დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 160 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 23/02/2000 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 8, 15/03/2000 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2025 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.100.000.05.001.000.730 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (20/03/2015 - 25/11/2015)
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ
ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ორგანოებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის ადამიანის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ერთი ან ერთზე მეტი ორგანოს, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილებისა და უჯრედების (შემდგომში – ორგანოს) ნებაყოფლობით გაცემის, მათი აღების, შენახვის, განაწილებისა და სხვა ადამიანისათვის გადანერგვის მიზნით და ადგენს ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვას.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214
ამ კანონით არ წესრიგდება:
ა) სისხლისა და მისი კომპონენტების, ჩანასახისა და ნაყოფის ორგანოების, რეპროდუქციული ორგანოების (საკვერცხე, სათესლე ჯირკვალი, კვერცხუჯრედი, სპერმა), კბილის, თმის აღება და გამოყენება;
ბ) ორგანოს აღება ავადმყოფობის დიაგნოზის დასადგენად ადამიანის სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ;
გ) სასამართლო მედიცინის შემთხვევები.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გენეტიკური ნათესავი – დონორის ან რეციპიენტის შვილი, დედა, მამა, შვილიშვილი, ბებია, პაპა, ძმა, და, ძმისწული, დისწული, დედის ძმა ან და, მამის ძმა ან და, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი;
ბ) დონორი – ცოცხალი ადამიანი ან გარდაცვლილი, რომლისგანაც იღებენ ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადასანერგად;
გ) ინფორმირებული თანხმობა – პაციენტის, ხოლო მისი მცირეწლოვანების შემთხვევაში – პაციენტის ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა გადანერგვასთან დაკავშირებული ამა თუ იმ სამედიცინო ჩარევის ჩატარებაზე ამ ჩარევის არსის, ჩვენებების, მოსალოდნელი ეფექტის, შესაძლო გვერდითი მოვლენების, აგრეთვე აღნიშნულ ჩარევასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის განმარტების შემდეგ;
დ) რეციპიენტი – ადამიანი, რომელსაც მკურნალობის მიზნით გადაენერგა სხვა ადამიანის ორგანო;
ე) ტიპირება – ქსოვილების იმუნოლოგიური მახასიათებლების განსაზღვრა;
ვ) ორგანოთა გადანერგვა, ტრანსპლანტაცია – ადამიანის ორგანოს სხვა ადამიანისათვის გადანერგვა სიცოცხლის გადარჩენის, განკურნების, დაავადების პროგრესირების შეფერხების ან ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
ზ) თავის ტვინის სიკვდილი – სპეციალური სამედიცინო საშუალებებით სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის შენარჩუნების ფონზე თავის ტვინისა და ზურგის ტვინის საწყისი სეგმენტების ფუნქციის შეუქცევადი შეწყვეტა;
თ) ჯვარედინი დონორობა – ერთი პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი დონორის რომელიმე ორგანოს აღება მეორე პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად და, შესაბამისად, მეორე პოტენციური რეციპიენტის პოტენციური ცოცხალი დონორის იმავე ორგანოს აღება პირველი პოტენციური რეციპიენტისათვის გადასანერგად. პოტენციური ცოცხალი დონორები არიან ამ კანონის მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირები;
ი) ღეროვანი უჯრედები – წინამორბედი, მოუმწიფებელი უჯრედების ჯგუფი, რომლებსაც აქვს თვითგანახლებისა და სპეციალიზებულ ქსოვილად დიფერენცირების უნარი.
საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2151 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.
თავი II. ორგანოს გაცემის ნებაყოფლობითობა
ქმედუნარიან პირს უფლება აქვს ნებაყოფლობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდეგ მისი ორგანოს აღებაზე.
თანხმობა ან უარი შეიძლება ეხებოდეს ერთ ან მეტ ორგანოს. გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ადასტურებს სამკურნალო დაწესებულების ხელმძღვანელი.
ორგანოს გაცემაზე გადაწყვეტილების დამადასტურებელი განცხადება უნდა გაიგზავნოს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრში, სადაც იქმნება პოტენციური დონორების სია („დონორების რეესტრი”).
ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებები, სამედიცინო პროფესიულ ასოციაციებთან ერთად შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, მოსახლეობას განუმარტავენ ორგანოს გაცემის, აღების, მისი სხვა ადამიანისათვის გადანერგვის შესაძლებლობასა და მნიშვნელობას.
თავი III. გარდაცვლილის ორგანოს აღება სიცოცხლეშივე განცხადებული თანხმობის ან უარის არარსებობისას
გადანერგვის მიზნით გარდაცვლილის ორგანოს აღება, როდესაც არ არსებობს სიცოცხლეში განცხადებული თანხმობის ან უარის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, შეიძლება, თუ:
ა) არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ორგანოს აღება არ ეწინააღმდეგება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას, მის ეთიკურ პრინციპებს;
ბ) ამ კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილ პირთაგან მოცემული რიგითობის მიხედვით უპირატესი უფლების მქონე პირი თანახმაა გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე.
1. გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე თანხმობის ან უარის განცხადების უფლება აქვთ შემდეგ ქმედუნარიან პირებს:
ა) მეუღლეს;
ბ) შვილს;
გ) მშობელს;
დ) შვილიშვილს,შვილიშვილის შვილს;
ე) ძმას, დას;
ვ) ძმისწულს, დისწულს;
ზ) ბებიასა, პაპას;
თ) ბიძას, დეიდას, მამიდას;
ი) ბიძაშვილს, დეიდაშვილს, მამიდაშვილს.
2. თანაბარი უფლების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, თუნდაც ერთის მიერ უარის განცხადების შემთხვევაში, გარდაცვლილის ორგანოს აღება დაუშვებელია.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებს ორგანოს აღების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რიგით წინამავალი პირი (პირები) ცოცხალი არ არის ან მისგან გადაწყვეტილების მიღება გადანერგვისთვის დასაშვები დროის განმავლობაში შეუძლებელია.
მე-9 მუხლში ჩამოთვლილ პირთაგან თანხმობის მიღების უფლება აქვს საავადმყოფოს სათანადო რწმუნების მქონე მედიცინის მუშაკს, რომელიც არ უნდა მონაწილეობდეს ორგანოს აღებასა და გამოყენებაში.
თუ მიღებული სამედიცინო სტანდარტებით გარდაცვლილი პაციენტი შესაფერისი კანდიდატია ორგანოს ასაღებად, მაგრამ მას სიცოცხლეშივე არა აქვს განცხადებული თანხმობა, ხოლო სიკვდილის შემდეგ ამ კანონის მე-9 მუხლში ჩამოთვლილ პირთაგან ვერავინ იქნა მოძიებული, გვამიდან ორგანოს აღება ამ კანონის მე-4 მუხლში დასახელებული მიზნით დაუშვებელია.
თავი IV. გარდაცვლილი დონორის ორგანოს აღება
ადამიანი გარდაცვლილად ჩაითვლება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დადგინდება თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა.
ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეიმუშავებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140
პაციენტის თავის ტვინის სიკვდილი მკურნალი ექიმის მონაწილეობით უნდა დაადასტუროს რეანიმატოლოგისა და ნევროპათოლოგისაგან შემდგარმა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა ცალ-ცალკე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების მიხედვით. ისინი არ უნდა მონაწილეობდნენ ორგანოს აღებაში ან გადანერგვაში და სამსახურებრივად არ უნდა ექვემდებარებოდნენ ორგანოთა გადანერგვის პროცესებში მონაწილე პირს.
ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის დასადგენად ჩატარებული გამოკვლევის თარიღი, დრო, მონაცემები და მათ საფუძველზე გამოტანილი დასკვნა უნდა გაფორმდეს წერილობით და დადასტურდეს გამომკვლევი ექიმების ხელმოწერით. გარდაცვლილის ახლობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ გაეცნონ დასკვნას.
გარდაცვლილის ახლობლებს ან კანონიერ წარმომადგენელს უფლება აქვთ დაესწრონ ორგანოს აღებას, ხოლო ასეთი სურვილის არარსებობისას - მიიღონ ინფორმაცია ჩატარებული პროცედურის შესახებ საავადმყოფოს სათანადო რწმუნების მქონე თანამშრომლისაგან ან იმ ექიმისაგან, რომელმაც აიღო ორგანო.
თავი V. ცოცხალი დონორის ორგანოს აღება
1. ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ სიცოცხლის შენარჩუნების, მძიმე ავადმყოფობისაგან განკურნების, დაავადების პროგრესირების შეჩერების ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.
2. მკურნალობის მიზნით პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია მხოლოდ პოტენციური დონორის მშობიარობის შემდეგ.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214
გადანერგვის მიზნით ცოცხალი დონორისაგან ორგანოს აღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
ა) დონორი ქმედუნარიანია, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლში გათვალისწინებული შემთხვევისა;
ბ) ცოცხალი დონორი შეიძლება იყოს:
ბ.ა) რეციპიენტის გენეტიკური ნათესავი;
ბ.ბ) რეციპიენტის მეუღლე, თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 1 წელი;
ბ.გ) რეციპიენტის მეუღლის შვილი, დედა (დედამთილი/სიდედრი), მამა (მამამთილი/სიმამრი), შვილიშვილი, ბებია, პაპა, და (მული/ცოლისდა), ძმა (მაზლი/ცოლისძმა), შვილის მეუღლე (რძალი/სიძე), შვილიშვილის მეუღლე (რძალი/სიძე), დის მეუღლე (სიძე), ძმის მეუღლე (რძალი), თუ ქორწინების რეგისტრაციიდან გასულია არანაკლებ 2 წელი.
შენიშვნა: ამ მუხლის „ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა ყველა პოტენციურმა ცოცხალმა დონორმა, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გადაინერგოს იმ ნათესაური კავშირის მქონე ადამიანის ორგანო, რომლის მიმართაც მას აქვს დონორობის უფლება;
ბ1) დონორისგან ორგანოს აღება ხდება ჯვარედინი დონორობის პრინციპით, რაზედაც არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს თანხმობა, გარდა ამ კანონის მე-20 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
გ) დონორს ორგანოს გაცემაზე განცხადებული აქვს ინფორმირებული თანხმობა;
დ) მედიცინის განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი გამოკვლევებით დადგენილია, რომ ოპერაციის მეყსეული ან შორეული, უშუალო ან გაშუალებული შედეგები არ წარმოადგენს დონორის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან რისკს და არ გამოიწვევს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას;
ე) სათანადო გამოკვლევით დადგენილია, რომ დონორი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია გადანერგვის მიზნით ცოცხალი ადამიანისაგან ორგანოს ასაღებად;
ვ) ორგანოს ასაღებად გამიზნული ოპერაცია ტარდება სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმის მიერ და შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულებაში;
ზ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში არსებობს ტრანსპლანტაციის საბჭოს აუცილებელი თანხმობა.
საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140
საქართველოს 2010 წლის 18 ივნისის კანონი №3112 - სსმ I, №31, 05.07.2010 წ., მუხ.195
საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2151 - ვებგვერდი, 04.04.2014წ.
1. სხვა ადამიანისათვის გადასანერგად ცოცხალი დონორისაგან იმ ორგანოს აღება, რომელსაც აქვს თვითგანახლების უნარი, დასაშვებია იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.
2. მშობიარობის შემდეგ დასაშვებია პლაცენტისა და ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვა სხვა ადამიანისათვის მკურნალობის მიზნით იმ შემთხვევაშიც, როდესაც დონორი არ არის გენეტიკური ნათესავი ან მეუღლე.
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214
არასრულწლოვანის (გარდა მცირეწლოვანისა) ძვლის ტვინის აღება სხვა ადამიანისათვის გადასანერგად დასაშვებია, თუ:
ა) ძვლის ტვინის აღება არ იმოქმედებს დონორის ჯანმრთელობაზე, რასაც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად დაადასტურებს სათანადო ლიცენზიის მქონე ორი ექიმი;
ბ) ძვლის ტვინის გადანერგვა განკუთვნილია პირველი ან მეორე რიგის ნათესავისათვის, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისათვის საშიშია და არ არსებობს მკურნალობის სხვა საშუალება;
გ) არასრულწლოვანის განწყობა იძლევა სამედიცინო ჩარევის შესაძლებლობას;
დ) მიღებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ დადასტურებული მშობლების (მშობლის) ან მშობლების ზრუნვას მოკლებული არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლის ინფორმირებული თანხმობა.
პოტენციური ცოცხალი დონორისაგან ინფორმირებული თანხმობის მისაღებად მას უნდა განემარტოს:
ა) ორგანოს აღებისათვის საჭირო ოპერაციული ჩარევის სახე, მოცულობა, რისკი, რომელიც მის სიცოცხლეს ემუქრება, დონორის ჯანმრთელობაზე ოპერაციული ჩარევის მეყსეული და შორეული, უშუალო და გაშუალებული შედეგების უარყოფითი ზეგავლენის შესაძლებლობა;
ბ) ცოცხალი დონორისაგან აღებული ორგანოს გადანერგვის მოსალოდნელი შედეგის –წარმატების თუ წარუმატებლობის ყველა შესაძლებლობა;
გ) ყველა შესაძლო გარემოება, რამაც შეიძლება იმოქმედოს დონორის გადაწყვეტილებაზე.
ამ კანონის 21-ე მუხლში მოცემული განმარტებები პოტენციურ ცოცხალ დონორს უნდა მისცეს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმმა სხვა ექიმის თანდასწრებით, რომელიც არ მონაწილეობს ორგანოების აღებასა და გადანერგვაში და, ამავე დროს, სამსახურებრივად არ ექვემდებარება ორგანოთა გადანერგვაში მონაწილე ექიმს. დონორისათვის მიცემული განმარტებები და მისი ინფორმირებული თანხმობა უნდა გაფორმდეს კანონით დადგენილი წესით. დონორს უფლება აქვს შეცვალოს გადაწყვეტილება.
თავი VI. ორგანოს გადანერგვის ან მკურნალობის მიზნით მისი გამოყენების ორგანიზაცია
1. საავადმყოფოები ვალდებულნი არიან შეატყობინონ სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას იმ პაციენტების შესახებ, რომელთაც აღენიშნებათ თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტა და რომელნიც სამედიცინო კრიტერიუმების მიხედვით შეიძლება ჩაითვალონ პოტენციურ დონორებად.
ტრანსპლანტაციის მიზნით იმ ორგანოს აღება, რომლის გადანერგვისშემდგომი ფუნქციონირების ხარისხი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მისი შენახვის ხანგრძლივობაზე, უნდა მოხდეს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრთან შეთანხმებით.
სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობა წესრიგდება მათ შორის დადებული ხელშეკრულებებით.
თავი VII. ორგანოთა გადანერგვის პროცესების მართვა
საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო კოორდინაციას და კონტროლს უწევს ორგანოების გადანერგვით დასაქმებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობას.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო:
ა) შეიმუშავებს ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტებს;
ბ) შეიმუშავებს დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმებს, განსაზღვრავს ამ კანონის მე-5 მუხლში მითითებული სტანდარტული დოკუმენტის ფორმას;
გ) განსაზღვრავს ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტებს, აწარმოებს ორგანოების აღების, ტრანსპორტირებისა და შენახვის წესების დაცვის, ორგანოების ვარგისობის და ჰისტოშეთავსების დადგენის კონტროლს;
დ) პერიოდულად ამოწმებს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებების, ტრანსპლანტაციის ბანკების საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ტრანსპლანტაციის სფეროში მათ მიერ განხორციელებული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს, თუ საჭიროა აჩერებს ლიცენზიის მოქმედებას ან აუქმებს მას;
ე) უზრუნველყოფს დონორებისა და რეციპიენტების შესახებ ინფორმაციის გაცვლას სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებსა და ტრანსპლანტაციის ბანკებს შორის, აგრეთვე ზემოაღნიშნული დაწესებულებებისათვის საავადმყოფოებიდან ინფორმაციის მიწოდებას;
ვ) აწესრიგებს საერთაშორისო თანამშრომლობას ორგანოთა გადანერგვის სფეროში. დაინტერესებულ უწყებებთან ერთად მონაწილეობს ადამიანის ორგანოთა ექპორტ-იმპორტის ნორმატივების შემუშავებაში;
ზ) თანამშრომლობს ორგანოთა გადანერგვის საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ გაერთიანებებთან.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საბჭო, რომლის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში იქმნება ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, რომლის მუშაობას ხელმძღვანელობს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი ან ქსოვილების ტიპირების გამოცდილების მქონე ბიოლოგი.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრის ყოველი გადაწყვეტილება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებისათვის ორგანოს გადაცემის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობებათ დაინტერესებულ სამედიცინო დაწესებულებებს. გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით, ყველა იმ მონაცემის აღნიშვნით, რომელთა საფუძველზედაც მიღებულია გადაწყვეტილება. ამ დოკუმენტის ასლი გადაეცემა სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას და, შესაბამისად, ტრანსპლანტაციის ბანკს.
თავი VIII. სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებები
სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებაა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის სამედიცინო დაწესებულება, რომელსაც აქვს ორგანოს აღებისა და გადანერგვის ანდა ამ პროცესების ორგანიზაციულ-ტექნიკური საინფორმაციო უზრუნველყოფის უფლების ლიცენზია.
სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებებია: ტრანსპლანტოლოგიური საავადმყოფო ან მისი სათანადო ლიცენზიის მქონე განყოფილება, ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრი, ტრანსპლანტაციის ბანკი, ტრანსპლანტოლოგიის ლაბორატორია.
სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება:
ა) შესაბამისი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებას;
ბ) დადგენილი წესით მონაწილეობს პოტენციური დონორებისა და პოტენციური რეციპიენტების რეგისტრაციაში, აგრეთვე ორგანოთა გაცემაზე უარის განმცხადებელი პირების სიის წარმოებაში;
გ) უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას პოტენციური რეციპიენტის მეთვალყურე სამედიცინო დაწესებულებასთან ან მკურნალ ექიმთან და ორგანოთა გადანერგვის მართვის დაწესებულებებთან;
დ) დადგენილი წესით აწარმოებს სამედიცინო დოკუმენტებს, რომლებშიც აუცილებლად ფიქსირდება გადანერგილი ორგანოს საიდენტიფიკაციო ნომერი (შიფრი);
ე) უზრუნველყოფს 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის დაცვას.
ტრანსპლანტაციის ბანკი ახორციელებს გარდაცვლილი ან/და ცოცხალი დონორების ტესტირებას, შერჩევას, მხოლოდ ლიცენზიით განსაზღვრული ორგანოს აღებას, ტიპირებას, ტრანსპორტირებას, დამუშავებას და შენახვას ტრანსპლანტაციისათვის გამოყენების მიზნით.
ტრანსპლანტაციის ბანკი შეიძლება იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის დამოუკიდებელი სამედიცინო დაწესებულება ან სამედიცინო დაწესებულების შემადგენელი ნაწილი.
ტრანსპლანტაციის ბანკს ხელმძღვანელობს სათანადო ლიცენზიის მქონე ექიმი ან ბიოლოგი.
ტრანსპლანტაციის ბანკში შენახული ორგანოს გადანერგვისათვის უვარგისად ცნობის შემთხვევაში მას უფლება აქვს გასცეს ის სამეცნიერო და სასწავლო მიზნებისათვის. შეტყობინება ამის შესახებ უნდა გაეგზავნოს ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრს.
ტრანსპლანტაციის ბანკის მიერ დონორის ტესტირების, ორგანოს აღების, ტიპირების, ტრანსპორტირების, დამუშავების, შენახვის ამსახველი მონაცემები დეტალურად ფიქსირდება დოკუმენტებში, რომლებიც იქვე ინახება.
თავი IX. საერთაშორისო თანამშრომლობა ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში
საქართველო მონაწილეობს ორგანოთა გადანერგვის საერთაშორისო პრაქტიკაში.
1. საქართველოში დასაშვებია მხოლოდ იმ ორგანოს შემოტანა, რომლის აღება, დამუშავება და ვარგისობის დადასტურება მოხდა შესაბამისი ქვეყნის კანონების მოთხოვნათა დაცვით, რაც უნდა აისახოს თანმხლებ დოკუმენტებში.
2. საქართველოში ორგანოს შემოტანის უფლება აქვს სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებას.
3. საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის ორგანოთა შემოტანა დაუბრკოლებლად ხდება სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულების სპეციალური განაცხადის და ორგანოს თანმხლები დოკუმენტების საფუძველზე.
4. საერთო ზედამხედველობას ადამიანის იმპორტირებული ორგანოების გამოყენებაზე აწარმოებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოდან ადამიანის ორგანოთა გატანა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნებართვით, ტრანსპლანტაციის ბანკის მეშვეობით.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
თავი X. ტრანსპლანტაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა
დონორის ტესტირება, შერჩევა, გადასანერგად განსაზღვრული ორგანოს ტიპირება ტარდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და სათანადო ლიცენზიის მქონე ლაბორატორიაში.
სპეციალიზებული ტრანსპლანტოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის შემოწმება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ამ კანონის 43-ე მუხლში მითითებულ ლაბორატორიაში ჩატარებული გამოკვლევების დეტალური შედეგები, გამომკვლევი პირის ვინაობა და გამოკვლევის თარიღი დადგენილი წესით უნდა დაფიქსირდეს წერილობით. დოკუმენტი უნდა გაიგზავნოს ტრანსპლანტაციის ბანკში და ტრანსპლანტაციის საინფორმაციო ცენტრში.
ტრანსპლანტაციის ბანკში გაგზავნილი ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმებს, აგრეთვე დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს იმ შემთხვევებისათვის, როდესაც ეს ინფექციები არ არის იდენტიფიცირებული, ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
თუ ტრანსპლანტაციისათვის განსაზღვრული ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში ასახული სამედიცინო ინფორმაცია არასრულია ან არ შეესაბამება მოქმედ ნორმატიულ აქტებს, სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულება ვალდებულია ინფორმაცია ამის შესახებ დაუყოვნებლივ გადასცეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას ტრანსპლანტაციის ბანკისათვის ორგანოს დაბრუნების ან მისი განადგურების შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი ან დადგენილია, რომ ორგანო წარმოადგენს საშიში ინფექციის გავრცელების წყაროს, ის ნადგურდება დადგენილი წესით.
თავი XI. ინფორმაციის გაცვლა და შენახვა
ტრანსპლანტოლოგიის საინფორმაციო ცენტრი შიფრავს დონორის ვინაობას მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. როგორც წესი, სამედიცინო დაწესებულებაში ორგანოს თანმხლებ დოკუმენტებში მიეთითება მხოლოდ საიდენტიფიკაციო ნომერი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო სათანადო ლიცენზიის მქონე დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას დონორის ვინაობის შესახებ აღნიშნავს მხოლოდ მისთვის ცნობილი საიდენტიფიკაციო ნომრით. ორგანოს თანმხლები დოკუმენტები უნდა შეიცავდეს ყველა სამედიცინო მონაცემს დონორის შესახებ.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
დონორის ვინაობის გამჟღავნების უფლება აქვს მხოლოდ ტრანსპლანტაციის საბჭოს იმ შემთხვევაში, თუ:
ა) გადასანერგად განსაზღვრული ორგანოს გამოყენება საფრთხეს უქმნის რეციპიენტის ან სხვა ადამიანის ჯანმრთელობას;
ბ) სასამართლო დადგენილების საფუძველზე ამას მოითხოვენ სამართალდამცავი ორგანოები;
გ) დადგენილი წესით ამას სპეციალურად მოითხოვს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
ორგანოების აღებაში, ტრანსპორტირებაში, შენახვაში, განაწილებაში, აგრეთვე, ტრანსპლანტაციასა და მკურნალობაში დასაქმებული პერსონალი ვალდებულია არ გაამჟღავნოს დონორის ან/და პოტენციური დონორის ვინაობა და მათი სამედიცინო მონაცემები, გარდა ამ კანონის 49-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
თავის ტვინის ფუნქციის სრული, შეუქცევადი შეწყვეტის დამადასტურებელი წერილობითი დასკვნების, ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს ასაღებად საჭირო, ამ კანონის მე-14–15 მუხლებით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და ცოცხალი ან გარდაცვლილი დონორისაგან ორგანოს აღების, ტესტირების და შენახვის ამსახველი დოკუმენტაციის შენახვის ვადაა 20 წელი. დოკუმენტაცია დადგენილი წესით უნდა განადგურდეს ამ ვადის გასვლის შემდეგ არა უგვიანეს ერთი წლისა.
თავი XII. ორგანოებით ვაჭრობის აკრძალვა
აკრძალულია ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა.
ორგანოს გადასანერგად საჭირო ღონისძიებების განხორციელების, სახელდობრ, მისი ტესტირების, აღების, კონსერვაციის, ტრანსპორტირების, შენახვის, გამოსაყენებლად მომზადების, რეციპიენტებისა და სხვა პირების ინფექციისაგან დაცვის ღირებულება ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკრძალულია ორგანოს გადანერგვა, თუ ექიმისათვის ცნობილია, რომ მისი აღება განხორციელდა ამ კანონით დადგენილი წესების დარღვევით.
1. აკრძალულია ორგანოს გაცემაზე თანხმობის მისაღებად რაიმე სახის ზემოქმედება.
2. ამ კანონით გათვალისწინებული ორგანოების, ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების აღებისა და გამოყენების წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით.
აკრძალულია, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, პოტენციური დონორისა და დონორის ვინაობის გამჟღავნება იმ პირებისათვის, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ ორგანოს აღებაში.
თავი XIV. დასკვნითი და გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2000 წლის 1 ივნისამდე მიღებულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
ა) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ბ) (ამოღებულია - 20.09.2013, №1242);
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებები:
გ.ა) „ორგანოთა მოძიების, აღების, შენახვისა და გადანერგვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
გ.ბ) „დონორებისა და რეციპიენტების შერჩევისა და ტესტირების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“;
გ.გ) „ორგანოების ხარისხის კონტროლის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“;
გ.დ) ტრანსპლანტაციის საბჭოს, ტრანსპლანტაციის ბანკის, საინფორმაციო ცენტრის დებულებების დამტკიცების შესახებ;
გ.ე) „ორგანოს კარანტინში მოთავსების აუცილებლობისა და ხანგრძლივობის კრიტერიუმების, დონორთა შორის საშიში ინფექციების რისკის ჯგუფის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ";
გ.ვ) „ორგანოთა განადგურების წესის შესახებ“;
დ) საქართველოს ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის და იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოთა გადანერგვის თაობაზე გადაწყვეტილების გაფორმების წესის შესახებ“.
11. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა არა უგვიანეს 2003 წლის 1 მარტისა მიიღოს ბრძანება „ჯვარედინი დონორობის პრინციპით ორგანოების აღებისა და გადანერგვის წესის შესახებ“.
12. 2006 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ადამიანის ორგანოთა გადანერგვის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
2. ეს კანონი ამოქმედდეს 2000 წლის 1 ივნისიდან.
საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000 წ., მუხ.88
საქართველოს 2002 წლის 21 ნოემბრის კანონი №1757 - სსმ I, №31, 10.12.2002 წ., მუხ.140
საქართველოს 2006 წლის 23 ივნისის კანონი №3393 - სსმ I, №26, 14.07.2006 წ., მუხ.214
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2000 წლის 23 თებერვალი.
№160–IIს
დოკუმენტის კომენტარები