დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3393 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/06/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 14/07/2006 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.100.000.05.001.002.333 |
საქართველოს კანონი
„ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ადამიანის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ერთი ან ერთზე მეტი ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების (შემდგომში – ორგანოს) ნებაყოფლობით გაცემის, მათი აღების, შენახვის, განაწილებისა და სხვა ადამიანისათვის გადანერგვის მიზნით და ადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვას.“.
2. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სისხლისა და მისი კომპონენტების, ჩანასახისა და ნაყოფის ორგანოების, რეპროდუქციული ორგანოების (საკვერცხე, სათესლე ჯირკვალი, კვერცხუჯრედი, სპერმა), კბილის, თმის აღება და გამოყენება;“.
3. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) ღეროვანი უჯრედები – წინამორბედი, მოუმწიფებელი უჯრედების ჯგუფი, რომლებსაც აქვს თვითგანახლებისა და სპეციალიზებულ ქსოვილად დიფერენცირების უნარი.“.
4. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17
1. ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. მკურნალობის მიზნით პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ პოტენციური დონორის მშობიარობის შემდეგ.“.
5. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19
1. სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან იმ ორგანოს აღება, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.
2. მშობიარობის შემდეგ დასაშვებია პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სხვა ადამიანისათვის მკურნალობის მიზნით იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.“.
6. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი:
„12. 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.“.
მუხლი 2
1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის პირველი – მე-5 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი – მე-5 პუნქტები ამოქმედდეს 2006 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 23 ივნისი.
№3393–Iს
დოკუმენტის კომენტარები