დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
“მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 225/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 22/08/2006 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 24/08/2006 |
სარეგისტრაციო კოდი | 280.080.020.22.035.009.135 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/08/2006 - 15/02/2007)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.088.020.22.035.009.135
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №225/ნ
2006 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესი (დანართი №1).
2. სსიპ –სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება;
ბ) სოციალური დახმარებების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული შიდაორგანიზაციული მუშაობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2006 წლის 31 ივლისიდან.
ლ. ჭიპაშვილი
მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი შემუშავებულია „მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილების, აგრეთვე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება.
2. ეს წესი ადგენს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ ოჯახებზე, მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციებს, არეგულირებს მიზნობრივი სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების წესში“, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში.
მუხლი 3. სოციალური დახმარება
1. ამ წესის მიზნებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი (შემდგომში –საარსებო შემწეობა), რომელიც დაკავშირებულია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებასთან და/ან მის პრევენციასთან.
2. საარსებო შემწეობა წარმოადგენს საოჯახო დახმარებას.
მუხლი 4. საარსებო შემწეობის მიღების უფლება
1. საარსებო შემწეობის მიღების უფლება ეფუძნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს.
2. საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდეგში –მონაცემთა ბაზა) და შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე (შემდგომში –ღატაკი ოჯახი).
3. ღატაკ ოჯახს, საარსებო შემწეობის დანიშვნის უფლება წარმოეშობა ოჯახის მიერ მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადის შეტანის თვიდან მეოთხე თვეს.
4. საარსებო შემწეობა ინიშნება უფლების წარმოშობის თვიდან, რასაც წინ უსწრებს ღატაკი ოჯახის წერილობითი განცხადება, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.
5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვადის ათვლა შეიძლება შეჩერდეს დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორი) არსებობისას. ვადის ათვლა გაგრძელდება შეჩერების გამომწვევი მიზეზ(ებ)ის აღმოფხვრის შემდეგ. ასეთ შემთვევაში, ღატაკ ოჯახს საარსებო შემწეობა დაერიცხება უფლების წარმოშობის თვიდან (განაცხადის შემოტანიდან მეოთხე თვე), დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
მუხლი 5. საარსებო შემწეობის მიღების უფლების შეზღუდვა
1. საარსებო შემწეობის მიღება გამორიცხავს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების, აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის მიღებას. ოჯახს უფლება აქვს აირჩიოს „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების, შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობის ან საარსებო შემწეობის მიღება.
2. ოჯახის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფულადი სოციალური დახმარების, აგრეთვე დევნილის ყოველთვიური შემწეობის არჩევა არ იწვევს შემდგომში საარსებო შემწეობის მიღების უფლების ჩამორთმევას. ოჯახს უფლება აქვს განცხადებით მიმართოს სააგენტოს საარსებო შემწეობის დასანიშნად, მას შემდეგ, რაც ოჯახს ან მის წევრ(ებ)ს შეუწყდება (გაუუქმდება) „უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის სოციალური დახმარების“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარება და, შესაბამისად, დევნილის ყოველთვიური შემწეობა. ასეთ შემთხვევაში ოჯახს საარსებო შემწეობა დაენიშნება განცხადების შევსების მომდევნო თვიდან.
მუხლი 6. საარსებო შემწეობის ოდენობა და მისი გაანგარიშება
1. საარსებო შემწეობის ოდენობა ეფუძნება ოჯახის წევრთა რაოდენობას. საარსებო შემწეობის ოდენობა და გაანგარიშების პრინციპები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საარსებო შემწეობის ოდენობის გაანგარიშებისას, ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის წევრ(ებ)ი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად საარსებო შემწეობის დანიშვნის მომენტისათვის არის:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა;
ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
ე) ინსტიტუციურ დაწესებულებაში და იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
მუხლი 7. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანო
საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – „სააგენტო“), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელ/მიმღებ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და საარსებო შემწეობის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
თავი II. საარსებო შემწეობის ბენეფიციარი ოჯახებისა და სააგენტოს უფლება-მოვალეობები
მუხლი 8. სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები
1. საარსებო შემწეობის ადმინისტირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, განახლებას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;
ბ) საარსებო შემწეობის მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას;
გ) სტატისტიკის წარმოებას.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) სისტემატურად შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად);
ბ) შეაჩეროს საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
გ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
დ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა საარსებო შემწეობის ადმინისტრირებისთვის.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 9. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობები
1. საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს უფლება აქვს:
ა) მიიღოს საარსებო შემწეობა ამ წესით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;
ბ) მოითხოვოს საარსებო შემწეობის ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საარსებო შემწეობასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარებები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების და/ან იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
ბ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
თავი III. საარსებო შემწეობის დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა და განახლება
მუხლი 10. საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველი
საარსებო შემწეობის დანიშვნის საფუძველია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „საარსებო შემწეობის ზღვრულ ქულაზე“ და ოჯახის წერილობითი განცხადება საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ.
მუხლი 11. სოციალური დახმარების დასანიშნად მიმართვა
1. საარსებო შემწეობის დასანიშნად მიმართვა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
2. საარსებო შემწეობის დასანიშნად, ოჯახის სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა (შემდგომში – ოჯახის წარმომადგენელი) საჭიროა განცხადებით მიმართოს სააგენტოს.
3. განცხადების შევსება შეიძლება განხორციელდეს როგორც სააგენტოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში, ისე ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ვიზიტისას.
4. განცხადების შევსებისას ოჯახის წარმომადგენელმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის (გარდა იმ პირ(ებ)ისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში, ან/და მოცემული მომენტისათვის აღარ იმყოფება ოჯახის შემადგენლობაში) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ბ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის;
გ) დაბადების მოწმობა, თუ განცხადების შემოტანის მომენტისათვის ოჯახის წევრი თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანია;
დ) მონაცემთა ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის მოწმობა (შემდეგში – მოწმობა).
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი ინახება სააგენტოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში.
მუხლი 12. განცხადების განხილვა და საარსებო შემწეობის დანიშვნა
1. საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადები და გაცემის პრინციპები რეგულირდება ამ წესითა და „მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით.
2. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება განცხადების შევსებიდან ორი კვირის ვადაში, თუ ამ წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 13. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება
1. საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის განცხადების შესავსებად ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე სააგენტოს პასუხისმგებელი პირის ვიზიტისას აღმოჩენილი ფაქტ(ებ)ის გათვალისწინებით შესაძლებელია საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერება. საარსებო შემწეობის დანიშვის შეჩერების საფუძველია, თუ:
ა) ოჯახი მუდმივად არ ცხოვრობს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე;
ბ) ოჯახი ხელოვნურად არის გაყოფილი;
გ) ოჯახი ხელოვნურად არის გაერთიანებული;
დ) ოჯახის ფაქტობრივად არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა არ შეესაბამება მინიჭებულ სარეიტინგო ქულას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებში მითითებულ საფუძველებს ადგენს ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე, საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადების შევსების მიზნით, მისული სააგენტოს პასუხისმგებელი პირი.
3. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ჩერდება შეჩერების საფუძვლის შესწავლის/დაზუსტების პერიოდით.
4. საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შეჩერების შემთხვევაში, საარსებო შემწეობის დანიშვნის ან დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის დადგენილი წესით შესწავლის ან/და გადამოწმების შემდეგ გამოვლენილი შედეგების გათვალისწინებით.
მუხლი 14. საარსებო შემწეობის გაცემა
1. საარსებო შემწეობა გაიცემა საარსებო შემწეობის დანიშვნის შესახებ განცხადებაში აღნიშნულ ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე.
2. საარსებო შემწეობა გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
3. საარსებო შემწეობის გაცემა წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
მუხლი 15. საარსებო შემწეობის შეჩერება
1. სააგენტო ამოწმებს საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშნულ საარსებო შემწეობას, თუ მისი მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა-შემოწმებას.
2. საარსებო შემწეობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
3. საარსებო შემწეობის შეჩერების საფუძველია:
ა) ღატაკი ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის ზედიზედ 3 თვის განმავლობაში მიუღებლობა ანუ, როდესაც არ ხდება ოჯახის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული საარსებო შემწეობის თანხის გატანა ზედიზედ სამი თვის განმავლობაში;
ბ) როდესაც ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით სხვა პირზე და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ვერ მოხერხდა ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე არსებობის დადასტურება;
გ) საარსებო შემწეობის მიღების უფლებრივ საკითხზე არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ან ახლადაღმოჩენილი გარემოება, რომელიც უკავშირდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ ან/და დემოგრაფიულ მდგომარეობას და საჭიროებს დამატებით შესწავლას;
დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთვევებში შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს, ხოლო „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთვევაში _ ხუთ თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) განყოფილება იღებს გადაწყვეტილებას საარსებო შემწეობის მიღების აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე. აღდგენის შემთვევაში, შეჩერებული საარსებო შემწეობა ოჯახს აღუდგება შეჩერების მომენტიდან.
მუხლი 16. საარსებო შემწეობის შეწყვეტა
1. საარსებო შემწეობის შეწყვეტის საფუძველია:
ა) საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალება;
ბ) ოჯახის განცხადება;
გ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
დ) ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება;
ე) საარსებო შემწეობის ზღვრული ქულის ცვლილება;
ვ) ამ წესის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა;
ზ) საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული ვალდებულებების შეუსრულებელობა.
2. საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) განყოფილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით საარსებო შემწეობის შეწყვეტა იწვევს ოჯახის რეგისტრაციის გაუქმებას მონაცემთა ერთიან ბაზაში და საარსებო შემწეობის მისაღებად ოჯახმა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხელახალი განაცხადით უნდა მიმართოს სააგენტოს.
4. სააგენტო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ოჯახის განმეორებით რეგისტრაციაზე, თუ:
ა) ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტების საფუძველზე და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არ გასულა ერთი წელი;
ბ) ოჯახს საარსებო შემწეობა შეუწყდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არ გასულა სამი წელი.
მუხლი 17. საარსებო შემწეობის გადაანგარიშება
1. დანიშნული საარსებო შემწეობის ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საარსებო შემწეობის ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში (გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად სააგენტოს მიერ);
ბ) ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შემთხვევაში (გადაანგარიშება მოხდება ასეთი ფაქტის დადასტურების მომდევნო თვიდან).
2. ოჯახის წევრთა შემადგენლობის გაზრდის შემთხვევაში, საარსებო შემწეობის გადაანგარიშებას წინ უსწრებს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განმეორებითი შეფასება. ამ შემთხვევაში გადაანგარიშება განხორციელდება ოჯახის მიერ სააგენტოში შესაბამისი განცხადების შეტანის თვიდან.
მუხლი 18. საარსებო შემწეობის ხელახალი დანიშვნა
შეწყვეტილი საარსებო შემწეობის განახლება (ხელახალი დანიშვნა) მოხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, საარსებო შემწეობის დანიშვნისათვის გათვალისწინებული წესით.
თავი IV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 19. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებები და/ან დამატებები შეიტანება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დოკუმენტის კომენტარები