''მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერი N1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტამნის თაობაზე

  • Word
''მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერი N1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტამნის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 32/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 07/03/2011
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 110307048, 10/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.016073
  • Word
32/ნ
07/03/2011
ვებგვერდი, 110307048, 10/03/2011
430210000.22.022.016073
''მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბერი N1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტამნის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №32/ნ

2011 წლის 7 მარტი

. თბილისი

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრი 1014 ბრძანებით დამტკიცებულ „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ'' დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) V თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი V

დაწყებითი საფეხური

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ქართულ ენასა და ლიტერატურაში (1- V1 კლასი)

    მუხლი 14. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში

1. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება ზეპირ მეტყველებაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) სხვათა მეტყველების (მოსაზრების, დამოკიდებულების, ინფორმაციის, მოვლენის შეფასებისა და სხვა სამეტყველო აქტივობის) მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანის გათვალისწინებით;

ბ) საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (კითხვის დასმა, მოსმენილის პერიფრაზირება, ჩანიშვნა და ა. );

გ) სამეტყველო ქცევის წარმართვა სიტუაციისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი სამეტყველო სტრატეგიების, ვერბალური (ყურადღების მისაპყრობი რიტორიკული შეკითხვები, ჩანართები, დიალოგი) და არავერბალური (მხედველობითი კონტაქტი, ჟესტიკულაცია, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა) ხერხების ეფექტური გამოყენება;

დ) მართლმეტყველების წესების დაცვა, აზრის ცხადად, ლაკონურად, მკაფიოდ და მწყობრად გამოხატვა;

ე) ზეპირი გამოსვლის მოსამზადებელი სტრატეგიების გამოყენება (ინფორმაციის შეგროვება, ტექსტის ორგანიზება, ჩანაწერების მომზადება, ტექსტის დამახსოვრება, შესაბამისი თვალსაჩინო მასალის მომზადება, რეპეტიციის გავლა).

2. ზეპირი მეტყველების დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება კითხვაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) სხვადასხვა ტიპის, სტილისა და ჟანრის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება შინაარსობრივი, იდეური, ფუნქციური თვალსაზრისით;

ბ) ტექსტის ანალიზი სტრუქტურისა და ენობრივ-გამომხატველობითი საშუალებების გათვალისწინებით;

გ) გამომეტყველებითი კითხვის კულტურის ფლობა.

3. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მიმართულება ზეპირ წერაში გააჩნია შემდეგი პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) წერის კალიგრაფიული კულტურის ფლობა;

ბ) მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი სტრატეგიების შერჩევა და გამოყენება წერის პროცესში: დაგეგმვა, კომპოზიციის აგება, საკუთარი ნაწერის გადასინჯვა, რედაქტირება (ტექსტის ჩასწორება ენობრივ-სტილური თვალსაზრისით) და კორექტირება (სასვენი ნიშნების სწორად დასმა და ორთოგრაფიული შეცდომების ჩასწორება);

გ) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნა მიზნისა და აუდიტორიის შესაბამისი მახასიათებლებისა და ენობრივი ნორმების დაცვით (წერილი, ბარათი, ინსტრუქცია, ინტერვიუ, ადმინისტრაციული ტექსტები, დარგობრივი ტექსტები და სხვა).

    მუხლი 15. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ქართულ ენასა და ლიტერატურაში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ქართულ ენასა და ლიტერატურაში გააჩნია შემდეგი პროფესიული ცოდნა:

ა) ზოგადი ცნობები ენისა და დამწერლობის შესახებ:

ა.ა) ენის რაობა და ფუნქციები; ქართული ენის ბუნება; ქართული დამწერლობის წარმოშობ; ქართული დამწერლობის სახეები და განვითარების საფეხურები; ენისა და მეტყველების ურთიერთმიმართება;

ბ) ფონეტიკა-ფონოლოგიის საკითხები:

ბ.ბ) ბგერათა დახასიათება წარმოთქმის ადგილისა და რაგვარობის მიხედვით; თანხმოვანთა და ხმოვანთა სისტემები; ძირითადი ფონეტიკური პროცესები: ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვა; ინტონაცია და მისი ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი; პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა; ორთოეპიის საკითხები (მართლმეტყველება);

გ) გრამატიკა:

გ.ა) მორფოლოგია: ფონემა და მორფემა; ძირი და ფუძე; მეტყველების ნაწილები; გრამატიკული კატეგორიები: ბრუნება, რიცხვი, პირი, უღლება, გვარი, ასპექტი, ქცევა; სინტაქსი: წინადადება, წინადადების წევრები, წინადადების სახეები შინაარსისა და აგებულების მიხედვით;

დ) ლექსიკოლოგია:

დ.ა) სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვათა სესხება; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები; ეტიმოლოგია;

 ე) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:

ე.ა) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული...); ტექსტის შემადგენელი კომპონენტების ურთიერთდაკავშირების საშუალებები (კავშირები, ნაცვალსახელები, ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);

ე.ბ) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია: პირების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები); ნათქვამის გადმოცემის მიხედვით (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი); მონაწილე პირთა რაოდენობის მიხედვით (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი);

ე.გ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი.

ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური);

ვ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

ვ.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია; რითმის სახეები და გარითმვის ხერხები; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება და სხვა); სტილური და სინტაქსური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი, ფრაზეოლოგიზმები, დიალექტიზმი, ჟარგონი, ნეოლოგიზმი და სხვა);

ზ) კითხვა:

ზ.ა) კითხვის სწავლების ფონეტიკური, მთლიანი ენის და დაბალანსებული მიდგომები; კითხვის პროცესის დახასიათება: კითხვის ტემპი, კითხვის მოქნილობა (ზუსტი, სწრაფი, გამართული კითხვა, ინტონაციური კითხვა); გააზრებული კითხვა;

თ) წერა:

თ.ა) წერა, როგორც გრაფო-მოტორული ჩვევა; წერითი მეტყველება, როგორც კომუნიკაციის განსაკუთრებული ფორმა; პუნქტუაციის წესები; ორთოგრაფიული წესები;

ი) ლიტერატურა:

ი.ა) ზღაპარი, ბალადა, ლექსები, თქმულებები, ლეგენდები (ქართული და უცხოური), მითები (ქართული და უცხოური), ბიბლიური მოთხრობები და იგავები; ქართველ/უცხოელ კლასიკოსთა და თანამედროვე მწერალთა ცნობილი საბავშვო პროზაული და პოეტური ნაწარმოებები; ლიტერატურული ზღაპრები; მოთხრობები; კომიქსები; იგავ-არაკები, დიდაქტიკური ხასიათის თხზულებები; ენის გასატეხები, გამოცანები, აფორიზმები, ანდაზები, ლექსები (საბავშვო, ლირიკული და სიუჟეტიანი); გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიები და მოგონებები.

    მუხლი 16. სწავლების მეთოდები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი ქართულ ენასა და ლიტერატურაში ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია;

ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:

ა.ა) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: წერა; კითხვა; წერისა და კითხვის პროცესში სივრცითი მიმართებების დამყარება; ყურადღების კონცენტრირება; წაკითხულის გააზრება-გაგება; შემოქმედებითად და კრიტიკულად აზროვნება; საკუთარი აზრის გამოხატვა; წარმოსახვა; რეფლექსია და სხვა;

ა.ბ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს ისეთი სოციალურ-კომუნიკაციური უნარების განვითარება, როგორებიცაა: მოსმენა; ზეპირი და წერითი მეტყველება; საკუთარი და სხვათა ქცევის შეფასება; თვითშეფასება; ურთიერთშეფასება; თანამშრომლობა და სხვა.

ა.გ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეების მიერ წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება და ხელშეწყობა;

ა.დ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლის ფიზიკური უნარების განვითარება: ნატიფი მოტორიკა, სხეულის ფლობა/კოორდინაცია;

ა.ე) მასწავლებელი შეარჩევს ისეთ აქტივობებს, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს ქმედების მეშვეობით ცნებებისა და მიმართებების ათვისებაში („კეთებით სწავლა“ – პრობლემის აღმოჩენა, დადგენა და გადაჭრა; კანონზომიერების დადგენა) და მიღებული გამოცდილების განზოგადებაში;

ა.ვ) სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა და რესურსების ისე შერჩევა, რომ მოსწავლეს გაუადვილდეს სასწავლო მასალის აღქმა, რაც გააქტიურებს მის ყურადღებას და აღუძრავს სწავლის სურვილს;

ა.ზ) მოსწავლეების მიერ ნიჭისა და უნარების გამოვლინებისა და მათი განვითარების მიზნით, შესაბამისი სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება;

საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობებისა და სწავლების ორგანიზების შერჩევა და გამოყენება;

ბ) მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:

ბ.ა) საგნის (ქართულის) სწავლებისას განვითარებისა და სწავლების თეორიების გამოყენება მოსწავლეთა შემეცნებითი უნარების განვითარებისათვის;

ბ.ბ) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, ისეთი გარემოს შექმნა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას და მათ სოციალიზაციას (სასკოლო გარემოსთან და რეჟიმთან ადაპტაციას, წესის დაცვის ჩვევის გამომუშავებას, ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას);

ბ.გ) საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით მოსწავლის ინტერესის აღძვრა სასწავლო პროცესისადმი;

ბ.დ) კითხვის სწავლების ფონეტიკური, მთლიანი ენის და დაბალანსებული მიდგომების შესატყვისი სტრატეგიების გამოყენება (მაგ., ინდივიდუალური კითხვა, გაგრძელებითი კითხვა, გამოკრებითი კითხვა, მართული კითხვა, ერთობლივი კითხვა, როლური კითხვა და სხვა );

ბ.ე) კითხვის სწავლების პროცესში სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება: წაკითხული ტექსტის უკეთ გასააზრებლად მოკლე ჩანაწერებისა და კომენტარების გაკეთება; ოფიციალურ-საქმიანი ტექსტების კითხვის სტრატეგიების გამოყენება; განმარტებითი და დარგობრივი ლექსიკონის, ენციკლოპედიის გამოყენება; გაუგებარი ან კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად ბიბლიოთეკისა და ინტერნეტის გამოყენება;

ბ.ვ) წერის ათვისების მეთოდების გამოყენება სწავლების პროცესში: წერა ფანტაზია; ლექსიკურ ერთეულებზე დაყრდნობით ტექსტის შედგენა; წერა სტრიქონის გამოტოვებით; წერა გარკვეული ქარგის გამოყენებით; წერა მაგიდის ირგვლივ; პირამიდული წერა; რაფთიწერა (როლი, აუდიტორია, ფორმა, თემა) და სხვა;

ბ.ზ) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება; მოსწავლეთა ნებელობითი ქცევის უნარის განვითარების ხელშეწყობა; წესების მარტივი ენითა და პოზიტიური ფორმით ჩამოყალიბება; მოსწავლეთა ქცევის კონტროლი;

ბ.თ) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;

ბ.ი) წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების აქტივობების მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს ამ აქტივობების დაგეგმვის, გეგმის მიხედვით მოქმედებისა და ბოლომდე მიყვანის უნარი;

ბ.კ) მოსწავლის ენობრივი გამოცდილების გათვალისწინება და ამის საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელის შეწყობა;

ბ.ლ) სწავლებისას ახალი ლექსიკური ერთეულებისა და საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ., რაოდენობა, ტემპი), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;

გ) მასწავლებელს შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:

გ.ა) საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, დავალებებისა და აქტივობების შეფასების სათანადო კრიტერიუმების შემუშავება, მათი წონის განსაზღვრა და დონეების გამოყოფა;

გ.ბ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ერთმანეთისაგან ფუნქციურად გამიჯვნა და თითოეულისთვის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

გ.გ) შეფასების კომპონენტების გათვალისწინებით მრავალფეროვანი კრიტერიუმებისა და ფორმების შერჩევა-შემუშავება (ტესტები, გამოფენები, პრეზენტაციები, შეფასების ცხრილები, წარმოდგენები და სხვა);

გ.დ) წინასწარი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად. გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას კორექტული, პოზიტიური კომენტარებისა და კონკრეტული რეკომენდაციების გამოყენებით თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა;

გ.ე) შეფასების გამოყენება მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გასაღვივებლად და პოზიტიური პიროვნული თვისებების გასავითარებლად;

გ.ვ) კორექტული შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომების აღმოჩენის, ადეკვატურად რეაგირებისა და კორექტირების უნარის ჩამოყალიბება;

გ.ზ) მოსწავლის მიერ საკუთარი ნამუშევრის შეფასების გამოყენება მისივე სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად და სწავლის უნარ-ჩვევების გასავითარებლად;

გ.თ) თითოეული მოსწავლის ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ტიპური შეცდომების ამოცნობა და მათზე დაყრდნობით მოსწავლისათვის მომავალი სამუშაოს დაგეგმვა;

გ.ი) მოსწავლის მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და გათვალისწინება შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას;

გ.კ) დაკვირვების საფუძველზე იმ შემთხვევების განსაზღვრა, როდესაც უნდა მოხდეს სპეციალისტი ჩარევა (მაგ., ფსიქოლოგი, ლოგოპედი, სოციალური მუშაკი, სპეციალური მასწავლებელი).

ბ) VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VI

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მათემატიკა I-VI კლასები

    მუხლი 17. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები მათემატიკაში

დაწყებიითი საფეხურის მასწავლებელს აქვს შემდეგი უნარ-ჩვევები მათემატიკაში:

 ა) მიმართულება რიცხვები და მოქმედებები:

 ა.ა) რიცხვების სათანადოდ გამოყენება სხვადასხვა ასპექტში (რიცხვი, როგორც რიგის, რაოდენობის, ინდექსის და . მაჩვენებელი). რიცხვით სიმრავლეებს შორის კავშირების გამოსახვა სხვადასხვა ხერხით, რიცხვების ჩაწერაწაკითხვა რიცხვთა სხვადასხვა სისტემაში;

ა.ბ) რიცხვების კლასიფიკაცია;

ა.გ) რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება. რიცხვებზე მოქმედებების თვისებებისა და მათ შორის კავშირების დასაბუთება და გამოყენება;

ა.დ) რაოდენობების შეფასებისა და შედარების სხვადასხვა ხერხის გამოყენება. რიცხვითი გამოსახულების მნიშვნელობის შეფასება სხვადასხვა ხერხით;

ა.ე) სიდიდის ზომის სხვადასხვა ერთეულის ერთმანეთთან დაკავშირება და მათი გამოყენება;

ბ) მიმართულება კანონზომიერებები და ალგებრა:

ბ.ა) ალგებრული გამოსახულების გარდაქმნა;

ბ.ბ) ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა ასოების მითითებული მნიშვნელობისათვის;

ბ.გ) წრფივი განტოლებისა და წრფივი უტოლობის ამოხსნა და მათი გამოყენება.

 სიმრავლეებზე ოპერაციების შესრულება;

გ) მიმართულება გეომეტრია და სივრცის აღქმა:

გ.ა) ძირითადი გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და კლასიფიცირება. გეომეტრიულ ფიგურათა წარმოდგენისა და მათ შესახებ დებულებათა ფორმულირება;

გ.ბ) ფიგურებისა და მათი ელემენტების ზომების დადგენა და შეფასება სხვადასხვა ხერხით და მათი გამოყენება;

გ.გ) გეომეტრიული გარდაქმნების თვისებების გამოყენება;

გ.დ) სივრცით ფიგურასა და შლილებს შორის შესაბამისობის დადგენა;

დ) მიმართულება მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა:

დ.ა) მონაცემთა მოპოვების ხერხების სათანადოდ შერჩევა და მათი გამოყენება;

მონაცემთა მოწესრიგებისა და წარმოდგენის ხერხების გამოყენება და ინტერპრეტირება;

დ.ბ) მონაცემთა ანალიზი რიცხვითი და გრაფიკული მეთოდების გამოყენებით; შედეგების ინტერპრეტირება და დასკვნების ჩამოყალიბება.

    მუხლი 18. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა მათემატიკაში

ა) მიმართულება რიცხვები და მოქმედებები:

ა.ა) ნატურალური რიცხვები. მარტივი და შედგენილი რიცხვები. გამყოფი და ჯერადი: რიცხვის რაობა (როგორც რაოდენობის აღმნიშვნელი); რიცხვის ჩაწერა ციფრებით, სიტყვებით, რიცხვის ჩაწერის რომაული სისტემა; არითმეტიკული მოქმედებები ნატურალურ რიცხვებზე, ნატურალური რიცხვის დაშლა მარტივ მამრავლებად. დაშლის ერთადერთობა (არითმეტიკის ძირითადი თეორემა), რამდენიმე ნატურალური რიცხვის უდიდესი საერთო გამყოფისა და უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა, გაყოფადობის ნიშნები და მათი კავშირი ათობით პოზიციურ სისტემასთან, ნაშთი;

ა.ბ) მთელი და რაციონალური რიცხვები: დადებითი და უარყოფითი რიცხვები, რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით. რაციონალური რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე. რიცხვითი გამოსახულებები, მოქმედებათა თანმიმდევრობა რიცხვით გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები, რიცხვითი უტოლობები და მათი თვისებები, რიცხვის ჩაწერის ათობითი პოზიციური სისტემა;

ა.გ) რიცხვთა ღერძი. რიცხვითი შუალედები. წერტილის კოორდინატი რიცხვთა ღერძზე, რაციონალური რიცხვის შესაბამისი წერტილის გამოსახვა რიცხვთ ღერძზე ;

ა.დ) რიცხვის მოდული: მოდულის ძირითადი თვისებები და მისი გეომეტრიული აზრი;

ა.ე) პროპორცია: პროპორციულობა, პროპორციის თვისებები, პროპორციის უცნობი წევრის პოვნა, რიცხვის დაყოფა მოცემული შეფარდებით, პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული დამოკიდებულება სიდიდეებს შორის;

ა.ვ) რიცხვის ნაწილი. პროცენტი. რიცხვის ნაწილის პოვნა, რიცხვის პოვნა მისი პროცენტით/ ნაწილით, რიცხვის ნაწილის ჩაწერა პროცენტის სახით;

ა.ზ) ხარისხი: რიცხვის ხარისხი ნატურალური მაჩვენებლით, ნამრავლის, ფარდობისა და ხარისხის ახარისხება. ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;

ა.თ) სიდიდის ზომის ერთეულები: მასის, დროის, სიჩქარის ერთეულები და კავშირები მოცემულ ერთეულებს შორის;

ბ) მიმართულება კანონზომიერება და ალგებრა:

ბ.ა) სიმრავლე, სიმრავლეებს შორის მიმართებები, მოქმედებები სასრულ სიმრავლეებზე: სიმრავლე, ქვესიმრავლე, ცარიელი სიმრავლე. ოპერაციები სიმრავლეებზე: სიმრავლეთა გაერთიანება, თანაკვეთა, სხვაობა;

ბ.ბ) ალგებრული გამოსახულება: მოქმედებები გამოსახულებებზე. გამოსახულების გარდაქმნა, ალგებრული გამოსახულების მნიშვნელობის გამოთვლა ასოების მითითებული მნიშვნელობისათვის;

ბ.გ) განტოლება, უტოლობა: განტოლება და მისი ამონახსნი, უტოლობა და მისი ამონახსნი, წრფივი განტოლებისა და წრფივი უტოლობის ამოხსნა; ტოლფასი განტოლებები; ამოცანების ამოხსნა განტოლებისა და უტოლობის გამოყენებით;

გ) მიმართულება გეომეტრია და სივრცის აღქმა:

გ.ა) ძირითადი გეომეტრიული ობიექტები და ცნებები: პლანიმეტრიაწერტილი, წრფე. სხივი, მონაკვეთი, ტეხილი, მანძილი ორ წერტილს შორის. მონაკვეთის სიგრძე, მანძილის თვისება. ტეხილის სიგრძე. კუთხე, კუთხის გრადუსული ზომა, მართი, მახვილი, ბლაგვი და გაშლილი კუთხეები;

გ.ბ) წრფეების ურთიერთგანლაგება: წრფეთა თანაკვეთა, პარალელობა, მართობულობა;

გ.გ) მრავალკუთხედი. ამოზნექილი მრავალკუთხედი: გვერდი, წვერო, კუთხე, დიაგონალი, პერიმეტრი, ამოზნექილი ფიგურის განსაზღვრება. ამოზნექილი მრავალკუთხედის კუთხეების ჯამი;

გ.დ) გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე: ფიგურათა ტოლობა, მოძრაობა, ღერძული და ცენტრული სიმეტრიები, მობრუნება, პარალელური გადატანა;

გ.ე) სამკუთხედი: სამკუთხედის გვერდი, კუთხე, წვერო, მედიანა, ბისექტრისა, სიმაღლე და მათი თვისებები, სამკუთხედები: მართკუთხა, მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, ტოლფერდა, ტოლგვერდა და მათი თვისებები, სამკუთხედის კუთხეების ჯამი. საკუთხედის გარე კუთხის თვისება. სამკუთხედის შუახაზის თვისებები. სამკუთხედის ტოლობის ნიშნები, სამკუთხედის უტოლობა, მართკუთხა სამკუთხედი (პითაგორას თეორემა);

გ.ვ) პარალელოგრამი: პარალელოგრამის გვერდების, კუთხეებისა და დიაგონალების თვისებები, პარალელოგრამობის ნიშნები, რომბის დიაგონალების თვისებები, მართკუთხედის დიაგონალების ტოლობა. მართკუთხედის სიმეტრიის ღერძები, კვადრატი და მისი თვისებები;

გ.ზ) ტრაპეცია: ტრაპეციის ელემენტები: ფუძე, ფერდი, სიმაღლე, ტოლფერდა ტრაპეციის თვისებები;

გ.თ) ბრტყელი ფიგურის ფართობი: ტოლი ფიგურების ფართობების ტოლობა, ბრტყელი ფიგურის ფართობის კავშირი მისი შემადგენელი ნაწილების ფართობებთან, კვადრატის, მართკუთხედის, სამკუთხედის, პარალელოგრამის, რომბის და ტრაპეციის ფართობი;

გ.ი) წრეწირი და წრე: ცენტრი, რადიუსი, დიამეტრი, ქორდა, რკალი, სექტორი, სეგმენტი, მხები.

გ.კ) მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე: წერტილის კოორდინატები, რიცხვთა წყვილის შესაბამისი წერტილის გამოსახვა საკოორდინატო სიბრტყეზე;

გ.ლ) მრავალწახნაგა: მრავალწახნაგას შემადგენელი ელემენტები: წვერო, წიბო, წახნაგი,კავშირი მრავალწახნაგას შემადგენელი ნაწილების რაოდენობებს შორის, კუბის, მართკუთხა პარალელეპიპედის, მართი პრიზმის, პირამიდის, ცილინდრის და კონუსის შლილები;

გ.მ) სივრცითი სხეულის მოცულობა და ზედაპირის ფართობი: სხეულის მოცულობა, კავშირი სხეულის მოცულობასა და მისი შემადგენელი სხეულების მოცულობათა შორის, კუბის და პარალელეპიპედის გვერდითი და სრული ზედაპირის ფართობისა და მოცულობის გამოთვლა;

გ.ნ) ზომის ერთეულები: სიგრძის, ფართობის, მოცულობის ერთეულები და კავშირები მათ შორის;

გ.ო) მონაცემთა ანალიზი, ალბათობა და სტატისტიკა მონაცემთა წარმოდგენა: სია, ცხრილი, პიქტოგრამა, დიაგრამა: წერტილოვანი, ხაზოვანი, სვეტოვანი, წრიული.

მონაცემთა მახასიათებლები: საშუალო, მედიანა, მოდა, სიხშირე.

    მუხლი 181. სწავლების მეთოდები

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლი მათემატიკაში ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:

ა) დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური თავისებურებების გათვალისწინებით:

ა.ა) ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით, მოსწავლეებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: რაოდენობრივი კავშირებისა აღქმისა და გამოყენების უნარი და ლოგიკური აზროვნება, სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, ვარაუდის გამოთქმა და მისი კვლევა კერძო მაგალითებზე, ფანტაზია, შემოქმედებითობა;

ა.ბ) მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითგამოხატვა, ქცევის შეფასება და თანამშრომლობა;

ა.გ) მოსწავლისთვის ისეთი ფიზიკური უნარების განვითარება, როგორებიცაა: ნატიფი მოტორიკა, სხეულის ფლობა/კოორდინაცია, უსაფრთხოების წესების დაცვა;

ა.დ) მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; მათემატიკური ტერმინოლოგიის, აღნიშვნებისა და სიმბოლოების გამოყენება. ინფორმაციის წარმოდგენის ხერხების ფლობა, ერთმანეთთან დაკავშირება, მასზე მსჯელობა. მონაცემთა შერჩევის, მოპოვებისა და ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;

ა.ე) მოსწავლეებში წერისა და კითხვის უნარის განვითარებისთვის სხვადასხვა მეთოდის გამოყენება;

ა.ვ) მოსწავლეებში ზეპირი მეტყველებისას სხვადასხვა ტიპის გამონათქვამის სათანადოდ გამოყენების, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების შესახებ მსჯელობის, მოსმენისა და ანალიზის უნარის განვითარება;

ა.ზ) აქტივობის ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (ფიგურების და ობიექტების ზომების, აგრეთვე მათ შორის მანძილების გასაზომად გზების, მეთოდების პოვნა და გამოყენება, ამოცანის შინაარსის აღქმა, ამოცანის მონაცემებისა და საძიებელი სიდიდეების გააზრება, კეთებით სწავლა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერების აღმოჩენა, დადგენა);

ა.თ) რესურსების შერჩევა ისეთი ეფექტური გარემოს შექმნის მიზნით, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება მიწოდებული ცნებებისა და მიმართებების თვალსაჩინოების საშუალებით აღქმაში, ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ყურადღების გააქტიურებას და აღუძრავს სწავლის სურვილს;

ა.ი) მათემატიკის მიმართ მოსწავლის მიდრეკილების, ნიჭის გამოვლენა და მათი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სათანადო სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება;

ა.კ) მათემატიკის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობებისა და სწავლების ორგანიზების სათანადო ფორმების: ინდივიდუალური, წყვილში, ჯგუფური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობაშერჩევა, გამოყენება;

ბ) მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური თავისებურებბის გათვალისწინებით:

ბ.ა) აქტივობების წარმართვისას მოსწავლის ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეთათვის ხელშეწყობა ახალი სოციალური როლის მისაღებად, სასკოლო გარემოსა და რეჟიმთან ადაპტაციისთვის;

ბ.ბ) საგაკვეთილო პროცესის სათანადო წარმართვის გზით, ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მოსწავლეთა შორის, ასევე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას, თანამშრომლობას და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;

ბ.გ) სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გამოიწვევენ ინტერესს და დადებითად განაწყობენ მოსწავლეებს მათემატიკისადმი, როგორც საჭირო და მნიშვნელოვანი საგნისადმი;

ბ.დ) საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, მოსწავლის ასაკის თავისებურებების გათვალისწინებით, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეს მისცემს თვითგამოხატვისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას, ასევე ხელს შეუწყობს მათ მოტივაციასა და ნებელობითი ქცევის უნარის განვითარებას;

ბ.ე) საგნის სწავლებისას განვითარებისა და სწავლის თეორიების გამოყენება მოსწავლეთა შემეცნებითი უნარის განვითარებისათვის;

ბ.ვ) გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეების ოჯახური, სოციალური, ფიზიკური და კულ¬ტურული განსხვავებულობის გათვალისწინება და კორექტულად მოქმედება;

ბ.ზ) სასწავლო მიზნის მისაღწევად, მათემატიკის სპეციფიკური ტერმინებისა და დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის მკაფიოდ, გასაგები ენით ჩამოყალიბება და მიწოდება მოსწავლეთათვის მათი ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ლექსიკური მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;

ბ.თ) აქტივობის მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა და განხორციელების მონიტორინგი, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს თანმიმდევრულად, ლოგიკურად, საქმის ბოლომდე მიყვანის და გეგმის მიხედვით მოქმედების ჩვევა;

ბ.ი) მოსწავლეებში დაგეგმვისა და თანამშრომლობის უნარის განვითარება შესაბამისი ამოცანების დასახვით, გააზრებითა და გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებით;

ბ.კ) აქტივობების წარმართვისას მოსწავლეთა ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, ხელშეწყობა მოსწავლეებში რეფლექსიის უნარის განვითარებისთვის;

ბ.ლ) მოსწავლის არსებული ცოდნის გათვალისწინება და მისთვის ხელშეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;

გ) მასწავლებელს შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:

გ.ა) მოსწავლის ნამუშევრის ანალიზის საფუძველზე, ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების დადგენა და შესაბამისად, მომავალი სამუშაოს დაგეგმვა, მათი გამოსწორების მიზნით;

გ.ბ) მოსწავლის თვითშეფასების გამოყენება სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად და სწავლის უნარ-ჩვევების განსავითარებლად;

გ.გ) ობიექტური შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის საკუთარი შეცდომის აღმოჩენის უნარის, შეცდომის გააზრებისა და კორექტირების ჩვევის ჩამოყალიბება;

გ.დ) შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გაღვივება, მოსწავლის პიროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;

გ.ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული, სამართლიანი კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენება;

გ.ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრე-სის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების (სუბიექტური, ობიექტური) დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;

გ.ზ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ერთმანეთისგან ფუნქციურად გამიჯვნა და თითოეულის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

გ.თ) მათემატიკის საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, დავალებებისა და აქტივობების შეფასების სათანადო კრიტერიუმების შემუშავება, მათი წონის განსაზღვრა და დონეების გამოყოფა;

გ.ი) შეფასების გამოყენება მოსწავლეთა მრავალმხრივი, მათემატიკური აზროვნების, საგნის სპეციფიკური, უნარ-ჩვევების განვითარების უზრუნველსაყოფად.

გ) VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VII

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი ბუნებისმეტყველებაშიI-VI კლასი

    მუხლი 19. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები ბუნებისმეტყველებაში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს ბუნებისმეტყველებაში შეუძლია:

ა) მოვლენის აღწერა და ზოგადი დახასიათება;

ა.ა) მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების წარმოჩენა;

ა.ბ) კვლევის საგნის (ობიექტის) განსაზღვრა და მისი შესწავლის ეტაპების გამოყოფა: (მაგ; კვლევის მიზნის, ამოცანების და მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა; კვლევის მეთოდების შერჩევა; შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და შეფასება.);

ა.გ) ობიექტის ან მოვლენის შესასწავლად სხვადასხვა წყაროდან/საშუალებით (მაგ., უშუალო დაკვირვება, ექსპერიმენტი ან საინფორმაციო წყაროებიდან) მონაცემების მოპოვება;

ა.დ) მონაცემთა კლასიფიკიაცია სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით და მათი გრაფიკების, დიაგრამების, ცხრილების და ა.შ. სახით წარმოდგენა;

ა.ე) სტრუქტურების და პროცესების მოდელირება და გამოყენება;

ა.ვ) პრაქტიკული სამუშაოების (ცოცხალ ორგანიზმებთან, ქიმიურ რეაქტივებთან ან ფიზიკურ მოვლენებთან) დაკავშირებული რისკ-ფაქტორების განსაზღვრა და მათი პრევენცია;

ა.ზ) საბუნებისმეტყველო მეცნირებების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპების განხილვა ზოგად ისტორიულ ჭრილში;

ა.თ) საბუნებისმეტყველო სფეროში დაგროვებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება;

ა.ი) ეკოლოგიური პრობლემების მდგარდი განვითარების ჭრილში განხილვა;

ა.კ) მეცნიერული აღმოჩენების შედეგების გამოყენების დადებითი და უარყოფითი გავლენის შეფასება;

ა.ლ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვა სასწავლო დისციპლინებთან დაკავშირება;

მეცნიერული ტერმინოლოგიის ადეკვატური გამოყენება წერითი და ზეპირი სახით;

ა.მ) ძირიდათი ფიზიკური სიდიდეების და მათი განზომილებების გამოყენება;

ა.ნ) სათანადო მათემატიკური ოპერაციების გამოყენება, მაგ., რაოდენობრივი მონაცემების აღრიცხვა, ანგარიში, მათი ორგანიზება და სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენა.

    მუხლი 20. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ბუნებისმეტყველებაში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ბუნებისმეტყველებაში იცის:

ა) სიცოცხლის ნიშნები:

ა.ა) კვება, სუნთქვა, ზრდა, მოძრაობა, გამრავლება. ამ პროცესების ზოგადი დახასიათება და მნიშვნელობა ორგანიზმებისათვის.

ბ) ორგანიზმთა მრავალფეროვნება და მათი კლასიფიკაცია:

ბ.ა) ორგანიზმთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები და მსხვილი ტაქსონომი­უ­რი ერთეულები (სამეფო, ტიპი, კლასი), მათი დამახასიათებელი ნიშნები და ტიპობრივი წარმომადგენლები.

 გ) მიკროორგანიზმები:

გ.ა) მიკროორგანიზმების მრავალფეროვნება, მათი საარსებო გარემო და ცხოველმოქმედე­ბის შედეგები. მიკროორგანიზმების გამოყენება (მაგ., საკვები პროდუქტების წარმოებაში), დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები.

დ) მცენარეები:

დ.ა) მცენარეთა მრავალფეროვნება. ყვავილოვან მცენარეთა აგებულება, ძირითადი ორგანოები, მათი დანიშნულება და სახეცვლილებები. მცენარეთა გამრავლება-გავრცელება. ფოტოსინთეზის არსი და მნიშვნელობა.

ე) ცხოველები:

ე.ა) უხერხემლო და ხერხემლიანი ცხოველების მრავალფეროვნება და ცხოვრების ნირი.

სასიცოცხლო ციკლის სტადიები მწერებში, თევზებსა და ამფიბიებში. ხერხემლიან ცხოველთა ორგანოები და ორგანოთა სისტემების ზოგადი დახასიათება და ფუნქციები.

ხერხემლიან ცხოველთა კლასების შედარებითი დახასიათება და გამრავლების თავისებურებები.

ვ) ადამიანი:

ვ.ა) აგებულება. ორგანოები და ორგანოთა სისტემების ზოგადი დახასიათება და ფუნქციები. სასიცოცხლო საჭიროებები. პირადი ჰიგიენა.

ზ) ცოცხალ ორგანიზმთა შეგუება გარემოსთან:

ზ.ა) სტრუქტურული და ქცევითი შეგუების სახეები და მათი მნიშვნელობა. გადაშენებული ორგანიზმები, ორგანიზმთა გადაშენების მიზეზები.

თ) ეკოსისტემები:

თ.ა) ეკოსისტემა: კომპონენტები (ბიოტური, აბიოტური) და მოქმედი ფაქტორები (ანთროპოგენური). საქართველოს ტიპობრივი ეკოსი­სტემები. საქართველოში გავრცელებული სახეობები.

ი) კვებითი კავშირები:

ი.ა) ორგანიზმების ურთიერთკავშირი ეკოსისტემაში: პროდუცენტები, კონსუმენტები, რედუცენტები. კვებითი ჯაჭვები.

კ) მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტები და მათი ნაწილები:

კ.ა) დედამიწის ფორმა და სიდიდე, ხმელეთი და წყალი (კონტინენტები და ოკეანეები); რელიეფის მნიშვნელოვანი ფორმები (მთა, მთათა სისტემა, ქედი, ზეგანი, ბორცვი, ვაკე, დაბლობი, ქვაბული და სხვ.). ჰიდროსფეროს შემადგენელი ნაწილები (ოკეანე, ზღვა, ტბა, მდინარე, და სხვ.) და მათი გამოყენება. სასმელი წყლის რესურსები (ჭა, წყარო, წყალსაცავი, მიწისქვეშა წყალი), მათი გამოყენება და დაცვა. გეოგრაფიული ობიექტების მახასიათებლები (ფორმა, სიმაღლე, სიღრმე, ჩქარი, მდორე, ციცაბო, დამრეცი და სხვ.), მათი შედარება და სეზონური ცვლილება. ნიადაგი და მისი თვისებები (ფერი, გამტარიანობა); დასახლებული პუნქტები (ქალაქი, დედაქალაქი, დაბა, სოფელი), სამხარეო ცენტრები. მსოფლიოსა და საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების ნომენკლატურა.

ლ) დედამიწაზე გავრცელებული ბუნებრივი ზონები – ბიომები:

ლ.ა) წვიმიანი ტყეები, ნათელი ტყეები, ველები (სტეპები, პამპასები, პრერიები), უდაბნო, ნახევარუდაბნო, ზომიერი სარტყლის ტყეები, ტაიგა, ტუნდრა, მუდმივი გამყინვარების ზონა.

მ) ბუნებრივი რესურსები:

მ.ა) ბუნებრივი რესურსების კლასიფიკაცია; ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.

ნ) ბუნებრივი მოვლენები, გარემოს ცვლილება:

ნ.ა) ეროზია და გამოფიტვა; ბუნებრივი ბარიერები; სტიქიური მოვლენები (ვულკანი, მიწისძვრა, წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი და სხვ); ბუნებრივი და ხელოვნური გარემო.

ო) სივრცეში ორიენტაცია:

ო.ა) გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სასწავლო რუკები, ატლასი); რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები, პირობითი ნიშნები); რუკაზე ობიქტების, მოვლენებისა და პროცესების გამოსახვის ხერხები,ჰორიზონტის მხარეები; ადგილის გაგნება, კომპასი, მასშტაბი. საკოორდინატო ბადე, ეკვატორი, ტროპიკები და პოლარული წრეები, გეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგება. ძველი ხალხების წარმოდგენები დედამიწის შესახებ; გეოგრაფიულ აღმოჩენათა მნიშვნელობა და შედეგები.

პ) პერიოდული მოვლენები და ამინდი:

პ.ა) დედამიწის ბრუნვა ღერძისა და მზის გარშემო და მისი შედეგები – დღე-ღამის ცვლა. წელიწადის დროები; სეზონური რიტმიკა. სითბოს და სინათლის განაწილება დედამიწაზე, ამინდის კომპონენტები (ჰაერის ტემპერატურა, ნალექები, ქარი, ჭექა-ქუხილი და ელვა) და პროგნოზი; მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების პრინციპი; ამინდისა და კლიმატის განსხვავება, ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში სეზონების არათანაბარი ცვლა, სითბური სარტყლები.

ჟ) კოსმოსური სხეულები და ასტრონომიული მოვლენები:

ჟ.ა) პლანეტები და მათი თანამგზავრები, ვარსკვლავები, კომეტები, ასტეროიდები, მეტეორები, მეტეორიტები, გალაქტიკა; დედამიწის, მთვარისა და პლანეტების მოძრაობა და მოძრაობის მოდელები; მზისა და მთვარის დაბნელება; ძველი ხალხების წარმოდგენები კოსმოსის შესახებ; კოსმოსის შესწავლის ისტორია და ტექნიკის განვითარება.

რ) ძირითადი ფიზიკური სიდიდეები:

რ.ა) დრო, სიგრძე, სიჩქარე, ფართობი, მოცულობა, მასა, სიმკვრივე, ტემპერატურა, ძალა. მათი განზომილებები, გაზომვა და გამოყენება.

ს) ენერგია:

ს.ა) ენერგიის სახეები – მექანიკური, სინათლის, სითბური, ელექტრული ენერგია; ენერგიის განახლებადი და არაგანახლებადი წყაროები, მათი გამოყენება. სით­ბოს და სინათლის ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები.

ტ) ნივთიერება, აგრეგატული მდგომარეობები, სითბური მოვლენები:

ტ.ა) ნივთიერებათა ფიზიკური თვისებები (ფერი, სუნი, გემო, აგრეგატული მდგომარეობა, სიმკვრივე).

ატომი და მოლეკულა, როგორც ნივთიერების შემადგენელი უმცირესი ნაწილაკები.

დიფუზია, სითბური მოძრაობა.

ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობები, ერთი აგრეგატული მდგომარეობი­დან მეორეში გადასვლა: გამყარება-დნობა; აორთქლება-კონდენსაცია, სუბლიმაცია და დუღილი.

მყარ, თხევად და აირად ნივთიერებათა სითბური გაფართოების მოვლენა, წყლის თავისებურებები.

ჰაერის შედგენილობა და თვისებები..

ნივთიერებათა ცვლილებები (აგრეგატული მდგომარეობის შეცვლა, წვა, ჰაერზე ჟანგვა) და მათი გამომწვევი მიზეზები.

ნივ­თიერება და ნარევები. ნარევის კომპონენტებად დაყოფის ელემენტარული მეთოდები.

უ) მასალები და მათი თვისებები:

უ.ა) მასალა და ნედლეული. ბუნებრივი და ხელოვნური მასალები; ფართოდ გამოყენებული მასალების თვისებები (ფერი, თბოგამტარობა, დრეკადობა, გამჭირვალობა და სხვ.), მათი გამოყენება. თბოგამტარები და თბოიზოლატორები.

ფ) სხეულთა მოძრაობა და ურთიერთქმედება:

ფ.ა) მოძრაობის სახეები (წრფივი, მრუდწირული, რხევითი, ბრუნვითი). ტრაექტორია და გადაადგილება. წრფივი თანაბარი მოძრაობის სიჩქარე და მისი გამოთვლა. მსოფლიო მიზიდულობის კანონი. სიმძიმის ცენტრი, წონასწორობა და მისი სახეები. მარტივ მექანიზმების (ბერ­კეტი, პინებიანი სასწორი) მოქმედების პრინციპები. სხეულთა ურთიერთქმედება, ძალის ცნება. სიმძიმის, ხახუნის, დრეკადობის ძა­ლები, მათი მაგალითები და გამოყენება.

ქ) მექანიკური რხევები და ტალღები:

ქ.ა) ბგერის ტალღოვანი ბუნება.

ბგერა, ბგერის წყაროები, ბგერის წარმოქმნა, გავრცელება და აღქმა; ბგერითი სიგნალების გადაცემა და მიღება ორგანიზმებში; სმენის ორგანოები; ექოს წარმოქმნა. ხმამაღლობა, ტონის სიმაღლე. ულტრაბგერებისა და ინფრაბგერების გამოყენების მაგალითები ცოცხალ ორგანიზმებში.

ღ) სინათლე:

ღ.ა) სინათლის გავრცელების, არეკვლისა და გარდატეხის მოვლენები.

ყ) ელექტრული დენი:

ყ.ა) ელექტროგამტარები და იზოლატორები.

დენის წყაროები, მუდმივი და ცვალებადი დენი.

ძაბვა, დენის ძალა და წინაღობა. ომის კანონი წრედის უბნისათვის.

მარტივი ელექტრული წრედები. პარალელური და მიმდევრობითი შეერთება.

ელექტრული ენერგიის გადაცემის გზები.

შ) მაგნიტი:

შ.ა) მაგნიტი, მაგნიტური პოლუსები, მაგნიტების ურთიერთქმედება და გამოყენება.

ჩ) გარემოს დაცვა:

ჩ.ა) მდგრადი განვითარების პრინციპები (გარემოს დაცვა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად, საზოგადოების ეკონომიკური ინტერესების შესაბამისად, მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით); ადამიანის ზემოქმედება ბუნებაზე (დადებითი და უარყოფითი შედეგები); დაცული ტერიტორიები და მათი შექმნის აუცილებლობა; წითელი წიგნი; ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენება (ხეების ჭრა, ბრაკონიერობა).

ც) ჯანმრთელობა, პირადი ჰიგიენა, უსაფრთხოება:

ც.ა) ჯანსაღი ცხოვრების წესი (კვება, დასვენება, სპორტი, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის წესების დაცვა). ჯანმრთელობისათვის საზიანო ფაქტორები და მათგან დაცვის წესები, შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.მავნე ჩვევების (ნიკოტინის, ნარკოტოკის, ალკოჰოლის მოხმარება) გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. უსაფრთხო ქცევის წესები (სახლში, ქუჩაში, სკოლაში, ლაშქრობაზე), გადაუდებელი დახმარების ორგანიზაციები და მათთან დაკავშირების საშუალებები.

    მუხლი 201. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სწავლების მეთოდები ბუნებისმეტყველებაში.

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:

ა) ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, მოსწავლეებში ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა:

ა.ა) აზროვნება, სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, ფანტაზია,

შემოქმედებითობა, გარემოსდაცვითი ცნობიერება.

ბ) მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა:

ბ.ა) თვითგამოხატვა, ქცევის შეფასება და თანამშრომლობა, გარემოზე ზრუნვა და პასუხისმგებლობა.

გ) მოსწავლეებში ფიზიკური უნარების განვითარება და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაუფლება.

დ) მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება; ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარის განვითარება.

ე) მოსწავლეებში გარემოზე დაკვირვების, ბუნებრივი მოვლენებისა და პროცესების აღწერის, მარტივი მოდელების შექმნისა და დემონსტრირების, საზომი ხელსაწყოების გამოყენების,

ვ) მონაცემთა აღრიცხვის, ორგანიზებისა და ინტერპრეტაციის უნარის ჩამოყალიბება- განვითარება.

ზ) განვითარებისა და სწავლების თეორიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილების დაგეგმვისას ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.

თ) აქტივობების ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით ( კეთებით სწავლა, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენება, პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერებების დადგენა).

ი) სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა და რესურსების ისე შერჩევა, რაც გაადვილებს სასწავლო მასალის აღქმას, გაააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებას და აღუძრავს მათ სწავლის სურვილს.

კ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი სავარჯიშოების, აქტივობების და სწავლების ორგანიზაციის სათანადო ფორმების (ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით) ადეკვატური შერჩევა და გამოყენება.

ლ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლის ინტერესისა და მიდრეკილებების გამოვლენა და სათანადო სტრატეგიების დაგეგმვა მათი განვითარების ხელშესაწყობად.

2. მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:

ა) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების განვითარებას და ეთიკურ ღირებულებათა ჩამოყალიბებას;

ბ) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ხელი შეეწყოს მოსწავლეებში უსაფრთხოების წესების დაცვის ჩვევების გამომუშავებას;

გ) სხვადასხვა აქტივობის დროს ისეთი გარემოს შექმნა, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეთათვის მისაბაძი მაგალითია გარემოზე ზრუნვის, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის ჩვევების გამომუშავებისათვის;

დ) გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეების ოჯახური, სოციალური, ფიზიკური და კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინება და კორექტულად მოქმედება;

ე) მრავალფეროვანი მეთოდებისა და ადეკვატური თავლსაჩინოებების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესის იმგავრად წარმართვა, რომელიც აღძრავს მოსწავლეებში ინტერესს საბუნებისმეტყველო საგნის მიმართ, მისცემს მათ თვითგამოხატვისა და არჩევანის გაკეთების საშუალებას;

ვ) განვითარებისა და სწავლების თეორიების გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილების წარმართვისას მოსწავლეთა სწავლისადმი ნებელობითი ქცევის უნარის ჩამოყალიბებისათვის;

ზ) სასწავლო მიზნის მისაღწევად, გამომდინარე საბუნებისმეტყველო საგნის სპეციფიკიდან, დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციისა და უსაფრთხოების წესების მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;

თ) პრაქტიკული სამუშაოების (სადემონსტრაციო ცდა, ექსპერიმენტი, რუკაზე მუშაობა, საველე სამუშაოები და სხვ.) მიმდინარეობის ეტაპების გამოყოფა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს საქმიანობის დაგეგმვის, გეგმის მიხედვით მოქმედებისა და მისი ბოლომდე მიყვანის ჩვევა;

ი) საბუნებისმეტყველო საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის თავისებურებების გათვალისწინება, მოსწავლეებში რეფლექსიის უნარის განვითარების ხელშეწყობა;

კ) გარემოს შესახებ მოსწავლის ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინება და მისთვის ხელის შეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;

ლ) სწავლებისას საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით, რათა ხელი შეეწყოს საბუნებისმეტყველო ტერმინების მარაგის ეტაპობრივ და თანამიმდევრულ გამდიდრებას.

3. მასწავლებელს შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:

ა) მოსწავლის ნამუშევრის ანალიზის საფუძველზე ასაკისათვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების ამოცნობა და მომავალი სამუშაოს დაგეგმვა შედეგის გაუმჯობესების მიზნით;

ბ) მოსწავლის თვითშეფასების გამოყენება მოტივაციის ასამაღლებლად და სწავლის უნარ-ჩვევების გასავითარებლად;

გ) კორექტული შეფასების მეშვეობით მოსწავლის მიერ საკუთარი შეცდომისადმი ობიექტური დამოკიდებულების ჩამოყალიბება (რათა იგი ჩაწვდეს შეცდომის არსს და ამასთანავე გააცნობიეროს, რომ შეცდომას ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ მათი გამოსწორება შესაძლებელია დამოუკიდებლად ან მასწავლებლის დახმარებით) და კორექტირების უნარის განვითარება (რათა მან გაითავისოს, რომ შეცდომა ბიძგს აძლევს ძიებას, პრობლემის გადაჭრის ახალი გზების აღმოჩენას);

დ) შეფასების მეშვეობით მოსწავლისათვის წარმატების გრძნობის გაღვივება და ხელშეწყობა პოზიტიური და ობიექტური პიროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბებაში;

ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული და ობიექტური კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენება;

ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;

ზ) შეფასების სხვადასხვა მეთოდების (განმავითარებელი, განმსაზღვრელი) ერთმანეთისგან ფუნქციურად გამიჯვნა და თითოეულის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

თ) საბუნებისმეტყველო მეცნიერების სპეციფიკიდან გამომდინარე, დავალებებისა და აქტივობების შეფასების სათანადო კრიტერიუმების შემუშავება, მათი წონის განსაზღვრა და დონეების გამოყოფა;

ი) მოსწავლეებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სპეციფიკური უნარ-ჩვევების განვითარებისათვის შეფასების ადეკვატურად გამოყენება.

დ) VIII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი VIII

დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი საზოგადოებრივ მეცნიერებებში („ჩვენი საქართველო”)

    მუხლი 21. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში

ა) მიმართულება: ისტორიულ-გეოგრაფიული ცნებებისა და ინფორმაციის გააზრება-გამოყენება

ა.ა) გეოქრონოლოგიური და ქრონოლოგიური ერთეულებისა (ერა, პერიოდი, წელიწადი, საუკუნე, ათასწლეული) და წელთაღრიცხვის სისტემის გამოყენება; ისტორიამდელი და ისტორიული მოვლენების შესაბამის ეპოქებთან დაკავშირება;

საქართველოსა და მსოფლიოს პოლიტიკურ, ფიზიკურ და ისტორიულ რუკაზე ადგილების, მოვლენებისა და პროცესების ამოცნობა, საჭიროებისამებრ გამოყენება და მარტივი ანალოგის შექმნა;

ბ) მიმართულება: ისტორიულ-გეოგრაფიული კვლევა

ბ.ბ) წარსულისა და თანამედროვეობის ამსახველი, სხვადასხვა საშუალებით მოცემული ისტორიულ-გეოგრაფიული ინფორმაციის შესახებ მსჯელობა (მაგ.: სახელმძღვანელოს ტექსტი და სხვა წერილობითი მასალა, ილუსტრაციები, ღია ბარათები, ფოტოები, დიაგრამები, რუკები, კინოფილმები და სხვ.), ისტორიულ-გეოგრაფიული წყაროების ანალიზი და მათ ტენდენციურობაზე მსჯელობა (გააზრებული აქვს, რომ სხვადასხვა წყარო ერთსა და იმავე მოვლენაზე ხშირად განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის; ასახელებს იმ ფაქტორებს, რომლებმაც განაპირობა ამა თუ იმ კონკრეტული წყაროს ტენდენციურობა);

ისტორიულ და გეოგრაფიულ თემატიკაზე კითხვების დასმა და ასეთსავე კითხვებზე პასუხის გაცემა, სხვადასხვა ისტორიული და გეოგრაფიული წყაროს საშუალებით საჭირო ინფორმაციის მოპოვება; ისტორიულ-გეოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა; მარტივი ისტორიული და გეოგრაფიული კვლევის დაგეგმვა და ჩატარება;

გ) მიმართულება: ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების შეფასება

გ.ა) ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე დასაბუთებული მსჯელობა, არგუმენტების შესაბამისობის დადგენა; ისტორიულ-გეოგრაფიული მოვლენებისა და პროცესების შეფასებისათვის კრიტერიუმების განსაზღვრა და მათ შესაბამისად საკუთარი აზრის ჩამოყალიბება.

დ) მიმართულება: კომუნიკაცია

დ.ა) ისტორიული და გეოგრაფიული ტერმინების საჭიროებისამებრ ადეკვატურად გამოყენება; ისტორიული და გეოგრაფიული ტერმინების მოსწავლეთათვის ნაცნობი ცნებებითა და სიმბოლოებით ახსნა-განმარტება როგორც ზეპირად, ისე წერილობით; ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე მსჯელობისას კავშირების დამყარება მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან და შესაბამის სასწავლო საგნებთან; ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხებზე აღწერილობითი თემის დაწერა; ისტორიულ-გეოგრაფიული საკომუნიკაციო მარტივი საშუალებების გამოყენება და შექმნა (მაგ., მარტივი რუკის ან ქრონოგრამის შექმნა). სხვადასხვა საშუალებით მოცემული ისტორიულ-გეოგრაფიული ინფორმაციის მოსწავლეთათვის გასაგებ ფორმატში წარმოჩენა (მაგ.: რუკაზე მოცემული ინფორმაციის ცხრილის ან სქემის სახით გამოსახვა).

    მუხლი 22. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში

დაწყებითი საფეხურის მასწავლებელმა ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში იცის:

ა) ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის საგანი:

ა.ა) გეოქრონოლოგია (ჰიდროსფეროს, ატმოსფეროს, კონტინენტებისა და სიცოცხლის წარმოშობა), შესაბამისი დროის ერთეულები და პერიოდიზაცია; ისტორიული დროის ერთეულები: წელი, საუკუნე, ათასწლეული, წელთაღრიცხვის სისტემა; კალენდარი და დროის აღრიცხვის სისტემა;

ა.ბ) გლობუსი, ადგილის გეგმა, რუკა (სხვადასხვა ტიპის სასწავლო რუკები, ატლასები) და სხვა გეოგრაფიული საშუალებები; ჰორიზონტის მხარეები, ადგილის გაგნება, კომპასი; მასშტაბი, რუკაზე გამოსახული ობიექტების, მოვლენებისა და პროცესების გამოსახვითი ხერხები, რუკის ლეგენდა (გამოყენებული სიმბოლოები);

ა.გ) ფიზიკური, ეკონომიკური, პოლიტიკური მდებარეობა, საზღვრების მნიშვნელობა. საქართველოს ბუნებრივი საზღვრები;

ა.დ) საქართველოს ადმინისტრაციული მოწყობა: მხარეები, მნიშვნელოვანი ქალაქები;

ა.ე) საქართველოს ძირითადი ოროგრაფიული და ჰიდროგრაფიული ერთეულები; საქართველოს კლიმატი; ბუნებრივი რესურსები; საქართველოს ფლორა და ფაუნა; ბუნების დაცვა საქართველოში;

ა.ვ) დედამიწის ბრუნვა ღერძისა და მზის გარშემო და მისი შედეგები: დღე-ღამის ცვლა; წელიწადის დროების ცვლა;

ა.ზ) სითბოსა და სინათლის განაწილება დედამიწაზე; ამინდის პროგნოზი; მეტეოროლოგიური ხელსაწყოების გამოყენების პრინციპი; ამინდისა და კლიმატის განსხვავება; ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროებში სეზონების უთანაბრო ცვლა;

ა.თ) სითბური სარტყელები; კლიმატის გავლენა ადამიანის ყოფაზე;

ა.ი) კონტინენტებისა და ოკეანეების მდებარეობა, ფართობი, სახასიათო ბუნება (ზონები, მცენარეულობა, ცხოველთა სამყარო), ძირითადი მთიანეთები, მდინარეები, ტბები, მოსახლეობა, ძირითადი ქვეყნები და ქალაქები;

ა.კ) ისტორიული პერიოდიზაცია (ქვის ხანა, ადრე ბრინჯაოს ხანა, შუა ბრინჯაოს ხანა, გვიან ბრინჯაოს-ადრე რკინის ხანა, ანტიკური ეპოქა, შუა საუკუნეები, ახალი და უახლესი პერიოდები);

ა.ლ) ბრინჯაოს ხანა საქართველოში (მტკვარ-არაქსის და თრიალეთის კულტურები);

ა.მ) უძველესი რელიგიური წარმოდგენები საქართველოში;

ა.ნ) სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები საქართველოში (დიაოხი, კოლხა);

ა. ო) კოლხეთი და ბერძნული კოლონიზაცია;

ა.პ) ქართლის სამეფოს შექმნა;

ა.ჟ) რომი და საქართველო (პომპეუსის ლაშქრობა, ფარსმან I, ფარსმან II ქველი);

ა.რ) საქართველო IV-VIII სს-ში (ქრიასტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლში, ვახტანგ გორგასალი, ქართლის სამეფოს სახელმწიფო მმართველობის სისტემა, ეგრისის სამეფო ბიზანტია-ირანის დაპირისპირებაში V-VI სს-ში, სახელმწიფოებრიობის გაუქმება და აღდგენა VI ს-ის ქართლში, არაბების გამოჩენა – ჰაბიბ იბნ-მასლამას დაცვის სიგელი, მურვან ყრუს შემოსევა, IV-VIII სს. საქართველოს კულტურა);

ა.ს) საქართველო IX-XI სს-ში (სამეფო-სამთავროების წარმოქმნა VIII ს. ბოლოს და IX ს-ის დასაწყისში, , სამონასტრო მშენებლობა ტაო-კლარჯეთში, დავით III კურაპალატი);

ა.ტ) საქართველო XI-XIII ს-ის I მეოთხედში (ბაგრატ III, გიორგი I, ბაგრატ IV, დავით IV აღმაშენებელი, მისი რეფორმები, დემეტრე I, გიორგი III, თამარ მეფე, ლაშა გიორგი, მმართველობის სისტემა, სოციალური ფენები, კულტურა და განათლება);

ა.უ) საქართველო XIII-XV სს-ში (ჯალალედინის შემოსევა, მონღოლების გამოჩენა, ორმეფობა, დემეტრე თავდადებული, გიორგი V ბრწყინვალე, თემურ-ლენგის შემოსევები, ალექსანდრე I დიდი, საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად);

ა.ფ) საქართველო XVI-XVIII სს-ში (ქართლის სამეფო – ლუარსაბ I და სვიმონ I, კახეთი XVI ს-ში, ამასიის ზავი, შაჰ აბასი და საქართველო, ვახტანგ VI, თეიმურაზ II და ერეკლე II, საზოგადოებრივი ფენები, კულტურა და განათლება);

ა.ქ) საქართველო XIX-XX სს-ში (საქართველოს ანექსია რუსეთის მიერ, 1832 წლის შეთქმულება, ბატონყმობის გაუქმება, თერგდალეულები, ქართული კულტურა XIX საუკუნეში, საქართველო 1918-1921 წლებში, საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში – 1924 წლის აჯანყება, 30-იანი წლების რეპრესიები, II მსოფლიო ომი, ეროვნული მოძრაობა უძრაობის პერიოდში, დამოუკიდებლობის აღდგენა, საქართველოს გაწევრიანება გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ევროსაბჭოში, საქართველოს კონსტიტუცია, ეროვნული სიმბოლიკა: დროშა, ჰიმნი, გერბი, ქართული კულტურა XX საუკუნეში).

    მუხლი 221. დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის სწავლების მეთოდები საქართველოს ისტორიაში, საქართველოს გეოგრაფიასა და სხვა საზოგადოებრივ მეცნიერებებში

1. შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვა მოსწავლის ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:

ა) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში საგნისათვის დამახასიათებელი ისეთი ღირებულებების განვითარება, როგორებიცაა: პატიოსნება, პატივისცემა, კაცთმოყვარეობა, შრომისმოყვარეობა, პატრიოტიზმი;

ბ) ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებით, დაისახოს საგაკვეთილო მიზნად ისეთი შემეცნებითი უნარების განვითარება, როგორებიცაა: სივრცითი და დროითი მიმართებების დაუფლება, ქრონოლოგიური აზროვნება, ისტორიულ-გეოგრაფიულ მოვლენებსა და პროცესებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, შემოქმედებითობა;

გ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში ისეთი სოციალური უნარების განვითარება, როგორებიცაა: თვითგამოხატვა, თანაგრძნობა, თვითკონტროლი, პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა;

დ) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლისთვის ისეთი ფიზიკური უნარების განვითარება, როგორიცაა სივრცეში ორიენტაცია;

ე) საგაკვეთილო მიზნად დაისახოს მოსწავლეებში კომუნიკაციური უნარების განვითარება; წერისა და კითხვის სტრატეგიების დაუფლება; ზეპირი მეტყველებისა და მოსმენის უნარების განვითარება;

ვ) ისეთი აქტივობების შერჩევა, რომლებიც შეესაბამება დასახულ მიზანს და ითვალისწინებს უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა საზოგადოებრივი ურთიერთობების გამოცდილებას;

ზ) აქტივობის ისე შერჩევა, რომ მოსწავლემ შეძლოს ცნებებისა და მიმართებების ათვისება მანიპულირების საშუალებით (კეთებით სწავლა, პრობლემის გადაჭრა, კანონზომიერების დადგენა, პირად გამოცდილებასთან დაკავშირება);

თ) სასწავლო გარემოს იმგვარად მოწყობა, სასწავლო მასალისა და რესურსების ისე შერჩევა, რაც გაადვილებს სასწავლო მასალის აღქმას, გააქტიურებს მოსწავლეთა ყურადღებას და აღუძრავს მათ სწავლის სურვილს;

ი) საზოგადოებრივი მეცნიერებების მიმართ მოსწავლის მიდრეკილებებისა და ნიჭის გამოვლენა, სათანადო სტრატეგიების დაგეგმვა თითოეულის განსავითარებლად;

კ) საგაკვეთილო მიზნების მისაღწევად სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარების შესაბამისი სწავლების ორგანიზების ფორმების შერჩევა: ჯგუფური, წყვილური, ინდივიდუალური, მთელი კლასის მონაწილეობით მუშაობა;

2. მასწავლებელს შეუძლია შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული საგაკვეთილო პროცესის წარმართვა ფიზიკური, სოციალურ-ემოციური, შემეცნებითი და კომუნიკაციური სფეროების თავისებურებათა გათვალისწინებით:

ა) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა სოციალური გამოცდილების გათვალისწინება, მოსწავლეთათვის ხელშეწყობა ახალი სოციალური როლის მისაღებად;

ბ) საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას, მათ სოციალიზაციას და ეთიკური ღირებულებების ჩამოყალიბებას;

გ) მრავალფეროვანი აქტივობების გამოყენება, რომლებიც გააიოლებს მოსწავლეთა სასკოლო გარემოსა და რეჟიმთან ადაპტაციას, წესების შემუშავების, გაზიარებისა და დაცვის ჩვევის გამომუშავებას;

დ) სხვადასხვა აქტივობის დროს ისეთი პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობას;

ე) გაკვეთილის წარმართვისას მოსწავლეების ოჯახური, სოციალური, ფიზიკური და კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინება და კორექტულად მოქმედება;

ზ) საგაკვეთილო პროცესის წარმართვისას, მრავალფეროვანი მეთოდებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებით, მოსწავლის ინტერესის აღძვრა საკუთარი ქვეყნის უკეთ შესასწავლად;

თ) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ნაკლებად დამოუკიდებლობის გათვალისწინება და მათი ნებელობითი ქცევის უნარის განვითარებისთვის ხელშეწყობა;

ი) მოსწავლეებში კლასის, სკოლისა და საზოგადოებრივი წესების დაცვის უნარის გამომუშავება. წესების მარტივი ენითა და პოზიტიური ფორმით ჩამოყალიბება, მოსწავლეთა ქცევის თანმიმდევრული კონტროლი;

კ) სასწავლო მიზნის მისაღწევად დაგეგმილი აქტივობების ინსტრუქციის, ქცევის წესების მკაფიოდ და გასაგები ენით ჩამოყალიბება;

ლ) ხანგრძლივი აქტივობის მიმდინარეობის ეტაპების/პერიოდების გამოყოფა და განხორციელების გაკონტროლება-აღრიცხვა, დასრულების ფაზის გამოკვეთა, რათა მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს დროის კონტროლის, საქმის ბოლომდე მიყვანის და გეგმის მიხედვით მოქმედების ჩვევა;

მ) მოსწავლეებში დაგეგმვის უნარის განვითარება მარტივი სიტუაციური ამოცანების დასახვითა და გადაჭრის გზების ერთობლივი ძიებით;

ნ) ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას, მისცემს თვითგამოხატვის, არჩევანის გაკეთებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის გაზიარების საშუალებას;

ო) აქტივობების წარმართვისას უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა სოციალური გამოცდილების გათვალისწინებით მათში რეფლექსიის უნარის განვითარების ხელშეწყობა;

პ) მოსწავლის პირადი სოციალური გამოცდილების გათვალისწინება და მისთვის ხელის შეწყობა ამ გამოცდილების საფუძველზე ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების თანდათანობით აგებაში;

ჟ) სწავლებისას საგნის სპეციფიკური ტერმინების მიწოდება მოსწავლის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით (ტემპი, რაოდენობა), რათა ხელი შეეწყოს ისტორიულ-გეოგრაფიული ტერმინების მარაგის ეტაპობრივ და თანმიმდევრულ გამდიდრებას;

3. მასწავლებელს შეუძლია შეფასების მრავალფეროვანი ხერხების გამოყენება შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად:

ა) თითოეული მოსწავლის ნამუშევრების ანალიზის საფუძველზე ასაკისთვის დამახასიათებელი ტიპური შეცდომების ამოცნობა და, შესაბამისად, სასწავლო მეთოდების, რესურსებისა და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება შედეგების გასაუმჯობესებლად;

ბ) მოსწავლეთა თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების გამოყენება სასწავლო მოტივაციის ასამაღლებლად და სწავლის უნარ-ჩვევების განსავითარებლად;

გ) კორექტული შეფასების მეშვეობით მოსწავლის მიერ საკუთარი შეცდომის აღმოჩენის, მისდამი ადეკვატური დამოკიდებულების, შესწორებისა და ამ პროცესში თანამშრომლობის უნარის განვითარება;

დ) კეთილგანწყობილი შეფასების მეშვეობით მოსწავლისთვის წარმატების გრძნობის გაღვივება და ხელშეწყობა ობიექტური პიროვნული თვითშეფასების ჩამოყალიბებაში;

ე) გარკვეული სასწავლო ეტაპის შეფასებისას თითოეული მოსწავლის დახასიათების დაწერა, კორექტული და პოზიტიური კომენტარებისა და რეკომენდაციების გამოყენებით;

ვ) მრავალჯერადი შეფასების შედეგების გაანალიზების საფუძველზე მოსწავლის პროგრესის/რეგრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა და შემდგომი სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მათი გათვალისწინება;

ზ) განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ერთმანეთისგან ფუნქციურად გამიჯვნა და თითოეულის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;

თ) მოსწავლეებში განსავითარებელი სოციალური კომპეტენციებიდან (ღირებულებები, ცოდნა და უნარ-ჩვევები) გამომდინარე, დავალებებისა და აქტივობების შეფასების სათანადო კრიტერიუმების შემუშავება, მათი წონის განსაზღვრა და დონეების გამოყოფა.

ე) XII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XII

ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე

    მუხლი 29. ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებლის უნარ-ჩვევები დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე

ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელს დაწყებით, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე შეუძლია:

ა) მიმართულება მოსმენა

ა.ა) კომპლექსური თემების შემცველი ზეპირი მოხსენებების, გამოსვლების, დისკუსიების, დებატების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ.: პრობლემატიკის, ძირითადი საკითხების, არგუმენტების გამოკვეთა, მთავარი და არამთავარი საკითხების, ვარაუდების და ფაქტების ერთმანეთისგან გამიჯვნა, ტექსტის ნაწილებს შორის არსებული ლოგიკური ურთიერთმიმართებების დადგენა, მოსაუბრეთა ისეთი აზრების, დამოკიდებულებებისა და ემოციების ამოცნობა, რომლებიც არ არის ექსპლიციტურად გამოხატული და სხვა);

ა.ბ) ზეპირი ტექსტების ძირითადი ენობრივ-სტილური მახასიათებლების გაგება (მაგ.: ხატოვანი გამონათქვამების, ფრაზეოლოგიზმების, იდიომატური გამოთქმების, სახე-სიმბოლოების გაგება; მსჯელობისათვის დამახასიათებელი პირობით-შედეგობითი კონსტრუქციების, სუბიექტური დამოკიდებულების გამომხატველი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების – განკერძოებული სიტყვებისა და გამოთქმების ამოცნობა, სხვადასხვა სტილისათვის დამახასიათებელი სინტაქსური სტრუქტურების, ენობრივი ფორმულებისა და კლიშეების ამოცნობა და სხვა).

ა.გ) ტექსტის შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად მოსმენის სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: ჩანაწერების ტექნიკის გამოყენება ინფორმაციის დასახარისხებლად; ვერბალური და არავერბალური სიგნალების – ინტონაცია, მიმიკა-ჟესტიკულაცია, ლოგიკური მახვილები, ხმის ტემბრი და სიმაღლე – გათვალისწინება; საკვანძო სიტყვების შერჩევა სათანადო ინფორმაციის ამოსაკრეფად და სხვა).

ბ) მიმართულება კითხვა:

ბ.ა) სხვადასხვა ჟანრის, სტილის, მოცულობის, სტრუქტურის მქონე არამხატვრული და მხატვრული ტექსტების გაგება და გაანალიზება შინაარსობრივი თვალსაზრისით (მაგ., ტექსტში ასახული პრობლემატიკის, ძირითადი იდეის, პრობლემის გამომწვევი მიზეზების განსაზღვრა; გადმოცემული თუ ნაგულისხმევი თვალსაზრისების, შეხედულებების გამოკვეთა/გამოყოფა; მთხრობელის/ავტორის/პერსონაჟის ხედვის და ქცევის მოტივის განსაზღვრა და სხვა);

ბ.ბ) მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით (მაგ.: ტექსტის ფუნქციური ტიპის განსაზღვრა; ტექსტის სტრუქტურის შესაბამისობის დადგენა ტექსტის მიზანთან და აუდიტორიასთან; პერსონაჟთა დახასიათების ხერხების ამოცნობა; ტექსტის სტრუქტურული ერთეულების, ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ფუნქციის განსაზღვრა და სხვა);

ბ.გ) ტექსტების გაანალიზება კონტექსტური (კულტურული, სოციალური, ისტორიული) ფაქტორების გათვალისწინებით (მაგ.: ტექსტებში ასახული თემის, იდეის, თვალსაზრისის, პრობლემის განხილვა კონტექსტის თავისებურებათა გათვალისწინებით; სხვადასხვა კონტექსტის ამსახველი ტექსტების მსგავსება-განსხვავებათა გამოვლენა და სხვა);

ბ.დ) შინაარსის აღქმა-გააზრების გასაადვილებლად კითხვის სტრატეგიების გამოყენება. (მაგ. სქემატური ჩანაწერების სხვადასხვა ტექნიკის გამოყენება; გაცნობითი, შესწავლითი, ძიებითი კითხვის ხერხების გამოყენება და სხვა).

გ) მიმართულება წერა:

გ.ა) სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტების (მაგ., განცხადება, მოხსენება, ესე, ნარკვევი, გამოხმაურება, მიმოხილვითი ხასიათის სტატია, რეცენზია) შედგენა. პრობლემურ საკითხებზე საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და დაცვა; აზრის თანამიმდევრულად განვითარება; შეჯამებისას სათანადო ლოგიკური დასკვნების გამოტანა; მნიშვნელოვანი დეტალების დაწვრილებით აღწერა; საკუთარი შთაბეჭდილებების, კრიტიკული დამოკიდებულებების გადმოცემა; ტექსტის ორგანიზების წესის დაცვა; ენობრივი ნორმების დაცვა;

გ.ბ) ტექსტის შეთხზვა, რომელშიც ენობრივი ნორმების დაცვით ხატოვნადაა გადმოცემული/აღწერილი გამოგონილი თუ საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ისტორია.

დ) მიმართულება ზეპირმეტყველება:

დ.ა) აუდიტორიის წინაშე ზეპირი მოხსენებით გამოსვლა; საკუთარი მოსაზრებების მკაფიოდ და ნათლად ჩამოყალიბება; სათანადო არგუმენტების და კონკრეტული მაგალითების მოხმობა საკუთარი მოსაზრების/პოზიციის გასამყარებლად; დასკვნის გაკეთება;

დ.ბ) დისკუსიებში მონაწილეობა და საკუთარი პოზიციის დაცვა; მეტი სიცხადისათვის აზრის პერიფრაზირება, განმარტებების შეტანა; კონტრარგუმენტებზე პასუხის გაცემა;

დ.გ) სიუჟეტების თხრობა, დეტალების დაწვრილებით აღწერა, ნიუანსების გამოკვეთა;

დ.დ) ზეპირმეტყველების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგ.: საკვანძო სიტყვების, გამოთქმების, მოდელების წინასწარ მომზადება; გამოსვლამდე რეპეტიციის გავლა, გამოსვლის გეგმის შედგენა, დისკუსიის მონაწილეთა შესაძლო არგუმენტების გათვალისწინება შესაბამისი პასუხების მოსამზადებლად);

ე) სასწავლო მასალის გაანალიზება;

ე.ა) კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის შექმნილ სხვადასხვა სასწავლო მასალას შორის არჩევანის გაკეთება, საკუთარი არჩევანის დასაბუთება მასალის მეთოდური და შინაარსობრივი თვალსაზრისით გაანალიზების საფუძველზე.

    მუხლი 30. ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებლის პროფესიული ცოდნა დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე

ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელმა დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე იცის:

ა) ქართული ანბანი და მისი ზოგადი დახასიათება:

ა.ა) ქართული ენის ბგერითი შედგენილობა; ბგერა და ასო; მეტყველებასა და წერას შორის შეფარდება. ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპები; ქართულ ასოთა სწორად დაწერილობისა და ასოთა გადაბმის წესები.

ბ) ფონეტიკის საკითხები:

ბ.ა) ბგერათა დახასიათება; სპეციფიკური ბგერები; ძირითადი ფონეტიკური პროცესები: ასიმილაცია, დისიმილაცია, მეტათეზისი, ბგერის დაკარგვა და სხვა; ინტონაცია და მისი ძირითადი ელემენტები: ლოგიკური მახვილი, მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი; პაუზა და მისი აზრობრივი დატვირთვა; ორთოეპიის საკითხები.

გ) გრამატიკა (მორფოლოგია და სინტაქსი):

გ.ა) სახელთა ბრუნება და ბრუნვათა ფუნქციები; მოთხრობითი ბრუნვის საკითხი; თანდებულთა განაწილება ბრუნვების მიხედვით და მათი ფუნქციები; სახელთა წარმოება და მათი ფუნქციები; ზმნისწინთა აგებულება და მათი ფუნქციები; პირისა და რიცხვის გამოხატვა ზმნაში; სუბიექტისა და ობიექტის ბრუნვები ქართულ ენაში; დრო, კილო, ასპექტი; ქცევა და მისი გამოხატვის საშუალებები ქართულში; კონტაქტი, მისი წარმოება და ფუნქცია; გარდამავლობა; გვარის კატეგორია; საწყისი და მიმღეობა, მათი წარმოება და ფუნქციები; ფორმაცვალებადი და ფორმაუცვლელი მეტყველების ნაწილები და მათი ფუნქციები; მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობა; რიცხვში შეთანხმების საკითხები; წინადადება აგებულებისა და შინაარსის მიხედვით; ზმნური კონსტრუქციები და მარტივი წინადადება (ქართული ენის სპეციფიკა – 4-მთავარწევრიანი წინადადება და ზმნის ცენტრალური როლი წინადადებაში);

რთული სინტაქსური კონსტრუქციები; მისათითებელი სიტყვებისა და წევრ-კავშირების როლი რთულ წინადადებაში; ზმნის დრო-კილოთა ფორმების ურთიერთმიმართების საკითხი რთულ წინადადებებში; სხვადასხვა სტილური მეტყველებისათვის დამახასიათებელი სინტაქსური კონსტრუქციები.

დ) ორთოგრაფია:

დ.ა) ორთოგრაფიის ძირითადი ნორმები. სალიტერატურო ენის ნორმები და მათი დაცვა.

ე) პუნქტუაცია:

ე.ა) პუნქტუაციის წესები. პუნქტუაციის ნიშნების სტილური შესაძლებლობები. პუნქტუაცია და ინტონაცია.

ვ) ლექსიკოლოგია:

ვ.ა) სიტყვაწარმოების თავისებურებანი ქართულ ენაში. სინონიმები, ომონიმები, ანტონიმები, დიალექტიზმები, ჟარგონი, არქაიზმები, ნეოლოგიზმები, პროფესიული ლექსიკა; სიტყვათა სესხება; სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ხმარება; სიტყვის კონტექსტური მნიშვნელობა; ფრაზეოლოგიზმები და მყარი შესიტყვებები; ბარბარიზმები; ეტიმოლოგია.

ზ) ენისა და ტექსტის ურთიერთმიმართება:

 ზ.ა) ტექსტისა და მისი კომპონენტების ორგანიზება (თავი, როგორც ტექსტის სტრუქტურული ნაწილი; აბზაცი, როგორც ტექსტის კომპოზიციური ერთეული); ტექსტის შემადგენელ კომპონენტთა სემანტიკური და სტრუქტურული ურთიერთდაკავშირების საშუალებანი (კავშირები, ნაცვალსახელები და ზმნიზედები, ლექსიკური განმეორება, სინონიმური ჩანაცვლება, ზმნა-შემასმენელთა ურთიერთმიმართება დროის, კილოსა და ასპექტის მიხედვით);

ზ.ბ) მეტყველების ტიპების კლასიფიკაცია აგებულების მიხედვით (პირველი, მეორე, მესამე პირის მეტყველება და მისი გამოყენების სფეროები და თავისებურება);

ზ.გ) ტექსტების კლასიფიკაცია სხვისი ნათქვამის გადმოცემისა (ირიბი ნათქვამი, პირდაპირი ნათქვამი) და საუბარში მეტყველების მონაწილეთა რაოდენობის (მონოლოგი, დიალოგი, პოლილოგი) მიხედვით;

ზ.დ) მეტყველების ფუნქციური ტიპები (აღწერა, თხრობა, მსჯელობა), მათი სტრუქტურული და სტილური თავისებურებანი;

ზ.ე) ტექსტების ფუნქციურ-სტილური ტიპოლოგია (სასაუბრო, სამეცნიერო, ოფიციალურ-საქმიანი, მხატვრული, პუბლიცისტური);

თ) მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა:

თ.ა) მხატვრული ტექსტის ელემენტები: მხატვრული ტექსტის ბგერითი ორგანიზაცია; რითმის სახეები და გარითმვის ხერხები; მხატვრული ნაწარმოების ინტონაციური ანალიზი და გამომეტყველებითი კითხვა; ტროპული მეტყველება (ეპითეტი, მეტაფორა, ირონია, გაპიროვნება და სხვა); სტილური და სინტაქსური ფიგურები (განმეორება, პარალელიზმი და სხვა);

ი) ქართული ლიტერატურა და მისი ძირითადი ეტაპები:

ი.ა) ძველი ქართული მწერლობა – სასულიერო მწერლობა (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია), კლასიკური პერიოდის მწერლობა, აღორძინების პერიოდის მწერლობა;

ი.ბ) ახალი ქართული მწერლობა – XIX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: რეალიზმი, რომანტიზმი;

ი.გ) უახლესი ქართული მწერლობა XX საუკუნის მწერლობა და ამ პერიოდის ძირითადი ლიტერატურული მიმდინარეობანი: სიმბოლოზმი, ფუტურიზმი, იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, პოსტმოდერნიზმი;

ი.დ) განსაკუთრებული მხატვრულ-ესთეტიკური და იდეური ღირებულებების მქონე ნაწარმოებები, რომელთაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავიათ ძველ, ახალ და უახლეს ქართულ ლიტერატურაში.

კ) ცნებები:

კ.ა) მულტილინგვური განათლება; ინტერკულტურა; ენების პლურალისტური მიდგომები, ენის სწავლის სტრატეგიები, ინტერენა (interlangue), გადატანის უნარი (ტრანსფერი), კითხვის მოდელები (აღმავალი, დაღმავალი, ინტერაქტიული); სასწავლო სიტუაციაю

    მუხლი 301. სწავლების მეთოდები

ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელი დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე ფლობს საგნის სწავლების მეთოდებს და შეუძლია:

ა) ქართულის – როგორც მეორე ენის მასწავლებელს დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხურზე მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვაж

ა.ა) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების, მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით ტექსტების შერჩევა და საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა მოსმენის/კითხვის უნარ-ჩვევის გასავითარებლად; სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მოსასმენი/საკითხავი დავალებების შერჩევა ან შედგენა ტექსტის ეტაპობრივი გააზრებისათვის;

ა.ბ) მოსწავლის სტანდარტის მოთხოვნების, მოსწავლეთა ასაკობრივი ინტერესებისა და მათი ენობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით, საგაკვეთილო მიზნების განსაზღვრა ენობრივი, ზეპირი და წერითი უნარ-ჩვევების გასავითარებლად; დასახული მიზნების შესაბამისი, განსხვავებული სირთულის მქონე სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა ცოდნის ათვისების პირველი (წვდომა-გაგება), მეორე (გავარჯიშება) თუ მესამე (დაუფლების) ფაზისათვის;

ა.გ) ენის სწავლის უნარის გასაუმჯობესებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება (მაგალითად, დისკუსიის მოწყობა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რა ხერხი, რა სტრატეგია გამოიყენა დასმული ამოცანის გადასაჭრელად, რომელი იყო უფრო ეფექტური და რატომ; შეცდომების გაანალიზება მათი გამომწვევი მიზეზების დასადგენად; პირველი ენისა და ქართული ენის შედარებითი ანალიზი კონკრეტული მსგავსებებისა და განსხვავებების დასადგენად; მოსწავლეთა მიერ განხორციელებული ტრანსფერების გამოვლენა და გაანალიზება);

ა.დ) კომპლექსური დავალების შერჩევა თუ შედგენა (პროექტი, აქტივობები ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერდისციპლინური აქტივობები), მის შესასრულებად საჭირო გრამატიკული მექანიზმების, ლექსიკის, ენობრივი კონსტრუქციების, ენობრივი თუ საკომუნიკაციო უნარების დაკონკრეტება, მათ ასათვისებლად განსხვავებული ტიპისა და სირთულის შუალედური სავარჯიშოების შერჩევა ან შედგენა, ძირითადი სამუშაოს შესრულების ეტაპების, გზებისა და საშუალებების განსაზღვრა.

ბ) შედეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა:

ბ.ა) გაკვეთილების ჩატარება გეგმის მიხედვით;

ბ.ბ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას ტექსტის მოსასმენად/წასაკითხად, მაგ.: წინმსწრები სამოტივაცო აქტივობების გამოყენება – ვარაუდის გამოთქმა, შინაარსის/ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან დაკავშირება, მოსწავლის ცოდნის გააქტიურება, საკითხის დასმა, აღმავალი და დაღმავალი მეთოდების მონაცვლეობა და სხვა;

ბ.გ) მოსწავლეთა მოტივირება ქართულ ენაზე ზეპირ თუ წერით აქტივობაში ჩასაბმელად, მაგ.: სახალისო საკომუნიკაციო სიტუაციების შეთავაზება, თვითგამოხატვის, არჩევანის (თემა, ადრესატი, ფორმატი) საშუალების მიცემა, ადვილად დასაძლევი სასაუბრო ამოცანების შეთავაზება, გეზის მიმცემი ინსტრუქციების მიცემა კომპლექსური დავალებისთვის და სხვა;

ბ.დ) მოსწავლეებისათვის მოსასმენი/საკითხავი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება და მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ.: ნაცნობ, არავერბალურ ელემენტებზე დაფუძნებით უცნობი ელემენტების ამოცნობა, მოსმენის/კითხვის მიზნის გათვალისწინება, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება (გაცნობითი/ძიებითი/ შესწავლითი კითხვა) ლექსიკონის გამოყენება/შედგენა და სხვა;

ბ.ე) მოსწავლეებისათვის სამეტყველო/წერითი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მათი სათანადო სტრატეგიებით აღჭურვა, მაგ.: იდეების ჩამოწერა/დახარისხება, დაგეგმვა, საჭირო ენობრივი მასალის (საკვანძო სიტყვები, გრამატიკული სტრუქტურა, ზმნის დრო და სხვ.) თავმოყრა, სამუშაო ვარიანტის გაუმჯობესება თვითშეფასების/თანაშეფასების გზით, საკომპენსაციო საშუალებების გამოყენება, მეწყვილესთან გავარჯიშება და სხვა;

ბ.ვ) ენობრივი ამოცანების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეების აღჭურვა სათანადო სტრატეგიებით, მაგ.: გრამატიკულ მოდელებზე დაკვირვება და მექანიზმების/კანონზომიერების დამოუკიდებლად ამოცნობა, სქემების, სტრუქტურული მოდელების გამოყენება გავარჯიშების პროცესში, შეცდომების გაანალიზება, უცნობი სიტყვების ამოწერა, დამახსოვრების სხვადასხვა ხერხის გამოყენება, პარალელების გავლება პირველ ან სხვა ნაცნობ ენასთან და სხვა;

ბ.ზ) ისეთი ხერხების გამოყენება, რომლებიც ხელს შეუწყობს თითოეული მოსწავლის ჩაბმას ენობრივ-კომუნიკაციურ აქტივობებში, მაგ.: დიფერენცირებული მოთხოვნების წაყენება მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით; თითოეული მოსწავლის წინსვლის გამოვლენა; კლასში პასუხების/მოსაზრებების შედარება-გაანალიზებაში ხელშეწყობა; მოსწავლეთა ტექსტთან/გრამატიკულ მოდელებთან მიბრუნება მოსაზრებების დასაბუთების მიზნით; კონტექსტზე დაფუძნებით ვარაუდების გამოთქმასა და პასუხების ამოცნობაში ხელშეწყობა და სხვა;

ბ.თ) მოსწავლეთა დამოუკიდებლად, წყვილებში და ჯგუფებში მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება; მიღწევების დამოუკიდებლად გაუმჯობესებისათვის სათანადო უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა, მაგ.: მოსწავლეთა ჩართვა შეფასების კრიტერიუმების შემუშავების, თვითშეფასების და თანაშეფასების პროცესში; ხელშეწყობა იმისა, რომ მათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ პრობლემები, შემაფერხებელი და ხელშემწყობი ფაქტორები, ხერხები, სუსტი და ძლიერი მხარეები, აღმოფხვრან ხარვეზები, მოიძიონ პრობლემათა გადაჭრის გზები; გამოიყენონ/შექმნან რესურსები (მოდელები, ცნობარი, ტაბულები, ლექსიკონი); სამუშაო დაყონ მონაკვეთებად და სხვა;

ბ.ი) დავალების ინსტრუქციის ნათლად ჩამოყალიბება/ინტერპრეტაცია;

გ) შეფასების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება შდეგზე და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად;

გ.ა) სასწავლო მიზნებისა და შეფასების სტრატეგიების ურთიერთშეთანხმება: მიზნების შესაბამისი შეფასების კრიტერიუმებისა და ხერხების შერჩევა/შემუშავება, კომპლექსური დავალებების შესაფასებლად სათანადო კრიტერიუმების სქემების (რუბრიკების) შემუშავება და თითოეული კრიტერიუმის წონის განსაზღვრა დასახული პრიორიტეტული მიზნების გათვალისწინებით;

გ.ბ) წინასწარი, მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასების წარმოება მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების უზრუნველსაყოფად: სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი კრიტერიუმების შერჩევა-შემუშავება (შემოქმედებითობა, თანამშრომლობის უნარი, ორგანიზებულობა და სხვა), ასევე შეფასების მრავალფეროვანი ფორმის გამოყენება (ტესტები, გამოფენები, პრეზენტაციები, შეფასების ცხრილები, წარმოდგენები და სხვა);

გ.გ) განმავითარებელი შეფასების გამოყენება მოსწავლეთა ენის ცოდნის დონის გასაუმჯობესებლად და შესამოწმებლად; ენობრივი და კომუნიკაციური პრობლემების გამოსავლენად და მათი წარმომშობის მიზეზების დასადგენად, სათანადო სტრატეგიების, აქტივობების დაგეგმვა ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად;

გ.დ) განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება;

გ.ე) განვლილი მასალის საფუძველზე თვითშეფასების სხვადასხვა საშუალებების (მაგ.: თვითშეფასების ცხრილები, სქემები, ტესტური დავალებები შეფასების სქემებითურთ და სხვ.) შედგენა და გამოყენება კონკრეტული მასალის დასრულების შემდეგ;

დ) ქართულის სწავლება მოსწავლის კულტურული და ინტერკულტურული განვითარებისათვის;

დ.ა) სოციოკულტურული და კულტურული თვალსაზრისით მდიდარი რესურსების შერჩევა და, მათზე დაფუძნებით, ისეთი აქტივობების აგება, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესს გამოიწვევს;

დ.ბ) კლასში არსებული მრავალფეროვნების, როგორც რესურსის გამოყენება; მოსწავლის მშობლიური ენისა და კულტურულ გამოცდილების გამოყენებით, სასწავლო პროცესის გამდიდრება;

დ.გ) მოსწავლეებისათვის ისეთი მოსაზრებების გამოთქმის ხელშეწყობა, რომელიც გამომდინარეობს მათი კულტურული პერსპექტივიდან დისკუსიების, განსხვავებული კულტურული ხედვის პატივისცემის და აღიარების, მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე რეაგირების გზით;

დ.დ) ინტერკულტურული სწავლების ადეკვატური სტრატეგიებისა და შეფასების სისტემის გამოყენება;

დ.ე) მოსწავლეში სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის ადეკვატური სტრატეგიების, მასალებისა და მიდგომების გამოყენება;

ე) დაწყებით საფეხურზე მეორე ენის სწავლა/სწავლების სპეციფიკის გათვალისწინება;

ე.ა) სტანდარტის მოთხოვნებზე დაფუძნებით, სასწავლო პროცესის დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასებისას უპირატესობის მინიჭება სწავლების ისეთი სტრატეგიებისათვის, რომლებიც ააქტიურებს სენსორულ[1], კინესთეტიკურ[2] და მოტორულ სისტემებთან და წარმოსახვასთან დაკავშირებულ სააზროვნო (არაანალიტიკურ) პროცესებს, მაგალითად: მასალის ახსნისას თვალსაჩინოებების, ანალოგიების, იგავური ენის, მეტაფორების, მიმიკა-ჟესტიკულაციის გამოყენება, მასალის ასათვისებლად თუ ცოდნის შესაფასებლად როლების გათამაშება, მინისპექტაკლების დადგმა, დახატვა-გაფერადება, ნაკეთობების შექმნა, მუსიკის მოსმენა, სიმღერა, განსახიერება და სხვა;

ე.ბ) კითხვის ორი უნარ-ჩვევის (წერილობითი კოდის გახმოვანება და წაკითხულის შინაარსის გაგება) ერთმანეთისაგან გარჩევა და ორივე უნარის წარმატებით გასავითარებლად სწავლების სათანადო სტრატეგიების გამოყენება, ასევე კითხვის ორი განსხვავებული ტექნიკის (ჩუმი და ხმამაღალი კითხვის) დანიშნულებისამებრ გამოყენება;

ე.გ) წერის სამი უნარ-ჩვევის – მოტორიკის, კოდირების, ანუ ბგერების ასოებად ქცევისა და შექმნა-შედგენის – ერთმანეთისაგან გარჩევა და სამივე უნარის გასავითარებლად სათანადო აქტივობების გამოყენება;

ე.დ) მოსწავლეების კომუნიკაციური უნარ-ჩვევის დაუფლებისათვის მომზადება: გასავითარებელი უნარების (მოსმენა-გაგება, ბგერების სმენით გარჩევა, ასოების/მარცვლების/ სიტყვების თვალით გარჩევა, მხედველობითი მეხსიერება, გამოთქმა, ტექსტების ზეპირად თქმა, ინტერაქცია, სიტყვების/მინიტექსტის გაგება კითხვის ჩუმი ტექნიკის გამოყენებით, ხმამაღალი კითხვა, ასოების გამოწერა, სიტყვების გამოწერა, მინიტექსტის შედგენა და სხვა) გაცნობიერება და დაწყებითი საფეხურის ამა თუ იმ ეტაპზე პრიორიტეტული უნარებისა და მათი განვითარებისათვის სწავლების სტრატეგიების განსაზღვრა.

ვ) დაემატოს XXI თავი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თავი XXI

სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი

    მუხლი 55. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები

1. სასწავლო გარემო

ა) სპეციალური მასწავლებელი ქმნის და/ან ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს სსსმ მოსწავლისათვის ადეკვატური სასწავლო გარემოს შექმნაში, რომელიც ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის სენსო-მოტორულ, კოგნიტურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას, სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროგრამის ათვისებას, ინდივიდუალური შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას; მოსწავლის დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდასა და ინტეგრირებას სასწავლო პროცესში;

ბ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, ხელი შეუწყოს სსსმ მოსწავლესა და კლასის დანარჩენ მოსწავლეებს შორის პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ჯგუფთან მიკუთვნებულობის ხარისხის გაზრდას;

გ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, დაეხმაროს საგნის მასწავლებელს/ებს, როგორც სსსმ მოსწავლის კლასში ქცევის, ასევე, ზოგადად, კლასის მართვაში;

დ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს და სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში იყენებს კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიულ ტექნოლოგიებს (მაგ.: სურათებით კომუნიკაციის სისტემა),

მოსწავლის კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების დასაძლევად;

ე) სპეციალური მასწავლებელი ეხმარება/ასწავლის კომუნიკაციის სირთულეების მქონე სსსმ მოსწავლეს კომუნიკაციის დამხმარე ან ალტერნატიული საშუალებებით ურთიერთობას და სწავლის პროცესში მათ გამოყენებას;

ვ) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება საგნის მასწავლებელს/ებს, მშობლებსა და სხვა სპეციალისტებს, გამოიყენონ კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული ტექნოლოგიები იმ მოსწავლეებთან ურთიერთობისას, რომელთაც კომუნიკაციის სირთულეები აქვთ;

ზ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაცია, სსსმ მოსწავლის საჭიროებებისა და სასწავლო ინტერესების შესაბამისად, და იყენებს ამ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში;

თ) სპეციალური მასწავლებელი ბავშვთან, მშობელთან, მეურვესთან, აღმზრდელთან (თუ ბავშვი სკოლა-პანსიონში ირიცხება) მუშაობის პროცესში იყენებს დამოუკიდებელი ცხოვრების პრინციპებს და უსაბუთებს მათ ამ მიდგომის უპირატესობას;

ი) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის, რა გავლენას ახდენს გარემოში არსებული მოლოდინები ბავშვის/მოზარდის აკადემიურ მიღწევასა და ქცევაზე.

2. შეფასება

ა) სპეციალური მასწავლებელი ახდენს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ადრეულ იდენტიფიცირებას და უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ან ამ რისკის ქვეშ მყოფი პირის დროულ მიმართვას შესაბამის სპეციალისტთან;

ბ) სპეციალური მასწავლებელი აფასებს მოსწავლის სასწავლო გარემოს, სწავლისა და ქცევის სიძნელეებს და სწავლის სტრატეგიებს სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით (მაგ.: მოსწავლეზე დაკვირვება სხვადასხვა საგანმანათლებლო გარემოში; სხვა სპეციალისტისგან და მშობლებისგან/მეურვისგან/აღმზრდელისგან ინფორმაციის მიღება და/ან ინტერვიუს წარმოება, სასწავლო გარემოს შეფასება და სხვ.);

გ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სსსმ მოსწავლის შეფასების შედეგებს მოსწავლის საგანმანათლებლო უფლებების დასაცავად;

დ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სსსმ მოსწავლის შეფასების შედეგებს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებთან დაკავშირებული სამუშაო გეგმის შესადგენად და განსახორციელებლად;

ე) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში იყენებს სხვადასხვა სპეციალისტის მიერ ჩატარებული მოსწავლის შეფასების შედეგებს (საგნის მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ლოგოპედი და სხვა);

ვ) სპეციალურ მასწავლებელს, მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების საფუძველზე, შეუძლია, რეკომენდაცია გაუწიოს მშობელს/მეურვეს, სკოლას, რომელი კონკრეტული სპეციალისტის ან სპეციალისტთა ჯგუფის ჩართვაა საჭირო ბავშვთან მუშაობის პროცესში;

ზ) სპეციალური მასწავლებელი, სსსმ მოსწავლის შეფასებისას, ითვალისწინებს მოსწავლის ეთნიკურ, რელიგიურ, კულტურულ, სქესობრივ და სხვა თავისებურებებს (უნიკალობას).

3. ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასების საფუძველზე დაადგინოს და არგუმენტირებულად დაასაბუთოს, რომ მოსწავლეს ესაჭიროება ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით განათლების მიღება;

ბ) სპეციალურ მასწავლებელს აქვს ადეკვატური მოლოდინი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიურ მიღწევასთან დაკავშირებით და ამის მიხედვით ისახავს საგანმანათლებლო მიზნებს;

გ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია მართოს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმაზე მომუშავე გუნდის მიერ ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის/გადახედვის პროცესი;

დ) სპეციალურ მასწავლებელს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელების მონიტორინგი;

ე) სპეციალური მასწავლებელი, საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის განხორციელებაში;

ვ) სპეციალური მასწავლებელი საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, დამრიგებელთან, სხვა სპეციალისტებთან და მშობლებთან/მეურვესთან ერთად შეიმუშავებს და ახორციელებს მოსწავლის მიერ დასწავლილი უნარების სხვადასხვა გარემოში გამოყენების გეგმას;

ზ) სპეციალური მასწავლებელი ითვალისწინებს ეთნიკურ, რელიგიურ, ლინგვისტურ, სქესობრივ და სხვა თავისებურებებს (უნიკალობას) სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში;

თ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიებას;

ი) სპეციალური მასწავლებელი იცავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლების უფლებებს და ასწავლის სსსმ მოსწავლეს საკუთარი უფლებების დაცვას.

4. სსსმ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა

ა) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურად მუშაობს სსსმ მოსწავლესთან ან მოსწავლეთა მცირე ჯგუფთან (რესურსოთახში, კლასში ან კლასის გარეთ), მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარებისა თუ ქცევის გაუმჯობესებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდის მიზნით;

ბ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია მოამზადოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი სასწავლო გარემოსთან დაკავშირებული ცვლილებებისთვის.

5. საბაზო აკადემიური უნარების განვითარება

ა) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს წერას, კითხვასა და ანგარიშს;

ბ) სპეციალური მასწავლებელი ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სწავლის დამხმარე სტრატეგიებს.

თანამშრომლობა

ა) სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელთან, ფსიქოლოგთან, ოკუპაციურ თერაპევტთან, მედიცინის მუშაკთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან, სსსმ მოსწავლის სასწავლო პროცესში ინტეგრირების მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებას უწევს მათ მუშაობას მოსწავლესთან;

ბ) სპეციალური მასწავლებელი ეფექტურად თანამშრომლობს სსსმ მოსწავლის მშობელთან/მეურვესთან; აღმზრდელთან (თუ ბავშვი სკოლა-პანსიონში ირიცხება); აცნობს მშობელს/მეურვეს, აღმზრდელს ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს; აძლევს მათ რეკომენდაციებს მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებზე დამატებითი ღონისძიებების მისაღებად;

გ) სპეციალური მასწავლებელი ეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მშობელს/მეურვეს, აქტიურად ჩაერთოს მოსწავლის საგანმანათლებლო პროცესში და საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში;

დ) სპეციალური მასწავლებელი ითვალისწინებს მშობლის/მეურვის, ბავშვის ინტერესებს სასწავლო პროცესის დაგეგმვის დროს;

ე) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ესწრება გაკვეთილს და სსსმ მოსწავლეს განუმარტავს საგნის მასწავლებლის ინსტრუქციებს და ეხმარება მას დავალების შესრულებაში;

ვ) სპეციალური მასწავლებელი, სასწავლო პროცესის დაკვირვების შედეგად, რეკომენდაციას უწევს საგნის მასწავლებელს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლებისა და ქცევის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით;

ზ) სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან, სსსმ მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, დამატებითი მატერიალური და ადამიანური რესურსის ჩართვის მიზნით;

თ) სსსმ მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, სპეციალური მასწავლებელი თანამშრომლობს ახალი სკოლის სპეციალურ მასწავლებელთან, საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან, სსსმ მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესში მიღწეული წარმატებებისა და სხვა საჭიროებების გაცნობის მიზნით;

ი) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს რჩევებს განათლების სხვა სფეროების წარმომადგენლებს (სახელობო, პროფესიული და უმაღლესი განათლება), სსსმ მოსწავლის სკოლის შემდგომი განათლებისა და მისი საზოგადოებაში ინტეგრირების მიზნით.

    მუხლი 56. სპეციალური მასწავლებლის პროფესიული ცოდნა

სპეციალურმა მასწავლებელმა იცის:

ა) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის სპეციალური და ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლები, ინკლუზიური განათლების რაობა; იცის მსგავსება და განსხვავება ინკლუზიურ განათლებასა და სპეციალურ განათლებას შორის;

ბ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას შეზღუდული შესაძლებლობებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სოციალურ და სამედიცინო მოდელებს შორის არსებული მსგავსებისა და განსხვავების შესახებ;

გ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს დამოუკიდებელი ცხოვრების ფილოსოფიას;

დ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს საერთაშორისო და სახელმწიფოებრივ დოკუმენტებს, რომლებიც არეგულირებს სპეციალურ და ინკლუზიურ განათლებას საქართველოში;

ე) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის ქვეყანაში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და ზრუნავს სასწავლო პროცესში არაეთიკური ტერმინების (მაგ.: გონებაშეზღუდული; დეფექტური და ა.შ.) აღმოფხვრასა და ადეკვატური პროფესიული ტერმინების დამკვიდრებაზე;

ვ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს სხვადასხვა სახის დარღვევას, რომელიც ხელს უშლის ინდივიდს სწავლასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებაში; იცის, რა გავლენას ახდენს ეს დარღვევები მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე (იხ. დანართი 1);

ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) მოსწავლის სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიებისა და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ;

თ) პეციალურმა მასწავლებელმა იცის ბავშვის განვითარებაზე მოქმედი ინდივიდუალური (პიროვნული) და გარემო ფაქტორები; იცის, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ფაქტორებმა სსსმ მოსწავლის სწავლასა და განვითარებაზე;

ი) სპეციალური მასწავლებელი ფლობს საბაზო აკადემიური უნარების (წერა, კითხვა და ანგარიში) განვითარების მეთოდებსა და სტრატეგიებს, სსსმ მომოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით;

კ) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის პრობლემური ქცევის მართვის სტრატეგიები.

    მუხლი 56. მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი

1. მხედველობის დარღვევის მქონე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარ-ჩვევები:

ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, ოფთალმოლოგთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეაფასოს მხედველობის დარღვევის მქონე ინდივიდის მხედველობა და დაადგინოს, რა სახის ტექნიკური აღჭურვილობა ესაჭიროება მას;

ბ) სპეციალური მასწავლებელი, მოსწავლის მშობელთან, ფსიქოლოგთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით, აფასებს მხედველობის დარღვევის მქონე პირის აკადემიურ, სოციალურ, ქცევით უნარებს, დამოუკიდებლობის ხარისხსა და საგანმანათლებლო გარემოს;

გ) სპეციალური მასწავლებელი მხარდაჭერას უწევს კლასის მასწავლებელს მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის სასწავლო მასალის შერჩევაში, ორგანიზებასა და გამოყენებაში;

დ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ბრაილის შრიფტის გამოყენების ტექნიკას და შეუძლია მისი სწავლება უსინათლო მოსწავლეებისა და მათი მშობლების/მეურვისთვის;

ე) სპეციალური მასწავლებელი ფლობს კომპენსატორული აუდიოუნარების სწავლების ტექნოლოგიას და იყენებს ამ ცოდნას სასწავლო-აღმზრდელობით საქმიანობაში, როგორც თვალით კითხვის, ან ბრაილის შრიფტის სწავლების დამატებით ტექნიკას;

ვ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლისთვის ხელით წერისა და ხელმოწერის სწავლების სტრატეგიებს და იყენებს ამ ცოდნას სწავლა-აღმზრდელობით საქმიანობაში;

ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს კომპიუტერის კლავიატურის გამოყენების სწავლების ტექნოლოგიას მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის;

თ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ადაპტირებული სამეცნიერო აღჭურვილობების (საანგარიშო, ხმოვანი გამომთვლელი მანქანა, ტაქტილური გრაფიკები და სხვ.) გამოყენების სწავლების ტექნოლოგიას მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის;

ი) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ნარჩენი მხედველობისა და სუსტადმხედველ მოსწავლეებთან მხედველობის დახვეწის ტექნოლოგიას, ადაპტირებული ნაბეჭდი მასალისა და ვიზუალური და სხვა ტექნიკური აღჭურვილობების გამოყენებით;

კ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს მხედველობის დარღვევის მქონე პირისთვის სოციალური და საყოფაცხოვრებო უნარების სწავლების მეთოდიკას;

ლ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია სპეციალური ტექნოლოგიების გამართვა, გამოყენება და შენახვა;

მ) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს, დროულად მიმართოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებს;

ნ) სპეციალური მასწავლებელი იძლევა პროფესიათან დაკავშირებულ რჩევებს უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლეებისთვის.

2. მხედველობის დარღვევის მქონე სპეციალური მასწავლებლის პროფესიული ცოდნა:

ა) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას უსინათლო და სუსტადმხედველ მოსწავლეთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;

ბ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას მხედველობის დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს;

გ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას ადამიანის მხედველობის სისტემის აგებულებისა და მისი ფუნქციონირების შესახებ; იცნობს ადამიანის მხედველობის სისტემასთან დაკავშირებული დარღვევებისა და დაავადებების თანამედროვე კლასიფიკაციას;

დ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას მხედველობის დარღვევის გავლენის შესახებ ბავშვის განვითარებასა და სწავლაზე;

ე) სპეციალურმა მასწავლებელმა იცის, როგორ ხდება მხედველობის დარღვევის კომპენსაცია სხვა სენსორული სისტემების საშუალებით და იყენებს ამ ცოდნას პროფესიულ საქმიანობაში;

ვ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას იმის თაობაზე, თუ რა გავლენას ახდენს გარემო (ფიზიკური, სოციალური, აუდიტორული, ინსტიტუციური) უსინათლო და სუსტადმხედველი მოსწავლის განვითარებასა და სწავლაზე.

    მუხლი 57. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი

1. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელის უნარ-ჩვევები:

ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია აუდიოგრამის წაკითხვა და იცის, როგორ ფუნქციონირებს სმენის აპარატი;

ბ) სპეციალურ მასწავლებელს, მშობელთან, კლასის მასწავლებელთან და სხვა სპეციალისტებთან თანამშრომლობით, შეუძლია შეაფასოს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ქცევითი/ემოციური უნარები, დამოუკიდებლობის ხარისხი და საგანმანათლებლო გარემო;

გ) სპეციალური მასწავლებელი, სხვა სპეციალისტებთან, მათ შორის, ფსიქოლოგთან და მშობლებთან თანამშრომლობით, იყენებს გარემოს ორგანიზების სხვადასხვა სტრატეგიას, რომელიც ხელს უწყობს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის განვითარებასა და სწავლას ყველა მოქმედი სენსორული სისტემის საშუალებით;

დ) სპეციალური მასწავლებელი უზრუნველყოფს სმენის დარღვევის მქონე ინდივიდებისთვის სასწავლო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;

ე) სპეციალური მასწავლებელი სმენის დარღვევის მქონე პირის განვითარების ყველა საფეხურზე უზრუნველყოფს მის ეფექტურ კომუნიკაციას საგანმანათლებლო გარემოსთან;

ვ) სპეციალური მასწავლებელი აცნობიერებს და პრაქტიკულ საქმიანობაში იყენებს ცოდნას იმის შესახებ, რომ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეების სწავლების სტილის (მეთოდებისა და ტექნოლოგიების) შერჩევა უკავშირდება სმენის დარღვევის ფორმასა და ასაკს, როდესაც მოხდა სმენის დაზიანება;

ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს ჟესტურ ენას და იყენებს მას საგანმანათლებლო პროცესში, ყრუ მოსწავლეების სწავლებისას;

თ) სპეციალური მასწავლებელი, საჭიროების შემთხვევაში, ასწავლის ჟესტურ ენას ყრუ მოსწავლეს და უწევს რეკომენდაციას მასთან უშუალო კავშირში მყოფ პირს;

ი) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ბილინგვურ მიდგომას სმენის დარღვევის მქონე მოსწავლესთან;

კ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს სწავლების აუდიოვერბალურ/აუდიოორალურ მეთოდს და მიზანმიმართულად იყენებს მას სმენადაქვეითებული მოსწავლეების სწავლებისას;

ლ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს და, საჭიროების შემთხვევაში, იყენებს ტოტალური კომუნიკაციის მეთოდს;

მ) სპეციალურ მასწავლებლეს შეუძლია დამხმარე და გამაძლიერებელი ტექნოლოგიების გამართვა, გამოყენება და შენახვა;

ნ) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეს, ან მის მშობელს/მეურვეს, დროულად ჩაერთოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებში.

ო) სპეციალური მასწავლებელი იძლევა პროფესიათან დაკავშირებულ რჩევებს სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის.

2. სმენის დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალურმა მასწავლებელმა იცის:

ა) სპეციალური მასწავლებელი იცნობს ყრუ და სმენადაქვეითებული პირების განათლების ისტორიულ და ფილოსოფიურ საფუძვლებს, ძირითად მოდელებსა და თეორიებს. იცის, რა განსხვავებაა სმენის დარღვევის სამედიცინო, სოციალურ და კულტურულ მოდელებს შორის;

ბ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას სმენის დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს;

გ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას სმენის ანალიზატორის აგებულებისა და ფუნქციონირების, სმენის დარღვევის თანამედროვე კლასიფიკაციის შესახებ;

დ) სპეციალური მასწავლებლი ფლობს პროფესიულ ცოდნას სმენის დარღვევის მქონე პირის განვითარების კანონზომიერებების, მათ შორის, ენისა და მეტყველების განვითარების შესახებ;

ე) სპეცალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს სოციალური გარემო სმენის დარღვევის მქონე ინდივიდის განვითარებასა და სწავლაზე;

ვ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს ყრუთა კულტურასა და ისტორიას და ფლობს ინფორმაციას ჟესტური ენებისა და ამ ენაზე მეტყველი საზოგადოებების შესახებ;

ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს პროფესიულ ცოდნას ყრუ ადამიანის ლინგვისტური უფლებების შესახებ და იმის შესახებ, რომ ყრუ ბავშვებს უნდა ჰქონდეთ ჟესტურ ენაზე მეტყველი გარემო.

    მუხლი 58. საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი

1. საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებლის უნარ-ჩვევები:

ა) სპეციალური მასწავლებელი აფასებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის აკადემიურ, სოციალურ უნარებს, დამოუკიდებლობის ხარისხსა და საგანმანათლებლო გარემოს;

ბ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სხვა სპეციალისტების მიერ ჩატარებული ინტელექტის ტესტებისა და ადაპტური ფუნქციონირების მონაცემებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლესთან მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვის დროს;

გ) სპეციალური მასწავლებელი უზრუნველყოფს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური და განვითარების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის, ასაკისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სასწავლო მასალის შეჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;

დ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირებისთვის ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი წერა-კითხვის (მათ შორის, ფუნქციური კითხვის) და ანგარიშის სწავლების ინდივიდუალიზებულ მეთოდებს;

ე) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირების ადაპტური ქცევისა და სოციალური უნარების სწავლების მეთოდიკას და ხელს უწყობს მათ ინტეგრაციას საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

ვ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევისა და კომბინირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლის კლასში ჩართვის სტრატეგიებს;

ზ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის პრობლემური ქცევის შეფასების, პრევენციისა და მართვის მრავალფეროვან ტექნიკას, მათ შორის, გამოყენებით ქცევით ანალიზს;

თ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სპეციალისტს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლესთან პროფესიული უნარების განვითარებაზე მუშაობის პროცესში;

ი) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს, დროულად მიმართოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებს, მათ შორის, პროფესიულ და სახელობო განათლების ცენტრებს.

2. საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალურმი მასწავლებელი ფლობს:

ა) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა განთლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;

ბ) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირთა განათლების თანამედროვე თეორიების შესახებ;

გ) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირების შემეცნებითი, სოციალური, ემოციური, მოტორული და ქცევითი თავისებურებების შესახებ;

დ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის იდენტიფიკაციისა და დიაგნოსტირების ინსტრუმენტებსა და კრიტერიუმებს;

ე) სპეციალური მასწავლებელი იცნობს სხვადასხვა დარღვევის ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც უკავშირდება საშუალო და მძიმე ინტელექტუალურ დარღვევას (დაუნის სინდრომი, მყიფე სინდრომი თუ სხვა ქრომოსომული და მეტაბოლური პროცესებით გამოწვეული დარღვევები; ცერებრული დამბლა და სხვა);

ვ) პროფესიულ ცოდნას საშუალო და მძიმე ინტელექტუალური დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს.

    მუხლი 59. ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი

1. ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებლის უნარ-ჩვევები:

ა) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, შეაფასოს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის აკადემიური, სოციალური, ქცევითი უნარები, დამოუკიდებლობის ხარისხი და საგანმანათლებლო გარემო;

ბ) სპეციალური მასწავლებელი იყენებს სხვა სპეციალისტების მიერ ჩატარებული შეფასების შედეგებს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლესთან მუშაობის დაგეგმვისა და წარმართვის დროს;

გ) სპეციალური მასწავლებელი ფლობს და იყენებს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის პრობლემური ქცევის შეფასებისა და მართვის მრავალფეროვან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეთოდებს, მათ შორის, გამოყენებით ქცევით ანალიზს;

დ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია ასწავლოს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეს საკუთარი ქცევის მართვის, სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებისა და პრობლემის გადაჭრის სტრატეგიები;

ე) სპეციალური მასწავლებელი ხელს უწყობს თანმიმდევრული საკლასო რუტინის/წესების შექმნასა და დაცვას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე პირებისათვის;

ვ) სპეციალური მასწავლებელი უზრუნველყოფს ქცევთი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის სასწავლო მასალის შერჩევას, ორგანიზებასა და გამოყენებას;

ზ) სპეციალური მასწავლებელი რეკომენდაციას უწევს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის მშობელს/მეურვეს, აღმზრდელს, მოსწავლის ქცევის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით;

თ) სპეციალურ მასწავლებელს შეუძლია, რეკომენდაცია გაუწიოს სხვა სპეციალისტს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლისთვის პროფესიული უნარების განვითარების პროცესში;

ი) სპეციალური მასწავლებელი აძლევს რჩევას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეს, მშობელს/მეურვეს, დროულად მიმართოს შესაბამის სერვისებსა და დაწესებულებებს.

2. ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლის სპეციალური მასწავლებელი ფლობს:

ა) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ;

ბ) სპეციალური მასწავლებელი იცნობს ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეთა განათლების შესახებ არსებულ თეორიებს;

გ) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის ფორმებისა და ეტიოლოგიის შესახებ;

დ) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის გავლენის შესახებ ბავშვის განვითარებასა და სწავლა-სწავლებაზე;

ე) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე პირების სწავლების მეთოდოლოგიების, სწავლების სტრატეგიების და დახმარების ტექნოლოგიების შესახებ. იცნობს სწავლების მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიდგომებს;

ვ) პროფესიულ ცოდნას ქცევითი და ემოციური დარღვევების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის ეთიკის ნორმების შესახებ.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. შაშკინი