დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 428-IIმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 02/04/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/04/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.05.001.102559 |
|
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 12.04.2010, მუხ. 100) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“. 2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობა – ადამიანის უფლებათა ნაწილი, რომელიც გულისხმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში თანასწორუფლებიან მონაწილეობას;“; გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) განსაკუთრებული ღონისძიება – ღონისძიება, რომლის მიზანია დისკრიმინაციული შედეგების გამოსწორება და რომელიც მიმართულია იმ პირთა წრისკენ, რომლებიც, სქესის თავისებურებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ;“. 3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები“. 4. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის გარანტიები“; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მიზნით, დისკრიმინაციის გარეშე უზრუნველყოფილია: ა) ქალისა და მამაკაცის თანასწორი ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები; ბ) ქალისა და მამაკაცისთვის განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობა და განათლების თავისუფალი არჩევანი სწავლების ყველა ეტაპზე; გ) მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა; დ) შვილებთან დაკავშირებული თანასწორი უფლებები და მოვალეობები; ე) ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებები და მოვალეობები – იყვნენ ბავშვთა მეურვეები, მზრუნველები, რწმუნებულები, მშვილებლები; ვ) ოჯახსა და საზოგადოებაში ძალადობის აღმოფხვრის ხელშეწყობა; ზ) პროფესიის ან სამუშაოს სახეობის თავისუფლად არჩევა, თანამდებობრივი დაწინაურება, პროფესიული მომზადება/გადამზადება; თ) საჯარო სამსახურში თანამდებობის პროფესიის, უნარ-ჩვევებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად დაკავება; ი) ქალისა და მამაკაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა მუშაობის ხარისხის შეფასებისას; კ) ქალისა და მამაკაცის თანაბარი სოციალური უზრუნველყოფა ავადმყოფობისას და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენისას; ლ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ჯანმრთელობის დაცვისას; მ) ქალისა და მამაკაცისთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნა ინფორმაციის ხელმისაწვდომობისას. 3. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებს.“. 5. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სტატისტიკის წარმოება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით ოფიციალურ სტატისტიკურ ანგარიშებში შეიტანება სქესის ნიშნით განცალკევებული მონაცემები.“. 6. მე-6 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა შრომითი ურთიერთობებისას“. 7. მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფის სახელმწიფო გარანტიები განათლებისა და მეცნიერების სფეროებში“. 8. მე-9 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ სფეროებში“; ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დისკრიმინაციად არ მიიჩნევა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობის, ოჯახის დაგეგმვისა და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის მიზნით განხორციელებული განსაკუთრებული ღონისძიებები, აგრეთვე ორსული ქალისა და დედის დაცვისკენ მიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, სქესის თავისებურებების გათვალისწინებით განხორციელებული სხვა ღონისძიებები.“. 9. 91 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას და ხელმისაწვდომობისას“. 10. მე-10 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა საოჯახო ურთიერთობებში“. 11. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვაზე ზედამხედველობა“. 12. მე-12 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, განიხილავს და ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიას, აკონტროლებს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას.“; გ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს მთავრობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საკითხებზე სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას. ამ უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება აღნიშნული უწყებათაშორისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“. 13. 121 მუხლი ამოღებულ იქნეს. 14. მე-13 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუნიციპალიტეტის მიერ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველყოფა“; ბ) 11 და 12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე სისტემური მუშაობისა და საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად ქმნის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალურ საბჭოს, რომლის შემადგენლობა, სტატუსი, ფუნქციები და უფლებამოსილება განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს შესაბამისი საკრებულო. 12. მუნიციპალიტეტში ქალთა უფლებების დაცვის საკითხების შესწავლის, განსახორციელებელი საქმიანობის დაგეგმვისა და ღონისძიებების კოორდინაციის მიზნით მუნიციპალიტეტის მერი განსაზღვრავს შესაბამის მერიაში ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.“. 15. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. საქართველოს სახალხო დამცველის უფლებამოსილებები ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვასთან დაკავშირებით 1. საქართველოს სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დაცვის მონიტორინგს და რეაგირებას ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის დარღვევაზე. 2. საქართველოს სახალხო დამცველი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უზრუნველსაყოფად ახორციელებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში უზრუნველყოს „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 12 ივნისის №286 დადგენილების ამ კანონთან შესაბამისობა. 2. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 2 აპრილი 2025 წ. N428-IIმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები