„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 129
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/08/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/08/2020
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017058
129
26/08/2020
ვებგვერდი, 27/08/2020
140130000.22.034.017058
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №129

2020 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016267) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (დანართი №6);“.

2. ბრძანებით დამტკიცებული „არჩევნების პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია“ (დანართი №6) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური




დანართი №6

 

საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საარჩევნო პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მოსამსახურეები (შემდგომ  სამინისტროს მოსამსახურეები) ვალდებულნი არიან დაიცვან და გაითვალისწინონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესები და მოთხოვნები.

2. სამინისტროს მოსამსახურეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ არჩევნები არის ისეთი მოვლენა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების მართვის, ასევე ხელისუფალთა არჩევისა და გადარჩევის რეალური შესაძლებლობა. ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების ერთადერთი კანონიერი ფორმა. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი საარჩევნო უფლება გამოიყენონ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, სადაც არ იქნება არავის, მით უმეტეს, სამინისტროს მოსამსახურეების მხრიდან ზეწოლა და ძალადობა. სამინისტროს თითოეული მოსამსახურე უნდა აცნობიერებდეს, რომ არჩევნების პროცესისთვის ნებისმიერი ფორმით ხელის შეშლა ისჯება კანონით.

მუხლი 2. საარჩევნო პერიოდში სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციის მიზანი

წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე:

ა) სამინისტროს კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებს;

ბ) სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს, ასევე კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს;

გ) საქართველოს ორგანულ კანონში – საქართველოს საარჩევნო კოდექსში (შემდგომ – საარჩევნო კოდექსი) გამოყენებულ ცალკეულ ტერმინთა განმარტებებს.

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

ამ ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;

ბ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში;

გ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;

დ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

ე) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;

ვ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას.

მუხლი 4. ხმის მიცემა

1. ხმის მიცემა ფარულია. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად.

2. არჩევნების დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა, ასევე, არაერთგზის ხმის მიცემა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

3. სამინისტროს სამხედრო (გასამხედროებული) და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეყვანილი არიან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ხმას აძლევენ შესაბამისი სამხედრო დანაყოფის/ნაწილის დისლოკაციის ადგილის მიხედვით შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განსაზღვრულ საარჩევნო უბანზე (უბნებზე).

მუხლი 5. აკრძალვები წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას

1. წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტების მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში სამინისტროს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, მათ შორის, იკრძალება სამინისტროს კუთვნილი:

ა) ადმინისტრაციული შენობების გამოყენება;

ბ) საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;

გ) სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება.

2. სამინისტროს/სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის ან საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში საბიუჯეტო თანხების ან თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც გულისხმობს:

ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ბ) სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებას და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

დ) არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელებას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით;

ე) არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდას, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე, აგრეთვე ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ან/და შეღავათების დაწესებას, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით;

ვ) წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო- ან აუდიომასალის დამზადებას, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნას, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტია ან მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი ან/და რომელიც შეიცავს ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერ/საწინააღმდეგო ინფორმაციას, აგრეთვე, იმავე პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენებას;

ზ) არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ მაუწყებლის ეთერში ისეთი სარეკლამო ვიდეორგოლის განთავსებას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი უწყების მიერ შესრულებული ან დაგეგმილი სამუშაოს შესახებ.

მუხლი 6. საარჩევნო პერიოდში დადგენილი შეზღუდვები

აკრძალულია:

ა) წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 45.5.ა);

ბ) საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება იმ შენობაში, რომელშიც განთავსებულია პოლიციის დანაყოფი (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 19.8);

გ) სააგიტაციო მასალების გაკვრა პოლიციის შენობის ინტერიერსა და ექსტერიერში (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 46.2);

დ) სამინისტროს მოსამსახურის მიერ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 45.4.გ);

ე) წინასაარჩევნო აგიტაციის და კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 48);

ვ) საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49);

ზ) საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან კენჭისყრის დღის დამთავრებამდე პოლიციის თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49.7);

თ) საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსება ან კენჭისყრის ადგილის გამოყოფა იმ შენობაში, რომელშიც განთავსებულია პოლიციის დანაყოფები (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 58.2. გ);

ი) სახელმწიფო ხელისუფლების დაწესებულებებისათვის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთა დაფინანსება ხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების (მათ შორის, ელფოსტა), საინფორმაციო მომსახურებისა (მათ შორის, ოფიციალური ვებგვერდი ან/და ბიუჯეტის სახსრებით ადმინისტრირებული სოციალური მედია) და სხვადასხვა სახის ტექნიკის (მათ შორის, ზემოხსენებული საკომუნიკაციო საშუალებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენების გზით პირად სოციალურ ქსელებში წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) ნიშნების შემცველი ინფორმაციის განთავსება) გამოყენება, გარდა პოლიტიკური პარტიებისა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 48. 1. ბ.).

მუხლი 7. სამინისტროს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები

1. არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა) სამინისტროს მოსამსახურე იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 24.5.თ);

ბ) სამინისტროს მოსამსახურე იყოს ადგილობრივი დამკვირვებელი (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 39.4. ვ);

გ) კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 59.3);

დ) სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 46.71);

ე) ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 48);

ვ) საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49).

2. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით, ხოლო მეორე ტურის გამართვის საჭიროებისას − არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღის ჩათვლით აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს, მათ შორის, სამინისტროს მოსამსახურის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (მიუხედავად მათი ღირებულებისა), აგრეთვე, ფიზიკური და იურიდიული პირების, მათ შორის, სამინისტროს მოსამსახურის მიერ პირადი ფულადი სახსრებით ან/და საარჩევნო სუბიექტის სახსრებით ისეთი სამუშაოს შესრულება ან მომსახურების გაწევა, რომელიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განეკუთვნება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან/და მუნიციპალიტეტის ორგანოთა კომპეტენციას (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 47.1.).

მუხლი 8. სამინისტროს მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფა

1. სამინისტროს ყველა მოსამსახურე ვალდებულია მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი – არ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში, დაიცვას ამ ინსტრუქციით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

2. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს მშვიდობიანი შეკრებების, მანიფესტაციებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 17.1.დ).

3. საარჩევნო სუბიექტის მიერ ორგანიზებული აგიტაციისა და კამპანიის (შეკრების) დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე სამინისტროს თითოეული მოსამსახურე ვალდებულია:

ა) ეცვას დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობის გარეთ, არ მიუახლოვდეს შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე (გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა), ასევე არ დაუშვას შეკრების მონაწილეებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობაში ან სხვა დახურულ სივრცეში, დაიცვას შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვას შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა. ამასთან, სამინისტროს მოსამსახურეს კატეგორიულად ეკრძალება ამგვარ შენობაში შესვლა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.

მუხლი 9. სამინისტროს მიერ კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა

1. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს, ან საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას.

2. თუ საარჩევნო კომისიის სხდომიდან, კომისიის შენობიდან, კენჭისყრის შენობიდან პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილების საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესით მიღების შემთხვევაში ეს პირი ნებაყოფლობით არ ასრულებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, კომისიის თავმჯდომარე მიმართავს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღასრულოს პირის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება.

3. გამონაკლის შემთხვევაში, კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაგრამ არა საკუთრივ კენჭისყრის შენობაში, პოლიციის მუშაკები შეიძლება იმყოფებოდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნისა და თანხმობის გარეშეც, თუ ეს სრულიად აუცილებელია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისათვის ან დაცვისათვის. ასეთი აუცილებლობის აღმოფხვრისთანავე პოლიციის მუშაკებმა უნდა დატოვონ კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორია.

მუხლი 10. ცალკეული პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის

1. საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 79).

2. წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო- და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი თანამდებობის პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 80).

3. საარჩევნო კამპანიის ჩატარება იმ დაწესებულებათა შენობებში, რომლებიც აკრძალულია საარჩევნო კოდექსით, და ასეთი ნებართვის გაცემა უფლებამოსილი პირის მიერ გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 81).

4. წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 88).

შენიშვნა: სამინისტროს მოსამსახურის მიერ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული იქნება დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობა.