დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 284 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 05/11/2013 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/11/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 010240010.10.003.017451 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/11/2013 - 14/04/2014)
|
მუხლი 1 |
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანდართული საშტატო ნუსხა (დანართი №2). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №18 დადგენილება „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დ ე ბ უ ლ ე ბ ა |
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი (შემდგომში – აპარატი) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 24 იანვრის №33 ბრძანებულების შესაბამისად და მისი მიზანია საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. 2. აპარატი თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით. 3. აპარატს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში ხაზინაში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ლოგო, რომელსაც ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი. 4. აპარატის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7. მუხლი 2. აპარატის ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. აპარატის ამოცანებია: ა) ფართო სპექტრის პირდაპირი კონტაქტებისა და კავშირების დამყარება და გაფართოება უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ საქართველოსთან მეგობრობით ან საქართველოთი დაინტერესებულ ქართველოლოგიურ, სამეცნიერო ან/და საზოგადოებრივ ცენტრებთან, დიასპორულ ორგანიზაციებთან, საზოგადოებებთან, ფონდებთან, სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქართული სულიერი და მატერიალური კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, სიძველეების, განძების, ხელნაწერების, არქივებისა და სხვა ისტორიული კულტურული ფასეულობების მოძიება, შეგროვება და შესაბამის მოლაპარაკებებში მონაწილეობა; გ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა შორის ეროვნული თვითშეგნების შენარჩუნების ხელშეწყობა; დ) ხელშეწყობა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საზღვარგარეთ მოქმედი შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციებისათვის ქართველი ხალხის ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის გაცნობა-შესწავლის საქმეში; ე) საზღვარგარეთ, გარე მიგრაციული (ემიგრაციის) ნაკადების მონიტორინგი; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ემიგრანტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა; ზ) დიასპორული ინვესტიციების მოზიდვისა და საქართველოში განხორციელების ხელშეწყობა; თ) დიასპორულ ორგანიზაციათა რეესტრის შექმნა და წარმოება; ი) კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება. 2. დასახული ამოცანების განსახორციელებლად, აპარატი: ა) ამყარებს და ავითარებს კავშირებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიასპორულ ორგანიზაციებთან, ბეჭდვით ორგანოებთან და საქართველოთი დაინტერესებულ სხვა სტრუქტურებთან, აგრეთვე ცალკეულ პირებთან (ეთნიკურ ქართველებთან ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებთან, რომელთაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიღებული აქვთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების მიხედვით); ბ) შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს დიასპორის საკითხებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებს; გ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც ინიციატივას იჩენენ, შექმნან ან შექმნილი აქვთ დიასპორული ორგანიზაციები, ქართულენოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო წრეები, კლუბები, სკოლები, საზოგადოებრივი და საოჯახო ბიბლიოთეკები, მხატვრული თვითშემოქმედების წრეები და სხვა; დ) უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან კავშირების განსამტკიცებლად თანამშრომლობს სახელმწიფო, სამეცნიერო, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კავშირებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს საკონსულო დაწესებულებებთან (მათ შორის, საპატიო კონსულებთან) და დიასპორულ ორგანიზაციებთან; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ხელს უწყობს საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სასწავლებლად მიღებას; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქართველოში სტაჟირების და სასწავლო პრაქტიკის გავლას; ზ) ხელს უწყობს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების (ბიზნესმენების) საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით დაინტერესებას და მათ მიერ საქართველოში ინვესტირებას; თ) საზღვარგარეთ გარე მიგრაციული (ემიგრაციის) ნაკადების და ემიგრანტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში ურთიერთმოქმედებს მიგრაციის სფეროში მომუშავე საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, საქართველოს საკონსულო დაწესებულებებთან (მათ შორის, საპატიო კონსულებთან), დიასპორულ ორგანიზაციებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებთან (მათ შორის, საპატიო კონსულებთან), ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ი) ხელს უწყობს თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის დისტანციური გაკვეთილების ჩატარებას, მათ შორის, უცხოურ ენებზეც; კ) ხელს უწყობს თანამემამულეთათვის მრავალტირაჟიანი გაზეთების, ქართული ენის თვითმასწავლებლების, ლექსიკონების, სასაუბროების, ბროშურებისა და სხვა ლიტერატურის გამოცემას ქართულ და უცხოურ ენებზე, ასევე ინტერნეტგვერდების შექმნას და გავრცელებას, თანამშრომლობის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს ტელერადიო კომპანიებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთათვის ქართული ტელერადიო მაუწყებლობის თაობაზე; ლ) გამოსცემს დიასპორის საინფორმაციო ბიულეტენს, როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით; მ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა დიასპორული ორგანიზაციებისა და ცალკეული პირებისათვის სხვადასხვა თემატიკის წიგნების, პერიოდული გამოცემების, ვიდეოფილმების, კომპაქტდისკებისა და სხვა პროდუქციის შექმნას და გაგზავნას; ნ) ახორციელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვადასხვა დროსა და პირობებში მოხვედრილი ისტორიულ-კულტურული ფასეულობების მქონე ობიექტების მოძიებას, შეგროვებას და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს შესაბამის მოლაპარაკებებში. ამ მიზნით აწყობს მიზნობრივ მივლინებებსა და გასვლებს უცხოეთის ქვეყნებში; ო) დიასპორული ორგანიზაციების მეშვეობით და შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან კოორდინაციით ხელს უწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის და ქართული კომპანიების საქმიანობის რეკლამირებას და ექსპორტს შესაბამის ადგილსამყოფელ ქვეყნებში; პ) ქმნის და აწარმოებს დიასპორული ორგანიზაციების რეესტრს; ჟ) აწარმოებს აპარატის ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალურ ქსელებში განთავსებული ელექტრონული გვერდების მართვას; რ) ახორციელებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა სოციალური ქსელის ტექნიკურ უზრუნველყოფასა და ადმინისტრირებას, რა მიზნითაც, კანონმდებლობით დადგენილი წესით, იყენებს სახელმწიფო უწყებებში დაცულ მონაცემებს და ქმნის შესაბამის მონაცემთა ბაზას; ს) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. მუხლი 3. აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატს ხელმძღვანელობს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. სახელმწიფო მინისტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით და შემთხვევებში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებას. 3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. 4. სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილისა და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეთა ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი. 5. სახელმწიფო მინისტრის არყოფნის შემთხვევაში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობებს ასრულებს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე. 6. სახელმწიფო მინისტრის სამუშაო გრაფიკის უზრუნველყოფისა და საქმიანობის საერთო-საორგანიზაციო ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო მინისტრს ჰყავს თანაშემწე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 4. აპარატის სტრუქტურული ერთეულები 1. აპარატში შედის შემდეგი სტრუქტურული ერთეულები: ა) ანალიტიკის დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ დიასპორასთან დაკავშირებული ინფორმაციების, წინადადებების, ანალიტიკური ბარათებისა და სხვა მასალების მომზადებას; უზრუნველყოფს ქართული დიასპორის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის შექმნას; ზედამხედველობას უწევს საინფორმაციო-ანალიტიკური ბაზის მუდმივ შევსებასა და განახლებას; ახორციელებს აპარატის სამართლებრივ უზრუნველყოფას და ხელს უწყობს აპარატის საპარლამენტო მდივანს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის; ბ) პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს დიასპორებთან მიმართებით სხვადასხვა პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვას; უზრუნველყოფს დიასპორასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებას; ხელს უწყობს დიასპორის თემატიკის თაობაზე კონფერენციების და სემინარების ჩატარებას; ხელს უწყობს საგამომცემლო საქმიანობას, მათ შორის, დამხმარე სახელმძღვანელოების გამოცემას, რომლის მიზანია ქართულ დიასპორაში ისტორიულად და თანამედროვე ეპოქაში მიმდინარე ღირსშესანიშნავი მოვლენების გამოკვლევა, სათანადო ასახვა და წარმოჩინება; ხელს უწყობს დიასპორასთან დაკავშირებით დაგეგმილი კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის დოკუმენტთბრუნვას; საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოებების შემცველი დოკუმენტების აღრიცხვას, შენახვას (საიდუმლო საქმისწარმოებას) და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას; უზრუნველყოფს აპარატის საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნას, აპარატის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფასა და განვითარებას; წარმართავს აპარატის საარქივო საქმიანობას; ახორციელებს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებას. 2. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. 3. დეპარტამენტში შედიან აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მთავარი სპეციალისტ(ებ)ი და სპეციალისტ(ებ)ი, აგრეთვე დეპარტამენტზე მიმაგრებული შტატგარეშე მოსამსახურეები. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები დაკისრებული ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფენ სახელმწიფო მინისტრის მიერ დამტკიცებული ფუნქციური განაწილების შესაბამისად და ანგარიშვალდებული არიან დეპარტამენტის უფროსის წინაშე. 5. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 5. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი 1. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი ამზადებს ინფორმაციას ცალკეულ სფეროებში ქართული დიასპორის საქმიანობისა და პრობლემების შესახებ, ასევე სახელმწიფო მინისტრის დავალებით ახორციელებს აპარატის საქმიანობის ცალკეული მიმართულებების მიხედვით შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელობას. 2. სახელმწიფო მინისტრის მრჩეველს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 6. აპარატის ფინანსური მენეჯერი 1. აპარატის ფინანსური მენეჯერი ახორციელებს აპარატში ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებას. 2. აპარატის ფინანსურ მენეჯერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 7. აპარატის პრესსპიკერი 1. აპარატის პრესსპიკერი უზრუნველყოფს აპარატში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა ინფორმაციის მიწოდებას საზოგადოებისა და საინფორმაციო საშუალებებისთვის, ასევე უზრუნველყოფს ინფორმაციის განთავსებას აპარატის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში არსებულ ელექტრონულ გვერდებზე; უზრუნველყოფს ქართული და უცხოური პრესის მონიტორინგს და მათ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სპეციალური საინფორმაციო ანალიტიკური მასალების მომზადებას. 2. აპარატის პრესსპიკერი არის აპარატის ანალიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ასევე ანგარიშვალდებულია სახელმწიფო მინისტრის წინაშე. 3. აპარატის პრესსპიკერს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს და მის ფუნქციურ მოვალეობებს განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 8. ანგარიშგება დეპარტამენტის უფროსები, სახელმწიფო მინისტრის მრჩევლები, ფინანსური მენეჯერი და პრესსპიკერი სახელმწიფო მინისტრს წარუდგენენ კვარტალურ და წლიურ ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 9. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მაძიებელი პირის საქართველოდან წარმომავლობის ან/და მისი მშობლიური ენის ქართველურ-კავკასიური ენებისადმი კუთვნილების შესახებ დასკვნის მომზადების მიზნით სახელმწიფო მინისტრთან იქმნება კომისია შესაბამისი ექსპერტების, მათ შორის, ენათმეცნიერების შემადგენლობით. 2. კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით. მუხლი 10. საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო 1. ქართულ დიასპორასთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო მინისტრთან იქმნება საზოგადოებრივ-საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭოს ამოცანაა დიასპორული ორგანიზაციებისა და სათვისტომოების საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მიზნით წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. 3. საბჭოს დებულებას ამტკიცებს და მის შემადგენლობას განსაზღვრავს სახელმწიფო მინისტრი. მუხლი 11. უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა და დიასპორული ორგანიზაციების წახალისება 1. უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის ან დიასპორული ორგანიზაციის წახალისების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედალი, მედალიონი, ჯილდო, სამკერდე ნიშანი, სიგელი, საპატიო სიგელი და სხვა. 2. წახალისების ფორმებს, ნომინაციებსა და წესს განსაზღვრავს და ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი.
დანართი №2
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
დოკუმენტის კომენტარები