საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ

საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 999
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016267
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
999
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
140130000.22.034.016267
საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (31/12/2013 - 23/05/2014)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №999

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მეორე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:


მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსი  (დანართი №1);

ბ) საპატრულო პოლიციელის ქცევის ინსტრუქცია  (დანართი №2);

გ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ქცევის ინსტრუქცია (დანართი №3);

დ) დროებითი მოთავსების იზოლატორის (დმი) თანამშრომლის ქცევის ინსტრუქცია (დანართი №4);

ე) მესაზღვრის ქცევის ინსტრუქცია (დანართი №5).

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 17 მაისის N377  ბრძანება „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების   დამტკიცების  შესახებ“.
მუხლი 3
ბრძანება გაეცნოს დაინტერესებულ პირებს.
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი №1
საქართველოს პოლიციის ეთიკის

კოდექსი


სარჩევი

პრეამბულა. 3

თავი 1. პოლიციელის  საქმიანობის პრინციპები. 4

თავი 2. პოლიციელის ქცევის ზოგადი წესები. 5

თავი 3. საზოგადოებასთან ურთიერთობა. 8

თავი 4. კოლეგებთან ურთიერთობა. 9

თავი 5. ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება. 9

თავი 6. გამოძიება. 10

თავი 7. დამოკიდებულება დაკავებულ პირთა მიმართ.. 11

თავი 8.  პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში. 12

 

პრეამბულა

საქართველოს პოლიცია, დაფუძნებულია რა ქართველი ერის მრავალსაუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის ტრადიციებსა და საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ პრინციპებზე, წინამდებარე კოდექსით აღიარებს საკუთარ ერთგულებას კაცობრიობის ძირითადი ჰუმანური და ეთიკური ღირებულებებისადმი.

საქართველოს პოლიცია იღებს ვალდებულებას, განუხრელად დაიცვას ამ კოდექსში ჩამოყალიბებული პრინციპები, იმის გათვალისწინებით, რომ:

-საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობის პრინციპს;

-პოლიცია წარმოადგენს საზოგადოების სამსახურში მდგომ სახელწიფო ორგანოს, რომელიც კანონის განუხრელი დაცვით უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის თავისუფლებასა და უსაფრთხოებას;

-კანონის უზენაესობის პრინციპი საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითადი საფუძველია;

-პოლიცია, როგორც საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელმწიფო ორგანო, ანგარიშვალდებულია მის წინაშე.

 

პოლიციელის საქმიანობის ეფექტურობა დიდწილადაა დამოკიდებული საზოგადოების მხრიდან დახმარებასა და მხარდაჭერაზე. პოლიცია წარმატებულია მაშინ, როდესაც იგი   მჭიდროდ თანამშრომლობს მოსახლეობასთან. პოლიციისათვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილგანწყობა, მასთან ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება. პოლიციელმა საკუთარი პროფესიონალიზმი უნდა შეუთავსოს ეთიკურობას, რითაც მნიშვნელოვნად ამაღლდება პოლიციის ავტორიტეტი საზოგადოებაში.

 

ამ კოდექსით გაცხადებულიპრინციპების განუხრელმა დაცვამ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების მხრიდან პოლიციისადმი ნდობის განმტკიცებას, მისი ავტორიტეტისა და პრესტიჟის ამაღლებას. ღირსეული სამსახურისადმი კუთვნილების გაცნობიერება თითოეულ პოლიციელში სიამაყისა და პროფესიული ღირსების განცდის საწინდარია.

 

წინამდებარე კოდექსი ითვალისწინებს რა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციას, წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის სხვა ფორმებისაგან დაცვის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ძირითად დებულებებს, სხვა საერთაშორისო და ეროვნულ სამართლებრივ აქტებს, ადგენს პოლიციის ეთიკის ძირითად პრინციპებსა და ქცევის წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა პოლიციელისათვის, როგორც სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს, ასევე სხვა სახის საქმიანობის განხორციელებისას, მათ შორის, სამსახურს გარეთ.

 

კოდექსის ამოცანაა პოლიციელში პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულებისა და მაღალზნეობრივი ღირებულებების განმტკიცება, სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის გაღრმავება.

 

პოლიციის ეთიკის კოდექსის მოქმედება ვრცელდება შსს–ს სისტემაში დასაქმებულ ყველა პოლიციელზე. პოლიციელი ვალდებულია, დაიცვას აღნიშნული კოდექსი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

 

თავი 1. პოლიციელის  საქმიანობის პრინციპები

1.1. პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, ჰუმანურობის, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს.

1.2.პოლიციელი, რომელიც იცავს და იყენებს კანონს, პირველ რიგში, თავად ემორჩილება და პატივს სცემს მას.

1.3.პოლიციელი საკუთარი მოქმედების დაგეგმვისა და დაწყების წინ ყოველთვის უნდა დარწმუნდეს მის კანონიერებაში.

1.4.პოლიციელი უნდა იყოს ყურადღებიანი, თავდაჭერილი და კანონთან ერთად ხელმძღვანელობდეს ზნეობრივი ნორმებით.

1.5.პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს.

1.6.პოლიციელი უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს, როგორიცაა:

•          ღირსების პატივისცემა;

•          სიცოცხლის უფლება;

•          თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;

•          პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება;

•          საკუთრების უფლება;

•          აზრის, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება;

•          გამოხატვის თავისუფლება;

•          მშვიდობიანი შეკრების უფლება;

•          გადაადგილების თავისუფლება;

•    სხვა უფლებები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ვალდებულებებით.

1.7. პოლიციელი თავისი საქმიანობისას უნდა ხელმძღვანელობდეს თანაზომიერების პრინციპით; კონკრეტული სიტუაციის გათვალისწინებით, კანონით მინიჭებული შესაძლო საშუალებებიდან პოლიციელმა უპირატესობა უნდა მიანიჭოს ადამიანისათვის ნაკლები ზიანის მომტან საშუალებას.

1.8.  პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის პიროვნულ ღირსებას, მოეპყრას მათ  სამართლიანად და მიუკერძოებლად მიუხედავად პირთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, რელიგიური აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა სახის პირადი მდგომარეობისა ან/და სექსუალური ორიენტაციისა.

1.9. პოლიციელი კოლეგიალური უნდა იყოს თავის თანამშრომლების მიმართ, მხარში ედგეს და იცავდეს მათ.

 

თავი 2. პოლიციელის ქცევის ზოგადი წესები

 

2.1. პოლიციელი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას უნდა იყოს მოწესრიგებული და შესაბამისად ჩაცმული.

2.2.პოლიციელი ვალდებულია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სამუშაო დრო გაანაწილოს რაციონალურად და  სრულყოფილად  შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება.

2.3.პოლიციელი ვალდებულია არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური  ინფორმაცია, დოკუმენტი და პერსონალური მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. პოლიციელმა არ უნდა დაუშვას, რომ მის წარმოებაში არსებული საქმე გასაცნობად ხელმისაწვდომი იყოს სხვა პირებისთვის და არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით. პოლიციელმა  მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ყოფით საუბრებში სამსახურთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას უნდა გამოიჩინოს ზომიერება და სიფრთხილე.

2.4. პოლიციელს ეკრძალება სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში შესვლა, გარდა ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა. უნიფორმაში მყოფ პოლიციელს ასევე ეკრძალება ისეთ გარემოში ყოფნა (ალკოჰოლური სასმელების გასაღებისა და მოხმარების ადგილები, ზოგიერთი ტიპის გასართობი ობიექტები და ა.შ.), რომლებიც შეუფერებელია პოლიციელის პროფესიისთვის.

2.5. პოლიციელისათვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის და სხვა.

2.6. პოლიციელს ეკრძალება თავისი კოლეგის მიერ წარმოებულ საქმეზე დეტალების გამოკითხვა, თუ ამას არ მოითხოვს სამსახურებრივი აუცილებლობა.

2.7. თითოეულმა პოლიციელმა უშუალოდ მასზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობები უნდა შეასრულოს პატიოსნად და კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2.8. თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, პოლიციელი პირადად აგებს პასუხს საკუთარ ქმედებებსა  და იმ ბრძანებებზე, რომლებსაც ის აძლევს თავის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს.

2.9. დაუშვებელია წინასწარი შეცნობით პოლიციელის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების ან განკარგულების შესრულება. ამგვარი მითითების შემთხვევაში, თანამშრომელმა უარი უნდა თქვას ამოცანის შესრულებაზე, მოახსენოს ზემდგომი თანამდებობის პირს  და იმოქმედოს კანონის ფარგლებში. პოლიციელზე, რომელიც უარს ამბობს შეასრულოს უკანონო ქმედება, არ გავრცელდება  დისციპლინური ან სხვა სახის სანქცია.

2.10.  პოლიციელი მუდამ მზად უნდა იყოს პროფესიული მოვალეობების შესრულებისათვის.  დაუშვებელია ამ მოვალეობებისაგან თავის არიდება არასაპატიო მიზეზებსა და გარემოებებზე მითითებით.

2.11.  პოლიციელი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას  მოწოდებული უნდა იყოს თავისი ცოდნა და  უნარები  გამოიყენოს მაქსიმალურად.

2.12. პოლიციელმა რეაგირება უნდა მოახდინოს  კოლეგის მხრიდან ეთიკის კოდექსის დარღვევის ფაქტებზე; კორუფციის ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში მოახსენოს ზემდგომ  თანამდებობის პირებსა და შესაბამის  ორგანოებს.

2.13. პოლიციელმა არ უნდა ისარგებლოს თავისი სტატუსით და არ გამოიყენოს იგი პირადი ინტერესებისათვის. მან უარი უნდა თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე და არ უნდა გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა სოციალურ-ეკონომიკური ან სხვა სახის სარგებლის მისაღებად. ამასთანავე, პოლიციელმა არ უნდა შესთავაზოს საზოგადოების წევრებს გარკვეული სამსახურის გაწევა  რაიმე სახის სარგებლის მიღების სანაცვლოდ.

2.14. პოლიციელმა ბოროტად არ უნდა ისარგებლოს სამსახურებრივი ინფორმაციით და პერსონალური მონაცემებით საკუთარი ან/და ახლობელ პირთა კერძო ინტერესების დაკმაყოფილებისათვის.

2.15. პოლიციელმა, თუ ამას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება არ მოითხოვს, არ უნდა დაამყაროს ურთიერთობა წინასწარი შეცნობით არაკანონიერ ქმედებებთან კავშირში მყოფ პირებთან. იგი ასევე არ უნდა იმყოფებოდეს პოლიციელისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში.

2.16.  პოლიციელმა სამსახურში არყოფნის დროსაც საკუთარი ინიციატივით უნდა აღმოუჩინოს დახმარება საფრთხეში მყოფ ადამიანს და მიიღოს ზომები კანონდარღვევის თავიდან ასაცილებლად. არასამსახურებრივ საათებში, პიროვნების მომართვისას (თხოვნა, შეკითხვა და სხვა), პოლიციელმა უნდა გამოიჩინოს თავაზიანობა და შეძლებისდაგვარად დაეხმაროს მას.

2.17. პოლიციელებს შორის ურთიერთობა ემყარება განსაზღვრულ იერარქიულ წესრიგსა და დისციპლინას, სუბორდინაციისა და კოლეგიალობის პრინციპებს.

2.18. პოლიციამ პერსონალური მონაცემების შეგროვება, შენახვა და გამოყენება უნდა მოახდინოს პერსონალური მონაცემების ხელშეუხებლობის საერთაშორისო პრინციპების დაცვით.

 

თავი 3. საზოგადოებასთან ურთიერთობა

3.1.პოლიციელის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას, არამედ საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენასაც, მათ შორის, არასამუშაო საათებში.

3.2.პოლიციელი საქმიანობის განხორციელებისა და საზოგადოების წევრებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს  მათ განსხვავებულ ტრადიციებს, ადათებსა და ცხოვრების წესის თავისებურებებს.

3.3.პოლიციელი, თავისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით; პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი; ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.

3.4.პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და  საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება; ზემოთ აღნიშნული სტანდარტები პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა).

3.5.სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოქალაქესთან ურთიერთობისას პოლიციელს ეკრძალება:  სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილურ ტელეფონზე საუბარი, მანქანიდან საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა.

3.6.პოლიციელის მიერ, ობიექტურ გარემოებათა გამო, მოქალაქისათვის ქმედითი დახმარების გაწევის შეუძლებლობის შემთხვევაში ამ უკანასკნელს უნდა განემარტოს  დაუხმარებლობის მიზეზი.

3.7.პოლიციელი სხვა უნარებთან ერთად უნდა ფლობდეს დარწმუნების, მოლაპარაკებისა და შუამავლობის უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია კრიტიკულ სიტუაციებში ძალის გამოყენების შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებისათვის.

 

თავი 4. კოლეგებთანურთიერთობა

4.1.ავტორიტეტის შენარჩუნების თვალსაზრისით, პოლიციელმა უნდა აწარმოოს კოლეგებთან კორექტული ურთიერთობა. დაუშვებელია პირადი დამოკიდებულების სამსახურისათვის  მიუღებელი ფორმით  გამოხატვა.

4.2.სამსახურებრივი ურთიერთობისას პოლიციელმა თავი უნდა შეიკავოს ფამილარული ურთიერთობებისაგან.

4.3.პოლიციელი უნდა ეხმარებოდეს და იცავდეს თანამშრომელს, რომელიც დაშავდა სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

4.4.პოლიციელმა კოლეგებს გულახდილად უნდა მიაწოდოს აუცილებელი პროფესიული ინფორმაცია და გაუწიოს მათ დახმარება. იმავდროულად, პოლიციელი უნდა იყოს შეურიგებელი  კოლეგის მიერ დაშვებული გადაცდომის მიმართ.

 

თავი 5. ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება

5.1.პოლიციელი პატივს უნდა სცემდეს სიცოცხლის უფლებას და ყველა საპოლიციო ღონისძიება უნდა განახორციელოს სიცოცხლის უფლების პატივისცემით. თავისი მოვალეობის შესრულებისას შეძლებისდაგვარად უნდა შეეცადოს მიმართოს არაძალისმიერ მეთოდებს და სამართალდარღვევის აღსაკვეთად არ გამოიყენოს აუცილებელზე მეტი ძალა ან/და ცეცხლსასროლი იარაღი. ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება  დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არაძალისმიერი მეთოდებით შეუძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა. პოლიციელმა ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება უნდა შეწყვიტოს დაუყოვნებლივ, როგორც კი მისი გამოყენების აუცილებლობა აღარ არსებობს.

5.2.ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების პირდაპირი მიზანი არ უნდა იყოს პირის ჯანმრთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა.

5.3.ძალის ან/და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება პოლიციელს მინიჭებული აქვს საკუთარი ან სხვა ადამიანის, მათ შორის, სამართალდამრღვევის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად და არა  სიცოცხლის მოსასპობად.

5.4.პოლიციელი ვალდებულია, ისე დაგეგმოს და აკონტროლოს ოპერაცია, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ძალის, მათ შორის, ლეტალური საშუალების გამოყენება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

თავი 6. გამოძიება

6.1.გამოძიების წარმოების ყველა ეტაპზე პოლიციელი ვალდებულია იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი. პოლიციელმა უნდა გაითვალისწინოს იმ პირთა ინტერესები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მოპყრობას (არასრულწლოვნები, ქალები, უმცირესობები და დაუცველი პირები).

6.2. პოლიციელი ვალდებულია გაითვალისწინოს უდანაშაულობის პრეზუმფცია, მოეპყრას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირს, როგორც უდანაშაულოს. პოლიცია განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას მასმედიასთან ურთიერთობისას.

6.3. პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ადვოკატის როლსა და ფუნქციას, როგორც გამოძიების სტადიაზე, ისე სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას.

6.4.პოლიციელი ვალდებულია, გაუფრთხილდეს გამოსაკითხი პირის პატივსა და ღირსებას და გაითვალისწინოს მისი ასაკი, სქესი, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, კულტურული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება.

6.5.პოლიციელმა უნდა გაითვალისწინოს მოწმის განსაკუთრებული მდგომარეობა და გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოს იგი ყველა საჭირო ღონისძიებით, როდესაც არსებობს მისი დაზიანების ან დაშინების რისკი.

6.6. პოლიციელმა მაქსიმალური ტაქტი უნდა გამოიჩინოს მოქალაქისათვის ახლობელი ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის, მისი ქონებისადმი მიყენებული სერიოზული ზიანის (ხანძარი, ძარცვა და სხვა)  შესახებ ინფორმაციის მიწოდებისას.

6.7.შემთხვევის ადგილზე კანონით განსაზღვრული პროცედურების განხორციელებისას, პოლიციელს ეკრძალება გვამისადმი ღირსების შემლახველი ქმედება.

6.8.გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციელი დაკითხვის შემდეგ დაზარალებულს უნდა დაეხმაროს ახლობლებთან დაკავშირებაში, საჭიროების შემთხვევაში სახლამდე მისვლაში და იმ სამსახურებთან დაკავშირებაში, რომელთა კომპეტენციაშიც შედის დაზარალებულისათვის გარკვეული სახის დახმარების გაწევა.

6.9.პოლიციელი უნდა დაეხმაროს დანაშაულის მსხვერპლს უშუალოდ, საკუთარი ძალებით, მოექცეს მას გულისხმიერად და კორექტულად, პატივი სცეს მის ღირსებას, შეძლებისდაგვარად გაითვალისწინოს მისი ინტერესები.

 

თავი 7. დამოკიდებულება დაკავებულ პირთა მიმართ

7.1.პოლიციელს არა აქვს უფლება შეზღუდოს პირის თავისუფლება,  გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი კანონიერი საფუძვლის არსებობისას.

7.2.პოლიციელი ვალდებულია, დაკავებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტოს დაკავების მიზეზი და აცნობოს მის მიმართ წაყენებული ბრალდება.

7.3.პოლიციელმა დაკავებულ პირს უნდა აცნობოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მისი უფლებები; დაკავების ფაქტი აცნობოს დაკავებულის მიერ არჩეულ მესამე პირს.

7.4.პოლიციელმა უნდა უზრუნველყოს დაკავებული პირის როგორც სამართლებრივი დახმარება, ასევე საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო გადაუდებელი დახმარების გაწევა ან/და შემოწმება.

7.5.დროებითი მოთავსების იზოლატორის შესაბამის ადგილას უნდა ხდებოდეს აუდიო–ვიდეო დაკვირვება, აგრეთვე დროებითი მოთავსების იზოლატორში.უნდა განხორციელდეს ჩანაწერების შენახვა

7.6.დაუშვებელია დაკავებულ პირთა წამება, მათ მიმართ არაადამიანური, დამამცირებელი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა ან სასჯელი.

7.7.ყველა დაკავებულს აქვს ადამიანური მოპყრობის უფლება. პოლიციელმა უნდა უზრუნველყოს დაკავებული პირის უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ჰიგიენური პირობები და შესაბამისი კვება.

7.8. პოლიციელმა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ძალა დაკავებული პირის მიმართ, როდესაც ეს აუცილებელია დაკავების ადგილზე უსაფრთხოებისა და წესრიგის შესანარჩუნებლად, ან საფრთხე ემუქრება პიროვნების უსაფრთხოებას.

თავი 8.   პასუხისმგებლობა ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში

ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.


დანართი N2
საპატრულო პოლიციელის

ქცევის ინსტრუქცია

 


გახსოვდეთ:

-   თქვენ ემსახურებით საზოგადოებას;

-   თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით;

- უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან;

-   თქვენი აგრესიულობა იწვევს მოქალაქეთა საპასუხო აგრესიას;

-   თქვენგან ელოდებიან პრობლემის გადაჭრას და დახმარების აღმოჩენას;

-   სხარტად გააანალიზეთ სიტუაცია და იმოქმედეთ კანონის შესაბამისად;

-   იყავით კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ.

 

 

გევალებათ:

-პირის მიერ ქრთამის შემოთავაზების შემთხვევაში ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება;

-თქვენი კოლეგის არამართლზომიერი/კანონსაწინააღმდეგო ქცევის შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;

- არა მარტო სამართალდარღვევაზე რეაგირება, არამედ  საზოგადოებასთან ურთიერთობაც;

-პირებთან ურთიერთობისას იყოთ თავაზიანი, მომთმენი და ისაუბროთ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე;

-საგზაო მოძრაობის მონაწილისადმი მიმართვისას მხედრული სალმით მისალმება;

-პირებს შორის კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, დაპირისპირების მიზეზის გაგება და შეძლებისდაგვარად დიალოგის გზით მისი მოწესრიგება;

-არასრულწლოვანთა, ქალთა, მოხუცთა, უნარშეზღუდულ პირთა დახმარება და  უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;

-ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას;

-შეტყობინების მიღებისთანავე კოლეგებთან ერთად შეიმუშაოთ სამოქმედო გეგმა და გარკვეული მონახაზი, ნუ იმოქმედებთ სპონტანურად;

- შემთხვევის ადგილზე დროულად მისვლა, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარება და  შემთხვევის ადგილის დაცვა;

-საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევის საბუთების შემოწმებისას სიფრთხილის გამოჩენა (სამართალდამრღვევი პირირჩება მანქანაში, თქვენ კი უნდა იდგეთ ნახევრად შემობრუნებულ მდგომარეობაში მანქანის კარების გასწვრივ და უნდა აკონტროლებდეთ მის მოქმედებას);

-საკუთარ თავზე სისტემატური მუშაობა პროფესიონალიზმისა და ჯანსაღი ფიზიკური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.

 

   

გეკრძალებათ:

-ავტომანქანით პატრულირებისას  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ის უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

- ადამიანების წამება, მათ მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური და  დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა;

-პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა, ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა;

-პირთან საუბრის დროს სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილური ტელეფონით საუბარი, მზის სათვალის ტარება და მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

-ავტომანქანით პატრულირების დროს პირთან მანქანიდან საუბარი;

-საპატრულო ავტომანქანის დიდი ხნით ერთ განსაზღვრულ ადგილზე გაჩერება;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპატრულო ავტომანქანაში კვება და ძილი, ასევე უცხო პირთა მანქანაში ჩასმა;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სასმელის მიღება;

-დადგენილი მარშრუტიდან თვითნებური გადახვევა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

-ავტომანქანით პატრულირებისას ხმოვანი სიგნალის (სირენა) ხშირი გამოყენება, მით უფრო ღამის საათებში;

-აუცილებლობის გარეშე ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება;

-საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევისათვის ადმინისტრაციული საქმის განხილვისათვის მნიშვნელობის მქონე დოკუმენტის გარდა სხვა დოკუმენტაციის გამორთმევა

 

 

 


დანართი №3
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულინსპექტორის

(მესაზღვრეკონტროლიორი) ქცევის ინსტრუქცია


გევალებათ:

-სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირს მიესალმოთ და სამგზავრო დოკუმენტში სათანადო აღნიშვნის გაკეთების შემდგომ ღიმილით მიმართოთ:

-საქართველოში შემოსვლის მსურველ პირს ჩამოსვლისას: „კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში“;

-საქართველოს დატოვების მსურველ პირს გამგზავრებისას: „გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას”;

-გაუფრთხილდეთ საკუთარ და უწყების რეპუტაციას, შეინარჩუნოთ ქცევის მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე არასამუშაო დროს;

-გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ ფორმა სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით (სამხრეები, ჟეტონი და ა.შ.);

-ატაროთ მოწესრიგებული ვარცხნილობა, იყოთ წვერგაპარსული;

-გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება და გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული დანაშაულის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, უკანონო მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;

-მოახდინოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტში პირის შეყოვნების დროის გონივრული შემცირება (შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით);

-საჭიროების შემთხვევაში, განუმარტოთ პირებს კონტროლის ზომები, რომელთა გავლაც მათ შესაძლოა დამატებით მოუწიოთ სასაზღვრო გამტარ პუნქტში;

-პირის მიერ შესაბამისი სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, განახორციელოთ მისი გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა განცალკევებულ ადგილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-განახორციელოთ პირის გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა ადამიანის ღირსების სრული დაცვით;

-გაითვალისწინოთ ჰუმანიტარული გარემოებები  ქვეყნის ტერიტორიაზე კანონიერი გზით პირის შემოსვლისათვის ნების დართვისას;

-ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმისას განუმარტოთ პირს უარის თქმის მიზეზები გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა,

-განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინოთ საზღვრის გადაკვეთისას არასრულწლოვანთა მიმართ,  მათ შორის, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტებისა და მშობლების ნების საწინააღმდეგოდ ქვეყნის დატოვების აღსაკვეთად;

-მოეპყროთ არასრულწლოვნებს განსაკუთრებული სიფრთხილით, მათი ასაკის შესაბამისად;

-მოეპყროთ ქალებს განსაკუთრებული სიფრთხილით;

-განსაკუთრებული სიფრთხილით დასვათ კითხვები,  როდესაც მიმართავთ არასრულწლოვნებს, თავშესაფრის შესაძლო მაძიებლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო მსხვერპლს ან/და პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით იმყოფებოდნენ ექსპლუატაციის ქვეშ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობისთვის არიან დაკავებულნი;

-მიიჩნიოთ პირი თავშესაფრის მაძიებლად, თუ ის ნებისმიერი ფორმით გამოხატავს დევნის საფუძვლიან შიშს წარმოშობისქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში  და მისცეთ მას კანონიერად თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება;

-გამოვლენის შემთხვევაში, განახორციელოთ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირების დაკითხვა/გამოკითხვა მათი, როგორც ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლომსხვერპლთა/თავშესაფრის შესაძლო მაძიებელთა იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი მარშრუტების, ორგანიზატორების, ხელშემწყობი პირების და სხვა შესაბამისი გარემოებების დასადგენად;

-თავშესაფრის მაძიებლებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებისადმი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ;

-შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოათავსოთ თავშესაფრის მაძიებელი პირები კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთაგან ან საზღვრის უკანონოდ გადამკვეთ პირთაგან განცალკევებით;

-გამოიყენოთ ვიდეოგადაღების საშუალებები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზებული დანაშაულის, უკანონო მიგრაციის, კორუფციის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და გამოძიების, ადამიანის უფლებების დაცვისა და თანამშრომელთა ანგარიშვალდებულების მიზნით;

-ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას;

-აღმოუჩინოთ დახმარება განსაცდელში მყოფ პირებს სახელმწიფო საზღვარზე;

-დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის თავდაცვის მიზნით, გამოიყენოთ მხოლოდ პროპორციული ძალა.

 

 

გეკრძალებათ:

-ადამიანების წამება, მათ მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური და  დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა;

-საქართველოში შემოსვლის მსურველ ან საქართველოს დატოვების მსურველ პირთა მიმართ უდიერი და უხეში მოპყრობა;

-ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა, ნებისმიერი თანხის, საჩუქრის და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ;

-პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება;

-სახელმწიფო საზღვრის კანონიერი გადაკვეთისას პირის, როგორც პოტენციური სამართალდამრღვევის ან კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი პირის, გამოკითხვა;

-თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში პირის გაძევების პროცედურების წამოწყება;

-მშობლებისა და მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების განცალკევება, გარდა უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რაც განპირობებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვით;

-განმცხადებელი მხარის შეტყობინება დაკარგულად გამოცხადებული პირის აღმოჩენის შესახებ აღმოჩენილის თანხმობის გარეშე;

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემები დაამუშავოთ არასამსახურებრივი დანიშნულებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

-პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვასა და პოლიტიკური მიზნით მასობრივ შეკრებებსა და მანიფესტაციებში  მონაწილეობა;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დიდი ზომის სამკაულის ტარება (საყურე, ყელსაბამი, სამაჯური), მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, მკვეთრი მაკიაჟის გამოყენება.

 

 

 

 

 


დანართი №4
დროებითი მოთავსების იზოლატორის (დმი)

თანამშრომლის ქცევის ინსტრუქცია

 


გახსოვდეთ:

-უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან;

-თქვენი აგრესიულობა იწვევს დაკავებულთა საპასუხო აგრესიას;

-იყავით კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ;

-თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით;

-დაკავებულ პირს უნდა მოეპყროთ ჰუმანურად, მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად;

-დაუშვებელია დისკრიმინაცია პირის მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ასაკის, განათლების, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, დაბადების ან სხვა სტატუსის მიხედვით;

-იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს იზოლატორის მოსამსახურეთა ქმედებები;

-იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს დაამყაროს კონტაქტი თავისი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან.

 

 

გევალებათ:

-დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის მიყვანისთანავე მისთვის უფლებებისა და ვალდებულებების განმარტება;

-დაკავებული პირის რელიგიური და მორალური ფასეულობების პატივისცემა;

-იზოლატორში მოთავსებულ ქალთა, არასრულწლოვანთა და ხანდაზმულთა უფლებებისა და განსაკუთრებული სტატუსის პატივისცემა;

-სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას სამკერდე ნიშნის გამოსაჩენ ადგილას ტარება;

-დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა რეგულარული შემოწმება მათი  უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;

-დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს ინფორმირება;

-იზოლატორში მოთავსებული პირის დათვალიერებისა და შემოწმებისთვის,  იმავე სქესის თანამშრომლის გამოყოფა;

-დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას დაკავებულთა ექიმის მიერ შემოწმების, ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და  მესამე მხარისთვის დაკავების ფაქტის შესახებ შეტყობინების უფლებისუზრუნველყოფა;

-იზოლატორში განთავსებისთანავე პირისათვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტება;

-მცირე დისციპლინურ დარღვევებზე ფრთხილი და ადეკვატური რეაგირება;

-მძიმე დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება იმ წინასწარ დადგენილი წესების საფუძველზე, რომლებიც დისციპლინის დამრღვევ პირს იზოლატორში განთავსებისთანავე განემარტა;

-დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა;

-ქრთამის შემოთავაზების შემთხვევაში ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება;

-თქვენი კოლეგის არამართლზომიერი ქცევის შესახებ ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება;

-ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას;

-საკუთარი თავისა და უწყების რეპუტაციის პატივისცემა;

-გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ ფორმა სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით (სამხრეები, ჟეტონი და ა.შ.);

-ატაროთ მოწესრიგებული ვარცხნილობა და იყოთ წვერგაპარსული.

 

 

გეკრძალებათ:

-იზოლატორში მოთავსებული პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის, აგრეთვე ძალადობის ან მუქარის ნებისმიერი ფორმის გამოყენება;

-დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონითა და ინსტრუქციებით, აღემატება იზოლატორში მოთავსების უსაფრთხოების სტანდარტებს და არის არაკანონიერი;

-დროებითი მოთავსების იზოლატორში იარაღის ტარება, გარდა დროებით მოთავსებული პირის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისათვის კანონით გათვალისწინებული  შემთხვევებისა;

-დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, გარდა დაკავებულის გაქცევის მცდელობის აღკვეთის, სამედიცინო დასკვნის არსებობის და იმ შემთხვევებისა, როდესაც არაძალისმიერი მეთოდები საკმარისი არ არის დაკავებული პიროვნების, სხვა პირების ან/და იზოლატორის შენობის დაზიანების  თავიდან ასაცილებლად;

-მამაკაც თანამშრომლებს იზოლატორის იმ საკნებში შესვლა, სადაც ქალები არიან განთავსებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა);

-დაკავებულ პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა, ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

-ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა, ნებისმიერი თანხის, საჩუქრის ან/და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ;

-პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება;

-პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვებში, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა;

-საგუშაგოზე ყოფნისას საგუშაგოს მიტოვება, კითხვა, ძილი, ტელეფონის ქონა და სიგარეტის მოწევა.

 

 


დანართი №5
მესაზღვრის ქცევის

ინსტრუქცია

 


გახსოვდეთ:

-თქვენ ემსახურებით საზოგადოებასა და სახელმწიფოს;

-თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება უმკაცრესად;

-უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან;

-თქვენი აგრესიულობა იწვევს მოქალაქეთა საპასუხო აგრესიას;

-თქვენგან ელოდებიან პრობლემის გადაჭრას და დახმარების აღმოჩენას;

-სხარტად გააანალიზეთ სიტუაცია და იმოქმედეთ გაბედულად;

-იყავით კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ.

 

გევალებათ:

-გაუფრთხილდეთ საკუთარ და უწყების რეპუტაციას, შეინარჩუნოთ ქცევის  მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე არასამუშაო დროს;

-გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმის ტანსაცმელი და ატარებდეთ მას დადგენილი წესის შესაბამისად;

-საზღვრის გადაკვეთის მსურველ პირებთან იყოთ თავაზიანი და მომთმენი, მოუსმინოთ და ესაუბროთ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე;

-გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება და გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული დანაშაულის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, უკანონო მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;

-პირის მიერ შესაბამისი სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, განახორციელოთ გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა განცალკევებულ ადგილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-განახორციელოთ პირის გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა ადამიანის ღირსების სრული დაცვით;

-შემთხვევის ადგილზე მიხვიდეთ დროულად, ჩაატაროთ აუცილებელი, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და დაიცვათ შემთხვევის ადგილი;

-გამოვლენის შემთხვევაში, განახორციელოთ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა/ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო მსხვერპლთა/თავშესაფრის შესაძლო მაძიებელთა დაკითხვა/გამოკითხვა მათი იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი მარშრუტების,  ორგანიზატორების, ხელშემწყობი პირებისა და სხვა შესაბამისი გარემოებების დასადგენად; 

-განსაკუთრებული სიფრთხილით დასვათ კითხვები, როდესაც მიმართავთ არასრულწლოვნებს, თავშესაფრის შესაძლო მაძიებლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო მსხვერპლს ან/და პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით იმყოფებოდნენ ექსპლუატაციის ქვეშ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობისთვის არიან დაკავებული;

-მოეპყროთ არასრულწლოვნებს განსაკუთრებული სიფრთხილით, მათი ასაკის შესაბამისად;

-მოეპყროთ ქალებს განსაკუთრებული სიფრთხილით;

-მიიჩნიოთ პირი თავშესაფრის მაძიებლად, თუ ის ნებისმიერი ფორმით გამოხატავს დევნის საფუძვლიან შიშს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში  და მისცეთ მას ლეგალურად თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება; 

-თავშესაფრის მაძიებლებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებისადმი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ;

-შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოათავსოთ თავშესაფრის მაძიებელი პირები კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთაგან ან საზღვრის უკანონოდ გადამკვეთ პირთაგან განცალკევებით;

-ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას;

-დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, თავდაცვის მიზნით, გამოიყენოთ მხოლოდ პროპორციული ძალა;

-აღმოუჩინოთ დახმარება განსაცდელში მყოფ პირებს ზღვასა და სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთებზე;

-საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოთ დახმარება ქალებს, არასრულწლოვნებს, მოხუცებს, უნარშეზღუდულ პირებს და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ პირველადი სამედიცინო დახმარება;

-იმ შემთხვევაში, თუ პირი გთავაზობთ ქრთამს, შეატყობინოთ ზემდგომ თანამდებობის პირს;

-თქვენი კოლეგის არამართლზომიერი/კანონსაწინააღმდეგო ქცევის შესახებ აცნობოთ ხელმძღვანელობას;

-ხელმძღვანელთან და დაქვემდებარებულ პირთან  სამსახურებრივ ურთიერთობაში არ გასცდეთ კოლეგიალურ და პროფესიულ ზღვარს;

-გაუფრთხილდეთ უწყების ინფრასტრუქტურასა და ქონებას, ხოლო დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აცნობოთ ხელმძღვანელობას;

-დროულად გამოცხადდეთ სამსახურში და ეფექტიანად გამოიყენოთ სამუშაო დრო;

-სისტემატურად იმუშაოთ საკუთარ თავზე პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.

 

 

გეკრძალებათ:

-ადამიანების წამება, მათ მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური და  დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა;

-საზღვრის გადაკვეთის მსურველ პირებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას  მუქარა, ირონია, ქედმაღლური ტონითა და ჟარგონით საუბარი;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  პირთან საუბრის დროს  სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილური ტელეფონით საუბარი, მზის სათვალის ტარება;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

-უსაფრთხოების ღვედის გარეშე ავტომანქანით პატრულირება და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ეს უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

-სატრანსპორტო საშუალებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

-ავტომანქანით პატრულირებისას უცხო პირთა მანქანაში ჩასმა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

-თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში  პირის გაძევების პროცედურების წამოწყება;

-მშობლებისა და მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების განცალკევება, გარდა უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რაც განპირობებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვით;

-დაკარგულად გამოცხადებული პირის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნული პირის თანხმობის გარეშე განმცხადებლისათვის შეტყობინება;

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემები  დაამუშავოთ არასამსახურებრივი დანიშნულებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

-ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა, ნებისმიერი თანხის, საჩუქრისა და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ;

-პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება;

-უწყების ქონების პირადი მიზნებისათვის ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება;

-სამსახურებრივი ფორმით ყოფნისას აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება;

-სამორინეში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში სათამაშოდ შესვლა;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

-სამსახურებრივი ფორმით ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მიღება, გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა;

-სხეულზე გამოსაჩენ ადგილზე სვირინგის გაკეთება;

-უნიფორმასთან ერთად საიუველირო ნაკეთობების ან სხვა სახის ხელოვნური მორთულობების თვალსაჩინოდ ტარება საქორწინო ბეჭდისა  და მაჯის საათის გარდა;

-სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;

-პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვებსა და პოლიტიკური მიზნით გამართულ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა.