საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 515
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/08/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 96, 04/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.014932
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
515
02/08/2010
სსმ, 96, 04/08/2010
040030000.22.026.014932
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (04/08/2010 - 11/04/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.026.014.932

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება 515

2010 წლის 2 აგვისტო

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დაფუძნებისა და წესდების დამტკიცების შესახებ

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 12  და 13 პუნქტებისა და 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დაფუძნდეს სამხედრო მომზადებისა და განათლების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კადეტთა სამხედრო ლიცეუმი.

2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წესდება (დანართი №1).

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

  ბ. ახალაია

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის

წ ე ს დ ე ბ ა

I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სტატუსი

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კადეტთა სამხედრო ლიცეუმი (შემდგომში – ლიცეუმი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს ვაჟთა საგანმანათლებლო საქმიანობას, სამხედრო მომზადებას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ზოგადი განათლების საშუალო საფეხურზე ეროვნული და ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად.

2. ლიცეუმი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სამინისტროს ნორმატიული აქტების, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ წესდების შესაბამისად.

3. ლიცეუმი იქმნება სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს ლიცეუმი ახორციელებს სპეციალური უფლებაუნარიანობის ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.

5. ლიცეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ანგარიში ბანკში და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.

6. ლიცეუმის მისამართია: ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა №51.

    მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი

1. ლიცეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანია:

ა) ლიცეუმის მოსწავლეთა (შემდეგში – კადეტი) ინტელექტუალური, კულტურული, ფიზიკური და ზნეობრივი აღზრდა, საზოგადოებაში ცხოვრებისათვის ადაპტირება, სამხედრო და სამოქალაქო ასპარეზზე სამშობლოს სამსახურისათვის კადეტთა მოსამზადებლად საფუძვლის შექმნა;

ბ) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;

გ) კადეტის გონებრივი უნარ-ჩვევების და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, კადეტთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, კადეტის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა;

დ) კადეტის მიერ პირველადი სამხედრო ცოდნისა და უნარების შეძენა, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება. კადეტში სამხედრო სამსახურისადმი სიყვარულის და ოფიცრის პროფესიის დაუფლების მისწრაფების გაღვივება;

ე) ლიცეუმის საზოგადოებაში (კადეტი, მშობელი, მასწავლებელი) ეროვნული სასწავლო მიზნებისა და ფასეულობების გავრცელება. ღია თანამშრომლობის პრინციპზე აგებული ურთიერთობის მიღწევა, კადეტის პიროვნული და სოციალური განვითარების უზრუნველყოფა.

2. ლიცეუმი წარმოადგენს პანსიონს, რომელიც უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, მკურნალობითა და კვებით.

3. ლიცეუმის კურსდამთავრებულებს ლიცეუმის სასწავლო გეგმის გავლის შემდეგ გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნიმუშის ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

4. ლიცეუმის საგანმანათლებლო პროცესში სამხედრო მომზადების მიზნით გათვალისწინებულია დამატებითი სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამები.

5. ყოველი სასწავლო წლის დამთავრების შემდეგ კადეტებისთვის ლიცეუმის სასწავლო გეგმის შესაბამისად ჩატარდება საველე გასვლები ან მეცადინეობები.

6. კადეტები და ლიცეუმში მოსამსახურე სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამხედრო ფორმის ტანსაცმლით.

II. ლიცეუმის სტრუქტურა და მართვა

    მუხლი 3. ლიცეუმის სტრუქტურა

ლიცეუმის სტრუქტურა მოიცავს:

ა) დირექციას;

ბ) პედაგოგიურ საბჭოს;

გ) სამეურვეო საბჭოს;

დ) კადეტთა თვითმმართველობას;

ე) დისციპლინურ კომიტეტს;

ვ) სამეურნეო განყოფილებას;

ზ) პერსონალთან მუშაობის განყოფილებას;

თ) ლაზარეთს;

ი) სასწავლო კურსებს;

კ) სააპელაციო კომიტეტს (მისი შექმნის შემთხვევაში).

    მუხლი 4. ლიცეუმის სამეურვეო საბჭო

1. ლიუცეუმის სამეურვეო საბჭო არის ლიცეუმის თვითმმართველოს უმაღლესი არჩევითი ორგანო, რომელიც შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული 6 წარმომადგენლისაგან, კადეტთა თვითმმართველობის მიერ არჩეული 1 წარმომადგენლისაგან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს მიერ დანიშნული თითო წევრისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოში დანიშნოს 1 წევრი. სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეული იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

2. სამეურვეო საბჭოს არჩევის, სამეურვეო საბჭოს და სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

3. სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელიც მონაცვლეობით აირჩევა საბჭოს შემადგენლობაში მშობლებისაგან და პედაგოგიური საბჭოსაგან არჩეულ წევრთაგან, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლისაგან არა უმეტეს მათი უფლებამოსილების ვადით. მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი არ შეიძლება არჩეულ იქნეს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ.

4. სამეურვეო საბჭო იკრიბება სასწავლო წლის განმავლობაში სამჯერ მაინც, ყოველი მესამედის დასაწყისში.

5. სამეურვეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

6. ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

    მუხლი 5. სამეურვეო საბჭოს ფუნქციები:

სამეურვეო საბჭო:

ა) მონაწილეობს ლიცეუმის ბიუჯეტის შემუშავებაში, ამტკიცებს ლიცეუმის დირექტორის (შემდგომში – დირექტორი) მიერ მომზადებულ წლიურ ანგარიშს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას;

ბ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ლიცეუმის შინაგანაწესს, რომელიც ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს, ლიცეუმიდან გადაყვანის პირობებს;

გ) ითანხმებს პედაგოგიური საბჭოს მიერ შემუშავებული სასკოლო-სასწავლო გეგმისა და ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან მასწავლებლების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

დ) აკონტროლებს ლიცეუმის დირექციის მიერ ფინანსების ხარჯვასა და ქონების განკარგვას;

ე) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ვ) უფლებამოსილია ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, სასწავლო წლის დამამთავრებელი გამოცდების ჩატარების მიზნით, დაავალოს ლიცეუმის დირექტორს მიმართოს ეროვნული გამოცდების ცენტრს და დადოს შესაბამისი ხელშეკრულება;

ზ) უფლებამოსილია მოსთხოვოს დირექტორს ვადამდე შეუწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება მასწავლებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

თ) ინახავს და აღრიცხავს სამეურვეო საბჭოში მშობელთა და პედაგოგიური საბჭოს წარმომადგენელთა არჩევნების ბიულეტენებს და ოქმებს;

ი) ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს;

კ) საჭიროების შემთხვევაში ქმნის სააპელაციო კომიტეტს;

ლ) სააპელაციო კომიტეტის არარსებობის შემთხვევაში განიხილავს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების შესახებ საჩივრებს, მათ შორის, საჩივრებს, რომლებიც ეხება დირექტორის მიერ დისციპლინურ გადაცდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას;

მ) ითანხმებს დირექტორის მიერ წარმოდგენილ წესდების პროექტს;

ნ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს ლიცეუმის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და ითანხმებს ლიცეუმის განვითარების სტრატეგიას და ლიცეუმის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს ლიცეუმისათვის გათვალისწინებული სახელის მინიჭების შესახებ ინიციატივას.

    მუხლი 6. ლიცეუმის დირექცია

1. დირექცია შედგება დირექტორის, მისი მოადგილის/მოადგილეებისა და ბუღალტერიისაგან.

2. დირექტორი შესაძლებელია იყოს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო მოსამსახურე.

3. დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდეგში – მინისტრი). დირექტორი უნდა აკმაყოფილებდეს კანონმდებლობის მოთხოვნებს, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურისადმი კანონმდებლობის მოთხოვნებს, თუ დირექტორი სამხედრო მოსამსახურეა.

4. დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი დირექტორის წარდგინებით.

5. ახალი დირექტორის დანიშვნამდე დირექტორის უფლებამოსილებებს ახორციელებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი ატით განსაზღვრული პირი.

6. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.

    მუხლი 7. დირექტორი

1. დირექტორი:

ა) ახორციელებს ლიცეუმის მართვას;

ბ) წარმოადგენს ლიცეუმს მესამე პირებთან ურთიერთობებში;

გ) სამინისტროს შესაბის სამსახურთან შეთანხმების შემდეგ სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ლიცეუმის შინაგანაწესს, ლიცეუმის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, ლიცეუმის განვითარების სტრატეგიასა და ლიცეუმის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;

დ) შეიმუშავებს ლიცეუმის ბიუჯეტს და საშტატო განრიგს, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს მინისტრს ან მის მიერ უფლებამოსილ თანამდებობის პირს;

ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო-სასწავლო გეგმის შემუშავებაში;

ვ) უზრუნველყოფს მასწავლებთან და აღმზრდელებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს ლიცეუმის სხვა თანამშრომლებთან;

ზ) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება მასწავლებელთან ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურებისას;

თ) ყოველი წლის 10 დეკემბრამდე აბარებს ანგარიშს ლიცეუმის სამეურვეო საბჭოს ფინანსური საქმიანობისა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ;

ი) უფლებამოსილია დადოს გარიგებები კანონმდებლობით დადგენილი წესით;

კ) შეიმუშავებს ლიცეუმის წესდების (მათ შორის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების) პროექტს და წარუდგენს სამეურვეო საბჭოს შესათანხმებლად, ხოლო სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებულ პროექტს წარუდგენს დასამტკიცებლად მინისტრს;

ლ) განკარგავს თანხებს დამტკიცებული ლიცეუმის ბიუჯეტის მიხედვით;

მ) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;

ნ) ზედამხედველობს ლიცეუმის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;

ო) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;

პ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ლიცეუმის წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.

2. დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;

ბ) ლიცეუმის ქონების და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, ლიცეუმის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაციონალურ გამოყენებაზე;

გ) ლიცეუმის მასწავლებლების, პერსონალისა და კადეტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

    მუხლი 8. ლიცეუმის პედაგოგიური საბჭო

1. პედაგოგიური საბჭო (შემდეგში – „პედაგოგიური საბჭო“) არის ლიცეუმის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის ლიცეუმის ყველა მასწავლებელი.

2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.

3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა მასწავლებელი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.

4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს სამეურვეო საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.

5. პედაგოგიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.

6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო ხმების ერთი მესამედით.

7. პედაგოგიური საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე.

8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.

    მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები

პედაგოგიური საბჭო:

ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;

ბ) სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს ეროვნული სასწავლო გეგმების და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;

გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს სამეურვეო საბჭოში;

დ) უფლებამოსილია ვადამდე გადაირჩიოს თავისი წარმომადგენელი სამეურვეო საბჭოში.

    მუხლი 10. კადეტთა თვითმმართველობა

1. კადეტთა თვითმმართველობა არის კადეტთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს ლიცეუმის სტრუქტურულ ერთეულს.

2. კადეტები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობას.

3. კადეტები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, ჯგუფების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:

ა) თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;

ბ) კადეტთა თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების თარიღს ნიშნავს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე;

გ) კადეტთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის/ჯგუფის კადეტები ირჩევენ თითო წარმომადგენელს მომდევნო სასწავლო წელს სამეურვეო საბჭოს მიერ კადეტთა თვითმმართველობის ახალი არჩევნების ჩატარებამდე;

დ) კადეტთა თვითმმართველობების არჩევნებში კადეტების მიღების უფლება აქვს ყველა კადეტს;

ე) თითოეული კლასის/ჯგუფის კადეტი ხმას აძლევს ერთ კანდიდატს კადეტთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება კადეტი, რომელიც შესაბამის კლასში/ჯგუფში მეტ ხმას მოიპოვებს;

ვ) თუ ლიცეუმში, კლასების/ჯგუფების რაოდენობა არ აღემატება სამს, თითოეული კლასის კადეტი ხმას აძლევს 3 კანდიდატს თვითმმართველობაში ასარჩევად. ამ შემთხვევაში გამარჯვებულად ითვლება კლასში/ჯგუფში ხმების უმეტესი რაოდენობის მქონე 3 კანდიდატი;

ზ) კადეტები, რომელთაც სურთ არჩეული იყვნენ თვითმმართველობაში, რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებელთან არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 დღით ადრე, დამრიგებლის არარსებობის შემთხვევაში კი – დირექტორთან;

თ) კადეტები თვითმმარველობის წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებაზე ვრცელდება ლიცეუმის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების მიერ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოებისათვის დადგენილი წესი.

4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს კადეტთა თვითმმართველობას. თავმჯდომარე წარმოადგენს კადეტთა თვითმმართველობის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.

5. კადეტთა თვითმმართველობა:

ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს ლიცეუმის შინაგანაწესის შესახებ;

ბ) უფლებამოსილია სამეურვეო საბჭოს წარუდგინოს წინადადებები ლიცეუმისათვის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, მოპოვებული გრანტის განკარგვასთან დაკავშირებით;

გ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სალიცეუმო კლუბებს;

დ) ირჩევს თავის წარმომადგენელს სამეურვეო საბჭოში.

6. თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ ლიცეუმში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.

    მუხლი 11. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები

1. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა უფლებები და თავისუფლებები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. კადეტს, მშობელსა და მასწავლებელს უფლება აქვთ თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და ლიცეუმის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. საჩივრების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი განხილვის ეფექტიანი საშუალების შექმნის მიზნით დირექტორი უფლებამოსილია შექმნას შესაბამისი კომისია.

    მუხლი 12. ლიცეუმის მოსამსახურეები

1. ლიცეუმის სამხედრო პერსონალს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი დირექტორის წარდგინებით.

2. თუ ლიცეუმის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურე, მასზე დამატებით ვრცელდება სამხედრო მოსამსახურის მიმართ კანონმდებლობით მოქმედი უფლება-მოვალეობები.

    მუხლი 13. სამეურნეო განყოფილება

სამეურნეო განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ლიცეუმს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით;

ბ) ლიცეუმში არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ საბუღალტრო აღრიცხვას;

გ) ლიცეუმში წარმოქმნილ ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრს.

    მუხლი 14. პერსონალთან მუშაობის განყოფილება

პერსონალთან მუშაობის განყოფილება უზრუნველყოფს:

ა) ლიცეუმში მომუშავე სამხედრო და სამოქალაქო პირების პირადი საქმეების წარმოებას;

ბ) კადეტთა და ლიცეუმის სხვა პერსონალის ყოველდღიურად აღრიცხვის წარმოებას;

გ) ლიცეუმში მომუშავე სამხედრო მოსამსახურეების შემდგომი სამხედრო წოდებების მინიჭებისა და დაწინაურებისათვის საჭირო საბუთების მომზადებასა და სამინისტროს შესაბამის განყოფილებებში გაგზავნას;

დ) სამინისტროს სისტემაში არსებული საკანონმდებლო და სხვა სახის სამართლებრივი აქტების გაცნობას;

ე) ბრძანების პროექტების მომზადებას.

    მუხლი 15. ლაზარეთი

ლაზარეთი უზრუნველ ფოფს:

ა) კადეტებისა და ლიცეუმში მომუშავე პერსონალის სამედიცინო მომსახურებას კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ლიცეუმს საჭირო მედიკამენტებით;

გ) ლიცეუმისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას 24 საათის განმავლობაში.

    მუხლი 16. სასწავლო კურსები

სასწავლო კურსები უზრუნველყოფს:

ა) ლიცეუმის დღის განრიგის ზუსტ შესრულებასა და დაცვას;

ბ) კადეტების სამხედრო დისციპლინისა და წესრიგის განმტკიცებას;

გ) ლიცეუმის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული სამხედრო სწავლების, მეცადინეობის დაგეგმარებასა და განხორციელებას;

დ) კადეტებისათვის სამხედრო უნარების გამომუშავებას;

ე) ლიცეუმში ყოველდღიური ცხოვრების რაციონალურ, მიზანმიმართულ წარმართვას;

ვ) კადეტების სპორტული შესაძლებლობების ამაღლებას;

ზ) კადეტების 24-საათიან მეთვალყურეობასა და კონტროლს.

 

 

 

 

III. დისციპლინა და საჩივრის განხილვის წესი

    მუხლი 17. დისციპლინური დევნა

1. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ლიცეუმის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. ლიცეუმის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას, მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებსა და სახდელების შეფარდებაზე უფლებამოსილ პირებს.

3. ლიცეუმის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს კადეტის გაკვეთილიდან გაძევება, ლიცეუმიდან დროებითი დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.

4. კადეტის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.

5. ლიცეუმიდან 5 დღემდე დათხოვნის გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს დირექტორს, ხოლო 5 – 10 დღემდე ვადით დათხოვნის ან ლიცეუმიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღების უფლება – ლიცეუმის დისციპლინურ კომიტეტს.

6. დირექტორის და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში ან სააპელაციო კომიტეტში ასეთის არსებობის შემთხვევაში.

    მუხლი 18. დისციპლინური კომიტეტი

1. დისციპლინური კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული დისციპლინური გადაცდომების განხილვის მიზნით, სამეურვეო საბჭო ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის მასწავლებელი, მშობელი და კადეტი. დისციპლინური კომიტეტის წევრთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მინისტრის ან მისი მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით დადგენილ ოდენობას.

2. დისციპლინური კომიტეტი იქმნება 1 წლის ვადით და დაუშვებელია დისციპლინური კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის არჩევა და მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

3. დისციპლინური კომიტეტის წევრებს სამეურვეო საბჭო ირჩევს დამსწრეთა უმრავლესობით. დისციპლინური კომიტეტის წევრობის კანდიდატურის დაყენების უფლება აქვს:

ა) სამეურვეო საბჭოს;

ბ) პედაგოგიურ საბჭოს;

გ) კადეტთა თვითმმართველობას.

    მუხლი 19. სააპელაციო კომიტეტი

1. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრების განხილვის მიზნით, სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია შექმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის მასწავლებელი, მშობელი და კადეტი.

2. სააპელაციო კომიტეტი იქმნება განსაზღვრული ვადით და დაუშვებელია სააპელაციო კომიტეტის სპეციალური შემადგენლობის მოწვევა კონკრეტული შემთხვევის განხილვის მიზნით.

    მუხლი 20. მასწავლებელთა, მშობელთა და კადეტთა საჩივრის განხილვა

1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში კადეტს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვს წერილობითი საჩივრით მიმართოს დირექტორს 2 კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ. თუ საჩივარი ამ წესდების შესაბამისად სხვა სტრუქტურული ერთეულის განსახილველია, დირექტორი საჩივარს გადასცემს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

2. დირექტორი ან ლიცეუმის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ამ დებულების მიხედვით უფლებამოსილია განიხილოს შესაბამისი საჩივარი, საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული თანამდებობის პირ(ებ)ის გადაწყვეტილება და ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა) შეიძლება გასაჩივრდეს სამეურვეო საბჭოში გადაწყვეტილების გაცნობიდან, ხოლო ქმედების შემთხვევაში იმ თარიღიდან, როდესაც პირისათვის ცნობილი უნდა გამხდარიყო ქმედების შესახებ ორი კვირის ვადაში. სამეურვეო საბჭო ვალდებულია განიხილოს საჩივარი 1 თვის ვადაში.

4. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:

ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი;

ბ) უფლების დარღვევის არსი;

გ) მოთხოვნის არსი;

დ) დარღვეულია საჩივრის შეტანის ვადები.

 

IV. ლიცეუმის ქონება, დაფინანსება, ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა, სახელმწიფო კონტროლი

    მუხლი 21. ლიცეუმის ქონება

დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ლიცეუმს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობის უფლებით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.

    მუხლი 22. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. ლიცეუმი უფლებამოსილია სამინისტროს თანხმობით განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ლიცეუმის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) სხვა გადაწყვეტილებები ლიცეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

2. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

3. ლიცეუმს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან გაასხვისოს კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 23. ლიცეუმის ფინანსები

1. ლიცეუმის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:

ა) საწევროები და შენატანები;

ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;

გ) „ზოგადი განათლების შესახებ“ შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წესით და სამინისტროს ასიგნებებიდან;

დ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

2. ლიცეუმის ყველა შემოსულობა და გადასახდელები აისახება მის ბიუჯეტში. ლიცეუმის ბიუჯეტში არ აისახება ის გადასახდელები, რომელიც გაიწევა სამინისტროს მიერ ლიცეუმის სასარგებლოდ.

    მუხლი 24. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა

ლიცეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირს.

    მუხლი 25. სახელმწიფო კონტროლი

1. ლიცეუმის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს ლიცეუმის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

2. ლიცეუმი დადგენილ ვადებში მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგენს გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ.

3. მაკონტროლებელ ორგანოს უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია. ლიცეუმმა მაკონტროლებელ ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია უნდა წარუდგინოს არა უგვიანეს 15 დღის ვადაში.

4. ლიცეუმის კოორდინირებას განახორციელებს გაერთიანებული შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა.

 

V. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

    მუხლი 26. ლიცეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ლიცეუმის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტრო:

ა) თუ ლიცეუმის საქმიანობა არაკონსტიტუციურია;

ბ) თუ აუცილებელია ლიცეუმის ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმატიზაცია;

გ) თუ ლიცეუმი არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;

დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. ლიცეუმის ლიკვიდაციას ახორციელებს სამინისტროს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი, რომელიც შეიძლება იყოს დირექტორი.

3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.

 

VI. განსაკუთრებული დებულებანი

    მუხლი 27. პანსიონი

1. ლიცეუმი საშუალო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებთან და სამხედრო მომზადებასთან ერთად ახორციელებს პანსიონურ მომსახურებას, უზრუნველყოფს კადეტებს საცხოვრებელი პირობებით, სამედიცინო მომსახურებით და კვებით დადგენილი ნორმების შესაბამისად.

2. ლიცეუმის რეჟიმის რეგლამენტი განსაზღვრულია ლიცეუმის შინაგანაწესის მიხედვით. დღის განრიგი, რომელიც უზრუნველყოფს კადეტთა სამხედრო სწავლების, სამხედრო მომზადების შრომისა და დასვენების რაციონალურ შეხამებას, შედგენილია კადეტთა სავალდებულო სადღეღამისო დასწრების გათვალისწინებით.

3. ლიცეუმი უზრუნველყოფს კადეტებს ფორმით, აღჭურვილობით, სახელმძღვანელოებით, სასკოლო-საწერი და საკანცელარიო ნივთებით, სამეურნეო ინვენტარით.

4. ლიცეუმის სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს შტატით გათვალისწინებული სამედიცინო სამსახურის პერსონალი, სამხედრო ჰოსპიტალი და სამინისტროსთან ან/და ლიცეუმთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამედიცინო დაწესებულებები.

5. ლიცეუმის მომსახურე პერსონალი და კადეტები შეიძლება დაზღვეული იყვნენ სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყ დვით.

6. ლიცეუმი კადეტებს დადგენილი ნორმების შესაბამისად უზრუნველყოფს ტანსაცმლით, სანივთე ქონებით, საჭირო ინვენტარით, პირადი ჰიგიენის საგნებით, სახელმძღვანელოებით და საკანცელარიო საშუალებებით, რომელიც მას გადაეცემა სამინისტროს მიერ ან/და ლიცეუმის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შედეგად.

VII. გარდამავალი დებულებანი

    მუხლი 28. გარდამავალი დებულებანი

ამ წესდებით გათვალისწინებილი სამეურვეო საბჭოს არჩევამდე ლიცეუმის სამეურვეო საბჭოს ფუნქციებს ითავსებს დირექტორი.

 

17. 14/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 68 - ვებგვერდი, 15/09/2023 16. 14/09/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 66 - ვებგვერდი, 15/09/2023 15. 24/08/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 56 - ვებგვერდი, 25/08/2023 14. 06/04/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 21 - ვებგვერდი, 08/04/2021 13. 19/03/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 10 - ვებგვერდი, 20/03/2019 12. 12/12/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 97 - ვებგვერდი, 13/12/2018 11. 27/02/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 20 - ვებგვერდი, 28/02/2018 10. 17/01/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 2 - ვებგვერდი, 17/01/2018 9. 21/04/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 30 - ვებგვერდი, 24/04/2017 8. 24/10/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 75 - ვებგვერდი, 26/10/2016 7. 26/04/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 31 - ვებგვერდი, 27/04/2016 6. 15/09/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 72 - ვებგვერდი, 15/09/2014 5. 31/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 23 - ვებგვერდი, 01/04/2014 4. 11/12/2013 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 1279 - ვებგვერდი, 12/12/2013 3. 09/08/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 683 - ვებგვერდი, 10/08/2012 2. 06/03/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 166 - ვებგვერდი, 06/03/2012 1. 11/04/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 247 - ვებგვერდი, 110412007, 15/04/2011