დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს N225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 01-38/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/06/2012 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/06/2012 |
სარეგისტრაციო კოდი | 280080020.22.035.016156 |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №01-38/ნ
2012 წლის 1 5 ივნისი
ქ. თბილისი
„მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს № 225/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „ მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს № 225/ნ ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., № 112, მუხ. 1554) დამტკიცებულ „ მიზნობრივი სოციალური დახმარების გაცემისა და დანიშვნის წესშ ი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :
1. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება ეძლევა სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს (თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე ითვლება პირველ თვედ).“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (სარეიტინგო ქულის მინიჭების თვიდან მეორე თვეს), დადგენილი პროცედურების შესაბამისად.“.
2. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. საარსებო შემწეობის გაცემის შეჩერება
1. საარსებო შემწეობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებში მომხდარი ცვლილებების საფუძველზე, თუ საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.
2. საარსებო შემწეობა შეიძლება შეჩერდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ან ახლად აღმოჩენილი გარემოება საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივ საკითხზე, ან როდესაც ოჯახი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომხდარი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ან დემოგრაფიული ცვლილების გამო.
3. საარსებო შემწეობა ჩერდება დასაბუთებული ინფორმაციის ან ახლად აღმოჩენილი გარემოების შესახებ ინფორმაციის მიღების თვიდან, ხოლო თუ დახმარება უკვე გაცემულია , მომდევნო თვიდან.
4. საარსებო შემწეობის შეჩერების შემთხვევაში სააგენტო, შეჩერებიდან ერთი თვის განმავლობაში, უზრუნველყოფს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებით შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. შეფასების შედეგების გათვალისწინებით სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას შეჩერებული საარსებო შემწეობის გაცემის გაგრძელების (აღდგენის) ან შეწყვეტის თაობაზე. საარსებო შემწეობის აღდგენის შემთხვევაში ოჯახი დახმარებას იღებსს შეჩერების თვიდან, ხოლო შეწყვეტის შემთხვევაში დახმარება ითვლება შეწყვეტილად შეჩერების თვიდან.“.
3. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-3 პუნქტი:
„3. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა:
ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე;
ბ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე.“.
4. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ. ოჯახის წევრის გამოკლებისას:
ბ.ბ.ა. წევრის გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვის მომდევნო თვიდან;
ბ.ბ.ბ. ოჯახის შემადგენლობიდან წევრის გასვლის შემთხვევაში – დადასტურებული ინფორმაციის მიღების თვიდან, ხოლო თუ დახმარება უკვე გაცემულია, მომდევნო თვიდან.“.
მუხლი 2. ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3. ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 ივლისიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დ. ლომიძე
დოკუმენტის კომენტარები