„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 39/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/03/2014
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/04/2014
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016774
39/ნ
28/03/2014
ვებგვერდი, 01/04/2014
430210000.22.022.016774
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №39/ნ

2014 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,   ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


მუხლი 1
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანებაში (სსმ, 172, 03/12/2008, სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სტანდარტის:

 

1.    პირველი თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი I

ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1.   მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი (შემდგომში – სტანდარტი), „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ღ3“ ქვეპუნტის შესაბამისად, განსაზღვრავს მასწავლებლის პროფესიულ ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და ვალდებულებებს; სტანდარტში წარმოდგენილი მოთხოვნები  საერთოა ყველა მასწავლებლისათვის.

2.   სტანდარტის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.  ის ვრცელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ყველა სახის მასწავლებელზე, გამოიყენება მასწავლებლობის მსურველის კომპეტენციების განსაზღვრისა და შეფასებისთვის.

3.   სტანდარტი არის მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და  კარიერული ზრდის საფუძველი.

 

მუხლი 2. სტანდარტის სტრუქტურა

1.   სტანდარტი შედგება 3 ნაწილისგან:

ა) პროფესიული მახასიათებლები;

ბ) სასწავლო პროცესის მართვა;

გ) პროფესიული განვითარება.

2.   პროფესიული მახასიათებლები გულისხმობს  ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების ერთობლიობას ყველა კატეგორიის მასწავლებლისთვის.

3.   სასწავლო პროცესის მართვა გულისხმობს უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს შექმნას, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და მრავალმხრივი შეფასების სისტემის გამოყენებას.

4.   პროფესიული განვითარება გულისხმობს მასწავლებლის დაინტერესებას საკუთარი პროფესიული განვითარებით; კოლეგებთან თანამშრომლობას მოსწავლეთა სასწავლო და აღმზრდელობითი პრობლემების დაძლევის, პროფესიული საჭიროებების დადგენისა და პროფესიული განვითარებისთვის.

5.   სტანდარტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასწავლო პროცესის მართვა და მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პროფესიული განვითარება განსხვავდება მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიების მიხედვით.

6.    პროფესიული მახასიათებლები, სასწავლო პროცესის მართვა და პროფესიული განვითარება დეტალურად აღწერილია სტანდარტში.

 

2.  II თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი II

მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიები

 

მუხლი 3. მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიები

1.   კომპეტენციებისა და საქმიანობის შედეგების მიხედვით, სტანდარტი ადგენს მასწავლებელის ოთხ საკვალიფიკაციო კატეგორიას, რომელთაგან ყველაზე დაბალია პრაქტიკოსი მასწავლებელი, ხოლო ყველაზე მაღალია მენტორი მასწავლებელი.

2.   მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორიებია:  

ა) პრაქტიკოსი მასწავლებელი;

ბ) წარჩინებული მასწავლებელი;

გ) მკვლევარი მასწავლებელი;

დ) მენტორი მასწავლებელი.

3.   ყოველი საკვალიფიკაციო კატეგორიის მინიჭება დასტურდება შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატით.

4.   ყოველი მომდევნო საკვალიფიკაციო კატეგორიის მასწავლებელი სრულად უნდა ფლობდეს წინა საკვალიფიკაციო კატეგორიის კომპეტენციებს.

5.   საკვალიფიკაციო კატეგორია სრულად აღწერს მე-2 მუხლის პირველი პუნქტში მითითებულ სტანდარტის სამივე ნაწილს.

 

3.  III თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი III

მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლები

 

მუხლი 4. პრაქტიკოსი მასწავლებელი:

1.   აცნობიერებს თავისი პროფესიის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარებისთვის.

2.   იცის საგანი და მისი სწავლების მეთოდიკა;

3.   იცავს  ინკლუზიური განათლების პრინციპებსა და იზიარებს ღირებულებებს.

4.   აქვს ნებისმიერი მოსწავლის წარმატების მოლოდინი.

5.   ორიენტირებულია თითოეული მოსწავლის განვითარებაზე; უზრუნველყოფს მათ სწავლას და განვითარებას ეროვნული და სასკოლო სასწავლო გეგმების მოთხოვნათა შესაბამისად.

6.   იცის სახელმწიფო და სწავლების ენები.

7.   იცავს მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსს.

8.   პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ავლენს ეფექტური კომუნიკაციის უნარს და თანამშრომლობს სკოლასთან დაკავშირებულ ყველა მხარესთან.

 

4.  IV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

თავი IV

პრაქტიკოსი მასწავლებელი

 

მუხლი 5. პრაქტიკოსი მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორია

პრაქტიკოს მასწავლებელს აქვს სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისთვის საჭირო  ცოდნა და უნარები, იცავს  ეროვნული სასწავლო გეგმის  ძირითად მოთხოვნებს, აცნობიერებს კოლეგებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, შეუძლია საკუთარი პროფესიული საჭიროებების დადგენა, ზრუნავს პროფესიულ თვითგანვითარებაზე.

 

მუხლი 6. სასწავლო პროცესი, სასწავლო გარემო

1.   მასწავლებელი ქმნის უსაფრთხო გარემოს სხვადასხვა კულტურის მოსწავლეებისათვის;

2.   აცნობიერებს ქცევის წესების მნიშვნელობას უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისათვის და ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ ამ წესების დაცვას;

3.   ადეკვატურად რეაგირებს კონფლიქტურ სიტუაციებზე;

4.   აცნობიერებს მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას  და იყენებს რეკომენდაციებს მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებლად;

5.   მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შესაბამისად, რეკომენდაციების საფუძველზე  შეუძლია  სასწავლო გარემოს მოწყობა და რესურსების ორგანიზება.

6.   აცნობიერებს მოსწავლის მშობლებისა და სხვა კანონიერი წარმომადგენლების სასწავლო პროცესში ჩართვის აუცილებლობას და თანამშრომლობს მათთან.

 

მუხლი 7. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

1.   ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად,  მასწავლებელი შეიმუშავებს თემატურ სასწავლო გეგმებს.

2.   გეგმავს გაკვეთილს ყველა კომპონენტისა და მათ შორის კავშირების გათვალისწინებით.

3.   დაგეგმვისას ითვალისწინებს შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებისათვის.

4.   აცნობიერებს კლასგარეშე საქმიანობის როლსა და მნიშვნელობას მოსწავლეთა მოტივაციის, სწავლისა და მრავალმხრივი განვითარებისათვის. კლასგარეშე საქმიანობას გეგმავს სასკოლო გეგმის შესაბამისად.

                                                                                        

მუხლი 8. სწავლება

1.   მასწავლებელმა იცის მოსწავლის ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-პიროვნული განვითარების თავისებურებები, სწავლისა და განათლების თეორიების ძირითადი პრინციპები და იყენებს მათ პრაქტიკაში; საჭიროების შემთხვევაში მიმართავს კოლეგებს დახმარებისთვის.

2.   იცის სწავლის თეორიები და სთავაზობს მოსწავლეებს სწავლის სხვადასხვა სტრატეგიას.

3.   გაკვეთილის მიზნის შესაბამისად იყენებს სწავლების სტრატეგიებს.

4.   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლისათვის იყენებს შესაბამის სტრატეგიებს.

5.   სასწავლო პროცესში იყენებს სკოლაში არსებულ რესურსებს (მათ შორის -ციფრულს).

 

მუხლი 9. სასწავლო პროცესის შეფასება

1.   მასწავლებელი იყენებს შეფასების სხვადასხვა ტიპსა და  მეთოდს, სკოლის მიერ შემუშავებულ შეფასების  სქემებსა და რუბრიკებს. 

2.   სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად იყენებს  მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებს.

3.   აკვირდება და აღწერს მოსწავლის სწავლის სირთულეებს. საჭიროების შემთხვევაში მიმართავს დარგის სპეციალისტს.

 

მუხლი 10. პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა

1.   მასწავლებელი კოლეგების დახმარებით ადგენს პროფესიულ საჭიროებებს და ზრუნავს პროფესიულ თვითგანვითარებაზე.

2.   აცნობიერებს პედაგოგიური კვლევის მნიშვნელობას სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარებისთვის, მონაწილეობს კოლეგების მიერ ჩატარებულ კვლევებში.

3.   მონაწილეობს პროფესიული განვითარების მიზნით ჩატარებულ  ღონისძიებებში;

4.   სისტემატურად ეცნობა პროფესიულ ლიტერატურას და მიღებულ ცოდნას იყენებს პრაქტიკაში.“.

 

5.      IV თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IV 1,  IV 2,  IV 3  და IV 4 თავები:

 

„თავი IV1

წარჩინებული მასწავლებელი

 

მუხლი 11. წარჩინებული მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორია

წარჩინებული მასწავლებელი აცნობიერებს თითოეული მოსწავლის უნიკალურობას და,  შესაბამისად,  იყენებს სწავლების დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიებს; საკუთარი საქმიანობისა და მოსწავლეთა შეფასების ანალიზის საფუძველზე აუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევებს და სრულყოფს თავის პედაგოგიურ პრაქტიკას. თანამშრომლობს კოლეგებთან პრობლემების ერთობლივად გადაჭრისა და პროფესიული განვითარებისთვის.

 

უხლი 12. სასწავლო პროცესი, სასწავლო გარემო

1. იყენებს მოსწავლეთა კულტურულ მრავალფეროვნებას დადებითი სასწავლო გარემოს შესაქმნელად. 

2. იყენებს სწავლების კონკრეტულ მეთოდსა და ორგანიზების ფორმასთან დაკავშირებულ ქცევის წესებს.

3. განსაზღვრავს კონფლიქტების გამომწვევ მიზეზებს და იყენებს  კონფლიქტის მოგვარების ეფექტიან სტრატეგიებს.

4. თითოეული მოსწავლის ჩართულობასა და ინდივიდუალურ პროგრესზე დაკვირვებით ირჩევს მოტივაციის ამაღლების შესაბამის სტრატეგიებს.

5. სპეციალისტებთან ერთად ქმნის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესზე ორიენტირებულ გარემოს და უზრუნველყოფს კლასში მოსწავლის  ინტეგრაციას.

6. კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ირჩევს მოსწავლის  მშობლებთან და სხვა კანონიერ წარმომადგენელთან ურთიერთობის მიდგომებს.

 

მუხლი 13. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

1.   სკოლის პრიორიტეტების და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით მასწავლებელი შეიმუშავებს თემატურ სასწავლო გეგმებს.

2.   გაკვეთილის დაგეგმვისას  ითვალისწინებს შიდა და საგანთაშორის კავშირებს.

3.   სპეციალისტებთან ერთად ქმნის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას.

4.   მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, გეგმავს კლასგარეშე აქტივობებს.

 

მუხლი 131. სწავლება

1.   მასწავლებელი ეფექტიანად იყენებს მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, სწავლისა და განათლების თეორიების ცოდნას  მოსწავლეების  ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-პიროვნული  განვითარებისთვის.

2.   თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვების საფუძველზე ეხმარება მათ დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბებაში.

3.   მოიძიებს და პრაქტიკაში ნერგავს სწავლების ინოვაციურ  სტრატეგიებს.

4.   სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან მუშაობს  ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით.

5.   ახდენს სკოლაში არსებული რესურსების კლასიფიკაცია-კატეგორიზაციას; მოიძიებს და იყენებს სასწავლო მიზნის შესაბამის რესურსებს, მათ შორის -  ციფრულს.

 

მუხლი 132. სასწავლო პროცესის შეფასება

1.   მასწავლებელი აანალიზებს შეფასების ტიპებისა და მეთოდების დადებით მხარეებს,  რისკფაქტორებს; ქმნის შეფასების სქემებს, რუბრიკებს კლასისა და მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.

2.   სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესების მიზნით,  აანალიზებს შეფასების შედეგებს. 

3.   ინდივიდუალური მიზნებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით, აფასებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის პროგრესს და ირჩევს შეფასების შესაბამის სტრატეგიებს.

 

მუხლი 133. პროფესიული განვითარება

1.   მასწავლებელი კოლეგებთან ერთად გეგმავს სპეციალურ კვლევით სამუშაოებს, ახორციელებს მათ და იყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში.

2.   პროფესიულ განვითარებას გეგმავს საკუთარი საქმიანობის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე.

3.   კოლეგებს უზიარებს პედაგოგიურ გამოცდილებას.

4.   კრიტიკულად აანალიზებს პროფესიულ ლიტერატურას და პრაქტიკაში აქტიურად ნერგავს სიახლეებს.

თავი IV2

მკვლევარი მასწავლებელი

 

მუხლი 134. მკვლევარი მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორია:

მკვლევარი მასწავლებელი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის საფუძველზე გადაამუშავებს სასწავლო პროგრამას კონკრეტული კლასის/საფეხურის და მოსწავლეების ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების დადგენაში; სკოლაში ქმნის თვითაქტუალიზაციის ხელშემწყობ გარემოს. შემოქმედებითად წარმართავს სასწავლო პროცესს. იკვლევს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას, შეფასების შედეგებს და ამ მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს სწავლება-სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად.

 

მუხლი 135. სასწავლო პროცესი, სასწავლო გარემო

1. მასწავლებელი იკვლევს კულტურული თავისებურებების გავლენას მოსწავლეთა ღირებულებების ფორმირებაზე;  შეიმუშავებს რეკომენდაციებს პოზიტიური სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

2. აყალიბებს მოსწავლეთა თვითრეგულირებად ქცევას ეფექტიანი სტრატეგიების გამოყენებით.

3. ახორციელებს კონფლიქტის პრევენციაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს სკოლისა და სასკოლო თემის სპეციფიკასთან დაკავშირებული რისკფაქტორების გათვალისწინებით.

4. კლასის სხვა მასწავლებლებთან ერთად, კვლევის საფუძველზე, შეიმუშავებს რეკომენდაციებს კონკრეტული მოსწავლის  მოტივაციის ამაღლებისათვის.

5. სპეციალისტებთან ერთად იკვლევს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის  შექმნილი  გარემოს ეფექტიანობას.

6. კლასის სპეციფიკისა და საჭიროების გათვალისწინებით, ხელს უწყობს მშობლების მონაწილეობას საკლასო და კლასგარეშე აქტივობებში.

 

მუხლი 136. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

1. მასწავლებელი ანალიზის საფუძველზე სისტემატურად ხვეწს თემატურ გეგმებს  და  გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.

2. ეხმარება კოლეგებს ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვაში.

3. შიდა საკლასო კვლევის საფუძველზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისათვის ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს.

4.  იკვლევს კლასგარეშე საქმიანობის გავლენას მოსწავლეთა მოტივაციასა და მრავალმხრივ განვითარებაზე. კვლევის შედეგებს ითვალისწინებს  საქმიანობის დაგეგმვის დროს და მიღებულ გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს. 

 

მუხლი 137. სწავლება

1. მასწავლებელი აანალიზებს საკუთარ საქმიანობას, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, სწავლისა და განათლების თეორიების მიზანმიმართულად გამოყენების კუთხით და  უზიარებს კოლეგებს გამოცდილებას.

2. კოლეგებთან ერთად იკვლევს სწავლის სტრატეგიების გავლენას მოსწავლეთა თვითეფექტიანობასა და თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზე.

3.  იკვლევს სწავლების სტრატეგიების ეფექტიანობას და შეუძლია მათი მოდიფიცირება.

4.  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ინდივიდუალურ პროგრესსა და საჭიროებებზე დაკვირვებით, სპეციალისტებთან ერთად ახდენს აქტივობების/სტრატეგიების მოდიფიცირებას და რესურსების ადაპტირებას.

5. კოლეგებთან ერთად იკვლევს რესურსების ეფექტიანობას, სრულყოფს არსებულს  ან ქმნის ახალს.

6. ქმნის ციფრულ რესურსებს და ეხმარება მოსწავლეებს საგაკვეთილო მიზნის შესაბამისი პროგრამებისა და ვებრესურსების შერჩევაში, შექმნასა და გამოყენებაში.

 

მუხლი 138. სასწავლო პროცესის შეფასება

1. ეხმარება კოლეგებს შეფასების სქემებისა და რუბრიკების დახვეწაში.

2.  მოსწავლეთა შედეგების ანალიზის საფუძველზე ადგენს კონკრეტული კლასის საჭიროებებს, მიღწევების დინამიკას და შეაქვს კორექტივები სასწავლო პროცესში.

3. უზიარებს კოლეგებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის პროგრესის შეფასების გამოცდილებას მათი პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

 

მუხლი139. პროფესიული განვითარება

1. მკვლევარი მასწავლებელი ეხმარება კოლეგებს პროფესიული საჭიროებების  დადგენასა და პროფესიული განვითარების დაგეგმვაში.

2. შეუძლია საკვლევი საკითხის დამოუკიდებლად  განსაზღვრა, კვლევის ჩატარება, მონაცემთა დამუშავება-ინტერპრეტაცია, კვლევის შედეგების გამოყენება საკუთარი და კოლეგების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

3.  კოლეგებს უზიარებს პროფესიულ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნას, სიახლეებს და ხელს უწყობს მათ დანერგვას სკოლაში.

4. იკვლევს სიახლეების შესაძლო გავლენას სწავლებაზე  და ეხმარება კოლეგებს პროფესიული ლიტერატურის შერჩევაში, სთავაზობს რეკომენდაციებს  პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

 

თავი IV3

მენტორი მასწავლებელი

 

მუხლი 1310. მენტორი მასწავლებლის საკვალიფიკაციო კატეგორია

მენტორი მასწავლებელი არის სკოლის განვითარებისა და სწავლა-სწავლების  ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობების ინიციატორი. კოლეგებთან ერთად გეგმავს სკოლის პროფესიული განვითარების ღონისძიებებს. ეხმარება კოლეგებს შემოქმედებით და ინოვაციურ საქმიანობაში. ხელს უწყობს სკოლაში თანასწორი და თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას. ქმნის სასწავლო-მეთოდურ რესურსებს.

 

მუხლი 1311. სასწავლო პროცესი, სასწავლო გარემო

1. მასწავლებელი არის  სკოლასა და სასკოლო თემში ინტერკულტურული საგანმანათლებლო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშემწყობი საქმიანობების, სკოლაში ქცევის მართვასთან დაკავშირებული კვლევების ინიციატორი; კვლევის შედეგების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს  სკოლაში პოზიტიური გარემოს  დასამკვიდრებლად.

2. ამკვიდრებს სკოლაში მედიაციის კულტურას.

3. მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისათვის სკოლაში გეგმავს შესაბამისი გარემოს შექმნის ხელშემწყობ აქტივობებს.

4. მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად შეიმუშავებს რეკომენდაციებს ინკლუზიური სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით. შესაბამის კონსულტაციას უწევს კოლეგებს.

5. არის  მოსწავლის მრავალმხრივი განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებში მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლებისა და საზოგადოების ჩართვის ინიციატორი. 

 

მუხლი 1312. სასწავლო პროცესის დაგეგმვა

1. მასწავლებელი იკვლევს ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების ეფექტიანობას სკოლაში და არის ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანი დანერგვისა და  განვითარების  პროცესში კოლეგების ჩართვის ინიციატორი.

2. თემატური დაგეგმვის დროს არის საგანთა ინტეგრირების ინიციატორი.

3. არის სკოლის, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე განსახორციელებელი  კლასგარეშე საქმიანობების ინიციატორი და ეხმარება კოლეგებს ამ საქმიანობების დაგეგმვაში.

 

მუხლი 1313. სწავლება

1. მასწავლებელი აანალიზებს კოლეგების საქმიანობას მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, სწავლისა და განათლების თეორიების მიზანმიმართულად გამოყენების კუთხით; შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და ქმნის საჭირო რესურსებს.

2. არის სწავლისა და სწავლების ეფექტიანობის კვლევის ინიციატორი, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და უზიარებს კოლეგებს.

3.  შეიმუშავებს რეკომენდაციებს კოლეგებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის.

4.  შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო რესურსების შექმნის, მიზანმიმართული გამოყენებისა და სრულყოფისთვის.

5.  ხელს უწყობს სკოლაში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების დამკვიდრებას.

 

მუხლი 1314. სასწავლო პროცესის შეფასება

1.  მასწავლებელი შეიმუშავებს რეკომენდაციებს შეფასების პროცესის სრულყოფისთვის; ხელს უწყობს სკოლაში შეფასების გამჭვირვალე, სანდო, ვალიდური და სამართლიანი სისტემის დამკვიდრებას.

2. ადგენს საგნის სწავლებაში არსებულ პრობლემებს, ეხმარება კოლეგებს საკუთარი პროფესიული საჭიროებების დადგენაში და შეიმუშავებს რეკომენდაციებს სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.

3.  კოლეგებთან ერთად ქმნის და ავითარებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შეფასების ეფექტიან ფორმებს.

 

მუხლი 1315. პროფესიული განვითარება

1. მასწავლებელი ხელს უწყობს სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრებას; გეგმავს პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ღონისძიებებს.

2. დირექტორთან ერთად არის სკოლის განვითარებისათვის  მნიშვნელოვანი კვლევებისა და პროექტების ინიციატორი.

3. ეროვნული და საერთაშორისო  კვლევების შედეგებზე დაყრდნობით   გეგმავს სკოლაში სწავლის და სწავლების ხარისხის ასამაღლებელ ღონისძიებებს.

4.  იკვლევს და აფასებს საგანმანათლებლო სიახლეებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს მათი ადაპტაციისა და დანერგვისათვის.

5. აანალიზებს საკუთარი და კოლეგების გამოცდილებას, თანამედროვე პედაგოგიურ და სამეცნიერო ლიტერატურას; ქმნის და მონაწილეობს პროფესიული ლიტერატურის შექმნაში.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილია გიგაური