„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • Word
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 83/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/04/2012
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/04/2012
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016349
  • Word
83/ნ
20/04/2012
ვებგვერდი, 25/04/2012
430210000.22.022.016349
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 83/ნ

2012 წლის 20 აპრილი

ქ. თბილისი

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ'' საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით (სსმ III, 03.12.2008, №172 , მუხ. 1757, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.412) დამტკიცებულ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის XXVI თავი:

„თავი XXVI. მულტილინგვური განათლების მასწავლებლის სტანდარტი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური

    მუხლი 76. ტერმინთა განმარტება

1. ენათა მაკრომონაცვლეობა გულისხმობს ენათა მონაცვლეობის დაგეგმვას ინსტიტუციურ დონეზე – სწავლების რომელ საფეხურზე რა საგნები ისწავლება ორ ენაზე, უპირატესად რომელ ენაზე წარიმართება ამა თუ იმ თემის შესწავლა ერთი საგნის ფარგლებში. მაკრომონაცვლეობა იგეგმება სასწავლო წლის დაწყებამდე ეროვნული დირექტივების გათვალისწინებით.

2. ენათა მეზომონაცვლეობა გულისხმობს ენათა მონაცვლეობის დაგეგმვას კონკრეტული აქტივობების დონეზე, რომელსაც საგნის მასწავლებელი მოსწავლეთა ენობრივი მზადყოფნის გათვალისწინებით გეგმავს. მისი ამოცანაა საგნობრივი შინაარსის შესწავლის პროცესის ხელშეწყობა და ენობრივი კომპეტენციების ეტაპობრივი განვითარება-გამდიდრება.

3. ენათა მიკრომონაცვლეობა გულისხმობს ენათა მონაცვლეობას დაუგეგმავად, გაკვეთილის მსვლელობისას წამოჭრილი კომუნიკაციური პრობლემის გადასაწყვეტად.

4. სავალდებულო ენობრივი ცოდნა იგულისხმება ის ენობრივი კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია ამა თუ იმ კონკრეტული საგნობრივი საკითხის/ცნების შესასწავლად (მაგ., ბუნებრივ კატასტროფებზე საუბრისას მოსწავლეები აუცილებლად უნდა ფლობდნენ თემის შესაბამის ლექსიკას და ესმოდეთ მნიშვნელობა ტერმინებისა, როგორებიცაა: წყალდიდობა, მეწყერი, მიწისძვრა, მდინარის კალაპოტი, ადიდება; მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამომხატველი კონსტრუქციები და სხვ.).

5. არასავალდებულო ენობრივი ცოდნა – ენობრივი შინაარსი, რომელიც გამოიყენება კონკრეტული საგნობრივი საკითხის/ცნების შესასწავლად, მაგრამ მისი ცოდნა ამავე საკითხის ასათვისებლად არ წარმოადგენს აუცილებლობას. მაგ., მათემატიკის გაკვეთილზე პროცენტების გამოანგარიშების შესწავლისთვის თემატიკის არჩევანი შეუზღუდავია. მაგალითად, შესაძლებელია, მოსწავლეებს ვთხოვოთ გამოანგარიშება, კლასის რა პროცენტს ურჩევნია ზამთარი სეზონებს შორის; რამდენი უყურებს ამა თუ იმ სატელევიზიო გადაცემას და მრავალი სხვა. ორენოვანი სწავლების დაგეგმვისა და განხორცილებისთვის მნიშვნელოვანია სავალდებულო და არასავალდებულო ენობრივი ცოდნის გათვალისწინება.

    მუხლი 77. მულტილინგვური განათლების მასწავლებლის პროფესიული უნარები დაწყებით, საბაზო და/ან საშუალო საფეხურებზე

მულტილინგვური განათლების მასწავლებელი უნდა ფლობდეს ორ ენას, რომელთაგან ერთი აუცილებლად ქართული ენაა.

ა) მიმართულება: მოსმენა

ა.ა) სპეციალობასთან დაკავშირებულ თემატიკაზე პრეზენტაციების, ზეპირი მოხსენებების შინაარსის გაგება და გაანალიზება (მაგ.: პრობლემატიკის, ძირითადი საკითხების გამოკვეთა, მთავარი და არამთავარი საკითხების, ვარაუდების და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, საგნობრივ საკითხებზე მიმდინარე საუბრის გაგება და სხვა).

ბ) მიმართულება: კითხვა

ბ.ა) სხვადასხვა ტიპის დარგობრივი ტექსტის (სახელმძღვანელოს მასალა, პოპულარულ-სამეცნიერო ჟურნალის სტატია და სხვა) გაგება და გაანალიზება (მაგ.: ტექსტში ასახული პრობლემატიკის, ძირითადი იდეის, პრობლემის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა; მთავარი და არამთავარი საკითხების, ვარაუდების და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ტექსტის ნაწილებს შორის არსებული ლოგიკური ურთიერთმიმართებების დადგენა და სხვა).

ბ.ბ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად სხვადასხვა წყაროდან მონაცემების მოპოვება;

ბ.გ) შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად კითხვის სტრატეგიების გამოყენება .

გ) მიმართულება: წერა

გ.ა) სპეციალობასთან დაკავშირებულ თემატიკაზე სხვადასხვა ტიპის ტექსტების (მაგ., ახსნითი, აღწერითი, მიმოხილვითი შემეცნებითი ხასიათის ტექსტი დამხმარე სასწავლო მასალისათვის ) შედგენა: აზრის თანამიმდევრულად განვითარება; ტექსტის სხვადასხვა ნაწილის ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირება; ინფორმაციის შეჯამება; საკუთარი მოსაზრებების, დამოკიდებულებების გამოხატვა; ტექსტის ორგანიზების წესების დაცვა.

დ) მიმართულება: ლაპარაკი

დ.ა) სპეციალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი, დეტალების აღწერა, საკითხების/ცნებების ახსნა-განმარტება, თვალსაჩინოებისთვის კონკრეტული მაგალითების მოხმობა, ინფორმაციის შეჯამება, დასკვნის გაკეთება;

დ.ბ) საგანთან დაკავშირებული მოვლენების, საგნების, ცნებების დასახელება, აღწერა და კლასიფიცირება;

დ.გ) საგანთან დაკავშირებული მოვლენების, საგნების, ცნებების აღწერისას მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენება;

დ.ე) საგანთან დაკავშირებული მონაცემების, ცნებების ინტერპრეტირება და ჩამოყალიბება;

დ.ვ) საგაკვეთილო პროცესის მართვისთვის საჭირო დისკურსის (სხვადასხვა ტიპის მითითება, ინსტრუქციები, შექება-გამხნევება, ახსნა-განმარტება და სხვა) ფლობა .

    მუხლი 78. მულტილინგვური განათლების მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

ა) დარგობრივი ცნებები და ტერმინები ორივე ენაზე;

ბ) დიდაქტიკური ცნებები: მრავალენოვანი განათლება; ორენოვანი განათლება; შუალედური ენა (I nterla ngue) , გადატანის უნარი (ტრანსფერი), ენათა მონაცვლეობის სახეები: მაკრო-, მეზო -, მიკრომონაცვლეობა, ენობრივი უკუგების ტიპები, სავალდებულო და არასავალდებულო ენობრივი ცოდნა, ენის სწავლის სტრატეგიები.

    მუხლი 79. სწავლების მეთოდები

მულტილინგვური განათლების მასწავლებელს დაწყებით, საბაზო და/ან საშუალო საფეხურებზე შეუძლია მოსწავლესა და შედეგზე ორიენტირებული ორენოვანი სასწავლო პროცესის დაგეგმვა:

ა) ორენოვანი სწავლების დაგეგმვა სასკოლო სასწავლო გეგმაში

ა.ა) ეროვნული სასწავლო გეგმისა და მრავალენოვანი განათლების დებულების მოთხოვნათა გათვალისწინებით, საგნის ფარგლებში , ენათა მაკრომონაცვლეობის დაგეგმვა, განსაზღვრა იმისა, თუ:

ა.ა.ა) რომელ საფეხურებსა და კლასებში წარიმართება ორენოვანი სწავლება;

ა.ა.ბ) რომელი თემები/საკითხები ისწავლება პრიორიტეტულად სახელმწიფო ენაზე და რომლები – წამყვან სასწავლო ენაზე. თემების/საკითხების შერჩევა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: მათი კონცეპტუალური შესაბამისობა სწავლების შერჩეულ ენასთან; რესურსების მისაწვდომობა; თემების ენობრივი სირთულის ხარისხის შესაბამისობა მოსწავლეთა ენობრივ მარაგთან (ენობრივი სირთულის ხარისხის განსასაზღვრად მჭიდრო თანამშრომლობა ქართული ენის მასწავლებელთან);

ა.ა.გ) შერჩეულ თემებზე დაყრდნობით თითოეული ენისთვის სავარაუდო საათობრივი დატვირთვის განსაზღვრა; ორენოვან სწავლებაში ჩართულ მასწავლებლებთან ერთად (ამ ჯგუფში მოიაზრება ქართული ენის მასწავლებელიც), ურთიერთშეთანხმებული მოქმედებისა და ცოდნის ტრანსფერის ხელშესაწყობად, სხვადასხვა საგანში ენათა მაკრომონაცვლეობის გეგმის ბოლო ვარიანტის განხილვა/შემუშავება და წარდგენა სასკოლო სასწავლო გეგმაში ჩასართავად ;

ბ) ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლების დაგეგმვა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას – ქართული ენის მასწავლებელთან ერთად ქართულ ენაზე სწავლებისთვის შერჩეული თემის გაანალიზება ენობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, კერძოდ,

ბ.ა) სავალდებულო ენობრივი ცოდნის განსაზღვრა თემაში წარმოდგენილი ცნებების, საკვანძო საკითხების გასაგებად; დადგენა იმისა, თუ რას ფლობს მოსწავლე ამ სავალდებულო ენობრივი მოთხოვნებიდან, რას უნდა დაეუფლოს თემის შესწავლამდე, რა უნდა დამუშავდეს წინმსწრებად ქართული ენის გაკვეთილებზე;

ბ.ბ) შესასწავლ საკითხებთან ცნებების გათვალისწინებით ე.წ. არასავალდებულო ენობრივი მასალის განსაზღვრა, რომელსაც გაააქტიურებს საგნის მასწავლებელი შერჩეული თემის ფარგლებში;

ბ.გ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების მიხედვით საგაკვეთილო საგნობრივი და ენობრივი მიზნების, სასწავლო აქტივობების ტიპების განსაზღვრა; მოსწავლეთა ენობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით ენათა მეზომონაცვლეობის დაგეგმვა, კერძოდ:

ბ.დ) განსაზღვრა იმისა, თუ რომელი აქტივობა უნდა წარიმართოს სახელმწიფო ენაზე, რომელი – წამყვან სასკოლო ენაზე (მაგ. : ახსნა-განმარტება – პირველ ენაზე, შეჯამება – მეორე ენაზე, ამოცანის ამოხსნა – პირველ ენაზე, ხელახალი ფორმულირება – მეორე ენაზე, თეორიული ნაწილი – პირველ ენაზე, პრაქტიკული ნაწილი – მეორე ენაზე და სხვა);

ბ.ე) ორენოვანი სასწავლო მასალის (ტექსტების, აქტივობების, თვალსაჩინოების – სქემის, გრაფიკის, რუკის, სტატისტიკური მონაცემების და სხვა) სათანადოდ შერჩევა;

ბ.ვ) ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებზე დაყრდნობით, ქართული ენისა და სხვა საგნის მასწავლებლებთან ერთად, ორენოვანი (მოკლე თუ გრძელვადიანი) პროექტების დაგეგმვა (მაგ., ორენოვანი კალენდარი მნიშვნელოვანი თარიღებითა და შესაბამისი კომენტარებით; ორენოვანი ინფორმაციული ბუკლეტი სოფლის/რაიონის/ქალაქის ღირსშესანიშნაობებზე; ორენოვანი რეპორტაჟი და სხვა): მიზნების განსაზღვრა, რესურსების შერჩევა ორივე ენაზე, ძირითადი სამუშაოს შესრულების ეტაპების გამოკვეთა და სხვ.

გ) შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული ორენოვანი სასწავლო პროცესის წარმართვა

გ.ა) ორენოვანი სწავლების ორგანიზებულად წარმართვა ენათა მონაცვლეობის სათანადო გამოყენებით :

გ.ა.ა) ბალანსის დაცვის მიზნით, საგაკვეთილო პროცესში დაგეგმილი მაკრო და მეზო - მონაცვლეობის დაცვა ;

გ.ა.ბ) მიკრომონაცვლეობის გამოყენება ძნელად გასაგები საკითხის ხელახალი ფორმულირებისთვის; საგნობრივ საკითხებზე მსჯელობისას აზრის უწყვეტობის შესანარჩუნებლად; სათაურების, საგნისთვის დამახასიათებელი ლექსიკის, ტერმინების, ცნებების დასახელებისას, ენობრივი ხასიათის მითითებების მიცემისას;

გ.ბ) ენობრივი უკუგების ქმედითი/ნაყოფიერი ტიპების გამოყენება (მოსწავლის პასუხის გამოწვევა; (მაგ., ამას როგორ ვამბობთ?); ახსნა-განმარტების თხოვნა (მაგ., რისი თქმა გინდა?); ენობრივ საკითხებზე მეტალინგვისტური მითითებები (მაგ., ეს მრავლობითია? ეს სიტყვა სხვა რამეს ნიშნავს . . , აქ მოთხრობითი ბრუნვა უნდა? ასე არ ამბობენ და სხვა); გამეორება წინადადებისა, რომელიც შეიცავს შეცდომას და მისი (შეცდომის) ინტონაციით გამოკვეთა;

გ.გ) ენობრივი უკუგებისას ზედმეტად არ შორდება საგნის კონტექსტს;

გ.დ) იმ ენობრივი პრობლემების მონიშვნა, რომლებიც დამუშავებას მოითხოვს ქართული ენის გაკვეთილზე.

    მუხლი 80. ორენოვანი სასწავლო პროცესის შეფასება შედეგსა და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის შესაფასებლად

ა) განმავითარებელი შეფასების გამოყენება ენობრივი და საგნობრივი შედეგების გასაუმჯობესებლად: ქართული ენის მასწავლებელთან ერთად საკლასო, საშინაო და შემაჯამებელი დავალებების შეფასება, ენობრივი და საგნობრივი პრობლემების გამოვლენა და ჩანიშვნა, მათი ერთად განხილვა და სათანადო სტრატეგიების შემუშავება პრობლემების აღმოფხვრის მიზნით;

ბ) განმსაზღვრელი შეფასების ჩატარება საგნობრივი მიღწევების შესაფასებლად ორივე ენაზე.” .

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი