აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

  • Word
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 625
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/04/1997
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 17-18, 09/05/1997
ძალის დაკარგვის თარიღი 13/02/2004
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.000.000000
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
625
15/04/1997
პარლამენტის უწყებანი, 17-18, 09/05/1997
000000000.00.000.000000
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (13/07/2000 - 14/03/2001)

საქართველოს კანონი

აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ

ეს კანონი განსაზღვრავს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა სისტემას, მათი ფორმირების წესს, ხელისუფლებითი და ორგანიზაციული საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს.

მისი მიზანია ქვეყნის დემოკრატიზაციის, ეკონომიკური რეფორმების პერიოდში სახელმწიფო მმართველობის განხორციელებისას კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ეკონომიკურ ურთიერთობათა მონაწილეების დამოუკიდებლობის დაცვა.

კარი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. აღმასრულებელი ხელისუფლება

1. აღმასრულებელი ხელისუფლება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების საფუძველზე.

2. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებენ საქართველოს პრეზიდენტი და აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები.

    მუხლი 2. საქართველოს პრეზიდენტი

1. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურია საქართველოს პრეზიდენტი.

2. საქართველოს პრეზიდენტი აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს უშუალოდ ან აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მეშვეობით.

3. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები, რომლებიც ხელს უწყობენ მას აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში.

4. საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით და სხვა კანონებით.

    მუხლი 3. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები

1. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებია:

ა) სამთავრობო დაწესებულებები;

ბ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები.

    მუხლი 4. სამთავრობო დაწესებულების ცნება და სახეები

1. სამთავრობოა დაწესებულება, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს, როგორც კანონით ან კანონის საფუძველზე დაკისრებულ ძირითად ამოცანას.

2. სამთავრობო დაწესებულებებია: სამინისტროები, სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო დეპარტამენტები, სახელმწიფო ინსპექციები.

    მუხლი 5. სამთავრობო დაწესებულების შექმნა, გარდაქმნა და საქმიანობის შეწყვეტა

სამინისტრო, სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო ინსპექცია იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კანონით.

    მუხლი 6. სამთავრობო დაწესებულების სტატუსი

1. სამთავრობო დაწესებულება ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის წინაშე, რომელიც წარმართავს, კოორდინაციას უწევს სამთავრობო დაწესებულების საქმიანობას და ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

2. სამთავრობო დაწესებულებას აქვს დებულება, დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ხარჯთაღრიცხვა და ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

3. სამთავრობო დაწესებულება იყენებს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მათ მიზნობრივ გამოყენებაზე.

4. სამთავრობო დაწესებულება ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება კანონით დადგენილი წესითა და კანონის საფუძველზე. სამთავრობო დაწესებულების თანამდებობის პირს უფლება არა აქვს იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.

5. სამთავრობო დაწესებულების კომპეტენცია დადგენილია კანონით ან კანონის საფუძველზე. სამთავრობო დაწესებულებას უფლება არა აქვს გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, რომლებიც მის კომპეტენციას განეკუთვნება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

6. სამთავრობო დაწესებულება გამოსცემს აქტებს, ასრულებს მოქმედებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების ან განკარგულებების საფუძველზე და მათ შესასრულებლად.

    მუხლი 7. სამთავრობო დაწესებულების დებულება

1. სამთავრობო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით.

2. სამთავრობო დაწესებულების დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) დაწესებულების სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) დაწესებულების საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;

გ) დაწესებულების ხელმძღვანელობის ორგანიზაციას, ხელმძღვანელთა უფლებებსა და მოვალეობებს;

დ) დაწესებულების სტრუქტურას, ტერიტორიულ ორგანოებს, სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;

ე) სხვა არსებით საკითხებს დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციის შესახებ.

    მუხლი 8. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები

1. საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებათა გამგებლობაში შეიძლება იყოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები, რომელთა ძირითად ამოცანას არ შეადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელება. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები აღმასრულებელ ხელისუფლებას შეიძლება ახორციელებდნენ კანონის საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო დაწესებულებები ასრულებენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს სოციალურ, კულტურულ ან სხვა სფეროებში, ან ეწევიან სამსახურს სამთავრობო დაწესებულებებისათვის.

3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრული წესით სამთავრობო დაწესებულებების მიერ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

4. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, რომლის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს, თანამდებობიდან ათავისუფლებს და რომლის დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სხვა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები შედიან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადგენილ მმართველობის სფეროში.

5. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას ამტკიცებს შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტი ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულებების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი სპეციალურ რეესტრში.

    მუხლი 9. სახელმწიფოს წარმომადგენლობითობა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ

1. სამთავრობო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება უფლებამოსილია გასწიოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა იმ მოვალეობათა შესრულებისას, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით.

2. თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის, ვინ ჩაითვლება სახელმწიფოს წარმომადგენლად ამა თუ იმ სამართლებრივ ურთიერთობაში, სახელმწიფოს წარმომადგენელს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სახელმწიფო დაწესებულების წარმომადგენელი ამ დაწესებულების დებულების შესაბამისად არის დაწესებულების ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

    მუხლი 10. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები

1. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა სისტემაში.

2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციების, საქართველოს სამართლებრივი აქტების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტების საფუძველზე.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით, საქართველოს სამართლებრივი აქტებით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

    მუხლი 11. სამთავრობო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო

1. სამთავრობო დაწესებულების ტერიტორიული ორგანო იქმნება, გარდაიქმნება და საქმიანობას წყვეტს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, თუ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. სამთავრობო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს და მის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი ამ კანონით განსაზღვრული წესით.

3. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებისა და მათი მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და კანონებით, თუ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კარი II

მთავრობა

    მუხლი 12. მთავრობის სტატუსი

მთავრობა არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო მინისტრი და მინისტრები. მთავრობის შემადგენლობის ფორმირების, მისი უფლებამოსილების მოხსნის, მთავრობის წევრების მინისტრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით და ამ კანონით.

 

 

კარი III

სამინისტრო

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 13. სამინისტრო

1. საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად სამინისტრო იქმნება კანონის საფუძველზე სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ცხოვრების განსაზღვრულ სფეროში სახელმწიფო მმართველობის უზრუნველსაყოფად.

2. საქართველოს სამინისტროებია:

ა) განათლების;

ბ) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის;

გ) ეკონომიკის,მრეწველობისა და ვაჭრობის;

დ) (ამოღებულია);

ე) თავდაცვის;

ვ) იუსტიციის;

ზ) (ამოღებულია);

თ) კულტურის;

ი) ლტოლვილთა და განსახლების;

კ) (ამოღებულია);

ლ) საგარეო საქმეთა;

მ) სათბობ-ენერგეტიკის;

ნ) სახელმწიფო უშიშროების;

ო) სახელმწიფო ქონების მართვის;

პ) სოფლის მეურნეობისა და სურსათის;

ჟ) (ამოღებულია);

1) საგადასახადო შემოსავლების;

რ) ტრანსპორტისა და კომუნიკაციების;

ს) ურბანიზაციისა და მშენებლობის;

ტ) ფინანსთა;

უ) შინაგან საქმეთა;

ფ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI,47(54),09.12.1999წ.,მუხ.240

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,17,12.05.2000წ.,მუხ.41

საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI,28,24.07.2000წ.,მუხ.88

    მუხლი 14. სამინისტროს სტატუსი და სტრუქტურა

1. სამინისტრო არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ასრულებს კანონიდან გამომდინარე ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

2. სამინისტრო იყოფა სტრუქტურულ ქვედანაყოფებად სამინისტროს შესახებ დებულების შესაბამისად.

3. მინისტრს შეუძლია თავისი მმართველობის სფეროში შექმნას კომისიები და საბჭოები სათათბირო უფლებებით და განსაზღვროს მათი მოვალეობანი და საქმიანობის წესი.

    მუხლი 15. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია

1. სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს, როგორც წესი, არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებანი იმ პირების მიმართ, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები სამინისტროში.

2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.

3. სამინისტროს სისტემაში არსებული იმ დეპარტამენტის, ინსპექციის, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს, სხვა სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას და კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში – სახელმწიფოებრივ იძულებას, განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონის, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს ამ კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებული წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1621-სსმI,№2,26.10.1998წ.,მუხ.21

საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1723-სსმI,№7,31.12.1998წ.,მუხ.53

 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,24,30.06.2000წ.,მუხ.66

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №424-სსმI,27,17.07.2000წ.,მუხ.78

 

თავი II

მინისტრი

    მუხლი 16. მინისტრის, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელის კომპეტენცია

1. მინისტრი, როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი:

ა) მეთაურობს სამინისტროს და აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებაზე იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე, თუ მათზე გადაწყვეტილების მიღება კანონით ან საქართველოს პრეზიდენტის აქტით არ ევალებათ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს ან თანამდებობის პირებს;

დ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სამინისტროს საჯარო მოსამსახურეების გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე ამ კანონით დადგენილი წესით;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის მრჩევლებს, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსებს, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების უფროსებს და მათ მოადგილეებს საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით, გარდა საბაჟო და საგადასახადო ორგანოების ხელმძღვანელებისა და საქართველოს კონსტიტუციით და კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამინისტროს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ სხვა საჯარო მოსამსახურეებს;

ვ) კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელებს;

ზ) შეაქვს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხს აგებს ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

თ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული სახელმწიფო დაწესებულებების სტრუქტურას, საქმის წარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

კ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები გადაწყვეტილებების მისაღებად იმ საკითხებზე, რომლებიც სამინისტროს გამგებლობის სფეროს ეკუთვნება;

ლ) ანგარიშს აბარებს საქართველოს პრეზიდენტს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

მ) ასრულებს მისთვის საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

2. თუ სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებული საკითხი ეხება აგრეთვე სხვა სამინისტროს ან სამთავრობო დაწესებულების გამგებლობის სფეროს, მინისტრი გადაწყვეტილებას ათანხმებს შესაბამის მინისტრთან ან სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელთან. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მთავრობის სხდომაზე და გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები საქართველოს პარლამენტს ან საქართველოს პრეზიდენტს მიმართავენ მინისტრის მეშვეობით.

4. მინისტრი პასუხს აგებს სახელმწიფო ქონების დაცვასა და გამოყენებაზე და ორგანიზაციას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,24,30.06.2000წ.,მუხ.66

    მუხლი 17. მინისტრის სამართლებრივი აქტები

1. საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად მინისტრი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ბრძანებებს.

2. მინისტრი, რომელიც ხელს აწერს ბრძანებას, პასუხისმგებელია ბრძანების კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის.

3. მინისტრის ბრძანება უფლებააღმჭურველი ან ამკრძალავი აქტია. მასში უნდა იყოს მითითებული ის საკანონმდებლო ნორმა, რომლის საფუძველზე და შესასრულებლად გამოიცემა ბრძანება.

4. მინისტრის და სხვა სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელის ნორმატიული აქტის პროექტი გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს, რომელიც ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას მისი საქართველოს საკანონმდებლო აქტებთან და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებთან შესაბამისობის შესახებ. ნორმატიული აქტი მინისტრის ხელმოწერიდან ათი დღის ვადაში გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო რეესტრში შესატანად.

5. მინისტრის ბრძანებას უნდა ჰქონდეს სათაური, მითითებული უნდა იყოს მიღების თარიღი და ადგილი, ძალაში შესვლის თარიღი და მოქმედების ვადა (თუ განსაზღვრული ვადითაა მიღებული), თანამდებობის პირის ხელმოწერა, სარეგისტრაციო ნომერი, ხოლო თუ აქტი სახელმწიფო რეესტრში შეტანას მოითხოვს – აგრეთვე სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი.

6. მინისტრის სამართლებრივი აქტი, თუ ის ნორმატიულია, ძალაში შედის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გამოქვეყნებისთანავე, თუ იმავე სამართლებრივი აქტით სხვა ვადა არ არის დადგენილი. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღეს და დაუყოვნებლივ ეცნობება დაინტერესებულ პირთ.

7. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელთა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-2, მე-3, მე-5, მე-6 პუნქტების მოთხოვნებს.

    მუხლი 18. მინისტრის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. მინისტრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მისი გადადგომისას;

ბ) მისი გარდაცვალებისას;

გ) თუ თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს პრეზიდენტის აქტის საფუძველზე;

დ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ე) თუ მთავრობის შემადგენლობამ მოიხსნა უფლებამოსილება;

ვ) საქართველოს კონსტიტუციის 64-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით.

2. მინისტრი გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს. მინისტრს შეუძლია გადადგეს, თუ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებისადმი პრინციპული უთანხმოება, საჯარო სამსახურში ყოფნის მიზანშეუწონლობა მრწამსის გამო, კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების შესრულების იძულება, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი მატერიალური თუ მორალური ზიანი გამოიწვიოს, აგრეთვე ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობისას, რომელიც ხელს უშლის თანამდებობრივ უფლებამოსილებათა აღსრულებას.

3. გადადგომაზე ან გადადგომაზე მოტივირებული უარის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი. გადაწყვეტილება გადადგომაზე თანხმობის ან უარის შესახებ მიიღება ერთი თვის ვადაში. გადადგომაზე მოტივირებული უარის შემთხვევაში მინისტრი ვალდებულია გააგრძელოს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება. ამავე დროს ის ინარჩუნებს უფლებას, გათავისუფლდეს სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. მინისტრის გადადგომა იწვევს ამ კანონით და საჯარო სამსახურის კანონით გათვალისწინებულ შედეგებს.

თავი III

მინისტრის პირველი მოადგილე და მოადგილეები

    მუხლი 19. სამინისტროს ხელმძღვანელობა

1. მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილეები. მათი რაოდენობა განისაზღვრება სამინისტროს დებულებით, ხოლო უფლებამოსილებანი – მინისტრის ბრძანებით, თუ კანონით და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

2. მთავრობის შემადგენლობის მიერ უფლებამოსილებათა მოხსნა ან სხვა საფუძველზე მინისტრის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა მინისტრის პირველი მოადგილის და მოადგილეების უფლებამოსილებათა შეწყვეტის საფუძველია.

3. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს უფლება არა აქვთ შედიოდნენ სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელ, საკონტროლო ან სარევიზიო ორგანოებში, ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას.

    მუხლი 20. მინისტრის პირველი მოადგილის კომპეტენცია

1. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობას, რომლებიც მინისტრის ბრძანებით მის დაქვემდებარებაშია გადაცემული.

2. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობებს მინისტრის არყოფნისას.

    მუხლი 21. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება

1. მინისტრის პირველ მოადგილეს და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე მინისტრის დავალებით ახორციელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას.

თავი IV

სამინისტროს მმართველობის სფერო

    მუხლი 22. სამინისტროს მმართველობის სფეროს განსაზღვრა

1. სამინისტროს მმართველობის სფერო განისაზღვრება სამინისტროს დებულებით.

2. თუ საკითხი, რომელიც კანონით გადაცემული აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების გამგებლობას, არ შედის არც ერთი სამინისტროს ან სხვა სამთავრობო დაწესებულების გამგებლობაში, მასზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

3. თუ საკითხი შედის რამდენიმე სამინისტროს გამგებლობაში და განსაზღვრული არ არის მასზე გადაწყვეტილების მიმღები სამინისტრო ან სხვა სამთავრობო დაწესებულება, გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

4. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების გადაცემას სამინისტროს მმართველობის სფეროში წყვეტს საქართველოს პრეზიდენტი, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

თავი V

სახელმწიფო დეპარტამენტი და სახელმწიფო ინსპექცია

    მუხლი 23. სახელმწიფო დეპარტამენტი

1. სახელმწიფო დეპარტამენტი არის კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს მმართველობით ფუნქციებს, სახელმწიფო ზედამხედველობას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და მის შესაბამისად იყენებს სახელმწიფოებრივ იძულებას.

2. სახელმწიფო დეპარტამენტს მეთაურობს სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.

3. სახელმწიფო დეპარტამენტებია:

ა)ახალგაზრდობის საქმეთა;

ბ) გეოლოგიის;

გ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის;

დ) დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და სამონადირეო მეურნეობის;

ე) ვეტერანთა საქმეების;

ვ) დაზვერვის;

ზ) ინფორმატიზაციის;

თ) მატერიალური რეზერვების;

ი) მიწის მართვის;

კ) საავტომობილო გზების;

    ლ) საარქივო;

) (ამოღებულია);

) (ამოღებულია);

ო) სატყეო მეურნეობის;

პ) სახელმწიფო საზღვრის დაცვის;

ჟ) სტატისტიკის;

რ) სპორტის;

ს) სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის;

ტ) ტურიზმისა და კურორტების;

უ) ჰიდრომეტეოროლოგიის.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დეპარტამენტების თავმჯდომარეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე.

5. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განეკუთვნება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამთავრობო დაწესებულებათა კატეგორიას.

საქართველოს 1997 წლის 19 სექტემბრის კანონი №878-პარლამენტის უწყებანი,№41,08.10.1997წ.,გვ.9

საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1621-სსმI,№2,26.10.1998წ.,მუხ.21

საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1744-სსმI,№2(9),22.01.1999წ.,მუხ.12

საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI,47(54),09.12.1999წ.,მუხ.240

საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №464-სსმI,27,17.07.2000წ.,მუხ.85

    მუხლი 24. სახელმწიფო ინსპექცია

1. სახელმწიფო ინსპექცია არის კანონით განსაზღვრული, აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება და სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.

2. სახელმწიფო ინსპექციას ხელმძღვანელობს უფროსი. სახელმწიფო ინსპექციის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ინსპექციის უფროსი.

3. აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედებს სახელმწიფო ინსპექციები:

ა) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის;

ბ) ტექნიკური ზედამხედველობის.

    მუხლი 25. სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის კომპეტენცია

სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის კომპეტენცია სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების და სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენების სფეროში განისაზღვრება კანონით.

    მუხლი 26. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო ინსპექციის უფროსის უფლებამოსილებები

1. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო ინსპექციის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის მუშაობას;

ბ) პასუხისმგებელია სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე;

გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ამ კანონის შესაბამისად;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საშტატო ერთეულებზე, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

ე) შეაქვს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის შემოსავლის და გასავლის ხარჯთაღრიცხვის შესახებ და თვალყურს ადევნებს ხარჯთაღრიცხვის ზუსტ და მიზანშეწონილ შესრულებას;

ვ) შეაქვს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის სფეროს რეგულირების თაობაზე;

ზ) ასრულებს სხვა ამოცანებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით.

    მუხლი 27. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ბრძანებები

1. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს და სახელმწიფო ინსპექციის უფროსს უფლება აქვთ კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების საფუძველზე გამოსცენ ბრძანებები სამსახურებრივ საკითხებზე.

2. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ან სახელმწიფო ინსპექციის უფროსის ბრძანება უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

კარი IV

სახელმწიფო კანცელარია

    მუხლი 28. სახელმწიფო კანცელარიის სტატუსი

სახელმწიფო კანცელარია არის სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ამ კანონით, სხვა კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის აქტების საფუძველზე განსაზღვრულ ამოცანებს.

    მუხლი 29. სახელმწიფო კანცელარიის ამოცანები

1. სახელმწიფო კანცელარია:

ა) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან, სასამართლო ხელისუფლებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მოქალაქეთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ გაერთიანებებთან და სხვა კონსტიტუციურ ინსტიტუტებთან;

ბ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით ამოწმებს აღმასრულებელი საჯარო ხელისუფლების დაწესებულებების მიერ საქართველოს პრეზიდენტის აქტებისა და დავალებების შესრულებას;

გ) კოორდინაციას უწევს სახელმწიფო ინფორმაციული სისტემების მუშაობას;

დ) კოორდინაციას უწევს მმართველობის ადგილობრივი ორგანოების მუშაობას;

ე) ორგანიზაციას უწევს საჯარო მოსამსახურეთა აღრიცხვას, მათ სწავლებას;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის აქტების სისტემატიზაციას და გამოქვეყნებას;

ზ) უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო და დამხმარე დაწესებულებების საქმიანობას.

    მუხლი 30. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა

1. სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურა განისაზღვრება სახელმწიფო კანცელარიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო კანცელარიას ტერიტორიული ორგანოები არ გააჩნია.

2. სახელმწიფო კანცელარიის სამსახურების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. სახელმწიფო კანცელარიის ქვედანაყოფების და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების დებულებებს ამტკიცებს სახელმწიფო მინისტრი.

3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეებს, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და უფროსის მოადგილეებს, სახელმწიფო კანცელარიის სამმართველოს, სამსახურების უფროსებსა და მთავარ სახელმწიფო მრჩევლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.

     მუხლი 31. სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები

1. საქართველოს კონსტიტუციის 81-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს სახელმწიფო კანცელარიას და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებით შეუძლია შეასრულოს მისი შემდეგი ცალკეული დავალებები:

ა) საქართველოს პრეზიდენტთან დღის წესრიგის წინასწარი შეთანხმების შემდეგ მოიწვიოს და თავმჯდომარეობდეს მთავრობის სხდომებს სოციალურ, ეკონომიკის, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე; მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებანი დღის წესრიგით განხილულ საკითხებზე;

ბ) კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შედგენასთან და მის შესრულებასთან დაკავშირებულ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობას; წარუდგინოს პრეზიდენტს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი; მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენაში;

გ) მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებაში;

დ) წარუდგინოს პრეზიდენტს სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის განმსაზღვრელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები;

ე) კოორდინაცია გაუწიოს სამთავრობო დაწესებულებების ურთიერთობას პარლამენტთან და აღმასრულებელ ხელისუფლებაში კანონპროექტების მომზადებას;

ვ) მონაწილეობა მიიღოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ხელმძღვანელების კანდიდატურების შერჩევასა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარდგენაში;

ზ) შეასრულოს საქართველოს პრეზიდენტის სხვა ცალკეული დავალებები.

2. სახელმწიფო მინისტრი ახორციელებს მე-16 – მე-17 მუხლებით და ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.

3. სახელმწიფო მინისტრს ჰყავს პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი და მოადგილეები.

4. სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს – სახელმწიფო კანცელარიის უფროსს და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით.

5. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეების რაოდენობას და მათ შორის მოვალეობების განაწილებას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო მინისტრის წინადადებით.

6. სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები მოვალეობათა განაწილების შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა ფარგლებში, კოორდინაციას უწევენ აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა მუშაობას; ახორციელებენ ღონისძიებებს საქართველოს პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის სამართლებრივი აქტების შესრულების უზრუნველსაყოფად; წინასწარ განიხილავენ საქართველოს მთავრობის სხდომის დღის წესრიგში შესატანად წარდგენილ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ასრულებენ სახელმწიფო მინისტრის სხვა დავალებებს.

საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84-სსმI,50(57),28.12.1999წ.,მუხ.248

კარი IV1

                                           განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრები

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,17,12.05.2000წ.,მუხ.41

    მუხლი 31 1 . განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის სტატუსი და საქმიანობის უზრუნველყოფა

1. მთავრობის შემადგენლობაშია განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების ფარგლებში უზრუნველყოფს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეების მოწესრიგებას, თუ ისინი არ მიეკუთვნება რომელიმე სამთავრობო დაწესებულების კომპეტენციას.

2. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრი ახორციელებს მინისტრისათვის ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

3. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის საქმიანობას უზრუნველყოფს მინისტრის აპარატი.

4. განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის კომპეტენცია და საქმიანობის წესი, აგრეთვე მისი აპარატის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”.

II. საქართველოს საკანონმდებლო აქტებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სიტყვები „ეკონომიკის სამინისტრო“ და „მრეწველობის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

2. სიტყვები „ტრანსპორტის სამინისტრო“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო“.

3. სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა სამინისტრო“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო“.

4. სიტყვები „ეკონომიკის მინისტრი“ და „მრეწველობის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი“.

5. სიტყვები „ტრანსპორტის მინისტრი“ და „კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრი“.

6. სიტყვები „ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი“ შეიცვალოს სიტყვებით „საგარეო საქმეთა მინისტრი“, თუ საკითხი ეხება საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხოლო სხვა შემთხვევაში სიტყვებით – „ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი.

საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,17,12.05.2000წ.,მუხ.41

კარი V

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

    მუხლი 32. სახელმწიფო რწმუნებულის სტატუსი

1. სახელმწიფო რწმუნებული საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიულ ერთეულებში ან ცალკეულ დავალებათა შესასრულებლად.

2. სახელმწიფო რწმუნებული ასრულებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაკისრებულ ამოცანებს.

3. სახელმწიფო რწმუნებულს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს ტერიტორიულ ერთეულებში არ შეიძლება იმავდროულად ეკავოს სხვა თანამდებობა საჯარო სამსახურში.

4. სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილებანი და მისი აპარატის სტრუქტურა განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

    მუხლი 33. სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება

1. სახელმწიფო რწმუნებული კანონის საფუძველზე, კანონის და საქართველოს პრეზიდენტის აქტების შესასრულებლად გამოსცემს განკარგულებებს.

2. სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტია, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2-3 და მე-5-6 პუნქტების მოთხოვნებს.

    მუხლი 34. სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ხელს უწყობს სახელმწიფო რწმუნებულს და საქმიანობს მისი ხელმძღვანელობით.

კარი VI

მთავრობის სხდომა და სამთავრობო კომისია

    მუხლი 35. მთავრობის სხდომის მოწვევა და დღის წესრიგი

1. მთავრობის სხდომის მოწვევის დროს და დღის წესრიგს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. სახელმწიფო მინისტრი უზრუნველყოფს სხდომაზე მთავრობის წევრების, სხვა მოწვეული პირების გამოცხადებას და მათთვის დღის წესრიგის გაცნობას.

    მუხლი 36. მთავრობის სხდომის მუშაობის წესი

1. მთავრობის სხდომას უძღვება საქართველოს პრეზიდენტი.

2. მთავრობის სხდომა დახურულია, თუ საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული არ არის სხვა გადაწყვეტილება.

3. მთავრობის სხდომაში მთავრობის წევრების გარდა დღის წესრიგის შესაბამისად მონაწილეობენ: ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, აგრეთვე სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელები.

4. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მთავრობის სხდომაზე მოიწვიოს სხვა პირები და მისცეს მათ სიტყვა.

    მუხლი 37. გადაწყვეტილების მიღება და გაფორმება

1. მთავრობის სხდომაზე დღის წესრიგის მიხედვით განხილულ საკითხებზე გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საკითხის განხილვა შეიძლება გადაიდოს საქართველოს პრეზიდენტის მოთხოვნით ან დაინტერესებული მინისტრის მოტივირებული წინადადებით.

3. მთავრობის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სახელმწიფო კანცელარიის უფროსი. ოქმის ამონაწერები ეგზავნებათ დაინტერესებულ სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს.

    მუხლი 38. სამთავრობო კომისია

1. საქართველოს პრეზიდენტს ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრს შეუძლია შექმნას:

ა) მინისტრების კომისია;

ბ) სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია;

გ) სპეციალისტების კომისია.

2. საქართველოს პრეზიდენტს ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრს შეუძლია შექმნას კომისიები და საბჭოები, რომელთა კომპეტენციას და საქმიანობის წესს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის საფუძველზე განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ან სახელმწიფო მინისტრი.

    მუხლი 39. სამთავრობო კომისიის კომპეტენცია

1. სამთავრობო კომისია იქმნება აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვადასხვა საკითხების მოსამზადებლად. სამთავრობო კომისიის ამოცანებს, აგრეთვე მისი დასკვნების და წინადადებების მომზადების წესს კომისიის შექმნისას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი ან სახელმწიფო მინისტრი.

2. სამთავრობო კომისიას უფლება აქვს მიიღოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან თავისი მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტები, ცნობები და სხვა მონაცემები.

    მუხლი 40. მინისტრების კომისია

1. მინისტრების კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი.

2. კომისიის თავმჯდომარეს მისი წევრებიდან ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს პირები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ არიან.

4. კომისიის წევრები და კომისიის შემადგენლობაში სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული პირები კომისიის მუშაობაში მონაწილეობენ პირადად.

5. კომისიის მოსაზრება წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 41. სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია

1. სხვადასხვა სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებათა წარმომადგენლების კომისია შედგება სახელმწიფო მოხელეებისაგან. კომისიის შემადგენლობას ადგენს დაინტერესებული მინისტრი.

2. საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარეს.

3. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს პირები, რომლებიც კომისიის შემადგენლობაში არ არიან.

4. კომისიის დასკვნები და წინადადებები წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.

    მუხლი 42. სპეციალისტების კომისია

1. სპეციალისტების კომისიის წევრებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი სახელმწიფო მოხელეებიდან, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – აგრეთვე იმ პირებიდან, რომლებიც არ ითვლებიან სახელმწიფო მოხეელებად. სახელმწიფო მოხელეები ან პირები, რომლებიც სახელმწიფო მოხელეები არ არიან, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ მხოლოდ მათი თანხმობით.

2. საქართველოს პრეზიდენტი ან მისი დავალებით – სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს სპეციალისტების კომისიის თავმჯდომარეს. თუ კომისიის თავმჯდომარე მთავრობის წევრი არ არის, საქართველოს პრეზიდენტი ან სახელმწიფო მინისტრი ნიშნავს მთავრობის წევრს, რომელიც პასუხისმგებელია კომისიის მუშაობისათვის.

კარი VII

სამსახურებრივი ზედამხედველობა

    მუხლი 43. სამსახურებრივი ზედამხედველობის ამოცანა და ორგანიზაცია

1. სამსახურებრივი ზედამხედველობის მიზანია სამთავრობო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობაში კანონიერებისა და მიზანშეწონილობის უზრუნველყოფა.

2. პირი, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას, უფლებამოსილია:

ა) გასცეს წერილობითი მითითებები გამოცემულ აქტში ან შესრულებულ მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის შესახებ;

ბ) შეაჩეროს მოქმედების შესრულება ან აქტის აღსრულება;

გ) მიიჩნიოს აქტი ძალადაკარგულად.

3. სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას საქართველოს პრეზიდენტი, სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელები და ამ კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირები გამოსცემენ ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს.

4. სამსახურებრივი ზედამხედველობა ხორციელდება ქვემდებარეობის წესით ამ კანონის შესაბამისად, აგრეთვე მის საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

5. პირი, რომელიც სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს, უფლებამოსილია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებისგან მოითხოვოს სამართლებრივი აქტები და სხვა დოკუმენტები, მიიღოს თანამდებობის პირებისაგან განმარტებები და დასკვნები. აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებები ვალდებული არიან წარმოადგინონ მითითებული დოკუმენტები და განმარტებები არა უგვიანეს ორი სამუშაო დღის ვადაში, თუ სამსახურებრივი ზედამხედველობის განმხორციელებელი პირის მიერ სხვა ვადა არ არის დადგენილი.

    მუხლი 44. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია ზედამხედველობის სფეროში

1. საქართველოს პრეზიდენტი უზრუნველყოფს სამთავრობო დაწესებულებების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების და სახელმწიფო რწმუნებულთა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.

2. საქართველოს პრეზიდენტი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მინისტრთა საბჭოების სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, სახელმწიფო რწმუნებულების აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს.

3. საქართველოს პრეზიდენტი ძალადაკარგულად ცნობს მინისტრების, სხვა სამთავრობო დაწესებულებათა ხელმძღვანელების, სახელმწიფო რწმუნებულების აქტებს მათი მიზანშეუწონლობის მოტივით ამ კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.

    მუხლი 45. მინისტრის კომპეტენცია სამსახურებრივი ზედამხედველობის სფეროში

1. მინისტრი ზედამხედველობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებათა საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას.

2. მინისტრი ძალადაკარგულად ცნობს პირველი მოადგილის, მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელების აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და განკარგულებებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს.

3. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული თანამდებობის პირების და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა აქტები და მოქმედებები მათი მიზანშეუწონლობის მოტივით ამ კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად.

4. მინისტრს უფლება აქვს სამინისტროს თანამდებობის პირების მოქმედებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობა დააკისროს პირველ მოადგილეს.

    მუხლი 46. სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელების კომპეტენცია სამსახურებრივი ზედამხედველობის სფეროში

სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის ხელმძღვანელები სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებენ ამ კანონის 43-ე მუხლით განსაზღვრული წესით.

    მუხლი 47. სახელმწიფო მინისტრის კომპეტენცია სამსახურებრივი ზედამხედველობის სფეროში

1. სახელმწიფო მინისტრი ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას სახელმწიფო კანცელარიის, შესაბამისი საქვეუწყებო დაწესებულებების და მათი თანამდებობის პირების აქტებსა და მოქმედებებზე.

2. სახელმწიფო მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული თანამდებობის პირების აქტები და მოქმედებები.

    მუხლი 48. აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერება სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით

1. თანამდებობის პირის აქტის აღსრულება ან მოქმედების შესრულება, გარდა სამსახურებრივი ზედამხედველობის ან სახელმწიფოებრივი იძულების გამოყენების დროს გამოცემული აქტისა და შესრულებული მოქმედებისა, შეიძლება შეჩერდეს საქართველოს პრეზიდენტის ან ზედამხედველობის განმახორციელებელი თანამდებობის პირის მიერ ზედამხედველობის სფეროში მისი კომპეტენციის შესაბამისად აქტის ან მოქმედების მართლზომიერების და მიზანშეწონილობის დამატებითი შემოწმების ან დამატებითი მონაცემების შეკრების მიზნით, მათ შორის, იმ თანამდებობის პირისაგან განმარტების მიღებისას, რომელმაც აქტი გამოსცა ან მოქმედება შეასრულა.

2. აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერებისას ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს უფლება აქვს გასცეს შესასრულებლად სავალდებულო მითითებები აქტის შეცვლის, ან მოქმედებაში ნაკლოვანების აღმოფხვრის ან ახალი მოქმედების შესრულების შესახებ. თანამდებობის პირის აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერება სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით შეიძლება შვიდ დღემდე ვადით.

3. სამსახურებრივი ზედამხედველობის წესით აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შეჩერებისას შეჩერდება იმ ვადის მიმდინარეობა, რომელიც კანონით ან სხვა სამართლებრივი აქტით დადგენილია მოქმედების შესრულებისათვის.

4. იმ შემთხვევაში, როცა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების უსაფუძვლო შეჩერებით ზარალი მიადგა სხვა პირს, მიყენებულ ზარალს ანაზღაურებს აქტის აღსრულების ან მოქმედების შესრულების შემჩერებელი პირი კანონით დადგენილი წესით.

    მუხლი 49. აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა მიზანშეუწონლობის გამო

1. თანამდებობის პირის აქტი ან მოქმედება შეიძლება ცნობილ იქნეს ძალადაკარგულად მიზანშეუწონლობის მოტივით, თუ აქტი ან მოქმედება აშკარად არ შეესაბამება იმ სახელმწიფო პოლიტიკას, რომელიც გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ან მინისტრის მიერ, ან იწვევს სახელმწიფო ქონების და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურ გამოყენებას, ან სხვა ხერხებით ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს.

2. მიზანშეუწონლობის მოტივით არ შეიძლება ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და მოქმედებები, რომლებიც გამოცემულია ან შესრულებულია საჯარო სამსახურის ორგანიზაციისას, აგრეთვე სხვა აქტები და მოქმედებები, რომელთა გამოცემის ან შესრულების პირობები გამომდინარეობს კანონიდან ან სხვა სამართლებრივი აქტებიდან.

3. მიზანშეუწონლობის მოტივით აქტის ან მოქმედების ძალადაკარგულად ცნობა უნდა იყოს დასაბუთებული.

    მუხლი 50. სამართლებრივი დავა

1. სამართლებრივი დავა სამთავრობო და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს შორის წყდება ქვემდებარეობის წესით, თუ კანონით დადგენილი არ არის დავის გადაწყვეტის სხვა წესი.

2. სამართლებრივ დავას სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, აგრეთვე სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს შორის წყვეტს მინისტრი.

3. სამართლებრივ დავას იმ სახელმწიფო დაწესებულებებს შორის, რომლებიც მმართველობის სხვადასხვა სფეროში შედიან, წყვეტენ დაინტერესებული მინისტრები. თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

კარი VIII

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 51. ნორმატიული აქტები, რომლებიც ძალას კარგავს ამ კანონის მოქმედების მომენტიდან

ამ კანონის ამოქმედების მომენტიდან ძალას კარგავს შემდეგი ნორმატიული აქტები:

ა) „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 8 დეკემბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №002);

ბ) „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 20 თებერვლის კანონის მე-3 პუნქტი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №002);

გ) „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 15 მაისის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №13);

დ) „საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 26 ივნისის კანონის პირველი პუნქტის მეორე ნაწილის პირველი, მე-2 და მე-3 ქვეპუნქტები (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №18);

ე) „დეპარტამენტ „საქგაზის“ გაუქმებისა და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 1996 წლის 18 ოქტომბრის კანონი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №27-28/4);

ვ) „მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის შექმნის შესახებ“ საქართველოს 1996 წლის 13 ნოემბრის კანონის პირველი პუნქტის მეორე აბზაცი (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №29-30/5).

    მუხლი 52. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   ე. შევარდნაძე

თბილისი,

1997 წლის 15 აპრილი.

№625 –II

 

შეტანილი ცვლილებები:

 

1. საქართველოს 1997 წლის 19 სექტემბრის კანონი №878-პარლამენტის უწყებანი,№41,08.10.1997წ.,გვ.9

2. საქართველოს 1998 წლის 13 ოქტომბრის კანონი №1621-სსმI,№2,26.10.1998წ.,მუხ.21

3. საქართველოს 1998 წლის 9 დეკემბრის კანონი №1723-სსმI,№7,31.12.1998წ.,მუხ.53

4. საქართველოს 1998 წლის 24 დეკემბრის კანონი №1744-სსმI,№2(9),22.01.1999წ.,მუხ.12

5. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №61-სსმI,47(54),09.12.1999წ.,მუხ.240

6. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI,47(54),09.12.1999წ.,მუხ.239

7. საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №84-სსმI,50(57),28.12.1999წ.,მუხ.248

8. საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI,17,12.05.2000წ.,მუხ.41

9. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №432-სსმI,24,30.06.2000წ.,მუხ.66

10. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №424-სსმI,27,17.07.2000წ.,მუხ.78

11. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №464-სსმI,27,17.07.2000წ.,მუხ.85

12. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI,28,24.07.2000წ.,მუხ.88

17. 11/02/2004 - საქართველოს კანონი - 3277 - სსმ, 3, 13/02/2004 16. 28/03/2003 - საქართველოს კანონი - 2031 - სსმ, 8, 14/04/2003 15. 10/05/2002 - საქართველოს კანონი - 1399 - სსმ, 10, 13/05/2002 14. 25/05/2001 - საქართველოს კანონი - 894 - სსმ, 14, 05/06/2001 13. 14/03/2001 - საქართველოს კანონი - 803 - სსმ, 7, 27/03/2001 12. 13/07/2000 - საქართველოს კანონი - 487 - სსმ, 28, 24/07/2000 11. 30/06/2000 - საქართველოს კანონი - 464 - სსმ, 27, 17/07/2000 10. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 424 - სსმ, 27, 17/07/2000 9. 28/06/2000 - საქართველოს კანონი - 432 - სსმ, 24, 30/06/2000 8. 11/05/2000 - საქართველოს კანონი - 295 - სსმ, 17, 12/05/2000 7. 24/12/1999 - საქართველოს კანონი - 84 - სსმ, 50(57), 28/12/1999 6. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 63 - სსმ, 47(54), 09/12/1999 5. 09/12/1999 - საქართველოს კანონი - 61 - სსმ, 47(54), 09/12/1999 4. 24/12/1998 - საქართველოს კანონი - 1744 - სსმ, 2(9), 22/01/1999 3. 09/12/1998 - საქართველოს კანონი - 1723 - სსმ, 7, 31/12/1998 2. 13/10/1998 - საქართველოს კანონი - 1621 - სსმ, 2, 13/10/1998 1. 19/09/1997 - საქართველოს კანონი - 878 - პარლამენტის უწყებანი, , 19/09/1997