,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 57/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 29/04/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110429022, 04/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016096
  • Word
57/ნ
29/04/2011
ვებგვერდი, 110429022, 04/05/2011
430210000.22.022.016096
,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №57/ნ

2011 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით (სსმ III, 03.12.2008, №172, მუხ. 1757) დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) XII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XII

ქართული – როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურზე

    მუხლი 29. ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებლის უნარ-ჩვევები დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე

ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელს დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე შეუძლია:

ა) მიმართულება მოსმენა;

ა.ა) კომპლექსური თემების შემცველი ზეპირი მოხსენებების, გამოსვლების, დისკუსიების, დებატების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ., პრობლემატიკის, ძირითადი საკითხების, არგუმენტების გამოკვეთა, მთავარი და არამთავარი საკითხების, ვარაუდების და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ტექსტის ნაწილებს შორის არსებული ლოგიკური ურთიერთმიმართებების დადგენა, მოსაუბრეთა ისეთი აზრების, დამოკიდებულებებისა და ემოციების ამოცნობა, რომლებიც არ არის ექსპლიციტურად გამოხატული და სხვა);

ა.ბ) ზეპირი ტექსტების ძირითადი ენობრივ-სტილური მახასიათებლების გაგება (მაგ.: ხატოვანი გამონათქვამების, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმების, სახე-სიმბოლოების გაგება; მსჯელობისათვის დამახასიათებელი პირობით-შედეგობითი კონსტრუქციების, სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების – განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების ამოცნობა, სხვადასხვა სტილისათვის დამახასიათებელი სინტაქსური სტრუქტურების, ენობრივი ფორმულებისა და კლიშეების ამოცნობა და სხვა);

ა.გ) ტექსტის შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: ჩანაწერების ტექნიკის გამოყენება ინფორმაციის დასახარისხებლად; ვერბალური და არავერბალური სიგნალების – ინტონაცია, მიმიკა-ჟესტიკულაცია, ლოგიკური მახვილები, ხმის ტემბრი და სიმაღლე – გათვალისწინება; საკვანძო სიტყვების შერჩევა სათანადო ინფორმაციის ამოსაკრეფად და სხვა).

ბ) მიმართულება კითხვა:

ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, სტილის, მოცულობის, სტრუქტურის მქონე არამხატვრული და მხატვრული ტექსტების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ., ტექსტში ასახული პრობლემატიკის, ძირითადი იდეის, პრობლემის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა; გადმოცემული თუ ნაგულისხმევი თვალსაზრისების, შეხედულებების გამოკვეთა/გამოყოფა; მთხრობელის/ავტორის/პერსონაჟის ხედვის და ქცევის მოტივის განსაზღვრა და სხვა);

ბ.ბ) მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით (მაგ.: ტექსტის ფუნქციური ტიპის განსაზღვრა; ტექსტის სტრუქტურის შესაბამისობის დადგენა ტექსტის მიზანთან და აუდიტორიასთან; პერსონაჟთა დახასიათების ხერხების ამოცნობა; ტექსტის სტრუქტურული ერთეულების, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ფუნქციის განსაზღვრა და სხვა);

ბ.გ) ტექსტების გაანალიზება კონტექსტური (კულტურული, სოციალური, ისტორიული) ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ., ტექსტებში ასახული თემის, იდეის, თვალსაზრისის, პრობლემის განხილვა კონტექსტის თავისებურებათა გათვალისწინებით; სხვადასხვა კონტექსტის ამსახველი ტექსტების მსგავსება-განსხვავებათა გამოვლენა და სხვა);

ბ.დ) შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად კითხვის სტრატეგიების გამოყენება. (მაგ.: სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება; გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი კითხვის ხერხების გამოყენება და სხვა).

გ) მიმართულება წერა:

გ.ა) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების (მაგ., განცხადება, მოხსენება, ესე, ნარკვევი, გამოხმაურება, მიმოხილვითი ხასიათის სტატია, რეცენზია) შედგენა. პრობლემურ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა; აზრის თანამიმდევრულად განვითარება; შეჯამებისას სათანადო ლოგიკური დასკვნების გამოტანა; მნიშვნელოვანი დეტალების დაწვრილებით აღწერა; საკუთარი შთაბეჭდილებების, კრიტიკული დამოკიდებულებების გადმოცემა; ტექსტის ორგანიზების წესის დაცვა; ენობრივი ნორმების დაცვა;

გ.ბ) ტექსტის შეთხზვა, რომელშიც ენობრივი ნორმების დაცვით ხატოვნადაა გადმოცემული/აღწერილი გამოგონილი თუ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ისტორია.

 დ) მიმართულება ზეპირმეტყველება:

დ.ა) აუდიტორიის წინაშე ზეპირი მოხსენებით გამოსვლა; საკუთარი მოსაზრებების მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბება; სათანადო არგუმენტების და კონკრეტული მაგალითების მოხმობა საკუთარი მოსაზრების/პოზიციის გასამყარებლად; დასკვნის გაკეთება;

დ.ბ) დისკუსიებში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის დაცვა; მეტი სიცხადისათვის აზრის პერიფრაზირება, განმარტებების შეტანა; კონტრარგუმენტებზე პასუხის გაცემა;

დ.გ) სიუჟეტების თხრობა, დეტალების დაწვრილებით აღწერა, ნიუანსების გამოკვეთა;

დ.დ) ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ., საკვანძო სიტყვების, გამოთქმების, მოდელების წინასწარ მომზადება; გამოსვლამდე რეპეტიციის გავლა, გამოსვლის გეგმის შედგენა, დისკუსიის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების გათვალისწინება შესაბამისი პასუხების მოსამზადებლად).

ე) სასწავლო მასალის გაანალიზება

ე.ა) კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის შექმნილ სხვადასხვა სასწავლო მასალას შორის არჩევანის გაკეთება, საკუთარი არჩევანის დასაბუთება, მასალის მეთოდური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გაანალიზების საფუძველზე.

    მუხლი 291. ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე

ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელმა დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე იცის:

ა) ქართული ანბანი და მისი ზოგადი დახასიათება:

ა.ა) ქართული ენის ბგერითი შედგენილობა; ბგერა და ასო; მეტყველებასა და წერას შორის შეფარდება. ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპები; ქართულ ასოთა სწორად დაწერილობისა და ასოთა გადაბმის წესები.

ბ) ფონეტიკის საკითხები:

ბ.ა) ბგერათა დახასიათება; სპეციფიკური ბგერები; ძირითადი ფონეტიკური პროცესები: ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვა; ინტონაცია და მისი ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი; პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა; ორთოეპიის საკითხები.

გ) გრამატიკა (მორფოლოგია და სინტაქსი):

გ.ა) სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები; მოთხრობითი ბრუნვის საკითხი; თანდებულთა განაწილება ბრუნვების მიხედვით და მათი ფუნქციები; სახელთა წარმოება და მათი ფუნქციები; ზმნისწინთა აგებულება და მათი ფუნქციები; პირისა და რიცხვის გამოხატვა ზმნაში; სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვები ქართულ ენაში; დრო, კილო, ასპექტი; ქცევა და მისი გამოხატვის საშუალებები ქართულში; კონტაქტი, მისი წარმოება და ფუნქცია; გარდამავლობა; გვარის კატეგორია; საწყისი და მიმღეობა, მათი წარმოება და ფუნქციები; ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები და მათი ფუნქციები; მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობა; რიცხვში შეთანხმების საკითხები; წინადადება აგებულებისა და შინაარსის მიხედვით; ზმნური კონსტრუქციები და მარტივი წინადადება (ქართული ენის სპეციფიკა – 4-მთავარწევრიანი წინადადება და ზმნის ცენტრალური როლი წინადადებაში);

რთული სინტაქსური კონსტრუქციები; მისათითებელი სიტყვებისა და წევრ-კავშირების როლი რთულ წინადადებაში; ზმნის დრო-კილოთა ფორმების ურთიერთმიმართების საკითხი რთულ წინადადებებში; სხვადასხვა სტილური მეტყველებისათვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები.

დ) ორთოგრაფია:

დ.ა) ორთოგრაფიის ძირითადი ნორმები. სალიტერატურო ენის ნორმები და მათი დაცვა.

ე) პუნქტუაცია:

ე.ა) პუნქტუაციის წესები. პუნქტუაციის ნიშნების სტილური შესაძლებლობები. პუნქტუაცია და ინტონაცია.

ვ) ლექსიკოლოგია:

ვ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში. სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვათა სესხება; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები; ეტიმოლოგია.

ზ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:

 ზ.ა) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული); ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);

ზ.ბ) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);

ზ.გ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემისა (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი) და საუბარში მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;

ზ.დ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი;

ზ.ე) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური).

თ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

თ.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია; რითმის სახეები და გარითმვის ხერხები; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება და სხვა); სტილური და სინტაქსური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი და სხვა);

ი) ქართული ლიტერატურა და მისი ძირითადი ეტაპები:

ი.ა) ძველი ქართული მწერლობა – სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია), კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;

ი.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: რეალიზმი, რომანტიზმი;

ი.გ) უახლესი ქართული მწერლობა XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლოზმი, ფუტურიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, პოსტმოდერნიზმი;

ი.დ) განსაკუთრებული მხატვრულ-ესთეტიკური და იდეური ღირებულებების მქონე ნაწარმოებები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ძველ, ახალ და უახლეს ქართულ ლიტერატურაში.

კ) ცნებები:

კ.ა) მულტილინგვური განათლება; ინტერკულტურა; ენების პლურალისტური მიდგომები, ენის სწავლის სტრატეგიები, ინტერენა (ინტერლანგუე), გადატანის უნარი (ტრანსფერი), კითხვის მოდელები (აღმავალი, დაღმავალი, ინტერაქტიული); სასწავლო სიტუაცია;

    მუხლი 292. სწავლების მეთოდები

ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელი დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:

ა) ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელს დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა;

ა.ა) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების, მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით ტექსტების შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა მოსმენის/კითხვის უნარ-ჩვევის გასავითარებლად; სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მოსასმენი/საკითხავი დავალებების შერჩევა ან შედგენა ტექსტის ეტაპობრივი გააზრებისათვის;

ა.ბ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების, მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ენობრივი, ზეპირი და წერითი უნარ-ჩვევების გასავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, განსხვავებული სირთულის მქონე სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველი (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის;

ა.გ) ენის სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგალითად, დისკუსიის მოწყობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რა ხერხი, რა სტრატეგია გამოიყენა დასმული ამოცანის გადასაჭრელად, რომელი იყო უფრო ეფექტური და რატომ; შეცდომების გაანალიზება მათი გამომწვევი მიზეზების დასადგენად; პირველი ენისა და ქართული ენის შედარებითი ანალიზი კონკრეტული მსგავსებებისა და განსხვავებების დასადგენად; მოსწავლეთა მიერ განხორციელებული ტრანსფერების გამოვლენა და გაანალიზება);

ა.დ) კომპლექსური დავალების შერჩევა თუ შედგენა (პროექტი, აქტივობები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები), მის შესასრულებად საჭირო გრამატიკული მექანიზმების, ლექსიკის, ენობრივი კონსტრუქციების, ენობრივი თუ საკომუნიკაციო უნარების დაკონკრეტება, მათ ასათვისებლად განსხვავებული ტიპისა და სირთულის შუალედური სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, ძირითადი სამუშაოს შესრულების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა.

ბ) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;

ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად, მაგ.: წინმსწრები სამოტივაცო აქტივობების გამოყენება – ვარაუდის გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საკითხის დასმა, აღმავალი და დაღმავალი მეთოდების მონაცვლეობა და სხვა;

ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება ქართულ ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად, მაგ.: სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების შეთავაზება, თვითგამოხატვის, არჩევანის (თემა, ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა, ადვილად დასაძლევი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება, გეზის მიმცემი ინსტრუქციების მიცემა კომპლექსური დავალებისთვის და სხვა;

ბ.დ) მოსწავლეებისათვის მოსასმენი/საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება და მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ.: ნაცნობ, არავერბალურ ელემენტებზე დაფუძნებით უცნობი ელემენტების ამოცნობა, მოსმენის/კითხვის მიზნის გათვალისწინება, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება (გაცნობითი/ ძიებითი/შესწავლითი კითხვა) ლექსიკონის გამოყენება/შედგენა და სხვა;

ბ.ე) მოსწავლეებისათვის სამეტყველო/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ.: იდეების ჩამოწერა/ დახარისხება, დაგეგმვა, საჭირო ენობრივი მასალის (საკვანძო სიტყვები, გრამატიკული სტრუქტურა, ზმნის დრო და სხვ.) თავმოყრა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით, საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება, მეწყვილესთან გავარჯიშება და სხვა;

ბ.ვ) ენობრივი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეების აღჭურვა სათანადო სტრატეგიებით, მაგ.: გრამატიკულ მოდელებზე დაკვირვება და მექანიზმების/კანონზომიერების დამოუკიდებლად ამოცნობა, სქემების, სტრუქტურული მოდელების გამოყენება გავარჯიშების პროცესში, შეცდომების გაანალიზება, უცნობი სიტყვების ამოწერა, დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის გამოყენება, პარალელების გავლება პირველ ან სხვა ნაცნობ ენასთან და სხვა;

ბ.ზ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას ენობრივ-კომუნიკაციურ აქტივობებში, მაგ.: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით; თითოეული მოსწავლის წინსვლის გამოვლენა; კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზებაში ხელშეწყობა; მოსწავლეთა ტექსტთან/გრამატიკულ მოდელებთან მიბრუნება მოსაზრებების დასაბუთების მიზნით; კონტექსტზე დაფუძნებით ვარაუდების გამოთქმასა და პასუხების ამოცნობაში ხელშეწყობა და სხვა;

ბ.თ) მოსწავლეთა დამოუკიდებლად, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება; მიღწევების დამოუკიდებლად გაუმჯობესებისათვის სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა, მაგ.: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასების და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა იმისა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ პრობლემები, შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორები, ხერხები, სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები; გამოიყენონ/შექმნან რესურსები (მოდელები, ცნობარი, ტაბულები, ლექსიკონი); სამუშაო დაყონ მონაკვეთებად და სხვა;

ბ.ი) დავალების ინსტრუქციის ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტაცია;

გ) შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად

გ.ა) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეული კრიტერიუმის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;

გ.ბ) წინასწარი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა), ასევე შეფასების მრავალფეროვანი ფორმის გამოყენება (ტესტები, გამოფენები, პრეზენტაციები, შეფასების ცხრილები, წარმოდგენები და სხვა);

გ.გ) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა ენის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და შესამოწმებლად; ენობრივი და კომუნიკაციური პრობლემების გამოსავლენად და მათი წარმომშობის მიზეზების დასადგენად, სათანადო სტრატეგიების, აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;

გ.დ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება;

გ.ე) განვლილი მასალის საფუძველზე თვითშეფასების სხვადასხვა საშუალებების (მაგ.: თვითშეფასების ცხრილები, სქემები, ტესტური დავალებები შეფასების სქემებითურთ და სხვ.) შედგენა და გამოყენება კონკრეტული მასალის დასრულების შემდეგ.

დ) ქართულის სწავლება მოსწავლის კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის

დ.ა) სოციოკულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და, მათზე დაფუძნებით, ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს გამოიწვევს;

დ.ბ) კლასში არსებული მრავალფეროვნების, როგორც რესურსის, გამოყენება; მოსწავლის მშობლიური ენისა და კულტურულ გამოცდილების გამოყენებით სასწავლო პროცესის გამდიდრება;

დ.გ) მოსწავლეებისათვის ისეთი მოსაზრებების გამოთქმის ხელშეწყობა, რომელიც გამომდინარეობს მათი კულტურული პერსპექტივიდან დისკუსიების, განსხვავებული კულტურული ხედვის პატივისცემის და აღიარების, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე რეაგირების გზით;

დ.დ) ინტერკულტურული სწავლების ადეკვატური სტრატეგიებისა და შეფასების სისტემის გამოყენება;

დ.ე) მოსწავლეში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ადეკვატური სტრატეგიების, მასალებისა და მიდგომების გამოყენება.

ე) დაწყებით საფეხურზე მეორე ენის სწავლა/სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება

ე.ა) სტანდარტის მოთხოვნებზე დაფუძნებით, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას უპირატესობის მინიჭება სწავლების ისეთი სტრატეგიებისათვის, რომლებიც ააქტიურებს სენსორულ[1], კინესთეტიკურ[2] და მოტორულ სისტემებთან და წარმოსახვასთან დაკავშირებულ სააზროვნო (არაანალიტიკურ) პროცესებს, მაგალითად: მასალის ახსნისას თვალსაჩინოებების, ანალოგიების, იგავური ენის, მეტაფორების, მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, მინისპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება, ნაკეთობების შექმნა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა, განსახიერება და სხვა;

ე.ბ) კითხვის ორი უნარ-ჩვევის (წერილობითი კოდის გახმოვანება და წაკითხულის შინაარსის გაგება) ერთმანეთისაგან გარჩევა და ორივე უნარის წარმატებით გასავითარებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება, ასევე კითხვის ორი განსხვავებული ტექნიკის (ჩუმი და ხმამაღალი კითხვის) დანიშნულებისამებრ გამოყენება;

ე.გ) წერის სამი უნარ-ჩვევის – მოტორიკის, კოდირების, ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და შექმნა-შედგენის – ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის გასავითარებლად სათანადო აქტივობების გამოყენება;

ე.დ) მოსწავლეების კომუნიკაციური უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მომზადება: გასავითარებელი უნარების (მოსმენა-გაგება, ბგერების სმენით გარჩევა, ასოების/მარცვლების/ სიტყვების თვალით გარჩევა, მხედველობითი მეხსიერება, გამოთქმა, ტექსტების ზეპირად თქმა, ინტერაქცია, სიტყვების/მინიტექსტის გაგება კითხვის ჩუმი ტექნიკის გამოყენებით, ხმამაღალი კითხვა, ასოების გამოწერა, სიტყვების გამოწერა, მინიტექსტის შედგენა და სხვა) გაცნობიერება და დაწყებითი საფეხურის ამა თუ იმ ეტაპზე პრიორიტეტული უნარებისა და მათი განვითარებისათვის სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა.”.

ბ) 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 36. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელს შეუძლია:

ა) მოვლენის არსის განსაზღვრა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;

ბ) კვლევის საგნის განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა;

გ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად მონაცემების სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., ექსპერიმენტის, უშუალო დაკვირვების ან საინფორმაციო წყაროებიდან) მოპოვება;

დ) მონაცემების კლასიფიცირება (დახარისხება) სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და მონამონაცემების სხვადასხვა სახით (ფორმით, ხერხით) წარმოდგენა;

ე) კვლევის შედეგების ანალიზი და შეფასება;

ვ) სტრუქტურების და პროცესების მოდელირებ;

ზ) პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და პრევენცია;

თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვა ზოგად ისტორიულ ჭრილში;

ი) საბუნებისმეტყველო სფეროში არსებული ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში;

კ) საბუნებისმეტყველო პრობლემების მდგრადი განვითარების კუთხით განხილვა;

ლ) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;

მ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების დაკავშირება სხვა სასწავლო დისციპლინებთან;

ნ) მეცნიერული ტერმინოლოგიით მეტყველება (წერითი და ზეპირი);

ო) საბუნებისმეტყველო პრობლემების გადაჭრისას სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება.”.

გ) 37-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბაზო ან/და საშუალო საფეხურის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელმა იცის:

ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლის ობიექტები და მიზნები;

ბ) ბუნებისმეტყველების ადგილი მეცნიერებათა სისტემაში;

გ) საბუნებისმეტყველო იდეების ჩამოყალიბების (ფორმირების) ისტორია;

დ) საბუნებისმეტყველო მეცნიერული ცნებები და ტერმინები;

ე) კვლევის მეთოდები: კვლევა და მისი ეტაპები. ცდა (დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები, მონაცემები, საკონტროლო ცდა, განმეორებითი ცდა, ცდის ოქმი). მონაცემების მოპოვების გზები (ცდა/ექსპერიმენტი, დაკვირვება, გამოკითხვა (კითხვარი), ინფორმაციის მოძიება (ინტერნეტი, სამეცნიერო ლიტერატურა და სხვა));

ვ) სტრუქტურების და პროცესების მოდელები;

ზ) უსაფრთხოების წესები;

თ) მდგრადი განვითარების კონცეფცია;

ი) ჯანსაღი ცხოვრების წესის ძირითადი დებულებები.

2. ბიოლოგია

 ა) ბიოლოგიის საგანი. ცოცხალი მატერიის ნიშნები და თვისებები

 ა.ა) ბიოლოგია – სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერება. ცნება სიცოცხლის შესახებ.

ცოცხალი სისტემის ძირითადი ნიშნები (კვება, სუნთქვა, გაღიზიანებადობა, გამოყოფა, მოძრაობა, ზრდა, გამრავლება) და თვისებები (ქიმიური შედგენილობით მსგავსება, სტრუქტურული ორგანიზაციით მსგავსება, ღია სისტემა, ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა, მემკვიდრეობითობა და ცვალებადობა, ევოლუციური ადაპტაცია);

ბ) ცოცხალი სისტემების ორგანიზაციის დონეები

ბ.ა) მოლეკულური, უჯრედული, ქსოვილური, ორგანიზმული, სახეობრივი, ეკოსისტემური, ბიოსფერული;

გ) უჯრედი – ელემენტარული ცოცხალი სისტემა

გ.ა) უჯრედული თეორია. უჯრედის ქიმიური ორგანიზაცია. არაორგანული (წყალი, მინერალური მარილები) და ორგანული (ცილები, ლიპიდები, ნახშირწყლები, ნუკლეინის მჟავები) ნივთიერებები. მათი სტრუქტურა, თვისებები, ბიოლოგიური როლი. დნმ-ს რეპლიკაცია. ატფ. ვიტამინები.

გ.ბ) უჯრედის სტრუქტურული (მორფოლოგიური) ორგანიზაცია. პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედი – სტრუქტურული ორგანიზაცია. ციტოპლაზმა და ბირთვი. პლაზმური მემბრანა. ციტოპლაზმის ორგანოიდები, აგებულება და ფუნქცია. მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედის აგებულება,მსგავსება და განსხვავება;

გ.გ) სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები – ვირუსი და ბაქტერიოფაგი, აგებულება და გამრავლება;

გ.დ) უჯრედის სასიცოცხლო ციკლი. ინტერფაზა. მიტოზი და მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა;

გ.ე) უჯრედების სპეციალიზაცია ქსოვილები, ქსოვილთა ტიპები (მცენარეებსა და ცხოველებში). სტრუქტურული თავისებურებები, მათი ფუნქციები.

დ) ნივთიერებათა და ენერგიის ცვლა უჯრედში

დ.ა) ენერგეტიკული (კატაბოლიზმი, დისიმილაცია) ცვლა. მოსამზადებელი ეტაპი. უჟანგბადო (გლიკოლიზი, დუღილი) და ჟანგბადიანი ეტაპი (უჯრედული სუნთქვა). პლასტიკური (ანაბოლიზმი,ასიმილაცია) ცვლა. ავტორტოფული კვების ფორმები: ფოტოსინეზი (სინათლისა და სიბნელის ფაზა) და ქემოსინთეზი. გენეტიკური ინფორმაციის რეალიზაცია უჯრედში – ცილის ბიოსინთეზი. ტრანსკრიპცია და ტრანსლაცია. ცილის სინთეზის რეგულაცია.

ე) ორგანიზმებთა გამრავლება და ინდივიდური განვითარება (ონტოგენეზი)

ე.ა) გამრავლება. ბიოლოგიური მნიშვნელობა. გამრავლების ფორმები: უსქესო და სქესობრივი. სასქესო უჯრედების ჩამოყალიბება (გამეტოგენეზი) ცხოველებსა და ყვავილოვან მცენარეებში. მეიოზი და მისი ბიოლოგიური მნიშვნელობა. განაყოფიერება (განაყოფიერება ცხოველებში, ორმაი განაყოფიერება ყვავილოვან მცენარეებში). სქესობრივი გამრავლების არარეგულარული ტიპი – პართენოგენეზი. ორგანიზმის სასიცოცხლო ციკლი.

ე.ბ) ონტოგენეზი. ემბრიონული განვითარების ძირითადი ეტაპები ცხოველებში. პოსტემბრიონული (პირდაპირი და არაპირდაპირი) განვითარება ცხოველებში.

ვ) მემკვიდრეობითობისა და ცვალებადობის კანონზომიერებები

ვ.ა) მემკვიდრეობთობის კანონზომიერებები. მენდელის კანონები: ერთგვაროვნების, დათიშვის და გენთა დამოუკიდებლად მემკვიდრეობის. ფენოტიპი და გენოტიპი. ალელური გენები და მათი ურთიერთქმედების ფორმები (სრული და არასრული დომიმინანტობა, კოდომინანტობა). მონო და დიჰიბრიდული შეჯვარების ციტოლოგიური დასაბუთება. არაალელურ გენთა ურთიერთქმედების ფორმები (კომპლემენტარული, ეპისტაზური, პოლიმერული). მემკვიდრეობის ქრომოსომული თეორია. სქესის ქრომოსომული განსაზღვრა. სქესთან შეჭიდული ნიშნების მემკვიდრეობა. გენთა შეჭიდულობა და კროსინგოვერი.

ვ.ბ) ცვალებადობის კანონზომიერებები. არამემკვიდრული (მოდიფიკაციური) და მემკვიდრული (კომბინაციური, მუტაციური) ცვალებადობა. მუტაციური ცვალებადობის ფორმები (გენური, ქრომოსომული და გენომური).

ვ.გ) მოლეკულური გენეტიკის საკითხები: გენი. გენის მოქმედების რეგულაცია პროკარიოტებსა და ეუკარიოტებში. ტრანსდუქცია და ტრანსფორმაცია ბაქტერიებში.

ადამიანის გენეტიკა (მეთოდები, მემკვიდრული დაავადებები ადამიანში).

ზ) სელექცია

ზ.ა) სელექცია და მისი მეთოდები. გენური ინჟინერია. ბიოტექნოლოგია. ორგანიზმთა მრავალფეროვნება;

ზ.ბ) სელექციის მნიშვნელობა. სელექციის ტრადიციული ანუ კლასიკური (ხელოვნური გადარჩევა, ჰიბრიდიზაცია) და უახლესი (გენური და უჯრედული ინჟინერის) მეთოდები.

თ) ორგანიზმთა მრავალფეროვნება

თ.ა) სისტემატიკა (კლასიფიკაციის პრინციპები და ტაქსონები). კ. ლინე მეცნიერული სისტემატიკის დამფუძნებელი. ბიომრავალფეროვნება, როგორც ცოცხალის თვისება.

ი) მცენარეთა სამეფო: წყალმცნარეები, ხავსნაირები, გვიმრანაირები, შიშველთესლოვნები, ფარულთესლოვნები. განყოფილების ზოგადი დამახასიათებელი ნიშნები. ტიპობრივი წარმომადგენლები. საქართველოს ბიომრავალფეროვნება. (წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობები – რამდენიმე მაგალითის დასახელება).

კ) ცხოველთა სამეფო: ნაწლავღრუიანები, ჭიები, მოლუსკები, ფეხსახსრიანები, ქორდიანები (თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები, ძუძუმწოვრები). ზოგადი დამახასიათებელი ნიშნები. ტიპობრივი წარმომადგენლები.

ლ) სოკოთა სამეფო: ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, კვებისა და გამრავლების თავისებურებანი. ზოგერთი ტიპობრივი წარმომადგენელი. ლიქენები – სიმბიოზი სოკოსა და წყალმცენარეთა შორის.

მ) პროტისტთა სამეფო: ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, კვებისა და გამრავლების თავისებურებანი. დაავადებათა გამომწვევი პროტისტები

ნ) მონერების სამეფო: ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები, უჯრედის გარეგანი და შინაგანი აგებულება, გამრავლება, კვების ტიპები და გავრცელება. სასარგებლო და დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიები.

ო) ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია: ორგანოები და ორგანოთა სისტემები. ძვლოვანი, კუნთოვანი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის, სასუნთქი, ექსკრეტორული, რეპროდუქციული, ენდოკრინული, იმუნური და ნერვული სიტემა. გრძნობათა ორგანოები. კანი. მათი აგებულება, ზოგადი დახასიათება და ფუნქციები. ჰიგიენა და ჯანმრთელობა.

პ) ცოცხალი სამყაროს ისტორიული განვითარება

პ.ა) ჰიპოთეზები სიცოცხლის წარმოშობის შესახებ. შეხედულებები ცოცხალი სამყაროს ევოლუციის შესახებ (ლამარკის თეორია, დარვინ-უოლესის თეორია, ევოლუციის სინთეზური თეორია);

პ.ბ) მიკროევოლუცია. პოპულაცია. სახეობა. გენთა სიხშირის ცვლილება პოპულაციაში (ჰარდი- ვაინბერგის კანონი). მიკროევოლუციის მამოძრავებელი ფაქტორები: მუტაციური პროცესი, გენთა დრეიფი, გენთა ნაკადი, იზოლაცია, ბუნებრივი გადარჩევა. ბუნებრივი გადარჩევის ფორმები (მასტაბალიზებელი, მამოძრავებელი, დიზრუპტული). ადაპტაცია. სახეობათა წარმოქმნა. მიკროევოლუციის საბოლოო შედეგი (შეგუებულობა, ახალ სახეობათა წარმოქმნა, ორგანიზაციის დონის ამაღლება);

პ.გ) მაკროევოლუცია და მისი დამამტკიცებელი საბუთები (ემბრიოლოგიური, პალეონტოლოგური). ჰეკელ-მიულერის ბიოგენეტიკური კანონი. ევოლუციის მიმართულებები: აროგენეზი, ალოგენეზი და კატაგენეზი (ანუ ზოგადი დეგენერაცია). ევოლუციის კანონზომიერებები (დივერგენცია, კონვერგენცია). ანთროპოგენეზი.

ჟ) ეკოლოგია ეკოლოგიური ფაქტორები: აბიოტური, ბიოტური და ანთროპოგენური. ძირითადი აბიოტური ფაქტორები (განათება, ტემპერატურა, ტენიანობა). ბიოტური ფაქტორები ცოცალ ორგანიზმებს შორის ურთიერთდამოკიდებულება (ნეიტრალიზმი, კონკურენცია სიმბიოზი, პარაზიტიზმი, მტაცებლობა). ეკოსისტემა. კვებითი დონეები: პროდუცენტები, კონსუმენტები, რედუცენტები. კვების ტიპები: ავტოტროფული (ფოტოსინთეთიკოსები, ქემოსინთეთიკოსები) ჰეტეროტროფული (ბალახისმჭამელები, ლეშისმჭამელები,მტაცებლები, საფროფიტები, პარაზიტები), მიქსოტროფული ორგანიზმები. კვებითი ჯაჭვები. ეკოლოგიური პირამიდა. ბიოსფერო. ნივთიერებათა მიმოქცევა და ენერგიის გარდაქმნა ბიოსფეროში.

რ) გარემოს დაცვა – ადამიანი და გარემო. ანთროპოგენული ფაქტორის მოქმედება გარემოზე. გარემოს დეგრადაციის ძირითადი ფაქტორები (საბინადრო გარემოს განადგურება, ჭარბი მოპოვება, დაბინძურება, კლიმატის ცვლილება და მისთ.). გლობალური და ლოკალური ეკოლოგიური პრობლემები. საერთაშორისო გარემოსდაცვითი კონვენციების მნიშვნელობა.

ეკოლოგიური პრობლემები და ბიოტექნოლოგია. ორგანიზმის მემკვიდრეობის შეცვლის მეთოდები (გენური და უჯრედული ინჟინერია). ბიოტექნოლოგიის გზით ეკოლოგიური პობლემების გადაჭრა.

ს) მათემატიკური აპარატი ალბათობის თეორიის ელემენტები (გენეტიკურ ამოცანებთან კავშირში). ფუნქციათა თვისებები. მონაცემთა წარმოდგენის ფორმები (სია, ცხრილები, გრაფიკები, დიაგრამების ერთობლიობსა და ვარიაციული რიგის ბიომეტრიული დამუშავება. ვარიაციული რიგის გრაფიკული გამოსახვა. საშუალო არითმეტიკული,საშუალო კვადრატული გადახრა. ჰიპოთეზის შესაბამისობის შემოწმება χ2-ის კრიტერიუმით. ალელთა სიხშირისა და გენოტიპურ კლასთა თანაფარდობის განსაზღვრა ჰარდი-ვაინბერგის ფორმულით.”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი