“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"

  • Word
“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 225/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/08/2006
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 24/08/2006
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.009.135
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
225/ნ
22/08/2006
სსმ, 112, 24/08/2006
280.080.020.22.035.009.135
“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (24/08/2006 - 15/02/2007)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.088.020.22.035.009.135

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის    ბრძანება №225/ნ

2006 წლის 22 აგვისტო

 ქ. თბილისი

მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

„მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის               28 ივლისის №145 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „მიზნობრივი სოციალური დახმარე­ბის დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესი (დანარ­თი №1).

2. სსიპ –სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს:

ა) „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;

ბ) სოციალური დახმარებების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებ­რივი აქტების გამოცემა.

3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 31 ივლისიდან.

ლ. ჭიპაშვილი

მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

    მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს წესი შემუშავებულია „მიზნობრივი სოციალუ­რი დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, „ქვეყა­ნაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესა­ხებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქარ­თველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახები­სათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.

2. ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახე­ბის მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯა­ხებზე, მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშ­ვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცე­მისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციებს, არეგული­რებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

    მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „მიზნობრივი სოციალური დახმარე­ბის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცე­ბულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში.

    მუხლი 3. სოციალური დახმარება

1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომ­ში –საარსებო შემწეობა), რომელიც დაკავშირებულია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახე­ბის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმ­ჯობესებასთან, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცი­რებასთან და/ან მის პრევენციასთან.

2. საარსებო შემწეობა წარმოადგენს საოჯახო დახმა­რებას.

    მუ­ხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება

1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეფუძნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენე­ბელს.

2. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამი­სად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდეგში –მონაცემთა ბაზა) და შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსე­ბო შემწეობის ზღვრულ ქულაზე (შემდგომში –ღატაკი ოჯახი).

3. ღატაკ ოჯახს, საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა ოჯახის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის შეტანის თვიდან მეოთხე თვეს.

4. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმო­შობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელ­დება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთვევაში, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (გა­ნაც­ხა­დის შემოტანიდან მეოთხე თვე), დადგენილი პრო­ცედურების შესაბამისად.

    მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწი­ნებუ­ლი ფულადი სოციალური დახმარების, აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგ­რამით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების, შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბა­მისად „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვა­ლისწინებული ფულადი სოციალური დახმარების, აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს უფლება აქვს განცხადე­ბით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასა­ნიშ­ნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრ(ებ)ს შეუწ­ყდება (გაუუქმდება) „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგ­რამით გათვალისწინებული დახმარება და, შესაბამი­სად, დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვე­ვაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება განცხადების შევსების მომდევნო თვიდან.

    მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა და მისი გაანგარიშება

1. საარსებო შემწეობის ოდენობა ეფუძნება ოჯახის წევრთა რაოდენობას. საარსებო შემწეობის ოდენობა და გაანგარიშების პრინციპები განისაზღვრება საქართვე­ლოს მთავრობის დადგენილებით.

2. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას, ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის:

ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეე­ფარ­დათ თავისუფლების აღკვეთა;

ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;

გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;

ე) ინსტიტუციურ დაწესებულებაში და იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.

    მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენ­ტუ­რი ორგანოა სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – „სააგენ­ტო“), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარ­სებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალუ­რი დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაან­გარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეო­ბის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკით­ხების გადაწყვეტას.

თავი II. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი ოჯახებისა და სააგენტოს უფლება-მოვალეობები

    მუხლი 8. სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები

1. საარსებო შემწეობის ადმინისტირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯა­ხის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო­მა­რეო­ბის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავ­ლე­ნად);

ბ) შეაჩეროს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვა­ლის­წი­ნებით ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტი­ლება საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;

დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციე­ბისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისთვის.

3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები­სა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.

    მუხლი 9. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობები

1. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს უფლება აქვს:

ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრუ­ლი პირობებითა და ოდენობით;

ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადე­მიუ­რი სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწი­ნებული.

2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებუ­ლია:

ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლო­ბაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;

ბ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.

თავი III. საარსებო შემწეობის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა და განახლება

    მუხლი 10. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი

საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე“ და ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.

    მუხლი 11. სოციალური დახმარების დასანიშნად მიმართვა

1. საარსებო შემწეობის დასანიშნად მიმართვა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძვლის წარმო­შობიდან ნებისმიერ დროს.

2. საარსებო შემწეობის დასანიშნად, ოჯახის სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა წევრმა ან ოჯახის კანო­ნიერმა წარმომადგენელმა (შემდგომში – ოჯახის წარმომადგენელი) საჭიროა განცხადებით მიმართოს სააგენტოს.

3. განცხადების შევსება შეიძლება განხორციელდეს როგორც სააგენტოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში, ისე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ვიზიტისას.

4. განცხადების შევსებისას ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის (გარდა იმ პირ(ებ)ისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, ან/და მოცემული მომენტისათვის აღარ იმყოფება ოჯახის შემადგენლობაში) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

ბ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებუ­ლე­ბა/მინდობილობა, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის;

გ) დაბადების მოწმობა, თუ განცხადების შემოტანის მომენტისათვის ოჯახის წევრი თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანია;

დ) მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის მოწმობა (შემდეგში – მოწმობა).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვა­ლის­­წინებული დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი ინახება საა­გენტოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) განყოფილება­ში.

    მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა

1. საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადები და გაცე­მის პრინციპები რეგულირდება ამ წესითა და „მიზნობ­რივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენი­ლებით.

2. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვე­ტი­ლება მიიღება განცხადების შევსებიდან ორი კვირის ვადაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწი­ნებული.

    მუხლი 13. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება

1. საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის განცხადე­ბის შესავსებად ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ვიზიტისას აღმოჩენი­ლი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილე­ბის მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშვის შეჩერების საფუძველია, თუ:

ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზა­ში მითითებულ მისამართზე;

ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;

გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;

დ) ოჯახის ფაქტობრივად არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებ­ში მითითებულ საფუძველებს ადგენს ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადების შევსების მიზნით, მისული სააგენ­ტოს პასუხისმგებელი პირი.

3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვე­ტი­ლე­ბის მიღება ჩერდება შეჩერების საფუძვლის შეს­წავლის/დაზუსტების პერიოდით.

4. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვე­ტი­ლების მიღების შეჩერების შემთხვევაში, საარსებო შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესა­ხებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის დადგენილი წესით შესწავლის ან/და გადამოწმების შემდეგ გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით.

    მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადებაში აღნიშნულ ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე.

2. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულე­ბის მეშვეობით.

3. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს „სახელ­მწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირო­ბებით.

    მუხლი 15. საარსებო შემწეობის შეჩერება

1. სააგენტო ამოწმებს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშ­ნულ საარსებო შემწეობას, თუ მისი მიღების უფლებ­რივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოე­ბათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.

2. საარსებო შემწეობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.

3. საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძველია:

ა) ღატაკი ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ზედი­ზედ 3 თვის განმავლობაში მიუღებლობა ანუ, როდესაც არ ხდება ოჯახის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული საარ­სებო შემწეობის თანხის გატანა ზედიზედ სამი თვის განმავლობაში;

ბ) როდესაც ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდო­ბილობით სხვა პირზე და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ვერ მოხერხდა ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე არსებობის დადასტუ­რება;

გ) საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივ საკითხზე არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ან ახლადაღმოჩენილი გარემოება, რომელიც უკავშირდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ ან/და დემოგრაფიულ მდგომარეობას და საჭიროებს დამატებით შესწავლას;

დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთვევებში შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთვევაში _ ხუთ თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) განყოფილება იღებს გადაწყვე­ტი­ლებას საარსებო შემწეობის მიღების აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე. აღდგენის შემთვევაში, შეჩერებული საარსებო შემწეობა ოჯახს აღუდგება შეჩერების მომენტიდან.

    მუხლი 16. საარსებო შემწეობის შეწყვეტა

1. საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია:

ა) საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალება;

ბ) ოჯახის განცხადება;

გ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;

დ) ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება;

ე) საარსებო შემწეობის ზღვრული ქულის ცვლილე­ბა;

ვ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვა­ლისწინებული ვადის გასვლა;

ზ) საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული ვალდე­ბუ­ლებების შეუსრულებელობა.

2. საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვე­ტილებას იღებს სააგენტოს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) განყოფილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით საარსებო შემწეობის შეწყვეტა იწვევს ოჯახის რეგისტრაციის გაუქმებას მონაცემთა ერთიან ბაზაში და საარსებო შემწეობის მისაღებად ოჯახმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელახალი განაცხადით უნდა მიმართოს სააგენტოს.

4. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ოჯახის განმეორებით რეგისტრაციაზე, თუ:

ა) ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არ გასულა ერთი წელი;

ბ) ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არ გასულა სამი წელი.

    მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება

1. დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობების გა­დაან­გა­რიშება მოხდება შემდეგი გარემოებების არსე­ბობისას:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარ­სე­ბო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემ­თხვევაში (გადაანგარიშება განხორციელდება ავტომა­ტურად სააგენტოს მიერ);

ბ) ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლი­ლების შემთხვევაში (გადაანგარიშება მოხდება ასეთი ფაქტის დადასტურების მომდევნო თვიდან).

2. ოჯახის წევრთა შემადგენლობის გაზრდის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის გადაანგარიშებას წინ უსწრებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგო­მარეო­ბის განმეორებითი შეფასება. ამ შემთხვევაში გადაან­გა­რიშება განხორციელდება ოჯახის მიერ სააგენ­ტოში შესაბამისი განცხადების შეტანის თვიდან.

    მუხლი 18. საარსებო შემწეობის ხელახალი დანიშვნა

შეწყვეტილი საარსებო შემწეობის განახლება (ხელახალი დანიშვნა) მოხდება შეწყვეტის მიზეზების აღ­მოფხვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის დანიშვნი­სათვის გათვალისწინებული წესით.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 19. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ წესში ცვლილებები და/ან დამატებები შეიტანება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალუ­რი დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქ­მედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

14. 06/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-60/ნ - ვებგვერდი, 06/07/2021 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 13. 03/06/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-54/ნ - ვებგვერდი, 04/06/2020 12. 31/01/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-8/ნ - ვებგვერდი, 04/02/2019 11. 11/12/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-68/ნ - ვებგვერდი, 12/12/2017 10. 29/05/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-34/ნ - ვებგვერდი, 30/05/2017 9. 09/08/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-35/ნ - ვებგვერდი, 09/08/2016 8. 15/09/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-40/ნ - ვებგვერდი, 16/09/2015 7. 22/05/2015 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-15/ნ - ვებგვერდი, 25/05/2015 6. 15/04/2014 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-24/ნ - ვებგვერდი, 15/04/2014 5. 15/06/2012 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 01-38/ნ - ვებგვერდი, 18/06/2012 4. 30/06/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 193/ნ - სსმ, 76, 30/06/2010 3. 31/05/2010 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 150/ნ - სსმ, 61, 31/05/2010 2. 31/12/2008 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 297/ნ - სსმ, 187, 31/12/2008 1. 15/02/2007 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 46/ნ - სსმ, 21, 15/02/2007