„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3055-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 05/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/07/2018
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 470100000.05.001.018973
3055-რს
05/07/2018
ვებგვერდი, 11/07/2018
470100000.05.001.018973
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 13

ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომ − სამინისტრო) და ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი (შემდგომ − მინისტრი).“.

2. 26-ე−29-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 26

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად სამინისტრო კოორდინაციასა და კონტროლს უწევს ორგანოების გადანერგვით დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას.

მუხლი 27

სამინისტრო:

ა) შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს;

ბ) შეიმუშავებს დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტული დოკუმენტის ფორმას;

გ) განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს;

დ) პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს; თუ საჭიროა, აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას;

ე) უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას;

ვ) აწესრიგებს საერთაშორისო თანამშრომლობას ორგანოთა გადანერგვის სფეროში; დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობს ადამიანის ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში;

ზ) თანამშრომლობს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან.

მუხლი 28

სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საბჭო, რომლის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.

მუხლი 29

სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მუშაობას ხელმძღვანელობს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი ან ქსოვილების ტიპირების გამოცდილების მქონე ბიოლოგი.“.

3. მე-40 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ადამიანის იმპორტირებული ორგანოების გამოყენებაზე საერთო ზედამხედველობას აწარმოებს სამინისტრო.“.

4. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 41

საქართველოდან ადამიანის ორგანოთა გატანა დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს ნებართვით, ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით.“.

 5. 45-ე და 46-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 45

ტრანსპლანტაციის ბანკში გაგზავნილი ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმებს, აგრეთვე დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ეს ინფექციები არ არის იდენტიფიცირებული, ადგენს სამინისტრო.

მუხლი 46

თუ ტრანსპლანტაციისათვის განსაზღვრული ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში ასახული სამედიცინო ინფორმაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოქმედ ნორმატიულ აქტებს, სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება ვალდებულია  ამის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გადასცეს სამინისტროს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ტრანსპლანტაციის ბანკისათვის ორგანოს დაბრუნების ან მისი განადგურების შესახებ.“.

6. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 48

ტრანსპლანტოლოგიის საინფორმაციო ცენტრი შიფრავს დონორის ვინაობას მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულებაში ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში მიეთითება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი. სამინისტრო სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას დონორის ვინაობის შესახებ აღნიშნავს მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. ორგანოს თანმხლები დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ყველა სამედიცინო მონაცემს დონორის შესახებ.“.

7. 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დადგენილი წესით ამას სპეციალურად მოითხოვს მინისტრი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

5 ივლისი 2018 წ.

N3055-რს