დაბალანსებული.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
თავი II
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები
მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) გადასახადები;
ა.ბ) გრანტები;
ა.გ) სხვა შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გამოთანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.
3. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლიათ განახორციელონ დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 10. (ამოღებულია)
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4329 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.390
მუხლი 11. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ექსკლუზიური, ასევე ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს, აგრეთვე მათ ოდენობებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) ხარჯები, მათ შორის:
ა.ა) შრომის ანაზღაურება;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება;
ა.გ) სუბსიდიები;
ა.დ) პროცენტი;
ა.ე) გრანტები;
ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;
ა.ზ) სხვა ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის განკუთვნილი გადასახდელები განისაზღვრება კანონის თანახმად ან დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ფინანსური სახსრების განკარგვაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი კანონით ან შესაბამისი ხელშეკრულებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულთან (გუბერნატორთან) კოორდინაციით.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4914 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.198
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
თავი III
საბიუჯეტო პროცესი
მუხლი 12. საბიუჯეტო პროცესი
1. საბიუჯეტო პროცესი იწყება ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე 10 თვით ადრე ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებით და მთავრდება 2 წლის შემდეგ – ახალი საბიუჯეტო წლის მომდევნო წლის 1 მარტს – ამ ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადებით და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის წარდგენით. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვა და დამტკიცება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 1 მაისისა.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება და წარდგენა, ბიუჯეტის შესრულება და მისი ანგარიშგების პროექტის შედგენა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციაა.
3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დამტკიცება, დამტკიცებულ ბიუჯეტში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წარდგენილ ცვლილებათა და დამატებათა შეტანა, ამ ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, შეფასება და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციაა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ფორმით და დადგენილ ვადებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ.
5. (ამოღებულია).
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად აცნობებს ადგილობრივი გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლებს.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, წარდგენა, განხილვა და დამტკიცება ხდება დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის. ამ ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილია დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზები.
3. შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების დასადგენად მზადდება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ყველა შემოსულობისა და გადასახდელის დასაბუთებული გაანგარიშებები.
31. ბიუჯეტის შემოსულობები ფორმირდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული პარამეტრების გათვალისწინებით, ხოლო გადასახდელების ფორმირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტში ასახული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტები. პრიორიტეტები და დასაგეგმი გადასახდელები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულთან – გუბერნატორთან ნებაყოფლობითი კონსულტაციით. ამასთანავე, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს უფლება აქვს მოითხოვოს კონსულტაცია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ვალდებულია გასწიოს შესაბამისი კონსულტაცია.
4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ მხარჯავ დაწესებულებას უწესებს კონკრეტულ ვადებს საბიუჯეტო განაცხადის წარსადგენად ამ ორგანოს მიერ მომზადებულ საბიუჯეტო ცირკულარში მითითებული ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს ინფორმაციას თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობის შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
5. მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული საბიუჯეტო წლის ფაქტობრივ შემოსულობებსა და გადასახდელებს, მიმდინარე საბიუჯეტო წლის მოსალოდნელ შემოსულობებსა და გადასახდელებს, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზებს, მათ შორის, საბიუჯეტო კლასიფიკაციის ყველაზე დაბალი თანრიგის შესაბამისად;
ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დასაგეგმის შემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის გაანგარიშებულ შემოსულობებსა და გადასახდელებს;
გ) მომუშავეთა რიცხოვნობას, მიმდინარე მაჩვენებლიდან გადახრების ჩათვლით;
დ) შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას;
ე) მიღებულ ან მისაღებ არაფულად გრანტებს, საცნობარო მუხლის სახით.
6. დაუშვებელია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობის გადამეტებით.
7. ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლებს და ბიუჯეტის დაბალანსების წინადადებებს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებს.
8. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობების განხილვის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას ახალი საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების პარამეტრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავდება ბიუჯეტის პროექტი შემოსულობების და გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების მიხედვით.
9. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები საბაზისო წლის 15 ივნისამდე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოთანაბრებითი ტრანსფერის გასაანგარიშებლად წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებულ და ამ კანონით დამტკიცებული გამოთანაბრებითი ტრანსფერის განსაზღვრის ფორმულით გათვალისწინებულ ძირითად მონაცემებს.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად საბაზისო წლის 15 აგვისტომდე იხილავს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად მონაცემებს.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაზისო წლის 10 ოქტომბრამდე აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების მოცულობასა და მისი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.
12. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები საჭიროების შემთხვევაში აზუსტებენ სათანადო ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საჯაროდ იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ახალი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.
13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში აისახება:
ა) ბიუჯეტის შემოსულობები, ნაშთის ცვლილება და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით;
ბ) ინფორმაცია ბიუჯეტის მთლიანი სალდოს შესახებ;
გ) სარეზერვო ფონდის მოცულობა;
დ) ფისკალური წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთის მოცულობა;
ე) დასაგეგმი წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა.
14. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები არ დაამტკიცებენ წარდგენილ ბიუჯეტის პროექტს, აღმასრულებელი ორგანოები ამ გადაწყვეტილებიდან 2 კვირის ვადაში წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებს ბიუჯეტის პროექტის ახალ ვარიანტს.
15. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ამტკიცებენ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტს ყოველი კალენდარული წლისათვის, მაგრამ შესაბამისი წლის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
16. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს უფლება აქვთ ადრე ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად აუცილებელი გადასახდელები გასწიონ ახალ საბიუჯეტო წელს, ყოველ თვეში არა უმეტეს წინა წლის ასიგნების 1/12-ის ოდენობით.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4329 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.390
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4914 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.198
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 14. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიძლება შეიქმნას სარეზერვო ფონდი წლიური ბიუჯეტის ფიქსირებული ასიგნებების საერთო მოცულობის არა უმეტეს 2 პროცენტისა, რომელსაც განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 15. მიზნობრივი ტრანსფერის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გათვალისწინება
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაზისო წლის 10 ოქტომბრამდე აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიზნობრივი ტრანსფერის ძირითად პარამეტრებს.
2. საქართველოს საკანონმდებლო აქტების ან/და ხელშეკრულების საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პარამეტრების საფუძველზე ამზადებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამების გაანგარიშებებს, მიზნობრივი ტრანსფერის მოცულობას და წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს მიმდინარე წლის 1 ივნისამდე. მათ იხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო და განხილვის შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის მზადდება ხელშეკრულების პროექტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების თაობაზე.
3. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე დელეგირებული უფლებამოსილებების პროგრამებს და დელეგირების ხელშეკრულების პროექტებს განსახილველად წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს.
4. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოსა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოს შორის (საჭიროების შემთხვევაში) ფორმდება დელეგირების ხელშეკრულებები.
5. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინების და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 16. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულება
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულებას თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
11. ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით განსაზღვრული პრიორიტეტების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების (გარდა ექსკლუზიური და ნებაყოფლობითი უფლებამოსილებებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა) შესრულებაზე და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაზე მონიტორინგსა და ზედამხედველობას, როგორც წესი, ახორციელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი შესაბამის სახელმწიფო მმართველობის ორგანოსთან კოორდინაციით.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო თითოეულ მხარჯავ დაწესებულებას აწვდის ინფორმაციას მისთვის გამოყოფილი ასიგნების შესახებ.
3. მხარჯავი დაწესებულება პასუხისმგებელია ასიგნების შესაბამისად გადასახდელების გაწევაზე.
4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.
6. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება სახაზინო მომსახურების პრინციპით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად), საბანკო დაწესებულების მეშვეობით; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსთან შეთანხმებით სახელმწიფო ხაზინა მას უწევს ტექნიკურ მომსახურებას.
7. რომელიმე მხარჯავი დაწესებულებიდან ერთ ან რამდენიმე მხარჯავ დაწესებულებაზე ასიგნებების გადანაწილება შეიძლება მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანით.
8. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების 5 პროცენტის ფარგლებში. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება ხორციელდება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
81. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება), რომლებიც ბიუჯეტში ასახვის მიზნით საბიუჯეტო წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
9. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში წლის განმავლობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ცვლილების შემთხვევაში საქართველოს მთავრობა თვითმმართველი ერთეულის ან ფინანსთა სამინისტროს შუამდგომლობას სავალდებულო წესით იხილავს 1 თვის განმავლობაში და იძლევა შესაბამის დასკვნას.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4914 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.198
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 17. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს წინადადების საფუძველზე ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ისეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებზე ან გადასახდელებზე, აუცილებელია დამტკიცებულ ბიუჯეტში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
3. წლის პირველი კვარტალის ყოველი შემდგომი თვის (ნაზარდი ჯამით) შედეგების განხილვისას, შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების 10 პროცენტის ან მეტის შეუსრულებლობის ან გადაჭარბების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელმა ორგანომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს, საჭიროების შემთხვევაში, უნდა წარუდგინოს ბიუჯეტში ცვლილების პროექტი.
თავი IV
გამოთანაბრებითი ტრანსფერი
მუხლი 18. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მიზანი
1. ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელების უზრუნველსაყოფად ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსური დახმარების სახით გადაეცემა გამოთანაბრებითი ტრანსფერი.
2. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მიზანია სხვადასხვა ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის ფინანსური რესურსების გამოთანაბრება.
3. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გამოყენების მიმართულებებს დამოუკიდებლად განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
4. (ამოღებულია).
5. (ამოღებულია).
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4329 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.390
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
მუხლი 19. გამოთანაბრებითი ტრანსფერი
1. სახელმწიფო ბიუჯეტში ცენტრალური ხელისუფლება ყოველწლიურად გამოყოფს გამოთანაბრებით ტრანსფერს.
2. გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა გამოიანგარიშება ამ კანონით განსაზღვრული წესით და ფორმულის მეშვეობით.
მუხლი 20. (ამოღებულია)
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
მუხლი 21. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესი
1. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშება ხდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიხედვით.
2. პირველ ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი, რომელიც მიიღება სტატისტიკური მაჩვენებლისა და შესაბამისი გამოთანაბრებითი კოეფიციენტის ნამრავლის ჯამით.
3. მეორე ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომლებიც მიიღება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.
4. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა) აღემატება იმავე ბიუჯეტის ხარჯებსა და არაფინასური აქტივების ზრდას, გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.
5. გაანგარიშების შემდგომ ეტაპზე გამოითვლება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებს, არაფინანსური აქტივების ზრდასა და შემოსავლებს (გრანტების გარდა) შორის სხვაობის გამრავლებით მხარდაჭერის კოეფიციენტზე.
6. დამტკიცებული გამოთანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შესაძლებელია გამოეყოს მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 22. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობის განსაზღვრის ფორმულა
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ფორმულით:
Ti=(E-R)*K,
სადაც:
– Ti არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერი;
– E არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;
– R არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა);
– K არის მხარდაჭერის კოეფიციენტი.
2. E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება ფორმულით:
E=∑ Cn*Pn ანუ C1*P1+C2*P2+C3*P3+C4*P4+C5*P5+C6*P6,
სადაც:
– Cn ანუ C1, C2, C3, C4, C5, C6 არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებლები (მოსახლეობა, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, ფართობი, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, დედაქალაქის სტატუსი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები);
– Pn ანუ P1, P2, P3, P4, P5, P6 არის გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთკავშირს გადასახდელის თითოეულ კატეგორიასა და სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობები გაიანგარიშება რეგრესული ანალიზის მეშვეობით და ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უცვლელია.
3. R არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომლებიც ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.
4. K – მხარდაჭერის კოეფიციენტის ქვედა ზღვარი შეადგენს 60%-ს.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 221. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია
გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
თავი V
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სესხი
მუხლი 23. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის აღების უფლება
ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შეუძლია აიღოს სესხი მხოლოდ საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი VI
აღრიცხვა, ანგარიშგება და აუდიტი
მუხლი 24. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, აუდიტი, შეფასება და შესრულების ანგარიშის დამტკიცება
1. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების კონტროლი.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ახდენენ დამტკიცებული საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების შეფასებას კვარტალში ერთხელ მაინც.
3. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საბიუჯეტო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს 2 თვისა განსახილველად წარუდგენს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოს. ბიუჯეტის შესრულების ანგარიში განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის.
4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში უნდა აისახოს:
ა) შემოსულობების შესრულება სახეობების მიხედვით, დაგეგმილთან შედარებით მეტობის ან ნაკლებობის მითითებით;
ბ) საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების შედეგების ანალიზი მათში დასახულ ამოცანებთან მიმართებით; პროგრამებისა და ღონისძიებების რეალიზებისას გამოვლენილი დაგეგმვის ნაკლოვანებები;
გ) ინფორმაცია წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთისა და მისი ცვლილების შესახებ;
დ) სარეზერვო ფონდის გამოყენების ანგარიში;
ე) სხვა მონაცემები, რომლებსაც ითვალისწინებს საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ამტკიცებენ შემოსულობებთან, გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებული ოპერაციების შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უშუალო ზედამხედველობით.
6. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან გამომდინარე, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საჯაროდ იხილავს და აფასებს ბიუჯეტის შესრულებას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს ახალი საბიუჯეტო წლისათვის.
7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და აუდიტორული დასკვნა ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატას.
8. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის აუდიტორული დასკვნა და შესრულების ანგარიში საჯარო ინფორმაციაა და დადგენილი წესით ხელმისაწვდომია საზოგადოებისათვის.
9. საქართველოს მთავრობის მიერ ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შემუშავების მიზნით, ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტითა და მე-16 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობის განხორციელების შედეგების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგენს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4914 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.198
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
მუხლი 25. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კონტროლი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში საქართველოს სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გადაცემული მიზნობრივი ტრანსფერის, აგრეთვე სხვა ნებისმიერი დელეგირებული ფუნქციის განსახორციელებლად გადაცემული სახსრების გამოყენების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს კონტროლის პალატა.
საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
თავი VI1
გარდამავალი დებულება
მუხლი 251. ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა
ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით ასიგნებების გადანაწილებაზე დაწესებული პროცენტი 2009 წელს განისაზღვროს 15%-ის ფარგლებში, ხოლო 2010 წელს – 10%-ის ფარგლებში.
თავი VII
დასკვნითი დებულება
მუხლი 26. კანონის ამოქმედება
ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 24 მაისი.
№3091–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4329 - სსმ I, №50, 30.12.2006 წ., მუხ.390
2. საქართველოს 2007 წლის 8 ივნისის კანონი №4914 - სსმ I, №22, 19.06.2007 წ., მუხ.198
3. საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5662 - სსმ I, №50, 29.12.2007 წ., №436
4. საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №949 - სსმ I, №41, 30.12.2008 წ., მუხ.324
5. ძალადაკარგულია- საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2440 - სსმ I, №47, 28.12.2008 წ., მუხ.361
დოკუმენტის კომენტარები