,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5662
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 28/12/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 50, 29/12/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 190.020.020.05.001.003.110
  • Word
5662
28/12/2007
სსმ, 50, 29/12/2007
190.020.020.05.001.003.110
,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საბიუჯეტო განაცხადი, საბიუჯეტო პროცესი, ბიუჯეტის ყოვლისმომცველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, დამოუკიდებლობა, უნივერსალობა და საბიუჯეტო კლასიფიკაცია – შეესაბამება „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემულ განმარტებებს;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“, „შემოსულობების ბიუჯეტებს შორის განაწილების შესახებ“, „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის, გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს კანონმდებლობის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ნორმატიული აქტების საფუძველზე.“.

3. მე-12 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, ფორმით და დადგენილ ვადებში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები წარუდგენენ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ.“;

ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-13 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაზისო წლის 10 ოქტომბრამდე აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ბიუჯეტისათვის გადასაცემი ფინანსური დახმარების მოცულობასა და მისი შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებს.

12. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები საჭიროების შემთხვევაში აზუსტებენ სათანადო ბიუჯეტის პროექტს და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 45 დღისა დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამის წარმომადგენლობით ორგანოებს. ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის დაწყებამდე 1 თვით ადრე მაინც უნდა გამოქვეყნდეს საჯარო განხილვისათვის. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით საჯაროდ იხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ახალი საბიუჯეტო წლისათვის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ.“.

5. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბაზისო წლის 10 ოქტომბრამდე აცნობებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მიზნობრივი ტრანსფერის ძირითად პარამეტრებს.“.

6. მე-18 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

7. მე-20 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. 21-ე და 22-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 21. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების წესი

1. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშება ხდება ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიხედვით.

2. პირველ ეტაპზე გაიანგარიშება თვითმმართველი ერთეულის ხარჯები, რომლებიც მიიღება სტატისტიკური მაჩვენებლისა და შესაბამისი გამოთანაბრებითი კოეფიციენტის ნამრავლის ჯამით.

3. მეორე ეტაპზე გაიანგარიშება თვითმმართველი ერთეულის შემოსავლები, რომლებიც მიიღება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.

4. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები აღემატება იმავე ბიუჯეტის ხარჯებს, გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.

5. გაანგარიშების შემდგომ ეტაპზე გამოითვლება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამ ერთეულის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობის გამრავლებით მხარდაჭერის კოეფიციენტზე.

 6. დამტკიცებული გამოთანაბრებითი ტრანსფერი ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს შესაძლებელია გამოეყოს მოთხოვნის შესაბამისად.

    მუხლი 22. გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობის განსაზღვრის ფორმულა

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ფორმულით:

Ti=(E-R)*K

სადაც:

– Ti არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერი;

– E არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები;

– R არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები;

– K არის მხარდაჭერის კოეფიციენტი.

2. E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯები გამოითვლება ფორმულით:

E=∑ Cn*Pn ანუ C1*P1+C2*P2+C3*P3+C4*P4+C5*P5+C6*P6

სადაც:

– Cn ანუ C1, C2, C3, C3, C4, C5 არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებლები (მოსახლეობა, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, ფართობი, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, დედაქალაქის სტატუსი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები);

– Pn ანუ P1, P2, P3, P4, P5, P6 არის გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთკავშირს ხარჯის თითოეულ კატეგორიასა და სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობები გაიანგარიშება რეგრესული ანალიზის მეშვეობით და ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის უცვლელია.

3. R – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის შემოსავლები (ქონების გადასახადი, არასაგადასახადო შემოსავლები, კაპიტალური შემოსავლები). შემოსავლები ცალკეული თვითმმართველი ერთეულისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.

4. K – მხარდაჭერის კოეფიციენტის ქვედა ზღვარი შეადგენს 60%-ს.“.

9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 221 მუხლი:

,,მუხლი 221. გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქცია

გამოთანაბრებითი ტრანსფერის გაანგარიშების ინსტრუქციას ამტკიცებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.“.

10. 24-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და აუდიტორული დასკვნა ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატას.“.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი  ნ. ბურჯანაძე

თბილისი,

2007 წლის 28 დეკემბერი.

№5662–რს