დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 139 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 02/10/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/10/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017068 |
|
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31.12.2013, 140130000.22.034.016267) დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის (დანართი №1):
1. პირველი თავის 1.8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1.8. პოლიციელმა პატივი უნდა სცეს ყველა ადამიანის პიროვნულ ღირსებას, მოეპყრას მათ სამართლიანად და მიუკერძოებლად, მიუხედავად პირთა რასობრივი თუ ეროვნული კუთვნილებისა, ენისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, გენდერული იდენტობისა, ასაკისა, რელიგიური აღმსარებლობისა, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებებისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, სოციალური კუთვნილებისა, წარმომავლობისა, განათლებისა, საცხოვრებელი ადგილისა ან სხვა სახის პირადი მდგომარეობისა.“. 2. მე-3 თავის 3.3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.3. პოლიციელი, თავისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად, ვალდებულია საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი, მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი და ზრდილობიანი ფორმით. პოლიციელმა უნდა მისცეს მოქალაქეს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ფამილარული ტონით საუბარი, ჟარგონისა და სიძულვილის ენის გამოყენება. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა.“. 3. მე-3 თავის 3.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3.4. პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისა და დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან. პოლიციელმა, პროვოკაციის მიუხედავად, უნდა შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება. ზემოთ აღნიშნული სტანდარტები პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციის მიუხედავად (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა).“. 4. მე-6 თავის 6.4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6.4. პოლიციელი ვალდებულია, გაუფრთხილდეს გამოსაკითხი პირის პატივსა და ღირსებას და გაითვალისწინოს მისი ასაკი, სქესი, ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, კულტურული, ეთნიკური და რელიგიური კუთვნილება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები