საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 298
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 22/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/11/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 16/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.017465
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
298
22/11/2013
ვებგვერდი, 22/11/2013
010240030.10.003.017465
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (22/11/2013 - 21/01/2014)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №298

2013 წლის 22 ნოემბერი

   ქ.თბილისი

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ


მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანდართული დებულება.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი


მუხლი 1
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას.

2. გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.

3. გენერალურ შტაბს აქვს დროშა, შტანდარტი, ემბლემა, გერბიანი ბეჭედი, დადგენილი ნიმუშის ბლანკი და შტამპი.

 

თავი II

გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 2
გენერალური შტაბის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვაში, სამხედრო საფრთხის შეფასებაში მონაწილეობა, შეიარაღებული ძალებისათვის სტრატეგიულ-ოპერატიული გეგმების მომზადება და სტრატეგიულ-ოპერატიული მიმართულებების განსაზღვრა;

ბ) საგანგებო და/ან საომარი მდგომარეობის, აგრეთვე სხვა განსაკუთრებული სიტუაციების პირობებში არსებული ჯარის სახეობის ბაზაზე გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება და მათი მოქმედების კონტროლი;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და საბრძოლო მომზადების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ზედამხედველობა;

დ) სამხედრო განათლების პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა, სამხედრო კადრების მომზადებისა და გადამზადების საკითხების გადაწყვეტა;

ე) შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გეგმების შემუშავება;

ვ) შეიარაღებული ძალების ჯარის სახეობის მართვა;

ზ) სამხედრო ძალების რეზერვის მომზადების, გამოყენების დაგეგმვა და კოორდინაცია;

თ) საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების მართვა და კონტროლი;

ი) საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და რესურსების განაწილების გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების კონტროლი;

კ) შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკით, შეიარაღებით, აღჭურვილობით, საბრძოლო მასალითა და სხვა სამხედრო ქონებით უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის წარდგენა;

ლ) შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

მ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელება თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების კონტროლი თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით უზრუნველყოფისა და განვითარების დაგეგმვა, კოორდინაცია და კონტროლი;

პ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება;

ჟ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დაქვემდებარებაში არსებული ჯარის სახეობისა და ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტების შემუშავება;

რ) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო (გაწვევა, დანიშვნა, გადაადგილება, დაწინაურება, პროფესიული განვითარება, წოდების მინიჭება, წახალისება, დათხოვნა, გათავისუფლება) უზრუნველყოფა;

ს) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობა, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავება და მათი შესრულების ორგანიზება;

ტ) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირება;

უ) სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების დაგეგმვა;

ფ) სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვა, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის კოორდინაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურებისა და მათი განვითარების კონცეფციების შემუშავება, საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიის განსაზღვრა;

ქ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი, სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების უზრუნველყოფა;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში დებულებების, დოქტრინების, წესდებებისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;

ყ) საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედება, სამხედრო-საზღვაო ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობა, აღსრულების კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერა.

 

თავი III

გენერალური შტაბის ხელმძღვანელობა

მუხლი 3
1. გენერალურ შტაბს ხელმძღვანელობს გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც არის საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მთავარი სამხედრო მრჩეველი.

2. გენერალური შტაბის უფროსს საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობასთან შეთანხმებით.

3. გენერალური შტაბის უფროსი თანამდებობაზე, როგორც წესი, ინიშნება სამი წლით. აღნიშნული ვადა  მინისტრის შუამდგომლობით შეიძლება გაგრძელდეს კიდევ ერთი წლით.

4. გენერალური შტაბის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამოსილებას მინისტრთან შეთანხმებით განსაზღვრავს გენერალური შტაბის უფროსი.

6. გენერალური შტაბის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, გენერალური შტაბის უფროსის დავალებით, გენერალური შტაბის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 4
1. გენერალური შტაბის უფროსი:

ა) უზრუნველყოფს შეიარაღებული ძალების გამოყენების სამხედრო-სტრატეგიულ და ოპერატიულ-ტაქტიკური გეგმების მომზადების კონტროლს;

ბ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს თავდაცვის პოლიტიკის, შეიარაღებული ძალების სტრატეგიული მართვის, სამომავლო განვითარების, სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების შეძენისა და პერსპექტიული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური საკითხების შესახებ;

გ) მართავს და აკონტროლებს თავის დაქვემდებარებაში არსებულ ჯარის სახეობას და სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებს;

დ) წყვეტს საკადრო საკითხებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

ე) მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს სამხედრო პროგრამებისა და სამხედრო ბიუჯეტის საკითხების შესახებ;

ვ) საქართველოს თავდაცვის მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის საკითხებში;

ზ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად უზრუნველყოფს სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივ და მრავალმხრივ სამხედრო თანამშრომლობას;

თ) საომარი მდგომარეობის დროს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს, მინისტრს წარუდგენს დასანიშნად გაერთიანებულ ძალთა ოპერატიული და ტაქტიკური დაჯუფებების მეთაურების კანდიდატურებს და ახორციელებს მათ მართვასა და კონტროლს;

ი) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. გენერალური შტაბის უფროსი მართავს თავის დაქვემდებარებაში არსებულ სახმელეთო ჯარებს.

 

თავი IV

გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი სტატუსი და ძირითადი ამოცანები

მუხლი 5
1. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი;

ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი;

გ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი;

დ) J-4/8 – ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი;

ე) J-5/9 – სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი;

ვ) J-6 – კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი;

ზ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი;

თ) გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო;

კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო;

ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი;

მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა;

ო) ეროვნული გვარდია;

პ) სპეციალური ოპერაციების ძალები;

ჟ) საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი;

რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი;

ს) სამედიცინო დეპარტამენტი;

ტ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი.

2. გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:

ა) J-1 – პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის, მათ შორის, სამოქალაქო მოსამსახურეთა, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა საკადრო უზრუნველყოფას, ასევე შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების სტრუქტურებისა და საშტატო ნუსხების პროექტებს, მონაწილეობს სამხედრო ძალების რეზერვის მობილიზაციის სისტემის მართვისა და განვითარების ღონისძიებათა დაგეგმვაში; ურთიერთობს სამხედრო ძალების რეზერვში აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

ბ) J-2 – დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო უზრუნველყოფის დაგეგმვასა და სადაზვერვო მოქმედებების კოორდინაციას;

გ) J-3 – ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებული ძალების მართვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებას; გეგმავს სამხედრო ოპერაციებს; უზრუნველყოფს სწავლებების დაგეგმვასა და ჩატარებას; განსაზღვრავს საინფორმაციო ოპერაციების სტრატეგიას;

დ) J-4/8 – ლოგისტიკისა და რესურსების დაგეგმვის დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფისა და რესურსების განაწილების გეგმების შემუშავებას;

ე) J-5/9 – სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტი თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტების საფუძველზე, ახორციელებს სამხედრო პოლიტიკის დაგეგმვას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობას, შეიმუშავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურასა და მისი განვითარების კონცეფციებს, განსაზღვრავს სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობების სტრატეგიას;

ვ) J-6 – კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი გეგმავს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვისა და კონტროლის სისტემის მხარდაჭერას კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით, ახორციელებს ამ სისტემების დანერგვასა და უზრუნველყოფს მათ შემდგომ განვითარებას;

ზ) J-7 – სამხედრო განათლებისა და საბრძოლო მომზადების დეპარტამენტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განსაზღვრავს სამხედრო განათლებასა და საბრძოლო მომზადების ძირითად მიმართულებებს, აყალიბებს გამოცდილების გაზიარების სისტემას, კოორდინაციას უწევს შესაბამისი დოქტრინების შემუშავებას;

თ) გენერალური შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი ხელს უწყობს გენერალური შტაბის საქმიანობის კოორდინაციას; ახორციელებს გენერალური შტაბის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას, გენერალური შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას, ექსპერტიზასა და ვიზირებას, ახორციელებს საქმისწარმოების ორგანიზებას კომპეტენციის ფარგლებში, გენერალური შტაბის საფინანსო და სანივთე უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული შენობის მომსახურებას, ნატოს ქვერეგისტრის ფუნქციონირებას და გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების არქივის მართვას; კოორდინაციას უწევს საიდუმლოების რეჟიმის დაცვას, სპორტული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ორგანიზებას საქართველოს შეიარაღებულ ძალებში;

ი) საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველო ახორციელებს გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში საბრძოლო მზადყოფნის ინსპექტირებას;

კ) შეიარაღების კონტროლისა და ვერიფიკაციის სამმართველო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად, უზრუნველყოფს შეიარაღებისა და ტექნიკის ინსპექტირებას, საინსპექციო ჯგუფების, სადამკვირვებლო მისიების მიღებას, ნდობისა და უსაფრთხოების ფორუმზე მომუშავე საკონსულტაციო კომიტეტებსა და კომისიებთან თანამშრომლობას;

ლ) სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი ახორციელებს:

ლ.ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში დანაშაულთა გამოძიებას, საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ სამხედრო მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული ადმინისტრაციული პატიმრობის ადგილების დაცვას, სამხედრო ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფას;

ლ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის, აგრეთვე მინისტრის მიერ განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შენობებისა და ტერიტორიის კონტროლის სისტემების პროგრამულ უზრუნველყოფას;

ლ.გ) სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა დაჭრა-დასახიჩრების, ტრავმის მიღების ან დაღუპვის ფაქტებზე ინსპექტირებასა და სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას – უკავშირდება თუ არა აღნიშნული ფაქტები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი დასკვნის მომზადებას/გაცემას;

ლ.დ) ოპერატიულ-ტექნიკური და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებას, უსაფრთხოების წესების შემუშავებასა და ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

ლ.ე) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის დებულებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას;

მ) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა უზრუნველყოფს სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზისა და ორგანიზაციული სფეროს განვითარებას, სწავლებისა და წვრთნების კოორდინაციასა და კონტროლს, მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურე კადრების მომზადებას/გადამზადებას, ოპერატიული და ტაქტიკური დონის დოქტრინების შემუშავებას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დაგეგმილი სწავლებისა და წვრთნების მხარდაჭერას, ,,პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფარგლებში ნატოს და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების მომზადებასა და სამხედრო სასწავლო ცენტრებთან ერთობლივ წვრთნებში მონაწილეობას, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის მისაღებად განსაზღვრული ქვედანაყოფების მომზადება-გადამზადებას. მინისტრის მიერ განსაზღვრულ თანამდებობის პირს წარუდგენს წინადადებებს უცხოეთში მიღებული სამხედრო განათლების საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ;

ნ) ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკურ უზრუნველყოფას, ტოპოგეოდეზიურ და პოლიგრაფიულ მომსახურებას;

ო) ეროვნული გვარდია:

ო.ა) გენერალური შტაბის მოთხოვნის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, ახორციელებს სამხედრო ძალების რეზერვისტთა მომზადებასა და გადამზადებას, საგანგებო სიტუაციების ან საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების მხარდაჭერას, სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორ­ციე­ლების ხელ­შეწყო­ბას, სხვადასხვა ცერემონიისა და სარიტუალო ღონისძიების ჩატარებას;

ო.ბ) ურთიერთობს ეროვნული გვარდიის რეზერვის აღრიცხვისა და რეზერვიდან გაწვევის საკითხებში უფლებამოსილ სამთავრობო დაწესებულებებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან;

პ) სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობას იღებს ოპერატიული დაგეგმვის პროცესში, წვრთნის და ამზადებს სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს;

ჟ) საზღვაო თავდაცვის დეპარტამენტი უზრუნველყოფს საქართველოს საზღვაო სივრცეში სუვერენული უფლებების დაცვისა და შავ ზღვაზე ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველმყოფ შესაბამის უწყებებთან ურთიერთქმედებას, მიღებული ინფორმაციის ანალიზს, შესაბამისი საფრთხეების გასანეიტრალებლად ოპერაციების დაგეგმვაში მონაწილეობას და აღსრულების კოორდინაციას კომპეტენციის ფარგლებში, ასევე საერთაშორისო სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის მხარდაჭერას;

რ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს ფარული და ღია წყაროებიდან ოპერატიული ინფორმაციის მოპოვებას და მონაწილეობს მოსალოდნელი რისკის განსაზღვრაში;

ს) სამედიცინო დეპარტამენტი ახორციელებს სამედიცინო უზრუნველყოფის მიმდინარე და პერსპექტიული გეგმების შემუშავებასა და მათი განხორციელების მონიტორინგს; სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის დაგეგმვასა და მისი შესრულების მონიტორინგს, კომპეტენციის ფარგლებში სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას; სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ზედამხედველობის განხორციელებას;

ტ) ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი უზრუნველყოფს:

ტ.ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფის ხელშეწყობას, შესაბამისი მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისათვის ღონისძიებათა სისტემის შემუშავებასა და მათი შესრულების ორგანიზებას;

ტ.ბ) ვეტერანთა რეაბილიტაციის, პროფესიული ორიენტაციისა და მომზადების (გადამზადების) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების, აგრეთვე ომის ვეტერანებთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების მოძიება-განხორციელების ხელშეწყობას, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ღონისძიებების ხელშეწყობის პერსპექტივების განსაზღვრას;

ტ.გ) ვეტერანთა მიმართ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას;

ტ.დ) „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული პირების აღრიცხვას, ერთიანი კომპიუტერული მონაცემთა ბაზის შექმნას, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერანის მოწმობების დამზადების უზრუნველყოფასა და გაცემას;

ტ.ე) ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კავშირებთან ურთიერთობის დამყარებას/განმტკიცებას;

ტ.ვ) ომის მონაწილე ხანდაზმული, მარტოხელა ვეტერანების საპატრონაჟო ღონისძიებებისა და მათი მოხუცთა თავშესაფარში მოთავსების ორგანიზებას; სამშობლოს დაცვისას დაღუპულ, აგრეთვე ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავსაყოფად გაწეული მუშაობის კოორდინაციასა და მონიტორინგს;

ტ.ზ) ომის ვეტერანების მხედრული ტრადიციების განმტკიცებასა და მომავალი თაობის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას;

ტ.თ) ვეტერანების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ხელყოფის ფაქტების გამოვლენას და მათი აღმოფხვრის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელებას;

ტ.ი) დეპარტამენტის ფუნქციების განსახორციელებლად შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებას;

ტ.კ) ვეტერანთა სამედიცინო დახმარების, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური მიმოხილვებისა და მოხსენებების მომზადებას და ამ მიზნით მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

ტ.ლ) დეპარტამენტის ამოცანების განხორციელებისათვის საინფორმაციო ცნობარის, ჟურნალის, ბუკლეტების დაბეჭდვის უზრუნველყოფას კომპეტენციის ფარგლებში;

ტ.მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების მიზნით წარდგინების მომზადებასა და შესაბამისი ქვედანაყოფისათვის გადაცემას;

ტ.ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ვეტერანთა შესახებ სათანადო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას სოციალური გასაცემლების ადმინისტრირების შესაბამისი ორგანოსათვის.

 


12. 12/12/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 580 - ვებგვერდი, 13/12/2018 11. 08/05/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 204 - ვებგვერდი, 11/05/2018 10. 01/03/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 106 - ვებგვერდი, 05/03/2018 9. 21/07/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 349 - ვებგვერდი, 25/07/2017 8. 26/01/2017 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 39 - ვებგვერდი, 27/01/2017 7. 15/12/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 555 - ვებგვერდი, 16/12/2016 6. 25/08/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 421 - ვებგვერდი, 26/08/2016 5. 07/07/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 314 - ვებგვერდი, 11/07/2016 4. 27/05/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 232 - ვებგვერდი, 31/05/2016 3. 01/04/2016 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 166 - ვებგვერდი, 05/04/2016 2. 09/10/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 588 - ვებგვერდი, 10/10/2014 1. 21/01/2014 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 98 - ვებგვერდი, 22/01/2014