„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 390
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 23/05/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016322
390
23/05/2014
ვებგვერდი, 27/05/2014
140130000.22.034.016322
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №390

2014 წლის 23 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №999 ბრძანებაში (ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 31/12/2013, სარეგისტრაციო კოდი – 140130000.22.034.016267) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ მუხლს თანდართული სახით დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) არჩევნების პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო  ინსტრუქცია (დანართი №6).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე



დანართი №6

 

არჩევნების პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო   ინსტრუქცია

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. არჩევნების პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეები (შემდგომში – შსს მოსამსახურეები) ვალდებული არიან მკაცრად დაიცვან და გაითვალისწინონ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესები და მოთხოვნები.

2. შსს მოსამსახურეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ არჩევნები არის ისეთი მოვლენა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს ეძლევათ საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო ხელისუფლების მართვის, ასევე ხელისუფალთა არჩევისა და გადარჩევის რეალური შესაძლებლობა. ეს არის სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირების ერთადერთი კანონიერი ფორმა. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავიანთი საარჩევნო უფლება გამოიყენონ უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში, სადაც არ იქნება არავის, მით უმეტეს, შსს მოსამსახურეების მხრიდან ზეწოლა და ძალადობა. შსს თითოეული მოსამსახურე უნდა აცნობიერებდეს, რომ არჩევნების პროცესისთვის ნებისმიერი ფორმით ხელშეშლა ისჯება კანონით.

3. წინამდებარე ინსტრუქცია განსაზღვრავს წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს და არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე/გამოქვეყნებამდე:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კანონის  შესასრულებლად განსაზღვრულ ვალდებულებებს;

ბ) შსს მოსამსახურეთა უფლება–მოვალეობებს, ასევე კანონით დადგენილ აკრძალვებსა და შეზღუდვებს;

გ) საარჩევნო კოდექსში გამოყენებულ ცალკეულ ტერმინთა განმარტებებს.


მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ა) ამომრჩეველთა სპეციალური სია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამხედრო (გასამხედროებული) და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც შეყვანილი არიან ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში, ხმას აძლევენ სამხედრო შენაერთის დისლოკაციის ადგილის მიხედვით;

ბ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი;

გ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით წარდგენილია რეგისტრაციისათვის შესაბამის საარჩევნო კომისიაში;

დ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას, ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა;

ე) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი;

ვ) ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების აკრძალვა – პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტების მიერ სამინისტროს კუთვნილი: ა) ადმინისტრაციული შენობების გამოყენება; ბ) საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება;  გ) სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება;

ზ) საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვა – სამინისტროს/სამინისტროს მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თავისი თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება, რაც გულისხმობს:

 ზ.ა) სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმას ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას;

ზ.ბ) სამსახურებრივი მივლინებების დროს ხელმოწერების შეგროვებასა და წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას;

ზ.გ) წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევას სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებისას;

ზ.დ) არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელების აკრძალვას, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით;

ზ.ე) არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდას, გარდა იმ გასაცემლებისა, რომელთა ოდენობების ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე;

ზ.ვ) წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით ისეთი სააგიტაციო მასალის, ვიდეო ან აუდიომასალის დამზადებას, ვებგვერდის ან მისი ნაწილის შექმნას, რომელშიც/რომელზედაც ასახულია ესა თუ ის საარჩევნო სუბიექტი/პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი/საწინააღმდეგო ინფორმაცია. იმავე პერიოდში აკრძალულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის/ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სახსრებით დამზადებულ სოციალურ რეკლამაში საარჩევნო სუბიექტის/პოლიტიკური პარტიის ან მისი რიგითი ნომრის გამოყენება;

თ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კენჭისყრისა და ხმების დათვლისათვის არჩევნებისა და რეფერენდუმის გამართვისას;

ი) ხმის მიცემის ფარულობა – ხმის მიცემა ფარულია. თითოეული ამომრჩეველი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემა სხვა პირის ნაცვლად. არჩევნების დროს სხვისი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის ან ყალბი დოკუმენტის საფუძველზე ხმის მიცემა, ასევე, არაერთგზის ხმის მიცემა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.


მუხლი 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებები
1. აკრძალულია წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებაში (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 45. 5.ა).

2. აკრძალულია საოლქო საარჩევნო კომისიის განთავსება იმ შენობაში, რომელშიც განთავსებულია პოლიციის სამსახური (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 19.8).

3. აკრძალულია სააგიტაციო მასალების გაკვრა პოლიციის შენობის ინტერიერსა და ექსტერიერში (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 46.2).

4. აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 48).

5. აკრძალულია საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49).

6. აკრძალულია საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის ვადის გასვლიდან  კენჭისყრის დღის დამთავრებამდე პოლიციის თანამდებობის პირთა საკადრო გადაადგილება, გარდა მათი უფლებამოსილების ვადის გასვლის ან/და მათ მიერ კანონის დარღვევის შემთხვევებისა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49.7).

7. საუბნო საარჩევნო კომისია არ უნდა განთავსდეს და კენჭისყრის ადგილი არ უნდა გამოიყოს იმ შენობაში, რომელშიც განთავსებულია პოლიციის სამსახურები (გარდა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიისა) (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 58.2.გ).

8. თუ კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე საფრთხე ექმნება საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად კენჭისყრის ჩატარებას ან საარჩევნო დოკუმენტაციის უსაფრთხო გადაადგილებას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოთხოვნით შეიძლება გამოძახებულ იქნენ და კენჭისყრის შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პოლიციის მუშაკები, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღკვეთისთანავე და საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, პოლიციის მუშაკები ტოვებენ კენჭისყრის შენობას და მის მიმდებარე ტერიტორიას (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 59.6).

9. საარჩევნო პერიოდში სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმ გარემოებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირების მიმართ მოთხოვნილი და გამოყენებული ადმინისტრაციული სახდელები იყოს სამართალდარღვევის პროპორციული, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მომავალში მსგავსი დარღვევების პრევენცია.

10. შეკრებისა და მანიფესტაციის დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს მშვიდობიანი მიტინგების, დემონსტრაციებისა და მოქალაქეთა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოება („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 8.ძ);

ბ) აღკვეთოს უკანონო მიტინგი, დემონსტრაცია, პიკეტირება და სხვაგვარი აქცია, აგრეთვე მიმდინარე აქცია, თუ იგი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, საკუთრებას და კანონით დაცულ სხვა უფლებებს („პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 9.1.ე).


მუხლი 4. შსს მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები
არჩევნების დანიშვნიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია:

ა) შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი  იყოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 24.5.თ);

ბ)  შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყოს დამკვირვებელი საარჩევნო კომისიაში ან საარჩევნო უბანზე (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 39.4.ვ);

გ) კენჭისყრის შენობაში შეიარაღებულ პირთა შესვლა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 59.3);

დ) არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისათვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა ფასეულობათა გადაცემა (მიუხედავად მათი ღირებულებისა), შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის (გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა) მიწოდება ან გავრცელება, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირებით (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 47.1);

ე) სააგიტაციო მასალის ჩამოხსნა, ჩამოხევა, დაფარვა ან დაზიანება, თუ ის აკრძალულ ადგილას არ არის განთავსებული (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 48);

ვ) ამომრჩეველთა მოსყიდვა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 47);

ზ) საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 49).


მუხლი 5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  პოლიტიკური ნეიტრალობის უზრუნველყოფა
შსს ყველა მოსამსახურე ვალდებულია მკაცრად დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი – არ მიიღოს მონაწილეობა საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოებულ აგიტაციასა და კამპანიაში (გარდა საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირებისა),  დაიცვას ამ ინსტრუქციით დადგენილი სხვა მოთხოვნები. საარჩევნო სუბიექტის მიერ ორგანიზებული აგიტაციისა და კამპანიის (შეკრება) დროს, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილე შსს თითოეული მოსამსახურე ვალდებულია:

ა) ეცვას დადგენილი ნიმუშის ფორმის ტანსაცმელი;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობის გარეთ, არ მიუახლოვდეს შეკრების მონაწილეებს 5 მეტრის მანძილზე (გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა), ასევე არ დაუშვას შეკრების მონაწილეებთან დაპირისპირებული ძალის მიახლოება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ სააგიტაციო კამპანია (შეკრება) იმართება შენობაში ან სხვა დახურულ სივრცეში, დაიცვას შენობის მხოლოდ გარე პერიმეტრი და არ დაუშვას შენობაში დაპირისპირებული ძალის შესვლა. ამასთან, შსს მოსამსახურეს კატეგორიულად ეკრძალება ამგვარ შენობაში შესვლა, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა.


მუხლი 6. პასუხისმგებლობა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის
საქართველოს საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებულია შემდეგი სახის დარღვევები:

ა) წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 79);

ბ) წინასაარჩევნო მოწოდებების, განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე, სააგიტაციო დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილი სხვა საშუალებების ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი გამოყენებისათვის ხელშეშლა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 80);

გ) საარჩევნო კამპანიის ჩატარებისათვის აკრძალულ დაწესებულებათა შენობებში უფლებამოსილი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობისათვის ნებართვის გაცემა (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 81);

დ) წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების, ასევე თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება  (საარჩევნო კოდექსი, მუხლი 88).

შენიშვნა: ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებულ იქნება ასევე დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობა.