„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 23/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/04/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/04/2023
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018278
23/ნ
05/04/2023
ვებგვერდი, 06/04/2023
430210000.22.022.018278
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის N1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №23/ნ

2023 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით (სსმ III, №172, 03/12/2008)  დამტკიცებული ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის":

ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სტანდარტის სტრუქტურა

მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი შედგება ორი ნაწილისაგან:

1. პირველი ნაწილი ზოგადია (II, III, V და VI თავები), რომელიც განსაზღვრავს მინიმალურ კომპეტენციებს ყველა თანამდებობის მასწავლებლისთვის (II და III თავები უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლებისთვის), ასევე, სპეციალური მასწავლებლისთვის (V და VI თავები უფროსი სპეციალური, წამყვანი სპეციალური  და მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის) და მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:

ა) სასწავლო პროცესი;

ბ) პროფესიული პასუხისმგებლობები და ეთიკა.

2. სტანდარტის მეორე ნაწილში (IV თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი და მენტორი მასწავლებლისათვის, ასევე, (VII თავი) მოცემულია დამატებითი მოთხოვნებისა და კომპეტენციების ჩამონათვალი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის და მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის, ხოლო თანდართულ შესაბამის ცხრილ(ებ)ში მოცემულია კონკრეტული სტატუსის მქონე მასწავლებლების/სპეციალური მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობები შესაბამის კომპეტენციებთან ერთად.

3. პირველი ნაწილის თითოეულ მიმართულებაში გამოყოფილია ქვეპუნქტები, რომელთათვისაც განსაზღვრულია შესრულების ინდიკატორები, რაც გამჭვირვალეს ხდის მოთხოვნებს მასწავლებელთა საქმიანობის  მიმართ.“;

ბ) VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი VII. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი და მენტორი სპეციალური მასწავლებლისათვის

მუხლი 23. დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის

ცხრილი 3

წამყვანი სპეციალური მასწავლებელი

ვალდებულებები

კომპეტენციები

1) კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა ინკლუზიური განათლების სფეროში:

 

  • ეხმარება კოლეგებს (სპეციალურ მასწავლებლებს, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს და მასწავლებლებს) პროფესიულ განვითარებაში ინკლუზიური განათლების მიმართულებით მათი პროფესიული საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო რელევანტური აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების  პროცესში;
  • საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს სსსმ მოსწავლეების მასწავლებლებს, ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებს და მშობლებს.
  • შეუძლია მასწავლებლებლების და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული განვითარების საჭიროებების გამოკვეთა ინკლუზიური განათლების მიმართულებით;
  • შეუძლია გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად პროფესიული განვითარებისთვის საჭირო აქტივობების/სტრატეგიების შერჩევა სსსმ მოსწავლეთა სწავლებისა და ქცევის გაუმჯობესების მიზნით;  
  • შეუძლია პროფესიული განვითარებისთვის საჭირო გეგმის შემუშავება და გეგმის განხორციელების მონიტორინგი;
  • აქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარი -  შეუძლია კოლეგებისთვის  განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირის მიწოდება სსსმ  მოსწავლეებთან მუშაობის უნარების დახვეწასა და ცოდნის გაფართოების მიმართულებით (ფიზიკური შეზღუდვის,  ინტელექტუალური განვითარების დარღვევის;  სწავლის უნარის დარღევის;  სმენის და/ან მხედველობის დარღვევის;  მეტყველების განვითარების დარღვევის; ქცევითი და ემოციური დარღვევის მქონე მოსწავლეთა განვითარების ხელშეწყობისთვის);
  • კოლეგებს ეხმარება გაიღრმავონ ცოდნა და უნარები სსსმ მოსწავლეთა  უნარების შეფასების, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის, სწავლა - სწავლების სტრატეგიების განსაზღვრის, ქცევის მართვის გეგმის, ტრანზიციის გეგმის,  სწავლების უნივერსალური დიზაინის და სხვა საჭირო საკითხების მიმართულებით;
  • ქმნის პროფესიულ რესურსებს - წერილობითი, ვიზუალური, ვიდეო ან აუდიომასალების სახით, ინკლუზიური განათლების მიმართულებით კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით.

 

2) ინკლუზიური განათლების შესახებ ცოდნის გაფართოება და პრაქტიკის გაუმჯობესება:

 

  • ეცნობა ინკლუზიური განათლების სფეროში   მიმდინარე ბოლოდროინდელ ცვლილებებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს   ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე;
  • მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას უზიარებს კოლეგებს სკოლის ინკლუზიური განათლების და კულტურის გაუმჯობესების მიზნით.
  • აქვს ინკლუზიური განათლების სფეროში პროფესიული ლიტერატურის და თანამედროვე მეცნიერული ინფორმაციის მოძიების, გაფილტვრის და დამუშავების უნარი;
  • აქვს ცოდნა ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, პრაქტიკის, მონიტორინგის  და მართვის შესახებ;
  • იცნობს და იყენებს თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას განვითარების დარღვევების, სწავლების სტრატეგიების, ქცევის მართვის, სპეციალური საჭიროებების და ინკლუზიური განათლების შესახებ;
  • არსებულ ცოდნას იყენებს საკუთარი და კოლეგების პედაგოგიური პრაქტიკის გასაუმჯობესებლად;
  • მუშაობისას იზიარებს და ეყრდნობა ინკლუზიურ განათლებაში არსებულ ბოლოდროინდელ სამეცნიერო საგანმანათლებლო კვლევებს;
  • ქმნის პორტფოლიოს და შესაბამისად აწარმოებს მასში შემავალ დოკუმენტებს;
  • შეუძლია ალტერნატიული სასწავლო გეგმებით ხელმძღვანელობა;
  • პრაქტიკის პროცესში იყენებს სწავლისა და განვითარების  ძირითად თეორიებს.

3) ინკლუზიური განათლების სფეროში კვლევების ჩატარება:

  • ატარებს სკოლის ან/და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) საჭიროების კვლევებს ინკლუზიური განათლების სფეროში, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით;
  • იკვლევს ინკლუზიური განათლების საჭიროებებსა და ბარიერებს, კვლევის შედეგებს იყენებს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელებისთვის.

 

 

  • აქვს კვლევითი უნარები: შეუძლია საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება ინკლუზიური განათლების სფეროში სკოლისა და ადგილობრივი საზოგადოების (თემის) საჭიროებიდან გამომდინარე;
  • ფლობს კვლევის მეთოდებს, შეუძლია კვლევის დაგეგმვა  და განხორციელება ინკლუზიურ განათლებაში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისთვის, ასევე, ინტერვენციის შედეგების შეფასება  და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • შეუძლია კვლევის შედეგების გამოყენება სსსმ მოსწავლეებთან  პრაქტიკული მუშაობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესისთვის.

4) ეფექტური და პოზიტიური თანამშრომლობა სხვა ორგანიზაციებთან და პროფესიონალებთან:

  • გარდა სკოლისა, თანამშრომლობს ინკლუზიური განათლების სფეროში მომუშავე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან - საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და სსსმ მოსწავლეთა სწავლის შედეგების  გაუმჯობესებისთვის;
  • კომუნიკაციას ამყარებს და თანამშრომლობს სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებთან, ასევე, ინკლუზიური განათლების იმ ექსპერტებთან და სხვა პროფესიონალებთან, რომლებიც მუშაობენ ინკლუზიური და სპეციალური განათლების საკითხებზე, ან/და დამატებით ინტერვენციას ეწევიან სსსმ მოსწავლესთან სკოლის გარეთ.
  • შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი  კონტაქტების დამყარება სსსმ მოსწავლეთა განვითარებასა და განათლებაში ჩართულ სხვა სპეციალისტებსა და პროფესიონალებთან როგორც სკოლის შიგნით, ისე სკოლის გარეთ;
  • აქვს უნარი, მკაფიოდ და რელევანტურად გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს საკუთარი სკოლისა და სსსმ მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები;
  • შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა სხვებთან თანამშრომლობის საფუძველზე, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლაში ინკლუზიური განათლების განვითარებასა და სსსმ მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესებას;
  • საჭიროებების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს გუნდური მუშაობის პრინციპით.

5) სსსმ მოსწავლეთა ადვოკატირება, ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვა და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრება:

  • ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს ინკლუზიურ სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/სკოლათშორის/სათემო პროექტებში;
  • არის ინიციატორი, გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს ინკლუზიური გარემოს განვითარების ხელშემწყობ აქტივობებს;
  • გეგმავს და  სხვათა თანამონაწილეობით/ჩართულობით ახორციელებს ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ აქტივობებს/პროექტებს, რომლებიც ხელს უწყობს ტოლერანტობის, მრავალფეროვნების, განსხვავებულობის მიმართ მიმღებლობის და ინკლუზიური კულტურის დამკვიდრებას;
  • ახორციელებს აქტივობებს, რომლებიც სსსმ მოსწავლეების და განსხვავებული საჭიროების მქონე პირების უფლებათა დაცვაზეა ორიენტირებული.
  • აქვს სოციალური პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების უნარები;
  • იცნობს და იზიარებს მდგრადი ინკლუზიური განვითარების ძირითად პრინციპებს;
  • აქვს უნარი, გააზიაროს და გაავრცელოს მდგრადი ინკლუზიური განვითარების ძირითადი პრინციპები, არადისკრიმინაციული ტერმინოლოგია და ტოლერანტული დამოკიდებულება სკოლაში;
  • ახორციელებს აქტივობებს სსსმ მოსწავლეებისა და სხვადასხვა სპეციალისტების, პროფესიონალების, სფეროს აქტივისტების  ჩართულობით;
  • აქვს უნარი, გააზიაროს და დანერგოს, ასევე ამ პროცესში ჩართოს სხვა ადამიანები განსხვავებულობის აღიარებისა და უფლებათა დაცვაზე მიმართულ აქტივობებში.

 

6) სსსმ მოსწავლეთა ტრანზიციის ხელშეწყობა და პროფესიული ორიენტაცია:

  • ხელს უწყობს სსსმ მოსწავლის ზოგად განათლებაში, ზოგადი განათლების საფეხურებს შორის და ზოგადი განათლების შემდგომ საფეხურზე ტრანზიციას, მის უნარებსა და ინტერესებზე მუშაობით ისგ ჯგუფთან ერთად;
  • ხელს უწყობს სსსმ მოსწავლეების თვითგამორკვევას, შეფასებას და  პროფორიენტაციას;
  • ამზადებს სსსმ მოსწავლეებს დამოუკიდებელი ან/და ნახევრად დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

 

  • გეგმავს, აყალიბებს და ახორციელებს ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმას სსსმ მოსწავლის ერთი საფეხურიდან (ან/და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან) მეორეზე გადასვლის პროცესში (სკოლამდელი დაწესებულებიდან ზოგადი განათლების საფეხურზე, ზოგადი განათლებიდან პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების საფეხურზე, სკოლის შიგნით - დაწყებით, საშუალო და საბაზო საფეხურზე);
  • შეუძლია სსსმ მოსწავლეებში პოპულარიზაცია გაუწიოს პროფესიებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ორიენტაციას;
  • შეუძლია სსსმ მოსწავლეთა ინტერესების გამოვლენა და საბაზო აკადემიური და წინა პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ორიენტირებული შემოქმედებითი, სპორტული და სხვა აქტივობების გამოყენება.

 

მუხლი 24დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები მენტორი სპეციალური მასწავლებლისათვის

დამატებითი მოთხოვნები და კომპეტენციები მენტორი  სპეციალური მასწავლებლისათვის

ცხრილი 4

მენტორი სპეციალური მასწავლებელი

ვალდებულებები

კომპეტენციები

1) სკოლის ინკლუზიური განვითარების სტრატეგიის შემუშავება:

  • იკვლევს და ადგენს  სკოლის ინკლუზიური განათლების საჭიროებებს და  განვითარების სტრატეგიას;
  • იკვლევს და ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს   და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით  გეგმავს სკოლის მასწავლებლების, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების და პრაქტიკოსი, უფროსი და წამყვანი  სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას ინკლუზიური განათლების მიმართულებით.
  • ფლობს და იყენებს სკოლის საჭიროებების დადგენის სხვადასხვა მეთოდოლოგიას, რაც ავლენს საჭიროებებს ინკლუზიური განათლების განვითარების მიმართულებით;
  • აქვს ანალიტიკური, კვლევითი უნარები და სტრატეგიული ხედვა;
  • შეუძლია სკოლის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება ინკლუზიური განათლების განვითარების  მიმართულებით;
  • შეუძლია მასწავლებლების და სკოლის ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტების პროფესიული განვითარების გეგმის შემუშავება;
  • შეუძლია ინკლუზიურ ღირებულებებზე ორიენტირებული სტრატეგიის დანერგვა და განვითარება სკოლასა და თემში.

2) კვლევის დაგეგმვა და ჩატარება:

კვლევის დაგეგმვისა და ჩატარების საფუძველზე, შედეგებზე დაყრდნობით შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლისა და თემის  დონეზე  ინკლუზიური განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

 

  • აქვს კვლევითი უნარები: შეუძლია საკვლევი საკითხის იდენტიფიცირება, კვლევის დაგეგმვა და განხორციელება,  შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • შეუძლია სკოლის ინკლუზიური განათლების მონიტორინგის გეგმის შემუშავება და მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ინტერვენციის გეგმის  შეთავაზება, ასევე ინტერვენციის შეფასება.

3) თანამშრომლობა:

ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად ინკლუზიური განათლების მიმართულებით.

 

 

  • შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ასევე გლობალური პროექტების შესახებ;
  • შეუძლია თანამშრომლობის მიზნის განსაზღვრა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება საერთაშორისო და უცხოურ ორგანიზაციებთან  სკოლის/თემის/რეგიონის ინკლუზიური განათლების გაუმჯობესების მიზნით;
  • შეუძლია ისეთი ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის, როგორც თვითგანვითარებადი ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რაც აისახება ინკლუზიური განათლების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე;
  • შეუძლია საქმიანი და თანამშრომლობითი კონტაქტების დამყარება;
  • აქვს უნარი, მკაფიოდ გამოკვეთოს სათქმელი და წარმოაჩინოს სკოლის ინტერესები ინკლუზიური განათლების პრინციპებისა და ხედვის საფუძველზე;
  • კარგად აქვს განვითარებული აკადემიური და ფუნქციური წერის უნარები.

4) კონსულტირება და მენტორობა:

 

საჭიროებებიდან გამომდინარე, კონსულტაციას და მენტორობას უწევს პრაქტიკოს, უფროს და წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს.

  • კონსულტირებას და მენტორობას უწევს პრაქტიკოს, უფროს და წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს სსსმ მოსწავლეების აკადემიური, კოგნიტური, ემოციური, ქცევითი, კომუნიკაციური და სხვა უნარების შეფასებისა და  განვითარების ხელშეწყობისთვის;
  • კონსულტირებას და მენტორობას  უწევს პრაქტიკოს, უფროს და წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს სსსმ მოსწავლეების ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენასა განხორციელებაში;
  • თავად ქმნის პორტფოილიოს და შესაბამისად აწარმოებს მასში შემავალ დოკუმენტებს,  ასევე კონსულტირებას და მენტორობას უწევს პრაქტიკოს, უფროს და წამყვან სპეციალურ მასწავლებლებს პორტფოლიოს წარმოებაში;
  • კონსულტირებას უწევს კოლეგებს სსსმ მოსწავლის რთული ქცევის მართვის საკითხში - ქცევის ანალიზი, პრევენცია და ინტერვენცია;
  • მენტორობას უწევს კოლეგებს, იმუშაონ სწავლების უნივერსალური დიზაინის საფუძველზე.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი ამილახვარი