ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

  • Word
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 160
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 23/02/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 8, 15/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470.100.000.05.001.000.730
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
160
23/02/2000
სსმ, 8, 15/03/2000
470.100.000.05.001.000.730
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (15/03/2000 - 13/07/2000)

საქართველოს კანონი

ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ

თავი I.

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ორგანოთა გადანერგვის მიზნით ადამიანის სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ ერთი ან მეტი ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების (შემდგომში – ორგანო) ნებაყოფლობით გაცემის, მათი აღების, შენახვის, განაწილებისა და სხვა ადამიანისათვის გადანერგვის სფეროში და ადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვას.

    მუხლი 2

ამ კანონით არ წესრიგდება:

ა) სისხლისა და მისი კომპონენტების, ჩანასახისა და ნაყოფის ორგანოების, პლაცენტის, რეპროდუქციული ორგანოების (საკვერცხე, სათესლე ჯირკვალი, კვერცხუჯრედი, სპერმა), კბილის, თმის აღება და გამოყენება;

ბ) ორგანოს აღება ავადმყოფობის დიაგნოზის დასადგენად ადამიანის სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ;

გ) სასამართლო მედიცინის შემთხვევები.

    მუხლი 3

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენეტიკური ნათესავი – დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი;

ბ) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადასანერგად;

გ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი ქმედუუნარობის შემთხვევაში, ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გადანერგვასთან დაკავშირებულ ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე ამ ჩარევის არსის, ჩვენებების, მოსალოდნელი ეფექტის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, აგრეთვე პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ამ ჩარევასთან დაკავშირებული რისკის განმარტების შემდეგ;

დ) რეციპიენტი – ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით გადაენერგა სხვა ადამიანის ორგანო;

ე) ტიპირება – ქსოვილების იმუნოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა;

ვ) ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია – ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;

ზ) თავის ტვინის სიკვდილი – სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა.

თავი II.

ორგანოს გაცემის ნებაყოფლობითობა

    მუხლი 4

ქმედუნარიან პირს უფლება აქვს ნებაყოფლობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოს აღებაზე.

    მუხლი 5

თანხმობა ან უარი შეიძლება ეხებოდეს ერთ ან მეტ ორგანოს. გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ადასტურებს სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი.

    მუხლი 6

ორგანოს გაცემაზე გადაწყვეტილების დამადასტურებელი განცხადება უნდა გაიგზავნოს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრში, სადაც იქმნება პოტენციური დონორების სია („დონორების რეესტრი”).

    მუხლი 7

ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, სამედიცინო პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, მოსახლეობას განუმარტავენ ორგანოს გაცემის, აღების, მისი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის შესაძლებლობასა და მნიშვნელობას.

თავი III.

გარდაცვლილის ორგანოს აღება სიცოცხლეშივე განცხადებული თანხმობის ან უარის არარსებობისას

    მუხლი 8

გადანერგვის მიზნით გარდაცვლილის ორგანოს აღება, როდესაც არ არსებობს სიცოცხლეში განცხადებული თანხმობის ან უარის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, შეიძლება, თუ:

ა) არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ორგანოს აღება არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას, მის ეთიკურ პრინციპებს;

ბ) ამ კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილ პირთაგან მოცემული რიგითობის მიხედვით უპირატესი უფლების მქონე პირი თანახმაა გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე.

    მუხლი 9

1. გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე თანხმობის ან უარის განცხადების უფლება აქვთ შემდეგ ქმედუნარიან პირებს:

ა) მეუღლეს;

ბ) შვილს;

გ) მშობელს;

დ) შვილიშვილს,შვილიშვილის შვილს;

ე) ძმას, დას;

ვ) ძმისწულს, დისწულს;

ზ) ბებიასა, პაპას;

თ) ბიძას, დეიდას, მამიდას;

ი) ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს.

2. თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს ორგანოს აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რიგით წინამავალი პირი (პირები) ცოცხალი არ არის ან მისგან გადაწყვეტილების მიღება გადანერგვისთვის დასაშვები დროის განმავლობაში შეუძლებელია.

    მუხლი 10

მე-9 მუხლში ჩამოთვლილ პირთაგან თანხმობის მიღების უფლება აქვს საავადმყოფოს სათანადო რწმუნების მქონე მედიცინის მუშაკს, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს ორგანოს აღებასა და გამოყენებაში.

    მუხლი 11

თუ მიღებული სამედიცინო სტანდარტებით გარდაცვლილი პაციენტი შესაფერისი კანდიდატია ორგანოს ასაღებად, მაგრამ მას სიცოცხლეშივე არა აქვს განცხადებული თანხმობა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ამ კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილ პირთაგან ვერავინ იქნა მოძიებული, გვამიდან ორგანოს აღება ამ კანონის მე-4 მუხლში დასახელებული მიზნით დაუშვებელია.

თავი IV.

გარდაცვლილი დონორის ორგანოს აღება

    მუხლი 12

ადამიანი გარდაცვლილად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგინდება თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა.

    მუხლი 13

ადამიანის თავის ტვინის სიკვდილისა და გულის შეუქცევადი გაჩერების კრიტერიუმებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 14

პაციენტის თავის ტვინის სიკვდილი მკურნალი ექიმის მონაწილეობით უნდა დაადასტუროს რეანიმატოლოგისა და ნევროპათოლოგისაგან შემდგარმა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით. ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ ორგანოს აღებაში ან გადანერგვაში და სამსახურებრივად არ უნდა ექვემდებარებოდნენ ორგანოთა გადანერგვის პროცესებში მონაწილე პირს.

    მუხლი 15

ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის დასადგენად ჩატარებული გამოკვლევის თარიღი, დრო, მონაცემები და მათ საფუძველზე გამოტანილი დასკვნა უნდა გაფორმდეს წერილობით და დადასტურდეს გამომკვლევი ექიმების ხელმოწერით. გარდაცვლილის ახლობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ გაეცნონ დასკვნას.

    მუხლი 16

გარდაცვლილის ახლობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაესწრონ ორგანოს აღებას, ხოლო ასეთი სურვილის არარსებობისას - მიიღონ ინფორმაცია ჩატარებული პროცედურის შესახებ საავადმყოფოს სათანადო რწმუნების მქონე თანამშრომლისაგან ან იმ ექიმისაგან, რომელმაც აიღო ორგანო.

თავი V.

ცოცხალი დონორის ორგანოს აღება

    მუხლი 17

ცოცხალი დონორის ორგანოს აღება სხვა ადამიანისთვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის გადარჩენის, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

    მუხლი 18

გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:

ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა;

ბ) დონორი და რეციპიენტი გენეტიკური ნათესავები ან მეუღლეები არიან, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა;

გ) დონორს ორგანოს გაცემაზე განცხადებული აქვს ინფორმირებული თანხმობა;

დ) მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო ან გაშუალებული შედეგები არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას;

ე) სათანადო გამოკვლევით დადგენილია, რომ დონორი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გადანერგვის მიზნით ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს ასაღებად;

ვ) ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში.

    მუხლი 19

სხვა ადამიანისათვის ორგანოს გადასანერგად ცოცხალი დონორის იმ ორგანოს აღება, რომელსაც ხელმეორედ წარმოშობის უნარი გააჩნია, დასაშვებია იმ შემთხვევებშიც, როცა დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.

    მუხლი 20

არასრულწლოვანის (გარდა მცირეწლოვანისა) ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია, თუ:

ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურებს სათანადო ლიცენზიის მქონე ორი ექიმი;

ბ) ძვლის ტვინის გადანერგვა განკუთვნილია პირველი ან მეორე რიგის ნათესავისათვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და არ არსებობს მკურნალობის სხვა საშუალება;

გ) არასრულწლოვანის განწყობა იძლევა სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას;

დ) მიღებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადასტურებული მშობლების (მშობლის) ან მშობლების ზრუნვას მოკლებული არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.

    მუხლი 21

პოტენციური ცოცხალი დონორისაგან ინფორმირებული თანხმობის მისაღებად მას უნდა განემარტოს:

ა) ორგანოს აღებისათვის საჭირო ოპერაციული ჩარევის სახე, მოცულობა, რისკი, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, დონორის ჯანმრთელობაზე ოპერაციული ჩარევის მეყსეული და შორეული, უშუალო და გაშუალებული შედეგების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა;

ბ) ცოცხალი დონორისაგან აღებული ორგანოს გადანერგვის მოსალოდნელი შედეგის –წარმატების თუ წარუმატებლობის ყველა შესაძლებლობა;

გ) ყველა შესაძლო გარემოება, რამაც შეიძლება იმოქმედოს დონორის გადაწყვეტილებაზე.

    მუხლი 22

ამ კანონის 21-ე მუხლში მოცემული განმარტებები პოტენციურ ცოცხალ დონორს უნდა მისცეს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმმა სხვა ექიმის თანდასწრებით, რომელიც არ მონაწილეობს ორგანოების აღებასა და გადანერგვაში და, ამავე დროს, სამსახურებრივად არ ექვემდებარება ორგანოთა გადანერგვაში მონაწილე ექიმს. დონორისათვის მიცემული განმარტებები და მისი ინფორმირებული თანხმობა უნდა გაფორმდეს კანონით დადგენილი წესით. დონორს უფლება აქვს შეცვალოს გადაწყვეტილება.

თავი VI.

ორგანოს გადანერგვის ან მკურნალობის მიზნით მისი გამოყენების ორგანიზაცია

    მუხლი 23

1. საავადმყოფოები ვალდებულნი არიან შეატყობინონ სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას იმ პაციენტების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტა და რომელნიც სამედიცინო კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება ჩაითვალონ პოტენციურ დონორებად.

    მუხლი 24

ტრანსპლანტაციის მიზნით იმ ორგანოს აღება, რომლის გადანერგვისშემდგომი ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მისი შენახვის ხანგრძლივობაზე, უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრთან შეთანხმებით.

    მუხლი 25

სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობა წესრიგდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებებით.

თავი VII.

ორგანოთა გადანერგვის პროცესების მართვა

    მუხლი 26

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კოორდინაციას და კონტროლს უწევს ორგანოების გადანერგვით დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას.

    მუხლი 27

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:

ა) შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს;

ბ) შეიმუშავებს დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტული დოკუმენტის ფორმას;

გ) განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს;

დ) პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს, თუ საჭიროა აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას;

ე) უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) აწესრიგებს საერთაშორისო თანამშრომლობას ორგანოთა გადანერგვის სფეროში. დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობს ადამიანის ორგანოთა ექპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში;

ზ) თანამშრომლობს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან.

    მუხლი 28

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საბჭო, რომლის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.

    მუხლი 29

საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მუშაობას ხელმძღვანელობს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი ან ქსოვილების ტიპირების გამოცდილების მქონე ბიოლოგი.

    მუხლი 30

ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებისათვის ორგანოს გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ დაინტერესებულ სამედიცინო დაწესებულებებს. გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით, ყველა იმ მონაცემის აღნიშვნით, რომელთა საფუძველზედაც მიღებულია გადაწყვეტილება. ამ დოკუმენტის ასლი გადაეცემა სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას და, შესაბამისად, ტრანსპლანტაციის ბანკს.

თავი VIII.

სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებები

    მუხლი 31

სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებაა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს ორგანოს აღებისა და გადანერგვის ანდა ამ პროცესების ორგანიზაციულ-ტექნიკური საინფორმაციო უზრუნველყოფის უფლების ლიცენზია.

    მუხლი 32

სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებია: ტრანსპლანტოლოგიური საავადმყოფო ან მისი სათანადო ლიცენზიის მქონე განყოფილება, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, ტრანსპლანტაციის ბანკი, ტრანსპლანტოლოგიის ლაბორატორია.

    მუხლი 33

სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება:

ა) შესაბამისი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებას;

ბ) დადგენილი წესით მონაწილეობს პოტენციური დონორებისა და პოტენციური რეციპიენტების რეგისტრაციაში, აგრეთვე ორგანოთა გაცემაზე უარის განმცხადებელი პირების სიის წარმოებაში;

გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას პოტენციური რეციპიენტის მეთვალყურე სამედიცინო დაწესებულებასთან ან მკურნალ ექიმთან და ორგანოთა გადანერგვის მართვის დაწესებულებებთან;

დ) დადგენილი წესით აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტებს, რომლებშიც აუცილებლად ფიქსირდება გადანერგილი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი (შიფრი);

ე) უზრუნველყოფს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დაცვას.

    მუხლი 34

ტრანსპლანტაციის ბანკი ახორციელებს გარდაცვლილი ან/და ცოცხალი დონორების ტესტირებას, შერჩევას, მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული ორგანოს აღებას, ტიპირებას, ტრანსპორტირებას, დამუშავებას და შენახვას ტრანსპლანტაციისათვის გამოყენების მიზნით.

    მუხლი 35

ტრანსპლანტაციის ბანკი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების შემადგენელი ნაწილი.

    მუხლი 36

ტრანსპლანტაციის ბანკს ხელმძღვანელობს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი ან ბიოლოგი.

    მუხლი 37

ტრანსპლანტაციის ბანკში შენახული ორგანოს გადანერგვისათვის უვარგისად ცნობის შემთხვევაში მას უფლება აქვს გასცეს ის სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის. შეტყობინება ამის შესახებ უნდა გაეგზავნოს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრს.

    მუხლი 38

ტრანსპლანტაციის ბანკის მიერ დონორის ტესტირების, ორგანოს აღების, ტიპირების, ტრანსპორტირების, დამუშავების, შენახვის ამსახველი მონაცემები დეტალურად ფიქსირდება დოკუმენტებში, რომლებიც იქვე ინახება.

თავი IX.

საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში

    მუხლი 39

საქართველო მონაწილეობს ორგანოთა გადანერგვის საერთაშორისო პრაქტიკაში.

    მუხლი 40

1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ ორგანოს შემოტანა, რომლის აღება, დამუშავება და ვარგისობის დადასტურება მოხდა შესაბამისი ქვეყნის კანონების მოთხოვნათა დაცვით, რაც უნდა აისახოს თანმხლებ დოკუმენტებში.

2. საქართველოში ორგანოს შემოტანის უფლება აქვს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას.

3. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ორგანოთა შემოტანა დაუბრკოლებლად ხდება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულების სპეციალური განაცხადის და ორგანოს თანმხლები დოკუმენტების საფუძველზე.

4. საერთო ზედამხედველობას ადამიანის იმპორტირებული ორგანოების გამოყენებაზე აწარმოებს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 41

საქართველოდან ადამიანის ორგანოთა გატანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვით, ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით.

თავი X.

ტრანსპლანტაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა

    მუხლი 42

დონორის ტესტირება, შერჩევა, გადასანერგად განსაზღვრული ორგანოს ტიპირება ტარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და სათანადო ლიცენზიის მქონე ლაბორატორიაში.

    მუხლი 43

სპეციალიზებული ტრანსპლანტოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის შემოწმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 44

ამ კანონის 43-ე მუხლში მითითებულ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევების დეტალური შედეგები, გამომკვლევი პირის ვინაობა და გამოკვლევის თარიღი დადგენილი წესით უნდა დაფიქსირდეს წერილობით. დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს ტრანსპლანტაციის ბანკში და ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრში.

    მუხლი 45

ტრანსპლანტაციის ბანკში გაგზავნილი ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმებს, აგრეთვე დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ეს ინფექციები არ არის იდენტიფიცირებული, ადგენს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

    მუხლი 46

თუ ტრანსპლანტაციისათვის განსაზღვრული ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში ასახული სამედიცინო ინფორმაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოქმედ ნორმატიულ აქტებს, სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია ამის შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ტრანსპლანტაციის ბანკისათვის ორგანოს დაბრუნების ან მისი განადგურების შესახებ.

    მუხლი 47

თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ან დადგენილია, რომ ორგანო წარმოადგენს საშიში ინფექციის გავრცელების წყაროს, ის ნადგურდება დადგენილი წესით.

თავი XI.

ინფორმაციის გაცვლა და შენახვა

    მუხლი 48

ტრანსპლანტოლოგიის საინფორმაციო ცენტრი შიფრავს დონორის ვინაობას მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულებაში ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში მიეთითება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას დონორის ვინაობის შესახებ აღნიშნავს მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. ორგანოს თანმხლები დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ყველა სამედიცინო მონაცემს დონორის შესახებ.

    მუხლი 49

დონორის ვინაობის გამჟღავნების უფლება აქვს მხოლოდ ტრანსპლანტაციის საბჭოს იმ შემთხვევაში, თუ:

ა) გადასანერგად განსაზღვრული ორგანოს გამოყენება საფრთხეს უქმნის რეციპიენტის ან სხვა ადამიანის ჯანმრთელობას;

ბ) სასამართლო დადგენილების საფუძველზე ამას მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოები;

გ) დადგენილი წესით ამას სპეციალურად მოითხოვს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.

    მუხლი 50

ორგანოების აღებაში, ტრანსპორტირებაში, შენახვაში, განაწილებაში, აგრეთვე, ტრანსპლანტაციასა და მკურნალობაში დასაქმებული პერსონალი ვალდებულია არ გაამჟღავნოს დონორის ან/და პოტენციური დონორის ვინაობა და მათი სამედიცინო მონაცემები, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

    მუხლი 51

თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტის დამადასტურებელი წერილობითი დასკვნების, ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს ასაღებად საჭირო, ამ კანონის მე-14–15 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს აღების, ტესტირების და შენახვის ამსახველი დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 20 წელი. დოკუმენტაცია დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ამ ვადის გასვლის შემდეგ არა უგვიანეს ერთი წლისა.

თავი XII.

ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვა

    მუხლი 52

აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.

    მუხლი 53

ორგანოს გადასანერგად საჭირო ღონისძიებების განხორციელების, სახელდობრ, მისი ტესტირების, აღების, კონსერვაციის, ტრანსპორტირების, შენახვის, გამოსაყენებლად მომზადების, რეციპიენტებისა და სხვა პირების ინფექციისაგან დაცვის ღირებულება ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 54

აკრძალულია ორგანოს გადანერგვა, თუ ექიმისათვის ცნობილია, რომ მისი აღება განხორციელდა ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით.

თავი XIII.

სხვა აკრძალვები

    მუხლი 55

1. აკრძალულია ორგანოს გაცემაზე თანხმობის მისაღებად რაიმე სახის ზემოქმედება.

2. ამ კანონით გათვალისწინებული ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 56

აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოტენციური დონორისა და დონორის ვინაობის გამჟღავნება იმ პირებისათვის, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ ორგანოს აღებაში.

თავი XIV.

დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 57

1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2000 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები:

ბ.ა) „ადამიანის თავის ტვინის სიკვდილისა და გულის შეუქცევადი გაჩერების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“;

ბ.ბ) „ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“;

გ) საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებები:

გ.ა) „ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;

გ.ბ) „დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“;

გ.გ) „ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;

გ.დ) ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, საინფორმაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ;

გ.ე) „ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმების, დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ";

გ.ვ) „ორგანოთა განადგურების წესის შესახებ“;

დ) საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის შესახებ“.

2. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2000 წლის 23 თებერვალი.

№160–IIს

12. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3611-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 22/11/2023 11. 05/07/2018 - საქართველოს კანონი - 3055-რს - ვებგვერდი, 11/07/2018 10. 29/09/2016 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/4/682 - ვებგვერდი, 12/10/2016 9. 24/06/2016 - საქართველოს კანონი - 5579-IIს - ვებგვერდი, 13/07/2016 8. 25/11/2015 - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 3/9/682 - ვებგვერდი, 10/12/2015 7. 20/03/2015 - საქართველოს კანონი - 3380-IIს - ვებგვერდი, 31/03/2015 6. 21/03/2014 - საქართველოს კანონი - 2151-IIს - ვებგვერდი, 04/04/2014 5. 20/09/2013 - საქართველოს კანონი - 1242-Iს - ვებგვერდი, 08/10/2013 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 18/06/2010 - საქართველოს კანონი - 3112 - სსმ, 31, 05/07/2010 3. 23/06/2006 - საქართველოს კანონი - 3393 - სსმ, 26, 14/07/2006 2. 21/11/2002 - საქართველოს კანონი - 1757 - სსმ, 31, 10/12/2002 1. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000