„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 853
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016493
853
06/11/2015
ვებგვერდი, 09/11/2015
140130000.22.034.016493
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №853

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად,ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 დეკემბრის №999 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016267) შეტანილ იქნეს  შემდეგი ცვლილება:

 1. ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის (დანართი №1) მე-2 თავის 2.5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.5. პოლიციელისათვის დაუშვებელია სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის ღიად, გამოსაჩენად ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის  სატარებელი ბუდით ტარებისა, ასევე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება პირადი ინტერესებისათვის და სხვა.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული მესაზღვრის ქცევის ინსტრუქცია (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრიგიორგი მღებრიშვილი




დანართი №5

მესაზღვრის ქცევის

ინსტრუქცია

გახსოვდეთ:

-თქვენ ემსახურებით საზოგადოებასა და სახელმწიფოს;

-თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება უმკაცრესად;

-უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან;

-თქვენი აგრესიულობა იწვევს მოქალაქეთა საპასუხო აგრესიას;

-თქვენგან ელოდებიან პრობლემის გადაჭრას და დახმარების აღმოჩენას;

-სხარტად გააანალიზეთ სიტუაცია და იმოქმედეთ გაბედულად;

-იყავით კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ.

გევალებათ:

-გაუფრთხილდეთ საკუთარ და უწყების რეპუტაციას, შეინარჩუნოთ ქცევის  მაღალი სტანდარტი, როგორც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ასევე არასამუშაო დროს;

-გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ კანონმდებლობით დამტკიცებული ფორმის ტანსაცმელი და ატარებდეთ მას დადგენილი წესის შესაბამისად;

-საზღვრის გადაკვეთის მსურველ პირებთან იყოთ თავაზიანი და მომთმენი, მოუსმინოთ და ესაუბროთ მშვიდად, მათთვის გასაგებ ენაზე;

-გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება და გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო საზღვარზე ორგანიზებული დანაშაულის, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, უკანონო მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით;

-პირის მიერ შესაბამისი სურვილის გამოხატვის შემთხვევაში, განახორციელოთ გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა განცალკევებულ ადგილზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

-განახორციელოთ პირის გამოკითხვა/შემოწმება/დათვალიერება/ჩხრეკა ადამიანის ღირსების სრული დაცვით;

-შემთხვევის ადგილზე მიხვიდეთ დროულად, ჩაატაროთ აუცილებელი, მათ შორის, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები და დაიცვათ შემთხვევის ადგილი;

-გამოვლენის შემთხვევაში, განახორციელოთ კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთა/ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო მსხვერპლთა/თავშესაფრის შესაძლო მაძიებელთა დაკითხვა/გამოკითხვა მათი იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი მარშრუტების,  ორგანიზატორების, ხელშემწყობი პირებისა და სხვა შესაბამისი გარემოებების დასადგენად;

-განსაკუთრებული სიფრთხილით დასვათ კითხვები, როდესაც მიმართავთ არასრულწლოვნებს, თავშესაფრის შესაძლო მაძიებლებს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესაძლო მსხვერპლს ან/და პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით იმყოფებოდნენ ექსპლუატაციის ქვეშ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ან გადაკვეთის მცდელობისთვის არიან დაკავებული;

-მოეპყროთ არასრულწლოვნებს განსაკუთრებული სიფრთხილით, მათი ასაკის შესაბამისად;

-მოეპყროთ ქალებს განსაკუთრებული სიფრთხილით;

-მიიჩნიოთ პირი თავშესაფრის მაძიებლად, თუ ის ნებისმიერი ფორმით გამოხატავს დევნის საფუძვლიან შიშს წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში  და მისცეთ მას ლეგალურად თავშესაფრის მოთხოვნის საშუალება;

-თავშესაფრის მაძიებლებს დროულად მიაწოდოთ ინფორმაცია შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებისადმი მიმართვის შესაძლებლობის შესახებ;

-შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, მოათავსოთ თავშესაფრის მაძიებელი პირები კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ პირთაგან ან საზღვრის უკანონოდ გადამკვეთ პირთაგან განცალკევებით;

-ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას;

-დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, თავდაცვის მიზნით, გამოიყენოთ მხოლოდ პროპორციული ძალა;

-აღმოუჩინოთ დახმარება განსაცდელში მყოფ პირებს ზღვასა და სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთებზე;

-საჭიროების შემთხვევაში აღმოუჩინოთ დახმარება ქალებს, არასრულწლოვნებს, მოხუცებს, უნარშეზღუდულ პირებს და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ პირველადი სამედიცინო დახმარება;

-იმ შემთხვევაში, თუ პირი გთავაზობთ ქრთამს, შეატყობინოთ ზემდგომ თანამდებობის პირს;

-თქვენი კოლეგის არამართლზომიერი/კანონსაწინააღმდეგო ქცევის შესახებ აცნობოთ ხელმძღვანელობას;

-ხელმძღვანელთან და დაქვემდებარებულ პირთან  სამსახურებრივ ურთიერთობაში არ გასცდეთ კოლეგიალურ და პროფესიულ ზღვარს;

-გაუფრთხილდეთ უწყების ინფრასტრუქტურასა და ქონებას, ხოლო დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში აცნობოთ ხელმძღვანელობას;

-დროულად გამოცხადდეთ სამსახურში და ეფექტიანად გამოიყენოთ სამუშაო დრო;

-სისტემატურად იმუშაოთ საკუთარ თავზე პროფესიონალიზმის ამაღლებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით.

გეკრძალებათ:

-ადამიანების წამება, მათ მიმართ სხვა სასტიკი, არაადამიანური და  დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა;

-საზღვრის გადაკვეთის მსურველ პირებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას  მუქარა, ირონია, ქედმაღლური ტონითა და ჟარგონით საუბარი;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  პირთან საუბრის დროს  სიგარეტის მოწევა, საღეჭი რეზინის ღეჭვა, მობილური ტელეფონით საუბარი, მზის სათვალის ტარება;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოუწესრიგებელ მდგომარეობაში ყოფნა;

-უსაფრთხოების ღვედის გარეშე ავტომანქანით პატრულირება და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, თუ ეს უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

-სატრანსპორტო საშუალებით სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ხმოვანი სიგნალისა (სირენა) და ხმამაღლა მოლაპარაკე ხელსაწყოს (მეგაფონი) გამოყენება, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

-ავტომანქანით პატრულირებისას უცხო პირთა მანქანაში ჩასმა, თუ ეს სამსახურებრივი აუცილებლობით არ არის გამოწვეული;

-თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევაში  პირის გაძევების პროცედურების წამოწყება;

-მშობლებისა და მათი ოჯახის არასრულწლოვანი წევრების განცალკევება, გარდა უკიდურესი აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა, რაც განპირობებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვით;

-დაკარგულად გამოცხადებული პირის აღმოჩენის შემთხვევაში აღნიშნული პირის თანხმობის გარეშე განმცხადებლისათვის შეტყობინება;

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში არსებული პერსონალური მონაცემები  დაამუშავოთ არასამსახურებრივი დანიშნულებით და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით;

-ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა, ნებისმიერი თანხის, საჩუქრისა და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ;

-პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება;

-უწყების ქონების პირადი მიზნებისათვის ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება;

-სამსახურებრივი ფორმით ყოფნისას აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება;

-სამორინეში ან სხვა მსგავს დაწესებულებაში სათამაშოდ შესვლა;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა;

-სამსახურებრივი ფორმით ყოფნისას ალკოჰოლური სასმელის მიღება, გარდა ოფიციალური ღონისძიებებისა;

-სხეულზე გამოსაჩენ ადგილზე სვირინგის გაკეთება;

-უნიფორმასთან ერთად საიუველირო ნაკეთობების ან სხვა სახის ხელოვნური მორთულობების თვალსაჩინოდ ტარება საქორწინო ბეჭდისა  და მაჯის საათის გარდა;

-სამოქალაქო ტანსაცმელში ცეცხლსასროლი იარაღის გამოსაჩენად ტარება, გარდა ცეცხლსასროლი იარაღის  სატარებელი ბუდით ტარებისა;

-სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გარემოსა და ზღვის დაბინძურება;

-პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვებსა და პოლიტიკური მიზნით გამართულ შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა.