„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 347-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 16/03/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/03/2021
სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.020273
347-IVმს-Xმპ
16/03/2021
ვებგვერდი, 18/03/2021
280080020.05.001.020273
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას.“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო

1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას, ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა საფეხურის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.

2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის, აგრეთვე სპორტის ნებისმიერი სფეროს ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:

ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კულტურისა და სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში, აგრეთვე ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს განათლების ყველა საფეხურზე:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სპეციფიკური მიდგომისა და მათი საჭიროების შესწავლის/შეფასების სტანდარტებსა და მეთოდიკას;

ბ) მომუშავე სპეციალისტებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან, მათ შორის, მოსწავლეებთან/სტუდენტებთან/პროფესიულ სტუდენტებთან, მუშაობისთვის და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;

გ) მომუშავე სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ შესაბამის სატრენინგო მოდულებს, რომლებიც სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უნდა განახორციელოს განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო და მატერიალური რესურსების ადაპტაციის საჭიროების კვლევა, რის საფუძველზედაც განხორციელდება:

ა) საჭირო სასწავლო და მატერიალური რესურსების მოძიება;

ბ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება.

5. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციებს.

6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ სფეროში მომუშავე პირებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებასა და დამტკიცებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

16 მარტი 2021 წ.

N347-IVმს-Xმპ