„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 1014
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2008
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 172, 03/12/2008
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1014
21/11/2008
სსმ, 172, 03/12/2008
430.210.000.22.022.012.412
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

პირველადი სახე (03/12/2008 - 07/03/2011)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №1014

2008 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 212 მუხლის მე-2 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „შ1.ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის 84 დადგენილების და „მასწავლებლის მომზადებისა და პროფესიული განვითარების კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 9 თებერვლის 29 დადგენილების შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დანართის შესაბამისად.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ნოდია

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნტის შესაბამისად, განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მასწავლებლის პროფესიულ ღირებულებებსა და ვალდებულებებს. სტანდარტი აერთიანებს მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ცალკეული საგნის მასწავლებლისათვის ზოგადი განათლების საფეხურების შესაბამისად.

2. სტანდარტი მიზნად ისახავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. სტანდარტი ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ყველა სახის მასწავლებელზე. სტანდარტი გამოიყენება აგრეთვე მასწავლებლობის მაძიებლის ცოდნის შეფასებისათვის.

    მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა

1. სტანდარტი შედგება 3 ნაწილისაგან:

ა) განვითარებისა და სწავლის თეორიები;

ბ) სწავლება და შეფასება;

გ) პროფესიული გარემო.

2. განვითარებისა და სწავლის თეორიების ნაწილი ასახავს მოსწავლის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებსა და სწავლის თეორიებს, რომლებიც აუცილებელია სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისათვის.

3. სწავლებისა და შეფასების ნაწილი აღწერს პედაგოგიური საქმიანობისათვის საჭირო მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებიც აუცილებელია ეფექტური სწავლისა და სწავლებისთვის.

4. პროფესიული გარემოს ნაწილი ასახავს პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს, რომლებიც მასწავლებელს ეხმარება კოლეგებთან ურთიერთობაში, საკუთარი პრაქტიკის დახვეწასა და კანონმდებლობის შესაბამისი პროფესიული საქმიანობის წარმართვაში.

თავი II

განვითარებისა და სწავლის თეორიები

    მუხლი 3. განვითარების თეორიები

მასწავლებელმა იცის მოსწავლის ასაკობრივი განვითარების ძირითადი კანონზომიერებები, იცნობს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის განვითარებაზე. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელმა იცის თუ როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად;

ბ) მასწავლებელი ავლენს მოსწავლის ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ძირითადი თეორიებისა და ფიზიკური განვითარების კანონზომიერების ცოდნას სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში;

გ) მასწავლებელი აცნობიერებს მოსწავლეების განვითარების ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს და მათ გავლენას სწავლებაზე და სწავლაზე;

დ) მასწავლებელმა იცის და ითვალისწინებს ოჯახური, საზოგადოებრივი და სხვა ფაქტორების გავლენას მოსწავლის განვითარებასა და სწავლაზე.

    მუხლი 4. სწავლის თეორიები

მასწავლებელმა იცის სწავლის ძირითადი თეორიები, იცნობს იმ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სწავლაზე და იცის, როგორ გამოიყენოს ეს ცოდნა მოსწავლის სწავლისა და განვითარების ხელშესაწყობად. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი ავლენს სწავლის ძირითადი თეორიების ცოდნას;

ბ) მასწავლებელმა იცის, თუ როგორ სწავლობს მოსწავლე სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და აცნობიერებს მათ მნიშვნელობას მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად;

გ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს ცოდნის აგებაში;

დ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაში.

თავი III

სწავლება და შეფასება

    მუხლი 5. სასწავლო გარემო

მასწავლებელმა იცის, როგორ შექმნას უსაფრთხო, მზრუნველი, ეფექტური, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო გარემო. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი აცნობიერებს პასუხისმგებლობას თითოეული მოსწავლის პიროვნულ და სოციალურ განვითარებაზე;

ბ) მასწავლებელი იცნობს ინკლუზიური განათლების, ასევე მულტიკულტურულ და მულტილინგვურ მიდგომებსა და პრინციპებს და იყენებდეს მას საკუთარი პრაქტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაში;

გ) მასწავლებელი აცნობიერებს კლასის სტრუქტურაში მოსწავლეთა არაფორმალური როლების მნიშვნელობას და ხელს უწყობდეს საკლასო ერთობის შექმნას;

დ) მასწავლებელმა იცის, როგორ ჩამოაყალიბოს მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობები, მოაგვაროს კონფლიქტები მშვიდობიანი გზით და ხელი შეუწყოს მოსწავლეებში ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;

ე) მასწავლებელმა იცის, როგორ მოაწყოს სასწავლო ფიზიკური გარემო ეფექტური სწავლებისათვის;

ვ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესისათვის აუცილებელი ღირებულებებისა და უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაში;

ზ) მასწავლებელმა იცის, როგორ იმოქმედოს უბედური შემთხვევის დროს ან აღმოუჩინოს მოსწავლეს ან კოლეგას პირველადი სამედიცინო დახმარება;

თ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეებს ეკოლოგიური ცნობიერების ჩამოყალიბებაში;

ი) მასწავლებელმა იცის გაკვეთილის დროის მართვის ეფექტიანი სტრატეგიები;

კ) მასწავლებელი აცნობიერებს კლასის მართვის სტილის გავლენას მოსწავლის განწყობაზე, ქცევასა და სწავლის შედეგებზე;

ლ) მასწავლებელმა იცის, როგორ მართოს მოსწავლეების ქცევა წყვილებში, დიდ და მცირე ჯგუფებში, როგორ ასწავლოს თანამშრომლობითი ურთიერთობები და ხელი შეუწყოს აზრის გაბედულად გამოხატვას;

მ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი ქცევის დამოუკიდებლად შეფასებისა და მართვის უნარის ჩამოყალიბებაში;

ნ) მასწავლებელს შეუძლია ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება საგნის ეფექტურად სწავლების მიზნით;

ო) მასწავლებელი პროფესიულად ფლობს სწავლების ენას.

    მუხლი 6. მოტივაცია და კომუნიკაცია

მასწავლებელმა იცის მოტივაციისა და კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგია და იყენებს ამ ცოდნას საკუთარ პრაქტიკაში. ამ მიზნით მასწავლებელმა:

ა) იცის სწავლის მოტივაციის ამაღლების სტრატეგიები და აანალიზებს მათ შესაძლო შედეგს კონკრეტულ სიტუაციაში;

ბ) იცის, როგორ გაუღვივოს მოსწავლეებს შემეცნებითი ინტერესი და სწავლის ღირებულების მიმართ გაცნობიერებული დამოკიდებულება;

გ) იცის და ითვალისწინებს, რა გავლენას ახდენს კომუნიკაციაზე მოსწავლეთა თავისებურებები;

დ) იცის და იყენებს კომუნიკაციის სხვადასხვა სტრატეგიას მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს კონკრეტული სასწავლო მიზნების მისაღწევად;

ე) იცის, როგორ გამოიყენოს კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხი კოლეგებთან, მშობლებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობებისთვის;

ვ) იცის, როგორ განუვითაროს მოსწავლეს ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევა.

    მუხლი 7. სასწავლო პროცესი

მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების შესაბამისად. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელმა იცის სასწავლო პროცესის დაგეგმვა ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნების, მოსწავლეთა ინდივიდუალური თავისებურებების, დროითი და სასწავლო რესურსების გათვალისწინებით;

ბ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს შეფასების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია და შეუძლია გრძელვადიანი და მოკლევადიანი სასწავლო გეგმების შედგენა;

გ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაამყაროს საგანთა შორის კავშირი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგების და პროგრამების დონეზე;

დ) მასწავლებელმა იცის, როგორ დაგეგმოს სწავლება კოლეგებთან ერთად;

ე) მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნა და ამ გეგმის მიხედვით სწავლება და შეფასება.

    მუხლი 8. შეფასების მეთოდები

მასწავლებელმა იცის შეფასების სხვადასხვა ფორმა, აცნობიერებს ურთიერთკავშირს სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის, იცის, როგორ გამოიყენოს შეფასების სხვადასხვა მეთოდი შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისათვის. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელმა იცის და იყენებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა ფორმას;

ბ) მასწავლებელი აცნობიერებს შეფასების ძირითად პრინციპებს და იცავს მათ საკუთარ პრაქტიკაში;

გ) მასწავლებელმა იცის და იყენებს შეფასების შედეგებიდან მიღებულ მონაცემებს სწავლების გასაუმჯობესებლად;

დ) მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს, გამოიყენონ მასწავლებლის შეფასება, თანატოლების შეფასება და თვითშეფასება საკუთარი თავისადმი რწმენის ჩამოყალიბებაში, სხვათა შესაძლებლობების შეფასება/აღიარებასა და საკუთარი შედეგების გაუმჯობესებაში.

    მუხლი 9. სწავლების სტრატეგია და მეთოდები

მასწავლებელს შეუძლია სწავლების სხვადასხვა მეთოდისა და სტრატეგიის გამოყენება თითოეული მოსწავლის ეფექტიანი სწავლისა და წინსვლისათვის. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი ავლენს სწავლების სხვადასხვა მეთოდის ცოდნას და შეუძლია მათი გამოყენება სასწავლო კონტექსტის შესაბამისად;

ბ) მასწავლებელი ავლენს სწავლების იმ მეთოდების ცოდნას, რომელიც დაეხმარება ყველა მოსწავლეს შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენასა და სასწავლო მიზნების მიღწევაში;

გ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს სწავლების პროცესში სხვადასხვა მეთოდი მოსწავლეებში შემეცნებითი და სოციალური უნარების გასავითარებლად.

თავი IV

პროფესიული გარემო

    მუხლი 10. კოლეგებთან ურთიერთობა

მასწავლებელმა იცის კოლეგებთან ეფექტური თანამშრომლობითი ურთიერთობის ფორმები. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელმა იცის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან პროდუქტიული თანამშრომლობის მეთოდები საკუთარი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით;

ბ) მასწავლებელი თანამშრომლობს კოლეგებთან მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და აღზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადასაწყვეტად;

გ) მასწავლებელმა იცის საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმები სასწავლო რესურსების მოძიების მიზნით;

დ) მასწავლებელი ხელს უწყობს კოლეგებს პროფესიულ განვითარებაში;

ე) მასწავლებელმა იცის, როგორ შეუწყოს ხელი ახალბედა მასწავლებელს პრაქტიკული საქმიანობის დაწყებაში.

    მუხლი 11. თვითშეფასება და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

მასწავლებელმა იცის, როგორ შეაფასოს საკუთარი გამოცდილება, განაახლოს პროფესიული ცოდნა და გააუმჯობესოს პროფესიული საქმიანობა. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელს შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს საკუთარი სამუშაო გამოცდილება და იზრუნოს მის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე;

ბ) მასწავლებელს შეუძლია საკუთარი პრაქტიკის კვლევა, პედაგოგიური საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით;

გ) მასწავლებელმა იცის, როგორ გამოიყენოს პროფესიული განვითარების სხვადასხვა საშუალება და რესურსი პროფესიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გასავითარებლად;

დ) მასწავლებელს შეუძლია გააანალიზოს პროფესიული ლიტერატურა და გამოიყენოს ის საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის შეფასებისა და გაუმჯობესებისათვის.

    მუხლი 12. სამართლებრივი აქტების ცოდნა

მასწავლებელი იცნობს პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ბაზას. ამ მიზნით:

ა) მასწავლებელი იცნობს და ხელმძღვანელობს პედაგოგიური საქმიანობის შესახებ არსებული ძირითადი ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით;

ბ) მასწავლებელმა იცის და იცავს მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს;

გ) მასწავლებელი იცნობს და იცავს ეთიკის ნორმებს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან ურთიერთობის დროს;

დ) მასწავლებელი აცნობიერებს სამართლებრივ და ეთიკის მოთხოვნებს სასწავლო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით;

ე) მასწავლებელს შეუძლია სახელმწიფო ენაზე სასწავლო პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტებისა და ლიტერატურის გაგება.

    მუხლი 13. მოსწავლის ინტელექტუალური და სოციალური განვითარების თეორიების, სწავლის ძირითადი თეორიებისა და სამართლებრივი აქტების ჩამონათვალის დამტკიცება

ამ სტანდარტის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განვითარების თეორიებისა და სწავლის ძირითადი თეორიებისა და მათი ავტორების, ასევე მე-12 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი მტკიცდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

თავი V

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში

    მუხლი 14. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში

1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება ზეპირ მეტყველებაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) სხვათა მეტყველების, მოსაზრების (დამოკიდებულების) მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;

ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პერიფრაზირება, ჩანიშვნა და ა.შ.);

გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა სამეტყველო სიტუაციისა და აუდიტორიის გათვალიწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური გამოყენება;

დ) მართლმეტყველების წესების დაცვა, აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;

ე) ვერბალური (მაგ.: ყურადღების მისაპყრობად რიტორიკული შეკითხვები, ჩანართები) და არავერბალური (მაგ.: მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა) საშუალებების ეფექტური გამოყენება;

ვ) ზეპირი გამოსვლის მოსამზადებელი სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა).

2. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება კითხვაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) სხვადასხვა ტიპის (მხატვრული და არამხატვრული), სტილისა და ჟანრის ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, თემატური, იდეური, ფუნქციური და კომპოზიციური თვალსაზრისით;

ბ) ტექსტის ანალიზი სტრუქტურისა და ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;

გ) კითხვის სტრატეგიების გამოყენება.

3. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება წერაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით;

ბ) წერის სათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნის და აუდიტორიის განსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა და რედაქტირება-კორექტირება).

    მუხლი 15. ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების უნარ-ჩვევები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ქართულს როგორც მეორე ენას, გააჩნია შემდეგი უნარ-ჩვევები:

ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება ქართულის, როგორც მეორე ენის, მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

ბ) შეუძლია ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების მეთოდების გამოყენება საკომუნიკაციო უნარების (მოსმენა, ლაპარაკი, წერა და კითხვა) გასავითარებალად;

გ) შეუძლია არაქართულენოვან მოსწავლეთა საჭიროებებისა და ენობრივი შესაძლებლობების შეფასება სწავლების სტრატეგიის შესარჩევად;

დ) ქართული გრამატიკის სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინება და ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებს მის ათვისებას;

ე) მოსწავლეთა ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად მულტისენსორული მეთოდების გამოყენება, სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების შექმნა.

    მუხლი 16. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და ასევე მასწავლებელს, რომელიც ასწავლის ქართულს, როგორც მეორე ენას, გააჩნია შემდეგი პროფესიული ცოდნა:

ა) ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ:

ა.ა) ქართული ენის ბუნება. ენის რაობა და ფუნქციები. ენა და მეტყველება.

ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები:

ბ.ა) ასო და ბგერა. მარცვალი. ძირითადი ფონეტიკური პროცესები. ინტონაცია. პაუზა.

გ) გრამატიკა:

გ.ა) მეტყველების ნაწილები. წინადადება, წინადადების წევრები, წინადადების სახეები შინაარსისა და აგებულების მიხედვით.

დ) ლექსიკოლოგია:

დ.ა) სიტყვების სემანტიკა, სიტყვათა სემანტიკური და ლექსიკური კავშირები, სიტყვაწარმოება და სიტყვათწარმოქმნა.

ე) ორთოგრაფია:

ე.ა) ორთოგრაფიული წესები და ნორმები.

ვ) პუნქტუაცია:

ვ.ა) პუნქტუაციის წესები.

ზ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:

ზ.ა) ტექსტისა და წინადადების კომპონენტები (თავი, ფრაგმენტი, აბზაცი);

ზ.ბ) წინადადებათა გადაბმის სახეები (ჯაჭვური, პარალელური, შერეული);

ზ.გ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი;

ზ.დ) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (ყოფითი, მხატვრული, შემეცნებითი და ა.შ.);

ზ.ე) ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: ტროპული მეტყველება და სტილური ფიგურები (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, ჰიპერბოლა, შედარება, გაპიროვნება, განმეორება, პარალელიზმი...), ფრაზეოლოგიზმები, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი და სხვ.;

თ) ლიტერატურა: ფოლკლორული ჟანრები: ზღაპარი, ბალადა, ლექსები, თქმულებები, ლეგენდები (ქართული და უცხოური), მითები (ქართული და უცხოური); ბიბლიური მოთხრობები და იგავები; ქართველ და უცხოელ კლასიკოსთა ცნობილი პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; ლიტერატურული ზღაპრები; მოთხრობები; კომიქსები; იგავ-არაკები, დიდაქტიკური ხასიათის თხზულებები; ენის გასატეხები, გამოცანები, ანდაზები, ლექსები (საბავშვო, ლირიკული და სიუჟეტიანი); გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები და მოგონებები;

ი) ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების თეორიები და მეთოდები (კომუნიკაციური, ევრისტიკული, ინდუქციური და სხვა).

თავი VI

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მათემატიკაში

    მუხლი 17. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს აქვს შემდეგი უნარ-ჩვევები მათემატიკაში:

ა) მიმართულება – რიცხვები და მოქმედებები:

ა.ა) რიცხვების ადეკვატურად გამოყენება სხვადასხვა ასპექტში. რიცხვით სისტემებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით, პოზიციური სისტემების გამოყენება, რიცხვების კლასიფიკაცია;

ა.ბ) ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებების გამოყენება, მათ შორის, კავშირების დასაბუთება და მათი გამოყენება;

ა.გ) რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;

ა.დ) ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება (მათ შორის, რეალურ ვითარებაში).

ბ) მიმართულება – კანონზომიერებები და ალგებრა:

ბ.ა) განტოლებისა და უტოლობის ამოხსნა და მათი გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.

გ) მიმართულება – გეომეტრია და სივრცის აღქმა:

გ.ა) გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება. გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება;

გ.ბ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად;

გ.გ) გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება გეომეტრიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას;

გ.დ) სივრცით ფიგურასა და მის შლილებს შორის კავშირების დადგენა.

დ) მიმართულება – მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:

დ.ა) მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების ადეკვატურად გამოყენება დასმული ამოცანის ამოსახსნელად. მონაცემთა წარმოდგენის ხერხების ინტერპრეტირება;

დ.ბ) მონაცემთა მოპოვების ხერხების ადეკვატურად შერჩევა და მათი გამოყენება დასმული ამოცანის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად;

დ.გ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით; შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება.

    მუხლი 18. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში

1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ალგებრისა და ანალიზის საწყისებში იცის:

ა) სიმრავლე, სიმრავლეებს შორის მიმართებები, მოქმედებები სასრულ სიმრავლეებზე, სიმრავლე, ქვესიმრავლე, ორი სიმრავლის ტოლობა, ცარიელი სიმრავლე. ელემენტარული ოპერაციები სიმრავლეებზე, სიმრავლეთა გაერთიანება, თანაკვეთა, სხვაობა, სიმრავლის დამატება;      

ბ) მთელი რიცხვები. მარტივი და შედგენილი რიცხვები. გამყოფი და ჯერადი, არითმეტიკული მოქმედებები მთელ რიცხვებზე, მთელი რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად. დაშლის ერთადერთობა (არითმეტიკის ძირითადი თეორემა), რამდენიმე მთელი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა, გაყოფადობის ნიშნები და მათი კავშირი ათობით პოზიციურ სისტემასთან, ნაშთი;

გ) რაციონალური რიცხვები, რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით. რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე. რიცხვითი გამოსახულებები, მოქმედებათა თანმიმდევრობა რიცხვით გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები, რიცხვითი უტოლობები და მათი თვისებები, რიცხვის ჩაწერის ათობითი პოზიციური სისტემა;

დ) რიცხვითი ღერძი. რიცხვითი შუალედები, წერტილის კოორდინატი, ნამდვილი რიცხვის შესაბამისი წერტილის გამოსახვა რიცხვით ღერძზე;

ე) რიცხვის მოდული, მოდულის ძირითადი თვისებები და მისი გეომეტრიული აზრი;

ვ) პროპორცია, პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით, პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულება სიდიდეებს შორის;

ზ) რიცხვის პროცენტი და ნაწილი, რიცხვის პროცენტისა და ნაწილის პოვნა, რიცხვის პოვნა მისი პროცენტით ან ნაწილით, რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით;

თ) ხარისხი, ხარისხი ნატურალური მაჩვენებლით, ნამრავლის, ფარდობისა და ხარისხის ახარისხება. ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;

ი) ალგებრული გამოსახულება, მოქმედებები გამოსახულებებზე. გამოსახულების გარდაქმნა და მისი რიცხვითი მნიშვნელობის გამოთვლა;

კ) მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე, წერტილის კოორდინატები, რიცხვთა წყვილის შესაბამისი წერტილის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე;

ლ) კუთხის ზომა, კუთხის გრადუსული ზომა;

მ) განტოლება, უტოლობა, წრფივი განტოლებისა და უტოლობის ამონახსნის ცნებები. მათი ამოხსნის მეთოდები, ტოლფასი განტოლებები;

ნ) პრობლემების გადაჭრა განტოლებისა და უტოლობის გამოყენებით, ტექსტური ამოცანების ამოხსნა განტოლებისა და უტოლობის გამოყენებით, პრობლემის ადეკვატური მოდელის შედგენა განტოლებისა და უტოლობის გამოყენებით;

ო) კომბინატორიკის ელემენტები, გადანაცვლებათა, ჯუფთებათა და წყობათა რაოდენობების გამოთვლა.

2. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა გეომეტრიაში იცის:

ა) ძირითადი გეომეტრიული ობიექტები და ცნებები (პლანიმეტრია), წერტილი, წრფე. სხივი, მონაკვეთი, ტეხილი, მანძილი ორ წერტილს შორის. მონაკვეთის სიგრძე, ტეხილის სიგრძე, კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები;

ბ) წრფეების ურთიერთგანლაგება, კუთხე ორ წრფეს შორის. წრფეთა მართობულობა. წრფეთა პარალელობა;

გ) მრავალკუთხედი. ამოზნექილი მრავალკუთხედი, გვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი, პერიმეტრი, ამოზნექილი ფიგურის განსაზღვრება, ამოზნექილი მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი;

დ) სამკუთხედი, სამკუთხედის გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე და მათი თვისებები, სამკუთხედები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა და მათი თვისებები, სამკუთხედის კუთხეების ჯამი. სამკუთხედის გარე კუთხის თვისება. სამკუთხედის შუახაზის თვისებები, სამკუთხედების ტოლობის ნიშნები. სამკუთხედების მსგავსების ნიშნები. მსგავსი სამკუთხედების პერიმეტრებისა და ფართობების შეფარდება, მანძილის თვისება. სამკუთხედის უტოლობა, მართკუთხა სამკუთხედი. პითაგორას თეორემა;

ე) პარალელოგრამი, პარალელოგრამის გვერდების, კუთხეებისა და დიაგონალების თვისებები, პარალელოგრამობის ნიშნები, რომბის დიაგონალების თვისებები, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობა. მართკუთხედის სიმეტრიის ღერძები, კვადრატი და მისი თვისებები;

ვ) ტრაპეცია, ტრაპეციის ელემენტები: ფუძე, ფერდი, სიმაღლე, ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები;

ზ) ბრტყელი ფიგურის ფართობი, ტოლი ფიგურების ფართობების ტოლობა, ბრტყელი ფიგურის ფართობის კავშირი მისი შემადგენელი ნაწილების ფართობებთან, კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის, რომბის და ტრაპეციის ფართობი;

თ) წრეწირი და წრე, ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი, სეგმენტი, მხები;

ი) გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე. გადაადგილება, ღერძული და ცენტრული სიმეტრიები, მობრუნება, პარალელური გადატანა, გეომეტრიული გარდაქმნების კომპოზიციები;

კ) მრავალწახნაგა, მრავალწახნაგას შემადგენელი ელემენტები: წვერო, წიბო, წახნაგი, წესიერი მრავალწახნაგები (პლატონისეული სხეულები), კავშირი მრავალწახნაგას შემადგენელი ნაწილების რაოდენობებს შორის, კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილებისა და კვეთების აგება, ამ სხეულების ამოცნობა მათი შლილების საშუალებით;

ლ) სივრცითი სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი, ტოლი სხეულების მოცულობების ტოლობა, კავშირი სხეულის მოცულობასა და მისი შემადგენელი სხეულების მოცულობათა შორის, კუბის და პარალელეპიპედის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოთვლა;

მ) ზომის ერთეულები, სიგრძის, ფართობის, მოცულობის, მასის, დროის, სიჩქარის ერთეულები და კავშირები მათ შორის;

ნ) მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა, მონაცემთა წარმოდგენა, სია, ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა: წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული, მონაცემთა მახასიათებლებლები, ცენტრალური ტენდენციის საზომები (საშუალო, მედიანა, მოდა).

თავი VII

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

    მუხლი 19. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში შეუძლია:

ა) მოვლენის არსის განსაზღვრა;

ბ) მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;

გ) კვლევის საგნის განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა;

დ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად მონაცემების სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., ექსპერიმენტის, უშუალო დაკვირვების ან საინფორმაციო წყაროებიდან) მოპოვება;

ე) მონაცემთა კლასიფიცირება (დახარისხება) სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით;

ვ) მონაცემების სხვადასხვა სახით (ფორმით, ხერხით) წარმოდგენა;

ზ) კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება;

თ) სტრუქტურების და პროცესების მოდელირება;

ი) პრაქტიკულ სამუშაოებთან (ცოცხალ ორგანიზმებთან, ქიმიურ რეაქტივებთან ან ფიზიკურ მოვლენებთან) დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და მათი პრევენცია;

კ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვა ზოგად ისტორიულ ჭრილში;

ლ) საბუნებისმეტყველო სფეროში დაგროვილი (არსებული) ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;

მ) საბუნებისმეტყველო პრობლემების მდგრადი განვითარების ჭრილში განხილვა;

ნ) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;

ო) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაკავშირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან;

პ) მეცნიერული ტერმინოლოგიით მეტყველება (წერითი და ზეპირი);

ჟ) საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება.

    მუხლი 20. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში იცის:

ა) სასიცოცხლო პროცესები:

ა.ა) კვება ზრდა, მოძრაობა გამრავლება. ამ პროცესების მნიშვნელობა ორგანიზმისათვის.

ბ) ორგანიზმთა მრავალფეროვნება და მათი კლასიფიკაცია:

ბ.ა) მსხვილი ტაქსონომიური ერთეულების (სამეფო, ტიპი, კლასი) დამახასიათებელი ნიშნები, ტიპობრივი წარმომადგენლები. კლასიფიკაცია.

გ) ცხოველები:

გ.ა) ხერხემლიანი ცხოველები. უხერხემლო ცხოველები. აგებულება. ცხოვრების ნირი. გავრცელება.

დ) მცენარეები:

დ.ა) ყვავილოვანი – არაყვავილოვანი მცენარეები. აგებულება. გავრცელება.

ე) მიკროორგანიზმები:

ე.ა) მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება. ცხოველმოქმედების შედეგები.

ვ) ადამიანი:

ვ.ა) აგებულება. სასიცოცხლო საჭიროებები. პირადი ჰიგიენა;

ზ) სასიცოცხლო ციკლი:

ზ.ა) სასიცოცხლო ციკლის სტადიები;

თ) ცოცხალ ორგანიზმთა შეგუება გარემოსთან:

თ.ა) სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეები და მათი მნიშვნელობა. გადაშენებული ორგანიზმები, ორგანიზმთა გადაშენების მიზეზები.

ი) ეკოსისტემები:

ი.ა) ეკოსისტემის კომპონენტები: ბიოტური და აბიოტური. საქართველოს ტიპობრივი ეკოსისტემები. საქართველოში გავრცელებული სახეობები;

კ) კვებითი კავშირები:

კ.ა) კვებითი ჯაჭვები. ორგანიზმების როლი ეკოსისტემაში: პროდუცენტები, კონსუმენტები, რედუცენტები;

ლ) მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები და მისი ნაწილები:

ლ.ა) რელიეფის მნიშვნელოვანი ფორმები (მთა, მთათა სისტემა, ქედი, ზეგანი, ვაკე, დაბლობი, ქვაბული . . . );

ლ.ბ) ჰიდროსფეროს შემადგენელი ნაწილები (ოკეანეები, ზღვები, ყურეები…) და მათი გამოყენება;

ლ.გ) სასმელი წყლის რესურსები (ჭა, წყარო, მტკნარი წყალსაცავი, მიწისქვეშა წყლები), მათი გამოყენება და დაცვა;

ლ.დ) გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები (ფორმა, სიმაღლე, სიღრმე);

ლ.ე) კონტინენტების მახასიათებლები (რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, ცოცხალი ორგანიზმები, მოსახლეობა);

ლ.ვ) კონტინენტების და ოკეანეების მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების შედარება.

მ) დედამიწაზე გავრცელებული ბიომები:

მ.ა) წვიმიანი ტყეები, ნათელი ტყეები, ველები (სტეპები, პამპასები, პრერიები), უდაბნო, ნახევარუდაბნო, ზომიერი სარტყლის ტყეები, ტაიგა, ტუნდრა, მუდმივი გამყინვარების ზონა.

ნ) ბუნებრივი რესურსები:

ნ.ა) ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია; ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.

ო) ბუნებრივი მოვლენები, გარემოს ცვლილება:

ო.ა) ეროზია და გამოფიტვა; ნალექები, ქარი; ბუნებრივი ბარიერები; სტიქიური მოვლენები; ბუნებრივი და ხელოვნური გარემო.

პ) სივრცეში ორიენტაცია:

პ.ა) გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სასწავლო რუკები, ატლასი); ჰორიზონტის მხარეები, ადგილის გაგნება, კომპასი; მასშტაბი, რუკაზე ობიექტების, მოვლენების და პროცესების გამოსახვის ხერხები, რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები); საკოორდინატო ბადე, ეკვატორი, ტროპიკები და პოლარული წრეები.

ჟ) პერიოდული მოვლენები და ამინდი:

ჟ.ა) დედამიწის ბრუნვა ღერძისა და მზის გარშემო და მისი შედეგები – დღე-ღამის ცვლა. წელიწადის დროები. სეზონური რიტმიკა. სითბოს და სინათლის განაწილება დედამიწაზე. ამინდის პროგნოზი;

ჟ.ბ) მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების პრინციპი; ამინდისა და კლიმატის განსხვავება;

ჟ.გ) ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფერობში სეზონების უთანაბრი ცვლა. სითბური სარტყელები.

რ) კოსმოსური სხეულები და ასტრონომიული მოვლენები:

რ.ა) პლანეტები, ვარსკვლავები, კომეტები, ასტეროიდები, მეტეორები, მეტეორიტები;

რ.ბ) დედამიწის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობა, მოძრაობის მოდელები. მზისა და მთვარის დაბნელება; ძველი ხალხის წარმოდგენები კოსმოსზე;

რ.გ) კოსმოსის შესწავლის ტექნოლოგიები.

ს) ენერგია:

ს.ა) მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული ენერგია;

ს.ბ) ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები, მათი გამოყენება;

ს.გ) სითბური ენერგიის გადაცემის გზები (კონვექცია, გამოსხივება, გამტარებლობა);

ს.დ) ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა, ენერგიის მარაგი ცოცხალ ორგანიზმებში;

ს.ე) ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორეში. ენერგიის მუდმივობის კანონი მექანიკაში.

ტ) ნივთიერება:

ტ.ა) ნივთიერებათა თვისებები. ნივთიერებათა ცვლილებები, მათი გამომწვევი მიზეზები. ნივთიერება და ნარევი. ნარევის კომპონენტებად დაყოფა.

უ) მასალები და მათი თვისებები:

უ.ა) ბუნებრივი და ხელოვნური მასალები. მასალათა თვისებები (ფერი, თბოგამტარობა, დრეკადობა, გამჭვირვალობა და სხვ.), მათი გამოყენება.

ფ) სითბური მოვლენები, აგრეგატული მდგომარეობები:

ფ.ა) ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები, გადასვლა ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში. ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების დროს;

ფ.ბ) გამყარება-დნობა. აორთქლება-კონდენსაცია, დუღილი, დუღილის ტემპერატურა;

ფ.გ) ნივთიერებათა სითბური გაფართოება, წყლის ანომალია;

ფ.დ) სითბოს ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები;

ფ.ე) თბოგამტარები და თბოიზოლატორები;

ფ.ვ) თბორეგულაციის მექანიზმები ორგანიზმებში.

ქ) ელექტროსტატიკა:

ქ.ა) ორგვარი ელექტრული მუხტი. მუხტის მუდმივობის კანონი. სხეულთა დამუხტვა გავლენით და ხახუნით. ელექტრული ველი. დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება. ელ. მოვლენები ბუნებაში. კულონის კანონი.

ღ) სხეულთა მოძრაობა და ურთიერთქმედება:

ღ.ა) სხეულის სიჩქარის ცვლილების მიზეზები, მოქაჩვა, ბიძგი;

ღ.ბ) მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი). ტრაექტორია, გადაადგილება, წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე, საშუალო და მყისი სიჩქარე, მოძრაობის ფარდობითობა;

ღ.გ) სხეულთა ურთიერთქმედება, ძალა. სიმძიმის, ხახუნის (უძრაობის და სრიალის), დრეკადობის ძალები. ნიუტონის კანონები, მასა – ინერტულობის საზომი. მასა და წონა. სიმკვრივე. მსოფლიო მიზიდულობის კანონი;

ღ.დ) სიმძიმის ცენტრი, წონასწორობა (მდგრადი, არამდგრადი, განურჩეველი);

ღ.ე) მარტივი მექანიზმები. მექანიკის ოქროს წესი.

ყ) მექანიკური რხევები და ტალღები:

ყ.ა) რხევა, რხევის მახასიათებელი პარამეტრები;

ყ.ბ) განივი და გრძივი ტალღა, ტალღის სიგრძე, ტალღის სიჩქარე, ტალღის არეკვლა. ბგერა, ბგერის წყაროები, ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა. ბგერითი სიგნალების გადაცემა და მიღება ორგანიზმებში. სმენის ორგანოები. ექოს წარმოქმნა. ხმამაღლობა, ტონის სიმაღლე. ულტრაბგერა და ინფრაბგერა.

შ) სინათლე:

შ.ა) სინათლის ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები. სინათლის გავრცელება ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში. სინათლის, არეკვლა, გარდატეხა.

ჩ) ელექტრული დენი:

ჩ.ა) ელექტროგამტარები და იზოლატორები. დენის წყაროები. დენის ძალა, ძაბვა, გამტარის წინაღობა. ომის კანონი წრედის უბნისათვის. გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთება, მარტივი ელექტრული წრედი. ელექტრული ენერგიის გადაცემის გზები.

ც) მაგნიტი:

ც.ა) მაგნიტი, მაგნიტური ველი.

ძ) გარემოს დაცვა:

ძ.ა) მდგრადი განვითარების პრინციპები. ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები); დაცული ტერიტორიები და მათი შექმნის აუცილებლობა; წითელი წიგნი; ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენება (ხეების ჭრა, ბრაკონიერობა). ენერგიის დაზოგვის მნიშვნელობა.

წ) ჯანმრთელობა. პირადი ჰიგიენა, უსაფრთხოება:

წ.ა) ჯანსაღი ცხოვრების წესი. ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემო ფაქტორები და მათგან თავის დაცვის წესები, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები. მავნე ჩვევების (ნიკოტინის, ნარკოტიკის, ალკოჰოლის მოხმარება) გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.

თავი VIII

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში

    მუხლი 21. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში

დაწყებითი საფეხურის საქართველოს ისტორიის, საქართველოს გეოგრაფიისა და სხვა საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელმა იცის:

ა) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული დრო. ქრონოლოგიური ერთეულებისა (წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენება, გეოქრონოლოგია – ჰიდროსფეროს, ატმოსფეროს, კონტინენტებისა და სიცოცხლის წარმოშობა, ისტორიული მოვლენებისა და ფაქტების შესაბამის ისტორიულ ეპოქებთან დაკავშირება;

ბ) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული სივრცე. საქართველოსა და მსოფლიოს პოლიტიკურ, ფიზიკურ და ისტორიულ რუკაზე ადგილის, მოვლენებისა და პროცესების ამოცნობა;

გ) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული ინტერპრეტაცია. ისტორიული წარსულის ამსახველი სხვადასხვა საშუალების დასახელება და მათზე მსჯელობა (მაგ.: სახელმძღვანელოს ტექსტი და სხვა წერილობითი მასალა, ილუსტრაციები, ღია ბარათები, ფოტოები, კინოფილმები და სხვ.), ისტორიული წყაროების ტენდენციურობაზე მსჯელობა (ესმის, რომ სხვადასხვა წყარო ერთსა და იმავე მოვლენაზე ხშირად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის; ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა ამა თუ იმ კონკრეტული წყაროს ტენდენციურობა), სხვადასხვა ფორმატში მოცემული გეოგრაფიული ინფორმაციის მოსწავლეთათვის გასაგებ ფორმატში წარმოჩენა (მაგ.: რუკაზე მოცემული ინფორმაციის ცხრილის ან სქემის სახით გამოსახვა);

დ) მიმართულება – ისტორიული და გეოგრაფიული კვლევა. ისტორიულ და გეოგრაფიულ თემატიკაზე კითხვების დასმა და კითხვებზე პასუხის გაცემა, სხვადასხვა ისტორიული და გეოგრაფიული წყაროს საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება, მარტივი ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება;

ე) მიმართულება – კომუნიკაცია. ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე მსჯელობა და მათ შესახებ საკუთარი აზრის გამოთქმა, ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე აღწერილობითი თემის დაწერა.

    მუხლი 22. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში იცის:

ა) ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის საგანი:

ა.ა) დრო და კალენდარი:

ა.ა.ა) ისტორიული დროის ერთეულები: წელი, საუკუნე, ათასწლეული, წელთაღრიცხვის სისტემა; კალენდარი და დროის აღრიცხვის სისტემა.

ა.ბ) რუკა და სხვა გეოგრაფიული საშუალებები:

ა.ბ.ა) გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სასწავლო რუკები, ატლასი); ჰორიზონტის მხარეები, ადგილის გაგნება, კომპასი; მასშტაბი, რუკაზე გამოსახული ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების გამოსახვითი ხერხები, რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები).

ა.გ) გეოგრაფიული მდებარეობა და საზღვრები:

ა.გ.ა) ფიზიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური მდებარეობა, საზღვრების მნიშვნელობა;

ა.დ) ბუნებრივი რესურსი, მათი კლასიფიკაცია, გარემო და ადამიანის ზემოქმედება, ბუნებისადმი რაციონალური დამოკიდებულება.

ა.ე) მსოფლიო კლიმატი:

ა.ე.ა) დედამიწის ბრუნვა ღერ ისა და მზის გარშემო და მისი შედეგები: დღე-ღამის ცვლა; წელიწადის დროების ცვლა;

ა.ე.ბ) სითბოსა და სინათლის განაწლება დედამიწაზე; ამინდის პროგნოზი; მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების პრინციპი; ამინდისა და კლიმატის განსხვავება; ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში სეზონების უთანაბრო ცვლა;

ა.ე.გ) სითბური სარტყელები; კლიმატის გავლენა ადამიანის ყოფაზე.

ა.ვ) კონტინენტები, ოკეანეები, ნახევარსფეროები:

ა.ვ.ა) კონტინენტების მდებარეობა, ფართობი, სახასიათო ბუნება (ზონები, მცენარეულობა, ცხოველთა სამყარო), მთები, მდინარეები, ტბები, მოსახლეობა, ძირითადი ქვეყნები და ქალაქები.

ა.ზ) პრეისტორიული ეპოქა:

ა.ზ.ა) ადამიანის წარმოშობა და განვითარება; მისი განსახლება მსოფლიოში და საქმიანობა; უძველესი რელიგიური წარმოდგენები; პრეისტორიული ეპოქის ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზე.

ა.თ) უძველესი ცივილიზაციები:

ა.თ.ა) ძველი ეგვიპტე (ეგვიპტის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; მიწათმოქმედებაზე დაფუძნებული ეკონომიკა; სახელმწიფო წყობა; კულტურა და რელიგია). შუამდინარეთი (შუამდინარეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; მოსახლეობა და მისი საქმიანობა; შუმერთა ქალაქ-სახელმწიფოები; შუმერთა დამწერლობა, მითები და ღმერთები, ძველი ბაბილონი; ჰამურაბის კანონები). ინდოეთი (ინდოეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა და ბუნებრივი პირობები; მოსახლება და მისი საქმიანობა; მოჰენჯო- დარო და ჰარაფა; არიელთა მიგრაცია; ინდუიზმი; კასტური სისტემა; აშოკას მმართველობა; ბუდიზმი). ჩინეთი (ჩინეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა და ბუნებრივი პირობები; მოსახლეობა და მისი საქმიანობა; ცინების იმპერია, სახელმწიფო წყობა; ჩინური დამწერლობა; ჩინეთის დიდი კედელი; კონფუციანელობა).

ა.ი) ძველი საბერძნეთი და რომი:

ა.ი.ა) ძველი საბერძნეთი (საბერძნეთის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; სპარტისა და ათენის ქალაქ-სახელმწიფოები; მარათონის ბრძოლა; ოლიმპიური თამაშები; რელიგია და კულტურა; ალექსანდრე მაკედონელი). ძველი რომი (ძველი რომის გეოგრაფია – ადგილმდებარეობა, ბუნება და კლიმატი; რომის დაარსება; რომის რესპუბლიკა, იულიუს კეისარი, ავგუსტუსი – რომის პირველი იმპერატორი, ქრისტიანული რელიგია და მისი ფილოსოფიური არსი, ქრისტიანობის გავრცელება და ქრისტიანების დევნა, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება; რომის იმპერიის ორად გაყოფა, დასავლეთ რომის იმპერიის დაცემა; კულტურა ძველ რომში).

ა.კ) საქართველოს ისტორია და გეოგრაფია:

ა.კ.ა) საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება (საქართველოს ბუნებრივი საზღვრები; ძირითადი ოროგრაფიული და ჰიდროგრაფიული ერთეულები; საქართველოს კლიმატი; ბუნებრივი რესურსები; საქართველოს ფლორა და ფაუნა; ბუნების დაცვა საქართველოში; საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობა: მხარეები, მნიშვნელოვანი ქალაქები); კოლხა; ეგრისის სამეფო; ქართლის სამეფო (ქართლის სამეფოს წარმოქმნა, ფარნავაზის მეფობა, სამხედრო და ადმინისტრაციული რეფორმები, რწმენა-წარმოდგენები); ურთიერთობა რომთან (პომპეუსის ლაშქრობა საქართველოში, ქართლის მეფე ფარსმან ქველი, მიღება რომში); ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში; ვახტანგ გორგასალი; ეგრისის ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის (ბიზანტიისა და სპარსეთის დაპირისპირება, ცამეტწლიანი ომი); არაბობა საქართველოში (ისლამი და მისი ფილოსოფიური არსი, ჰაბიბ იბნ-მასლამას „დაცვის სიგელი,“ საქართველოში არაბთა მმართველობის სისტემა); საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოშობა (ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოშობა; დავით კურაპალატი, ბაგრატ III, ბრძოლა ბიზანტიასთან, ბაგრატ IV); დავით აღმაშენებელი; საქართველო XII საუკუნის მეორე ნახევარ-ში (გიორგი III, თამარ მეფე); სახელმწიფოებრივი წყობილება და კულტურა XII-XIII საუკუნეებში; მონღოლთა ბატონობა საქართველოში (მონღოლთა ეკონომიკური და სოციალური ყოფა, მონღოლური მმართველობის დამყარება საქართველოში, ორმეფობა საქართველოში, დემეტრე თავდადებული; გიორგი V); თემურ-ლენგის შემოსევები საქართველოში და მისი შედეგები; ალექსანდრე დიდის მეფობა და ქვეყნის დაშლა სამეფო-სამთავროებად; ბრძოლა ირანის წინააღმდეგ XVII საუკუნეში (თეიმურაზ I და ლუარსაბ II, ქეთევან დედოფალი, გიორგი სააკაძე); ვახტანგ VI; თეიმურაზ II და ერეკლე II; სოლომონ I; საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVI-XVIII სს.; ქართული კულტურა XVI-XVIII სს.; რუსეთის მიერ ქართული სამეფო-სამთავროების გაუქმება; იმპერიული მმართველობის დამოკიდებულება ქართული ენისა და ეკლესიის მიმართ; ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის; ბატონყმობის გაუქმება საქართველოში; „თერგდალეულები;“ ქართული კულტურა XIX საუკუნეში; I მსოფლიო ომი და 1917 წლის რუსეთის რევოლუცია; საქართველო 1918-1921 წლებში; საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში (საქართველოში ბოლშევიკური მმართველობის დამყარება და საბჭოთა კავშირის შექმნა, პოლიტიკური რეპრესიები, II მსოფლიო ომი და საქართველო, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ უკანონოდ რეპრესირებულთა რეაბილიტაცია; 80-იანი წლების რეფორმები, ქართველი ხალხის ყოფა და კულტურა); საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ (საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა, სირთულეები სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროსაბჭოში, საქართველოს კონსტიტუცია, ეროვნული სიმბოლიკა: დროშა, ჰიმნი, გერბი).

თავი IX

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ფიზიკურ აღზრდაში

    მუხლი 23. დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ფიზიკურ აღზრდაში შეუძლია:

ა) მიმართულება ჯანმრთელობა და უსაფრთხოება:

ა.ა) პირადი ჰიგიენისა და უსაფრთხოების წესების (სპორტულ დარბაზში, ვარჯიშისას და საზოგადოდ) დაცვა;

ა.ბ) მოზარდისთვის აუცილებელი სასიცოცხლო მოძრაობითი უნარების, საყოფაცხოვრებო, სამოქალაქო და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა და პრაქტიკაში რაციონალური გამოყენება;

ა.გ) დაამყაროს კავშირი პირად ჰიგიენას, უსაფრთხოების წესებსა და ჯანმრთელობას შორის.

ბ) მიმართულება მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები:

ბ.ა) ფიზიკურ აქტივობაში მონაწილეობისათვის აუცილებელი სამოძრაო მოქმედებების შესრულების ხერხების დემონსტრირება;

ბ.ბ) უნარშეზღუდული ბავშვებისთვის აუცილებელი სამოძრაო მოქმედებების შესრულების ხერხების თვალნათელი დემონსტრირება.

გ) მიმართულება აქტიური მონაწილეობა:

გ.ა) ორგანიზმის გაკაჟებისა და ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის აუცილებელი ფიზიკური აქტივობების მიღწევა და ხანგრძლივი დროით შენარჩუნება;

გ.ბ) სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობების დროს ქცევის აუცილებელი წესების აღწერა-შემუშავება;

გ.გ) კლასგარეშე აქტივობების (შრომითი, სპორტული, საზოგადოებრივი და სხვ.) აღწერა-შემუშავება.

    მუხლი 24. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ფიზიკურ აღზრდაში

დაწყებითი საფეხურის ფიზიკური აღზრდის მასწავლებელმა იცის:

ა) ფიზიკური კულტურა და სპორტი:

ა.ა) მოძრაობის საფუძვლები;

ა.ბ) მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებისა და სხეულის სრულყოფისათვის აუცილებელი ვარჯიშები, მათი აუცილებლობა, პრაქტიკული მნიშვნელობა, სარგებლიანობა, რიგითობა, სიხშირე და ა.შ. (ჯგუფური და ინდივიდუალური კომპლექსური ვარჯიშები, მათი კლასიფიკაცია სხეულის სხვადასხვა ნაწილის, სამოძრაო უნარების, მოქნილობისა და სპორტული თამაშების დაუფლების შესაძლებლობის მიხედვით);

ა.გ) სავარჯიშო კომპლექსების მოდიფიკაცია კონკრეტულ მიზნებთან მიმართებაში;

ა.დ) ძირითადი სპორტული სახეობები (ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, მძლეოსნობა, ტანვარჯიში).

ბ) აქტიური შრომა და დასვენება:

ბ.ა) კლასგარეშე აქტივობების (შრომითი, სპორტული, საზოგადოებრივი და სხვ.) მნიშვნელობა;

ბ.ბ) სასკოლო და რეგიონალური საზოგადოებრივი აქციების მნიშვნელობა;

ბ.გ) სასკოლო და რეგიონალური სპორტული შეჯიბრებების მნიშვნელობა;

ბ.დ) სასკოლო და რეგიონალური სხვადასხვა ხანგრძლივობისა და სირთულის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ლაშქრობების მნიშვნელობა.

გ) რაციონალური კვება:  

გ.ა) საკვების მნიშვნელობა ჯანმრთელობისათვის;

გ.ბ) ჯანმრთელობისათვის მავნე და სასარგებლო საკვები;

გ.გ) საკვების რაციონის (კალორიულობის, ხარისხის და რაოდენობის) ზეგავლენა ჯანმრთელობაზე;

გ.დ) კვების რეჟიმი.

დ) პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა:

დ.ა) საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანატომიურ-ფიზიოლოგიური აგებულება;

დ.ბ) ფიზიკური აღზრდის ჰიგიენა;

დ.გ) სხეულის მოვლის წესები და პროცედურები;

დ.დ) ტრავმატიზმის პროფილაქტიკა;

დ.ე) საყოფაცხოვრებო ტექნიკის მოხმარების უსაფრთხოების წესები;

დ.ვ) საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის წესები;

დ.ზ) საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებული პოტენციური საფრთხეები, მათგან თავის დაღწევის ხერხები და დახმარების გაწევის საშუალებები;

დ.თ) ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის ურთიერთკავშირი;

დ.ი) თავის დაცვა სხვადასხვა დაავადებისაგან;

დ.კ) რეგულარული სამედიცინო შემოწმების მნიშვნელობა.

ე) მავნე ჩვევები (უარყოფითი ზეგავლენა და მათზე უარის თქმა):

ე.ა) ჰიპოდინამია;

ე.ბ) თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მავნე ზემოქმედება;

ე.გ) მავნე ჩვევების გავლენა ადამიანის ფსიქიკასა და ხასიათზე (აპათია, აგრესია, დეპრესია, ყურადღების გაფანტვა, მეხსიერების დაქვეითება და სხვ.).

ვ) ადამიანთა ურთიერთობა, თანაცხოვრების პრინციპების დაცვა, უმწეოთა მიმართ თანაგრძნობა:

ვ.ა) თვითკონტროლის და სხვათა კონტროლის მექანიზმები;

ვ.ბ) პატიოსანი თამაშის წესები;

ვ.გ) ტოლერანტობა (უნარშეზღუდული ადამიანების, საპირისპირო სქესის, სხვადასხვა ასაკის, ეროვნების, რელიგიის (და ა.შ.) წარმომადგენელთა მიმართ);

ვ.დ) სხვადასხვა საზოგადოებრივ გაერთიანებასთან ურთიერთობა.

თავი X

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში

    მუხლი 25. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში

1. მასწავლებლის მიერ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშის შექმნისას (მოცულობის გადმოცემა, ექსპერიმენტის ჩატარება მასალით, ემოციის გადმოცემა სხვადასხვა მხატვრული ხერხის გამოყენებით და ა.შ.) განმსაზღვრელია ამ ხერხების ფლობის და არა ნამუშევრის შესრულების ხარისხი.

2. დაწყებითი საფეხურის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების/შრომითი სწავლების მასწავლებელს შეუძლია:

ა) მიმართულება პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდების გამოხატვა ხელოვნებაში:

ა.ა) ნამუშევრის შექმნისას კომპოზიციური განაწილების პრინციპების (წონასწორობა, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი, მასშტაბი, სიმეტრია, პროპორცია) გამოყენება;

ა.ბ) ნამუშევრის შექმნისას ცივი და თბილი, კონტრასტული ფერების, ფერთა გრადაციის გამოყენება;

ა.გ) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქჩრდილი, შტრიხი, ლაქა, ბლიკი) საშუალებით საგანთა მოცულობის გამოსახვა;

ა.დ) სხვადასხვა მხატვრული ხერხის (შუქჩრდილი, კონტრასტი, კომპოზიციური განაწილება, სხვადასხვაგვარი მონასმი, ფაქტურა, კოლორიტი) და ეფექტების გამოყენებით ასოციაციების, ემოციების გადმოცემა;

ა.ე) სხვადასხვა ტექნიკის (ფერწერა, გრაფიკა, ძერწვა, კოლაჟი, აპლიკაცია, ტრადიციული ხელსაქმის რომელიმე სახეობა) გამოყენება;

ა.ვ) კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება დიზაინის შესაქმნელად, პრეზენტაციის ჩასატარებლად;

ა.ზ) სასკოლო რესურსის შექმნა (თეატრალური რეკვიზიტები სასკოლო სპექტაკლებისათვის, სასკოლო სტენდები, წიგნების აკინძვა, რუკები და სხვ.) და ადეკვატური გამოყენება;

ა.თ) ექსპერიმენტის ჩატარება ნამუშევრის შექმნისას (ხელოვნების ელემენტების, პრინციპების, სხვადასხვა მასალის, ტექნიკისა და პროცედურის გამოყენებით).

ბ) მიმართულება ხელოვნების აღქმა კონტექსტში:

ბ.ა) ხელოვნების ნიმუშის, ავტორის, ეპოქის ამოცნობა;

ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების (მაგ.: ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, რენესანსი და სხვ.) გარჩევა (შეუძლია იმსჯელოს სხვადასხვა ეპოქის დამახასიათებელ სტილისტურ ნიშნებზე (კომპოზიციური განაწილება, კოლო­რიტი, ხაზი, ფორმა, შესრულების მანერა), თემატიკაზე; ნამუშევრის შინა­არ­სის დაკავშირება ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან (მაგ.: დელაკრუას „თავისუფლება ბარიკადებზე“);

ბ.გ) სხვადასხვა მხატვრული სტილის (რეალისტური და პირობითი ხელოვნების ნიმუშები (მაგ., ტიციანი, მიქელანჯელო – ბიზანტიური ფრესკები, მოზაიკა), სტილისთვის დამახასიათებელი ნიშნები (ფორმა – მოცულობითი/ბრტყელი, გარ­ემო – რეალური/ირეალური, პროპორციები, მასშტაბი – რეალური/უ­ტრი­რებუ­ლი, დარღვეული და სხვ.) გარჩევა;

ბ.დ) სახვითი ხელოვნების დარგებისა და ჟანრების ამოცნობა-დახასია­თება;

ბ.ე) მსჯელობა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების დარგებზე;

ბ.ვ) მსჯელობა-ანალიზი ქართული ხელოვნებისა და კულტურის შესახებ.

გ) მიმართულება – კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:

გ.ა) ხელოვნების ნიმუშის ანალიზი და შეფასება. ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენება ნამუ­შევარში იდეის, შინაარსის, ხასიათის, განწყობილების გადმოსაცემად (კომპო­ზიციური განაწილება, ფერი, კოლორიტი, ფაქტურა, განათება; შესრულე­ბის მანე­რა: მონასმი, ხაზი, ფორმა; დეტალი: პოზა, ჟესტი, გამომეტყველება, აქსესუარები და ა.შ.);

გ.ბ) სათანადო ტერმინოლოგიის გამოყენება;

გ.გ) სხვადასხვა სახის ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება. აქცია, საკლასო და სასკოლო გამოფენა, ზეიმი, სპექტაკლი, ექსკურსიები მუზეუმებში, გალერეებში, ქალაქგარეთ, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით და სხვ.

    მუხლი 26. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა სახვით და გამოყენებით ხელოვნებასა და შრომით სწავლებაში იცის:

ა) სახვითი ხელოვნების ძირითადი ელემენტები და პრინციპები:

ა.ა) ხაზი, ფერი (ძირითადი, შედგენილი, კონტრასტული ფერები, კოლორიტი, ფერის ინტენსივობა, ნახევარტონი), შუქჩრდილი, ფაქტურა, ფორმა, მოცულობა; პროპორციები; კომპოზიციური განაწილების საფუძვლები: მთლიანობა, სივრცე (ხედვის წერტილი, ჰორიზონტის ხაზი, პერსპექტივა, თავშეყრის წერტილი, წინა და უკანა პლანი), სიმეტრია, რიტმი, წონასწორობა, კონტრასტი.

ბ) ტექნიკა და პროცედურა:

ბ.ა) ფერწერის, გრაფიკის სხვადასხვა ტექნიკა, ძერწვა, აპლიკაცია, ქაღალდის პლასტიკა, მოზაიკა, კოლაჟი, კონსტრუქცია, ანაბეჭდი, კომპიუტერული ტექნოლოგიები; დეკორატიულ-გამოყენებითი საგნების დამზადება თიხის, ხის, ლითონის და სხვა მასალის თვისებების გათვალისწინებით.

გ) საქართველოს ხელოვნება და კულტურა:

გ.ა) ინფორმაცია ხელოვნების ქართველ მოღვაწეებზე და მათ შემოქმედებაზე; ქართული ხელოვნების დარგები: კედლის მხატვრობა, არქიტექტურა, მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა და სხვ. ხალხური შემოქმედება.

დ) მსოფლიოს ხალხთა ხელოვნება და კულტურა:

დ.ა) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნება (ძველი აღმოსავლეთი, ანტიკური ხანა, შუა საუკუნეები, რენესანსი და სხვ.);

დ.ბ) სტილისტური ნიშნები, თემატიკა, ცნობილი ნიმუშები); ეპოქის ისტორიული, რელიგიური და სოციალური კონტექსტი; ხელოვნების როლი საზოგადოების ცხოვრებაში.

ე) სხვადასხვა მხატვრული სტილი და ძირითადი მიმდინარეობები ხელოვნებაში:

ე.ა) გოთური, რომანული, მანიერიზმი, ბაროკო, როკოკო, კლასიციზმი, რეალიზმი, იმპრესიონიზმი, ავანგარდიზმი (ფოვიზმი, ფუტურიზმი და სხვ.).

ვ) სახვითი ხელოვნების დარგები და ჟანრები;

ზ) გამოყენებითი ხელოვნების დარგები.

თავი XI

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მუსიკაში

    მუხლი 27. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მუსიკაში

1. საბაზო ან/და საშუალო საფეხურების მუსიკის მასწავლებლის სტანდარტსა და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სტანდარტს შორის (მუსიკა) განსხვავება მხოლოდ საგნის სწავლების მეთოდებში მდგომარეობს.

2. დაწყებითი საფეხურის მუსიკის მასწავლებელს შეუძლია:

ა) მიმართულება პრაქტიკული უნარ-ჩვევები და იდეების გამოხატვა:

ა.ა) სიმღერა (რომელიმე ხმის პარტიის ცოდნა და სწავლება);

ა.ბ) ერთ ან რამდენიმე საკრავზე დაკვრა (აკომპანემენტი);

ა.გ) ცეკვის დადგმა, ილეთების ჩვენება;

ა.დ) გუნდის, ანსამბლის ხელმძღვანელობა (დირიჟორობა) (რეპერტუარის შერჩევა, სწავლება, შესრულება);

ა.ე) მუსიკასთან დაკავშირებული ღონისძიების ორგანიზება (მუსიკალური სპექტაკლი, კონცერტი, მეჯლისი);

ა.ვ) იმპროვიზაცია (ხმით; მუსიკალურ საკრავზე დაკვრის, ცეკვის, ღონის­ძი­ების მსვლელობის დროს; ტექსტის შერჩევა მელოდიისათვის; მუსიკის შერჩევა პოეტური ტექსტისათვის);

ა.ზ) წარმოდგენის, სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება (მუსიკალური რეჟისურა) (ჩანაწერით, ცოცხალი შესრულებით);

ა.თ) სანოტო სისტემის გამოყენება (სიმღერის, დაკვრის, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის, მუსიკალური ნაწარმოების ანალიზის, მუსიკის ჩაწერის, მელოდიის ძირითადი ფუნქციებით ჰარმონიზაციის დროს);

ა.ი) საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ინტერნეტი, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამები) და აპარატურის (მაგნიტოფონი, დიქტოფონი, ფოტო-, ვიდეო-, ტელეაპარატურა, კომპიუტერი, მობილური ტელეფონი) გამოყენება (რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების, მუსიკალური კომპოზიციის შესრულების დროს; სხვადასხვა სახის ჩანაწე­რის დემონსტრაციისთვის, მიღწეული შემოქმედებითი შედეგის აუდიო, ვიდეო და ფოტო ფაილებით დასაფიქსირებლად, რესურსების მოსაძიებლად).

ბ) მიმართულება კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია:

ბ.ა) კლასიკური მუსიკის ქრესტომათიული ნიმუშების ამოცნობა/ამ ნაწარმოებების მუსიკალურ-თემატური მასალის გადმოცემა სხვადასხვა ხერხით (სიმღერა, დაკვრა) და მათი ზოგადი დახასიათება (სახელწოდება, ავტორი, ეპოქა, ჟანრი, სტილი);

ბ.ბ) მოსმენილი მუსიკალური ნაწარმოების სმენითი ანალიზი, დახასიათება (ეპოქა, ჟანრი, სტილი, ფორმა, გამომსახველობითი საშუალებები);

ბ.გ) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების შეფასება; სხვადასხვა ინტერპრეტაციის შედარება;

ბ.დ) ქალაქის/რაიონის კულტურული ცხოვრების მიმოხილვა;

ბ.ე) მუსიკალური ტერმინოლოგიის გამოყენება საუბრის დროს.

გ) მიმართულება მუსიკალური ნაწარმოების აღქმა კონტექსტში:

გ.ა) სხვადასხვა ეპოქისა და ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებებს შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე მსჯელობა;

გ.ბ) ერთი და იმავე ეპოქის ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნაწარმოებებს შორის პარალელის გავლება.

    მუხლი 28. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მუსიკაში

1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს მუსიკაში არ მოეთხოვება ქორეოგრაფიული, სამსახიობო, სადირიჟორო ხელოვნების მაღალ დონეზე ფლობა ცეკვის, სპექტაკლის დადგმის, გუნდის ხელმძღვანელობის დროს. მნიშვნელოვანია მან ისე წარმართოს სასწავლო პროცესი, რომ დააკმაყოფილოს ეროვნული სასწავლო გეგმით მოთხოვნილი სტანდარტები.

2. დაწყებითი საფეხურის მუსიკის მასწავლებელმა იცის:

ა) სასიმღერო რეპერტუარი:

ა.ა) ერთხმიანი, ორხმიანი, სამხმიანი სიმღერები;

ა.ბ) ხალხური, კლასიკური, თანამედროვე რეპერტუარი.

ბ) საცეკვაო რეპერტუარი:

ბ.ა) ქართული, ისტორიულ-ყოფითი (ვალსი, მენუეტი, პოლკა, მაზური), სხვა ხალხთა ცეკვები.

გ) მუსიკის თეორია:

გ.ა) მუსიკალური ანბანი (სანოტო სისტემა, მუსიკალური ენის ელემენტები, ძირითადი მუსიკალური ტერმინები და ა.შ.);

გ.ბ) ჰარმონიის საკითხები (მაჟორულ-მინორული სისტემა, ძირითადი ფუნქციები, მელოდიის ჰარმონიზაცია);

გ.გ) ფორმის ანალიზის საკითხები (ერთ-, ორ-, სამნაწილიანი ფორმები, რონდო, კუპლეტური, ვარიაციული, სონატური ფორმები);

გ.დ) საკრავთმცოდნეობის საკითხები (ბგერის მიღება სხვადასხვა საკრავზე, სხვადასხვა საკრავისთვის სპეციფიკური საშემსრულებლო ხერხები (ფლაჟოლეტი, პიციკატო და სხვ.), საორკესტრო ჯგუფები.

დ) მუსიკის ისტორია:

დ.ა) სხვადასხვა ეპოქის (ბაროკო, კლასიციზმი, რომანტიზმი, იმპრესიონიზმი და სხვ.) მუსიკალური ხელოვნება;

დ.ბ) მუსიკალური ხელოვნების ძირითადი ჟანრები, მათი წარმოშობა და განვითარების გზა;

დ.გ) მუსიკალური ხელოვნების გამოჩენილი წარმომადგენლები (შემოქმედებითი პორტრეტი), ცნობილი მუსიკალური ნაწარმოებები (შექმნის ისტორია, ლიტერატურული პირველწყარო, ისტორიული კონტექსტი);

დ.დ) მუსიკის როლი ხელოვნების სხვა დარგებში (თეატრი, კინო).

ე) ქართული მუსიკა:

ე.ა) ქართული მუსიკის ისტორია, მისი ძირითადი მიმართულებები (ხალხური მუსიკა, პროფესიული მუსიკა), ჟანრები (ქალაქური სიმღერა, საესტრადო მუსიკა), წარმომადგენ­ლები, ნაწარმოებები; ქართული მუსიკის დამახა­სი­ა­თე­ბელი თავისებურებები;

ე.ბ) პარალელები ქართული ხელოვნების სხვა დარგებთან.

ვ) საშემსრულებლო ხელოვნება:

ვ.ა) მუსიკალური ნაწარმოების შესრულების თავისებურებები;

ვ.ბ) მამაკაცთა და ქალთა ხმები;

ვ.გ) მუსიკალური კოლექტივის სახეები (გუნდი, ანსამბლი, ორკესტრი, საოპერო, საბალეტო დასი);

ვ.დ) მსოფლიოს გამოჩენილი მუსიკოს-შემსრულებლები, მუსიკალური, მუსიკალურ-თეატ­რა­ლური კოლექტივები;

ვ.ე) ქართული საშემსრულებლო ხელოვნება (სამგალობლო სკოლები, მომღერალი ოჯახები, საშემსრულებლო კოლექტივები, საშემსრულებლო სკოლები, ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლები).

ზ) მუსიკოსის პროფესია:

ზ.ა) კომპოზიტორი, დირიჟორი, მუსიკოს-შემსრულებელი, მუსიკისმცოდნე, პე­და­გოგი, მუსიკასთან დაკავშირებული სხვა პროფესიები.

თავი XII

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია

    მუხლი 29. სწავლების მეთოდები

1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ამ თავში მოცემულ საგნის სწავლების მეთოდებს.

2. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:

ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით;

ა.ა) ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით დაისახოს საგაკვეთილო მიზნად ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: აზროვნება, სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, ფანტაზია;

ა.ბ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითგამოხატვა, ქცევის შეფასება და თანამშრომლობა;

ა.გ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლისთვის ისეთი ფიზიკური უნარების განვითარება, როგორებიცაა: ნატიფი მოტორიკა, სხეულის ფლობა/კოორდინაცია;

ა.დ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება; ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარების განვითარება;

ა.ე) ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც შეესაბამება დასახულ მიზანს და ითვალისწინებს უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებებს;

ა.ვ) აქტივობის ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (კეთებით სწავლა – პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერების აღმოჩენა);

ა.ზ) მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება და სწავლების შესაბამისი სტრატეგიის შერჩევა;

ა.თ) რესურსების ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს მიწოდებული ცნებებისა და მიმართებების თვალსაჩინოების საშუალებით აღქმა;

ა.ი) აზროვნების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეებისათვის საინტერესო, ხატოვანი, ემოციური, გასაგები და მრავალფეროვანი სასწავლო მასალის შერჩევა, რაც გაააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებასა და სწავლის სურვილს;

ა.კ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა;

ა.ლ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით საგაკვეთილო (მოკლევადიანი) მიზნების განსაზღვრა;

ა.მ) სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მოსწავლეთა ძლიერი მხარეების გათვალისწინება და შემდგომში მათი გამოყენება ზრდისა და განვითარების საფუძვლად;

ა.ნ) მოსწავლეთა დიფერენციაციის სტრატეგიების გამოყენება შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობებისა და ჯგუფური სამუშაოების შერჩევისას;

ა.ო) სასწავლო მიზნების შერჩევისას მოსწავლეთა შესაძლებლობების, საჭიროებების, რეაქციების გათვალისწინება და სათანადო სტრატეგიების შერჩევით მოსწავლეთა უნარების განვითარების ხელშეწყობა;

ა.პ) სხვადასხვა ნიჭის გამოვლენა და სათანადო სტრატეგიების დაგეგმვა თითოეულის განსავითარებლად;

ა.ჟ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის განსაკუთრებული პროგრამის შედგენა სპეციალისტის დახმარებით;

ა.რ) სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა;

ა.ს) საგაკვეთილო მიზნების მისაღწევად შესაბამისი აქტივობებისა და რესურსების შერჩევა;

ა.ტ) სასწავლო აქტივობების დაგეგმვისას არაქართულენოვანი მოსწავლეების საჭიროებების და შესაძლებლობების გათვალისწინება, ქართულის მასწავლებელთან თანამშრომლობა.

ბ) მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:

ბ.ა) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთათვის ხელშეწყობა ახალი სოციალური როლის მისაღებად;

ბ.ბ) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას, მათ სოციალიზაციას და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;

ბ.გ) სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გააიოლებს მოსწავლეთა სასკოლო გარემოსთან და რეჟიმთან ადაპტაციას, წესის დაცვის ჩვევის გამომუშავებას;

ბ.დ) სხვადასხვა აქტივობის დროს ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობას;

ბ.ე) გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეების ოჯახური, სოციალური, ფიზიკური და კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინება და კორექტულად მოქმედება;

ბ.ვ) საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, მოსწავლის ინტერესის აღძვრა სასწავლო პროცესისადმი და ამ ინტერესის შენარჩუნება;

ბ.ზ) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთა ნებელობითი ქცევის უნარის განვითარებისთვის ხელშეწყობა;

ბ.თ) მოსწავლეებში კლასის, სკოლისა და სხვა წესების დაცვის უნარის გამომუშავება. წესების მარტივი ენითა და პოზიტიური ფორმით ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ქცევის თანმიმდევრული კონტროლი;

ბ.ი) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;

ბ.კ) ინსტუქციის მიცემის დროს არაქართულენოვანი მოსწავლეების დახმარების მიზნით, პარალელურად ვერბალური და არავერბალური ხერხების გამოყენება (ლოგო, ილუსტრაცია, პირობითი ნიშნები, ჟესტები, ინტონაცია და ა.შ.);

ბ.ლ) აქტივობის მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა და განხორციელების გაკონტროლება – აღრიცხვა, დასრულების ფაზის გამოკვეთა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საქმის ბოლომდე მიყვანის და გეგმის მიხედვით მოქმედების ჩვევა;

ბ.მ) მოსწავლეებში დაგეგმვის უნარის განვითარება მარტივი ამოცანების დასახვითა და გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებით;

ბ.ნ) ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, მისცემს თვითგამოხატვისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას;

ბ.ო) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, ხელშეწყობა მოსწავლეებში რეფლექსიის უნარის განვითარებისთვის;

ბ.პ) მოსწავლის გამოცდილების გათვალისწინება და მისთვის ხელის შეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;

ბ.ჟ) სწავლებისას საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;

ბ.რ) მოსწავლეთა ყურადღების მიმართვა საკუთარ სასწავლო პროცესებზე იმისათვის, რომ შეძლონ ამოცანის გადაწყვეტის ხერხების გააზრება.

გ) მასწავლებელს შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:

გ.ა) თითოეული მოსწავლის ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების ამოცნობა და, შესაბამისად, მომავალი სამუშაოს დაგეგმვა;

გ.ბ) მოსწავლის მიერ საკუთარი ნამუშევრის შეფასების გამოყენება მოსწავლის სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად და სწავლის უნარ-ჩვევების განსავითარებლად;

გ.გ) კორექტული შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომის აღმოჩენის, ადეკვატური დამოკიდებულების და კორექტირების უნარის განვითარება და ჩამოყალიბება (იცოდეს, რომ შეცდომის დაშვების უფლება ყველა ადამიანს აქვს და მათი გამოსწორება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით; ამასთან, შეცდომა ბიძგს აძლევს ძიებას, პრობლემის გადაჭრის ახალი გზების აღმოჩენას);

გ.დ) შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გაღვივება და ხელშეწყობა პოზიტიური პიროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბებაში;

გ.ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის (ტრიმესტრი) შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული და პოზიტიური კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენებით;

გ.ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;

გ.ზ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ერთმანეთისგან ფუნქციურად გამიჯვნა და თითოეულის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

გ.თ) საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, დავალებებისა და აქტივობების შეფასების სათანადო კრიტერიუმების შემუშავება, მათი წონის განსაზღვრა და დონეების გამოყოფა;

გ.ი) შეფასება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად;

გ.კ) დაკვირვების საფუძველზე იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც უნდა მოხდეს სპეციალისტის ჩარევა (ფსიქოლოგი, ლოგოპედი, ფსიქიატრი);

გ.ლ) არაქართულენოვანი მოსწავლეების შეფასებისას კომუნიკაციური უნარის გავითარების ხელშეწყობისათვის, ზეპირმეტყველებაში ისეთი შეცდომების გასწორება, რომელიც აფერხებს კომუნიკაციას.

თავი XIII

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 30. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია:

ა) მიმართულება ზეპირმეტყველება:

ა.ა) სხვათა მეტყველების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით, ვერბალური (შესაფერისი ენობრივი კონსტრუქციები, ადეკვატური ლექსიკა, მხატვრულ-გამომსახველობითი საშულებები: ირონია, იუმორი, ეპითეტი, შედარება და სხვა) და არავერბალური (ჟესტი, მიმიკა, ინტონაცია, ხმის აწევ-დაწევა, პაუზა და სხვა) საშუალებების ეფექტურობის თვალსაზრისით;

ა.ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი აქტიური მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პარაფრაზირება, ჩანიშვნა და ა.შ.);

ა.გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიებისა და აუდიტორიაზე ზემოქმედების ვერბალური და არავერბალური ხერხების ეფექტური გამოყენება;

ა.დ) საჯარო გამოსვლისთვის მომზადების სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა).

ბ) მიმართულება კითხვა:

ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, ეპოქისა და კულტურის მხატვრული ტექსტების გაანალიზება ჟანრული მახასიათებლების, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის, კომპოზიციური თავისებურების, სტრუქტურული ელემენტების, სიუჟეტის განვითარების, პერსონაჟის ხატვის ხერხების, მთხრობელის პოზიციის, ისტორიული კონტექსტისა და ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების გათვალისწინებით;

ბ.ბ) სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში ასახული პრობლემატიკის, თემებისა და იდეების გაანალიზება და შედარება ისტორიული, სოციალური და კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით;

ბ.გ) სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტის მიზნის განსაზღვრა და შეფასება მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით;

ბ.დ) ტექსტის ლინგვისტური ანალიზი (ტექსტის სტრუქტურა; ტექსტის ფუნქციური ტიპები; ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებები);

ბ.ე) კითხვის სტრატეგიების გამოყენება (საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროში; ტექსტებში მოწოდებული ინფორმაციის სანდოობის გადამოწმება; მარკირების სისტემის გამოყენება; სქემების, დიაგრამების, ცნებათა განმარტებების და ა.შ. გამოყენება მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და იდეების გასააზრებლად და დასამუშავებლად; ტექსტიდან სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის და ლექსიკური ერთეულების მონიშვნა/ამოწერა).

გ) მიმართულება წერა:

გ.ა) ტექსტების შექმნა წერილობით სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის, შესაბამისი სტრუქტურული მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით;

გ.ბ) წერის სათანადო სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება (მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, ნაწერის დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, სამუშაო ვერსიის ხელახალი გადასინჯვა და რედაქტირება-კორექტირება).

    მუხლი 31. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა იცის:

ა) ზოგადი ცნობები ქართული ენის შესახებ:

ა.ა) ქართული სალიტერატურო ენის განვითარების საფეხურები; ქართული სალიტერატურო ენა და კილოები; ქართული დამწერლობის ისტორია; ენათა ოჯახები; ქართული და მისი მონათესავე ენები.

ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები:

ბ.ა) ასო და ბგერა. ბგერათა ფონოლოგიური დახასიათება (წარმოთქმის ადგილისა და მჟღერობა-სიყრუის მიხედვით; ცალეულები, წყვილეულები, სამეულები). ძირითადი ფონეტიკური პროცესები (ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვ.). ინტონაცია. ინტონაციის ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მელოდიკა, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი. პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა.

გ) გრამატიკა:

გ.ა) (მორფოლოგია და სინტაქსი). სახელები. სახელთა ბრუნება; მრავლობითი რიცხვის წარმოება; არსებითი, ზედსართავი, რიცხვითი სახელების წარმოება და ფუნქციები; ნაცვალსახელის ჯგუფები, წარმოება და თავისებურებები; სახელთა ბრუნებასთან და წარმოებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში. ზმნა. ზმნის პირი და პირიანობა; ზმნის დრო, კილო და ასპექტი, ქცევა და კონტაქტი; გარდამავლობა, გვარი; ზმნისწინი და მისი ფუნქციები (მიმართულება, ასპექტი, სიტყვათწარმოება); ზმნის უღლებასთან დაკავშირებული საკითხები ძველ ქართულში; ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები. წინადადება. სინტაქსური კავშირის სახეები; წინადადებების კლასიფიკაცია შინაარსისა და შედგენილობის მიხედვით; მარტივი წინადადების სტრუქტურა; შერწყმული წინადადება; რთული წინადადება: თანწყობა და ქვეწყობა; პირდაპირი და ირიბი ნათქვამი. განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები. ძველი ქართული ენისათვის დამახასიათებელი სინტაქსური თავისებურებანი.

გ.ბ) ორთოგრაფია:

გ.ბ.ა) ორთოგრაფიის წესები და ნორმები.

გ.გ) პუნქტუაცია:

გ.გ.ა) პუნქტუაციის წესები. პუნქტუაციის ნიშნების სტილისტური შესაძლებლობები. პუნქტუაცია და ინტონაცია.

გ.დ) ლექსიკოლოგია:

გ.დ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში. სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები; ეტიმოლოგია.

დ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:

დ.ა) წინადადებისა და მისი კომპონენტების ორგანიზება;

დ.ბ) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული; აბზაცის ფუნქციები; ფრაგმენტი და მისი სახეები და სხვა);

დ.გ) ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ანაფორული ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);

დ.დ) წინადადებათა გადაბმის სახეები (ჯაჭვური, პარალელური, შერეული);

დ.ე) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);

დ.ვ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემის (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი), მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;

დ.ზ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა, მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი);

დ.თ) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური);

დ.ი) ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები: ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება...), სტილისტური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი...), ფრაზეოლოგიზმები, მყარი შესიტყვებები, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი, და სხვ..

ე) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

ე.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია: ალიტერაცია, ასონანსი, რითმა; რითმის სახეები, გარითმვის ხერხები; ბგერწერის ფუნქცია; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; გაპიროვნება, შედარება, მეტაფორა; აფორიზმი; სტილისტური ეფექტების შემქმნელი მხატვრული საშუალებანი (განმეორება, პარალელიზმი და სხვ.);

ე.ბ) მხატვრული ნაწარმოების სტილის განმსაზღვრელი ფონოლოგიური (ალიტერაცია, ასონანსი) და სემანტიკური (მეტაფორა, ევფემიზმი, მეტონიმია) ფიგურები, სინტაქსური ფიგურები.

ვ) ქართული ლიტერატურის ძირითადი ეტაპები:

ვ.ა) ძველი ქართული მწერლობა: სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია), ისტორიოგრაფია, კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;

ვ.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: რეალიზმი, რომანტიზმი;

ვ.გ) უახლესი ქართული მწერლობა – XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, ფუტურიზმი, პოსტმოდერნიზმი.

ზ) ქართული მწერლობა მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში:

ზ.ა) რეკომენდებულ ქართველ მწერალთა ჩამონათვალი (ჩამონათვალი არის სარეკომენდაციო ხასიათის. მასწავლებელს მოეთხოვება ამ მწერლების მხოლოდ იმ ნაწარმოებების ზედმიწევნით ცოდნა, რომლებიც ეროვნული სასწავლო გეგმითაა განსაზღვრული): იაკობ ხუცესი, იოვანე საბანისძე, გიორგი მერჩულე, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, სულხან-საბა ორბელიანი, ვახტანგ VI, დავით გურამიშვილი, ბესიკ გაბაშვილი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გიორგი ერისთავი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა, დავით კლდიაშვილი, ნიკო ლომოური, ვასილ ბარნოვი, ნიკო ლორთქიფანიძე, ლეო ქიაჩელი, ეგნატე ნინოშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, გერონტი ქიქოძე, დემნა შენგელაია, გალაკტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, კოლაუ ნადირაძე, ტერენტი გრანელი, ვალერიან გაფრინდაშვილი, პოლიკარპე კაკაბაძე, გიორგი ლეონიძე, იოსებ გრიშაშვილი, შოთა ნიშნიანიძე, სიმონ ჩიქოვანი, ნიკო სამადაშვილი, ლადო ასათიანი, ლევან გოთუა, მირზა გელოვანი, გიორგი შატბერაშვილი, ოთარ ჩხეიძე, გურამ რჩეულიშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, არჩილ სულაკაური, ანა კალანდაძე, გივი გეგეჭკორი, რეზო ინანიშვილი, რეზო ჭეიშვილი, ნაირა გელაშვილი, მურმან ლებანიძე, ნოდარ წულეისკირი, მუხრან მაჭავარიანი, ნოდარ დუმბაძე, მერაბ ელიოზიშვილი, ოთარ ჭილაძე, ჯემალ ქარჩხაძე, გურამ გეგეშიძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, გურამ ასათიანი, აკაკი ბაქრაძე, თამაზ ბიბილური, ვლადიმერ სიხარულიძე, გურამ დოჩანაშვილი, ოტია იოსელიანი, გოდერძი ჩოხელი, შოთა ჩანტლაძე, ჯემალ თოფურიძე, ნუგზარ შატაიძე, აკა მორჩილაძე და სხვა.

    მუხლი 32. სწავლების მეთოდები

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:

ა) მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ტექსტის მრავალმხრივი გააზრება-გაანალიზებისა და შეფასების უნარ-ჩვევის განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების შერჩევა ან შედგენა გააზრების სხვადასხვა დონეებისათვის;

ა.ბ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ზეპირი და წერითი მეტყველების უნარ-ჩვევის განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მქონე დავალებების შერჩევა ან შედგენა;

ა.გ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების შერჩევა (მაგ.: აღწერითი ტიპის მხატვრული ტექსტის ენობრივი მახასიათებლების [ზედსართავი სახელების, მიმღეობების ჭარბი გამოყენება, განსაზღვრებითი და გარემოებითი წინადადებების სიმრავლე და სხვ.] ამოცნობა-გაანალიზება და მათი გამოყენება ამავე ტიპის ტექსტის შექმნისას);

ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით, გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა კომუნიკაციური უნარ-ჩვევების განსავითარებლად: გრძელვადიანი მიზნის განსაზღვრა, მის მისაღწევად შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა, ასათვისებელი ენობრივი თუ კომუნიკაციური უნარების გათვალისწინებით. განსხვავებული ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა დასახული მიზნების ეტაპობრივად განსახორციელებლად;

ა.ე) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ.: პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინარული აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა, სხვა საგნებთან კავშირის მოძებნა, მიზნების შესაბამისი იდეის/თემისა და დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;

ა.ვ) გაკვეთილისათვის შერჩეული სავარჯიშოების/დავალებების განსახორციელებლად საჭირო დროის განსაზღვრა, თითოეული აქტივობის მსვლელობის ეტაპების დაგეგმვა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების შერჩევა (ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა); შეფასების მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრა.

ბ) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) გაკვეთილის ჩატარება გეგმის მიხედვით;

ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად: ტექსტის შერჩევისას/გაანალიზებისას მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება, წინმსწრები სამოტივაციო აქტივობების შემუშავება: ვარაუდების გამოთქმა, მოსწავლის პირად გამოცდილებასთან შინაარსის/ინფორმაციის დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, დამხმარე ინსტრუქციების მიცემა, მოსმენილის/წაკითხულის ირგვლივ აზრის გამოთქმისა და დისკუსიის წახალისება და სხვა;

ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად: მოსწავლის ინტერესებთან და მის პირად გამოცდილებასთან დაკავშირებული თემების/საკითხების შერჩევა, თვითგამოხატვის საშუალების მიცემა, არჩევანის (თემა, ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა, დამხმარე ინსტრუქციების მიცემა, საინტერესო დავალებების შეთავაზება და სხვა.;

ბ.დ) მოსწავლეებისათვის საკითხავი/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარება: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს კითხვისა და წერის უნარების განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, შესაქმნელი ტექსტის ტიპის, მისი სტრუქტურისა და ჟანრობრივი მახასიათებლების ცოდნა, სტრატეგიების გამოყენების უნარი) და მათი გამოყენება მოსწავლეთა ეფექტური სტრატეგიებით უზრუნველყოფის მიზნით (მაგ.: გაცნობითი/ძიებითი/შესწავლითი კითხვის მიზნობრივად გამოყენება, ტექსტის სტრუქტურულ თავისებურებებსა თუ ჟანრობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება-გადამუშავება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით და სხვა);

ბ.ე) მოსწავლეებისათვის სამეტყველო ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევის განვითარება: იმ ფაქტორების გათვალისწინება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ზეპირი მეტყველების უნარის განვითარებაზე (მოსწავლის ცოდნა და გამოცდილება, ენობრივი კომპეტენცია, ფსიქო-სოციალური ფაქტორები, სტრატეგიების გამოყენების უნარი) და მათი გამოყენება მოსწავლეთა ეფექტური სტრატეგიებით უზრუნველყოფის მიზნით (მაგ.: ინფორმაციის მოგროვება, მიზნისა და აუდიტორიის განსაზღვრა, იდეების გენერაცია-დახარისხება, დაგეგმვა, ჩანაწერების მომზადება, თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა, თანაშეფასებაში მონაწილეობა და სხვა);

ბ.ვ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლის ჩაბმას საკლასო აქტივობებში: დიფერენცირებული დავალებების მიცემა მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამოცანების განსაზღვრა, კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზების ხელშეწყობა, საკამათო საკითხებზე დისკუსიის წახალისება და სხვა;

ბ.ზ) შედეგების დამოუკიდებლად გაუმჯობესების ხელშეწყობა: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასებისა და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები და სხვა;

ბ.თ) დავალებათა ინსტრუქციების ნათლად ჩამოყალიბება.

გ) შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:

გ.ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მდგომარეობის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე ფაზაში (I. წვდომა; II. გავარჯიშება; III. დაუფლება), კონკრეტული პრობლემების წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა მათ აღმოსაფხვრელად;

გ.ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე ფაზაში;

გ.გ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;

გ.დ) შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა).

დ) ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება:

დ.ა) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება ქართულის, როგორც მეორე ენის, სტანდარტის მოთხოვნათა გათვალისწინებით;

დ.ბ) ქართული გრამატიკის სწავლა/სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინება და ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც მოსწავლეებს გაუადვილებს მის ათვისებას;

დ.გ) ზეპირ და წერით კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გათვალისწინებით, ეტაპობრივი, თანამიმდევრული სვლის უზრუნველყოფა აღქმა- გაგებიდან (კითხვა/მოსმენა) შექმნა-შედგენისაკენ (ლაპარაკი და წერა): მოსალოდნელი შედეგიდან გამომდინარე, კონკრეტული ენობრივი და კომუნიკაციური უნარების განსაზღვრა (ამა თუ იმ გრამატიკული ფორმის, სინტაქსური ყალიბის, ენობრივი კონსტრუქციების გამოყენება, ლექსიკური ერთეულების ათვისება; წინადადებების/აბზაცების აზრობრივი გადაბმა, ტექსტის სტრუქტურა და სხვა.); სათანადო შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველ (წვდომა-გაგების), მეორე (გავარჯიშების), თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის, დასახული გრძელვადიანი მიზნის ეტაპობრივად განსახორციელებლად.

ე) ქართულის სწავლება ქართულენოვანი თუ არაქართულენოვანი მოსწავლის პიროვნული, კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის:

ე.ა) მოსწავლეთათვის ისეთი დავალებების/ამოცანების შეთავაზება, რომელთა გადაჭრაც ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კრიტიკული აზოვნების უნარების განვითარებას;

ე.ბ) ისეთი აქტივობების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, პარალელი გაავლონ უცხოურ და მშობლიურ სოციოკულტურულ სამყაროებს შორის, ამოიცნონ და გააანალიზონ მსგავსებება-განსხვავებანი, დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები;

ე.გ) ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეადარონ ერთმანეთს ქართული ლიტერატურისა და შესაბამისი პერიოდის მსოფლიო ლიტერატურის ცნობილი ნაწარმოებები.

თავი XIV

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის საგნის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 33. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელს შეუძლია:

ა) მიმართულება რიცხვები და მოქმედებები:

ა.ა) რიცხვების ადეკვატურად გამოყენება სხვადასხვა ასპექტში. რიცხვით სისტემებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით, პოზიციური სისტემების გამოყენება, რიცხვების კლასიფიკაცია;

ა.ბ) ნამდვილ და კომპლექსურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებების გამოყენება, მათ შორის, კავშირების დასაბუთება და მათი გამოყენება;

ა.გ) რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;

ა.დ) ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება (მათ შორის, რეალურ ვითარებაში);

ა.ე) რიცხვების თვისებების, რიცხვის გამოსახვის პოზიციური სისტემების და რიცხვებთან დაკავშირებული ზოგიერთი ალგორითმის გამოყენება საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრისას.

ბ) მიმართულება კანონზომიერებები და ალგებრა:

ბ.ა) რიცხვითი მიმდევრობების, მწკრივებისა და ფუნქციათა თვისებების გამოყენება პრაქტიკული საქმიანობიდან ან მეცნიერების სხვადასხვა დარგიდან გამომდინარე პრობლემების გადაჭრისას;

ბ.ბ) განტოლებათა და უტოლობათა სისტემების ამოხსნა და მათი გამოყენება პრობლემების გადაჭრისას;

ბ.გ) დისკრეტული მათემატიკის მეთოდების გამოყენება პრობლემების გადაჭრისას.

გ) მიმართულება გეომეტრია და სივრცის აღქმა:

გ.ა) ვექტორებზე მოქმედებების შესრულება და ვექტორების გამოყენება გეომეტრიული და საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას;

გ.ბ) გეომეტრიული ფიგურების (მათ შორის, ბრუნვით მიღებული სხეულების) ამოცნობა, მათი სახეობების შედარება და კლასიფიცირება. გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირების ხერხების გამოყენება;

გ.გ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მათი გამოყენება პრაქტიკული პრობლემების გადასაჭრელად;

გ.დ) ზოგიერთი არაევკლიდური გეომეტრიის თვისებების ჩამოყალიბება და მათსა და ევკლიდურ გეომეტრიას შორის განსხვავების აღწერა. სფერული გეომეტრიის თვისებების გამოყენება ობიექტთა ზომების და მათ შორის მანძილების დასადგენად;

გ.ე) გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების ჩამოყალიბება და მათი გამოყენება გეომეტრიული და პრაქტიკული პრობლემების გადაჭრისას;

გ.ვ) სიმრავლის („წერტილთა გეომეტრიული ადგილის“) ცნების გამოყენება გეომეტრიული ობიექტების გამოსახვისა და მათი თვისებების აღსაწერად;

გ.ზ) სივრცით ფიგურასა და მის კვეთებს/გეგმილებს შორის კავშირების დადგენა. სივრცითი ფიგურის კვეთებისა და გეგმილების გამოყენება ამ ფიგურის შესასწავლად;

გ.თ) დედუქციური/ინდუქციური მსჯელობის გამოყენება გეომეტრიულ დებულებათა დასამტკიცებლად.

დ) მიმართულება მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:  

დ.ა) მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების ადეკვატურად გამოყენება დასმული ამოცანის ამოსახსნელად. მონაცემთა წარმოდგენის ხერხების ინტერპრეტირება;

დ.ბ) მონაცემთა მოპოვების ხერხების ადეკვატურად შერჩევა და მათი გამოყენება დასმული ამოცანის გადასაჭრელად საჭირო მონაცემების მოსაპოვებლად;

დ.გ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით, შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება;

დ.დ) ალბათური მოდელებისა და ალბათობის თვისებების აღწერა, მათი გამოყენება შემთხვევითი მოვლენების აღწერისას.

    მუხლი 34. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

1. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელმა ალგებრასა და ანალიზის საწყისებში იცის:

ა) სიმრავლე. სიმრავლეებს შორის მიმართებები. მოქმედებები სიმრავლეებზე, სიმრავლე, ქვესიმრავლე, ორი სიმრავლის ტოლობა, ცარიელი სიმრავლე. ელემენტარული ოპერაციები სიმრავლეებზე: სიმრავლეთა გაერთიანება, თანაკვეთა, სხვაობა, სიმრავლის დამატება. სიმრავლეთა დეკარტული ნამრავლი. ეკვივალენტობის და დალაგების ბინარული მიმართებები სიმრავლეზე;

ბ) გამონათქვამები და ოპერაციები გამონათქვამებზე. დასაბუთების ხერხები, ლოგიკური ოპერაციები გამონათქვამებზე: უარყოფა, კონიუნქცია, დიზი­უნქცია, იმპლიკაცია. მათ ჭეშმარიტულ მნიშვნელობათა ცხრილი, გამონათქვამთა ტოლფასობის შემოწმება ჭეშმარიტულ მნიშვნელობათა ცხრილის საშუალებით. ზოგადმართებული გამონათქვამები, ლოგიკური გამომდინარეობა; დამტკიცების ცნება; გამონათქვამთა თავსებადი და არათავსებადი ერთობლიობები, გამონათქვამის კონვერსიული (მოპირდაპირე), ინვერსიული (შებრუნებული) და კონტრაპოზიციური გამონათქვამები. კონტრაპოზიციის კანონი, მათემატიკური დებულებების დასაბუთების მეთოდები: დედუქცია, საწინააღმდეგოს დაშვება, კონტრმაგალითის აგება და მათემატიკური ინდუქცია. უნივერსალობის და არსებობის კვანტორები;

გ) ასახვა. ასახვის გრაფიკი. ასახვათა უმარტივესი კლასიფიკაცია, ასახვის განსაზღვრის არე. ასახვის მნიშვნელობათა სიმრავლე. ასახვის შეზღუდვა განსაზღვრის არის ქვესიმრავლეზე. ასახვის გრაფიკი, სიმრავლის სახე და წინა სახე ასახვის მიმართ, ასახვათა კომპოზიცია, ასახვათა ტიპები: ინექცია, სურექცია, ბიექცია, ასახვის შექცევადობა;

დ) მთელი რიცხვები. მარტივი და შედგენილი რიცხვები. გამყოფი და ჯერადი, არითმეტიკული მოქმედებები მთელ რიცხვებზე, ნატურალური რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად. დაშლის ერთადერთობა (არითმეტიკის ძირითადი თეორემა), რამდენიმე მთელი რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა. ევკლიდეს ალგორითმი, გაყოფადობის ნიშნები და მათი კავშირი პოზიციურ სისტემასთან, ნაშთი. ნაშთთა არითმეტიკა (ჯამი და ნამრავლი);

ე) რაციონალური რიცხვები. რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით. რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე. რიცხვითი გამოსახულებები, მოქმედებათა თანმიმდევრობა რიცხვით გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები;

ვ) ირაციონალური რიცხვები. ნამდვილი რიცხვები, ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე. ნამდვილი რიცხვების შედარება და მათზე არითმეტიკული მოქმედებები, ირაციონალური რიცხვის ცნება. ირაციონალური რიცხვის მაგალითები, არათანაზომადი მონაკვეთები, ირაციონალური რიცხვის ათობითი მიახლოება, რიცხვითი უტოლობები და მათი თვისებები;

ზ) რიცხვის ჩაწერის პოზიციური სისტემა, რიცხვის გამოსახვა სხვადასხვა პოზიციურ სისტემაში. ერთ პოზიციურ სისტემაში გამოსახული რიცხვის გამოსახვა მეორე პოზიციურ სისტემაში;

თ) რიცხვითი ღერძი. რიცხვითი შუალედები, ნამდვილი რიცხვის გამოსახვა რიცხვით ღერძზე. წერტილის კოორდინატი, რიცხვითი შუალედები;

ი) რიცხვის მოდული, მოდულის ძირითადი თვისებები და მისი გეომეტრიული აზრი;

კ) პროპორცია, პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით, სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულება, რამდენიმე რიცხვის საშუალო არითმეტიკული, საშუალო გეომეტრიული და საშუალო ჰარმონიული;

ლ) რიცხვის პროცენტი და ნაწილი, რიცხვის პროცენტისა და ნაწილის პოვნა. რიცხვის პოვნა მისი პროცენტით ან ნაწილით, რიცხვის ჩაწერა პროცენტის სახით;

მ) ხარისხი, ხარისხი ნატურალური, მთელი და რაციონალური მაჩვენებლით, ნამრავლის, ფარდობისა და ხარისხის ახარისხება. ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;

ნ) n-ური ხარისხის ფესვი, არითმეტიკული ფესვი, არითმეტიკული ფესვის თვისებები;

ო) მრავალწევრები, მრავალწევრების შეკრება, გამოკლება, გამრავლება, გაყოფა. ბეზუს თეორემა. ევკლიდეს ალგორითმი, მრავალწევრის მამრავლებად დაშლა. შემოკლებული გამრავლების ფორმულები. ნიუტონის ბინომი;

პ) ალგებრული გამოსახულება, მოქმედებები გამოსახულებებზე. გამოსახულების გარდაქმნა და მისი რიცხვითი მნიშვნელობის გამოთვლა;

ჟ) რიცხვის ლოგარითმი, ძირითადი ლოგარითმული იგივეობა. ლოგარითმის თვისებები. ნატურალური ლოგარითმი;

რ) მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე და სივრცეში, წერტილის კოორდინატები. ნამდვილ რიცხვთა წყვილის (სამეულის) გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე და სივრცეში;

ს) ფუნქცია, ფუნქციის გრაფიკი, ფუნქციის განსაზღვრის არე. ფუნქციის მნიშვნელობათა სიმრავლე. ფუნქციის ზრდადობა, კლებადობა, ლუწობა, კენტობა, პერიოდულობა. რთული ფუნქცია (ფუნქციათა კომპოზიცია), შექცეული ფუნქცია. კავშირი ფუნქციის თვისებებსა და მისი გრაფიკის თვისებებს შორის, ფუნქციის მნიშვნელობის გამოთვლა არგუმენტის მოცემული მნიშვნელობისათვის. ფუნქციის მოცემა ცხრილის, ფორმულისა და გრაფიკის ასშუალებით, ელემენტარული ფუნქციები: მრავალწევრები, წილად წრფივი და რაციონალური, ხარისხოვანი, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული, ტრიგონომეტრიული, შექცეული ტრიგონომეტრიული – მათი თვისებები და გრაფიკები;

ტ) კუთხის ზომა, კუთხის გრადუსული და რადიანული ზომა. კავშირი კუთხის რადიანულ და გრადუსულ ზომებს შორის;

უ) ტრიგონომეტრიული ფუნქციები: სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი. შექცეული ტრიგონომეტრიული ფუნქციები, სინუსის, კოსინუსის და ტანგენსის მნიშვნელობები 0, ,   არგუმენტებისათვის და მათი ჯერადი არგუმენტებისათვის, ტრიგონომეტრიული ფუნქციების პერიოდულობა. უმცირესი პერიოდის მოძებნა. ტრიგონომეტრიული ფუნქციების ლუწობა და კენტობა, ძირითადი დამოკიდებულებები ერთი და იმავე არგუმენტის ტრიგონომეტრიულ ფუნქციებს შორის. დაყვანის ფორმულები. ალგებრული ოპერაციები ტრიგონომეტრიულ ფუნქციებზე;

ფ) განტოლება, უტოლობები, განტოლებათა და უტოლობათა სისტემები, წრფივი, კვადრატული, რაციონალური, მაჩვენებლიანი, ლოგარითმული, ირაციონალური, ტრიგონომეტრიული, მოდულის შემცველი განტოლებები და უტოლობები. ორი ცვლადის შემცველ წრფივ და კვადრატულ განტოლებათა სისტემები, ტოლფასი განტოლებები და განტოლებათა სისტემები. პარამეტრის შემცველი განტოლებები და განტოლებათა სისტემები, წრფივ ორუცნობიან უტოლობათა სისტემა, მის ამონახსენთა სიმრავლის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყზე. წრფივი დაპროგრამების ამოცანა (გეომეტრიული ამოხსნა);

ქ) პრობლემების გადაჭრა განტოლებისა და განტოლებათა სისტემის გამოყენებით, ტექსტური ამოცანების ამოხსნა განტოლებისა და განტოლებათა სისტემის გამოყენებით, პრობლემის ადეკვატური მოდელის შედგენა განტოლების ან განტოლებათა სისტემის გამოყენებით;

ღ) რიცხვითი მიმდევრობები, მიმდევრობის n-ური წევრის ფორმულის მიხედვით მიმდევრობის წევრების პოვნა, არითმეტიკული პროგრესია: არითმეტიკული პროგრესიის n-ური წევრისა და პირველი n წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები, გეომეტრიული პროგრესია: გეომეტრიული პროგრესიის n-ური წევრისა და პირველი n წევრის ჯამის გამოსათვლელი ფორმულები, მიმდევრობის მოცემის რეკურენტული ხერხი. ფიბონაჩის მიმდევრობა, რიცხვითი მიმდევრობის კრებადობა. კრებად მიმდევრობათა არითმეტიკული თვისებები. უსასრულოდ მცირე და უსასრულოდ დიდი მიმდევრობები, მიმდევრობის სახეები: მონოტონური, ზრდადი, კლებადი, სტაციონარული, თეორემა ზრდადი (კლებადი), ზემოდან (ქვემოდან) შემოსაზღვრული მიმდევრობის კრებადობის შესახებ. ნეპერის რიცხვი, უსასრულოდ კლებადი გეომეტრიული პროგრესიის კრებადობა (ჯამის გამოსათვლელი ფორმულა);

ყ) ფუნქციის ზღვარი. ფუნქციის უწყვეტობა, ფუნქციის ზღვარი წერტილში. წერტილში ფუნქციის ზღვრის არითმეტიკული თვისებები, ფუნქციის უწყვეტობა წერტილში. უწყვეტი ფუნქციის ცნება. ძირითად ელემენტარული ფუნქციათა უწყვეტობა, სეგმენტზე განსაზღვრულ უწყვეტ ფუნქციათა გლობალური თვისებები: ბოლცანო-კოშის თეორემა შუალედური მნიშვნელობის შესახებ; ვაიარშტრასის თეორემა მაქსიმალური და მინიმალური მნიშვნელობების მიღწევადობის შესახებ;

შ) ფუნქციის წარმოებული, ფუნქციის წარმოებული წერტილში. მისი გეომეტრიული და ფიზიკური შინაარსი, არითმეტიკული ოპერაციები ფუნქციებზე და წარმოებული. ფუნქციათა კომპოზიციის წარმოებული. შექცეული ფუნქციის წარმოებული, ელემენტარულ ფუნქციათა წარმოებულები, წარმოებადი ფუნქციის გრაფიკის, წერტილში მხები წრფის განტოლება. ფერმას თეორემა;

ჩ) ფუნქციის გამოკვლევა წარმოებულის გამოყენებით, ფუნქციის მონოტონურობის შუალედების დადგენა, ფუნქციის გამოკვლევა ლოკალურ ექსტრემუმზე. სეგმენტზე განსაზღვრული წარმოებადი ფუნქციის უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობის მოძებნა, ფუნქციის ასიმპტოტების მოძებნა, ფუნქციის გრაფიკის სქემატური გამოსახვა მართკუთხა საკოორდინატო სისტემაში;

ც) ინტეგრება, ფუნქციის პირველადი და განუსაზღვრელი ინტეგრალი. ძირითად ელემენ­ტარულ ფუნქციათა განუსაზღვრელი ინტეგრალები, რიმანის განსაზღვრული ინტეგრალი. მისი გეომეტრიული შინაარსი, რიმანის განსაზღვრული ინტეგრალის ძირითადი თვისებები: წრფივობა, ადიციურობა, ნაწილობითი ინტეგრება, ცვლადის გარდაქმნა განსაზღვრულ ინტეგრალში, ნიუტონლაიბნიცის ფორმულა, მრუდწირული ტრაპეციის ფართობის გამოთვლა განსაზღვრული ინტეგრალის გამოყენებით, წარმოებულისა და ინტეგრალის ფიზიკური შინაარსი (მაგალითად: სიჩქარე, გავლილი მანძილი, სიმძლავრე, მუშაობა);

ძ) კომპლექსური რიცხვები, ომპლექსური რიცხვების ჩაწერის ალგებრული და ტრიგონომეტრიული ფორმები. კომპლექსური რიცხვების გეომეტრიული ინტერპრეტაცია. კომპლექსური რიცხვის შეუღლებული რიცხვი. არითმეტიკული მოქმედებები კომპლექსურ რიცხვებზე და მათი გეომეტრიული ინტერპრეტაცია, კვადრატული სამწევრის კომპლექსური ფესვები, ალგებრის ძირითადი თეორემა. ვიეტის თეორემა n-ური ხარისხის მრავალწევრებისათვის, კომპლექსური რიცხვის ნატურალური ხარისხი (მუავრის ფორმულა). n -ური ხარისხის ფესვი კომპლექსური რიცხვიდან;

წ) კომბინატორიკის ელემენტები, გადანაცვლებათა, ჯუფთებათა და წყობათა რაოდენობების გამოსათვლელი ფორმულები, ბინომური კოეფიციენტების თვისებები, პასკალის სამკუთხედი;

ჭ) გრაფები, ძირითადი ცნებები გრაფთა თეორიიდან: წვერო, წიბო, რკალი, მარყუჟი, მოსაზღვრე წვეროები და წიბოები, წიბოს და წვეროს ინციდენტურობა, მარშრუტი, ციკლი, ორიენტირებული და არაორიენტირებული გრაფები, ხე, წვეროს ინდექსი, მარშრუტის სიგრძე, გრაფების მოცემის ხერხები: ინციდენტურობის და მოსაზღვრეობის ცხრი­ლებით, სიით, გრაფების იზომორფულობა. გრაფის ეილერის მახასიათებელი, გრაფის უნიკურსალურობა, ბმული გრაფის უნიკურსალურობის აუცილებელი და საკმარისი ნიშანი.

2. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელმა გეომეტრიაში იცის:

ა) ძირითადი გეომეტრიული ობიექტები და ცნებები, წერტილი, წრფე. სხივი, მონაკვეთი, ტეხილი, მანძილი ორ წერტილს შორის. მონაკვეთის სიგრძე, ტეხილის სიგრძე. მანძილის თვისება (სამკუთხედის უტოლობა), კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლი­ლი კუთხეები, კუთხის ბისექტრისა. მისი თვისება, მონაკვეთის შუამართობი. მონაკვეთის შუამართობის თვისება, მოსაზღვრე და ვერტიკალური კუთხეები. მოსაზღვრე კუთხეების ჯამი. ვერტიკალური კუთხეების ტოლობა;

ბ) წრფეების ურთიერთგანლაგება. წრფეთა პარალელურობა. ორი წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული კუთხეები, ორი პარალელური წრფის მესამეთი გადაკვეთისას მიღებული კუთხეების თვისებები, წრფეთა პარალელურობის ნიშნები, კუთხე ორ წრფეს შორის. წრფეთა მართობულობა. მართობი, დახრილი და გეგმილი. მანძილი წერტილიდან წრფემდე;

გ) მრავალკუთხედი. ამოზნექილი მრავალკუთხედი, ვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი, პერიმეტრი, ამოზნექილი ფიგურის განსაზღვრება, ამოზნექილი მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი;

დ) სამკუთხედი, სამკუთხედის გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე და მათი თვისებები, სამკუთხედები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა და მათი თვისებები, სამკუთხედის კუთხეების ჯამი. სამკუთხედის გარე კუთხის თვისება. სამკუთხედის შუახაზის თვისებები, სამკუთხედების ტოლობის ნიშნები. სამკუთხედების მსგავსების ნიშნები. მსგავსი სამკუთხედების პერიმეტრებისა და ფართობების შეფარდება, სინუსებისა და კოსინუსების თეორემები. სამკუთხედის ამოხსნა, შემოხაზული და ჩახაზული წრეწირი. მართკუთხა სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირის თვისება. სამკუთხედში ჩახაზული და სამკუთხედზე შემოხაზული წრეწირების რადიუსების გამოსათვლელი ფორმულები;

ე) მართკუთხა სამკუთხედი, მართკუთხა სამკუთხედების ტოლობის ნიშნები, პითაგორას თეორემა, ტრიგონომეტრიული თანაფარდობები მართკუთხა სამკუთხედის კუთხეებსა და გვერდებს შორის, თანაფარდობები ჰიპოტენუზაზე დაშვებულ სიმაღლეს, კათეტებს, ჰიპოტენუზაზე კათეტების გეგმილებსა და ჰიპოტენუზას შორის;

ვ) პროპორციები გეომეტრიაში, თალესის თეორემა, მონაკვეთის დაყოფა მოცემული პროპორციით, ოქროს კვეთა, მონაკვეთთა არითმეტიკული საშუალო, გეომეტრიული საშუალო და ჰარმონიული საშუალო;

ზ) პარალელოგრამი, პარალელოგრამის გვერდების, კუთხეებისა და დიაგონალების თვისებები, პარალელოგრამობის ნიშნები, რომბის დიაგონალების თვისებები, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობა. მართკუთხედის სიმეტრიის ღერძე­ბი, კვადრატი და მისი თვისებები;

თ) ტრაპეცია, მისი ელემენტები. ტრაპეციის შუახაზის თვისება, ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები;

ი) წრეწირი და წრე, ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი, სეგმენტი, მხები, რკალის გრადუსული და რადიანული ზომა, რიცხვი ,   წრეწირისა და წრეწირის რკალის სიგრძის გამოსათვლელი ფორმულები, ცენტრული და ჩახაზული კუთხეები და მათი თვისებები, წრეწირის მხების თვისება, ურთიერთგადამკვეთი ქორდების თვისებები. ქორდის მართობული დიამეტრის თვისება, წრეწირისადმი ერთი წერტილიდან გავლებული მხებისა და მკვეთის თვისებები;

კ) წესიერი მრავალკუთხედები, წესიერ მრავალკუთხედებში ჩახაზული და მათზე შემოხაზული წრეწირები, დამოკიდებულება წესიერი მრავალკუთხედის გვერდსა და ჩახაზული და მასზე შემოხაზული წრეწირების რადიუსებს შორის;

ლ) ბრტყელი ფიგურის ფართობი, ბრტყელი ფიგურის ფართობი და მისი თვისებები, კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის, რომბის, ტრაპეციის და წესიერი მრავალკუთხედის ფართობთა გამოსათვლელი ფორმულები, წრიული სექტორისა და წრის ფართობის გამოსათვლელი ფორმულები;

მ) ძირითადი გეომეტრიული აგებები ფარგლითა და სახაზავით, სამკუთხედის აგება მისი ელემენტების (მაგალითად: მოცემული გვერდების) მიხედვით, მოცემული კუთხის ტოლი კუთხის აგება, კუთხის ბისექტრისის აგება, მონაკვეთის შუამართობის აგება, მოცემულ წერტილზე მოცემული წრფის მართობული წრფის გავლება, მოცემულ წერტილზე მოცემული წრფის პარალელური წრფის გავლება, მონაკვეთის გაყოფა მოცემული შეფარდებით;

ნ) გეომეტრიული გარდაქმნები, ღერძული და ცენტრული სიმეტრიები, მობრუნება, ჰომოთეტია, პარალელური გადატანა. მათი გამოსახვა კოორდინატებში. მსგავსების გარდაქმნა, გეომეტრიული გარდაქმნების კომპოზიციები;

ო) წერტილი, წრფე და სიბრტყე სივრცეში, გადამკვეთი, პარალელური და აცდენილი წრფეები. წრფეთა პარალელუ­რობის ნიშანი. კუთხე აცდენილ წრფეებს შორის. მანძილი აცდენილ წრფეებს შორის, წრფისა და სიბრტყის მართობულობის ნიშანი, წრფისა და სიბრტყის პარალელურობის ნიშანი, კუთხე წრფესა და სიბრტყეს შორის. ორწახნაგა კუთხე. ორწახნაგა კუთხის ზომა. კუთხე სიბრტყეებს შორის, სიბრტყეთა პარალელურობის ნიშანი, ორი სიბრტყის მართობულობის ნიშანი, მართობი და დახრილი. მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე. სამი მართობის თეორემა, პარალელური დაგეგმილება სიბრტყეზე, კავშირი ბრტყელი ფიგურის ფართობსა და ამ ფიგურის სიბრტყეზე გეგმილის ფართობს შორის;

პ) მრავალწახნაგა, მრავალწახნაგა. წვერო, წიბო, წახნაგი. კავშირი მათ რაოდენობებს შორის (ეილერის თეორემა), წესიერი მრავალწახნაგები (პლატონისეული სხეულები);

ჟ) პრიზმა, პრიზმის ფუძე, გვერდითი წახნაგი, გვერდითი წიბო, სიმაღლე, დიაგონალი, პრიზმის კერძო სახეები (მართი პრიზმა, წესიერი პრიზმა, მართი პარალე­ლეპიპედი, მართკუთხა პარალელეპიპედი, კუბი);

რ) პირამიდა, პირამიდის წვერო, გვერდითი წიბო, ფუძე, გვერდითი წახნაგი, სიმაღლე, წესიერი პირამიდა. აპოთემა. წაკვეთილი პირამიდა;

ს) ბრუნვითი სხეულები, ცილინდრი. მისი ელემენტები. ცილინდრის ღერძული კვეთა, კონუსი, მისი ელემენტები. კონუსის ღერძული კვეთა. წაკვეთილი კონუსი, ბირთვი, სფერო. მათი ელემენტები. ბირთვის კვეთა სიბრტყით. სფეროს მხები სიბრტყე, წრფის გარშემო მრავალკუთხედის ბრუნვის შედეგად მიღებული ფიგურები;

ტ) სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი, სივრცითი სხეულის მოცულობა და მისი თვისებები, კუბის, პარალელეპიპედის, პრიზმის გვერდითი და სრული ზედაპირის ფარ­თობებისა და მოცულობების გამოთვლა, პირამიდის, ცილინდრის, კონუსის, წაკვეთილი პირამიდის და წაკვეთილი კონუსის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობთა და მოცულობათა გამოთვლა, ბირთვის ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმუ­ლები;

უ) კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილები და კვეთები, ამ სხეულების აღდგენა მათი შლილების საშუალებით, ამ სხეულების კვეთების აგება;

ფ) გეომეტრიული გარდაქმნები სივრცეში, ღერძული და ცენტრული სიმეტრიები. სიმეტრია სიბრტყის მიმართ. პარალე­ლური გადატანა. ჰომოთეტია. მობრუნება წრფის მიმართ. მსგავსების გარდაქმნა, გეომეტრიული გარდაქმნების (ღერძული და ცენტრული სიმეტრია, სიმეტრია სიბრტყის მიმართ, პარალელური გადატანა, ჰომოთეტია) გამოსახვა კოორდინატებში, კუბის, პარალელეპიპედის, წესიერი პრიზმის, წესიერი პირამიდის, კონუსის, სფეროს და ბირთვის სიმეტრიები;

ქ) ვექტორები, ვექტორები და მათზე განსაზღვრული ოპერაციები: შეკრება, სკალარზე გამრავლება. ვექტორთა სკალარული და ვექტორული გამრავლება, მათი ძირითადი თვისებები, კოლინეარული და კომპლანარული ვექტორები. ვექტორებისა და ვექტორებზე მოქმედებების გამოსახვა კოორდინატებში. ვექტორის გაშლა საკოორდინატო ორტების მიმართ;

ღ) ანალიზური გეომეტრიის ელემენტები სიბრტყეზე, ორ წერტილს შორის მანძილის გამოსახვა დეკარტულ კოორდინატებში. მონაკვეთის გაყოფა მოცემული პროპორციით, წრფის განტოლება ზოგადი სახით. ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლება. საკუთხო კოეფიციენტი (დახრილობა). კუთხე ორ წრფეს შორის. წრფეთა პარალელურობის და მართობულობის პირობები, მანძილი წერტილიდან წრფემდე, ელიფსი, ჰიპერბოლა და პარაბოლა. მათი კანონიკური განტოლებები. ფოკუსები, ნახევარღერძები, ექსცენტრისიტეტი, დირექტრისა;

ყ) ანალიზური გეომეტრიის ელემენტები სივრცეში, ორ წერტილს შორის მანძილის გამოსახვა დეკარტულ კოორდინატებში. მონაკვეთის გაყოფა მოცემული პროპორციით, წრფის განტოლება სივრცეში. ორ წერტილზე გამავალი წრფის განტოლება, სიბრტყის ზოგადი სახის განტოლება სივრცეში. კუთხე ორ სიბრტყეს შო­რის. ორი სიბრტყის პარალელურობის და მართობულობის პირობები. წრფისა და სიბრტყის პარალელურობისა და მართობულობის პირობები, მანძილი წერტილიდან სიბრტყემდე;

შ) ელემენტარული წარმოდგენები არაევკლიდური გეომეტრიების შესახებ, ელიფსური გეომეტრიის რიმანკლაინის მოდელი (გეომეტრია სფეროზე), ჰიპერბოლური (ლობაჩევსკის) გეომეტრიის პუანკარეს მოდელი (ფსევდო­სფეროზე ან წრეზე), პარაბოლური (ევკლიდური), ელიფსური (გეომეტრია სფეროზე) და ჰიპერ­ბოლური (გეომეტრია წრეზე) გეომეტრიების ზოგიერთი განმასხვავებელი ელემენტარული ნიშანი (მაგ.: სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი, მოცემული წრფის გარეთ მდებარე წერტილზე მოცემული წრფის პარალელური წრფის გავლების შესაძლებლობა, მართკუთხედის ცნების არსებობა, საკერის ოთხკუთხედის ზედა კუთხეების კლასიფიკაცია);

ჩ) ზომის ერთეულები, სიგრძის, ფართობის, მოცულობის, მასის, დროის, სიჩქარის ერთეულები, მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა, მონაცემთა წარმოდგენა, სია, ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა: წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული, ფოთლებიანი ღეროების მსგავსი დიაგრამა, ჰისტოგრამა, პოლიგონი, ოგივა, დაგროვილ ფარდობით სიხშირეთა დიაგრამა;

ც) მონაცემთა მახასიათებლებლები, ცენტრალური ტენდენციის საზომები (საშუალო, მედიანა, მოდა). მონაცემთა გაფანტულობის საზომები (გაბნევის დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა), სიხშირეთა განაწილება; დაგროვილი სიხშირე; დაგროვილი ფარდობითი სიხშირე; მონაცემთა პოზიციის მახასიათებელი – რანგი, დაწყვილებული მონაცემები, გაფანტულობის დიაგრამა, კორელაცია, უმცი­რეს კვადრატთა მეთოდი;

ძ) ალბათობა, ელემენტარული ხდომილობათა სივრცე; ხდომილობა; ოპერაციები ხდომილო­ბებზე; არათავსებადი ხდომილობები, ალბათობის კლასიკური განსაზღვრება. ალბათობის გამოთვლა კომბინატო­რიკის გამოყენებით, ხდომილობათა ჯამის ალბათობის გამოთვლა. პირობითი ალბათობა. ორი ხდომილობის ნამრავლის ალბათობა. დამოუკიდებელი ხდომილობები, სრული ალბათობის ფორმულა, ბაიესის ფორმულა, დისკრეტული შემთხვევითი სიდიდე და მისი განაწილების ფუნქცია. დისკრე­ტული შემთხვევითი სიდიდის რიცხვითი მახასიათებლები: მათემატიკური ლოდინი, დისპერსია, განმეორებითი ცდები. ბინომური განაწილება, გეომეტრიული ალბათობა.

    მუხლი 35. სწავლების მეთოდები

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებელი ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:

ა) მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებულ სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა.ა) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით სასწავლო მასალის შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, სხვადასხვა ტიპისა და სირთულის დავალებების შერჩევა ან შედგენა;

ა.ბ) სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით მოკლევადიანი საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთების, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარ-ჩვევების განსავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, გასხვავებული სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა;

ა.გ) გრძელვადიანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა გამოთვლების, მოდელირების, მსჯელობა-დასაბუთებისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განსავითარებლად: სტანდარტის მოთხოვნების გათვალისწინებით გრძელვადიანი მიზნების განსაზღვრა, ამ მიზნების შესაბამისი დავალებების შერჩევა თუ შედგენა, მოსალოდნელი პროდუქტის (მაგალითად: მათემატიკური მოდელის, გამოთვლების შედეგის, თეორემის დამტკიცების, საპრეზენტაციო მასალის) შინაარსისა და მიზნების რუკის შედგენა, რომელშიც აისახება პროდუქტის შექმნისათვის საჭირო მათემატიკური პროცედურების ფლობა: პრობლემის განსაზღვრა, მისი ჩამოყალიბება მათემატიკურ ენაზე, შესაბამისი მოდელის შედგენა, საჭირო მონაცემების განსაზღვრა და მოპოვება, მოდელის გამოყენებით პრობლემის გადაჭრა, მოდელის შეფასება და მისი კორექცია შეფასების შედეგების გათვალისწინებით; ამ რუკაზე დაფუძნებით შუალედური და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა და მათი შესაბამისი განსხვავებული ტიპისა და სირთულის სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, რომლებიც მოსწავლეებს ეტაპობრივად მოამზადებს დასახული მიზნის განსახორციელებლად;

ა.დ) სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისი ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვა (მაგ.: პროექტი, აქტივობა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინარული აქტივობები/პროექტები): მიზნების განსაზღვრა, სხვა დისციპლინებთან დაკავშირება, მიზნების შესაბამისი დავალების შერჩევა, მონაწილეთა რაოდენობისა და მათი ფუნქციების განსაზღვრა, განხორციელების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;

ა.ე) მოსწავლის მოტივაციის ასამაღლებლად ისეთი დავალებების განსაზღვრა, შექმნა და გამოყენება, რომლებიც შეესაბამება მოსწავლის მიმდინარე მოთხოვნილებას და სასწავლო მასალას და რომლებიც ავითარებს მოსწავლის კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარს;

ა.ვ) ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც წარმოაჩენს ტექნოლოგიების (კალკულატორი, ელექტრონული ცხრილები, მათემატიკური პაკეტები, გრაფიკული პროგრამები) გამოყენების დადებით მხარეებს და მათ როლს პრობლემების გადაჭრაში;

ა.ზ) ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც წარმოაჩენს მათემატიკის როლს წარმატებული სამსახურებრივი კარიერის წარმართვაში;

ა.თ) მაგალითების შერჩევა მათემატიკური ცოდნისა და უნარების გამოსაყენებლად (მათ შორის, რეალურ ვითარებასთან დაკავშირებული მაგალითების).

ბ) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) ახალი ცნებების, ობიექტებისა და პროცედურების შემოტანისას მოსწავლის არსებული ცოდნის განსაზღვრა. ახალი ცნებების, ობიექტებისა და პროცედურების შემოტანისას ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვა. სწავლების პროცესის თანმიმდევრულად წარმართვა ისე, რომ მოსწავლე ეფექტურად ახერხებდეს უკვე არსებული ცოდნის გამოყენებას კომპლექსურ ვითარებაში;

ბ.ბ) სხვადასხვა სახის აქტივობისა და სწავლების ფორმის გამოყენება მოსწავ­ლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით. ამასთანავე, მოსწავლეთა დამოკიდებულებების მრავალფეროვნების გათვალისწინება;

ბ.გ) კავშირის დამყარება მათემატიკის სხვადასხვა მიმართულებას შორის, აგრეთვე, მათემატიკასა და სხვა დისციპლინებს შორის;

ბ.დ) მათემატიკისა და სხვა სასწავლო დისციპლინების ინტეგრაცია ისე, რომ მოსწავლეს განუვითარდეს საჭირო უნარები, რათა მან წარმატებით გაართვას თავი იმ მათემატიკურ ამოცანებს, რომლებიც დაკავშირებულია ამ ინტეგრაციასთან;

ბ.ე) სასწავლო მასალის გადაცემისას შესაფერისი სტრატეგიისა და ტექნიკის (მაგ.: კანონზომიერების ამოცნობა, ვიზუალური წარმოდგენა, ფორმულა) გამოყენება;

ბ.ვ) შეკითხვების დასმის სტარტეგიის გამოყენება, რათა დაეხმაროს მოსწავლეს არგუმენტების წარმოდგენასა და დებულების დასაბუთებაში.

ბ.ზ) სასწავლო პროცესში დამხმარე მასალის (მაგ.: თვალსაჩინოებების, ტექნო­ლოგიების) შერჩევა და ეფექტურად გამოყენება, მოსწავლის მიერ დამხმარე მასალის გამოყენებისათვის ხელშეწყობა;

ბ.თ) საზოგადოების განვითარებაში მათემატიკის როლის წარმოჩენისას სხვადასხვა რესურსის შერჩევა;

ბ.ი) სასწავლო მასალაში მოცემული მათემატიკური კონცეფციებისა და იდეების ევოლუციური და ისტორიული განვითარების გაცნობა მოსწავლეთათვის.

გ) შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:

გ.ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით: მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება ცოდნის ათვისების სამივე დონეზე (I. პროცედურის წვდომა; II. პროცედურაში გავარჯიშება; III. პროცედურის დაუფლება), კონკრეტული პრობლემებისა და მათი წარმომშობი მიზეზების გამოვლენა და სათანადო აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;

გ.ბ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება ცოდნის ათვისების მესამე ფაზაში;

გ.გ) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმების და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეულის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;

გ.დ) შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა);

გ.ე) მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებში და მასალის არასწორ/არასრულ­ყოფილ გააზრებაში კანონზომიერებების აღმოჩენა. კორექციის შესატანად შესაფერისი პროცედურების გამოყენება და სასწავლო პროცესის ადეკვატური მოდიფიკაცია;

გ.ვ) მოსწავლის ფაქტობრივი ცოდნისა და მაღალი დონის სააზროვნო კომპეტენციების შესაფასებლად ადეკვატური ხერხების შექმნა და გამოყენება.

თავი XV

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 36. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელს შეუძლია:

ა) მოვლენის არსის განსაზღვრა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;

ბ) კვლევის საგნის განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა;

გ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად მონაცემების სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., ექსპერიმენტის, უშუალო დაკვირვების ან საინფორმაციო წყაროებიდან) მოპოვება;

დ) მონაცემების კლასიფიცირება (დახარისხება) სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და მონაცემების სხვადასხვა სახით (ფორმით, ხერხით) წარმოდგენა;

ე) კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება;

ვ) სტრუქტურების და პროცესების მოდელირება;

ზ) პრაქტიკულ სამუშაოებთან (ცოცხალ ორგანიზმებთან, ქიმიურ რეაქტივებთან ან ფიზიკურ მოვლენებთან) დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და პრევენცია;

თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვა ზოგად ისტორიულ ჭრილში;

ი) საბუნებისმეტყველო სფეროში დაგროვილი (არსებული) ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;

კ) საბუნებისმეტყველო პრობლემების მდგრადი განვითარების ჭრილში განხილვა;

ლ) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;

მ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაკავშირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან;

ნ) მეცნიერული ტერმინოლოგიით მეტყველება (წერითი და ზეპირი);

ო) საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება.

    მუხლი 37. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

1. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა იცის:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის ობიექტები და მიზნები;

ბ) ბუნებისმეტყველების ადგილი მეცნიერებათა სისტემაში;

გ) საბუნებისმეტყველო იდეების ჩამოყალიბების (ფორმირების) ისტორია;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერული ცნებები და ტერმინები;

ე) საბუნებისმეტყველო კვლევის მეთოდები, კვლევა და მისი ეტაპები. ცდა (დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები, მონაცემები, საკონტროლო ცდა, განმეორებითი ცდა, ცდის პირობის შეცვლა, ცდის ოქმი). მონაცემთა მოპოვების გზები – ცდა/ექსპერიმენტი, დაკვირვება, გამოკითხვა (კითხვარი), ინფორმაციის მოძიება (ინტერნეტი, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა);

ვ) სტრუქტურების და პროცესების მოდელები;

ზ) უსაფრთხოების წესები;

თ) მდგრადი განვითარების კონცეფცია;

ი) ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი დებულებები.

2. ბიოლოგია

ა) ბიოლოგიის შესწავლის ობიექტი, ცოცხალი სისტემები. ღია, თვითმარეგულირებელი, თვითწარმომქმნელი სისტემები;

ბ) სიცოცხლის ძირითადი ნიშნები, სტრუქტურული ორგანიზაცია, სუნთქვა, გამოყოფა, გაღიზიანებადობა, ზრდა-განვითარება, გამრავლება, გარემოსთან ადაპტაცია;

გ) ცოცხალი სისტემების ორგანიზაციის დონეები, მოლეკულური, უჯრედული, ქსოვილური, ორგანიზმული, სახეობრივი, ეკოსისტემური, ბიოსფერული;

დ) უჯრედი – სტრუქტურული ერთეული, უჯრედის ქიმიური შედგენილობა. არაორგანული (წყალი, მინერალური მარილები) და ორგანული (ცილები, ლიპიდები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები) ნივთიერებები. მათი სტრუქტურა, თვისებები, ბიოლოგიური როლი, უჯრედების მრავალფეროვნება (პროკარიოტული, ეუკარიოტული). სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები – ვირუსი. მათი აგებულება, სტრუქტურული ერთეულები, ფუნქციები;

ე) ნივთიერებათა ცვლა უჯრედში, ანაბოლური და კატაბოლური რეაქციები, გლუკოზის დაშლა. გლიკოლიზი, დუღილი, სუნთქვა. ატფ-ს სინთეზი; ფოტოსინთეზი. ქემოსინთეზი, მატრიცული ტიპის რეაქციები – რეპლიკაცია, ტრანსლაცია, ტრანსკრიფცია;

ვ) უჯრედი – ორგანიზმის ზრდისა და გამრავლების საფუძველი, უჯრედის სასიცოცხლო ციკლი. ინტერფაზა. სხვადასხვა სახის უჯრედების (პროკარიოტული, ეუკარიოტული – სომატური, სასქესო) გაყოფა. მიტოზი. მეიოზი. მემკვიდრული ინფორმაციის გადაცემის მექანიზმები. ამ პროცესების ბიოლოგიური როლი;

ზ) უჯრედების სპეციალიზაცია, ქსოვილები, ქსოვილთა ტიპები (მცენარეებსა და ცხოველებში), სტრუქტურული თავისებურებები, მათი ფუნქციები;

თ) ორგანიზმების გამრავლება და განვითარება, ონტოგენეზი – ემბრიონული და პოსტემბრიონული განვითარება. ორგანიზმის გამრავლების ფორმები. უსქესო გამრავლება. სქესობრივი გამრავლება. პართენოგენეზი. თაობათა მონაცვლეობა;

ი) მემკვიდრეობითობის და ცვალებადობის კანონზომიერებები, ქრომოსომები, გენები. მემკვიდრეობითობის მოლეკულური საფუძველი. გენოტიპი და ფენოტიპი. ალელური და არაალელური გენები. დომინანტური და რეცესიული ნიშან-თვისებები. სრული და არასრული დომინირება. მენდელის კანონები. მორგანის კანონი. ცვალებადობის ფორმები – მემკვიდრული და მოდიფიკაციური. გენეტიკური ანომალიების შედეგები;

კ) სელექცია. იოტექნოლოგია, სელექცია და მისი მეთოდები. გენური ინჟინერია. იოტექნოლოგია;

ლ) ორგანიზმთა მრავალფეროვნება, სისტემატიკა. კლასიფიკაციის პრინციპები. მსხვილი ტაქსონომიური ერთეულების (სამეფო, ტიპი, კლასი) დამახასიათებელი ნიშნები (აგებულება, სასიცოცხლო პროცესები). ტიპობრივი წარმომადგენლები. საქართველოს ბიომრავალფეროვნება;

მ) ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, ორგანოები და ორგანოთა სისტემები, აგებულება, ფუნქციები, ნივთიერებათა ცვლა, კვება, სუნთქვა, ნივთიერებათა ტრანსპორტი, გამოყოფა, ნერვული და ენდოკრინული რეგულაცია, გამრავლება და განვითარება, ჰიგიენა და ჯანმრთელობა;

ნ) ორგანული სამყაროს განვითარების თეორიები, სიცოცხლის წარმოშობის თეორიები, ევოლუციური თეორიის არგუმენტები, ევოლუციის მამოძრავებელი ძალები, ევოლუციის შედეგები, მაკროევოლუცია, მიკროევოლუცია, სახეობა, პოპულაცია, ანთროპოგენეზი;

ო) ეკოსისტემა, მისი სტრუქტურა – ბიოტური და აბიოტური კომპონენტები, ნივთიერებათა წრებრუნვა და ენერგიის გადაცემა, პროდუცენტები, კონსუმენტები, რედუცენტები, კვებითი კავშირები, ორგანიზმებზე მოქმედი ფაქტორები – ბიოტური, აბიოტური, ანთროპოგენური, ორგანიზმებს შორის არსებული ურთიერთობის ფორმები. ბუნებრივი და ხელოვნური ეკოსისტემები, ბიოსფერო;

პ) გარემოს დაცვა, ადამიანი და გარემო. გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური პრობლემები. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციების მნიშვნელობა;

ჟ) მათემატიკური აპარატი, ნამდვილ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება სხვადასხვა ხერხით, რაოდენობების შედარების და შეფასების სხვადასხვა ხერხი, ფიზიკურ სიდიდეთა სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან კავშირი, ალბათობის თეორიის ელემენტები (გენეტიკურ ამოცანებთან კავშირში), ფუნქციათა თვისებები, მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (სია, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამები).

3. ფიზიკა

ა) კინემატიკის საფუძვლები, მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი), ტრაექტორია, გადაადგილება, წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე, საშუალო და მყისი სიჩქარე, მოძრაობის ფარდობითობა, სიჩქარეთა შეკრება, წრფივი თანაბარაჩქარებული მოძრაობა, აჩქარება, სიჩქარე და გადაადგილება თანაბარაჩქარებული მოძრაობის დროს. მრუდწირული მოძრაობა, სიჩქარე და აჩქარება მრუდწირული მოძრაობის დროს;

ბ) ურთიერთქმედება მექანიკაში, სხეულთა ურთიერთქმედება, ძალა, სიმძიმის, ხახუნის (უძრაობის და სრიალის), დრეკადობის ძალები, ჰუკის კანონი, ნიუტონის კანონები, მასა - ინერტულობის საზომი, მასა და წონა, სიმკვრივე, მსოფლიო მიზიდულობის კანონი, სხეულის იმპულსი, იმპულსის მუდმივობის კანონი, რეაქტიული მოძრაობა, სიმძიმის ცენტრი, წონასწორობა (მდგრადი, არამდგრადი, განურჩეველი), ძალის მომენტი, მარტივი მექანიზმები, მექანიკური მუშაობა და სიმძლავრე, ცვლადი ძალის მუშაობა, პოტენციური და კინეტიკური ენერგია, ერთი სახის ენერგიის გადასვლა მეორეში, ენერგიის მუდმივობის კანონი მექანიკაში, ტექნოლოგიური პროცესების განვითარება (საფრენი აპარატები, მანქანები და სხვა), კავშირი მექანიკის კანონებთან;

გ) მექანიკური რხევები და ტალღები, მექანიკური რხევა, ჰარმონიული რხევის განტოლება, რხევის მახასიათებელი პარამეტრები, თავისუფალი რხევა, იძულებითი რხევა, რხევის მილევა. რეზონანსი, განივი და გრძივი ტალღა, ტალღის სიგრძე, ტალღის სიჩქარე, არეკვლა, დიფრაქცია, ინტერფერენცია, ბგერა, ბგერის წყაროები, ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა, ბგერითი სიგნალების გადაცემა და მიღება ორგანიზმებში, სმენის ორგანოები, ექოს წარმოქმნა, ხმამაღლობა, ტონის სიმაღლე, ულტრაბგერა და ინფრაბგერა, დოპლერის ეფექტი;

დ) ჰიდრო- და აეროსტატიკა, ბიდროდინამიკა, წნევა, აირის წნევა, წნევა სითხეებში, პასკალის კანონი, ჰიდრავლიკური მანქანა, ატმოსფერული წნევა, ტორიჩელის ცდა, ამომგდები ძალა, არქიმედეს კანონი, სხეულთა ცურვის პირობები, სითხეთა დინება, ბერნულის კანონი, ლამინარული და ტურბულენტური დინება, კაპილარული მოვლენები, ზედაპირული დაჭიმულობა, სიბლანტე;

ე) ოპტიკა, სინათლის სხივის გავრცელების კანონზომიერებები, არეკვლა, გარდატეხა, სრული შინაგანი არეკვლა,შთანთქმა, დისპერსია, სხივთა სვლა ჩაზნექილ და ამოზნექილ ლინზებში, ბრტყელ, ჩაზნექილ და ამოზნექილ სარკეებში, გამოსახულების აგება ლინზაში და ბრტყელ სარკეში, თხელი ლინზის ფორმულა, ლინზის გამადიდებლობა, თანამედროვე ოპტიკური სისტემები, მათი მუშაობის პრინციპი, მხედველობა და მხედველობის ორგანოები, ახლომხედველობა და შორსმხედველობა, მათი გაუმჯობესების გზები, ფოტომეტრია, სინათლის ძალა. განათებულობა, სინათლის გავრცელების სიჩქარე (სხვადასხვა მეცნიერის მიერ ჩატარებული გაზომვები), სინათლის ტალღური ბუნება, სინათლის ელექტრომაგნიტური თეორია, ფოტოეფექტი, ფოტონები, სინათლის კვანტური ბუნება;

ვ) სითბური მოვლენები, მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი დებულებები, მოლეკულურ-კინეტიკური თეორიის ძირითადი განტოლება, ტემპერატურა, ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები, გადასვლა ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში, ფიზიკური მახასიათებლების ცვლილება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობების ცვლილების დროს, თბოგამტარები და თბოიზოლატორები, თბორეგულაციის მექანიზმები ორგანიზმებში, ნივთიერებათა სითბური გაფართოება, წყლის ანომალია, სითბოს რაოდენობა, კუთრი სითბოტევადობა, გამყარება-დნობა, აორთქლება-კონდენსაცია, დუღილი, დუღილის ტემპერატურა, ნაჯერი ორთქლი, ნაჯერი ორთქლის წნევის დამოკიდებულება ტემპერატურაზე. დნობის და ორთქლადქცევის კუთრი სითბო, დნობისა და ორთქლადქცევისათვის საჭირო სითბოს რაოდენობა, წვის სითბო, სითბური ძრავები (შიგაწვის ძრავა, ტურბინა), ძრავის მქკ. სითბური ენერგიის გადაცემის გზები (კონვექცია, გამოსხივება, გამტარებლობა);

ზ) იდეალური აირი, იდეალური აირის მდგომარეობის განტოლება, იდეალური აირის კანონები, შინაგანი ენერგია. თერმოდინამიკის I და II კანონი, შექცევადი და შეუქცევადი პროცესები, ენტალპია. აბსოლუტური ტემპერატურა, აბსოლუტური ნული;

თ) მყარი სხეულის თვისებები, მყარი სხეულის მექანიკური თვისებები. დეფორმაცია, დეფორმაციის სახეები, სიმტკიცე, სიმტკიცის ზღვარი;

ი) ელექტროსტატიკა, ორგვარი ელექტრული მუხტი, მუხტის მუდმივობის კანონი, სხეულთა დამუხტვა გავლენით და ხახუნით, ელექტრული ველი, ელ. ველის ძალწირები, დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება, ელ. მოვლენები ბუნებაში, კულონის კანონი, დიელექტრიკული შეღწევადობა, ელ. ველის დაძაბულობა, სუპერპოზიციის პრინციპი, ელ. ველის პოტენციალი, პოტენციალთა სხვაობა, ელქტროტევადობა, კონდენსატორი, ბრტყელი კონდენსატორის ელექტროტევადობა;

კ) ელექტრული დენი, ელექტრული დენი, ელექტროგამტარები და იზოლატორები, დენის წყაროები, სტანდარტული ელექტროდული პოტენციალი, გალვანური ელემენტი, დენის ძალა, ძაბვა, გამტარის წინაღობა, წინაღობის დამოკიდებულება ტემპერატურაზე, ომის კანონი წრედის უბნისათვის, გამტართა პარალელური და მიმდევრობითი შეერთება, დენის მუშაობა და სიმძლავრე, დენის წყაროს ემძ. ომის კანონი სრული წრედისათვის, დენის სითბური და ქიმიური მოქმედება, ელექტრული დენი სითხეში, აირში და ვაკუუმში, ელექტროლიტური დისოციაციის თეორია, დისოციაციის ხარისხი და მუდმივა, ელექტროლიზის კანონები, ელექტროქიმიური ეკვივალენტი, ნახევარგამტარი, ელ. დენი ნახევარგამტარში, მაგნიტური ველი, ველის ძალწირები, დენის მაგნიტური მოქმედება, დენიანი გამტარების ურთიერთქმედება, მაგნიტური ველის ინდუქცია, მაგნიტური ნაკადი, ამპერის ძალა. ლორენცის ძალა, ცვლადი დენი, ცვლადი დენის გენერატორი, ელ. მაგნიტური ინდუქციის მოვლენა, ლენცის წესი, თვითინდუქცია, ინდუქციურობა, ტრანსფორმატორი, ელ. ენერგიის გადაცემა და განაწილება, მაგნიტური ველის ენერგია, რხევითი კონტური, ენერგიის გარდაქმნა რხევით კონტურში, ცვლადი ელექტრული ველი, ელექტრომაგნიტური ტალღა, ელექტრომაგნიტური ტალღების სკალა;

ლ) ფარდობითობის თეორია, ფარდობითობის თეორიის ძირითადი ელემენტები, მისი შექმნის მნიშვნელობა, თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების მოქმედების პრინციპი, ლაზერის მოქმედების პრინციპი;

მ) ატომური და ბირთვული ფიზიკა, რეზერფორდის ცდა, ატომის პლანეტარული მოდელი, პერიოდულობის კანონი და პერიოდული სისტემა, ბორის პოსტულატები, ატომის ბირთვის აღნაგობა, პროტონისა და ნეიტრონის აღმოჩენა, ბუნებრივი რადიოაქტივობა, 5. 28/03/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 39/ნ - ვებგვერდი, 01/04/2014 4. 20/04/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 83/ნ - ვებგვერდი, 25/04/2012 3. 09/02/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 37/ნ - ვებგვერდი, 14/02/2012 2. 29/04/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 57/ნ - ვებგვერდი, 110429022, 04/05/2011 1. 07/03/2011 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 32/ნ - ვებგვერდი, 110307048, 10/03/2011

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.