საინვესტიციო ფონდების შესახებ

საინვესტიციო ფონდების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 6805-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 14/07/2020
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/07/2020
სარეგისტრაციო კოდი 240080000.05.001.019981
6805-რს
14/07/2020
ვებგვერდი, 22/07/2020
240080000.05.001.019981
საინვესტიციო ფონდების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

საინვესტიციო ფონდების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. კანონის მიზანი, რეგულირების საგანი და მოქმედების სფერო

1. ამ კანონის მიზანია საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარება, ამ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფა და ინვესტორთა ინტერესების დაცვა.

2. ეს კანონი ვრცელდება:

ა) საქართველოში დაფუძნებულ საინვესტიციო ფონდზე, აგრეთვე იმ უცხოურ საინვესტიციო ფონდზე, რომლის ერთეულების შეთავაზება ხორციელდება საქართველოში;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების მმართველ კომპანიებზე;

გ) საქართველოში დაფუძნებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე, მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდი საქართველოში;

დ) სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდების აქტივების ინვესტირებასთან, მართვასთან, შენახვასთან, ადმინისტრირებასა და აღრიცხვა-რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობენ.

3. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა განახორციელოს საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ ამ კანონის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის/ლიცენზირების გარეშე, გარდა ამავე კანონით დადგენილი გამონაკლისებისა.

4. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებზე, უცხო ქვეყნის ეროვნულ, რეგიონალურ და ადგილობრივ ორგანოებსა და დაწესებულებებზე, რომლებიც სოციალური უზრუნველყოფის ან საპენსიო სისტემების ფონდებს მართავენ;

ბ) ჰოლდინგურ კომპანიაზე;

გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ და „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრულ საპენსიო სქემებზე;

დ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტზე;

ე) სეკიურიტიზაციისთვის განკუთვნილ სპეციალური მიზნის მქონე წარმონაქმნზე;

ვ)  საქართველოს ეროვნულ ბანკსა და უცხო ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე (გარდა სპეციალიზებულ დეპოზიტართან დაკავშირებული მოთხოვნებისა).

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაგროვებითი ერთეული − საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის მიმართ ხორციელდება მოგების კაპიტალიზაცია და ეს მოგება განაწილებას არ ექვემდებარება;

ბ) საშემოსავლო ერთეული − საინვესტიციო ფონდის ერთეული, რომლის კუთვნილი მოგება პერიოდულად ნაწილდება და ამ მოგების კაპიტალიზაცია არ ხორციელდება;

გ) ერთეული − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის აქცია/წილი საინვესტიციო კომპანიაში ან პაი ერთობლივ საინვესტიციო ფონდში;

დ) ერთეულის მფლობელი − პირი, რომელსაც ეკუთვნის ერთეული (ერთეულები) საინვესტიციო ფონდში;

ე) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი − ლიკვიდური ინსტრუმენტები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ფულად ბაზარზე გამოიყენება და რომელთა ზუსტი ღირებულების დადგენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, მათ შორის, სახაზინო ობლიგაციები და სადეპოზიტო სერტიფიკატები, გარდა საგადახდო ინსტრუმენტებისა;

ვ) პირი − ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო ფონდი), რომელიც იურიდიული პირი არ არის;

ზ) ფილიალი − აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლობა, რომელსაც იურიდიული პირის სტატუსი არ გააჩნია და რომელიც თავის საქმიანობას აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს;

თ) კონტროლი − მშობელ და შვილობილ საწარმოებს შორის ურთიერთობა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც სამოქმედოდ შემოღებულია „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, აგრეთვე მსგავსი ურთიერთობა ნებისმიერ პირსა და საწარმოს შორის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისთვის შვილობილი საწარმოს შვილობილი საწარმო აგრეთვე ითვლება ამ საწარმოების ზემდგომი მშობელი საწარმოს შვილობილ საწარმოდ;

ი) მჭიდრო კავშირი − ორი ან ორზე მეტი ფიზიკური ან იურიდიული პირის კავშირი:

ი.ა) წილის ფლობით, რაც გულისხმობს საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 20 პროცენტის ან მეტის ფლობას პირდაპირ ან კონტროლის მეშვეობით;

ი.ბ) კონტროლის მეშვეობით;

ი.გ) ერთსა და იმავე პირთან მუდმივად არსებული კონტროლის მეშვეობით;

კ) მნიშვნელოვანი წილი − საწარმოს კაპიტალის ან ხმის უფლების 10 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა ან საწარმოს მართვაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მიუხედავად საწარმოს კაპიტალში წილის ან ხმის უფლების ოდენობისა;

ლ) საზედამხედველო ორგანო − საქართველოს ეროვნული ბანკი;

მ) უცხოური საზედამხედველო ორგანო − ორგანო, რომელიც უცხო ქვეყნის კანონმდებლობით უფლებამოსილია გასცეს საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ნებართვა და ზედამხედველობა გაუწიოს მათ საქმიანობას;

ნ) საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი – საინვესტიციო ფონდი, რომელიც ავტორიზებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის შესაბამისად;

ო)  საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც ლიცენზირებული ან რეგისტრირებულია ამ კანონის შესაბამისად;

პ) საინვესტიციო ფონდი − ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდი;

ჟ) დახურული საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც არ შეუძლია უწყვეტად გამოუშვას ერთეულები და რომლის ერთეულის მფლობელებს არა აქვთ უფლება, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციამდე მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

რ) ღია საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც შეუძლია უწყვეტად გამოუშვას ერთეულები და რომლის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან, სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად;

ს) ინტერვალური საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელსაც შეუძლია გამოუშვას ერთეულები სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ, და რომლის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ საკუთარი ერთეულის (ერთეულების) გამოსყიდვა პირდაპირ ან არაპირდაპირ საინვესტიციო ფონდის აქტივებიდან სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურითა და სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ;

ტ) პროსპექტი − ემისიის პროსპექტი, რომელიც შედგენილია ამ კანონის 66-ე მუხლის შესაბამისად და რომელშიც ასახულია საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების შესახებ დეტალური ინფორმაცია;

უ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია − დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ამ კანონის 67-ე მუხლის შესაბამისად და რომელშიც ასახულია საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულების შესახებ საკვანძო ინფორმაცია;

ფ) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო შეთავაზება;

ქ) უცხოური საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაფუძნებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად;

ღ) აღიარებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ აღიარებული უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოში საჯარო შეთავაზება;

ყ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება;

შ) შეთავაზება − საინვესტიციო ფონდის ერთეულების გასხვისების ნებისმიერი პირდაპირი ან არაპირდაპირი მცდელობა აქტივების მმართველი კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით იმ საინვესტიციო ფონდის ერთეულებთან მიმართებით, რომელსაც იგი მართავს, ან საინვესტიციო კომპანიის ინიციატივით ან მისი სახელით საკუთარ ერთეულებთან მიმართებით;

ჩ) საჯარო შეთავაზება − 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის ან წინასწარ განუსაზღვრელი რაოდენობის პირებისთვის საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება;

ც) კერძო შეთავაზება − საინვესტიციო ფონდის ერთეულების ნებისმიერი ისეთი შეთავაზება, რომელიც საჯარო შეთავაზება არ არის;

ძ) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი − საზედამხედველო ორგანოს მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (გარდა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდისა), რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს საჯარო შეთავაზება;

წ) ქოლგისებრი ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ ქვეფონდად; 

ჭ) ქვეფონდი − ქოლგისებრი ფონდის დამოუკიდებელი ნაწილი, რომელთან დაკავშირებითაც კაპიტალის მოზიდვა, მართვა და აღრიცხვა ხორციელდება დამოუკიდებლად;

ხ) დამოუკიდებელი ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც ქოლგისებრი ფონდი ან ქვეფონდი არ არის;

ჯ) მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი (შემდგომ − UCITS) − ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებული ღია საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთადერთი მიზანია საჯარო შეთავაზების საფუძველზე მოზიდული კაპიტალის კოლექტიური ინვესტირება ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ლიკვიდობის მქონე სხვა ფინანსურ აქტივებში და რომელიც რისკის დივერსიფიკაციის პრინციპის საფუძველზე მოქმედებს;

ჰ) აქტივების მმართველი კომპანია − იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვას (კოლექტიური პორტფელის მართვას) ახორციელებს;

1) ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიცენზირებულია საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით;

2) რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანოს მიერ რეგისტრირებულია რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით;

3) უცხოური აქტივების მმართველი კომპანია − აქტივების მმართველი კომპანია, რომელზედაც უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ გასცა საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის საქმიანობის ნებართვა;

4) აღიარებული აქტივების მმართველი კომპანია − უცხოური აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საზედამხედველო ორგანომ აღიარა საქართველოში ავტორიზებული ან/და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვის მიზნით;

5) საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვა (კოლექტიური პორტფელის მართვა) − ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციებიდან სულ მცირე ერთი ფუნქციის შესრულება;

6) ერთობლივი საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს, როგორც სახელშეკრულებო სქემა, იურიდიული პირის შეუქმნელად;

7) საინვესტიციო კომპანია − საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს, როგორც იურიდიული პირი;

8) შერწყმა:

8.ა) ერთი ან ერთზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ლიკვიდაციის გარეშე წყვეტს (წყვეტენ), ყველა აქტივისა და ვალდებულების სხვა არსებული ფონდისთვის ან ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) გადაცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულის მფლობელებზე მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულებისა და შესაბამის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების გაცემის სანაცვლოდ;

8.ბ) ორი ან ორზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდების) მიერ, რომლებიც არსებობას ლიკვიდაციის გარეშე წყვეტენ, ყველა აქტივისა და ვალდებულების მათ მიერ ახლად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდისთვის ან მისი ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) გადაცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელებზე მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულებისა და შესაბამის შემთხვევაში ფულადი ანაზღაურების გაცემის სანაცვლოდ;

8.გ) ერთი ან ერთზე მეტი საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის (გადამცემი საინვესტიციო ფონდის) მიერ, რომელიც (რომლებიც) არსებობას ვალდებულებების შესრულებამდე განაგრძობს (განაგრძობენ), იმავე საინვესტიციო ფონდის ქვეფონდისთვის, მის (მათ) მიერ შექმნილი საინვესტიციო ფონდისთვის ან სხვა არსებული საინვესტიციო ფონდისთვის ან ქვეფონდისთვის (მიმღები საინვესტიციო ფონდისთვის) წმინდა აქტივების გადაცემა;

9) სადამფუძნებლო დოკუმენტი − ერთობლივი საინვესტიციო ფონდის წესები ან საინვესტიციო კომპანიის წესდება;

10) სპეციალიზებული დეპოზიტარი − იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ასრულებს საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციებს;

11) ჰოლდინგური კომპანია − ერთ ან რამდენიმე სხვა კომპანიაში წილის მფლობელი კომპანია, რომლის კომერციული მიზანია ბიზნესსტრატეგიის (ბიზნესსტრატეგიების) განხორციელება მასთან დაკავშირებული კომპანიების ან შვილობილი კომპანიების მეშვეობით ან წილობრივი მონაწილეობით, რათა გაზარდოს მათი ღირებულება გრძელვადიან პერსპექტივაში, და რომელიც ამავდროულად აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:

11.ა) ეს კომპანია მოქმედებს საკუთარი ინტერესებისთვის და მისი აქციები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე; 

11.ბ) ამ კომპანიის დაფუძნების ძირითადი მიზანი არ არის ინვესტორებისთვის მოგების გენერირება მასთან დაკავშირებული კომპანიების ან საკუთარი შვილობილი კომპანიების გაყიდვით, რასაც ადასტურებს მისი წლიური ანგარიში ან სხვა ოფიციალური დოკუმენტაცია;

12) აქტივების წმინდა ღირებულება − ღირებულება, რომელიც გამოითვლება გაანგარიშების დროს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) აქტივების საერთო ღირებულებისთვის ამ საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) ვალდებულებების ჯამური ოდენობის გამოკლებით;

13) ერთეულის წმინდა ღირებულება − ღირებულება, რომელიც გამოითვლება საინვესტიციო ფონდის (ან ქვეფონდის) აქტივების წმინდა ღირებულების ამ ღირებულების გაანგარიშების დროს გამოშვებული ერთეულების რაოდენობაზე გაყოფით. თუ საინვესტიციო ფონდს გამოშვებული აქვს რამდენიმე კლასის ერთეული, სხვადასხვა კლასის ერთეულების წმინდა ღირებულება შეიძლება იყოს განსხვავებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესების შესაბამისად;

14) გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი − ნებისმიერი პირი, რომელიც არ არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გათვითცნობიერებული ინვესტორი;

15) გათვითცნობიერებული ინვესტორი − ნებისმიერი პირი, რომელიც არის გათვითცნობიერებული ინვესტორი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

16) ხანგრძლივი მატარებელი − ნებისმიერი ინსტრუმენტი (მათ შორის, ელექტრონული), რომელიც ინვესტორს საშუალებას აძლევს, პირადად მისთვის მიწოდებული ინფორმაცია მისი გამოყენებისთვის საჭირო დროის განმავლობაში შეინახოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უცვლელად რეპროდუცირების შესაძლებლობა;

17) მმართველი ორგანო − „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მმართველი ორგანო;

18) გამოსყიდვა − ერთეულების გამოსყიდვა მათი გაუქმებით, ხოლო სააქციო საზოგადოების ფორმით დაფუძნებული საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში − აგრეთვე ერთეულების (აქციების) შესყიდვა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში;

19) ინვესტორი − საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) არსებული ან  პოტენციური მფლობელი;

20) ინვესტორი ფონდი − საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი, რომელიც საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს სხვა საინვესტიციო ფონდში ან მის ქვეფონდში (ინვესტიციის მიმღებ ფონდში);

21) ინვესტიციების მიმღები ფონდი − საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი, რომელშიც ამ პუნქტის „ჰ20“ ქვეპუნქტის შესაბამისად ინვესტიციას ახორციელებს სხვა საინვესტიციო ფონდი ან მისი ქვეფონდი;

22) რეორგანიზაცია − საწარმოს რეორგანიზაცია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

23) სეკიურიტიზაციისთვის განკუთვნილი სპეციალური მიზნის მქონე წარმონაქმნი − წარმონაქმნი, რომლის ერთადერთი მიზანია სეკიურიტიზაცია და რომელიც შეიძლება ახორციელებდეს სხვა, დამხმარე საქმიანობას ამ მიზნის მისაღწევად;

24) ფინანსური ინსტრუმენტი − ფინანსურ ინსტრუმენტებს (გარდა საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გამონაკლისებისა) მიეკუთვნება შემდეგი უფლებები ან/და ხელშეკრულებები: 

24.ა) ფასიანი ქაღალდები;

24.ბ) ერთეული საინვესტიციო ფონდში;

24.გ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტი;

24.დ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ფორვარდული გარიგებები და სხვა დერივატივები, რომლებიც ფასიან ქაღალდებს, ვალუტებს, საპროცენტო განაკვეთებს, დერივატივებს, ფინანსურ ინდექსებს ან ფინანსურ ინდიკატორებს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორება ხორციელდება საბაზისო აქტივის მიწოდებით ან ფულადი ფორმით;

24.ე) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები, რომლებიც საქონელს უკავშირდება და ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა);

24.ვ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები და სხვა დერივატივები, რომლებიც საქონელს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია საბაზისო აქტივის მიწოდებით, თუ ეს ინსტრუმენტები ივაჭრება საფონდო ბირჟაზე;

24.ზ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, ფორვარდები და სხვა დერივატივები (გარდა ამ მუხლის „ჰ24.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტებისა), რომლებიც საქონელს უკავშირდება და რომლებზედაც ანგარიშსწორების განხორციელება შესაძლებელია საბაზისო აქტივის მიწოდებით, თუ ეს ინსტრუმენტები განკუთვნილი არ არის კომერციული მიზნებისთვის და მათ სხვა ფინანსური ინსტრუმენტების მახასიათებლები აქვს;

24.თ) საკრედიტო რისკის გადასაცემად განკუთვნილი დერივატივები;

24.ი) კონტრაქტები ფასთა შორის სხვაობაზე;

24.კ) ოფციონები, ფიუჩერსები, სვოპები, საპროცენტო განაკვეთზე მიბმული ფორვარდული გარიგებები და სხვა დერივატივები, რომლებიც უკავშირდება კლიმატურ ცვლადებს, ტვირთის გადაზიდვის ტარიფებს, ინფლაციის მაჩვენებლებს ან სხვა ოფიციალურ ეკონომიკურ სტატისტიკას და ფულადი ანგარიშსწორების განხორციელებას ითვალისწინებს სავალდებულო წესით ან ერთ-ერთი მხარის ინიციატივის საფუძველზე (გარდა დეფოლტის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევებისა). ფინანსურ ინსტრუმენტებს აგრეთვე განეკუთვნება სხვა დერივატივები, რომლებიც იმ აქტივებს, უფლებებს, ვალდებულებებს, ინდექსებსა და ინდიკატორებს უკავშირდება, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ ქვეპუნქტით, თუ ამ ხელშეკრულებებს აქვს სხვა ფინანსური დერივატივების მახასიათებლები, მათ შორის, იმის მიხედვით, ივაჭრება თუ არა ისინი საფონდო ბირჟაზე;

25) მარეგისტრირებელი ორგანო − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

26) მართვის ადგილი − იურიდიული პირის შემთხვევაში − ადგილი, სადაც მმართველი ორგანო ფაქტობრივად ასრულებს მმართველობით ფუნქციას, ხოლო იურიდიული პირის სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში − მისი საქმიანობის ადგილი.

2. ამ კანონში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მუხლი 3. ვადების ათვლა და საზედამხედველო ორგანოსთვის დოკუმენტების წარდგენის წესი

1. ამ კანონით განსაზღვრული ვადების ათვლისას არ გაითვალისწინება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელს საზედამხედველო ორგანოს მითითებით უნდა წარედგინა განაცხადის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში განაცხადის განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენისთანავე.

2. საზედამხედველო ორგანოსთვის ამ კანონის შესაბამისად წარსადგენი უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

თავი II

საინვესტიციო ფონდები

 

მუხლი 4. საინვესტიციო ფონდის არსი

1. საინვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს ამ კაპიტალის განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად ინვესტორების სასარგებლოდ ინვესტირების მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის კოლექტიური საინვესტიციო სქემა არის იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა, რომელიც აკმაყოფილებს ერთ ან რამდენიმე შემდეგ პირობას:

ა) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის მიზანი არ არის ჩვეულებრივი სავაჭრო ან სამრეწველო საქმიანობის განხორციელება;

ბ) იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა აერთიანებს ინვესტორებისგან მოზიდულ კაპიტალს მისი ინვესტირების შედეგად ინვესტორებისთვის საერთო მოგების გენერირების მიზნით;

გ) იურიდიული პირის ან სახელშეკრულებო სქემის ერთეულის მფლობელებს კოლექტიურად არ გააჩნიათ ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილების მიღების უფლება. ერთი ან რამდენიმე, მაგრამ არა ყველა, ერთეულის მფლობელისთვის ყოველდღიური მართვის განხორციელების ან გადაწყვეტილებების მიღების უფლების მინიჭება არ ნიშნავს, რომ იურიდიული პირი ან სახელშეკრულებო სქემა კოლექტიური საინვესტიციო სქემა არ არის.

3. საინვესტიციო ფონდის აქტივები შესაძლებელია დაიყოს საინვესტიციო პოლიტიკით ან/და სხვა ნიშნით ერთმანეთისგან განსხვავებულ, დამოუკიდებელ საინვესტიციო ნაწილებად, რომლებიც ქვეფონდებად მიიჩნევა. საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ნორმები აგრეთვე ვრცელდება მათ შესაბამის ქვეფონდებზე, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდებზე, ამ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილებები საინვესტიციო ფონდის ქვეფონდთან, როგორც დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდთან, მიმართებით.

4. გარდა საქართველოს კანონმდებლობით ქვეფონდებისთვის დადგენილი მოთხოვნებისა, საქართველოში დაფუძნებული ქოლგისებრი  ფონდის ქვეფონდზე ვრცელდება შემდეგი წესები:

ა) დაუშვებელია ქვეფონდის აქტივების გამოყენება ან მათ მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სხვა ქვეფონდების ვალდებულებების შესასრულებლად ან სხვა ქვეფონდების ერთეულის მფლობელების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;

ბ) თითოეული ქვეფონდის მიმართ აღრიცხვა ხორციელდება ქოლგისებრი ფონდის სხვა ქვეფონდებისგან დამოუკიდებლად;

გ) ქოლგისებრი ფონდის აქტივების მმართველი კომპანია ან ქოლგისებრი საინვესტიციო კომპანია უფლებამოსილია ქვეფონდთან დაკავშირებული ქმედებები განახორციელოს ისე, როგორც განახორციელებდა დამოუკიდებელ ფონდთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

დ) ქვეფონდის სასარგებლოდ შეძენილი ნებისმიერი უფლება, რომელიც შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციას ექვემდებარება, უნდა დარეგისტრირდეს იმ ქვეფონდის სახელზე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უფლების შეძენა;

ე) თითოეული ქვეფონდის ერთეულის მფლობელს უფლება აქვს, გადავიდეს სხვა ქვეფონდში ქოლგისებრი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პირობებითა და დადგენილი წესით.

5. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები: „საინვესტიციო ფონდი“, „საინვესტიციო კომპანია“, „კოლექტიური საინვესტიციო სქემა“, „კოლექტიური საინვესტიციო ფონდი“, „ქოლგისებრი ფონდი“, „ქვეფონდი“, „UCITS“, „კერძო კაპიტალის ფონდი“ და „ვენჩურული კაპიტალის ფონდი“, აგრეთვე სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად ავტორიზაციის, რეგისტრაციის,  აღიარების გარეშე.

 

მუხლი 5. საინვესტიციო ფონდების სახეები

1. საქართველოში საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია დაფუძნდეს საინვესტიციო კომპანიის ან ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით.

2. საინვესტიციო ფონდი, როგორც საინვესტიციო კომპანია,  შესაძლებელია არსებობდეს სააქციო საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დახურული რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია აგრეთვე არსებობდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების ფორმით, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. თუ საინვესტიციო კომპანიამ დანიშნა აქტივების მმართველი კომპანია, ამ საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების განმახორციელებელი პირი აქტივების მმართველი კომპანიაა.

4. საინვესტიციო ფონდი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ფორმით უნდა დაფუძნდეს სახელშეკრულებო სქემად, რომელსაც მართავს და წარმოადგენს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აქტივების მმართველი კომპანია.

5. საინვესტიციო ფონდს შესაძლებელია მართავდეს მხოლოდ ერთი აქტივების მმართველი კომპანია.

6. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია ჩამოყალიბდეს დახურულ, ინტერვალურ ან ღია საინვესტიციო ფონდად.

7. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაშვებია ღია, ინტერვალური ან დახურული საინვესტიციო ფონდის გარდაქმნა სხვა სახის (ღია, ინტერვალურ ან დახურულ) საინვესტიციო ფონდად, თუ მარეგულირებელი კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის გარდაქმნის განხორციელებამდე ერთეულის მფლობელებს ენიჭებათ უფლება, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა).

8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდებთან მიმართებით საინვესტიციო ფონდების სახეების,  საინვესტიციო პოლიტიკის, საქმიანობის საგნის ან სხვა კრიტერიუმის მიხედვით.

 

მუხლი 6. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი და უცხოური საინვესტიციო ფონდი

1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება, ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გარეშე განახორციელოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობა.

2. ამ კანონის შესაბამისად, საქართველოში საინვესტიციო ფონდი უნდა დაფუძნდეს, როგორც:

ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (UCITS ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი);

ბ) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი.

3. ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს საჯარო შეთავაზება ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება.

4. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ შეიძლება ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. თუ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.

5. ერთი და იმავე რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს არ უნდა აჭარბებდეს. თუ აღნიშნულ რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდებში გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საერთო რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს, რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია არაუგვიანეს 3 თვის გასვლისა გარდაიქმნას ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიად. გარდაქმნა არ მოითხოვება, თუ გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის გადაჭარბება გამოწვეული არ არის რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ბრალით და იგი 3 თვის ვადაში უზრუნველყოფს გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების რაოდენობის დასაშვებ ზღვრამდე შემცირებას.

6. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია დადგენილ ვადაში ვერ უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას იმავე პუნქტების შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას.

7. უცხოურ საინვესტიციო ფონდს უფლება აქვს, საქართველოში საჯარო შეთავაზება განახორციელოს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ მისი ამ კანონის შესაბამისად აღიარების შემთხვევაში. უცხოური საინვესტიციო ფონდი საქართველოში კერძო შეთავაზების განხორციელებამდე ვალდებულია ამ შეთავაზების შესახებ აცნობოს საზედამხედველო ორგანოს საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმით.

8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს უცხოური საინვესტიციო ფონდის ერთეულების საქართველოში შეთავაზების მარეგულირებელი წესი.

 

მუხლი 7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვებით დაგროვებული და ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირებით შეძენილი აქტივები ერთეულის მფლობელების საერთო საკუთრებაა. ეს აქტივები არ არის აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთრება და არ გაითვალისწინება ნებისმიერი ასეთი პირის სალიკვიდაციო მასაში მათ მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში.

2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) და საერთო საკუთრების მარეგულირებელი წესები არ ვრცელდება ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის საქმიანობაზე.

3. აქტივების მმართველი კომპანია ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებით გარიგებებს დებს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების საერთო ინტერესებისთვის.

4. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესებისთვის შეძენილი უფლება ან ვალდებულება, რომელიც მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძველზე რეგისტრაციას ექვემდებარება, უნდა დარეგისტრირდეს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სახელზე. ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში რეგისტრაცია შეიძლება აგრეთვე განხორციელდეს მისი ქვეფონდის სახელზე.

5. ერთეულის მფლობელი პერსონალურად არ აგებს პასუხს აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ნაკისრი ვალდებულებებისთვის. ერთეულის მფლობელის პასუხისმგებლობა ამ ვალდებულებების შესრულებისთვის შემოიფარგლება მხოლოდ მის მიერ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივებში განხორციელებული შენატანით.

6. აქტივების მმართველი კომპანია პერსონალურად არ აგებს პასუხს ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ვალდებულებებისთვის, რომლებიც წარმოიშვა მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად.

7. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი პასუხს არ აგებს აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან ერთეულის მფლობელის ვალდებულებებისთვის. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი პასუხს აგებს მხოლოდ მისი ერთეულის მფლობელებისა და კრედიტორების წინაშე არსებული საკუთარი ვალდებულებებისთვის.

8. მარეგულირებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მითითება საინვესტიციო ფონდის მიერ ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისგან თავის შეკავების შესახებ ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში მის აქტივების მმართველ კომპანიაზე მითითებად ჩაითვლება.

9. თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთობლივ საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ამ მუხლის დებულებები აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდებზე.

 

მუხლი 8. საინვესტიციო კომპანია

1. საინვესტიციო კომპანიას ეკრძალება განახორციელოს სხვა საქმიანობა, გარდა საკუთარი პორტფელის მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისა, ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.

2. თუ საინვესტიციო კომპანია საქართველოში დაფუძნებულია, როგორც ქოლგისებრი ფონდი, ერთეულის მფლობელების საერთო კრება უფლებამოსილი არ არის, გადაწყვიტოს საკითხები, რომლებიც შეეხება მხოლოდ კონკრეტული ქვეფონდის აქტივებს ან მის ერთეულის მფლობელებს. ამ შემთხვევაში ხმის მიცემის უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეფონდის ერთეულის მფლობელებს. ეს წესი არ გამოიყენება, თუ შესაბამის ქვეფონდში ხმის უფლების მქონე ერთეულის მფლობელები გაწევრებული არ არიან.

3. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტში ნებადართული კაპიტალისა და საინვესტიციო კომპანიის აქციების ოდენობის მითითება სავალდებულო არ არის. ამგვარი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში შესაძლებელია მითითებული იყოს მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც შეიძლება აქციების გამოშვება.

4. ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო კომპანიაზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი შემდეგი წესები:

ა) აქციების გამოშვებისა და მასთან დაკავშირებული გადახდების განხორციელების  წესები;

ბ) კაპიტალის გაზრდის ან შემცირების წესები და შესაბამისი ინფორმაციის გასაჯაროების წესები;

გ) აქციათა სავალდებულო მიყიდვის წესები;

დ) აქციონერების უპირატესი შესყიდვის უფლებების მარეგულირებელი წესები;

ე) სატენდერო შეთავაზების განხორციელების წესები.

 

მუხლი 9. საინვესტიციო ფონდის დაფუძნება

1. ავტორიზებული ან რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ამ კანონის შესაბამისად დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და შესაბამის სადამფუძნებლო დოკუმენტს ამტკიცებს აქტივების მმართველი კომპანია. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი საინვესტიციო ფონდის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის მომენტიდან.

2. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაფუძნებული საწარმოს საინვესტიციო კომპანიად ავტორიზებისთვის ან რეგისტრაციისთვის აუცილებელია ამ საწარმოს ხმის უფლების მქონე ყველა აქციონერის/პარტნიორის გადაწყვეტილება, თუ საწარმოს სადამფუძნებლო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინვესტიციო კომპანია საინვესტიციო ფონდის საქმიანობას ახორციელებს მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად მისი ავტორიზაციის/რეგისტრაციის მომენტიდან.

 

მუხლი 10.  საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი

1. ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი იქმნება სადამფუძნებლო დოკუმენტის საფუძველზე. აღნიშნული დოკუმენტი უნდა ადგენდეს საინვესტიციო ფონდის მართვისა და ადმინისტრირების წესებს და განსაზღვრავდეს საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო მიზნებსა და ერთეულების შეთავაზების პირობებს. იგი საინვესტიციო ფონდისთვის სავალდებულო დოკუმენტია.

2. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი არ უნდა შეიცავდეს დებულებას, რომელიც:

ა) ეწინააღმდეგება ამ კანონს ან საქართველოს სხვა საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნებისმიერ დებულებას ან ამ აქტებით დადგენილ ნებისმიერ წესს;

ბ) აშკარად არასამართლიანია ზოგადად ერთეულის მფლობელების ინტერესებთან ან რომელიმე კლასის ერთეულის მფლობელების ინტერესებთან მიმართებით.

3. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი:

ა) UCITS, გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი;

ბ) ღია, ინტერვალური ან დახურული საინვესტიციო ფონდი;

გ) დამოუკიდებელი ფონდი ან ქოლგისებრი ფონდი;

დ) ინვესტიციის მიმღები ფონდი;

ე) ინვესტორი ფონდი.

4. საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას:

ა)  საინვესტიციო ფონდის, მათ შორის, მისი ქვეფონდების (მათი არსებობის შემთხვევაში) სახელწოდებას (სახელწოდებებს);

ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის/სტრატეგიის აღწერას, მათ შორის, იმის მითითებით, თუ რომელ აქტივებში აპირებს საინვესტიციო ფონდი ინვესტიციის განხორციელებას, აგრეთვე სამიზნე ინვესტორების შესახებ ინფორმაციას;

გ) გამოსაშვები ერთეულებისა და მათთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების აღწერას;

დ) საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის წესსა და პროცედურას, მათ შორის, ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში − ინფორმაციას, საჭიროებს თუ არა საინვესტიციო ფონდის ნებაყოფლობითი ლიკვიდაცია ერთეულის მფლობელების თანხმობას;

ე) ერთობლივი საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე იმ საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში, რომელსაც დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, აქტივების მმართველი კომპანიის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას;

ვ) საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის პროცედურას;

ზ) დახურული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში მისი საქმიანობის ვადას.

5. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს ან/და ინფორმაციას:

ა) ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში − ინფორმაციას იმ ანაზღაურებისა და ხარჯების შესახებ, რომელთა გადახდა აქტივების მმართველმა კომპანიამ შეიძლება დააკისროს ერთობლივ საინვესტიციო ფონდს, აგრეთვე აღნიშნული ანაზღაურების გაანგარიშების მეთოდს; საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში − ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ხარჯების გაწევა შეიძლება მოუწიოს საინვესტიციო კომპანიას;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ჩანაცვლების პირობებს, ხოლო ჩანაცვლების შემთხვევაში − ინვესტორთა დაცვის გარანტიების შესახებ ინფორმაციას;

გ) ერთეულების გამოსყიდვის პროცედურასა და პირობებს;

დ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების მეთოდოლოგიას.

6. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების შეტანა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. განსახორციელებელი ცვლილება წინასწარ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ. ასეთ შემთხვევაში ეს ცვლილება ძალაში შეიძლება შევიდეს გამოქვეყნებიდან არაუადრეს 2 თვის გასვლისა. განსახორციელებელი ცვლილების საჯაროდ გამოქვეყნება სავალდებულო არ არის, თუ ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ყველა ერთეულის მფლობელს ხანგრძლივი მატარებლის საშუალებით მიეწოდება. ასეთ შემთხვევაში ეს ცვლილება ძალაში შეიძლება შევიდეს ყველა ერთეულის მფლობელისთვის შეტყობინებიდან არაუადრეს 30 დღის გასვლისა. ამ პუნქტით დადგენილი ნორმებიდან გამონაკლისებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

7. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია  სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან, მათ შორის, მასში შესატან ინფორმაციასთან, დაკავშირებით.

 

მუხლი 11. საინვესტიციო ფონდების ერთეულები და მათი ღირებულება

1. ავტორიზებულ ან რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს შეუძლია გამოუშვას სხვადასხვა კლასის ერთეულები თავისი სადამფუძნებლო დოკუმენტისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ღია და ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდებმა შეიძლება გამოუშვან განსხვავებული უფლება-მოვალეობების მქონე ერთეულები, თუ განსხვავებული უფლება-მოვალეობები შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან  მხოლოდ ერთს ან რამდენიმეს:

ა) მოგების კაპიტალიზაციას (დაგროვებითი ერთეულები) მოგების განაწილების (საშემოსავლო ერთეულები) ნაცვლად;

ბ) ხარჯებს, საფასურებსა და საკომისიოებს, რომლებიც შესაძლებელია გამოიქვითოს საინვესტიციო ფონდის ქონებიდან (აქტივებიდან) ან რომლებიც ერთეულის მფლობელებმა უნდა გადაიხადონ საინვესტიციო ფონდში გაწევრებისას ან საინვესტიციო ფონდიდან გასვლისას; 

გ) ვალუტას, რომელშიც გამოიხატება ერთეულების ფასი ან ღირებულება ან/და რომლითაც ხორციელდება გადახდები.

2. ერთეულების გამოშვება ხორციელდება მათი გამოშვების ფასით. ღია და ინტერვალური საინვესტიციო ფონდების ერთეულების გამოშვების ფასი განისაზღვრება შესაბამისი კლასის ერთეულის წმინდა ღირებულებით, რომელსაც შესაძლებელია დაემატოს გამოშვების საკომისიო საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად.

3. დაუშვებელია ღია ან ინტერვალურმა საინვესტიციო ფონდმა გამოუშვას ერთეული განსაზღვრულ ვადაში საინვესტიციო ფონდისთვის ერთეულის გამოშვების ფასის ეკვივალენტის გადახდის გარეშე, გარდა ერთეულების ბონუსად განაწილების შემთხვევისა. დახურულ საინვესტიციო ფონდში შენატანის განხორციელების წესი დგინდება საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.

4. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვება აქტივების წმინდა ღირებულებისგან განსხვავებული ფასით დასაშვებია, თუ დაკმაყოფილდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების ფასის განსაზღვრის პირობები უნდა დაადგინოს ერთეულის მფლობელების საერთო კრებამ კრებაზე დამსწრეთა ხმების სულ მცირე ორი მესამედის უმრავლესობით, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით უფრო მაღალი უმრავლესობა არ არის დადგენილი;  

ბ) საინვესტიციო ფონდის ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ საფონდო ბირჟაზე ან საინვესტიციო ფონდის ერთეულები სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად საფონდო ბირჟაზე დაშვებული უნდა იქნეს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთო კრების გადაწყვეტილების მიღებიდან 12 თვეში. 

5. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ 2 კვირაში ერთხელ. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის წმინდა ღირებულება დადგინდება და გამჟღავნდება ერთეულების გამოშვების ან გამოსყიდვის თითოეულ დღეს, სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი სიხშირით, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

 

მუხლი 12. საინვესტიციო ფონდში ერთეულებზე საკუთრების უფლების დადასტურება და საკუთრების გადაცემა. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი 

1. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეული ფინანსური ინსტრუმენტია და მასზე საკუთრების უფლება რეგისტრირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია შეთანხმება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად. ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა რეესტრს აწარმოებს საინვესტიციო კომპანიის აქტივების მმართველი კომპანია ან თავად საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მესამე პირთან დადებულია შეთანხმება ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების ფუნქციის დელეგირების შესახებ მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საინვესტიციო ფონდის ერთეულზე საკუთრება ან სხვა სანივთო უფლება დასტურდება საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრში ჩანაწერით ან ნომინალური მფლობელის ჩანაწერით, თუ ერთეულის მფლობელთა რეესტრში არსებული ჩანაწერის შესაბამისად ერთეული გადაცემულია ნომინალურ მფლობელობაში. 

4. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს/სახელწოდებას,  მისამართს; ერთეულების ნომინალურ მფლობელობაში გადაცემის შემთხვევაში − ნომინალური მფლობელის სახელწოდებასა და მისამართს;  

ბ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე რეგისტრირებული შესაბამისი კლასის ერთეულების რაოდენობას;

გ) თითოეული ერთეულის მფლობელის ან ნომინალური მფლობელის სახელზე ერთეულების რეგისტრაციის თარიღს;

დ) თითოეული კლასის გამოშვებული ერთეულების რაოდენობას.

5. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნისა და წარმოებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ აღნიშნული რეესტრის მონაცემები იყოს სრული, სწორი და განახლებული. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის მწარმოებელი პირი ვალდებულია დაიცვას ერთეულის მფლობელებისა და მათ მიერ განხორციელებული გარიგებების/ოპერაციების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს მესამე პირებს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

6. საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა უთითებდეს იმ პირის სახელწოდებას, რომელსაც ევალება ამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთა რეესტრის შექმნა და წარმოება.

7. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელის მიერ ერთეულის გასხვისება ან დაგირავება დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის საფუძველზე. საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება არა აქვს, დაუსაბუთებლად განაცხადოს უარი თანხმობის გაცემაზე. თანხმობაზე უარი დასაბუთებულად ჩაითვლება, თუ ერთეულის გასხვისების/დაგირავების შედეგად რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის გაუთვითცნობიერებელ ინვესტორთა რაოდენობა 20-ს გადააჭარბებს (ან შესაძლოა გადააჭარბოს) ან ერთეულის გასხვისებისთვის/დაგირავებისთვის თანხმობის გაცემას ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი. ამ პუნქტით დადგენილი წესის დარღვევით საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე განხორციელებულ ერთეულის გასხვისებას ან დაგირავებას იურიდიული ძალა არა აქვს.

8. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აქციონერთა რეესტრის წარმოების წესები არ ვრცელდება სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიებზე. ამ მუხლის მე-2−მე-6 პუნქტები არ ვრცელდება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან კომანდიტური საზოგადოების სამართლებრივი ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიებზე.

9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს საინვესტიციო ფონდის (გარდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა ან კომანდიტური საზოგადოების ფორმის მქონე საინვესტიციო კომპანიისა) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოების წესები.

თავი III

საინვესტიციო ფონდების ავტორიზაცია, რეგისტრაცია და აღიარება

 

მუხლი 13. UCITS-ის და გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის პირობები

1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მიზნით ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს;

გ) პროსპექტს;

დ) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას;

ე) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას;

ვ) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. საინვესტიციო კომპანიის ავტორიზაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა;

ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას;

გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს (კომპანიის წესდებას) მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;

დ) პროსპექტს;

ე) ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციას;

ვ)  სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული შეთანხმების შესახებ ინფორმაციას;

ზ) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას საინვესტიციო ფონდის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით;

თ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაციას;

ი) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;

კ) დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ განმცხადებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებული საინვესტიციო კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, საინვესტიციო კომპანიის აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად;

ლ) კომპანიის საქმიანობის პროგრამას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებაც, თუ როგორ აპირებს კომპანია ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას;

მ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში;

ნ) კომპანიის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას ან ნახევარი წლის აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ავტორიზაციის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ავტორიზაციის მაძიებელი საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი წარადგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს;

ო) ავტორიზაციის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, თუ მას დანიშნული ჰყავს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას.

 

მუხლი 14. საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის პირობები

1. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის რეგისტრაციის მიზნით აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს განაცხადს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ა) ამ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილებას;

ბ) სადამფუძნებლო დოკუმენტს;

გ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. საინვესტიციო კომპანიის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია ან განმცხადებლის მიერ დანიშნული აქტივების მმართველი კომპანია  საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებსა და ინფორმაციას:

ა) ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე რეგისტრირებულია სააქციო საზოგადოებად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან კომანდიტურ საზოგადოებად;

ბ) ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ კომპანიის აქციონერთა/პარტნიორთა გადაწყვეტილებას;

გ) სადამფუძნებლო დოკუმენტს მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;

დ) კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას საინვესტიციო ფონდის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით;

ე) კომპანიის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;

ვ) ინფორმაციასა და დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებს, რომ კომპანიას რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში;

ზ) სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

3. განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს,  თუ მას დანიშნული ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია. ამ შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანია საზედამხედველო ორგანოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, წარუდგენს განმცხადებელ კომპანიასთან დადებულ აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულებას.

4. რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან  საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პერიოდულობით საზედამხედველო ორგანოს წარუდგინონ:

ა) რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების რაოდენობის შესახებ განახლებული ინფორმაცია, აგრეთვე ინფორმაცია იმის შესახებ, ინვესტორთა რომელ კატეგორიას (გაუთვითცნობიერებელ ინვესტორებს თუ გათვითცნობიერებულ ინვესტორებს) განეკუთვნებიან ისინი;

ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო სტრატეგიაში შეტანილი ცვლილების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია;

გ) იმ ინსტრუმენტების/აქტივების შესახებ ინფორმაცია, რომლებითაც საინვესტიციო ფონდი ძირითადად ვაჭრობს, და საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ძირითადი სფეროებისა და კონცენტრაციის თაობაზე ინფორმაცია.

5. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია გარდაიქმნას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდად საინვესტიციო ფონდების ავტორიზაციისთვის დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის მინიჭებასთან ერთად საზედამხედველო ორგანო აუქმებს მის რეგისტრაციას.

6. საფინანსო სექტორის სტაბილურობისა და ჯანსაღი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების რეგისტრაციისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის.

 

მუხლი 15. უცხოური საინვესტიციო ფონდის აღიარების პირობები

1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უცხოური საინვესტიციო ფონდი აღიაროს საქართველოში საჯარო შეთავაზების განხორციელებაზე უფლებამოსილად, თუ დაკმაყოფილებულია სულ მცირე შემდეგი პირობები: 

ა) იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, ნებადართულია საინვესტიციო ფონდის ერთეულების შეთავაზება განუსაზღვრელი რაოდენობის გაუთვითცნობიერებელი ინვესტორებისთვის;

ბ) უცხო სახელმწიფო, სადაც უცხოური საინვესტიციო ფონდი არის დაფუძნებული, არ შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში;

გ) საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის დადებულია თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;

დ) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში უცხოურ საინვესტიციო კომპანიას ან, თუ უცხოური საინვესტიციო ფონდი ერთობლივი ფონდია, ამ უცხოური საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში დაფუძნებული აქვს ფილიალი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ან დანიშნული ჰყავს წარმომადგენელი.

2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები უცხოური საინვესტიციო ფონდების საქართველოში აღიარებისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისთვის. ასეთი პირობები შესაძლებელია, მათ შორის, ადგენდეს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიმართ მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. 

3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლის საფუძველზედაც აღიარებული საინვესტიციო ფონდები გათავისუფლდებიან ამ კანონით გათვალისწინებულ ცალკეულ მოთხოვნათა შესრულებისგან, თუ უცხო ქვეყნის კანონმდებლობა, რომელსაც ისინი ექვემდებარებიან, ადგენს საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩოს ეკვივალენტურ მოთხოვნებს. ეს წესი შეიძლება ეხებოდეს პროსპექტის შედგენასა და გავრცელებასთან, ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციასთან, წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, აგრეთვე უცხოური საინვესტიციო ფონდების საქმიანობის სხვა პირობებს.

 

მუხლი 16. საინვესტიციო ფონდად ავტორიზაციაზე, რეგისტრაციასა და აღიარებაზე უარის თქმა

1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) განაცხადი ან წარდგენილი დოკუმენტები/ინფორმაცია არ შეესაბამება ამ კანონით ან/და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ან იმ საინვესტიციო კომპანიის, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მმართველი ორგანოს წევრებს არ აქვთ საკმარისად კარგი რეპუტაცია ან არ გააჩნიათ საკმარისი გამოცდილება, მათ შორის, ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის მიერ შესაბამისი საინვესტიციო სტრატეგიის  განხორციელებისთვის;

გ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ გააჩნია საკმარისი რესურსი ან შესაძლებლობა, რათა მომსახურება გაუწიოს იმ საინვესტიციო ფონდს, რომლის ავტორიზაციის შესახებ განაცხადი წარედგინა საზედამხედველო ორგანოს;

დ) უცხოურ საინვესტიციო ფონდს, რომლის აღიარებაც მოითხოვება შესაბამისი განაცხადით, ერთეულების შეთავაზება სამართლებრივად აქვს შეზღუდული იმ ქვეყანაში, სადაც იგი არის დაფუძნებული;

ე) განაცხადის წარმდგენი უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილი არ არის, მართოს ის საინვესტიციო ფონდი, რომლის ავტორიზაციასაც იგი ითხოვს შესაბამისი განაცხადით;

ვ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიას ან აქტივების მმართველ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლებელია შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება;

ზ) არსებობს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის, აღიარების თაობაზე ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს  დასაბუთებულ უარს. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურასა და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

 

მუხლი 17. საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება

1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინასწარ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შესახებ, თუ ეს ცვლილება შეეხება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება დასაშვებია, თუ საზედამხედველო ორგანო შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 თვის ვადაში განმცხადებელს არ აცნობებს ცვლილების განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვისა, თუ საზედამხედველო ორგანო წინასწარ აცნობებს განმცხადებელს აღნიშნულის თაობაზე.  

3. ამ მუხლის შესაბამისად შეტყობინების განხორციელებისა და მისი განხილვის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

 

მუხლი 18. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი

1. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ყველა ავტორიზებული, აღიარებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე ყველა ლიცენზირებული, რეგისტრირებული და აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და საზედამხედველო ორგანოს წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია.

2. თითოეულ საინვესტიციო ფონდსა და მის თითოეულ ქვეფონდს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში უნდა მიენიჭოთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი.

3. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის სახელწოდება, უნდა მიეთითოს მისი სტატუსი (არის ავტორიზებული, რეგისტრირებული თუ აღიარებული), თითოეული საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს.

 

თავი IV

აქტივების მმართველი კომპანია

მუხლი 19. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

1. პირს, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრაციის ან მართვის ადგილი, ეკრძალება საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების ან რეგისტრაციის გარეშე.

2. პირს ეკრძალება საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვა ამ კანონის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიად ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო კომპანიის ან უცხოური საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრზე მმართველი ორგანოს წევრის საქმიანობის ფარგლებში.

4. არავის აქვს უფლება, გამოიყენოს ტერმინები „აქტივების მმართველი კომპანია“ და „აქტივების მმართველი“ ან სხვა სიტყვათწყობა ამ ტერმინების გამოყენებით საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის შესაბამისად გაცემული შესაბამისი ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გარეშე.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს წესი, რომლითაც განისაზღვრება აქტივების მმართველი კომპანიების მიერ საქმიანობის განხორციელების დამატებითი წესები და პირობები. 

 

მუხლი 20. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების პირობები

აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად ლიცენზიის მაძიებელმა საზედამხედველო ორგანოს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელი რეგისტრირებულია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად ან სააქციო საზოგადოებად;

ბ) ლიცენზიის მაძიებლის წესდება მასში შეტანილი ცვლილებების (მათი არსებობის შემთხვევაში) გათვალისწინებით;

გ) ლიცენზიის მაძიებლის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი პირების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ შესაფერისობას აქტივების მმართველი კომპანიის ჯანსაღი და კეთილგონივრული მართვის საჭიროების გათვალისწინებით;

დ) ლიცენზიის მაძიებლის მმართველი ორგანოს წევრების შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს მათ საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;

ე) საქმიანობის პროგრამა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს ლიცენზიის მაძიებელი ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას;

ვ) ამ კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად მესამე პირებთან დადებული დელეგირების შესახებ შეთანხმებების (მათი არსებობის შემთხვევაში) თაობაზე ინფორმაცია;

ზ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელ კომპანიას აქვს საკუთარი კაპიტალი სულ მცირე 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულზე მეტი საკუთარი კაპიტალის ოდენობის განსაზღვრის წესი, მისი მართვის ქვეშ მყოფი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) აქტივების საერთო მოცულობის პროპორციულად;

თ) ლიცენზიის მაძიებლის ბოლო ფინანსური წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება ან ნახევარი წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება, თუ ბოლო აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების თარიღიდან ლიცენზიის შესახებ განაცხადის წარდგენის თარიღამდე 6 თვეზე მეტია გასული. თუ ლიცენზიის მაძიებელი ლიცენზიის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს მიმართავს დაფუძნებიდან არაუგვიანეს 6 თვისა, იგი საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს მხოლოდ არააუდიტირებულ მიმდინარე ბალანსსა და შესაბამის შენიშვნებს;

ი) ინფორმაცია და დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ლიცენზიის მაძიებელს რეგისტრაციისა და მართვის ადგილი აქვს საქართველოში.

 

მუხლი 21. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის პირობები

1. აქტივების მმართველი კომპანიის რეგისტრაციის მიზნით განმცხადებელი კომპანია საზედამხედველო ორგანოს წარუდგენს ამ კანონის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასა და დოკუმენტებს (გარდა იმავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა), აგრეთვე სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს.

2. რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია შესაძლებელია გარდაიქმნას ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიად აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირებისთვის დადგენილი საერთო წესების საფუძველზე. საზედამხედველო ორგანო აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის მინიჭებასთან ერთად აუქმებს მის რეგისტრაციას.

 

მუხლი 22. უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების პირობები

1. უცხოური აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია დამატებითი ლიცენზირების გარეშე, საზედამხედველო ორგანოსგან მინიჭებული აღიარების საფუძველზე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დაარსებული ფილიალის მეშვეობით ამ კანონის შესაბამისად საქართველოში დააფუძნოს საინვესტიციო ფონდი ან/და მართოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი. უცხოურმა აქტივების მმართველმა კომპანიამ აღიარების მოსაპოვებლად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც ადასტურებს, რომ განმცხადებელს საქართველოში დაარსებული აქვს ფილიალი;

ბ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ უცხოურმა საზედამხედველო ორგანომ განმცხადებელზე გასცა შესაბამისი საქმიანობის ნებართვა;

გ) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ფილიალისთვის ხელმისაწვდომია საკმარისი ოდენობის საკუთარი კაპიტალი (თუ უცხოური აქტივების მმართველი კომპანია გეგმავს, საქართველოში ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს გაუწიოს აქტივების მართვის მომსახურება ან/და განახორციელოს ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა);

დ) ფილიალის წარმომადგენელი და ხელმძღვანელი პირის (პირების) შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაცია, რომლებიც ადასტურებს მის (მათ) საკმარისად კარგ რეპუტაციასა და საკმარის გამოცდილებას;

ე) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტები.

2. უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარებისას საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საინვესტიციო ფონდების კატეგორიები, რომელთა მართვაც შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას საქართველოში.

3. განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის 25-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად განსაზღვროს ის დამატებითი საქმიანობები, რომელთა საქართველოში განხორციელება აღიარების საფუძველზე შეეძლება უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას, თუ ამ საქმიანობებს მოიცავს უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ მასზე გაცემული საქმიანობის ნებართვა.

4. შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ამ კანონის  ნებისმიერი მითითება ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე აგრეთვე გულისხმობს აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის საქართველოში რეგისტრირებულ ფილიალზე მითითებას.

 

მუხლი 23. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემაზე, რეგისტრაციაზე ან აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები

1. საზედამხედველო ორგანო არ დააკმაყოფილებს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადს, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:

ა) განაცხადი ან/და წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება ამ კანონის ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) მჭიდრო კავშირმა, რომელიც არსებობს, ერთი მხრივ, განმცხადებელ კომპანიასა და, მეორე მხრივ, ნებისმიერ სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შორის, ან/და უცხო ქვეყნის იმ კანონმდებლობამ (ან მისმა აღუსრულებლობამ), რომლის მოქმედება ვრცელდება ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირზე, შესაძლოა შეაფერხოს საზედამხედველო ორგანოს მიერ საზედამხედველო ფუნქციების ეფექტიანი შესრულება;

გ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − უცხო ქვეყანა, სადაც უცხოური აქტივების მმართველი კომპანია არის დაფუძნებული, შედის ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მიერ დამტკიცებულ არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ქვეყნებისა და ტერიტორიების ნუსხაში;

დ) უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში − არ არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხოურ საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;

ე) არსებობს აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის ან აღიარების შესახებ განაცხადზე უარის თქმის სხვა საფუძვლები „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობის ლიცენზიის გაცემის, რეგისტრაციის, აღიარების ან განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს დასაბუთებულ უარს. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და აღიარების შესაბამის პროცედურას და დამატებით წესებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

 

მუხლი 24. აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებული ცვლილებების განხორციელება

ამ კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიაზე. 

 

მუხლი 25. აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობა

1. ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველი კომპანია უნდა ასრულებდეს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ახორციელებდეს პორტფელის მართვას;

ბ) ახორციელებდეს რისკების მართვას.

2. ამ კანონის შესაბამისად დაფუძნებული საინვესტიციო ფონდის მართვისას აქტივების მმართველმა კომპანიამ დამატებით შესაძლებელია შეასრულოს შემდეგი ფუნქციები:

ა) ადმინისტრირება:

ა.ა) საინვესტიციო ფონდის მართვისთვის საჭირო სამართლებრივი და საბუღალტრო მომსახურება;

ა.ბ) ინვესტორებთან კომუნიკაცია და მათ შეკითხვებზე პასუხის გაცემა;

ა.გ) შეფასება და ფასის დადგენა, მათ შორის, საგადასახადო დეკლარირება;

ა.დ) მარეგულირებელ კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი;

ა.ე) ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება;

ა.ვ) მოგების განაწილება;

ა.ზ) ერთეულების გამოშვება და გამოსყიდვა;

ა.თ) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშსწორება;

ა.ი) ჩანაწერების წარმოება და შენახვა;

ბ) ერთეულების შეთავაზება;

გ) საინვესტიციო ფონდის (გარდა UCITS-ისა) აქტივებთან დაკავშირებული საქმიანობა, კერძოდ, მომსახურება, რომელიც საჭიროა აქტივების მმართველი კომპანიის ფიდუციური ვალდებულებების შესასრულებლად, ობიექტების/შენობა-ნაგებობების მართვა, უძრავი ქონების ადმინისტრირება, კაპიტალურ სტრუქტურაზე, საწარმოო სტრატეგიასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციის გაწევა, შერწყმასა და შესყიდვასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და სხვა მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია საინვესტიციო ფონდისა და იმ კომპანიების  თუ სხვა აქტივების მართვასთან, რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა განახორციელა ინვესტიცია.

3. რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობისა.

4. ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება სხვა საქმიანობის განხორციელება, გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამ პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობისა. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის დამატებითი საქმიანობა შესაძლებელია იყოს:

ა) საინვესტიციო პორტფელების, მათ შორის, საპენსიო ფონდების/სქემების პორტფელების, მართვა ინდივიდუალურად ინვესტორთა მიერ  დისკრეციულად მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე;

ბ) საინვესტიციო რჩევის მიცემა;

გ) საინვესტიციო ფონდების ერთეულების შენახვა და ადმინისტრირება.

5. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ძირითადი საქმიანობისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის გარდა, აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას ეკრძალება საქართველოში სხვა საქმიანობის განხორციელება. აღიარებულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, საკუთარი ფილიალის მეშვეობით საქართველოში განახორციელოს ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთი ან რამდენიმე დამატებითი საქმიანობა, თუ აღნიშნულს ითვალისწინებს უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის აღიარების შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება. 

6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას საბროკერო მომსახურების გაწევისთვის ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.

 

მუხლი 26. ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ფუნქციების დელეგირება

1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, თუ სრულდება შემდეგი პირობები:

ა) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებამდე სულ მცირე 10 დღით ადრე აღნიშნულის შესახებ აცნობებს საზედამხედველო ორგანოს;

ბ) ლიცენზირებულ ან რეგისტრირებულ აქტივების მმართველ კომპანიას შეუძლია დაასაბუთოს, რომ ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს;

გ) ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება საფრთხეს არ უქმნის ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ეფექტიან ზედამხედველობას, კერძოდ, მის მიერ ინვესტორების საუკეთესო ინტერესების სასარგებლოდ მოქმედებას;

დ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ მესამე პირზე შესაბამისი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გათვალისწინებულია საინვესტიციო ფონდის პროსპექტით, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით;

ე) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირება ხორციელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელსაც აქვს აქტივების მართვის უფლებამოსილება და რომელიც სათანადო ზედამხედველობას ექვემდებარება;

ვ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის უცხო ქვეყანაში დაფუძნებულ პირზე დელეგირებისას არსებობს საზედამხედველო ორგანოსა და შესაბამის უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება;

ზ) ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია მესამე პირზე დელეგირებულ ნებისმიერ ფუნქციასთან (ფუნქციებთან) მიმართებით ინარჩუნებს მითითებების გაცემისა და შესაბამისი ხელშეკრულების დაუყოვნებლივ შეწყვეტის უფლებას;

თ) პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციების დელეგირება არ ხორციელდება:

თ.ა) სპეციალიზებულ დეპოზიტარზე ან დელეგირების საფუძველზე მოქმედ სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციის შემსრულებელ პირზე; 

თ.ბ) ნებისმიერ მესამე პირზე, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი აქტივების მმართველ კომპანიასთან ან ერთეულის მფლობელებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პორტფელის მართვის ან რისკების მართვის ფუნქციის დელეგირებას ახორციელებს რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია და მესამე პირს პორტფელის მართვისა და რისკების მართვის ფუნქციები განცალკევებული აქვს როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან, იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის;

ი) მესამე პირს, რომელზედაც ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება ხორციელდება, ამ ფუნქციის (ფუნქციების) სპეციფიკის გათვალისწინებით, შეუძლია მისი (მათი) შესრულება და აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მესამე პირზე საკუთარი ფუნქციის (ფუნქციების) დელეგირება გავლენას არ ახდენს ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის პასუხისმგებლობაზე.

3. დაუშვებელია ლიცენზირებულმა ან რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ განახორციელოს მესამე პირზე ყველა მნიშვნელოვანი ფუნქციის დელეგირება და თავად ფუნქციების გარეშე დარჩეს.

4. ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ/რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს შემთხვევები, როდესაც ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საკუთარი ფუნქციის დელეგირების განსახორციელებლად საჭირო იქნება საზედამხედველო ორგანოს თანხმობა.

 

მუხლი 27. ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებები

1. ამ კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ან რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია:

ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, პროფესიონალურად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისთვის;

ბ) შეიმუშაოს რისკების მართვის პოლიტიკა და პროცედურები და მუდმივად ახორციელებდეს მათ; 

გ) შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმები საინვესტიციო ფონდის აქტივების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირების უზრუნველსაყოფად;

დ) რისკების მართვის ფუნქცია როგორც ფუნქციურად, ისე იერარქიულად განაცალკეოს საოპერაციო ფუნქციისგან, მათ შორის, პორტფელის მართვისგან;

ე) ჰქონდეს საქმიანობის უწყვეტობის გეგმა;

ვ) მიიღოს ყველა გონივრული ზომა ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ხოლო მისი თავიდან აცილების შეუძლებლობისას გამოავლინოს, მართოს, გააკონტროლოს და საჭიროების შემთხვევაში გაამჟღავნოს იგი საინვესტიციო ფონდსა და მის ერთეულის მფლობელებზე ინტერესთა კონფლიქტის უარყოფითი ზეგავლენის პრევენციის მიზნით;

ზ) საინვესტიციო ფონდის ყველა ინვესტორს მოეპყროს სამართლიანად;

თ) შეიმუშაოს საინვესტიციო ფონდის აქტივებისა და ვალდებულებების სათანადო და სწორი შეფასების უზრუნველსაყოფად საჭირო პროცედურები;

ი) ჰქონდეს საკმარისი ინფორმაცია იმ აქტივების შესახებ, რომელთა შესყიდვასაც განიზრახავს ან რომლებიც შეისყიდა საინვესტიციო ფონდის სახელით;

კ) საინვესტიციო გადაწყვეტილებების საინვესტიციო ფონდის მიზნებთან, საინვესტიციო სტრატეგიასა და რისკის ლიმიტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს შესაბამისი პოლიტიკა და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები;

ლ) დაიცვას საინვესტიციო ფონდის ინტერესები მესამე პირების, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), წინაშე და საინვესტიციო ფონდის სახელით აღძრას სარჩელი მესამე პირის წინააღმდეგ, თუ ამ ვალდებულების შეუსრულებლობით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს;

მ) უზრუნველყოს ერთეულის მფლობელების რეგისტრაცია და ერთეულის მფლობელთა რეესტრის წარმოება ამ კანონისა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესების გათვალისწინებით;

ნ) საზედამხედველო ორგანოსა და ინვესტორებს პერიოდულად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ანგარიშები, საზედამხედველო ორგანოს მიერ განსაზღვრული ფორმატითა და დადგენილ ვადაში;

ო) ჰქონდეს სათანადო ელექტრონული სისტემები პორტფელთან დაკავშირებული თითოეული ტრანზაქციის, შესყიდვებისა და გამოსყიდვების დროული და სათანადო აღრიცხვისთვის;

პ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაუყოვნებლივ შეატყობინოს საინვესტიციო ფონდის მართვასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შესახებ;  

ჟ) შეიმუშაოს შესაბამისი პროცედურები საინვესტიციო ფონდის ინვესტორების საჩივრებზე დროული და სწორი რეაგირების უზრუნველსაყოფად.

2. თუ აქტივების მმართველი კომპანია არ შეასრულებს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის მოთხოვნას და საინვესტიციო ფონდის სახელით არ აღძრავს სარჩელს ნებისმიერი მესამე პირის წინააღმდეგ, ერთეულის მფლობელი უფლებამოსილია მის ნაცვლად და საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის სასარგებლოდ თავისი სახელით შეიტანოს სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის განსახორციელებლად. ერთეულის მფლობელი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 90 დღის განმავლობაში არ აღძრავს სარჩელს მესამე პირის წინააღმდეგ. თუ აქტივების მმართველი კომპანია აღნიშნულ ვადაში წერილობით უპასუხებს ერთეულის მფლობელის მოთხოვნას, ეს უკანასკნელი მიიჩნევა სათანადო მოსარჩელედ, თუ აქტივების მმართველი კომპანია ვერ დაადასტურებს, რომ დავა საჭიროებს სადავო საკითხთან მიმართებით არაპროპორციულად დიდ ხარჯებს ან დავამ შესაძლებელია სხვაგვარად დააზიანოს საინვესტიციო ფონდის ინტერესები. თუ სასამართლო დააკმაყოფილებს ერთეულის მფლობელის სარჩელს, აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ერთეულის მფლობელს აუნაზღაუროს სარჩელთან დაკავშირებული, კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები, ადვოკატის ხარჯების ჩათვლით. აქტივების მმართველი კომპანია თავისუფლდება ამ ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებისგან, თუ იგი დაამტკიცებს, რომ სარჩელის დაკმაყოფილება საინვესტიციო ფონდისთვის საზიანო აღმოჩნდა. თუ ერთეულის მფლობელი მიჩნეულ იქნა არასათანადო მოსარჩელედ ან მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ერთეულის მფლობელს ეკისრება საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ კეთილგონიერების ფარგლებში გაწეული პროცესუალური ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებებისა და ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ და რეგისტრირებულ საინვესტიციო კომპანიებზე, რომლებსაც დანიშნული არ ჰყავთ აქტივების მმართველი კომპანია.

4. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტი (გარდა იმავე პუნქტის „ა“, „ვ“, „ზ“ და „ლ“−„ნ“ ქვეპუნქტებისა) არ ვრცელდება რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების მართვაზე.

 

მუხლი 28. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა

1. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი ანაზღაურების პოლიტიკა და დანერგოს იმგვარი ანაზღაურების პრაქტიკა, რომლებიც შეესაბამება და ხელს უწყობს რისკების ჯანსაღ და ეფექტიან მართვას. ამგვარი პოლიტიკა და პრაქტიკა ხელს არ უნდა უწყობდეს ისეთი რისკების აღებას, რომლებიც საინვესტიციო ფონდის რისკების პროფილსა და სადამფუძნებლო დოკუმენტს არ შეესაბამება, და, ამასთანავე, ხელს არ უნდა უშლიდეს ლიცენზირებული აქტივების მმართველ კომპანიას, იმოქმედოს საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების საუკეთესო ინტერესებისთვის.

2. ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ანაზღაურების პოლიტიკა და პრაქტიკა ვრცელდება იმ თანამშრომლებზე, რომელთა პროფესიული საქმიანობა არსებით გავლენას ახდენს ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიის ან შესაბამისი საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილზე. 

3. ამ მუხლის მოთხოვნები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

 

მუხლი 29. აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა

1. აქტივების მმართველი კომპანიისთვის საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) აქტივების მართვის უფლებამოსილების შეწყვეტა აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების ან/და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება;

გ) აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება;

დ) ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება.

2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდის მართვის უფლებამოსილება, თუ აქტივების მმართველი კომპანია არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი საქართველოს სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს. თუ საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნულ აქტივების მმართველ კომპანიას უფლებამოსილება შეუწყდება ამ პუნქტის შესაბამისად, საზედამხედველო ორგანო შესაბამის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

3. თუ აქტივების მმართველ კომპანიას აქტივების მართვის უფლებამოსილება შეუწყდა საკუთარი ინიციატივით ან უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძვლით, იგი ვალდებულია საქმიანობა განაგრძოს ახალი აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნამდე. ამ დროის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გაწეული მომსახურება ანაზღაურდება უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი აქტივების მართვის შესახებ ხელშეკრულების ან სადამფუძნებლო დოკუმენტის პირობების შესაბამისად.

4. საინვესტიციო ფონდისთვის ახალი აქტივების მმართველი კომპანიის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. თუ ახალი აქტივების მმართველი კომპანია 1 თვის განმავლობაში არ დაინიშნა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია გააუქმოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება.

 

მუხლი 30. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

1. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის რეორგანიზაცია იწყება საზედამხედველო ორგანოს წინასწარი თანხმობის გაცემის შემდეგ.

2. ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ლიცენზირებული/რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა  საინვესტიციო ფონდი, რომლებსაც ის მართავს, ლიკვიდირებული იქნება ან მათი მართვის უფლება სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცემა.

3. ლიცენზირებულმა/რეგისტრირებულმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს 10 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება ლიკვიდაციის შესახებ და ამავდროულად გააკეთოს განაცხადი ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული განაცხადის წარდგენასთან ერთად აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაადასტუროს, რომ მის მიერ მართული ყველა საინვესტიციო ფონდი ლიკვიდირებულ იქნა ან ისინი სამართავად სხვა აქტივების მმართველ კომპანიას გადაეცა.

 

მუხლი 31. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის განხორციელების წესი

1. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმებისას ხორციელდება მისი ლიკვიდაცია, გარდა ამ კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ლიკვიდატორის ფუნქციებს ასრულებს საზედამხედველო ორგანოს მიერ დანიშნული პირი, რომელზედაც გადადის სუბიექტის ყველა ორგანოს (მათ შორის, აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრებისა და მმართველი ორგანოს) სრული უფლებამოსილება. ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ მიმდინარე აღსრულება.

2. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაცია ხორციელდება ამ კანონითა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესებით. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.

3. აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების, ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილება ფორმდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელიც ქვეყნდება საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.

4. ლიკვიდატორი ვალდებულია აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ და საზედამხედველო ორგანოს ვებგვერდზე გამოაქვეყნოს ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში. ეს განცხადება განმეორებით უნდა გამოქვეყნდეს მისი პირველი გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში. კრედიტორებმა ლიკვიდატორს შესაბამისი განცხადების მეორედ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა წარუდგინონ დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნა თავიანთი კრედიტორული მოთხოვნის ოდენობისა და საფუძვლების მითითებით.

5. ლიკვიდატორს უფლება აქვს, შეწყვიტოს:

ა) გარიგება აქტივების მმართველი კომპანიის თანამშრომლის დაქირავების შესახებ;

ბ) ხელშეკრულება იმ მომსახურების შესახებ, რომლის განხორციელებაშიც აქტივების მმართველი კომპანია მონაწილეობდა;

გ) აქტივების მმართველი კომპანიის, როგორც უძრავი ქონების მოიჯარის, ნებისმიერი ვალდებულება, თუ მეიჯარეს (რომელიც 60 დღით ადრე უნდა იქნეს გაფრთხილებული იმის თაობაზე, რომ აქტივების მმართველი კომპანია აპირებს გამოიყენოს საიჯარო შეთანხმების გაუქმების უფლება) საიჯარო გადასახდელზე მოთხოვნა არა აქვს, გარდა იმ თანხისა, რომელიც შეთანხმების გაუქმების თარიღისთვის დაირიცხა, და იგი არ მოითხოვს მისი გაუქმების შედეგად წარმოშობილი ზარალის ანაზღაურებას.

6. ლიკვიდატორი უფლებამოსილია ლიკვიდაციის პროცესში მყოფი პირის აქტივები (გარდა ამ კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივებისა) საჯარო აუქციონზე გაყიდოს ან საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით აირჩიოს მათი რეალიზაციის სხვა ფორმა, აგრეთვე ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს კრედიტორებს რიგითობის მიხედვით, ამ აქტივებზე მოთხოვნის უფლება გადასცეს საფინანსო სექტორის წარმომადგენელს ან სხვა პირს და ორგანიზება გაუწიოს ვალდებულებათა გადაცემას. თუ აქტივის/ვალდებულების გადაცემისას საჭიროა კრედიტორის/მოვალის თანხმობა, კრედიტორი/მოვალე ვალდებულია ლიკვიდატორის მიერ დადგენილ ვადაში განაცხადოს თანხმობა ან უარი აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემაზე. ლიკვიდატორის მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ასეთი თანხმობა ავტომატურად გაცემულად ჩაითვლება. კრედიტორის/მოვალის თანხმობა საჭირო არ არის, თუ აქტივის/ვალდებულების სხვა პირისთვის გადაცემისას არ იცვლება ამ აქტივის/ვალდებულების მიმართ არსებული პირობები.

7. შემძენის, მათ შორის, ამ მუხლით დადგენილი წესით აქტივების ნატურით მიმღების, საკუთრებაში ქონების გადასვლის შედეგად უქმდება მასზე არსებული ყველა სანივთო და ვალდებულებითი უფლება.

8. ლიკვიდატორი უფლებამოსილია სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანიის სახელით განხორციელებული ქმედება ან გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამის შედეგად აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა აქტივების მმართველი კომპანიის ხარჯზე მიიღეს ქონებრივი სარგებელი ან ისარგებლეს რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით, რამაც გამოიწვია სუბიექტისთვის ან/და მისი კრედიტორებისთვის ზიანის მიყენება.

9. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო იმავე დღეს სარეგისტრაციოდ წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

 

მუხლი 32. აქტივების მმართველი კომპანიის აქტივების განაწილება კრედიტორებზე და ლიკვიდაციის დასრულება

1. აქტივების მმართველი კომპანიის სალიკვიდაციო მასა შედგება აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის მომენტისთვის აქტივების მმართველი კომპანიის კუთვნილი აქტივებისა და ლიკვიდაციის პროცესში შეძენილი აქტივებისგან.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სალიკვიდაციო მასაში არ გაითვალისწინება აქტივები, რომლებიც აქტივების მმართველი კომპანიის საკუთრება არ არის და განეკუთვნება მისი კლიენტის აქტივებს (მათ შორის, აქტივები, რომლებსაც აქტივების მმართველი კომპანია ფლობს, როგორც ნომინალური მფლობელი).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტივების რესტიტუციას ლიკვიდატორი ახორციელებს ამ აქტივების  სხვა ფინანსურ ინსტიტუტში გახსნილ ანგარიშზე გადატანით. ამ მიზნით შესაბამის ფინანსურ ინსტიტუტს შეარჩევს ლიკვიდატორი.

4. თუ იმ ანგარიშებზე, რომლებიც კლიენტების აქტივების ერთობლივად აღსარიცხად გამოიყენება, არსებული აქტივების ერთობლიობა აქტივების სრული რესტიტუციისთვის საკმარისი არ არის, აღნიშნული აქტივები შესაბამის კლიენტებს შორის განაწილდება მათი უფლებების პროპორციულად.

5. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციისას ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა სხვა მოთხოვნები სალიკვიდაციო მასიდან უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც აქტივების მმართველ კომპანიას წარმოეშვა ლიცენზიის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ;

ბ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობითა და საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

გ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

დ) სხვა მოთხოვნები აქტივების მმართველი კომპანიის მიმართ (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

ე) აქტივების მმართველი კომპანიის სასესხო ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ;

ვ) აქტივების მმართველი კომპანიის სხვა ვალდებულებები მისი პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ;

ზ) დაგვიანებით წარდგენილი მოთხოვნები.

6. თუ არსებული თანხა საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

7. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად არსებობს საკმარისი ფულადი სახსრები და წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება. კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ დარჩენილი აქტივები (სახსრები), მათი არსებობის შემთხვევაში, განაწილდება აქტივების მმართველი კომპანიის პარტნიორებზე/აქციონერებზე მათი კუთვნილი წილის პროპორციულად.

8. ლიკვიდაციის პროცესში მყოფ პირზე ლიკვიდაციის დასრულებამდე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

9. საზედამხედველო ორგანო აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც იგი სუბიექტის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

 

თავი V

სპეციალიზებული დეპოზიტარი

 

მუხლი 33. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირები

1. ავტორიზებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან უზრუნველყონ სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა ამ კანონის შესაბამისად.

2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა დაინიშნოს წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე. ეს ხელშეკრულება აგრეთვე უნდა არეგულირებდეს იმ ინფორმაციის მიწოდების საკითხებს, რომელიც აუცილებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების ამ კანონის შესაბამისად შესასრულებლად.

3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკი ან საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ლიცენზირებული სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის დამატებით მოთხოვნებს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო. ეს დამატებითი მოთხოვნები შეიძლება შეეხებოდეს სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომლის რეგულირებას ამ კანონის აღსასრულებლად საჭიროდ მიიჩნევს საზედამხედველო ორგანო.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირების გარდა, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოს ეროვნული ბანკი.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ის მინიმალური ინფორმაცია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს შორის დადებულ ხელშეკრულებაში.

 

მუხლი 34. სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები და პასუხისმგებლობა 

1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა მოქმედებდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ასრულებდეს დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით მისთვის დაკისრებულ ვალდებულებებს.

2. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია:

ა) შეინახოს და აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე აღრიცხოს საინვესტიციო ფონდის სხვა აქტივები, რომელთა შენახვა საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს არ შეუძლია მარეგულირებელი წესებისა და შესაბამისი კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) უზრუნველყოს საინვესტიციო ფონდის ფულადი ნაკადის სათანადო კონტროლი, მათ შორის, უზრუნველყოს, რომ ინვესტორების მიერ ან მათი სახელით ერთეულების შესყიდვისას განხორციელებული ყველა გადახდა მიღებულ იქნეს და საინვესტიციო ფონდის ფულადი სახსრები განთავსებულ იქნეს საქართველოში ან უცხოეთში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში საინვესტიციო ფონდის სახელზე ან საინვესტიციო ფონდის სასარგებლოდ მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშებზე. თუ საბანკო ანგარიშები გახსნილია სპეციალიზებული დეპოზიტარის სახელზე, დაუშვებელია ამ საბანკო ანგარიშებზე საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის საკუთარი სახსრების ან იმ კომერციული ბანკის სახსრების განთავსება, რომელშიც გახსნილია აღნიშნული საბანკო ანგარიშები;

გ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოშვება, გაყიდვა, გამოსყიდვა და გაუქმება შეესაბამებოდეს მარეგულირებელ კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტს;

დ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის ერთეულების ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს მარეგულირებელი კანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად;

ე) შეასრულოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის ინსტრუქციები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი ეწინააღმდეგება მარეგულირებელ კანონმდებლობას, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტსა და პროსპექტს;

ვ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის აქტივებით განხორციელებულ ტრანზაქციებში საინვესტიციო ფონდის მიმართ ნებისმიერი გადახდა განხორციელდეს ჩვეულებრივ ვადებში;

ზ) უზრუნველყოს, რომ საინვესტიციო ფონდის მოგება გამოყენებულ იქნეს მარეგულირებელი კანონმდებლობის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად;

თ) საზედამხედველო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობოს, თუ, მის ხელთ არსებული ინფორმაციით, აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო ფონდი არსებითად არღვევს ამ კანონის, მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის ან პროსპექტის მოთხოვნებს;

ი) შეასრულოს საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტებითა და დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები.

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი პასუხს აგებს საინვესტიციო ფონდისა და ერთეულის მფლობელების წინაშე მის მიერ ან ამ კანონის 38-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მესამე პირის მიერ მიყენებული ზიანისთვის.

4. ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია  საინვესტიციო ფონდს ან საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას დაუყოვნებლივ დაუბრუნოს იდენტური სახის ფინანსური ინსტრუმენტი ან აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სპეციალიზებული დეპოზიტარი  დაამტკიცებს, რომ ფინანსური ინსტრუმენტის დაკარგვა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, რომელიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა, და დამდგარი შედეგი გარდაუვალი იქნებოდა, მიუხედავად ყველა გონივრული ძალისხმევისა.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალიზებული დეპოზიტარი საინვესტიციო ფონდისა და ერთეულის მფლობელების წინაშე პასუხისმგებელია ნებისმიერი სხვა ზიანისთვის, რომელიც დადგა მის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების განზრახი ან გაუფრთხილებელი დარღვევის შედეგად.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარის ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობაზე გავლენას არ ახდენს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების მესამე პირზე დელეგირება.

7. დაუშვებელია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამორიცხვა ან შეზღუდვა შეთანხმების საფუძველზე.  

8. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ფუნქციათა შესრულების პირობები დააზუსტოს სამართლებრივი აქტით დადგენილი წესებით.

 

 მუხლი 35. გულისხმიერების ვალდებულება და ინტერესთა კონფლიქტი

1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია იმოქმედოს კეთილსინდისიერად, სამართლიანად, პროფესიონალურად, დამოუკიდებლად და მხოლოდ საინვესტიციო ფონდისა და მისი ერთეულის მფლობელების ინტერესების სასარგებლოდ. 

2. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდთან მიმართებით ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც აქტივების მმართველმა კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა. დაუშვებელია ერთმა და იმავე პირმა იმოქმედოს, როგორც საინვესტიციო კომპანიამ და სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა.

3. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება საინვესტიციო კომპანიასთან ან საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიასთან დაკავშირებით ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელმაც შესაძლებელია წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, ერთი მხრივ, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს, მის ერთეულის მფლობელებს ან აქტივების მმართველ კომპანიას შორის. აღნიშნული არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც სპეციალიზებულ დეპოზიტარს საკუთარი დეპოზიტარული ფუნქციები ფუნქციურად და იერარქიულად განცალკევებული აქვს სხვა, პოტენციურად ინტერესთა კონფლიქტის წარმომშობი საქმიანობისგან და იგი სათანადოდ მართავს და აკონტროლებს პოტენციურ ინტერესთა კონფლიქტს და ამგვარი პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი გამჟღავნებულია ერთეულის მფლობელებისთვის.

4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი ამ მუხლით მისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად.

 

მუხლი 36. საინვესტიციო ფონდების აქტივების განცალკევება სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან

1. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები განცალკევებული ჰქონდეს საკუთარი აქტივებისა და სხვა კლიენტების აქტივებისგან. დაუშვებელია სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის მფლობელობაში არსებული საინვესტიციო ფონდის აქტივების მიმართ აღსრულების ღონისძიებების გამოყენება სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, აგრეთვე აღნიშნული აქტივების შეტანა სპეციალიზებული დეპოზიტარის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელი მესამე პირის სალიკვიდაციო მასაში მათ მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების დაწყების შემთხვევაში.

2. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების შემსრულებელ მესამე პირს ეკრძალება მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივების გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის, გარდა საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა. აქტივების გამოყენება გულისხმობს აქტივებით განხორციელებულ ნებისმიერ ტრანზაქციას, მათ შორის, მათ გადაცემას, დაგირავებას, გაყიდვასა და გასესხებას.

 

მუხლი 37. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საინვესტიციო ფონდის აქტივების შენახვა და აღრიცხვა

1. საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია შეინახოს საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია სპეციალიზებულ დეპოზიტართან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე ან რომელთა სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის მიწოდება შესაძლებელია მატერიალური ფორმით. 

2. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ყველა ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთა აღრიცხვა შესაძლებელია მასთან გახსნილ ფინანსური ინსტრუმენტების ანგარიშზე, ყოველთვის აღირიცხოს საინვესტიციო ფონდის (ქვეფონდის) სახელზე გახსნილ სეგრეგირებულ ანგარიშებზე იმგვარად, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები იდენტიფიცირებადი იყოს, როგორც საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივები.

3. ნებისმიერ სხვა აქტივთან მიმართებით, რომელზედაც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მიერ მიწოდებული და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა წყაროებიდან მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე შეამოწმოს და დაადასტუროს, რომ საინვესტიციო ფონდი აქტივების მესაკუთრეა. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აწარმოოს იმ აქტივების, რომლებზედაც საინვესტიციო ფონდის საკუთრების უფლება დასტურდება, აღრიცხვა და  შესაბამისი ჩანაწერების განახლება.

4. სპეციალიზებული დეპოზიტარი ვალდებულია აქტივების მმართველ კომპანიას/საინვესტიციო კომპანიას საინვესტიციო ფონდის ყველა აქტივის ამომწურავი ნუსხა მიაწოდოს წერილობითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიხშირით.

 

მუხლი 38. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება

1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს ეკრძალება, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ფუნქციების გარდა, ამავე კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.

2. სპეციალიზებული დეპოზიტარი უფლებამოსილია განახორციელოს მესამე პირზე (პირებზე) ფუნქციების დელეგირება, რომელთა დელეგირება ნებადართულია ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულდება ყველა შემდეგი პირობა:

ა) სპეციალიზებური დეპოზიტარი ფუნქციების დელეგირებას არ ახორციელებს ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულებისგან თავის ასარიდებლად;

ბ) სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუძლია დაასაბუთოს, რომ მის მიერ ფუნქციების დელეგირებას ობიექტური საფუძველი აქვს;

გ) სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა სათანადო წინდახედულობა და გონიერება გამოიჩინა მესამე პირის შერჩევისას და მასზე ფუნქციის დელეგირების განხორციელებისას. სპეციალიზებული დეპოზიტარი აგრეთვე ვალდებულია გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა და გონიერება მესამე პირისა და მესამე პირზე დელეგირებული ფუნქციების შესრულების პერიოდული შემოწმებისას და მონიტორინგისას;

დ) სპეციალიზებული დეპოზიტარი უზრუნველყოფს, რომ მესამე პირი მუდმივად აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

დ.ა) მესამე პირის სტრუქტურა და კვალიფიკაცია მისთვის შესანახად მინდობილი საინვესტიციო ფონდის აქტივების მახასიათებლებისა და კომპლექსურობის ადეკვატური და პროპორციული იყოს;

დ.ბ) მესამე პირი შესაბამის იურისდიქციაში ექვემდებარებოდეს პრუდენციულ რეგულირებას, მათ შორის, მინიმალური კაპიტალის მოთხოვნებს, და ზედამხედველობას, აგრეთვე ექვემდებარებოდეს პერიოდულ გარე აუდირებას იმის დასადასტურებლად, რომ ფინანსური ინსტრუმენტები მასთან ინახება;

დ.გ) მესამე პირი სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივებს საკუთარი აქტივებისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის აქტივებისგან განაცალკევებდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ნებისმიერ დროს მათი, როგორც კონკრეტული სპეციალიზებული დეპოზიტარის კლიენტების აქტივების, აშკარად იდენტიფიცირება;

დ.დ) მესამე პირის მიმართ გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის საქმის წარმოების ან სხვა ანალოგიური რეჟიმის მოქმედების შემთხვევაში მასთან შენახული საინვესტიციო ფონდის აქტივები ხელმისაწვდომი არ იყოს მესამე პირის კრედიტორებზე გასანაწილებლად ან მათ სასარგებლოდ რეალიზაციისთვის;

ე) მესამე პირი შეასრულებს იმ ვალდებულებებს და დაიცავს იმ შეზღუდვებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 35-ე და 36-ე მუხლებითა და 37-ე მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით.

3.  მესამე პირს, რომელზედაც სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა ამ მუხლის შესაბამისად განახორციელა საკუთარი ფუნქციების დელეგირება, ეკრძალება აღნიშნული ფუნქციების სხვა პირზე დელეგირება ამ კანონით დელეგირებისთვის დადგენილი წესების დაცვის გარეშე. მესამე პირის მიერ მისთვის დელეგირებული ფუნქციების სხვა პირზე დელეგირებაზე, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება ამ კანონის 34-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა.

4. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან ან უცხო ქვეყნის ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემისგან მომსახურების მიღება არ არის სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ საკუთარი ფუნქციების დელეგირება.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციების დელეგირებისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი პირობები.

 

მუხლი 39. სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები

1. სპეციალიზებულ დეპოზიტარს საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება შეუწყდება:

ა) სპეციალიზებულ დეპოზიტართან დადებული დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტისას ამ ხელშეკრულების პირობებისა და მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად; 

ბ) ამ კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, გარდა იმავე პირის სპეციალიზებულ დეპოზიტარად ხელახალი დანიშვნის შემთხვევისა;

გ) მისთვის საქმიანობის ლიცენზიის გაუქმებისას;

დ) მის მიმართ ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებისას;

ე) ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სპეციალიზებულ დეპოზიტარს შეუწყვიტოს ერთი ან რამდენიმე საინვესტიციო ფონდისთვის დეპოზიტარული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება, თუ სპეციალიზებული დეპოზიტარი არღვევს ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით ან მითითებით დადგენილ მოთხოვნებს ან აშკარა საფრთხეს უქმნის საინვესტიციო ფონდს ან მის ინვესტორებს.

3. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში იგი ვალდებულია საქმიანობა განაგრძოს ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნამდე. სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ გაწეული დეპოზიტარული მომსახურება ანაზღაურდება მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტამდე მოქმედი დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

4. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. თუ 1 თვის განმავლობაში ახალი სპეციალიზებული დეპოზიტარი არ დაინიშნა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდს გაუუქმოს ავტორიზაცია.

 

თავი VI

გამოსყიდვის პროცესი

 

მუხლი 40. ერთეულების გამოსყიდვა, შენატანების დაბრუნება

1. ღია საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საინვესტიციო ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის აქტივებიდან თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული სიხშირით, მაგრამ სულ მცირე წელიწადში ერთხელ. გამოსყიდვა ხორციელდება ერთეულის წმინდა ღირებულებით, გამოსყიდვის საკომისიოს გამოკლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. დახურული საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ამ კანონის, მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ერთეულის გამოსყიდვას უთანაბრდება, თუ საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია უზრუნველყოფს, რომ ერთეულის მფლობელს ჰქონდეს შესაძლებლობა, გაასხვისოს საფონდო ბირჟაზე საკუთარი ერთეული ისეთ ფასად, რომელიც მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთეულის წმინდა ღირებულებისგან.

5. გამოსყიდვა უნდა განხორციელდეს ფულადი ანაზღაურებით. გამოსყიდვის განხორციელება არაფულადი ფორმით დასაშვებია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისას ერთეულის მფლობელის თანხმობით, აგრეთვე საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

6. ერთეულების გაყიდვისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების სიხშირე რეგულირდება ამ კანონითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 41. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერება

1. საქართველოში დაფუძნებულ ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდს ან/და მისი სახელით მოქმედ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს ერთეულების გამოსყიდვის პროცესი ამ მუხლით დადგენილი წესით.

2. ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შეიძლება შეჩერდეს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესების შესაბამისად და მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც გარემოებები მოითხოვს ამგვარ შეჩერებას და იგი გამართლებულია ერთეულის მფლობელების ინტერესების გათვალისწინებით. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუშვებელია ერთეულების გამოსყიდვის თაობაზე განაცხადების დაკმაყოფილება.

3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს საინვესტიციო ფონდის მიერ ერთეულების გამოსყიდვის პროცესის დროებით შეჩერება, თუ ეს აუცილებელია ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად ან საფინანსო სექტორის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. 

4. ამ მუხლის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის პროცესი შესაძლებელია შეჩერდეს არაუმეტეს 3 თვის ვადისა. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების ვადის 6 თვემდე  გაგრძელება დასაშვებია საზედამხედველო ორგანოს თანხმობით.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების პირობები.

 

მუხლი 42. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლება

1. საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის პროცესის შეჩერების შემთხვევაში ერთეულების გამოსყიდვის პროცესი განახლდება დადგენილი ვადის გასვლისას ან საინვესტიციო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის გადაწყვეტილების საფუძველზე. ერთეულების გამოსყიდვის პროცესის განახლების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზედამხედველო ორგანოს.

2. საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეჩერებული  ერთეულების გამოსყიდვის პროცესი განახლდება დადგენილი ვადის გასვლის შემთხვევაში ან საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილებით.

 

თავი VII

საინვესტიციო ფონდების შერწყმა

 

მუხლი 43. საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები

1. საინვესტიციო ფონდების შერწყმა შესაძლებელია ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით.

2. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის (ფონდების) შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდების შერწყმა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოსთვის წინასწარ შეტყობინებას, რომლის განხორციელების წესს სამართლებრივი აქტით ადგენს საზედამხედველო ორგანო.

3. რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს, თუ მიმღები საინვესტიციო ფონდი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდია.

4. დაუშვებელია ღია და დახურული საინვესტიციო ფონდების შერწყმა, ინტერვალური საინვესტიციო ფონდის შერწყმა ღია ან დახურულ საინვესტიციო ფონდთან, აგრეთვე არსებითად განსხვავებული საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდების შერწყმა.

5. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი შესაძლებელია შეერწყას სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე ერთობლივი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდს ან სხვა ერთობლივ საინვესტიციო ფონდს ან მის ქვეფონდს.

6. საინვესტიციო კომპანია შესაძლებელია შეერწყას სხვა საინვესტიციო კომპანიას. საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდი შესაძლებელია შეერწყას იმავე საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდს ან სხვა საინვესტიციო კომპანიას ან მის ქვეფონდს.

7. საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების რეორგანიზაციის მარეგულირებელი დებულებები გამოიყენება საინვესტიციო კომპანიებთან მიმართებით, თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

8. საინვესტიციო ფონდების გაყოფა (დაყოფა, გამოყოფა) დაუშვებელია.

9. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდების შერწყმის მარეგულირებელი წესები ამ თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

10. საინვესტიციო ფონდებისთვის ამ თავით დადგენილი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი ჩაითვლება დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად.

 

მუხლი 44. საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე საზედამხედველო ორგანოს მიერ თანხმობის გაცემა

1. საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის მისაღებად საზედამხედველო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი შერწყმის პირობების პროექტი;

ბ) მიმღები საინვესტიციო ფონდის პროსპექტისა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის განახლებული ვერსია, ხოლო ასეთი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში − მიმღები საინვესტიციო ფონდის განახლებული საინვესტიციო სტრატეგია;

გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის თითოეული სპეციალიზებული დეპოზიტარის განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შეამოწმეს ამ კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის  „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდების სადამფუძნებლო დოკუმენტებთან შესაბამისობა;

დ) ამ კანონის 46-ე მუხლით გათვალისწინებული შერწყმის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გადამცემმა საინვესტიციო ფონდმა (ფონდებმა) და მიმღებმა საინვესტიციო ფონდმა უნდა მიაწოდონ საკუთარ ერთეულის მფლობელებს.

2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის წარსადგენი ინფორმაციის შეცვლა ან განმარტება.

3. თუ საზედამხედველო ორგანო მიიჩნევს, რომ მისთვის წარდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ან დოკუმენტები არასრულია, იგი უფლებამოსილია ამ ინფორმაციის/დოკუმენტების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოითხოვოს დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა. 

4. თუ საინვესტიციო ფონდების შერწყმის შედეგად ფუძნდება ახალი საინვესტიციო ფონდი ან საინვესტიციო ფონდების შერწყმის გამო საჭირო გახდა სადამფუძნებლო დოკუმენტში ან პროსპექტში ცვლილებების შეტანა, საზედამხედველო ორგანოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად წარედგინება ახალი საინვესტიციო ფონდის დაფუძნების შესახებ განაცხადი ან შესაბამისად სადამფუძნებლო დოკუმენტში ან/და პროსპექტში ცვლილების შეტანაზე თანხმობის მიღების თაობაზე განაცხადი.

5. საზედამხედველო ორგანო საინვესტიციო ფონდების შერწყმაზე თანხმობის გაცემის ან უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.

 

მუხლი 45. შერწყმის პირობების პროექტი

1. გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შეადგინონ შერწყმის პირობების პროექტი, რომელიც უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციასა და დოკუმენტებს:

ა) შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდებისა და შერწყმის ფორმის შესახებ;

ბ) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას;

გ) შერწყმის მოსალოდნელ გავლენას გადამცემი და მიმღები საინვესტიციო ფონდების ერთეულის მფლობელებზე;

დ) ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღისთვის არსებული აქტივებისა და შესაბამის შემთხვევაში ვალდებულებების შეფასების კრიტერიუმებს;

ე) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულების გაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღსა და მეთოდს;

ვ) შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს;

ზ) აქტივების გადაცემისა და ერთეულების გაცვლის მიმართ მოქმედ წესებს;

თ) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8.ბ“ ან „ჰ8.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შერწყმის განხორციელებისას ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს.

2. შერწყმის პირობების პროექტით შესაძლებელია დადგინდეს გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელებზე დამატებით შესაბამისი ოდენობის ფულადი ანაზღაურების გაცემა. აღნიშნული ფულადი ანაზღაურება უნდა გაიცეს მიმღები საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულების გადამცემი საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელთათვის გადაცემასთან ერთად.

3. გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარები (მათი არსებობის შემთხვევაში) ვალდებული არიან შეამოწმონ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ამ კანონსა და შერწყმის მონაწილე შესაბამისი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან შესაბამისობა.

 

 

მუხლი 46. შერწყმის შესახებ ინფორმაციის ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდება

1. გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) და მიმღები საინვესტიციო ფონდი ვალდებული არიან შერწყმის შესახებ სათანადო და ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ ერთეულის მფლობელებს, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება თავიანთ ინვესტიციაზე შერწყმის გავლენისა და ამ კანონის 47-ე და 48-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის თაობაზე.

2. შერწყმის შესახებ ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოს შერწყმის განხორციელებაზე საზედამხედველო ორგანოს თანხმობის მიღების შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა გამოსყიდვის ან ერთეულის გაცვლის მოთხოვნის უფლებით სარგებლობის საბოლოო თარიღამდე, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. თუ შერწყმის მონაწილე ყველა საინვესტიციო ფონდი რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდია, ერთეულის მფლობელებს შერწყმის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდოს საზედამხედველო ორგანოსთვის შერწყმის განხორციელების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ, ამ პუნქტით დადგენილი წესით.

3. ერთეულის მფლობელებისთვის მიწოდებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს:

ა) შერწყმის საფუძველსა და დასაბუთებას;

ბ) შერწყმის შესაძლო გავლენას ერთეულის მფლობელებზე, მათ შორის, ნებისმიერი არსებითი განსხვავების არსებობას საინვესტიციო პოლიტიკასა და სტრატეგიასთან, ხარჯებთან, მოსალოდნელ შედეგებთან, პერიოდულ ანგარიშგებასთან, შემოსავლიანობის შესაძლო შემცირებასთან მიმართებით და შესაბამის შემთხვევაში ინვესტორებისთვის თვალსაჩინო გაფრთხილებას, რომ მათ მიმართ მოქმედი საგადასახადო რეჟიმი შერწყმის შედეგად შესაძლებელია შეიცვალოს;

გ) შერწყმასთან დაკავშირებით ერთეულის მფლობელების უფლებების, მათ შორის, დამატებითი ინფორმაციის მიღების უფლების, დამოუკიდებელი აუდიტორის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის ანგარიშის ასლის მიღების უფლების, ამ კანონის 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ერთეულების გამოსყიდვის ან გაცვლის მოთხოვნის უფლების, აგრეთვე ამ უფლებების განხორციელების ვადის შესახებ ინფორმაციას;

დ) შერწყმასთან დაკავშირებულ პროცედურულ საკითხებსა და შერწყმის დასრულების დაგეგმილ თარიღს;

ე) მიმღები საინვესტიციო ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის დოკუმენტის ასლს;

ვ) შერწყმასთან დაკავშირებული ხარჯების განაწილების შესახებ ინფორმაციას, თუ აღნიშნული ხარჯები შესაძლებელია დაეკისროს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდს ან/და მის ერთეულის მფლობელებს.

4. მოთხოვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდების შერწყმის მიმდინარეობისა და ვადების შესახებ ინფორმაცია უნდა წარედგინოს შერწყმის მონაწილე საინვესტიციო ფონდების თითოეულ ერთეულის მფლობელსა და საზედამხედველო ორგანოს.

 

მუხლი 47. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. საინვესტიციო კომპანიის შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ერთეულის მფლობელების საერთო კრება, თუ საინვესტიციო კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შერწყმის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ერთეულის მფლობელების საერთო კრება ერთობლივი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრულ შემთხვევაში.

2. შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ერთეულის მფლობელების საერთო კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე ერთეულის მფლობელების ხმების არანაკლებ სამი მეოთხედი, თუ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი არ არის უფრო დაბალი ზღვარი.

 

მუხლი 48. გამოსყიდვა შერწყმისას

1. გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს უფლება აქვთ, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე (გარდა ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯებისა) მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა ან, თუ ეს შესაძლებელია, მათი გადაცვლა სხვა ერთეულებზე მსგავსი საინვესტიციო პოლიტიკის მქონე საინვესტიციო ფონდში, რომელსაც მართავს იგივე აქტივების მმართველი კომპანია ან ნებისმიერი სხვა აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც იმავე აქტივების მმართველ კომპანიასთან აკავშირებს საერთო მმართველობა ან კონტროლი ან მნიშვნელოვანი წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლება ამოქმედდება გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) და მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებისთვის შერწყმის შესახებ ინფორმაციის ამ კანონის 46-ე მუხლის შესაბამისად მიწოდებისთანავე და უქმდება ერთეულების გადაცვლის კოეფიციენტის გამოთვლის თარიღამდე 5 სამუშაო დღით ადრე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს მოსთხოვოს ერთეულების გამოსყიდვის ან განთავსების დროებით შეჩერება, აგრეთვე შერწყმის მონაწილე ღია ან ინტერვალურ საინვესტიციო ფონდებს ნება დართოს, დროებით შეაჩერონ გამოსყიდვა ან განთავსება, თუ ეს გამართლებულია ერთეულის მფლობელთა ინტერესებით.

 

მუხლი 49. შერწყმის დასრულება

1. შერწყმა დასრულებულად ითვლება ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შედეგების დადგომისას. 

2. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:

ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება;

ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება;

გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.

3. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:

ა) ახლად დაფუძნებულ მიმღებ საინვესტიციო ფონდს გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ყველა აქტივი და ვალდებულება;

ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები ახლად დაფუძნებული მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან და შესაბამის შემთხვევაში მათ მიეცემათ შერწყმის პირობებით განსაზღვრული ფულადი ანაზღაურება;

გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) წყვეტს (წყვეტენ) არსებობას.

4. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ8.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შერწყმას აქვს შემდეგი შედეგები:

ა) მიმღებ საინვესტიციო ფონდს  გადაეცემა გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) წმინდა აქტივები;

ბ) გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) ერთეულის მფლობელები მიმღები საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელები ხდებიან;

გ) გადამცემი საინვესტიციო ფონდი (ფონდები) განაგრძობს (განაგრძობენ) არსებობას ვალდებულებების ამოწურვამდე.

5. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები საინვესტიციო ფონდი გადამცემი საინვესტიციო ფონდის (ფონდების) სამართალმემკვიდრე ხდება.

6. ამ მუხლის შესაბამისად დასრულებული შერწყმის ბათილად ცნობა დაუშვებელია.

 

მუხლი 50. შერწყმის ხარჯები

შერწყმის პროცესის მომზადებასთან ან დასრულებასთან დაკავშირებული სამართლებრივი, საკონსულტაციო ან ადმინისტრაციული ხარჯების გადახდა არ შეიძლება დაეკისროს (არ შეიძლება დაეკისროთ) გადამცემ საინვესტიციო ფონდს (ფონდებს), მიმღებ საინვესტიციო ფონდს ან მათ ნებისმიერ ერთეულის მფლობელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საინვესტიციო ფონდს დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

 

თავი VIII

ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელება და სესხის აღება ან გაცემა

 

მუხლი 51. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელებასა და სესხთან დაკავშირებული მოთხოვნები

1. ამ თავით დგინდება ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების მიერ ინვესტიციების განხორციელების, აგრეთვე სესხის აღებისა და გაცემის წესები.

2. თუ ამ კანონის IX თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ თავით დადგენილი წესები აგრეთვე ვრცელდება UCITS-ის ფორმით შექმნილ ინვესტორ ფონდებზე.

3. ამ თავის საფუძველზე საინვესტიციო ფონდებისთვის დადგენილი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის თითოეულ ქვეფონდზე. ასეთ შემთხვევაში ქოლგისებრი  ფონდის თითოეული ქვეფონდი ჩაითვლება დამოუკიდებელ საინვესტიციო ფონდად.

 

მუხლი 52. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდებისთვის ნებადართული ინვესტიცია და სესხი

1. თუ ამ კანონით ან მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირება შესაძლებელია ნებისმიერ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს:

ა) იმ აქტივების/ფინანსური ინსტრუმენტების აღწერილობას (კატეგორიას), რომლებშიც საინვესტიციო ფონდმა შესაძლებელია განახორციელოს ინვესტიცია;

ბ) საინვესტიციო ფონდის აქტივების წილს, რომლის ფარგლებშიც დასაშვებია შესაბამისი აღწერილობის (კატეგორიის) აქტივებში/ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციის განხორციელება;

გ) ნებადართული ტრანზაქციების აღწერილობას;

დ) საინვესტიციო ფონდის მაქსიმალური რისკის პოზიციას თითოეულ პირთან/პირთა ჯგუფთან მიმართებით;

ე) საინვესტიციო ფონდისთვის პირზე/პირთა ჯგუფზე საკუთრების/ფლობის ან კონტროლის მაქსიმალურ ნებადართულ კონცენტრაციას;

ვ) საინვესტიციო ფონდთან ან აქტივების მმართველ კომპანიასთან მჭიდრო კავშირში მყოფ პირებთან (მათ შორის, აქტივების მმართველი კომპანიის მართვის ქვეშ მყოფ საინვესტიციო ფონდებთან) დადებულ გარიგებებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს;

ზ) რისკების მართვასთან დაკავშირებულ სხვა მოთხოვნებს.

2. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მიერ სესხის აღება დასაშვებია მხოლოდ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და პროსპექტის შესაბამისად, რომლებიც უნდა განსაზღვრავდეს საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების მაქსიმალურ პროცენტულ ოდენობას, რომლის სესხად აღებაც დასაშვებია.

3. თუ საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს ეკრძალება გასცეს სესხი, იყოს თავდები ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსურ ინსტრუმენტებსა და საბანკო დეპოზიტებში ინვესტირებაზე, აგრეთვე ამ კანონის 55-ე მუხლით განსაზღვრული პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენებაზე.  

4. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ქვეფონდმა არ შეიძლება განახორციელოს ინვესტიცია იმავე საინვესტიციო ფონდის სხვა ქვეფონდში, თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა ან ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა დანერგოს რისკების მართვის იმგვარი პროცესი, რომლის მეშვეობითაც იგი ნებისმიერ დროს შეძლებს მონიტორინგი გაუწიოს და შეაფასოს აღებული რისკები და მათი წილი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის მთლიანი პორტფელის რისკის პროფილში. ავტორიზებულმა საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არ უნდა იხელმძღვანელოს მხოლოდ ან პირდაპირ საკრედიტო სარეიტინგო სააგენტოს მიერ მინიჭებული საკრედიტო რეიტინგით. 

6. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდებს სამართლებრივი აქტით დაუწესოს დამატებითი მოთხოვნები ნებადართული ინვესტიციების განხორციელებისთვის, სესხის აღებისთვის ან გაცემისთვის, აგრეთვე საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაციისთვის.

 

მუხლი 53. UCITS-ისთვის ნებადართული ინვესტიციები და გარიგებები

1. UCITS-ს უფლება აქვს, ინვესტიცია განახორციელოს მხოლოდ შემდეგ აქტივებში ან ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებულ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში;

ბ) უცხო ქვეყანაში მოქმედ საფონდო ბირჟაზე სავაჭროდ დაშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, თუ ეს საფონდო ბირჟა შეყვანილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სიაში, საქმიანობას ახორციელებს რეგულარულად, არის აღიარებული და ხელმისაწვდომია საჯაროდ;

გ) ახლად გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, თუ ემისიის პირობები შეიცავს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც, წარდგენილი იქნება განაცხადი ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შესახებ და საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვება უზრუნველყოფილი იქნება მათი გამოშვებიდან 1 წლის ვადაში;

დ) UCITS-ის მიერ გამოშვებულ ერთეულებში ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (მიუხედავად იმისა, დაფუძნებულია თუ არა აღნიშნული საინვესტიციო ფონდი საქართველოში), თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:

დ.ა) საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, შესაბამისი კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი სხვა საინვესტიციო ფონდი ექვემდებარება ზედამხედველობას, რომელიც UCITS-ისთვის განსაზღვრული ზედამხედველობის ეკვივალენტურია. ამასთანავე, უზრუნველყოფილია საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობა;

დ.ბ)  სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების დაცვის დონე UCITS-ის ერთეულის მფლობელების დაცვის დონის ეკვივალენტურია, მათ შორის, აქტივების სეგრეგაციის, სესხის აღებისა და გაცემის მარეგულირებელი წესები ამ კანონის მოთხოვნების ეკვივალენტურია;

დ.გ) სხვა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა ხდება წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში საანგარიშო პერიოდის მიხედვით აქტივებისა და ვალდებულებების, შემოსავლისა და ოპერაციების შეფასების მიზნით;

დ.დ) UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, საინვესტიციო ფონდს უფლება არა აქვს, საკუთარი აქტივების არაუმეტეს 10 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა UCITS-ის ერთეულებში ან სხვა საინვესტიციო ფონდის ერთეულებში;

ე) კომერციულ ბანკებში განთავსებულ მოთხოვნამდე დეპოზიტებში ან ვადიან დეპოზიტებში, რომელთა ვადიანობა 12 თვეს არ აღემატება, იმ პირობით, რომ კომერციული ბანკი ლიცენზირებულია საქართველოში ან უცხოური ბანკი, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით კომერციული ბანკებისთვის დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია;

ვ) დერივატივებში (მათ შორის, მათ ეკვივალენტ ფინანსურ ინსტრუმენტებში, რომლებიც ფულად ანგარიშსწორებას ითვალისწინებს), რომლებიც ივაჭრება ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, ან არასაბირჟო ფინანსურ დერივატივებში, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ვ.ა) დერივატივი ნაწარმოებია ამ პუნქტით გათვალისწინებული ინსტრუმენტებიდან ან ფინანსური ინდექსებიდან, საპროცენტო განაკვეთებიდან, უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსებიდან ან უცხოური ვალუტიდან, რომლებშიც UCITS-ს შეუძლია ინვესტიცია განახორციელოს საკუთარი სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული საინვესტიციო მიზნების შესაბამისად;

ვ.ბ) არასაბირჟო დერივატივების მხარეები ექვემდებარებიან პრუდენციულ ზედამხედველობას და განეკუთვნებიან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიებს;

ვ.გ) არასაბირჟო დერივატივი ექვემდებარება ყოველდღიურ სანდო და დადასტურებად შეფასებას და მისი გაყიდვა, ლიკვიდაცია ან დახურვა ურთიერთგაქვითვის შეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია ნებისმიერ დროს, სამართლიან ფასად, UCITS-ის ინიციატივით;

ზ) ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც სავაჭროდ დაშვებული არ არის ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე, თუ ამ ინსტრუმენტების ემისია ან მათი ემიტენტი ინვესტორებისა და დანაზოგების დაცვის მიზნით რეგულირებას ექვემდებარება და ეს ინსტრუმენტები:

ზ.ა) გამოშვებულია ან გარანტირებულია საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ, უცხო ქვეყნის ან საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სხვა პირის მიერ;

ზ.ბ) გამოშვებულია ემიტენტის მიერ, რომლის მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები დაშვებულია სავაჭროდ ამ პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საფონდო ბირჟაზე;

ზ.გ) გამოშვებულია ან გარანტირებულია ემიტენტის მიერ, რომელიც ექვემდებარება პრუდენციულ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ან ისეთი ემიტენტის მიერ, რომელიც, საზედამხედველო ორგანოს შეფასებით, ექვემდებარება რეგულირებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულირების ეკვივალენტურია;

ზ.დ) გამოშვებულია სხვა ემიტენტის მიერ, რომელიც განეკუთვნება საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილ შესაბამის კატეგორიას, იმ პირობით, რომ ამ ინსტრუმენტებში განხორციელებული ინვესტიცია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციების ეკვივალენტურად არის დაცული.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აქტივებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებში ინვესტიციის განხორციელების გარდა,  UCITS-ს უფლება აქვს:

ა) თავისი აქტივების არაუმეტეს 10 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ისეთ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, რომლებიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის პირველი პუნქტით;

ბ) ფლობდეს დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს.

3. UCITS-ს ეკრძალება ძვირფასი ლითონების ან მათი შესაბამისი სერტიფიკატების შეძენა.

4. დერივატივებთან დაკავშირებული რისკის საერთო პოზიცია UCITS-ისთვის არ უნდა აღემატებოდეს მისი პორტფელის საერთო წმინდა ღირებულებას. რისკის პოზიციის გამოთვლისას გაითვალისწინება ძირითადი აქტივების მიმდინარე ღირებულება, კონტრაჰენტის რისკი, ბაზრის სამომავლო ცვალებადობა და პოზიციების დახურვისთვის განსაზღვრული ვადა.

5. საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებულ UCITS-ს უფლება აქვს, შეიძინოს მოძრავი და უძრავი ქონება ან/და არამატერიალური აქტივი, რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო კომპანიის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად.

6. ამ მუხლით განსაზღვრულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებად ჩაითვლება შემდეგი ინსტრუმენტები:

ა) აქციები კომპანიებში და აქციის ეკვივალენტი სხვა ფასიანი ქაღალდები (წილობრივი ფასიანი ქაღალდები);

ბ) ობლიგაციები და სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდები;

გ) სხვა მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, რომლებიც იძლევა ნებისმიერი ასეთივე მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდის შეძენის უფლებას პირველადი შესყიდვით ან გაცვლით. 

 

მუხლი 54. UCITS-ის მიერ საინვესტიციო პორტფელის დივერსიფიკაცია

1. UCITS-ს ეკრძალება, საკუთარი აქტივების 5 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ერთი და იმავე ემიტენტის მიერ გამოშვებულ მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში ან ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში. ერთსა და იმავე კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტები არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 20 პროცენტს.

2. UCITS-ის მიერ არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებაში კონტრაჰენტის მიმართ აღებული რისკის პოზიცია არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს, თუ კონტრაჰენტი ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომერციული ბანკია, ხოლო სხვა შემთხვევებში − UCITS-ის აქტივების 5 პროცენტს.

3. UCITS-ს არა აქვს უფლება, გააერთიანოს ინვესტიციები მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებში, დეპოზიტებსა და არასაბირჟო დერივატივის ხელშეკრულებიდან გამომდინარე რისკის პოზიციებში იმგვარად, რომ აღნიშნულმა გამოიწვიოს მისი აქტივების 20 პროცენტზე მეტი ოდენობის ინვესტირება ერთ პირში.

4. მიუხედავად ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებით დადგენილი მოთხოვნებისა, UCITS-ს შეუძლია განახორციელოს საკუთარი აქტივების 100 პროცენტამდე ოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა მიმოქცევად ფასიან ქაღალდებსა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტში, რომლებიც გამოშვებული ან გარანტირებულია საქართველოს მთავრობის, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოს, უცხო ქვეყნის ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრიცაა საქართველო. ასეთ შემთხვევაში UCITS-ის ერთეულის მფლობელები იმ UCITS-ის ერთეულის მფლობელების ეკვივალენტურად უნდა იყვნენ დაცული, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის პორტფელი უნდა შედგებოდეს სულ მცირე ექვსი სხვადასხვა ემისიის ფარგლებში გამოშვებული მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდებისგან, თითოეული ემისიის მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში განხორციელებული ინვესტიცია კი არ უნდა აჭარბებდეს UCITS-ის საერთო აქტივების 30 პროცენტს.

5. UCITS-ს უფლება აქვს, შეიძინოს ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული UCITS-ის ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდის მიერ გამოშვებული ერთეულები, თუ თითოეულ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა არ აჭარბებს მისი აქტივების 20 პროცენტს. საინვესტიციო ფონდის ერთეულებში (გარდა UCITS-ის ერთეულებისა) განხორციელებული ინვესტიციის ჯამური ოდენობა არ უნდა აჭარბებდეს საკუთარი აქტივების 30 პროცენტს.

6. მიუხედავად ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს დეტალური წესები და განსაზღვროს ის პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს UCITS ამ მუხლით გათვალისწინებული დივერსიფიკაციის ვალდებულებების შესასრულებლად.

 

მუხლი 55. UCITS-ის მიერ პორტფელის ეფექტიანად მართვის ტექნიკის გამოყენება

1. UCITS-ს უფლება აქვს,  მიმოქცევად ფასიან ქაღალდებსა და ფულადი ბაზრის ინსტრუმენტებთან დაკავშირებით გამოიყენოს სხვადასხვა ტექნიკა და ინსტრუმენტები იმ პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, რომლებიც დადგენილია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით, თუ ეს ტექნიკა და ინსტრუმენტები გამოიყენება პორტფელის ეფექტიანად სამართავად.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს UCITS-ის მიერ სადამფუძნებლო დოკუმენტითა და პროსპექტით დადგენილი საინვესტიციო მიზნებიდან გადახვევა.

 

მუხლი 56. UCITS-ის მიერ სესხის აღება და სესხის გაცემა

1. UCITS-ს არა აქვს უფლება, აიღოს სესხი, გარდა უცხოური ვალუტის შესაძენად დადებული ჯვარედინი (back-to-back) სესხის ხელშეკრულებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

2.  UCITS-ს უფლება აქვს, აიღოს სესხი, თუ სრულდება ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) სესხი მოკლევადიანია და მისი ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება; 

ბ) სესხის აღება ემსახურება საინვესტიციო კომპანიის ფორმით დაფუძნებული UCITS-ის  მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი უძრავი ქონების შეძენას და სესხის ოდენობა UCITS-ის აქტივების 10 პროცენტს არ აღემატება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებადართული სესხების საერთო ოდენობა UCITS-ის აქტივების 15 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს.

4. ამ კანონის 53-ე და 55-ე მუხლების შეუზღუდავად, UCITS-ს ეკრძალება გასცეს სესხი, იმოქმედოს თავდებად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი ფორმით იტვირთოს ვალდებულება მესამე პირთა სასარგებლოდ. აღნიშნული უფლებას არ ართმევს UCITS-ს, განახორციელოს ინვესტიცია საბანკო დეპოზიტებში ამ კანონის შესაბამისად, შეიძინოს მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდები, ფულადი ბაზრის ინსტრუმენტები ან ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინსტრუმენტები, რომლებიც სრულად გადახდილი არ არის.

 

თავი IX

ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS-ის სტრუქტურა

 

მუხლი 57. ინვესტიციის მიმღები და ინვესტორი UCITS

1. ამ თავით დგინდება ინვესტიციების მიმღები ფონდებისა და ინვესტორი ფონდების სტრუქტურა და საქმიანობის წესი, თუ ეს საინვესტიციო ფონდები ამავდროულად შექმნილი არიან UCITS-ის ფორმით, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი გამონაკლისისა.

2. ინვესტორი UCITS (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტორი ფონდი) არის UCITS ან მისი ქვეფონდი, რომელიც საზედამხედველო ორგანოს თანხმობის საფუძველზე უფლებამოსილია საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ სხვა UCITS-ში ან მის ქვეფონდში (ამ თავის მიზნებისთვის − ინვესტიციის მიმღები ფონდი).

3. ინვესტორი ფონდი შეიძლება ფლობდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ აქტივსა და ფინანსურ ინსტრუმენტს საკუთარი აქტივების 15 პროცენტამდე ოდენობით:

ა) დამხმარე ხასიათის ლიკვიდურ აქტივებს;

ბ) დერივატივებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ჰეჯირების მიზნით ამ კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის და 55-ე მუხლის შესაბამისად;

გ) მოძრავ ან უძრავ ქონებას ან/და არამატერიალურ აქტივს, რომლებიც აუცილებელია მის მიერ საკუთარი საქმიანობის განსახორციელებლად, თუ ინვესტორი ფონდი საინვესტიციო კომპანიაა.

4. ინვესტორი ფონდი ვალდებულია დერივატივებთან მიმართებით გაიანგარიშოს საკუთარი საერთო რისკის პოზიცია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთარი პირდაპირი რისკის პოზიციასთან ერთ-ერთი შემდეგი მაჩვენებლის გაერთიანებით:

ა) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის რეალური რისკის პოზიცია ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად;

ბ) დერივატივებთან მიმართებით ინვესტიციის მიმღები ფონდის პოტენციური მაქსიმალური საერთო რისკის პოზიცია მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად, ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში განხორციელებული ინვესტიციის პროპორციულად.

5. ინვესტიციის მიმღები ფონდი არის ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებული UCITS ან მისი ეკვივალენტი სხვა საინვესტიციო ფონდი, რომელიც აკმაყოფილებს ამავე კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე UCITS-ის ან ასეთი საინვესტიციო ფონდის ქვეფონდი, თუ დაკმაყოფილებულია ყველა შემდეგი პირობა:

ა) მისი სულ მცირე ერთი ერთეულის მფლობელი არის ინვესტორი ფონდი;

ბ) იგი თავად არ არის ინვესტორი ფონდი;

გ) იგი არ ფლობს ინვესტორი ფონდის ერთეულებს.

მუხლი 58. ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემა

1. ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას. ამ მიზნით ინვესტორმა ფონდმა ან/და მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა მიმართოს საზედამხედველო ორგანოს და წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

ა) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტები;

ბ) ინვესტიციის მიმღები ფონდისა და ინვესტორი ფონდის პროსპექტები და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია;

გ) ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს შორის დადებული შეთანხმება ან აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესები ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;

დ) შესაბამის შემთხვევაში ერთეულის მფლობელებისთვის მისაწოდებელი, ამ კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია;

ე) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი ჰყავთ, ამ სპეციალიზებულ დეპოზიტარებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ;

ვ) თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს სხვადასხვა აუდიტორი ჰყავთ, ამ აუდიტორებს შორის ამ კანონის 61-ე მუხლის მე-3  პუნქტის შესაბამისად დადებული შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ.

2. თუ ინვესტიციის მიმღები ფონდი დაფუძნებულია საქართველოს ფარგლების გარეთ, ინვესტიციის განხორციელების შესახებ ინვესტორი ფონდის განაცხადს თან უნდა დაერთოს შესაბამისი უცხოური საზედამხედველო ორგანოს მიერ გაცემული დასტური ინვესტიციის მიმღები ფონდის ან მისი შესაბამისი ქვეფონდის მიერ ამ კანონის 57-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ.

3. საზედამხედველო ორგანო განმცხადებელს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ მუხლით გათვალისწინებული ინვესტიციის განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ ატყობინებს განაცხადის მიღებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.

4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლით გათვალისწინებული თანხმობის გაცემის პროცედურა და დამატებითი მოთხოვნები.

 

მუხლი 59. ინვესტორი ფონდის მიერ ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდება

1. ინვესტორი ფონდი, რომელიც საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად (მათ შორის, როგორც სხვა ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორი ფონდი) და სურს ინვესტიციის მიმღებ ფონდში ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის განხორციელება, ვალდებულია თავის ერთეულის მფლობელებს მიაწოდოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

ა) განცხადება, რომლის მიხედვითაც საზედამხედველო ორგანომ გასცა თანხმობა ინვესტორი ფონდის მიერ ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებაზე;

ბ) ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია;

გ) თარიღი, როდესაც ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს, ან, თუ მან უკვე განახორციელა ინვესტიცია, თარიღი, როდესაც ინვესტიციის ოდენობა ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ ლიმიტს გადააჭარბებს;

დ) განცხადება, რომლის მიხედვითაც ერთეულის მფლობელებს აქვთ უფლება, ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში მოითხოვონ თავიანთი ერთეულების გამოსყიდვა საკომისიოს გადახდის გარეშე (ინვესტიციის გატანასთან დაკავშირებული ხარჯების გარდა).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ერთეულის მფლობელებს უნდა მიეწოდოთ იმავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ თარიღამდე სულ მცირე 30 დღით ადრე. ამ ვადის გასვლამდე ინვესტორ ფონდს არა აქვს უფლება, ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში განახორციელოს ინვესტიცია ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით.

 

მუხლი 60. ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციის მიმღები ფონდის მარეგულირებელი ზოგადი დებულებები

1. ინვესტიციის მიმღები ფონდი ვალდებულია ინვესტორ ფონდს მიაწოდოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რათა ინვესტორმა ფონდმა შეძლოს ამ კანონითა და საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება. ამ მიზნით ინვესტორი ფონდი ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დებს შესაბამის შეთანხმებას. თუ ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს ერთი და იგივე აქტივების მმართველი კომპანია მართავს, აღნიშნული შეთანხმება შეიძლება ჩანაცვლდეს აქტივების მმართველი კომპანიის შიდა წესებით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლამდე ინვესტორ ფონდს ეკრძალება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ლიმიტის გადაჭარბებით ინვესტიციის მიმღებ ფონდში ინვესტიციის განხორციელება. ეს შეთანხმება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ერთეულის მფლობელისთვის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში და საფასურის გადახდის გარეშე.

3. ინვესტიციის მიმღებ ფონდსა და ინვესტორ ფონდს ეკისრებათ ვალდებულება, მიიღონ სათანადო ზომები საკუთარი აქტივების წმინდა ღირებულების გაანგარიშებისა და გამოქვეყნების დროთა კოორდინირებისთვის.

4. თუ ინვესტიციის მიმღები ფონდი ამ კანონის 41-ე მუხლის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით ან საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნით შეაჩერებს ერთეულების განთავსების ან გამოსყიდვის პროცესს, მისი თითოეული ინვესტორი ფონდი უფლებამოსილია იმავე ვადით შეაჩეროს საკუთარი ერთეულების განთავსება ან გამოსყიდვა. ასეთ შემთხვევაში ინვესტორ ფონდზე არ ვრცელდება იმავე მუხლით დადგენილი შეზღუდვები.

5. ინვესტიციის მიმღები ფონდის ლიკვიდაციისას აგრეთვე უნდა მოხდეს ინვესტორი ფონდის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საზედამხედველო ორგანო ინვესტორ ფონდს აძლევს თანხმობას, განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება:

ა) საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა ინვესტიციის მიმღებ ფონდში; 

ბ) თავის სადამფუძნებლო დოკუმენტში შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი გახდება ინვესტორი ფონდის გარდაქმნა ისეთ საინვესტიციო ფონდად (UCITS-ად), რომელიც ინვესტორი ფონდი არ არის.

6. ინვესტიციის მიმღები ფონდის სხვა UCITS-თან შერწყმისას ან უცხო ქვეყანაში დაფუძნებული ინვესტიციის მიმღები ფონდის შემთხვევაში მისი გაყოფისას უნდა მოხდეს ინვესტორი ფონდის ლიკვიდაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საზედამხედველო ორგანო ინვესტორ ფონდს აძლევს თანხმობას, განახორციელოს ერთ-ერთი შემდეგი ქმედება:

ა) განაგრძოს საქმიანობა, როგორც ინვესტიციის მიმღები ფონდის ან მისი შერწყმის ან გაყოფის შედეგად წარმოქმნილი სხვა UCITS-ის ინვესტორმა ფონდმა. თუ საზედამხედველო ორგანო არ გასცემს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ თანხმობას, ინვესტიციის მიმღები ფონდი ვალდებულია ინვესტორ ფონდს მისცეს შესაძლებლობა, ინვესტიციის მიმღები ფონდის შერწყმის ან გაყოფის დასრულებამდე მოითხოვოს საკუთარი ერთეულების გამოსყიდვა;

ბ) საკუთარი აქტივების სულ მცირე 85 პროცენტის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს სხვა ინვესტიციის მიმღებ ფონდში, რომელიც შერწყმის ან გაყოფის შედეგად არ წარმოქმნილა;

გ) თავის სადამფუძნებლო დოკუმენტში შეიტანოს ცვლილება, რომლის თანახმადაც, შესაძლებელი გახდება ინვესტორი ფონდის გარდაქმნა ისეთ საინვესტიციო ფონდად (UCITS-ად), რომელიც ინვესტორი ფონდი არ არის.

 

მუხლი 61. ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი და აუდიტორი

1. თუ ინვესტორ ფონდსა და ინვესტიციის მიმღებ ფონდს დანიშნული ჰყავთ სხვადასხვა სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ სპეციალიზებულმა დეპოზიტარებმა მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად უნდა დადონ შეთანხმება ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ამ შეთანხმების ძალაში შესვლამდე დაუშვებელია ინვესტორმა ფონდმა განახორციელოს ინვესტიცია ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში.

2. ინვესტორი ფონდის ან ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ამ თავითა და მის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ინფორმაციის კონფიდენციალურობასა და მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული, მარეგულირებელი კანონმდებლობის ან ხელშეკრულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევად.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნები და წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ინვესტორი ფონდისა და ინვესტიციების მიმღები ფონდის აუდიტორებზე.

4. ინვესტიციის მიმღები ფონდის სპეციალიზებულმა დეპოზიტარმა საზედამხედველო ორგანოს, ინვესტორ ფონდს და შესაბამის შემთხვევაში ინვესტორი ფონდის აქტივების მმართველ კომპანიასა და სპეციალიზებულ დეპოზიტარს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ინვესტიციის მიმღებ ფონდთან დაკავშირებით ისეთი დარღვევის აღმოჩენის შესახებ, რომელმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ინვესტორ ფონდზე.

5. ინვესტორი ფონდის აუდიტორი ვალდებულია აუდიტორული დასკვნის შედგენისას გაითვალისწინოს ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორული დასკვნა. ინვესტორი ფონდის აუდიტორმა აუდიტორულ დასკვნაში უნდა მიუთითოს ინვესტიციის მიმღები ფონდის აუდიტორულ დასკვნაში გამოვლენილი დარღვევებისა და ინვესტორ ფონდზე მათი გავლენის შესახებ. 

 

მუხლი 62. ინვესტორი ფონდის ვალდებულებები

1. ინვესტორი ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია განახორციელოს ინვესტიციის მიმღები ფონდის საქმიანობის ეფექტიანი კონტროლი ინვესტიციის მიმღები ფონდისგან, მისი აქტივების მმართველი კომპანიისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აუდიტორისგან მიღებული ინფორმაციისა და დოკუმენტების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს ამ ინფორმაციის ან დოკუმენტების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.

2. ინვესტორი ფონდის, მისი აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მათი სახელით მოქმედი ნებისმიერი სხვა პირის მიერ ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი საკომისიო ან სხვა ფულადი სარგებელი უნდა მიეკუთვნოს ინვესტორი ფონდის აქტივებს.

 

მუხლი 63. ინვესტიციის მიმღები ფონდის ვალდებულებები

1. ინვესტიციის მიმღები ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საზედამხედველო ორგანოს თითოეული იმ ინვესტორი ფონდის შესახებ, რომელიც მის ერთეულებში ინვესტიციას ახორციელებს.

2. დაუშვებელია ინვესტორი ფონდისთვის ნებისმიერი სახის საკომისიოს გადახდის დაკისრება ინვესტიციის მიმღები ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელებისთვის ან ერთეულების გამოსყიდვისთვის.

3. ინვესტიციის მიმღები ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ინვესტორი ფონდისთვის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიისთვის, აგრეთვე ინვესტორი ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, აუდიტორისა და საზედამხედველო ორგანოსთვის შესაბამისი კანონმდებლობითა და სადამფუძნებლო დოკუმენტით მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად გახადოს ხელმისაწვდომი.

 

თავი X

შეთავაზება

 

მუხლი 64. ერთეულების შეთავაზება

1. აქტივების მმართველი კომპანია ან/და საინვესტიციო კომპანია, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, ვალდებულია უზრუნველყოს, რომ ერთეულების შეთავაზების მიზნით ინვესტორებთან განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაცია ნათლად იქნეს იდენტიფიცირებული, როგორც შეთავაზებისთვის განკუთვნილი, და თანაბარმნიშვნელოვნად აღწერდეს ერთეულების შეძენასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს. ამგვარი კომუნიკაცია  უნდა იყოს სწორი, გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. შეთავაზების ფარგლებში განხორციელებული კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს საინვესტიციო ფონდის შესახებ კონკრეტულ ინფორმაციას, არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს პროსპექტში ან ინვესტორთათვის განკუთვნილ საკვანძო ინფორმაციაში ასახულ ინფორმაციას და არ უნდა აკნინებდეს მის მნიშვნელობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კომუნიკაცია უნდა მიუთითებდეს, რომ არსებობის შემთხვევაში ხელმისაწვდომია პროსპექტი და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია. ამასთანავე, კომუნიკაციაში აღნიშნული უნდა იყოს, თუ სად, როგორ ან რა ენაზეა შესაძლებელი ინვესტორებისთვის ამ დოკუმენტების მოპოვება ან გაცნობა. 

3. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კომუნიკაცია საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე.

 

თავი XI

ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

 

მუხლი 65. პროსპექტის, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციისა და პერიოდული ანგარიშების გამოქვეყნების ვალდებულება

1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო კომპანია და აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ და გამოაქვეყნონ შემდეგი დოკუმენტები:

ა) პროსპექტი;

ბ) ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია;

გ) წლიური ანგარიში თითოეული ფინანსური წლისთვის;

დ) ნახევარი წლის ანგარიში ფინანსური წლის პირველი 6 თვისთვის.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან ინვესტორებს მიაწოდონ პროსპექტი და წლიური/ნახევარი წლის ანგარიშები მათი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. ინვესტორს პროსპექტი შესაძლებელია მიეწოდოს ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ინვესტორს პროსპექტი უნდა მიეწოდოს მატერიალური ფორმით და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

3. წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროსპექტითა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციით დადგენილი წესით. ინვესტორს წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები მატერიალური ფორმით უნდა მიეწოდოს მისი მოთხოვნის საფუძველზე და ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

4. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების შედგენისა და გამოქვეყნების მარეგულირებელი წესები.

5. თუ საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.

 

მუხლი 66. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტის შედგენა და მასში გასათვალისწინებელი ინფორმაცია

1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა შეიცავდეს შეთავაზებული ინვესტიციისა და მასთან დაკავშირებული რისკების შესაფასებლად ინვესტორისთვის საჭირო ინფორმაციას. პროსპექტში ნათლად და  გასაგები ენით ახსნილი უნდა იყოს საინვესტიციო ფონდის რისკის პროფილი.

2. პროსპექტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი. პროსპექტის დამტკიცება არ უნდა იქნეს მიჩნეული პროსპექტის შინაარსის სისწორის ან მასში აღწერილი ინვესტიციების ღირებულების შესახებ საზედამხედველო ორგანოს რეკომენდაციად ან დასკვნად.

3. ავტორიზებული/აღიარებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) საინვესტიციო ფონდისა და აქტივების მმართველი კომპანიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელწოდებას, დაფუძნების თარიღსა და ხანგრძლივობას (თუ საინვესტიციო ფონდი ან აქტივების მმართველი კომპანია შეზღუდული ხანგრძლივობით არის დაფუძნებული);

ბ) ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში − შესაბამის ქვეფონდებზე მითითებას;

გ) იმის შესახებ, თუ სად შეიძლება გაეცნოს ინვესტორი საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტს, თუ იგი არ ერთვის პროსპექტს, და პერიოდულ ანგარიშებს;

დ) საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებული დაბეგვრის სისტემის მოქმედების რელევანტურ მოკლე მიმოხილვას ერთეულის მფლობელებისთვის;

ე) იმ პირთა შესახებ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან საინვესტიციო ფონდის წლიურ ანგარიშში ასახული ფინანსური ინფორმაციის აუდირებისთვის ამ კანონის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;

ვ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრთა ვინაობისა და მათ მიერ დაკავებული თანამდებობების შესახებ;

ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან/და საინვესტიციო კომპანიის კაპიტალის შესახებ;

თ) ერთეულების ტიპებისა და ძირითადი მახასიათებლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, აგრეთვე მითითებას იმ საფონდო ბირჟაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სადაც ერთეულები დაშვებულია სავაჭროდ;

ი) ერთეულების გამოშვებისა და განთავსების პირობებსა და პროცედურას;

კ) გამოსყიდვის პირობებსა და პროცედურას, ასევე  იმ გარემოებათა შესახებ ინფორმაციას, რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოსყიდვის პროცესი შეჩერებულ იქნეს, აგრეთვე ქოლგისებრი ფონდის შემთხვევაში − ერთეულის მფლობელის მიერ ერთი ქვეფონდიდან სხვა ქვეფონდში გადასვლის პირობებსა და პროცედურას;

ლ) საინვესტიციო ფონდის მოგების განსაზღვრისა და გამოყენების წესებს;

მ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო მიზნებისა და საინვესტიციო პოლიტიკის აღწერას (მათ შორის, იმის მითითებას, არის თუ არა საინვესტიციო ფონდი რომელიმე ეკონომიკურ სექტორში ან გეოგრაფიულ რეგიონში ინვესტიციის განხორციელებაზე კონცენტრირებული), აგრეთვე საინვესტიციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და იმ ტექნიკაზე, ინსტრუმენტებზე ან სესხის აღების უფლებაზე მითითებას, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საინვესტიციო ფონდის მართვისას;

ნ) საინვესტიციო ფონდის აქტივების ღირებულების შეფასების წესებს;

ო) ერთეულების გამოშვების/განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების განსაზღვრის შესახებ, მათ შორის, მათთან დაკავშირებულ საკომისიოებსა და ხარჯებს;

პ) საინვესტიციო ფონდის მიერ აქტივების მმართველი კომპანიისთვის, სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის ან მესამე პირებისთვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ; საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში − ასევე მმართველი ორგანოს წევრებისთვის გასაცემი ანაზღაურების გაანგარიშებისა და ოდენობის, აგრეთვე მათთვის ასანაზღაურებელი ხარჯების შესახებ;

ჟ) სპეციალიზებული დეპოზიტარისა და იმ პირების შესახებ, რომლებიც დელეგირებული უფლებამოსილების საფუძველზე ასრულებენ საინვესტიციო ფონდის ფინანსური ინსტრუმენტების შენახვისა და აღრიცხვის ფუნქციას;

რ) წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ  (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ს) ტიპური ინვესტორების პროფილის აღწერილობას, რომელთათვისაც განკუთვნილია საინვესტიციო ფონდი;

ტ) იმ შესაძლო საკომისიოებისა და ხარჯების (გარდა ამ პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკომისიოებისა და ხარჯებისა) შესახებ, რომელთა გადახდა შესაძლებელია დაეკისროს, ერთი მხრივ, ერთეულის მფლობელებსა და, მეორე მხრივ, საინვესტიციო ფონდს;

უ) საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

4. პროსპექტში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მითითება აუცილებელი არ არის, თუ ამ ინფორმაციას შეიცავს საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი, რომელიც თან ერთვის პროსპექტს.

5. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი პროსპექტის განუყოფელი ნაწილია და თან უნდა ერთოდეს მას. სადამფუძნებლო დოკუმენტის პროსპექტზე დართვა სავალდებულო არ არის, თუ ინვესტორისთვის ცნობილია, რომ მოთხოვნის შემთხვევაში მას გაეგზავნება აღნიშნული დოკუმენტი ან ეცნობება ადგილი, სადაც შეუძლია გაეცნოს მას.

6. პროსპექტში შეტანილი ძირითადი ინფორმაცია უნდა  განახლდეს. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის პროსპექტში ცვლილება უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით.

 

მუხლი 67. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია

1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. იგი უნდა მოიცავდეს საინვესტიციო ფონდის ძირითადი მახასიათებლების შესახებ სათანადო ინფორმაციას, რომელიც მიეწოდება ინვესტორს, რათა მან შეძლოს შეთავაზებული საინვესტიციო პროდუქტის რისკიანობის შეფასება და ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღება.

2. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია დაწერილი უნდა იყოს მოკლედ და არატექნიკური ენით. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ერთგვაროვანი ფორმატით, რომელიც შედარების საშუალებას იძლევა და გასაგები იქნება გაუთვითცნობიერებელი ინვესტორისთვის.   

3. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა იყოს სწორი, უნდა შეესაბამებოდეს პროსპექტის შესაბამის ნაწილებს და შეცდომაში არ უნდა შეიყვანოს ინვესტორი. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია საინვესტიციო ფონდთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებზე მითითების გარეშე უნდა მოიცავდეს  შემდეგ მონაცემებს:

ა) საინვესტიციო ფონდის სახელწოდებას, აგრეთვე შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს დასახელებას;

ბ) საინვესტიციო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკისა და საინვესტიციო მიზნების მოკლე აღწერას;

გ) წარსულში საინვესტიციო ფონდის შემოსავლიანობის შესახებ ინფორმაციას ან შესაბამის შემთხვევაში შემოსავლიანობის სცენარებს;

დ) საკომისიოებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაციას;

ე) ინვესტიციის რისკიანობისა და შემოსავლიანობის პროფილს, მათ შორის, საინვესტიციო ფონდში ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ სათანადო მითითებებსა და გაფრთხილებებს;

ვ) შეთავაზებულ ინვესტიციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღების ადგილისა და ფორმის, მათ შორის, პროსპექტის, წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების ყოველგვარი საფასურის გარეშე ნებისმიერ დროს მიღების ადგილისა და მეთოდის, შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე მითითებას, თუ რომელ ენაზეა ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

4. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია წინასახელშეკრულებო ინფორმაციაა. დაუშვებელია პირისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრება მხოლოდ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის, მათ შორის, მისი ნებისმიერი უცხოურენოვანი თარგმანის, საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასში მითითებული ინფორმაცია არის არასწორი, არ შეესაბამება პროსპექტის შესაბამის ნაწილებს ან შეცდომაში შემყვანია. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა შეიცავდეს აღნიშნულთან დაკავშირებულ მკაფიო გაფრთხილებას.

5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით ახორციელებენ ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორებისთვის მიყიდვას, ვალდებული არიან ინვესტორებს ერთეულების შესყიდვამდე დროულად მიაწოდონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ, სხვა პირების საშუალებით არ  ახორციელებენ ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო ფონდის ერთეულების ინვესტორებისთვის მიყიდვას, ვალდებული არიან ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია მოთხოვნის საფუძველზე მიაწოდონ ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალს ან სხვა პირს, რომელიც ყიდის ერთეულებს ან ინვესტორებს აძლევს რჩევას ფონდის ერთეულებში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. აღნიშნულ შუამავლებს ეკისრებათ ვალდებულება, კლიენტებს ან პოტენციურ კლიენტებს ერთეულის შესყიდვამდე დროულად მიაწოდონ ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს უფლება აქვთ, ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია ინვესტორებს მიაწოდონ ხანგრძლივი მატარებლის ან ვებგვერდის მეშვეობით. ინვესტორებს აღნიშნული ინფორმაცია მოთხოვნის საფუძველზე უნდა მიეწოდოთ მატერიალური ფორმით. ამ ინფორმაციის მიღებისთვის ინვესტორები საფასურს არ იხდიან.

8. ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაცია უნდა განახლდეს. ამ ინფორმაციაში ცვლილების შეტანა საჭიროებს საზედამხედველო ორგანოს წინასწარ თანხმობას.

 

მუხლი 68. წლიური და ნახევარი წლის ანგარიშების შედგენისა და გამოქვეყნების ვალდებულება

1. ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ან აღიარებული საინვესტიციო კომპანია, აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანია მისი მართვის ქვეშ მყოფი თითოეული ავტორიზებული ან აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდისთვის ვალდებული არიან შეადგინონ და გამოაქვეყნონ წლიური და ნახევარი წლის ანგარიშები.

2. წლიური ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს კალენდარული წლის გასვლის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 15 მაისისა.  თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის წლიური ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს ამ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წლის დასრულებიდან 4 თვისა. ნახევარი წლის ანგარიში შედგენილი და გამოქვეყნებული უნდა იქნეს მიმდინარე კალენდარული წლის 15 აგვისტომდე. თუ საინვესტიციო ფონდის ფინანსური წელი კალენდარული წლისგან განსხვავდება, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია განსაზღვროს საინვესტიციო ფონდის ნახევარი წლის ანგარიშის შედგენისა და გამოქვეყნების განსხვავებული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი პერიოდის დასრულებიდან 2 თვისა.

3. წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს საბალანსო უწყისს ან აქტივებისა და ვალდებულებების ანგარიშგებას, ფინანსური წლის შესაბამის მოგება-ზარალის დეტალურ ანგარიშს, ფინანსური წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშსა და სხვა ინფორმაციას, რომელიც გათვალისწინებულია საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით ან რომელიც, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაძლებლობას მისცემს ინვესტორებს, ინფორმირებულად შეაფასონ საინვესტიციო ფონდის საქმიანობის განვითარება და მისი შედეგები. 

4. წლიური ანგარიში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, უნდა მოიცავდეს:

ა) აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო კომპანიის მიერ ფინანსური წლის განმავლობაში პერსონალისთვის გადახდილ, ფიქსირებულ და ცვლად ანაზღაურებად დაყოფილ ჯამურ ანაზღაურებას, აგრეთვე მიმღები პირების რაოდენობას და საინვესტიციო ფონდის მიერ უშუალოდ გადახდილ თანხებს (მათი არსებობის შემთხვევაში), წარმატების საკომისიოს ჩათვლით;

ბ) ანაზღაურების ჯამურ ოდენობას ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამშრომლების კატეგორიების შესაბამისად;

გ) გაცემული ანაზღაურებისა და სარგებლის დაანგარიშების მეთოდის აღწერას;

დ) ამ კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ანაზღაურების პოლიტიკაში შეტანილ არსებით ცვლილებებს.

5. წლიურ და ნახევარი წლის ანგარიშებში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაცია მომზადებული უნდა იყოს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების ან იმ ქვეყანაში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, სადაც დაფუძნებულია საინვესტიციო ფონდი.

6. წლიურ ანგარიშში წარმოდგენილი ფინანსური ინფორმაციის აუდიტი ხორციელდება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. აღიარებული საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას ნება დართოს, წლიური ანგარიშის აუდიტი განახორციელოს იმ ქვეყანაში მოქმედი წესების მიხედვით, სადაც დაფუძნებულია საინვესტიციო ფონდი, თუ ეს წესები აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

 

მუხლი 69. საინვესტიციო ფონდის ერთეულების გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასების გამოქვეყნების ვალდებულება

ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებულმა/აღიარებულმა საინვესტიციო კომპანიამ ან ავტორიზებული/აღიარებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ერთეულის (ერთეულების) ყოველი გამოშვებისას, განთავსებისას ან გამოსყიდვისას უნდა გამოაქვეყნოს მისი (მათი) გამოშვების, განთავსებისა და გამოსყიდვის ფასები. ღია საინვესტიციო ფონდის შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს სულ მცირე ყოველ 2 კვირაში ერთხელ. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ეს პერიოდულობა 1 თვემდე გაზარდოს, თუ ამით არ დაზარალდება ერთეულის მფლობელთა ინტერესები.

 

მუხლი 70. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის აუდიტორის ვალდებულებები

1. თითოეულ ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს უნდა ჰყავდეს დამოუკიდებელი აუდიტორი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

2. ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აუდიტორს ნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია. საინვესტიციო კომპანიის აუდიტორს ნიშნავს საინვესტიციო კომპანიის ერთეულის მფლობელთა საერთო კრება, თუ ეს უფლება სადამფუძნებლო დოკუმენტით საინვესტიციო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსთვის არ არის გადაცემული.

3. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან იმ საწარმოს, რომელსაც კავშირი აქვს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის საქმიანობასთან, აუდიტორმა საზედამხედველო ორგანოს დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდთან ან აღნიშნულ საწარმოსთან დაკავშირებული ნებისმიერი გარემოების ან გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა საკუთარი ფუნქციების შესრულებისას და რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ერთ-ერთი შემდეგი შედეგი:

ა) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს მიერ ავტორიზაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის პირობების ან მისი საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა მნიშვნელოვანი დარღვევა;

ბ) ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის ან აღნიშნული საწარმოს უწყვეტი ფუნქციონირების შეფერხება;

გ) ანგარიშების დადასტურებაზე უარის თქმა ან დათქმების გაკეთება.

4. ინფორმაციის მიწოდების შესახებ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება აუდიტორს აგრეთვე ეკისრება, თუ შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცნობილი გახდება იმავე პუნქტით გათვალისწინებულ პირთან კონტროლის ურთიერთობით დაკავშირებულ საწარმოში საკუთარი ფუნქციების შესრულებისას.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აუდიტორს მოსთხოვოს ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის საქმიანობის აუდიტთან დაკავშირებით ნებისმიერი ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც საზედამხედველო ორგანოს საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად ან ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად ესაჭიროება. აუდიტორი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნა დაუყოვნებლივ შეასრულოს.

6. აუდიტორს დარღვეულად არ ჩაეთვლება რაიმე ვალდებულება და არ დაეკისრება პასუხისმგებლობა საინვესტიციო ფონდის, მისი ერთეულის მფლობელების, კრედიტორების ან სხვა დაინტერესებული პირის (პირების) წინაშე იმ საფუძვლით, რომ იგი ასრულებდა მისთვის ამ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს.

7. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველ კომპანიას ან საინვესტიციო კომპანიას, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია, მოსთხოვოს საინვესტიციო ფონდის აუდიტორთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტა, თუ აუდიტორმა დაარღვია ამ კანონით, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები.

 

თავი XII

ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების შეფასება

 

მუხლი 71. ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასების მოთხოვნები

1. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ თითოეული ავტორიზებული საინვესტიციო ფონდისთვის, რომელსაც იგი მართავს, დადგენილი იყოს საინვესტიციო ფონდის აქტივების დამოუკიდებელი შეფასებისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და სადამფუძნებლო დოკუმენტით განსაზღვრული შესაფერისი და თანამიმდევრული პროცედურები.

2. საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა ადგენდეს საინვესტიციო ფონდის აქტივების შეფასებისა და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლის მარეგულირებელ წესებს.

3. აქტივების მმართველმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის ერთეულის წმინდა ღირებულების გამოთვლა და ერთეულის მფლობელთათვის გამჟღავნება საქართველოს კანონმდებლობისა და საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად.

4. შეფასების პროცედურები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ აქტივების შეფასება და  ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლა განხორციელდეს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი პერიოდულობით.

5. ერთეულის მფლობელებს უნდა ეცნობოთ შეფასებისა და ერთეულების წმინდა ღირებულების გამოთვლის შედეგები სადამფუძნებლო დოკუმენტით დადგენილი წესით.

6. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს, რომ შეფასება განახორციელოს ერთ-ერთმა შემდეგმა პირმა:

ა) თავად აქტივების მმართველმა კომპანიამ იმ პირობით, რომ შეფასების პროცესი ფუნქციურად დამოუკიდებელი იქნება პორტფელის მართვისგან, ხოლო ანაზღაურების პოლიტიკითა და სხვა ღონისძიებებით უზრუნველყოფილი იქნება ინტერესთა კონფლიქტის მართვა და თანამშრომლებზე არასათანადო ზეგავლენის თავიდან აცილება;

ბ) გარე შემფასებელმა, რომელიც არის აქტივების მმართველი კომპანიისგან, საინვესტიციო ფონდისა და მათთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირებისგან დამოუკიდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი.

7. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინასწარ შეატყობინოს გარე შემფასებლის დანიშვნის შესახებ. თუ გარე შემფასებელი არ შეესაბამება ამ მუხლის მე-8 პუნქტის ან ამ კანონის საფუძველზე საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს, საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს ახალი გარე შემფასებლის დანიშვნა.

8. გარე შემფასებელი უნდა იყოს პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, საკმარისი ცოდნა და გამოცდილება საინვესტიციო ფონდის აქტივების შესაფასებლად.

9. გარე შემფასებელს ეკრძალება შეფასების ფუნქციის მესამე პირზე დელეგირება.

10. აქტივების მმართველი კომპანია პასუხისმგებელია საინვესტიციო ფონდის აქტივების სათანადო შეფასებისთვის, აქტივების წმინდა ღირებულების გამოთვლისა და მისი გამოქვეყნებისთვის. გარე შემფასებლის დანიშვნა გავლენას არ ახდენს საინვესტიციო ფონდისა და მისი ინვესტორების წინაშე აქტივების მმართველი კომპანიის პასუხისმგებლობაზე.

11. გარე შემფასებელი პასუხისმგებელია აქტივების მმართველი კომპანიის წინაშე საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანისთვის.

12. აქტივების მმართველი კომპანიისთვის ამ მუხლით დადგენილი წესები აგრეთვე ვრცელდება ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაზე, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია.

13. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ავტორიზებული საინვესტიციო ფონდების აქტივებისა და ერთეულების შეფასებისთვის სამართლებრივი აქტით დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები.

 

თავი XIII

საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია

 

მუხლი 72. საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია

1. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის საფუძველია, გარდა ამ კანონის მე-14 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციის საფუძველია აგრეთვე ამ ქვეფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვა, თუ, სადამფუძნებლო დოკუმენტის თანახმად, ქვეფონდის საქმიანობის ვადა ქოლგისებრი ფონდის საქმიანობის ვადაზე ნაკლებია.

2. ამ კანონის მე-80 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე საინვესტიციო ფონდისთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორია აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანიის მიერ დანიშნული პირი იმ საინვესტიციო კომპანიისთვის, რომელსაც არ დაუნიშნავს აქტივების მმართველი კომპანია, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა.

3. საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს ნიშნავს საზედამხედველო ორგანო.

4. თუ აქტივების მმართველი კომპანია ან საინვესტიციო კომპანია ამ კანონის 73-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს არ წარუდგენს ლიკვიდაციის გეგმას ან საზედამხედველო ორგანო უარს იტყვის მის დამტკიცებაზე, საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორს დანიშნავს საზედამხედველო ორგანო.

5. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია თავად დანიშნოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი, თუ ლიკვიდაციის პროცესში დაირღვა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმის პირობები.

6. საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიკვიდატორის დანიშვნის შემთხვევაში საინვესტიციო ფონდთან მიმართებით აქტივების მმართველი კომპანიისა და საინვესტიციო ფონდის ყველა ორგანოს სრული უფლებამოსილება გადაეცემა ლიკვიდატორს. ლიკვიდატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.

7. ამ თავის შესაბამისად ლიკვიდაციის პროცესის დაწყებისთანავე წყდება საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის მიმართ მიმდინარე აღსრულების ყველა ღონისძიება.

8. საინვესტიციო ფონდზე არ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ და „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული გადახდისუუნარობისა და ლიკვიდაციის პროცედურები. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ამ კანონის შესაბამისად სამართლებრივი აქტით დაადგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები.

9. ლიკვიდაციის დასრულებამდე ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საინვესტიციო ფონდზე ვრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

10. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას საზედამხედველო ორგანო სარეგისტრაციოდ იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

11. ამ თავით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის მარეგულირებელი წესები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ლიკვიდაციაზე.

 

მუხლი 73. ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცება

1. საინვესტიციო ფონდი ან მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია ამ კანონის მე-80 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოსთვის ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შესახებ განაცხადით მიმართვისას საზედამხედველო ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმა. ეს ლიკვიდაციის გეგმა უნდა განსაზღვრავდეს ლიკვიდაციის პროცესში განსახორციელებელ ქმედებებს ერთეულის მფლობელების ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებსა და დოკუმენტებს:

ა) ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილებას;

ბ) ლიკვიდაციის საჭიროების საფუძვლებსა და შეფასებას იმის შესახებ, რამდენად შეესაბამება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია ერთეულის მფლობელების ინტერესებს;

გ) ლიკვიდაციისთვის განსაზღვრული ხარჯების მაქსიმალურ ოდენობას;

დ) თითოეული ერთეულის მფლობელის სახელსა და გვარს ან სახელწოდებას, მისამართს და მისი იდენტიფიცირებისთვის საჭირო სხვა ინფორმაციას;

ე) თითოეული ერთეულის მფლობელის კუთვნილი ერთეულების რაოდენობას, კლასსა და ღირებულებას;

ვ) საინვესტიციო ფონდის კუთვნილი აქტივების შესახებ მონაცემებს;

ზ) საინვესტიციო ფონდის კრედიტორების წინაშე არსებული დავალიანების ოდენობის შესახებ მონაცემებს;

თ) ლიკვიდაციის პროცესის სავარაუდო ხანგრძლივობას და მისი მიმდინარეობისას ერთეულის მფლობელებისთვის ინფორმაციის მიწოდების საშუალებებს;

ი) საზედამხედველო ორგანოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ სხვა ინფორმაციას.

2. საინვესტიციო ფონდი ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 1 თვისა საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს ლიკვიდაციის გეგმა, რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას.

3. წარდგენილი დოკუმენტის/ინფორმაციის დასადასტურებლად საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია მოითხოვოს დამატებითი მონაცემების ან დოკუმენტების წარდგენა, შეფასების განხორციელება ან სპეციალური აუდიტის ჩატარება, განახორციელოს ადგილზე შემოწმება, მოითხოვოს აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებისგან, აგრეთვე აუდიტორული ფირმებისგან, მათი წარმომადგენლებისა  და მესამე პირებისგან წერილობითი ან ზეპირი განმარტებები წარდგენილ დოკუმენტებთან/ინფორმაციასთან დაკავშირებით.

4. თუ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდატორი საზედამხედველო ორგანოს მიერ ამ კანონის 72-ე მუხლის მე-3−მე-5 პუნქტების შესაბამისად დანიშნული პირია, საზედამხედველო ორგანოსთვის ლიკვიდაციის გეგმის წარდგენის ვალდებულება ეკისრება ამ პირს. ამ პირის მიერ წარდგენილი ლიკვიდაციის გეგმა სულ მცირე უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“−„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებსა და დოკუმენტებს.

5. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების საკითხი გადაწყვიტოს შესაბამისი განაცხადის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

6. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია უარი განაცხადოს ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) ლიკვიდაციის გეგმის დამტკიცების შესახებ განაცხადში მითითებული მონაცემები და ამ განაცხადთან ერთად წარდგენილი დოკუმენტები ლიკვიდაციის ყველა გარემოებას სრულად, მკაფიოდ და ცალსახად არ ასახავს;

ბ) ლიკვიდაცია არ შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს.

 

მუხლი 74. ლიკვიდაციის პროცესის ხანგრძლივობა

1. ლიკვიდაცია დაიწყება საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის/რეგისტრაციის გაუქმებისთანავე და დასრულდება ამ კანონის 77-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს მიერ ლიკვიდაციის დასრულების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.

2. ღია ან ინტერვალური საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია დასრულდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 6 თვის ვადაში. დახურული საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაცია დასრულდება ლიკვიდაციის პროცესის დაწყებიდან 12 თვის ვადაში.

3. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია ლიკვიდატორის მოთხოვნის საფუძველზე ლიკვიდაციისთვის დადგენილი ვადა გააგრძელოს ერთჯერადად, მაგრამ არაუმეტეს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადისა, თუ ეს აუცილებელია ლიკვიდაციის პროცესის დასასრულებლად და ერთეულის მფლობელების ინტერესების დასაცავად.

 

მუხლი 75. ლიკვიდაციის პროცესის წარმოება

1. დაუშვებელია საინვესტიციო ფონდის ან/და მისი სახელით მოქმედი აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ ერთეულების განთავსება ან გამოსყიდვა. იგივე წესი მოქმედებს საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდისთვის ამ კანონის მე-80 მუხლის „გ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმებისას. ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობისას ერთეულების გამოსყიდვა ხდება მხოლოდ საზედამხედველო ორგანოს მიერ დამტკიცებული ლიკვიდაციის გეგმისა და ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად.

2. ლიკვიდატორი უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გეგმისა და სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც აუცილებელია საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციისთვის, აქტივების განკარგვისა და კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის. ლიკვიდატორი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ვალდებულია გაითვალისწინოს საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელების ინტერესები.

3. ამ კანონის 31-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6−მე-8 პუნქტების დებულებები, ამ თავის თავისებურებების გათვალისწინებით, ვრცელდება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციაზე.

 

მუხლი 76. აქტივების განაწილება

1. ლიკვიდატორი ვალდებულია საინვესტიციო ფონდის აქტივები საინვესტიციო ფონდის კრედიტორებსა და ერთეულის მფლობელებს შორის გაანაწილოს ამ მუხლის შესაბამისად. საინვესტიციო ფონდის ერთეულის მფლობელებს ანაზღაურება მიეცემათ მათი კუთვნილი ერთეულების წმინდა ღირებულების მიხედვით, გამოსყიდვის საკომისიოს გადახდის გარეშე, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ.

2. ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. საინვესტიციო ფონდის ნებისმიერი სხვა ვალდებულება დაკმაყოფილდება შემდეგი თანამიმდევრობით:

ა) საზედამხედველო ორგანოს მოთხოვნები, ლიკვიდატორის დანიშვნასა და ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი და ანაზღაურება, აგრეთვე ვალდებულებები, რომლებიც წარმოეშვა საინვესტიციო ფონდს ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ;

ბ) უზრუნველყოფილი მოთხოვნები (გარდა ფინანსური გირავნობით, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნებისა და ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

გ) საბიუჯეტო დავალიანებები, მათ შორის, საგადასახადო გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნები;

დ) საინვესტიციო ფონდის მიმართ დანარჩენი მოთხოვნები (გარდა ამ პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა);

ე) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სასესხო ვალდებულებები;

ვ) საინვესტიციო ფონდის პირდაპირი და არაპირდაპირი მფლობელების მიმართ საინვესტიციო ფონდის სხვა ვალდებულებები;

ზ)  დაგვიანებით წარდგენილი კრედიტორთა მოთხოვნები.  

3. თუ არსებული აქტივები საკმარისი არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად, ყველა შესაბამისი მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს ამ რიგის თითოეული კრედიტორის მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად.

4. ყოველი მომდევნო რიგის მოთხოვნა დაკმაყოფილდება წინა რიგის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ. ლიკვიდატორი უფლებამოსილია დაიწყოს მომდევნო რიგის მოთხოვნების დაკმაყოფილება, თუ არსებობს საკმარისი აქტივები წინა რიგის მოთხოვნათა სრულად დასაკმაყოფილებლად და ამით წინა რიგის მოთხოვნათა დაკმაყოფილებას ზიანი არ ადგება.

 

მუხლი 77. ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და ლიკვიდაციის შესახებ ანგარიშის წარდგენა

1. ლიკვიდატორი ვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წარუდგინოს საბოლოო საბალანსო ანგარიში და საკუთარი ქმედებების შესახებ ანგარიში საინვესტიციო ფონდის მიმართ არსებული ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებიდან ან/და ყველა აქტივის გასხვისებიდან 1 თვის ვადაში.

2. საზედამხედველო ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის მიღების შემდეგ გამოსცემს საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

3. საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულების შესახებ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საზედამხედველო ორგანო საინვესტიციო კომპანიის ლიკვიდაციის დასრულების რეგისტრაციისა და შესაბამისი რეესტრიდან მისი ამოღების მიზნით იმავე დღეს წარუდგენს მარეგისტრირებელ ორგანოს.

 

თავი XIV

საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეგულირება და ზედამხედველობა

 

მუხლი 78. საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილება

1. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში:

ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური);

ბ) ადგილზე შეამოწმოს საინვესტიციო ფონდი და აქტივების მმართველი კომპანია;

გ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;

დ) აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრს შეუჩეროს ხელმოწერის უფლება და მოითხოვოს მისი თანამდებობიდან დროებით გადაყენება ან გათავისუფლება;

ე) დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი საინვესტიციო ფონდში ან აქტივების მმართველ კომპანიაში ამ კანონის 79-ე მუხლის შესაბამისად;

ვ) პირს დააკისროს სანქციები;

ზ) გამოაქვეყნოს დამრღვევი პირისა და მის მიერ ჩადენილი დარღვევის შესახებ ინფორმაცია;

თ) განახორციელოს საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება;

ი) განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირება, რეგისტრაცია ან აღიარება და გააუქმოს მისი ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება;

კ) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;

ლ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;

მ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.

2. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაადგინოს წესები ამ თავით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.

 

მუხლი 79. საზედამხედველო ორგანოს მიერ დროებითი ადმინისტრატორის დანიშვნა

1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით ლიცენზირებულ აქტივების მმართველ კომპანიაში, აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის ფილიალში ან ავტორიზებულ საინვესტიციო კომპანიაში დანიშნოს დროებითი ადმინისტრატორი, თუ არ სრულდება საზედამხედველო ორგანოს მითითებები, მნიშვნელოვნად ირღვევა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები ან/და პირი დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. დროებითმა ადმინისტრატორმა თავისი უფლებამოსილებები შესაძლებელია განახორციელოს აქტივების მმართველი კომპანიის/საინვესტიციო კომპანიის მმართველი ორგანოს წევრებთან ერთად ან შეიძლება ჩაანაცვლოს ისინი.

2. დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს მისი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას განსაზღვრავს საზედამხედველო ორგანო. აქტივების მმართველი კომპანიის ან საინვესტიციო კომპანიის შემთხვევაში დროებითი ადმინისტრატორის უფლებამოსილებები შესაძლებელია მოიცავდეს მმართველი ორგანოს ზოგიერთ ან ყველა უფლებამოსილებას.

3. საზედამხედველო ორგანოს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს და ნებისმიერი საფუძვლით თანამდებობიდან გადააყენოს დროებითი ადმინისტრატორი, აგრეთვე შეცვალოს მისი დანიშვნის პირობები. დროებითი ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საზედამხედველო ორგანოს წინაშე.

4. დროებით ადმინისტრატორს უფლებამოსილება უწყდება:

ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე;

ბ) საზედამხედველო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

გ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის/აღიარების ან საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში.

 

მუხლი 80. საზედამხედველო ორგანოს მიერ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება

საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:

ა) ამოიწურა საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ვადა მისი სადამფუძნებლო დოკუმენტის შესაბამისად;

ბ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ;

გ) საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ საინვესტიციო ფონდის ავტორიზაცია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე;

დ) საინვესტიციო ფონდი აღარ აკმაყოფილებს ავტორიზაციის, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს;

ე)  საინვესტიციო ფონდმა ან მისი სახელით მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები);

ვ) ავტორიზაციის მიღებიდან, რეგისტრაციიდან ან აღიარებიდან 12 თვის განმავლობაში საინვესტიციო ფონდი არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით;

ზ) აქტივების მმართველი კომპანიის ან სპეციალიზებული დეპოზიტარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ დანიშნული არ იქნა სათანადო შემცვლელი ამ კანონის შესაბამისად;

თ) საინვესტიციო ფონდი გადახდისუუნარო გახდა;

ი) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

კ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის შესახებ;

ლ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.         

 

მუხლი 81. საზედამხედველო ორგანოს მიერ აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმება

საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება გააუქმოს ერთი ან რამდენიმე შემდეგი გარემოების არსებობისას:

ა) აქტივების მმართველმა კომპანიამ საზედამხედველო ორგანოს წარუდგინა თხოვნა ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების გაუქმების შესახებ;

ბ) აქტივების მმართველმა კომპანიამ ლიცენზია, რეგისტრაცია ან აღიარება მოიპოვა საზედამხედველო ორგანოსთვის მცდარი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა უკანონო ქმედების განხორციელების საფუძველზე;

გ) აქტივების მმართველი კომპანია აღარ აკმაყოფილებს ლიცენზირების, რეგისტრაციის ან აღიარების პირობებს;

დ) აქტივების მმართველმა კომპანიამ არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის მარეგულირებელი სხვა კანონებისა და მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტის ან მითითებით დადგენილი მოთხოვნა (მოთხოვნები);

ე) ლიცენზიის, რეგისტრაციის ან აღიარების მოპოვებიდან 12 თვის განმავლობაში აქტივების მმართველი კომპანია არ ახორციელებს საქმიანობას ან მან საქმიანობა შეწყვიტა 6 თვეზე მეტი ვადით;

ვ) სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ;

ზ) აქტივების მმართველი კომპანია გადახდისუუნარო გახდა;

თ) უფლებამოსილმა ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება აქტივების მმართველი კომპანიის ლიკვიდაციის შესახებ;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა.

 

მუხლი 82. საზედამხედველო ორგანოს მიერ სანქციების დაკისრების უფლებამოსილება

1. საზედამხედველო ორგანო უფლებამოსილია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ან საზედამხედველო ორგანოს წერილობითი მითითების დარღვევის გამო პირს (მათ შორის, ორგანიზაციაში დასაქმებულ პირს) დააკისროს სანქცია (ფულადი ჯარიმა) თავის მიერ სამართლებრივი აქტით დადგენილი წესითა და ოდენობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სანქცია უნდა იყოს პროპორციული და შეესაბამებოდეს დარღვევის სერიოზულობასა და სიმძიმეს ან/და საინვესტიციო ფონდის აქტივებისთვის მიყენებულ ზარალს ან შექმნილ საფრთხეს, აგრეთვე ითვალისწინებდეს შესაბამისი დარღვევის გავლენას ინვესტორთა ინტერესებზე.

 

თავი XV

ავტორიზაციის მოსაკრებელი

 

მუხლი 83. ავტორიზაციის მოსაკრებლის ოდენობა და მისი გადახდის წესი

1. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციას ახორციელებს საზედამხედველო ორგანო.

2. საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის მოსაკრებელი შეადგენს 5 000 (ხუთი ათას) ლარს.

3. ავტორიზაციის მოსაკრებელი გადაიხდევინება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

4. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება არსებული წესის მიხედვით.

5. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.

6. ავტორიზაციის მოსაკრებელი სახელმწიფო ბიუჯეტში ირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდევინებული ავტორიზაციის მოსაკრებელი დაბრუნებას არ ექვემდებარება.

 

თავი XVI

გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 84. არსებული საინვესტიციო ფონდების რეგულირება

პირები, რომლებიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ახორციელებენ საინვესტიციო ფონდის ან აქტივების მმართველი კომპანიის საქმიანობას, ვალდებული არიან ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში მიმართონ საზედამხედველო ორგანოს თავიანთი საქმიანობის ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვის შემდეგ პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობა განახორციელოს საზედამხედველო ორგანოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე.

 

მუხლი 85. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული პირების საფირმო სახელწოდება

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, გამოიყენოს თავის საფირმო სახელწოდებაში ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით ან მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ტერმინი, თუ პირმა ეს საფირმო სახელწოდება  ამ კანონის ამოქმედებამდე დაარეგისტრირა.

 

მუხლი 86. გამოსაცემი ნორმატიული აქტები  

საზედამხედველო ორგანომ 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:

ა) საინვესტიციო ფონდის ავტორიზაციის, რეგისტრაციისა და აღიარების წესი;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიის ლიცენზირების, რეგისტრაციისა და აღიარების წესი;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის წესი;

დ) პროსპექტისა და ინვესტორთათვის განკუთვნილი საკვანძო ინფორმაციის შედგენის წესი;

ე) მიმოქცევადი ფასიანი ქაღალდების კოლექტიური ინვესტირების ფონდის (UCITS) საქმიანობის წესი;

ვ) საზედამხედველო ორგანოსთვის უცხოური საინვესტიციო ფონდის ერთეულების კერძო შეთავაზების შესახებ შეტყობინების წესი.

 

მუხლი 87. ძალადაკარგული ნორმატიული აქტი

ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს 2013 წლის 24 ივლისის კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 16.08.2013, სარეგისტრაციო კოდი: 240080000.05.001.017035).

 

 მუხლი 88. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−85-ე და 87-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი−85-ე და 87-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6805-რს

ონლაინ კონსულტაცია

სამწუხაროდ კონსულტანტი არ არის კავშირზე.