„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3833-XIIIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 30/11/2023
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2023
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280080020.05.001.102101
3833-XIIIმს-Xმპ
30/11/2023
ვებგვერდი, 15/12/2023
280080020.05.001.102101
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 280080020.05.001.020008) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, დასაქმების სამსახურების, პროფესიული და უწყვეტი განათლების ხელმისაწვდომობას.“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 27. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო

1. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განათლების ყველა საფეხურის ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ყველა საფეხურზე ინკლუზიური განათლების განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და დამტკიცებას და მისი შესრულების ზედამხედველობას, ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა საფეხურის სახელმწიფო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, აგრეთვე ახალგაზრდულ ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.

2. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის კულტურის ნებისმიერი სფეროს, მათ შორის, სახელოვნებო განათლების, ხელოვნების, შემოქმედების, კულტურული ღონისძიებებისა და კულტურული ტურიზმის, აგრეთვე სპორტის ნებისმიერი სფეროს ხელმისაწვდომობას და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:

ა) ადაპტირებული პროგრამებითა და მასალებით უზრუნველყოფის სამოქმედო გეგმების, ადაპტირების სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავებას, კულტურისა და სპორტის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისთვის საჭირო უნარების შესაძენად თავისი კომპეტენციის ფარგლებში კულტურისა და სპორტის დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში მომუშავე კადრებისთვის სამუშაო სტანდარტების/ინსტრუქციების შემუშავებას და ამ კადრების გადამზადებას.

3. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს განათლების ყველა საფეხურზე:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სპეციფიკური მიდგომისა და მათი საჭიროების შესწავლის/შეფასების სტანდარტებსა და მეთოდიკას;

ბ) მომუშავე სპეციალისტებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებთან, მათ შორის, მოსწავლეებთან/სტუდენტებთან/პროფესიულ სტუდენტებთან, მუშაობისთვის და სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;

გ) მომუშავე სპეციალისტებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელ შესაბამის სატრენინგო მოდულებს, რომლებიც სავალდებულოა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.

4. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ უნდა განახორციელოს განათლების ყველა საფეხურზე სასწავლო და მატერიალური რესურსების ადაპტაციის საჭიროების კვლევა, რის საფუძველზედაც განხორციელდება:

ა) საჭირო სასწავლო და მატერიალური რესურსების მოძიება;

ბ) სწავლების მეთოდოლოგიის შემუშავება.

5. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით და შესაბამის სფეროში მომუშავე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და სათანადო კვალიფიკაციის ექსპერტთა მონაწილეობით შეიმუშავებს პარალიმპიური მოძრაობის განვითარების რეკომენდაციებს.

6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, ამ სფეროში მომუშავე პირებთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავებასა და დამტკიცებას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

30 ნოემბერი 2023 წ.

N3833-XIIIმს-Xმპ