დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
სურსათისა და თამბაქოს შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2212 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/06/1999 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 31(38), 14/07/1999 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 29/12/2010 |
სარეგისტრაციო კოდი | 340.140.000.05.001.000.632 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
საქართველოს კანონი
სურსათისა და თამბაქოს შესახებ
ეს კანონი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს კანონმდებლობას.
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი და ამოცანები
ამ კანონის მიზანი და ამოცანებია:
ა) მომხმარებელთა უვნებელი და ხარისხიანი სურსათით, აგრეთვე ხარისხიანი თამბაქოთი უზრუნველყოფის ხელშეწყობა, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და სამომხმარებლო ბაზრის დაცვა მავნებელი და ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან;
ბ) სურსათისა და თამბაქოს მიმართ ზოგადი მოთხოვნებისა და აკრძალვების, ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და მახასიათებლების დადგენა და ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოთა როლის განსაზღვრა.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
მუხლი 2. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება
კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სურსათი (ან სასურსათო პროდუქტი) – ადამიანის საკვებად განკუთვნილი ნებისმიერი პროდუქტი, გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი. სურსათი მოიცავს ასევე ყველა სახის სასმელს, საღეჭ რეზინს და ყოველ ნივთიერებას, დაფასოებული და სურსათში გამოსაყენებელი წყლის ჩათვლით, რომელიც მიზანმიმართულადაა დამატებული სურსათის შემადგენლობაში მისი წარმოებისა და გადამუშავების დროს. სურსათი არ მოიცავს ცხოველის საკვებს, ფარმაცევტულ პრეპარატებს და სამკურნალო პროდუქტებს, საერთო მოხმარების საგნებს, თამბაქოს და თამბაქოს პროდუქტებს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს, სხვადასხვა ნარჩენებსა და დამაბინძურებლებს;
ბ) საკვები დანამატი – ნივთიერება, რომელიც, მიუხედავად მისი საკვები ღირებულებისა, ჩვეულებრივ პირობებში არ გამოიყენება კვებისთვის, მაგრამ ხელოვნურად ემატება საკვებს დამუშავების, გადამუშავების, წარმოების, შეფუთვისა და შენახვის დროს, რის შედეგადაც აღნიშნული ნივთიერება ან მისი გვერდითი პროდუქტები ხდება საკვები პროდუქტის ინგრედიენტი. საკვებ დანამატთან გაიგივებულია:
ბ.ა) მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები, აგრეთვე მათი გარდაქმნის პროდუქტები (სუფრის მარილის გარდა), ამინმჟავები და მათი გარდაქმნის პროდუქტები, შაქრის შემცვლელი ტკბილი ნაერთები (ფრუქტოზის გარდა);
ბ.ბ) გამოყენებული აირები ან მსგავსი ნაერთები, რომლებსაც უშუალო შეხება აქვს პროდუქტთან;
გ) თამბაქოს ნაწარმი – ნედლი თამბაქოსაგან ან მისი გამოყენებით დამზადებული და მოსაწევად, საღეჭად ან საყნოსად განკუთვნილი ნაწარმი; თამბაქოს ნაწარმის ცნება მოიცავს სიგარეტის ქაღალდს, ხელოვნურ გარსს და თამბაქოს ნაწარმთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა კომპონენტებს, სიგარეტების მუნდშტუკებისა და ყველა სახის ფილტრის გარდა;
დ) ხარისხი – უვნებელი სურსათისა და თამბაქოს იმ მახასიათებლების ერთობლიობა, რომლებიც დაკავშირებულია საბოლოო მომხმარებლის ეკონომიკურ ინტერესებთან;
ე) დამხმარე მასალები და საგნები – მასალები, საგნები და მოწყობილობა-დანადგარები, რომლებიც გამოიყენება სურსათის წარმოების, გადამუშავების, შენახვის, რეალიზაციის, მანიპულირებისა და მოხმარების დროს და უშუალო შეხებაშია სურსათთან, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმთან შეხებაში მყოფი გარსები, კოლოფები და სხვა შესაფუთი მასალები;
ვ) რეალიზაცია – გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით სურსათისა და თამბაქოს მზა პროდუქციის საღად შენახვა და ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა;
ზ) მანიპულირება – აწონვა, გაზომვა, გადასხმა, ჩამოსხმა, დადამღვა, დაბეჭდვა, შეფუთვა, დაწყობა, გადაადგილება;
თ) ფალსიფიკაცია – სურსათის შემადგენლობის, მახასიათებლების, ასორტიმენტისა და წარმოშობის შეუსაბამობა დადგენილ მოთხოვნებთან ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტზე აღნიშნულ მონაცემებთან;
ი) საშიში ნივთიერება – ნივთიერებები, მათი ნაერთები ან ნაერთების ნარევი, რომლებსაც განსაზღვრული რაოდენობით თავისი ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებებით შეუძლიათ ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედება;
კ) იონმცვლელები – ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც ფაზებს შორის მიმდინარე ელექტროლიზური რეაქციის დროს იწვევენ იონების ცვლას;
ლ) მიკროორგანიზმები – მიკრობები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ სურსათის დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში;
მ) საწარმოო ობიექტი – საწარმო, საამქრო ან მათი უბნები და სხვა საწარმოო ქვედანაყოფები და ტერიტორიები, აგრეთვე მოწყობილობები, რომლებიც სურსათისა და თამბაქოს წარმოების პროცესში გამოიყენება;
ნ) სრულყოფილი განცხადება – ინფორმაცია, რომელიც მომხმარებლისათვის თვალსაჩინოს ხდის სურსათისა და თამბაქოს ხარისხის მაჩვენებლების დადგენილ ნორმებთან სრულ შესაბამისობას;
ო) კონტროლი – სურსათის, თამბაქოს და მათი ნედლეულის, აგრეთვე სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტების ერთი ან რამდენიმე მახასიათებლის შემოწმება, ტესტირება ან შეფასება და მიღებული შედეგების დადგენილ მოთხოვნებთან შედარება;
პ) სახელმწიფო სანიტარიული ზედამხედველობა – სურსათისა და თამბაქოს, აგრეთვე მათი მწარმოებელი და მარეალიზებელი ობიექტებისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური წესებითა და ნორმებით, ჰიგიენური ნორმატივებით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობა;
ჟ) მზა პროდუქცია – რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობის (სამრეწველო გადამუშავების) შედეგად მიღებული პროდუქტი;
რ)(ამოღებულია).
ს) სურსათისა და თამბაქოს მწარმოებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც აწარმოებს სურსათს და თამბაქოს და პასუხს აგებს ამ კანონის მოთხოვნათა შესრულებისათვის მის მიერ წარმოებული საქმიანობის ყოველ ეტაპზე;
ტ) ეტიკეტი – სურსათთან დაკავშირებული ნებისმიერი სიტყვა, ინფორმაცია, სავაჭრო ნიშანი, დასახელება, ილუსტრაცია ან სიმბოლო, განთავსებული შეფუთვაზე, იარლიყზე, სურსათზე თანდართულ ან მასთან დაკავშირებულ დოკუმენტზე, შენიშვნაზე, იარლიყზე, საყელურზე ან ბეჭედზე;
უ) მწარმოებელი:
უ.ა) პროდუქციის დამამზადებელი ან სხვა პირი, რომელიც საკუთარ თავს წარმოადგენს დამამზადებლად პროდუქციისათვის თავისივე სახელის, სავაჭრო ნიშნის ან სხვა განმასხვავებელი ნიშნის მინიჭებით, ან პროდუქციის გადამკეთებელი;
უ.ბ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი წარმომადგენელი ან პროდუქციის იმპორტიორი, როდესაც უცხოელ დამამზადებელს არ ჰყავს წარმომადგენელი.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
საქართველოს 2003 წლის 15 ივლისის კანონი №2409-სსმI, №21, 15.07.2003 წ., მუხ.141
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1786-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.274
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
თავი II
სურსათის წარმოება და რეალიზაცია
მუხლი 3. ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გამოყენებული აკრძალვები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით იკრძალება სურსათის წარმოების, რეალიზაციის, შენახვისა და მანიპულირების პროცესებში ისეთი ნედლეულის, დამხმარე მასალის, ნივთიერების, საგნის ან მეთოდის გამოყენება, რომელიც საფრთხეს უქმნის ან/და შეუქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
2. სურსათისა და თამბაქოს წარმოების, მანიპულირებისა და ვაჭრობის მეთოდების დაშვების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1786-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.274
საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1906-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.216
მუხლი 4. საკვებდანამატების გამოყენება
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით სურსათის წარმოებისა და მანიპულირების პროცესში იკრძალება:
ა) იმ საკვებდანამატების გამოყენება, რომლებიც მოცემული სახით მომხმარებლისათვის მავნებელია;
ბ) ტექნოლოგიური მეთოდის გამოყენება, რომელიც სურსათის წარმოებისა და მანიპულირების პროცესში აკრძალული საკვებდანამატების გამოყენებას ითვალისწინებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება:
ა) საკვებდანამატებსა და მათი გარდაქმნის პროდუქტებზე, რომელთა გარეშეც სურსათის დამზადება ტექნოლოგიურად შეუძლებელია და რომლებიც ინერტულნი არიან სურსათის მიმართ და მოცემული სახით მავნე გავლენას არ ახდენენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, სურსათის არომატულ თვისებებსა და გემოზე;
ბ) გამოხდილ წყალზე, ჰაერსა და აზოტზე, აგრეთვე ნახშირორჟანგზე, თუ იგი მატარებელ აირად არ გამოიყენება, ასევე წყალბადზე, თუ იგი გამოიყენება ცხიმის გამყარებისათვის;
გ) საკვებდანამატებზე, რომლებიც ქიმიური გარდაქმნის შედეგად მთრთიმლავად მოქმედებს;
დ) მიკროორგანიზმებზე.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით:
ა) განისაზღვრება სურსათში საკვებდანამატებისა და მათი გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები;
ბ) იზღუდება ან იკრძალება სურსათის წარმოების პროცესში გარკვეული იონმცვლელების გამოყენება.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
მუხლი 5. დასხივების დაშვება და დასხივებული სურსათის ნიშანდების გარეშე გაყიდვის აკრძალვა
1. დაშვებულია ცალკეული სახის სურსათზე ულტრაიისფერი ან მაიონიზებელი დასხივება, თუ ეს მომხმარებლის ჯანმრთელობას არ ვნებს.
2. იკრძალება დაშვებული ნორმების ფარგლებში დასხივებით წარმოებული სურსათის შესაბამისი ნიშანდების გარეშე გაყიდვა.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით.
მუხლი 6. ქიმიური საშუალებების გამოყენება
1. აკრძალულია სურსათის რეალიზაცია, თუ:
ა) პროდუქტი ან მისი ზედაპირი შეიცავს მცენარეთა დაცვისა და ნიადაგის დამუშავების ქიმიურ საშუალებებს და სასუქებს, მათი დაშლის შედეგად მიღებულ ნივთიერებებს და სხვა ნივთიერებებთან ქიმიურ ნაერთებს, რომელთა შემცველობა აღემატება ზღვრულად დასაშვებ დონეებს;
ბ) სურსათი ან მისი ზედაპირი შეიცავს მცენარეთა დაცვის ქიმიურ საშუალებებს, რომელთა გამოყენებაც აკრძალულია.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ნორმატიული აქტით ადგენს მცენარეთა დაცვისა და სხვა ქიმიური საშუალებების ანდა მათი დაშლის ან გარდაქმნის პროდუქტების შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დონეებს.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით:
ა) განისაზღვრება სურსათისა და თამბაქოს, აგრეთვე მათი წარმოების საშუალებების დეზინფექციისა და გაუვნებლობის წესები წარმოების, მანიპულირებისა და შენახვის დროს;
ბ) იზღუდება ან იკრძალება სადეზინფექციო და გასაუვნებელი საშუალებების გამოყენება.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ადგენს სურსათის წარმოებისას გამოყენებული, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი პესტიციდების, სასუქებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვებ დონეებს.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
მუხლი 7. ფარმაკოლოგიური საშუალებების გამოყენება
1. აკრძალულია ცხოველური წარმოშობის სურსათით ვაჭრობა, თუ იგი ან მისი ზედაპირი შეიცავს ფარმაკოლოგიურ ნაერთს ან მისი გარდაქმნის პროდუქტს, რომელიც აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ დონეს და რომლის გამოყენებაც სამკურნალო საშუალებად და საფურაჟე საკვებდანამატად იმ ცხოველისათვის, რომლისგანაც სურსათი იწარმოება, იკრძალება.
2. დაიშვება ცხოველიდან სურსათის ჩვეულებრივი წესით დამზადება და რეალიზაცია, თუ ცხოველის ორგანიზმში შეყვანილი იქნა სამკურნალო საშუალებად რეგისტრირებული ან საფურაჟე საკვებდანამატად ნებადართული ნივთიერება და დაცული იქნა მკურნალობის ვადა, რაც უზრუნველყოფს სამკურნალო საშუალების ორგანიზმიდან სრულ გამოსვლას ან მიღებულ სურსათში მისი ზღვრულად დასაშვები დონის დაცვას.
3. აკრძალულია მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეთევზეობის ბიოსტიმულატორების გამოყენებით წარმოებული სურსათის სრულყოფილი განცხადების გარეშე რეალიზაცია.
4. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) ფარმაკოლოგიური ნაერთების ან მათი გარდაქმნის პროდუქტების სურსათში შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები;
ბ) ფარმაკოლოგიური ნაერთების (საფურაჟე საკვები დანამატების გარდა) გამოყენების წესი.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
მუხლი 8. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვა
1. მომხმარებლის ფალსიფიცირებული პროდუქციისაგან დაცვის მიზნით საქართველოს მთავრობა ადგენს შეფუთვებზე, ჭურჭელზე, სურსათის გასაყიდად განკუთვნილ სხვა ტარაზე ან თვით სურსათზე აუცილებელი მონაცემების (შიგთავსის, სურსათისა და თამბაქოს მწარმოებლის შესახებ) აღნიშვნათა ჩამონათვალს.
2. აკრძალულია ფალსიფიცირებული სურსათისა და თამბაქოს წარმოება, შენახვა, ტრანსპორტირება და რეალიზაცია.
3. სურსათი და თამბაქო ფალსიფიცირებულად ჩაითვლება, თუ მათი შემადგენლობა, მახასიათებლები, ასორტიმენტი და წარმოშობა არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ან თანდართულ დოკუმენტებსა და ეტიკეტებზე აღნიშნულ მონაცემებს.
4. სურსათისა და თამბაქოს მწარმოებლები ვალდებულნი არიან მიიღონ ზომები საკვების ფიზიკური, ქიმიური და მიკრობიოლოგიური თვისებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, მიუთითონ პროდუქციის ხარისხის მაჩვენებლები და განახორციელონ სურსათისა და თამბაქოს ხარისხის შიდა საწარმოო კონტროლი.
5. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება საკვებდანამატებზეც.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1786-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.274
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
თავი III
თამბაქოს წარმოება და რეალიზაცია
მუხლი 9. თამბაქოს წარმოებისა და რეალიზაციის მოთხოვნები
1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნორმატიული აქტით განისაზღვრება:
ა) თამბაქოს წარმოებაში საგემოვნო თვისებების გასაუმჯობესებელი ნივთიერებების (ბუნებრივი და მისი იდენტური, გემოსმიმცემი ქიმიური ნაერთების გარდა) გამოყენების წესი;
ბ) თამბაქოს ნაწარმში და მის კვამლში ტოქსიკური ნაერთების, ნიკოტინისა და ფისის შემცველობის ზღვრულად დასაშვები დონეები.
2. საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით:
ა) იზღუდება ან იკრძალება გარკვეული მეთოდების გამოყენების დაშვება თამბაქოს ნაწარმის დამზადების ან მანიპულირების დროს;
ბ) განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმზე გამაფრთხილებელი წარწერის დატანის წესი.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1786-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.274
თავი IV
დამხმარე საგნების გამოყენება
მუხლი 10. დამხმარე საგნების გამოყენება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იკრძალება დამხმარე საგნების გამოყენება, მანიპულირება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია, თუ არსებობს ამ საგნებიდან საშიში ნივთიერებების სურსათსა და თამბაქოში ან მათ ზედაპირზე გადასვლის საშიშროება.
თავი V(ამოღებულია).
საქართველოს 2003 წლის 15 ივლისის კანონი №2409-სსმI, №21, 15.07.2003 წ., მუხ.141
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1786-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.274
მუხლი 11. (ამოღებულია).
საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2310-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.193
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
საქართველოს 2003 წლის 15 ივლისის კანონი №2409-სსმI, №21, 15.07.2003 წ., მუხ.141
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1786-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.274
თავი VI
სურსათისა და თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი
მუხლი 12. სურსათისა და თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი
1. სურსათისა და თამბაქოს ექსპორტი და იმპორტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება სურსათისა და თამბაქოს საბაჟო კონტროლით გადაადგილებაზე და საბაჟო საწყობებში შენახვაზე.(ამოღებულია)(ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან)
3. ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება სამეცნიერო დანიშნულებისათვის და გამოფენებისათვის, აგრეთვე მფლობელის პირადი მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათისა და თამბაქოს ხარისხზე.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იკრძალება ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი სურსათის საქართველოდან ექსპორტი და საქართველოში იმპორტი.
5. საქართველოში იმპორტირებული, ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნებელი სურსათის გადამუშავება, განადგურება და უკან დაბრუნება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
თავი VII
პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
მუხლი 13. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის
ამ კანონის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
თავი VIII
გარდამავალი დებულებანი
მუხლი 14. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან სამი თვის ვადაში:
ა) (ამოღებულია);
ბ) (ამოღებულია);
გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროებმა და „საქსტანდარტმა“ გამოსცენ ერთობლივი ნორმატიული აქტი “სურსათის წარმოებისას დასხივების ტექნიკური მეთოდების დაშვების შესახებ“.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის და ჯანმრთელობის დაცვის, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროებმა და „საქსტანდარტმა“ ამ კანონის ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყონ საქართველოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებებისა და დამატებების პროექტების მომზადება.
3. „საქსტანდარტის“ სურსათის ხარისხის კონტროლის სამსახურის რეორგანიზაცია და დაფინანსება 1999 წელს განხორციელდეს ამ სფეროში მაკონტროლებელი სამსახურების ბიუჯეტებით გათვალისწინებული სახსრებით და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის საფუძველზე;
4. 2004 წლის 1 იანვრამდე გამოცემულ იქნეს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „სურსათისა და თამბაქოს მონიტორინგის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ.
საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
საქართველოს 2003 წლის 15 ივლისის კანონი №2409-სსმI, №21, 15.07.2003 წ., მუხ.141
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
თავი IX
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 15. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი ამოქმედდეს 1999 წლის 1 სექტემბრიდან.
2. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი ცალკეული ნორმა, რომელიც არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1999 წლის 25 ივნისი.
№2212–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2310-სსმI, №39(46), 06.08.1999წ., მუხ.193
2.საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63-სსმI, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239
3.საქართველოს 2000 წლის 11 მაისის კანონი №295-სსმI, №17,12.05.2000წ., მუხ.41
4.საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.88
5. საქართველოს 2003 წლის 20 ივნისის კანონი №2406-სსმI, №20, 11.07.2003წ., მუხ.135
6. საქართველოს 2003 წლის 15 ივლისის კანონი №2409-სსმI, №21, 15.07.2003 წ., მუხ.141
7. საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1786-სსმI, №40, 18.07.2005წ., მუხ.274
8. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4313-სსმI, №4, 12.01.2007წ., მუხ.56
9.საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1906-სსმI, №35, 19.11.2009წ., მუხ.216
10. საქართველოს 2010 წლის 12 ნოემბრის კანონი №3806-სსმI, №66, 03.12.2010წ., მუხ.414
11. ძალადაკარგულია - საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4059 - სსმ I, №76, 29.12.2010წ., მუხ.500
დოკუმენტის კომენტარები