დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 949 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 30/12/2008 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 41, 30/12/2008 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 190.020.020.05.001.003.444 |
საქართველოს კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 170) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შემოსულობების, აგრეთვე მათი ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ.
ბ) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების შეფასება – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულებიდან გამომდინარე მიღებული სოციალური შედეგების და გადასახდელების ეფექტიანობის შეფასება;“;
ბ) „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სარეზერვო ფონდი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად განსაზღვრული საბიუჯეტო სახსრები;
თ) სპეციალური ტრანსფერი – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის ეკოლოგიური და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა გადასახდელების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ან/და ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებიდან ფინანსური დახმარების სახით გამოყოფილი სახსრები.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დამოუკიდებლობა საბიუჯეტო საქმიანობაში გარანტირებულია: კანონით განსაზღვრული საკუთარი შემოსულობებით და ექსკლუზიურ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის გადასახდელების გაწევის დამოუკიდებლად განსაზღვრით, აგრეთვე დელეგირებულ უფლებამოსილებათა კანონით განსაზღვრულ ფარგლებში დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლებით.“.
3. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაბალანსება
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი უნდა იყოს დაბალანსებული.
მუხლი 9. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები
1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში მიღებული ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) შემოსავლები, მათ შორის:
ა.ა) გადასახადები;
ა.ბ) გრანტები;
ა.გ) სხვა შემოსავლები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებიდან მიღებული სახსრები, ნაშთის გამოყენების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების აღების შედეგად მიღებული სახსრები).
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობები შედგება საკუთარი და არასაკუთარი შემოსულობებისაგან. საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები და მოსაკრებლები, გამოთანაბრებითი ტრანსფერი და საქართველოს კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები, ხოლო არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური და მიზნობრივი ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსულობები.
3. ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი შემოსულობების ხარჯვა შეუძლიათ განახორციელონ დამოუკიდებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ.“.
4. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
5. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 11. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელები
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული ექსკლუზიური, ასევე ნებაყოფლობითი უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დასაფინანსებელი გადასახდელების მიმართულებებს, აგრეთვე მათ ოდენობებს.
2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახდელებია საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტიდან გასაცემი ფულადი სახსრების ერთობლიობა:
ა) ხარჯები, მათ შორის:
ა.ა) შრომის ანაზღაურება;
ა.ბ) საქონელი და მომსახურება;
ა.გ) სუბსიდიები;
ა.დ) პროცენტი;
ა.ე) გრანტები;
ა.ვ) სოციალური უზრუნველყოფა;
ა.ზ) სხვა ხარჯები;
ბ) არაფინანსური აქტივები (არაფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები);
გ) ფინანსური აქტივები (ფინანსური აქტივებით ოპერაციებზე მიმართული სახსრები, ნაშთის დაგროვების გარდა);
დ) ვალდებულებები (ვალდებულებების ძირითადი ნაწილის დაფარვაზე მიმართული სახსრები).
3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის განკუთვნილი გადასახდელები განისაზღვრება კანონის თანახმად ან დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე. დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ფინანსური სახსრების განკარგვაზე ზედამხედველობას ახორციელებს შესაბამისი კანონით ან შესაბამისი ხელშეკრულებით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანო ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში სახელმწიფო რწმუნებულთან (გუბერნატორთან) კოორდინაციით.“.
6. მე-12 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს წლის განმავლობაში ყოველკვარტალურად აცნობებს ადგილობრივი გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებლებს.“.
7. მე-13 მუხლის:
ა) მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო შესაბამისი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ მხარჯავ დაწესებულებას უწესებს კონკრეტულ ვადებს საბიუჯეტო განაცხადის წარსადგენად ამ ორგანოს მიერ მომზადებულ საბიუჯეტო ცირკულარში მითითებული ძირითადი პარამეტრების შესაბამისად. საბიუჯეტო ცირკულარი მოიცავს ინფორმაციას თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობის შესახებ, რომელსაც განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო.
5. მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილი საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) გასული საბიუჯეტო წლის ფაქტობრივ შემოსულობებსა და გადასახდელებს, მიმდინარე საბიუჯეტო წლის მოსალოდნელ შემოსულობებსა და გადასახდელებს, დასაგეგმი საბიუჯეტო წლის შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზებს, მათ შორის, საბიუჯეტო კლასიფიკაციის ყველაზე დაბალი თანრიგის შესაბამისად;
ბ) საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით დასაგეგმის შემდგომი 3 საბიუჯეტო წლისათვის გაანგარიშებულ შემოსულობებსა და გადასახდელებს;
გ) მომუშავეთა რიცხოვნობას, მიმდინარე მაჩვენებლიდან გადახრების ჩათვლით;
დ) შემოსულობებისა და გადასახდელების პროგნოზების დასაბუთებას;
ე) მიღებულ ან მისაღებ არაფულად გრანტებს, საცნობარო მუხლის სახით.
6. დაუშვებელია ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობის გადამეტებით.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ფინანსური და მატერიალური შესაძლებლობების განხილვის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას ახალი საბიუჯეტო წლისათვის ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების პარამეტრების შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე შემუშავდება ბიუჯეტის პროექტი შემოსულობების და გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების მიხედვით.“;
გ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებაში აისახება:
ა) ბიუჯეტის შემოსულობები, ნაშთის ცვლილება და თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მეორე თანრიგის (ორგანიზაციული კლასიფიკაციის გარდა) მიხედვით;
ბ) ინფორმაცია ბიუჯეტის მთლიანი სალდოს შესახებ;
გ) სარეზერვო ფონდის მოცულობა;
დ) ფისკალური წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთის მოცულობა;
ე) დასაგეგმი წლის დასაწყისისათვის არსებული ვალდებულების დაფარვისა და მომსახურების ასიგნების მოცულობა.“.
8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 14. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი, საგანგებო და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დასაფინანსებლად შეიძლება შეიქმნას სარეზერვო ფონდი წლიური ბიუჯეტის ფიქსირებული ასიგნებების საერთო მოცულობის არა უმეტეს 2 პროცენტისა, რომელსაც განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით.“.
9. მე-15 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის მიზნობრივი ტრანსფერის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინების და გამოყენების წესებს განსაზღვრავს ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანო.“.
10. მე-16 მუხლის:
ა) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მხარჯავი დაწესებულება პასუხისმგებელია ასიგნების შესაბამისად გადასახდელების გაწევაზე.
4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ყველა შემოსულობა ექვემდებარება დაუყოვნებლივ დეპონირებას ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
5. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადების ამოღებას უზრუნველყოფენ საგადასახადო ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სხვა შემოსავლებისა და არაფინანსურ აქტივებზე განხორციელებული ოპერაციებიდან მისაღები სახსრების ამოღებას – შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სამსახურები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს დამტკიცებული ასიგნებების 5 პროცენტის ფარგლებში. ქალაქ თბილისის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება ხორციელდება „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
გ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:
„81. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო უფლებამოსილია წარმომადგენლობით ორგანოსთან შეთანხმებით, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილებები ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება), რომლებიც ბიუჯეტში ასახვის მიზნით საბიუჯეტო წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს წარმომადგენლობით ორგანოს დასამტკიცებლად. აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებული ასიგნებების გადანაწილება უნდა განხორციელდეს ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.“.
11. 21-ე მუხლის მე-2–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პირველ ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი, რომელიც მიიღება სტატისტიკური მაჩვენებლისა და შესაბამისი გამოთანაბრებითი კოეფიციენტის ნამრავლის ჯამით.
3. მეორე ეტაპზე გაიანგარიშება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომლებიც მიიღება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.
4. იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულს, რომლის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა) აღემატება იმავე ბიუჯეტის ხარჯებსა და არაფინასური აქტივების ზრდას, გამოთანაბრებითი ტრანსფერი არ გამოეყოფა.
5. გაანგარიშების შემდგომ ეტაპზე გამოითვლება თითოეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გამოთანაბრებითი ტრანსფერის ოდენობა, რომელიც მიიღება ამ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ხარჯებს, არაფინანსური აქტივების ზრდასა და შემოსავლებს (გრანტების გარდა) შორის სხვაობის გამრავლებით მხარდაჭერის კოეფიციენტზე.“.
12. 22-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გადასაცემი გამოთანაბრებითი ტრანსფერის მოცულობა განისაზღვრება ფორმულით:
Ti=(E-R)*K,
სადაც:
– Ti არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის გამოსაყოფი გამოთანაბრებითი ტრანსფერი;
– E არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი;
– R არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა);
– K არის მხარდაჭერის კოეფიციენტი.
2. E – ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ჯამი გამოითვლება ფორმულით:
E=∑ Cn*Pn ანუ C1*P1+C2*P2+C3*P3+C4*P4+C5*P5+C6*P6,
სადაც:
– Cn ანუ C1, C2, C3, C4, C5, C6 არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის სტატისტიკური მაჩვენებლები (მოსახლეობა, 0-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, ფართობი, 6-დან 18 წლამდე მოზარდთა რაოდენობა, დედაქალაქის სტატუსი, ადგილობრივი მნიშვნელობის გზები);
– Pn ანუ P1, P2, P3, P4, P5, P6 არის გამოთანაბრებითი კოეფიციენტები, რომლებიც წარმოადგენენ ურთიერთკავშირს გადასახდელის თითოეულ კატეგორიასა და სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის. გამოთანაბრებითი კოეფიციენტების ოდენობები გაიანგარიშება რეგრესული ანალიზის მეშვეობით და ყველა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის უცვლელია.
3. R არის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლები (გრანტების გარდა), რომლებიც ცალკეული ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გაიანგარიშება მიმდინარე წლის პროგნოზისა და გასული 3 წლის ფაქტობრივი მაჩვენებლების ტენდენციის მიხედვით.“.
13. 24-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში უნდა აისახოს:
ა) შემოსულობების შესრულება სახეობების მიხედვით, დაგეგმილთან შედარებით მეტობის ან ნაკლებობის მითითებით;
ბ) საბიუჯეტო პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების შედეგების ანალიზი მათში დასახულ ამოცანებთან მიმართებით; პროგრამებისა და ღონისძიებების რეალიზებისას გამოვლენილი დაგეგმვის ნაკლოვანებები;
გ) ინფორმაცია წლის დასაწყისისათვის არსებული ნაშთისა და მისი ცვლილების შესახებ;
დ) სარეზერვო ფონდის გამოყენების ანგარიში;
ე) სხვა მონაცემები, რომლებსაც ითვალისწინებს საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).
5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად მიღებული (გამოცემული) შესაბამისი სამართლებრივი აქტების საფუძველზე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები ამტკიცებენ შემოსულობებთან, გადასახდელებთან და ნაშთის ცვლილებასთან დაკავშირებული ოპერაციების შიდა აუდიტის განხორციელების პროცედურებს. შიდა აუდიტი ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს უშუალო ზედამხედველობით.“.
14. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის VI1 თავი:
„თავი VI1
გარდამავალი დებულება
მუხლი 251. ასიგნებების გადანაწილების შეზღუდვა
ამ კანონის მე-16 მუხლის მე-8 პუნქტით ასიგნებების გადანაწილებაზე დაწესებული პროცენტი 2009 წელს განისაზღვროს 15%-ის ფარგლებში, ხოლო 2010 წელს – 10%-ის ფარგლებში.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2008 წლის 30 დეკემბერი.
№949–რს
დოკუმენტის კომენტარები