„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 01-15/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 22/05/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 280080020.22.035.016328
01-15/ნ
22/05/2015
ვებგვერდი, 25/05/2015
280080020.22.035.016328
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-15/ნ

2015 წლის 22 მაისი

ქ. თბილისი

 

„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006 წ., №112, მუხ. 1554) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძნებით დამტკიცებული №1 დანართის (მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი):
ა) მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა

1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს დევნილის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.

2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად  დევნილის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს, რომელსაც მიენიჭა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული სარეიტინგო ქულა, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრ(ებ)ს შეუწყდება (გაუუქმდება) დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვევაში, ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება  სააგენტოში განცხადებით მომართვის მომდევნო თვიდან.

3. იმ შემთხვევაში თუ საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ან ოჯახის რომელიმე წევრი, ოჯახისთვის საარსებო შემწეობის შეჩერების პერიოდში მიიღებს დევნილის შემწეობას და ოჯახი განმეორებითი გადამოწმების (შეფასების) შედეგად კვლავ ინარჩუნებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, წერილობითი მომართვის შემთხვევაში ოჯახს აღუდგება საარსებო შემწეობის თანხა შეჩერების პერიოდიდან, იმ თანხის გამოკლებით, რომელიც ოჯახმა ან ოჯახის წევრმა მიიღო დევნილის შემწეობის სახით, შეჩერების პერიოდის განმავლობაში.

მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა და მისი გაანგარიშება

საარსებო შემწეობის ოდენობა ეფუძნება ოჯახის წევრთა რაოდენობასა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის სიდიდეს. საარსებო შემწეობის ოდენობა და გაანგარიშების პრინციპები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო

საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას) და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, უკან დაბრუნებას (დაქვითვას) აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;

ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას;

გ) სტატისტიკის წარმოებას.

2. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) გადაამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა ცვლილებების გამოსავლენად);

ბ) შეაჩეროს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;

გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით მიიღოს გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის, შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების და/ან ზედმეტად ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხების სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნების შესახებ;

დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა  საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისათვის.“;

გ) მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა

1. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით, ღატაკი ოჯახის შემადგენლობაში მყოფი ნებისმიერი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრის სახელზე გახსნილ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

2. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სააგენტოსა და მომსახურე საბანკო დაწესებულებასთან გაფორმე­ბული ხელშეკრულების პირობებით.

მუხლი 15. საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება და აღდგენა

1. სააგენტოს უფლება აქვს შეაჩეროს საარსებო შემწეობის გაცემა, ნებისმიერ ეტაპზე, თუ ოჯახი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას, მათ შორის:

ა) ოჯახის წევრის მიერ საარსებო შემწეობის სხვა სოციალურ გასაცემელთან (დევნილთა შემწეობა) ერთად ჩარიცხვა;

ბ) სახელმწიფო საზღვრის ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით კვეთა;

გ) ოჯახის ხელოვნურად გაყოფა/გაერთიანება;

დ) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;

ე) შეიცვალა ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული წევრების შემადგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) და ოჯახის ბოლო შეფასებიდან არ არის გასული 2 წელი);

ვ) ოჯახი უარს აცხადებს საარსებო შემწეობის დანიშვნაზე;

ზ) შემოსავლების გაზრდა;

თ) ოჯახის სხვა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება.

2. საარსებო შემწეობა შეიძლება შეჩერდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ან ახლად აღმოჩენილი გარემოება საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივ საკითხზე, ან როდესაც ოჯახი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომხდარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან დემოგრაფიული ცვლილების გამო.

3. საარსებო შემწეობის გაცემა ჩერდება დასაბუთებული ინფორმაციის ან ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების თვიდან, ხოლო თუ დახმარება უკვე გაცემულია, მომდევნო თვიდან.

4. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში, სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებს შეჩერების თვიდან.

5. შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემა აღდგება შეჩერების თვიდან, გადამოწმების შედეგად ოჯახის შემადგენლობაში არსებული წევრების რაოდენობისა და მინიჭებული სარეიტინგო ქულის შესაბამისად.“;

ე) მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება

1. დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატური გადაანგარიშება, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის გარეშე, მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას:

ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში;

ბ) ღატაკ ოჯახში ბავშვის დაბადების (შვილად აყვანის) შემთხვევაში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ოჯახის წევრის დამატებისას (ბავშვის დაბადება, შვილად აყვანა), საარსებო შემწეობის ოდენობების ავტომატურად გადაანგარიშება ხდება, ახალი მეთოდოლოგიით მინიჭებული სარეიტინგო ქულის გათვალისწინებით, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახი შეფასებულია (შესწავლილია) „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №93 დადგენილებით დამტკიცებული მეთოდოლოგიის ფარგლებში და სარეიტინგო ქულა ნაკლებია 57001-ზე, ოჯახის წევრის დამატებისას (ბავშვის დაბადება, შვილად აყვანა), საარსებო შემწეობის ოდენობა ავტომატურად გადაანგარიშდება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი ოდენობით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაანგარიშებული ოდენობით საარსებო შემწეობა გაიცემა:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული პირობებით;

ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სააგენტოსათვის მომართვის მომდევნო თვიდან.

4. საარსებო შემწეობა დანიშნული ოდენობით შესაძლებელია აგრეთვე გადაანგარიშებულ იქნეს, თუ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გათვალისწინებულია განსახვავებული ოდენობის საარსებო შემწეობის გაცემა.“;

ვ) მე-18 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. ბრძნებით დამტკიცებულ №1 დანართს (მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი) დაემატოს 181 მუხლი შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხების უკან დაბრუნების წესი

თუ ოჯახს ზედმეტად ჩაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასულ პერიოდში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით:

ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის ახალი საიდენტიფიკაციო კოდით) და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ჩაერიცხა რომელიმე წევრისთვის გათვალისწინებული ზედმეტი თანხა ოჯახის წევრ(ებ)ის გარდაცვალების ან სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის, ან სხვა შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაქვითოს გარდაცვლილი ან გასული წევრისთვის  ზედმეტად გადარიცხული თანხა ოჯახის მიერ მისაღები საარსებო შემწეობის თანხიდან,  გარდაცვალების ან სახელმწიფო საზღვრის სამ თვეზე მეტი ვადით კვეთის თვის მომდევნო თვიდან, ყოველთვიურად, ოჯახის საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით. ინფორმაცია სააგენტოში მიღებულად ითვლება შესაბამისი დაწესებულებებიდან მონაცემების სააგენტოში ოფიციალურად მიღების თვიდან; 

ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა და სააგენტოში შემოსული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ ოჯახს ან მის რომელიმე წევრს ზედმეტად გადაერიცხა საარსებო შემწეობის თანხა გასული პერიოდის განმავლობაში გარდაცვალების, ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით სახელმწიფო საზღვრის კვეთის ან სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა გარემოებათა გამო, საარსებო შემწეობის თანხის დაბრუნება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 მაისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელივალერი კვარაცხელია