დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სურსათისა და თამბაქოს შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2212 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31(38), 14/07/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.140.000.05.001.000.632 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (13/07/2000 - 20/06/2003)
საქართველოს კანონი
სურსათისა და თამბაქოს შესახებ
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას.
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანები
ამ კანონის მიზანი და ამოცანებია:
ა) მომხმარებელთა ხარისხიანი სურსათითა და თამბაქოთი უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო ბაზრის უხარისხო და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვა;
ბ) სურსათისა და თამბაქოს მიმართ ზოგადი მოთხოვნებისა და აკრძალვების, ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და მახასიათებლების დადგენა და ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოთა როლის განსაზღვრა.
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათი – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ბუნებრივი წარმოშობის ნატურალური პროდუქტი, აგრეთვე მცენარეული, ცხოველური და მინერალური საკვები ნედლეულის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი; ამ კანონით სურსათის მიმართ დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება დამხმარე მასალებზეც: გარსებზე, აპკებსა და შესაფუთ მასალაზე, რომლებიც სურსათისა და თამბაქოს პროდუქციის წარმოების, რეალიზაციისა და მოხმარების მიზნით გამოიყენება;
ბ) საკვებდანამატები – ბუნებრივი ან ხელოვნურად მიღებული ნივთიერებები (სასმელი წყლისა და იმ ბუნებრივი ნაერთების გარდა, რომლებიც კვებითი თვისებების გამო ჩაროზად იხმარება), რომლებიც გამოიყენება სურსათის ფიზიკური, ქიმიური ან ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად; საკვებდანამატებთან გაიგივებულია:
ბ.ა) მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები, აგრეთვე მათი გარდაქმნის პროდუქტები (სუფრის მარილის გარდა), ამინმჟავები და მათი გარდაქმნის პროდუქტები, შაქრის შემცვლელი ტკბილი ნაერთები (ფრუქტოზის გარდა);
ბ.ბ) გამოყენებული აირები ან მსგავსი ნაერთები, რომლებიც უშუალო შეხებაშია პროდუქტთან;
გ) თამბაქოს ნაწარმი – ნედლი თამბაქოსაგან ან მისი გამოყენებით დამზადებული და მოსაწევად, საღეჭად ან საყნოსად განკუთვნილი ნაწარმი; თამბაქოს ნაწარმის ცნება მოიცავს სიგარეტის ქაღალდს, ხელოვნურ გარსს და თამბაქოს ნაწარმთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს, სიგარეტების მუნდშტუკებისა და ყველა სახის ფილტრის გარდა;
დ) ხარისხი – სურსათისა და თამბაქოს ის მახასიათებლები (სტანდარტებით და ნორმებით განსაზღვრული მაჩვენებლების ერთობლიობა), რომლებიც აკმაყოფილებს დადგენილ და სავარაუდო მოთხოვნებს;
ე) დამხმარე მასალები და საგნები – მასალები, საგნები და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სურსათის წარმოების, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციის, მანიპულირებისა და მოხმარების დროს და უშუალო შეხებაშია სურსათთან, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსები, კოლოფები და სხვა შესაფუთი მასალები;
ვ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით სურსათისა და თამბაქოს მზა პროდუქციის საღად შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა;
ზ) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, გადასხმა, ჩამოსხმა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება;
თ) ფალსიფიკაცია – პროდუქციის წარმოებისას ან/და რეალიზაციისას მისი გაყალბება, ჭეშმარიტი (ნამდვილი) პროდუქციის შეცვლა ყალბით;
ი) საშიში ნივთიერება – ნივთიერებები, მათი ნაერთები ან ნაერთების ნარევი, მიკროორგანიზმები, რომლებსაც განსაზღვრული რაოდენობით თავისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედება;
კ) იონმცვლელები – ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ფაზებს შორის მიმდინარე ელექტროლიზური რეაქციის დროს იწვევენ იონების ცვლას;
ლ) მიკროორგანიზმები – მიკრობები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სურსათის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში;
მ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც სურსათისა და თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება;
ნ) სრულყოფილი განცხადება – ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლისათვის თვალსაჩინოს ხდის სურსათისა და თამბაქოს ხარისხის მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან სრულ შესაბამისობას;
ო) კონტროლი – სურსათის, თამბაქოს და მათი ნედლეულის, აგრეთვე სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის შემოწმება, ტესტირება ან შეფასება და მიღებული შედეგების დადგენილ მოთხოვნებთან შედარება;
პ) სახელმწიფო სანიტარიული კონტროლი – ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სარეალიზაციოდ განკუთვნილი სურსათის, თამბაქოს და მათი ნედლეულის მწარმოებელ და მარეალიზებელ ობიექტთა მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესებისა და ნორმების, აგრეთვე ჰიგიენური ნორმატივებით დადგენილი მოთხოვნების დაცვის სახელმწიფო კონტროლი და ზედამხედველობა;
ჟ) მზა პროდუქცია – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი.
თავი II
სურსათის წარმოება და რეალიზაცია
მუხლი 3. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გამოყენებული აკრძალვები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით იკრძალება სურსათის წარმოების, რეალიზაციის, შენახვისა და მანიპულირების პროცესებში ისეთი ნედლეულის, დამხმარე მასალის, ნივთიერების, საგნის ან მეთოდის გამოყენება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო და საქართველოს სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომ – „საქსტანდარტი“) ერთობლივი ნორმატიული აქტით ადგენენ სურსათისა და თამბაქოს წარმოების, მანიპულირებისა და ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესებს.
მუხლი 4. საკვებდანამატების გამოყენება
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით სურსათის წარმოებისა და მანიპულირების პროცესში იკრძალება:
ა) იმ საკვებდანამატების გამოყენება, რომლებიც მოცემული სახით მომხმარებლისათვის მავნებელია;
ბ) ტექნოლოგიური მეთოდის გამოყენება, რომელიც სურსათის წარმოებისა და მანიპულირების პროცესში აკრძალული საკვებდანამატების გამოყენებას ითვალისწინებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საკვებდანამატებსა და მათი გარდაქმნის პროდუქტებზე, რომელთა გარეშეც სურსათის დამზადება ტექნოლოგიურად შეუძლებელია და რომლებიც ინერტულნი არიან სურსათის მიმართ და მოცემული სახით მავნე გავლენას არ ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, სურსათის არომატულ თვისებებსა და გემოზე;
ბ) გამოხდილ წყალზე, ჰაერსა და აზოტზე, აგრეთვე ნახშირორჟანგზე, თუ იგი მატარებელ აირად არ გამოიყენება, ასევე წყალბადზე, თუ იგი გამოიყენება ცხიმის გამყარებისათვის;
გ) საკვებდანამატებზე, რომლებიც ქიმიური გარდაქმნის შედეგად მთრთიმლავად მოქმედებს;
დ) მიკროორგანიზმებზე.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით:
ა) განისაზღვრება სურსათში საკვებდანამატებისა და მათი გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვები დოზები;
ბ) იზღუდება ან იკრძალება სურსათის წარმოების პროცესში გარკვეული იონმცვლელების გამოყენება.
მუხლი 5. დასხივების დაშვება და დასხივებული სურსათის ნიშანდების გარეშე გაყიდვის აკრძალვა
1. დაშვებულია ცალკეული სახის სურსათზე ულტრაიისფერი ან მაიონიზებელი დასხივება, თუ ეს მომხმარებლის ჯანმრთელობას არ ვნებს.
2. იკრძალება დაშვებული ნორმების ფარგლებში დასხივებით წარმოებული სურსათის შესაბამისი ნიშანდების გარეშე გაყიდვა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით.
მუხლი 6. ქიმიური საშუალებების გამოყენება
1. აკრძალულია სურსათის რეალიზაცია, თუ:
ა) პროდუქტი ან მისი ზედაპირი შეიცავს მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის დამუშავების ქიმიურ საშუალებებს და სასუქებს, მათი დაშლის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს და სხვა ნივთიერებებთან ქიმიურ ნაერთებს, რომელთა შემცველობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ დოზებს;
ბ) სურსათი ან მისი ზედაპირი შეიცავს მცენარეთა დაცვის ქიმიურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროები ერთობლივი ნორმატიული აქტით ადგენენ სურსათში მცენარეთა დაცვისა და სხვა ქიმიური საშუალებების ან მათი დაშლისა და გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დოზებს.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით:
ა) განისაზღვრება სურსათისა და თამბაქოს, აგრეთვე მათი წარმოების საშუალებების დეზინფექციისა და გაუვნებლობის წესები წარმოების, მანიპულირებისა და შენახვის დროს;
ბ) იზღუდება ან იკრძალება სადეზინფექციო და გასაუვნებელი საშუალებების გამოყენება.
4. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს სურსათის წარმოებისას გამოყენებული, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი სასუქებისა და შხამქიმიკატების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დოზებს.
მუხლი 7. ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება
1. აკრძალულია ცხოველური წარმოშობის სურსათით ვაჭრობა, თუ იგი ან მისი ზედაპირი შეიცავს ფარმაკოლოგიურ ნაერთს ან მისი გარდაქმნის პროდუქტს, რომელიც აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ დოზას და რომლის გამოყენებაც სამკურნალო საშუალებად და საფურაჟე საკვებდანამატად იმ ცხოველისათვის, რომლისგანაც სურსათი იწარმოება, იკრძალება.
2. დაიშვება ცხოველიდან სურსათის ჩვეულებრივი წესით დამზადება და რეალიზაცია, თუ ცხოველის ორგანიზმში შეყვანილი იქნა სამკურნალო საშუალებად რეგისტრირებული ან საფურაჟე საკვებდანამატად ნებადართული ნივთიერება და დაცული იქნა მკურნალობის ვადა, რაც უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების ორგანიზმიდან სრულ გამოსვლას ან მიღებულ სურსათში მისი ზღვრულად დასაშვები დოზის დაცვას.
3. აკრძალულია მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის ბიოსტიმულატორების გამოყენებით წარმოებული სურსათის სრულყოფილი განცხადების გარეშე რეალიზაცია.
4. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების ერთობლივი ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) ფარმაკოლოგიური ნაერთების ან მათი გარდაქმნის პროდუქტების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვები დოზები;
ბ) ფარმაკოლოგიური ნაერთების (საფურაჟე საკვებდანამატების გარდა) გამოყენების წესი.
მუხლი 8. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვა
1. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვის მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები, „საქსტანდარტთან“ და ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან შეთანხმებით, ადგენენ შეფუთვებზე, ჭურჭელზე, სურსათის გასაყიდად განკუთვნილ სხვა ტარაზე ან თვით სურსათზე აუცილებელი მონაცემების (შიგთავსის, სურსათისა და თამბაქოს მწარმოებლის შესახებ) აღნიშვნათა ჩამონათვალს.
2. აკრძალულია ფალსიფიცირებული სურსათისა და თამბაქოს წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია.
3. სურსათი და თამბაქო ფალსიფიცირებულად ითვლება, თუ თანდართულ შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ხარისხი არ შეესაბამება სურსათისა და თამბაქოს რეალურ ხარისხს, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი და სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის.
4. სურსათისა და თამბაქოს მწარმოებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები საკვების ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური თვისებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიუთითონ პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები და განახორციელონ სურსათისა და თამბაქოს ხარისხის შიდა საწარმოო კონტროლი.
5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საკვებდანამატებზეც.
თავი III
თამბაქოს წარმოება და რეალიზაცია
მუხლი 9. თამბაქოს წარმოებისა და რეალიზაციის მოთხოვნები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) თამბაქოს წარმოებაში საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებელი ნივთიერებების (ბუნებრივი და მისი იდენტური, გემოსმიმცემი ქიმიური ნაერთების გარდა) გამოყენების წესი;
ბ) თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დოზები.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, „საქსტანდარტის“ და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ერთობლივი ნორმატიული აქტით:
ა) იზღუდება ან იკრძალება გარკვეული მეთოდების გამოყენების დაშვების წესები თამბაქოს ნაწარმის დამზადების ან მანიპულირების დროს;
ბ) განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმზე გამაფრთხილებელი წარწერის დატანის წესი.
თავი IV
დამხმარე საგნების გამოყენება
მუხლი 10. დამხმარე საგნების გამოყენება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იკრძალება დამხმარე საგნების გამოყენება, მანიპულირება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია, თუ არსებობს ამ საგნებიდან საშიში ნივთიერებების სურსათსა და თამბაქოში ან მათ ზედაპირზე გადასვლის საშიშროება.
თავი V
კონტროლი
მუხლი 11. კონტროლი
1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ყველა სახის სურსათი, თამბაქო და მათი ნედლეული ექვემდებარება ხარისხის კონტროლს, ხოლო სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი და მარეალიზებელი ყველა ობიექტი – სახელმწიფო სანიტარიულ კონტროლს, კერძოდ:
ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის (მათ შორის, თავთავიანი კულტურების მარცვლისა და მათგან წარმოებული ფქვილის) ხარისხს აკონტროლებს მხოლოდ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;
ბ) სურსათისა და თამბაქოს მზა პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს მხოლოდ „საქსტანდარტის“ სურსათის ხარისხის კონტროლის სამსახური;
გ) სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების სახელმწიფო სანიტარიულ კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორგანოები ამავე პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ახორციელებენ ამ კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და საკუთარი დებულებების შესაბამისად.
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2310-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.193
თავი VI
სურსათისა და თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი
მუხლი 12. სურსათისა და თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი
1. სურსათისა და თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება სურსათისა და თამბაქოს საბაჟო კონტროლით გადაადგილებაზე და საბაჟო საწყობებში შენახვაზე.
3. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეცნიერო დანიშნულებისათვის და გამოფენებისათვის, აგრეთვე მფლობელის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათისა და თამბაქოს ხარისხზე.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იკრძალება უხარისხო, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი სურსათის საქართველოდან ექსპორტი და საქართველოში იმპორტი.
5. საქართველოში იმპორტირებული უხარისხო, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი სურსათის გადამუშავება, განადგურება და უკან დაბრუნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VII
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელს, შემნახველს, რეალიზატორს და განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში:
ა) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებმა და „საქსტანდარტმა“ გამოსცენ ნორმატიული აქტები სურსათისა და თამბაქოს წარმოებისა და მანიპულირების მეთოდების შესახებ მათი ხარისხის კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების უზრუნველსაყოფად;
ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ნორმატიული აქტით განსაზღვროს სურსათის წარმოებისას:
ბ.ა) საკვებდანამატებისა და იონმცვლელების გამოყენების წესი;
ბ.ბ) ულტრაიისფერი და მაიონიზებელი დასხივების ზღვრულად დასაშვები დოზები;
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებმა და „საქსტანდარტმა“ გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტი “სურსათის წარმოებისას დასხივების ტექნიკური მეთოდების დაშვების შესახებ“.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროებმა და „საქსტანდარტმა“ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყონ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება.
3. „საქსტანდარტის“ სურსათის ხარისხის კონტროლის სამსახურის რეორგანიზაცია და დაფინანსება 1999 წელს განხორციელდეს ამ სფეროში მაკონტროლებელი სამსახურების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სახსრებით და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საფუძველზე.
თავი IX
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ცალკეული ნორმა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2212–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2310-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.193
2.საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239
3.საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI, №17,12.05.2000წ., მუხ.41
4.საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.88
დოკუმენტის კომენტარები