„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2406
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 20/06/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 20, 11/07/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 340.140.000.05.001.001.311
  • Word
2406
20/06/2003
სსმ, 20, 11/07/2003
340.140.000.05.001.001.311
„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 „სურსათისა და თამბაქოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31(38), 1999 წელი, მუხ.165) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) საშიში ნივთიერება – ნივთიერებები, მათი ნაერთები ან ნაერთების ნარევი, რომლებსაც განსაზღვრული რაოდენობით თავისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედება;“;

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა – სურსათისა და თამბაქოს, აგრეთვე მათი მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური წესებითა და ნორმებით, ჰიგიენური ნორმატივებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობა;“.

2. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) განისაზღვრება სურსათში საკვებდანამატებისა და მათი გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პროდუქტი ან მისი ზედაპირი შეიცავს მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის დამუშავების ქიმიურ საშუალებებს და სასუქებს, მათი დაშლის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს და სხვა ნივთიერებებთან ქიმიურ ნაერთებს, რომელთა შემცველობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეებს;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროები ერთობლივი ნორმატიული აქტით ადგენენ სურსათში მცენარეთა დაცვისა და სხვა ქიმიური საშუალებების ან მათი დაშლის ან გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დონეებს.“;

გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს სურსათის წარმოებისას გამოყენებული სასუქებისა და შხამქიმიკატების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დონეებს.“.

4. მე-7 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აკრძალულია ცხოველური წარმოშობის სურსათით ვაჭრობა, თუ იგი ან მისი ზედაპირი შეიცავს ფარმაკოლოგიურ ნაერთს ან მისი გარდაქმნის პროდუქტს, რომელიც აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ დონეს და რომლის გამოყენებაც სამკურნალო საშუალებად და საფურაჟე საკვებდანამატად იმ ცხოველისათვის, რომლისგანაც სურსათი იწარმოება, იკრძალება.

2. დაიშვება ცხოველიდან სურსათის ჩვეულებრივი წესით დამზადება და რეალიზაცია, თუ ცხოველის ორგანიზმში შეყვანილი იქნა სამკურნალო საშუალებად რეგისტრირებული ან საფურაჟე საკვებდანამატად ნებადართული ნივთიერება და დაცული იქნა მკურნალობის ვადა, რაც უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების ორგანიზმიდან სრულ გამოსვლას ან მიღებულ სურსათში მისი ზღვრულად დასაშვები დონის დაცვას.“;

ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ფარმაკოლოგიური ნაერთების ან მათი გარდაქმნის პროდუქტების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები;“.

5. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სურსათი და თამბაქო ფალსიფიცირებულად ითვლება, თუ თანდართულ შესაბამის დოკუმენტებში მითითებული ხარისხი არ შეესაბამება სურსათისა და თამბაქოს რეალურ ხარისხს, შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი.“.

6. მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები.“.

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში წარმოებული და იმპორტირებული ყველა სახის სურსათი, თამბაქო და მათი ნედლეული ექვემდებარება ხარისხის კონტროლს, ხოლო ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების მაჩვენებლების განსაზღვრის მიზნით წარმოებული ან იმპორტირებული სურსათი და თამბაქო, აგრეთვე საქართველოში მათი მწარმოებელი და მარეალიზებელი ყველა ობიექტი ექვემდებარება სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას საქართველოს სანიტარიული კოდექსით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში, კერძოდ:

ა) სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ნედლეულის (მათ შორის, თავთავიანი კულტურების მარცვლისა და მათგან წარმოებული ფქვილის) ხარისხს აკონტროლებს მხოლოდ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო;

ბ) სურსათისა და თამბაქოს მზა პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს მხოლოდ „საქსტანდარტის“ სურსათის ხარისხის კონტროლის სამსახური;

გ) სურსათისა და თამბაქოს, აგრეთვე მათი მწარმოებელი და მარეალიზებელი ყველა ობიექტის სახელმწიფო სანიტარიულ ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური.“.

8. მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2003 წლის 20 ივნისი.

№2406IIს