გენდერული თანასწორობის შესახებ

გენდერული თანასწორობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2844
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/03/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 12/04/2010
სარეგისტრაციო კოდი 010.100.000.05.001.003.962
კონსოლიდირებული პუბლიკაციები

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

გენდერული თანასწორობის შესახებ

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი ადგენს ქალისა და მამაკაცის საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს, განსაზღვრავს საზოგადოებრივი ცხოვრების შესაბამის სფეროებში მათი განხორციელების სამართლებრივ მექანიზმებსა და პირობებს.

    მუხლი 2. კანონის მიზნები

ამ კანონის მიზნებია: უზრუნველყოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სათანადო პირობების შექმნა ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის, ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის თავიდან აცილებასა და აღმოფხვრას.

    მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გენდერი – სქესთა შორის ურთიერთობის სოციალური ასპექტი, რომელიც გამოხატულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და გულისხმობს სოციალიზაციით განპირობებულ შეხედულებებს ამა თუ იმ სქესზე;

ბ) გენდერული თანასწორობა – ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში;

გ) დისკრიმინაცია − ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებები;

დ) პირდაპირი დისკრიმინაცია − ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას სქესის ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ მეორე სქესის პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად;

ე) ირიბი დისკრიმინაცია − ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს სქესის ნიშნით არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს  ანალოგიურ პირობებში მყოფ მეორე სქესის პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად;

ვ) განსაკუთრებული ღონისძიება – ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს დისკრიმინაციული შედეგების გამოსწორებას და მიმართულია პირთა წრისადმი, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას გენდერული თავისებურებებიდან გამომდინარე;

ზ) თანასწორი შესაძლებლობები – ქალისა და მამაკაცის უფლებებისა და თავისუფლებების თანასწორობის მიღწევის საშუალებებისა და პირობების სისტემა;

თ) თანასწორი მოპყრობა – განათლების, შრომისა და სოციალური პირობების დადგენისას, საოჯახო ურთიერთობებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების სხვა სფეროებში ორივე სქესის პირთა თანასწორი უფლებებისა და შესაძლებლობების აღიარება, სქესის ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობა.

2. ამ კანონში სხვა ტერმინი, თუ არ არის სპეციალური მითითება, გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობით.

საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2394 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

 

თავი II. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები

    მუხლი 4. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები

1. სახელმწიფო ხელს უწყობს და უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლებებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.

2. გენდერული თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია:

ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორი ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები;

ბ) ქალისა და მამაკაცისათვის განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა და განათლების თავისუფალი არჩევანი სწავლების ყველა ეტაპზე;

გ) მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა;

დ) შვილებთან დაკავშირებული თანასწორი უფლებები და მოვალეობები;

ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლება-მოვალეობები – იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, რწმუნებულები, მშვილებლები;

ვ) ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა;

ზ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფლად არჩევა, თანამდებობრივი დაწინაურება, პროფესიული მომზადება/გადამზადება;

თ) საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავება პროფესიული ნიშნის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;

ი) თანასწორი მოპყრობა ქალისა და მამაკაცის მუშაობის ხარისხის შეფასებისას;

კ) თანაბარი სოციალური უზრუნველყოფა ქალისა და მამაკაცის ავადმყოფობისას და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში;

ლ) თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ქალისა და მამაკაცის ჯანმრთელობის დაცვისას;

მ) ქალისა და მამაკაცისათვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისას.

3. საქართველოს კანონმდებლობა გენდერული თანასწორობის შესახებ ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, ამ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.

    მუხლი 5. გენდერულ სფეროში სტატისტიკის წარმოება

გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ სტატისტიკურ ანგარიშებში შეიტანება სქესის ნიშნით განცალკევებული მონაცემები.

    მუხლი 6. გენდერული თანასწორობა შრომითი ურთიერთობებისას

1. შრომითი ურთიერთობებისას დაუშვებელია:

ა) პირის დევნა ან/და იძულება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას;

ბ) სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამამცირებელი, მტრული ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმების თანაბარ ხელმისაწვდომობას ორივე სქესის პირთათვის.

3. დასაქმებისას და შრომითი მოვალეობების შესრულებისას დასაშვებია სქესის ნიშნით პირთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენება ან/და მათთვის უპირატესობის მინიჭება, რაც გამომდინარეობს სამუშაოს არსიდან, სპეციფიკიდან ან მისი შესრულების პირობებიდან, ემსახურება კანონიერი მიზნის მიღწევას და არის მისი მიღწევის თანაზომიერი და აუცილებელი საშუალება.

4. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილია ორსული ქალებისა და მეძუძური დედებისათვის შრომის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც გამორიცხავს მათ საქმიანობას მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან გარემოში, აგრეთვე ღამის საათებში.

  საქართველოს 2014  წლის 2  მაისის კანონი №2394 - ვებგვერდი, 07.05.2014წ.

    მუხლი 7. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის  სახელმწიფო გარანტიები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში

1. ყველას აქვს საკუთარი შესაძლებლობის გათვალისწინებით პროფესიისა და სპეციალობის თავისუფლად არჩევის უფლება. ამ თანასწორობის უზრუნველყოფა ხდება ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობით, დისკრიმინაციის გარეშე.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის მიერ ყველა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღებაში თანასწორი პირობების შექმნას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესების განხორციელებაში მონაწილეობის ჩათვლით.

    მუხლი 8. საინფორმაციო რესურსების თანაბარი ხელმისაწვდომობა

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები ვალდებული არიან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყონ მათთან დაცული საჯარო ინფორმაციის მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირის სქესის ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად.

    მუხლი 9. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში

1. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში უზრუნველყოფილია მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა დისკრიმინაციის გარეშე.

2. დისკრიმინაციად არ განიხილება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე ორსული ქალისა და დედობის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები.

    მუხლი 10. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საოჯახო ურთიერთობებში

1. საოჯახო ურთიერთობებში, ქორწინებისა და განქორწინების დროს ქალი და მამაკაცი სარგებლობენ თანასწორი პირადი და ქონებრივი უფლებებით, მათ შორის, გვარის, პროფესიისა და საქმიანობის არჩევის უფლებით, და ეკისრებათ თანასწორი მოვალეობები. საოჯახო ურთიერთობებში არ დაიშვება უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებით დისკრიმინაცია ან უპირატესობის მინიჭება.

2. ოჯახში ქალსა და მამაკაცს თანასწორი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ შრომით და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის საკითხები.

3. შვილების აღზრდისა და ოჯახის სხვა საკითხებს მეუღლეები ერთად, ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. გარანტირებული და უზრუნველყოფილია მეუღლეთა მიერ საქმიანობისა და შვილების აღზრდის თანასწორი შესაძლებლობები.

4. ოჯახში მეუღლეთა მიერ გაწეულ შრომასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობები თანასწორია.

5. მეუღლეებს აქვთ ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, გამოყენებისა და განკარგვის თანასწორი უფლება.

6. მეუღლეებს თანასწორი უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ დასვენებასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში.

    მუხლი 11. თანასწორი საარჩევნო უფლებების გარანტიები

1. ყველას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში თანასწორი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე.

2. წარმომადგენლობით ორგანოში არჩევის უფლების რეალიზაციისას უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ორივე სქესის პირთა თანასწორი მონაწილეობის შესაძლებლობა.

3. ქალები და მამაკაცები შეიძლება არჩეულ იქნენ თანასწორი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე.

 

თავი III. გენდერული თანასწორობის დაცვაზე ზედამხედველობა

    მუხლი 12. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს პარლამენტის მიერ

1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.

2. საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გენდერულ საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.

3. გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია:

ა) (ამოღებულია - 28.04.2016, №5069);

ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;

გ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;

დ) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;

ე) შეიმუშაოს და დანერგოს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისათვის განხორციელებული ღონისძიებების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა, შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

ვ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ზ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;

თ) გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისას მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები;

ი) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

4. გენდერული თანასწორობის საბჭო წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს საქართველოში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ, ამზადებს ანგარიშებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე; გენდერული თანასწორობის საბჭო უფლებამოსილია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტი საერთაშორისო ურთიერთობებში.

5. გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზაციული სტრუქტურა, მუშაობის წესი და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით.

საქართველოს 2016 წლის 28  აპრილის კანონი 5069  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 121. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოების მიერ

1. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

2. ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების კანონმდებლობების თანახმად შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნიან გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ურთიერთობა განისაზღვრება შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს რეგლამენტით და გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო.

საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2290 - ვებგვერდი, 28.04.2014წ.

    მუხლი 13. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ

1. მუნიციპალიტეტის ორგანოები საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ამ კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად შეიმუშავებენ და ახორციელებენ ღონისძიებებს ადგილებზე დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად.

11. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის მუნიციპალურ გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო.

12. მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვის და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგებელი/მერი განსაზღვრავს შესაბამის გამგეობაში/მერიაში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, მუნიციპალური პროგრამები და გეგმები იმგვარად უნდა შემუშავდეს, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაცია.

3. სახელმწიფო ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უწევენ ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს მათ საქმიანობაში დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით.

საქართველოს 2014  წლის  5  თებერვლის კანონი №1964 - ვებგვერდი, 19.02.2014წ.

საქართველოს 2016 წლის 28  აპრილის კანონი  5069  - ვებგვერდი, 13.05.2016წ.

    მუხლი 14. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები გენდერული თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით

1. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს გენდერული თანასწორობის დარღვევაზე.

2. საქართველოს სახალხო დამცველი გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს მისთვის „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 15. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელი ღონისძიება

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, საჭიროების შემთხვევაში, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში განახორციელონ თავიანთი საქმიანობის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების ანალიზი.

    მუხლი 16. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 26 მარტი.

№2844–Iს

totop
ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.