დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 6823-რს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 14/07/2020 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/07/2020 |
სარეგისტრაციო კოდი | 280080020.05.001.020008 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ
|
სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების რეალიზებას და უზრუნველყოფს მათი პიროვნული ღირსების დაცულობას, რა დროსაც იგი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ (შემდგომ − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია), ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებების, საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმებისა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის დისკრიმინაციის გარეშე და სხვებთან თანაბარ პირობებში დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ცხოვრების ყველა სფეროში მათი სრულყოფილი მონაწილეობის ხელმისაწვდომობის ძირითად პრინციპებსა და მექანიზმებს, რათა მიღწეულ იქნეს: ა) ინდივიდუალური ავტონომიისა და დამოუკიდებლობის, მათ შორის, თავისუფალი არჩევანის გაკეთების, თავისუფალი გადაადგილების, პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის, მათ შორის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევის უფლების რეალიზება; ბ) დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შესაძლებლობების განვითარება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობა; გ) საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტიგმატიზაციის პრევენცია და აღმოფხვრა; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციისგან, ძალადობისგან, არასათანადო მოპყრობისა და დისკრიმინაციისგან დაცვა; ე) ნებისმიერ სფეროში მომსახურების ხელმისაწვდომობა. 2. ეს კანონი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოებისა და კერძო სამართლის სუბიექტების უფლება-მოვალეობებს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და მექანიზმების იმპლემენტაციის პროცესში. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი – პირი მყარი ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევით, რომლის სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ამ პირის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ბ) შესაძლებლობათა შეზღუდვა − ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული დარღვევის მქონე პირისათვის პიროვნული განვითარებისა და თვითრეალიზების სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის არქონა, რაც განპირობებულია ფიზიკური გარემოს, საზოგადოების დამოკიდებულებისა და სხვა ფაქტორების ერთობლიობით; გ) გონივრული მისადაგება − პრინციპი, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმ აუცილებელი და შესაბამისი ცვლილების განხორციელებას გულისხმობს, რაც არ იწვევს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვებთან თანაბარ პირობებში; დ) უნივერსალური დიზაინი − პროდუქტის, გარემოს, სწავლების, პროგრამისა და მომსახურების ისეთი დიზაინი, რომელიც ყველა ადამიანს აძლევს მათზე სპეციალური ადაპტირებისა და სპეციალური დიზაინის გამოყენების გარეშე წვდომის საშუალებას. უნივერსალური დიზაინი არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კონკრეტული ჯგუფის მიერ დამხმარე საშუალებების ან/და სხვაგვარი ხელშეწყობის გამოყენებას; ე) ჟესტური ენა − არავერბალური, ვიზუალური ენა, როდესაც ინფორმაციის კოდირება მანუალური და მიმიკური საშუალებებით ხორციელდება; ვ) მისაწვდომი გარემო – ფიზიკური, ინსტიტუციური და სოციალური პირობების ერთობლიობა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას ისარგებლოს ყველა საზოგადოებრივი სიკეთით, მათ შორის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას კულტურულ, სპორტულ, პოლიტიკურ ან სხვა ღონისძიებაში მონაწილეობის, აგრეთვე ტრანსპორტით, საინფორმაციო და კომუნიკაციის საშუალებებით სარგებლობის შესაძლებლობას სხვებთან თანაბარ პირობებში; ზ) პირდაპირი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე − შეზღუდული შესაძლებლობით განპირობებული ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; თ) ირიბი დისკრიმინაცია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე − მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ი) დამოუკიდებელი ცხოვრება − შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ავტონომია, მისი არჩევანის, გადაწყვეტილების მიღებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის თავისუფლება, რომლის რეალიზებაც, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სხვების დახმარებით, მათ შორის, სხვადასხვა სერვისის მიწოდების გზით; კ) პერსონალური ასისტენტის სერვისი − სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას; ლ) ბიოფსიქოსოციალური მოდელი − პირის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და შეზღუდული შესაძლებლობის განსაზღვრის, გაზომვისა და პოლიტიკის ფორმირების მოდელი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიურ, ბიოლოგიურ და სოციალურ ფაქტორებზე და ადამიანის ორგანიზმის/ორგანოთა სისტემის, ქცევითი სტილის, კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთკავშირს ერთობლიობაში განიხილავს. თავი II შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებები და მათი განხორციელების გარანტიები მუხლი 3. კანონის წინაშე თანასწორობა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის კანონის წინაშე თანასწორობასა და უფლებების რეალიზებას სხვებთან თანასწორად, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. 2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების მიზნით იღებს შესაბამის ზომებს. სახელმწიფო მხარს უჭერს ისეთი მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ორიენტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და მორგებულია მათ საჭიროებებზე. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საკუთარი უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებული ზომები უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეფექტიან გარანტიებს ამ უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით. ასეთი გარანტიები უნდა უზრუნველყოფდეს, რომ შესაბამისი უფლებების რეალიზებისაკენ მიმართული ზომები ორიენტირებული იყოს უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებებზე, შეესაბამებოდეს და ერგებოდეს მის მდგომარეობას და დაცული იყოს არასასურველი გავლენისაგან. ამასთანავე, აღნიშნული გარანტიები უნდა იყოს უფლებების ბოროტად გამოყენებისა და შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნის პროპორციული. 4. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა პასუხობდეს გენდერული თანასწორობის პრინციპებს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. მუხლი 4. დამოუკიდებელი ცხოვრება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მის სრულყოფილ მონაწილეობას სხვებთან თანასწორად, აგრეთვე სხვადასხვა სახის მხარდამჭერი მომსახურების და საზოგადოებრივი სარგებლობის ობიექტების, ასევე კომუნიკაციის საშუალებების ხელმისაწვდომობას, რაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში მისი სრულყოფილი მონაწილეობისათვის აუცილებელია. კომუნიკაცია მოიცავს: ენას, აფიშირებულ ტექსტს, ბრაილს, ტაქტილურ კომუნიკაციას, მსხვილ შრიფტს, ხელმისაწვდომ მულტიმედიას, აგრეთვე წერით საშუალებას ან აუდიოსაშუალებას, გამარტივებულ ენას, წამკითხველ პირს, კომუნიკაციის გამაძლიერებელ და ალტერნატიულ მეთოდებს, საშუალებებსა და ფორმატებს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების ჩათვლით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას, უფლებამოსილია დაამუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პერსონალური მონაცემები და, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული მონაცემები გადასცეს სხვა პირს/ორგანიზაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ შესაბამისი სარგებლის მისაღებად. 3. სახელმწიფო აღიარებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებას, თავად შეარჩიოს საცხოვრებელი ადგილი. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის იძულება, ცხოვრობდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, თუ ეს განპირობებული არ არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აუცილებლობით ან/და პენიტენციური სისტემის სპეციფიკით. 4. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა და აკრძალულია მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, კორესპონდენციასა და სხვაგვარ კომუნიკაციაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა. 5. სახელმწიფო ხელს უწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო სერვისების, სტანდარტებისა და რეგულაციების შემუშავებასა და დანერგვას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს: ა) პრაქტიკული ბარიერების, წინააღმდეგობებისა და სტერეოტიპების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის დამოუკიდებელ ცხოვრებას; ბ) პერსონალური ასისტენტის სერვისით სარგებლობა; გ) დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო დამხმარე საშუალებებით სარგებლობა; დ) დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ ინფორმაციით, მხარდაჭერითა და კონსულტაციით სარგებლობა; ე) ქვეყნის სოციალურ, კულტურულ, სპორტულ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობა სხვებთან თანაბარ პირობებში; ვ) ფიზიკური გარემოს, შენობა-ნაგებობის, გზის, ტრანსპორტის, ინფორმაციის, საცხოვრებელი სახლის, სამედიცინო დაწესებულების, სამუშაო ადგილის, კომუნიკაციის ტექნოლოგიისა და სისტემის, საზოგადოებისათვის ღია ობიექტის, სასწრაფო-საავარიო და სხვა მომსახურების სხვებთან თანასწორი ხელმისაწვდომობა; ზ) საზოგადოებრივი ობიექტის, საჯარო დაწესებულების და სხვა მომსახურების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის ხელმისაწვდომობის სტანდარტების და სახელმძღვანელო ორიენტირების დაცვა; თ) ამ კანონით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ასევე იმ პირთა მონაწილეობა, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და მათი პირობების გაუმჯობესებასთან. მუხლი 5. დისკრიმინაციის დაუშვებლობა 1. აკრძალულია შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონითაა განსაზღვრული. დისკრიმინაცია აგრეთვე გულისხმობს უარს ამ კანონის შესაბამისად გონივრულ მისადაგებაზე. 2. სახელმწიფო იღებს ყველა შესაბამის ზომას გონივრული მისადაგებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანასწორობის ხელშეწყობისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად. 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირს აქვს საკუთარი ფიზიკური და ფსიქიკური ხელშეუხებლობის დაცულობის უფლება სხვებთან თანასწორად. მუხლი 6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ქალებთან თანასწორად. 2. სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებსა და გოგონებს იცავს დისკრიმინაციისგან საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და უზრუნველყოფს მათთვის სათანადო პირობების შექმნას ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის. ამ კატეგორიის პირთა მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა პასუხობდეს გენდერული თანასწორობის პრინციპებს, ქალთა და გოგონათა სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთათვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად. მუხლი 7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზებას სხვა ბავშვებთან თანასწორად. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ ქმედებაში, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სხვა ბავშვებთან თანასწორად აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალებას მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხზე, ასაკისა და განვითარების დონის გათვალისწინებით. ამ უფლების რეალიზებისას ისინი უზრუნველყოფილი უნდა იქნენ შესაძლებლობის შეზღუდვისა და მათი ასაკის შესაბამისი დახმარებით. 4. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უწყვეტი განათლების მიღების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი მონაწილეობისა და ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრებისათვის აუცილებელი, ასევე დისკრიმინაციისა და ძალადობისაგან დაცვის მექანიზმების შექმნას. 5. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის ოჯახში სხვებთან თანასწორად ცხოვრების უფლებას. ამ უფლების შეუფერხებელი რეალიზებისათვის, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დამალვის, მიტოვების, უგულებელყოფის ან სეგრეგაციის თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ახორციელებს ყველა აუცილებელ ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ღონისძიებას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვსა და მის ოჯახს წინასწარ უზრუნველყოფს ამომწურავი ინფორმაციით, შესაბამისი მომსახურებითა და დახმარებით. 6. თუ ოჯახი ვერ ახერხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვზე მზრუნველობას, სახელმწიფო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა ალტერნატიული ზრუნვის ორგანიზებისათვის უფრო ფართო ოჯახური წრის ფარგლებში, ხოლო მისი შეუძლებლობის შემთხვევაში − შეუქმნას ბავშვს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული გარემო, რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის აღზრდის მემკვიდრეობითობა, ეთნიკური წარმომავლობა, რელიგიური და კულტურული კუთვნილება და მშობლიური ენა. ალტერნატიული ზრუნვის მიზნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის განთავსება უნდა განხორციელდეს ბავშვის უფლებათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 8. განათლება 1. სახელმწიფო, შესაბამისი ეფექტიანი მექანიზმების დანერგვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროების შესაბამისი ტექნოლოგიების, ტექნიკისა და საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებით, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინკლუზიური განათლების სისტემის დანერგვას, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ უწყვეტი განათლების მიღების შესაძლებლობა, საკუთარი პიროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება და გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობების რეალიზება. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტექნიკური და პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას. მუხლი 9. ჯანმრთელობის დაცვა სახელმწიფო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს მათთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად, რაც გულისხმობს: ა) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულების ხელმისაწვდომობას; ბ) სხვადასხვა სახის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის განხორციელებას; გ) შესაბამისი სტანდარტებისა და მეთოდების დანერგვის ხელშეწყობას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კონკრეტული სერვისით სარგებლობას ხელმისაწვდომს გახდის; დ) პრევენციული, ადრეული დიაგნოსტიკისა და სამკურნალო-სარეაბილიტაციო სერვისების მიწოდებას, რაც უზრუნველყოფს შესაძლებლობის შეზღუდვის გამომწვევი ზოგადი მიზეზების იდენტიფიკაციას და შესაძლებლობის შეზღუდვის მინიმუმამდე დაყვანას. მუხლი 10. აბილიტაცია და რეაბილიტაცია 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ ისეთი სერვისებისა და პროგრამების შექმნასა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მაქსიმალურ დამოუკიდებლობას, მათი ფიზიკური, სენსორული, მენტალური და პროფესიული შესაძლებლობების გამოყენებასა და გაძლიერებას ასაკის, სქესის, შესაძლებლობათა შეზღუდვის ხარისხისა და სახეობის გათვალისწინებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო სერვისებისა და პროგრამების განვითარებას ჯანმრთელობის დაცვის, დასაქმების, განათლებისა და სოციალური მომსახურებების სფეროებში იმგვარად, რომ აღნიშნული სერვისები და პროგრამები: ა) მაქსიმალურად ადრეულ ეტაპზე განხორციელდეს და ინდივიდის საჭიროებების შეფასებას ეფუძნებოდეს; ბ) უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მონაწილეობასა და ინტეგრირებას. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მომსახურებებში დასაქმებული სპეციალისტებისა და პერსონალის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას. მუხლი 11. შრომა და დასაქმება 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ღია ბაზარზე სხვებთან თანაბარ პირობებში დასაქმების შესაძლებლობის შექმნას, მათ შორის, ამ მიზნის მისაღწევად დროებითი ღონისძიებების გამოყენების გზით. 2. სახელმწიფო იცავს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის შრომის უფლების რეალიზებას, მათ შორის, შრომით სახელშეკრულებო/წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და უზრუნველყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰქონდეთ სხვებთან თანასწორი უფლება შრომის სამართლიან და ხელსაყრელ პირობებზე, უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოზე, აგრეთვე იძულებითი შრომისა და დისკრიმინაციისაგან დაცვაზე. 3. სახელმწიფო ხელს უწყობს დასაქმების სფეროში ისეთი პროგრამების შექმნას, რომლებიც უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებას და მათ მიერ საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის ორგანიზებას. 4. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებას საჯარო და კერძო სექტორებში შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების შემუშავებით, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, შეიძლება გულისხმობდეს დამსაქმებლისათვის საშეღავათო მექანიზმების დანერგვას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სპეციალურ მომზადება-გადამზადებას, გარემოს ადაპტირებას, დამსაქმებლის მიერ ინიციირებული პროგრამის ფინანსურ ხელშეწყობასა და სხვა შეღავათებს. 5. საჯარო სექტორში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საჯარო სამსახურის ბიურო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს თავის მიერ ადმინისტრირებული სერვისების ხელმისაწვდომობას. მუხლი 12. ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისგან დაცვა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათ შორის, ქალებისა და ბავშვების, ექსპლუატაციისგან, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობისაგან დაცვას. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ზომების მიღებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის ყველა ფორმის პრევენციის მიზნით, ასევე ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელი პირების დახმარებასა და მხარდაჭერას ასაკისა და სქესის გათვალისწინებით ექსპლუატაციის, ძალადობისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით. 3. სახელმწიფო უზრუნველყოფს ექსპლუატაციის, ძალადობის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და სოციალური რეინტეგრაციის პროგრამების ხელმისაწვდომობას. მუხლი 13. პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობა სახელმწიფო ზრუნავს პირადი და ოჯახური ცხოვრების ყველა საკითხთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის, რაც, სხვა შესაძლებლობებთან ერთად, გულისხმობს: ა) ქორწინების ასაკში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქორწინებისა და ოჯახის შექმნის უფლების რეალიზებას, მეუღლეთა თავისუფალი არჩევანისა და გაცნობიერებული თანხმობის საფუძველზე; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლების რეალიზებას, მიიღონ თავისუფალი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება შვილების რაოდენობასა და მათ დაბადებას შორის ინტერვალთან დაკავშირებით, ასევე მიიღონ მათი ასაკისათვის შესაბამისი ინფორმაცია და განათლება რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის თაობაზე. მუხლი 14. პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სხვებთან თანასწორ და სრულყოფილ მონაწილეობას უშუალოდ ან თავისუფალი ნების გამოხატვის საფუძველზე შერჩეული წარმომადგენლის მეშვეობით, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებას, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, ხმა მისცენ და არჩეულ იქნენ სხვებთან თანასწორად. 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უფლება აქვს ხელი მიუწვდებოდეს საარჩევნო უფლების განხორციელებისთვის საჭირო საჯარო ინფორმაციაზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ საარჩევნო უფლების დაუბრკოლებლად რეალიზებისთვის საჭირო პირობების შექმნის საკითხი წესრიგდება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით. 3. სახელმწიფო აღიარებს ქართულ ჟესტურ ენას. ქართული ჟესტური ენა არის საქართველოში მცხოვრებ ყრუ და სმენადაქვეითებულ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალება, რომელიც მთლიანად მხედველობას ეყრდნობა. სახელმწიფო ცნობს ქართულ ჟესტურ ენას ადამიანთა შორის ურთიერთობის საშუალებად, ასევე ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისათვის განათლების მიღების ერთ-ერთ საშუალებად და უზრუნველყოფს მისი გამოყენებისა და განვითარებისათვის აუცილებელი პირობების შექმნას. 4. სახელმწიფო ხელს უწყობს ისეთი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების საქმიანობას, რომელთა ძირითადი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზება და დაცვა, აგრეთვე რომელთა მმართველობის პროცესში ჩართულ პირთა უმრავლესობას წარმოადგენენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები. მუხლი 15. სოციალური დაცვა 1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის გარანტიები განისაზღვრება ამ კანონით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 2. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ცხოვრების ადეკვატური პირობების შექმნას, რაც, სხვა ღონისძიებებთან ერთად, მოიცავს სოციალური დაცვისა და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. მუხლი 16. მონაწილეობა კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში 1. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასვენების, თავისუფალი დროის გატარების, კულტურულ, სპორტულ, გასართობ და სხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის შექმნას და იმ მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც უზრუნველყოფს მათთვის: ა) შესაბამისი ინფორმაციისა და მასალების წვდომას; ბ) სერვისების ხელმისაწვდომობას; გ) სრულ ინკლუზიას. 2. სახელმწიფო ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საკუთარი შემოქმედებითი, სპორტული თუ სხვა პოტენციალის გამოყენებისა და განვითარებისათვის შესაბამისი მექანიზმების შემუშავებას. მუხლი 17. ცნობიერების ამაღლება 1. სახელმწიფო, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი წვლილის პოპულარიზაციას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ მათი ოჯახებისა და საზოგადოების სხვადასხვა დაინტერესებული ჯგუფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას; გ) გრძელვადიანი პროგრამების განხორციელებას, რომლებიც ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის გამომწვევი სტერეოტიპების რღვევას; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე ორიენტირებული ადეკვატური, თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების/მექანიზმების ასახვას საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალებში, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულო იქნება ყველა დაწესებულებისთვის, მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად. 2. სახელმწიფო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობითაც ახორციელებს. მუხლი 18. სამართალწარმოების ხელმისაწვდომობა 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს როგორც შესაბამისი პროცედურული მექანიზმების შექმნას, ისე ნებისმიერ გონივრულ მისადაგებას იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა სრულფასოვანი მონაწილეობა შეძლოს ყველა ტიპის ადმინისტრაციულ წარმოებაში, სანოტარო მოქმედებაში, აგრეთვე გამოძიების, სასამართლო განხილვის, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ან/და აღსრულების პროცესში. 2. სახელმწიფო მხარს უჭერს სამართალდამცავი ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ტერიტორიული სამსახურებისა და დანაყოფების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურის, ისე მომსახურების ხელმისაწვდომობას. მუხლი 19. სპეციალური მოსარჩელე 1. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაცია არის დაინტერესებული მხარე, რომელიც ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებზე კანონიერი წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების გარეშე იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებს ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში. 2. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები უფლებამოსილი არიან, აწარმოონ ადმინისტრაციული და სამოქალაქო დავები, ასევე შესაბამის უწყებებს მიმართონ განცხადებითა და სარჩელით/საჩივრით, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის. 3. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მქონე ორგანიზაციები ამ მუხლში მითითებულ უფლებამოსილებებს ახორციელებენ იმ შემთხვევაშიც, თუ ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ან სავარაუდო დარღვევას. 4. სპეციალური მოსარჩელე არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონის შესაბამისად, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. 5. სპეციალური მოსარჩელის სტატუსით რეგისტრირდება ის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სპეციალური მოსარჩელის სტატუსის რეგისტრაციის ვადაა 3 წელი, რომლის გასვლის შემდეგ ასეთი რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება ძალადაკარგულია, თუ დაინტერესებული პირი არ წარადგენს რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნას, რომელსაც უნდა ერთოდეს გასული 3 წლის განმავლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მუხლი 20. პერსონალური ასისტენტი 1. პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებსა და წესებს, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმებს, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. 2. პერსონალური ასისტენტი არის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირი, რომელიც გამოხატავს თანხმობას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს გაუწიოს მისთვის საჭირო მომსახურება დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. 3. პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდებას ახორციელებს მუნიციპალიტეტი, რომელიც განსაზღვრავს ამ სერვისის მოცულობას და შეიმუშავებს მისი მიწოდების წესს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი III ადმინისტრაციული ორგანოსა და კერძო სამართლის სუბიექტის ვალდებულებები მუხლი 21. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებები ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს არსებული და მშენებარე შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის უნივერსალური დიზაინის დანერგვა ან/და უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, თავისი მმართველობის სფეროში მოქმედი ყველა დაწესებულების სრული მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად; ბ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის თავის სისტემაში არსებული ყველა შესაბამისი სერვისის სრული ხელმისაწვდომობა, შესაბამის საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული პროგრამებისა და მასალების (მათ შორის, აუდიოწიგნი, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი, სურდოთარგმანი, სუბტიტრი) შეთავაზების ჩათვლით; გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად შეიმუშაოს და დაამტკიცოს ადაპტირებისა და უნივერსალური დიზაინის უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმა, განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესაბამისი ვადების მითითებით, უზრუნველყოს მისი შესრულების ზედამხედველობა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებას; ე) უზრუნველყოს შესაბამისი კადრების მუდმივი გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის საჭირო უნარების განვითარების მიზნით; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელი შეუწყოს მათ იმპლემენტაციას; ზ) განახორციელოს ამ თავით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 22. საკანონმდებლო ხელისუფლება 1. საქართველოს პარლამენტი საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად განსაზღვრავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, უზრუნველყოფს საკანონმდებლო ბაზის შექმნასა და განვითარებას, აკონტროლებს თანასწორობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. 2. საქართველოს მთავრობა წელიწადში ერთხელ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს წერილობით ანგარიშს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების შესრულების თაობაზე. 3. საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილია შეიმუშაოს რეკომენდაციები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სფეროში საქართველოს მთავრობის საქმიანობის გასაუმჯობესებლად. 4. საქართველოს პარლამენტი უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის საპარლამენტო კონტროლს. მუხლი 23. სასამართლო ხელისუფლება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად შეიმუშავებს და ამტკიცებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებსა და მეთოდიკას, რომელშიც გათვალისწინებულია სასამართლოში შესაბამისი კატეგორიის საქმეთა განხილვის სპეციფიკურობა. მუხლი 24. აღმასრულებელი ხელისუფლება 1. საქართველოს მთავრობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა და ამ კანონის იმპლემენტაციის ხელშემწყობი ერთიანი სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შედიან შესაბამისი სამინისტროების, სხვა შესაბამისი უწყებების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − იურიდიული დახმარების სამსახურის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (შემდგომ − საქსტატი) ხელმძღვანელი პირები, ასევე, მოწვეული წევრის სტატუსით, საქართველოს საკანონმდებლო, სასამართლო და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. 3. უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შემადგენლობაში შესაძლებელია მოწვეულ იქნენ იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან ან/და მათი პირობების გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული. მუხლი 25. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით უზრუნველყოფს არსებული საკანონმდებლო ბაზის შესწავლას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დაწესებულებებთან კოორდინაციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების ორგანიზებას. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დაცვას, მისი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. მუხლი 26. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 1. პირისთვის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა ეფუძნება ბიოფსიქოსოციალურ მოდელს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალურ მოდელს და მუდმივად ხელს უწყობს მის დანერგვას. ბიოფსიქოსოციალური მოდელის ფარგლებში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი განისაზღვრება სტატუსის მაძიებელი პირის ფუნქციური უნარებისა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა საფუძველზე. 2. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პროგრამები, აგრეთვე აღნიშნული პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სერვისები, უნდა ეფუძნებოდეს შემდეგ პრინციპებს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირისთვის ჯანდაცვის, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, შესაძლებლობის შეზღუდვის ხარისხის მიუხედავად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) ჯანდაცვის, აბილიტაციისა/რეაბილიტაციისა და სოციალური სერვისების მრავალფეროვნებისა და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებულ, სხვებთან თანაბარი შესაძლებლობის ხელშემწყობ სოციალურ სერვისებს. 4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ა) ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონების, ქალებისა და ბავშვებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების ფარგლებში სერვისების მიწოდებას, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით; ბ) შეიმუშავებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის მომსახურების/დახმარების მიმწოდებელი სამედიცინო პერსონალის პროფესიულ სტანდარტებს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სათემო სერვისების განვითარებას; დ) შრომის ბაზარზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობის მიზნით, შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის პროგრამებს და უზრუნველყოფს სამუშაოს მაძიებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა: დ.ა) პროფესიულ კონსულტირებას, შესაბამისი პროფილის განსაზღვრასა და კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ მომსახურებას; დ.ბ) პროფესიული მომზადება-გადამზადების პროგრამაში მონაწილეობას; დ.გ) სამუშაო ადგილის მოძიებას ან/და სამუშაო ადგილის შენარჩუნებას დამოუკიდებლად ან მხარდაჭერით; დ.დ) კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ღია შრომის ბაზარზე მათ ინტეგრაციას. 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პროგრამების შემუშავება უნდა განხორციელდეს მათი საჭიროებების შესწავლის საფუძველზე. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას. 7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციული ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ დასაქმების სფეროში ისეთი პოლიტიკისა და პროგრამების შექმნას, რომლებიც მიმართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თვითდასაქმებისა და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისაკენ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3833 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
მუხლი 27. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო 1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას, ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საფეხურის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას. 2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის, აგრეთვე სპორტის ნებისმიერი სფეროს ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს: ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურისა და სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას. 3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს განათლების ყველა საფეხურზე: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სპეციფიკური მიდგომისა და მათი საჭიროების შესწავლის/შეფასების სტანდარტებსა და მეთოდიკას; ბ) მომუშავე სპეციალისტებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან, მათ შორის, მოსწავლეებთან/სტუდენტებთან/პროფესიულ სტუდენტებთან, მუშაობისთვის და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის; გ) მომუშავე სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ შესაბამის სატრენინგო მოდულებს, რომლებიც სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. 4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა განახორციელოს განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო და მატერიალური რესურსების ადაპტაციის საჭიროების კვლევა, რის საფუძველზედაც განხორციელდება: ა) საჭირო სასწავლო და მატერიალური რესურსების მოძიება; ბ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება. 5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციებს. 6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ სფეროში მომუშავე პირებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებასა და დამტკიცებას. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №347 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3833 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
მუხლი 28. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შესაბამის უწყებებთან ერთად, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, უზრუნველყოფს მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის მხარდაჭერას, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია (შემდგომ − ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია) ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებისა და განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას. 3. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით, უზრუნველყოფს: ა) მის მიერ შექმნილი ან/და დაპროექტებული ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში; ბ) მისი ოფიციალური ვებგვერდისა და მის მიერ შემუშავებული აუდიოვიზუალური მასალის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებას. მუხლი 29. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების, სტრატეგიების, სამოქმედო გეგმებისა და ინსტრუქციების შემუშავებაში და ხელს უწყობს მათ იმპლემენტაციას. მუხლი 30. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს შესაბამის სამშენებლო სტანდარტებში/რეგლამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებისადმი გონივრული მისადაგებისა და უნივერსალური დიზაინის სტანდარტებით ადაპტირების სავალდებულო მექანიზმების შემუშავებაში. 2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს ამ კანონით განსაზღვრული პრინციპების იმპლემენტაციას. მუხლი 31. საგამოძიებო ორგანოები 1. საგამოძიებო ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სამართალწარმოების ხელმისაწვდომობას, რაც ხელს შეუწყობს შესაბამის პროცესში მათი როლის ეფექტიანად შესრულებას, მათ შორის, მოწმის სახით, გამოძიების ეტაპზე. 2. საგამოძიებო ორგანოებმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოების ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უნდა შეიმუშაონ შემდეგი ინსტრუქციები: ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვან მოწმესთან, დაზარალებულსა და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სტანდარტები და მეთოდიკა მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გამოკითხვისა და დაკითხვის პროცესებში, ასევე სასამართლოში საქმის განსახილველად მომზადებისას შესაბამისი სპეციფიკის გათვალისწინებას. 4. საგამოძიებო ორგანოები უზრუნველყოფენ დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებების დაცვას, მისი სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით. მუხლი 32. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების შემუშავების ზედამხედველობას და მათი განხორციელების მხარდაჭერას. მუხლი 33. იურიდიული დახმარების სამსახური საჯარო სამართლის იურიდიული პირი − იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის საადვოკატო მომსახურების გაწევას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე, აგრეთვე წარმომადგენლობას ადმინისტრაციული წარმოებისას და სამართლებრივ კონსულტაციას. მუხლი 34. საქსტატი 1. ამ კანონით განსაზღვრული ყველა დაწესებულება და ორგანიზაცია, თავიანთი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ვალდებული არიან საქსტატს მიაწოდონ საჭირო მონაცემები/ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მიერ შესაბამისი წლისათვის დამტკიცებული სტატისტიკური სამუშაოების პროგრამით გათვალისწინებული ნუსხისა და პერიოდულობის შესაბამისად. 2. სტატისტიკური მონაცემების დამუშავების/მიწოდების ფორმას ამტკიცებს საქსტატი. 3. საქსტატი, დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს შეჯამებული სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობას. 4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისას გამოიყენება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები. მუხლი 35. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაონ და დანერგონ დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერისა და სოციალური ინკლუზიის პროგრამები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით და მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, რათა უზრუნველყონ: ა) ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში სრული მონაწილეობა, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სერვისების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის მომსახურების გაცემა და აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამების განხორციელება; ბ) კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შესაბამისი ღონისძიებების პროგრამების/პროექტების შემუშავების პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა გადაწყვეტილების შემუშავებისა და მიღების ყველა ეტაპზე; გ) თავიანთ დაქვემდებარებაში არსებული ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების როგორც ინფრასტრუქტურის, ისე საგანმანათლებლო პროგრამების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის სავალდებულო ხელმისაწვდომობა. 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები/დაწესებულებები ვალდებული არიან: ა) ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ადგილობრივი ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ან/და მათი კანონიერი წარმომადგენლები როგორც ორგანიზაციის წევრთა, ისე მმართველი/გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების წევრთა უმრავლესობას წარმოადგენენ და რომლებიც მუშაობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით; ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ სათანადო ფუნქციების მქონე სხვა დაწესებულებებთან/ორგანიზაციებთან ერთად ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების საინფორმაციო-საკონსულტაციო და მხარდაჭერის სერვისების დანერგვასა და განვითარებას. 3. მუნიციპალიტეტის ორგანოების/დაწესებულებების ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები (რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად არ არის მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები) არის სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებები, რომელთა შესრულებაზეც დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. მუხლი 36. კერძო სამართლის სუბიექტის კომპეტენცია 1. კერძო სამართლის სუბიექტი, მიუხედავად თავისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და საკუთრებისა, ვალდებულია გონივრული მისადაგების გათვალისწინებით უზრუნველყოს ამ კანონითა და ამ კანონის საფუძველზე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დადგენილი სავალდებულო სტანდარტების/ნორმატივების დაცვა და შესრულება. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული სტანდარტები/ნორმატივები კერძო სამართლის სუბიექტის მაქსიმალური მონაწილეობით დგინდება. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 37. გარდამავალი დებულებები 1. 2021 წლის 1 იანვრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით; ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმისა და წარდგენის წესების დამტკიცება; დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავება და დამტკიცება. 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) 2023 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის მექანიზმის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმის დამტკიცება; ბ) 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება. 3. ამ კანონის III თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა: ა) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონითა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიის შესაბამისად, განახორციელონ ყველა საჭირო ღონისძიება 2021 წლის 1 იანვრიდან 2035 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შესაბამისი ვალდებულებების შესრულებისა და ამ კანონის სრულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად; გ) 2035 წლის 31 დეკემბრამდე ეტაპობრივად განახორციელონ ამ კანონის გამოქვეყნებამდე არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის, აგრეთვე არსებული სერვისების უნივერსალური დიზაინის შესაბამისად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც შენობის ადაპტირება შეუძლებელია ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო საექსპერტო დასკვნით, ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ გეგმაში დამატებით გაითვალისწინონ მოქმედების ალტერნატიული საშუალებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სრული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება ამ კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულ იმ კერძო სამართლის სუბიექტის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებულ შენობა-ნაგებობასა და სხვა სახის ინფრასტრუქტურაზე, რომლის საქმიანობის საგანსაც სერვისების მიწოდება არ განეკუთვნება. 5. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) 2025 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის პროგრამული გაწერა, სერვისის მოცულობის განსაზღვრა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისი მიწოდების წესების შემუშავება; ბ) 2025 წლის 1 იანვრიდან უზრუნველყონ პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება. 6. ამ კანონის გამოქვეყნების მომენტიდან შენობა-ნაგებობების პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსისა და მის საფუძველზე დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 38. ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი აქტი 2021 წლის 1 იანვრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 14 ივნისის კანონი (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994−1995, №№27−30, მუხ. 633). მუხლი 39. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის I−III თავებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის I−III თავები ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 14 ივლისი 2020 წ. N6823-რს |
დოკუმენტის კომენტარები