დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 73 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/08/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/08/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017602 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანების (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016267) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დროებითი მოთავსების იზოლატორის (დმი) თანამშრომლის ქცევის ინსტრუქცია (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №4
|
დროებითი მოთავსების იზოლატორის (დმი) თანამშრომლის ქცევის ინსტრუქცია
|
გახსოვდეთ:
– უკანონო ბრძანების შესრულების შემთხვევაში არ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან; – თქვენი აგრესიულობა იწვევს დაკავებულთა საპასუხო აგრესიას; – იყავით კოლეგიალური თანამშრომლების მიმართ; – თქვენი მონაწილეობა ნებისმიერ კორუფციულ გარიგებაში დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით; – დაკავებულ პირს უნდა მოეპყროთ ჰუმანურად, მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა მისი გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად; – დაუშვებელია დისკრიმინაცია პირის მოქალაქეობრივი, სოციალური, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, რასობრივი, ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის, ასაკის, განათლების, პოლიტიკური და სხვა შეხედულების, დაბადების ან სხვა სტატუსის მიხედვით; – იზოლატორში მოთავსებულ პირს უფლება აქვს გაასაჩივროს იზოლატორის მოსამსახურეთა ქმედებები; – იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს დაამყაროს კონტაქტი თავისი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან. გევალებათ: – დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის მიყვანისთანავე მისთვის უფლებებისა და ვალდებულებების განმარტება; – დაკავებული პირის რელიგიური და მორალური ფასეულობების პატივისცემა; – იზოლატორში მოთავსებულ ქალთა, არასრულწლოვანთა და ხანდაზმულთა უფლებებისა და განსაკუთრებული სტატუსის პატივისცემა; – დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა რეგულარული შემოწმება მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; – დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი უფლებამოსილი პირის ან ორგანოს ინფორმირება; – იზოლატორში მოთავსებული პირის დათვალიერებისა და შემოწმებისთვის, იმავე სქესის თანამშრომლის გამოყოფა; – დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებისას დაკავებულთა ექიმის მიერ შემოწმების, ადვოკატის ხელმისაწვდომობისა და მესამე მხარისთვის დაკავების ფაქტის შესახებ შეტყობინების უფლების უზრუნველყოფა; – იზოლატორში განთავსებისთანავე პირისათვის იზოლატორის შინაგანაწესის განმარტება; – მცირე დისციპლინურ დარღვევებზე ფრთხილი და ადეკვატური რეაგირება; – მძიმე დისციპლინურ დარღვევებზე რეაგირება იმ წინასწარდადგენილი წესების საფუძველზე, რომლებიც დისციპლინის დამრღვევ პირს იზოლატორში განთავსებისთანავე განემარტა; – დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი პირებისათვის ბეჭდური მასალებისა და საწერი საშუალებების გამოყენების ხელშეწყობა; – ქრთამის შემოთავაზების შემთხვევაში ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება; – თქვენი კოლეგის არამართლზომიერი ქცევის შესახებ ზემდგომი თანამდებობის პირის ინფორმირება; – ძალის გამოყენებამდე მიმართოთ პრობლემის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ყველა საშუალებას; – საკუთარი თავისა და უწყების რეპუტაციის პატივისცემა; – გამოიყურებოდეთ მოწესრიგებულად, გეცვათ ფორმა სათანადო განმასხვავებელი ნიშნებით (სამხრეები, ჟეტონი და ა.შ.); – ატაროთ მოწესრიგებული ვარცხნილობა და იყოთ წვერგაპარსული. გეკრძალებათ: – იზოლატორში მოთავსებული პირის წამება, მის მიმართ არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის, აგრეთვე ძალადობის ან მუქარის ნებისმიერი ფორმის გამოყენება; – დისციპლინისა და წესრიგის უზრუნველსაყოფად ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არ არის გათვალისწინებული კანონითა და ინსტრუქციებით, აღემატება იზოლატორში მოთავსების უსაფრთხოების სტანდარტებს და არის არაკანონიერი; – დროებითი მოთავსების იზოლატორში იარაღის ტარება, გარდა დროებით მოთავსებული პირის სხვა დაწესებულებაში გადაყვანისათვის კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; – დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფ პირთა მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, გარდა დაკავებულის გაქცევის მცდელობის აღკვეთის, სამედიცინო დასკვნის არსებობის და იმ შემთხვევებისა, როდესაც არაძალისმიერი მეთოდები საკმარისი არ არის დაკავებული პიროვნების, სხვა პირების ან/და იზოლატორის შენობის დაზიანების თავიდან ასაცილებლად; – მამაკაც თანამშრომლებს იზოლატორის იმ საკნებში შესვლა, სადაც ქალები არიან განთავსებული (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა); – დაკავებულ პირთან ურთიერთობისას ქედმაღლური ტონი, მუქარა, ირონია და ჟარგონებით საუბარი/ლანძღვა; – სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა; – ხელფასის ან/და სამსახურებრივი წახალისების გარდა, ნებისმიერი თანხის, საჩუქრის ან/და სარგებლის მიღება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ; – პირადი სარგებლის მისაღებად, ასევე, პირადი მიზნებისათვის სამსახურებრივი მდგომარეობისა და უწყების სახელის გამოყენება; – პოლიტიკური საქმიანობა, გაფიცვებში, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობა; – საგუშაგოზე ყოფნისას საგუშაგოს მიტოვება, კითხვა, ძილი, ტელეფონის ქონა და სიგარეტის მოწევა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები