დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
მედიაციის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4954-Iს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 18/09/2019 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.019578 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)
|
მედიაციის შესახებ
|
თავი I
ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის წახალისებისა და შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით განსაზღვრავს მედიაციის წარმართვის პრინციპებს, მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ორგანიზებისა და საქმიანობის წესებს, მედიატორის უფლებამოსილებებს, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესებს და მედიაციის პროცესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე წარმართულ მედიაციაზე, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXI1 თავით განსაზღვრულ სასამართლო მედიაციაზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით. 3. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სანოტარო მედიაციაზე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით გათვალისწინებულ მედიაციასა და კოლექტიური დავის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულ მედიაციაზე. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5503 – ვებგვერდი, 18.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მედიაცია − პროცესი, მისი სახელწოდების მიუხედავად, რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას, მიუხედავად იმისა, ეს პროცესი დაწყებულია მხარეთა ინიციატივით თუ კანონით გათვალისწინებული საფუძვლითა და წესით; ბ) სასამართლო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შემთხვევაში; გ) კერძო მედიაცია − მედიაცია, რომელიც ხორციელდება მხარეთა ინიციატივით, მედიაციის თაობაზე შეთანხმების საფუძველზე, სასამართლოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის გარეშე; დ) მედიაციის მონაწილეები − მედიატორი, მხარეები, მხარეთა წარმომადგენლები, მესამე პირი; ე) მედიატორი − მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანახმაა, წარმართოს მედიაცია, მიუხედავად მისი სტატუსისა და არჩევის/დანიშვნის წესისა; ვ) მედიაციის მხარე − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც არ არის იურიდიული პირი, რომელიც მეორე მხარესთან დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების მიზნით მონაწილეობს მედიაციის პროცესში; ზ) მესამე პირი − პირი, რომელიც მხარე არ არის და მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობს მედიაციის პროცესში; თ) მედიაციის თაობაზე შეთანხმება − მხარეთა შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში მათ მიერ მედიაციისათვის მიმართვის თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმება; ი) სამედიაციო მორიგება − მედიაციის შედეგად დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულების შესახებ წერილობითი დოკუმენტი, რომლის შესრულება სავალდებულოა; ი1) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება − კომერციული დავის მოგვარების მიზნით მიღწეული და დადებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც, „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად, საერთაშორისო შეთანხმებაა; კ) საქართველოს მედიატორთა ასოციაცია − ამ კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ასრულებს ამავე კანონით გათვალისწინებულ ფუნქციებს; ლ) მედიატორთა ერთიანი რეესტრი − საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ წარმოებული საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წევრთა საერთო სია. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. მუხლი 3. მედიაციის წარმართვის პრინციპები მედიაცია ეფუძნება მხარეთა ნებაყოფლობითობის (გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თვითგამორკვევის, კეთილსინდისიერებისა და თანასწორობის, კონფიდენციალურობის დაცვის, მედიატორის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას წარმოშობილი საკითხები, რომლებიც ამ კანონით არ არის მოწესრიგებული, აღნიშნული პრინციპების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. თავი II მედიაციის პროცესი მუხლი 4. მედიატორის არჩევა/დანიშვნა 1. მედიაცია შეიძლება ერთდროულად ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა წარმართოს. 2. მედიატორის არჩევაზე თანხმდებიან მხარეები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. სასამართლო მედიაციის დროს მხარეები მედიატორს ირჩევენ სასამართლოს მიერ მედიატორთა ერთიანი რეესტრის საფუძველზე შედგენილი და მხარეებისათვის შეთავაზებული მედიატორთა კანდიდატურების სიიდან, მისი საქმიანობის არეალის გათვალისწინებით; ამასთანავე, შესაძლებელია საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მედიატორისათვის დამატებითი მოთხოვნები (ასაკი, სტაჟი ან/და უმაღლესი განათლება) განსაზღვროს. ეს მოთხოვნები შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე იმ შემთხვევისათვის, როდესაც მედიატორი მხარეთა შეთანხმების გარეშე ინიშნება. თუ სასამართლოს მიერ მხარეებისათვის მედიატორთა კანდიდატურების სიის შეთავაზებიდან 3 დღის განმავლობაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორის კანდიდატურის არჩევაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი ან ორგანო სასამართლოს მიმართვის საფუძველზე, მისი მიღებიდან 3 დღის ვადაში, ამ პუნქტში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მედიატორად ნიშნავს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მომდევნო პირს. 4. კერძო მედიაციის დროს მხარეები მედიატორად ირჩევენ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორს, რომელიც ვალდებულია მედიაციის პროცესი ამ კანონით დადგენილი პრინციპებისა და წესების შესაბამისად წარმართოს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორის შერჩევაზე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო მხარეთა მიმართვის საფუძველზე მედიატორს ნიშნავს მედიატორთა ერთიანი რეესტრიდან, თუ მხარეებს მედიატორის დანიშვნის სხვა წესი არ აქვთ განსაზღვრული. მუხლი 5. მედიატორის შერჩევის დროს გასათვალისწინებელი გარემოებები 1. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უნდა გაითვალისწინონ გარემოებები, რომლებიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევას განაპირობებს. 2. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ შეიძლება გაითვალისწინონ შემდეგი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები: ა) მედიაციის პროცესის ან მოლაპარაკების სხვა ისეთი პროცესის წარმართვის გამოცდილება, რომლის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს; ბ) სასამართლო წარმოების ან დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება; გ) დავის შინაარსის შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება; დ) მედიაციის აღიარებული ორგანიზაციის მიერ აკრედიტაცია; ე) მედიაციის ეფექტიანად წარმართვა, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მოძიება და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მედიატორის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი; ვ) სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმი, მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესაბამისად. მუხლი 6. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და მედიატორის საქმიანობის შეზღუდვა 1. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე ან/და მედიაციის დაწყების შემდეგ, მისი მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე იმ გარემოების გამოვლენისთანავე, რომელმაც შეიძლება საეჭვო გახადოს მისი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, შეატყობინოს მხარეებს აღნიშნული გარემოების შესახებ. ასეთი გარემოების არსებობის მიუხედავად, პირი შეიძლება იყოს მედიატორი, თუ მხარეები ამაზე წერილობით თანხმობას განაცხადებენ. მედიატორს უფლება აქვს, ამ პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით უარი თქვას მედიაციის წარმართვაზე, მის მედიატორობაზე მხარეთა წერილობითი თანხმობის არსებობის მიუხედავად. 2. მხარეთა თანხმობის არსებობის მიუხედავად, პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი საქმეზე, თუ იგი მედიაციის პროცესის დაწყებამდე იყო იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მხარე ან ამ მხარის წარმომადგენელი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან თუ მან სხვა სახის იურიდიული ან/და აუდიტორული მომსახურება გაუწია მედიაციის მხარეს. მედიატორს უფლება არ აქვს, საქმის დასრულების შემდეგ იმოქმედოს რომელიმე მხარის ინტერესების დასაცავად იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე. 3. პირს უფლება არ აქვს, იყოს მედიატორი, თუ იგი იყო/არის იმავე საქმის ან მასთან არსებითად დაკავშირებული სხვა საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობდა აღნიშნულ საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურე, მედიატორი ნოტარიუსი ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც მედიატორი იხილავდა იმავე საქმეს ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეს, როგორც არბიტრი, და მხარეები უშუალოდ სამედიაციო სადავო საკითხის წარმოშობის შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის ამავე დავის საქმეზე მედიატორად არჩევაზე. 4. პირს უფლება არ აქვს, იყოს საქმის მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, სასამართლო სხდომის მდივანი, არბიტრი ან ექსპერტი სასამართლოში, არბიტრაჟში ან მსგავს პროცესში, ან მონაწილეობა მიიღოს საქმეში, როგორც სახელმწიფო მოსამსახურემ, მედიატორმა ნოტარიუსმა ანდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებულმა მედიატორმა, თუ იგი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი. ეს წესი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არბიტრად ასარჩევი/დასანიშნი პირი იმავე საქმეზე ან მასთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე იყო მედიატორი და მხარეები არბიტრაჟში დავის დაწყების შემდეგ წერილობით შეთანხმდნენ ამ პირის არბიტრად არჩევაზე/დანიშვნაზე. საქართველოს 2019 წლის 11 დეკემბრის კანონი №5503 – ვებგვერდი, 18.12.2019წ. მუხლი 7. მედიაციის დაწყება 1. მედიაციის დაწყების წინაპირობაა მედიაციის თაობაზე შეთანხმება ანდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლით ან მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემა. 2. მედიაცია იწყება მხარეთა ან ერთ-ერთი მხარის მიერ მედიატორისათვის მიმართვის საფუძველზე ანდა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის მედიატორისათვის გადაცემის შედეგად. 3. მედიაცია დაწყებულად მიიჩნევა ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მედიატორისათვის მიმართვის ან საქმის მედიატორისათვის გადაცემის მომენტიდან. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დაწყების დამადასტურებელ დოკუმენტს. 4. მედიაციის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, არ მიმართონ სასამართლოს ან არბიტრაჟს განსაზღვრული ვადის ან გარემოების დადგომამდე, სასამართლო ან არბიტრაჟი არ განიხილავს დავას მედიაციის თაობაზე შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შესრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსარჩელე ადასტურებს, რომ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის გარეშე მას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება. მოპასუხემ მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესახებ განცხადება შესაგებლის წარდგენის ვადის გასვლამდე უნდა გააკეთოს. მხარის მიერ სასამართლოსათვის ან არბიტრაჟისათვის მიმართვა არ მიიჩნევა მედიაციის თაობაზე შეთანხმებაზე უარის თქმად ან დაწყებული მედიაციის შეწყვეტად. 5. მხარეს უფლება აქვს, მედიაციის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უარი თქვას მასში მონაწილეობაზე, თუ კანონით ან მედიაციის თაობაზე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მუხლი 8. მედიაციის წარმართვა 1. მედიაციის დაწყებამდე მედიატორმა მხარეებს უნდა განუმარტოს მედიაციის პროცესის წარმართვის პრინციპები, მედიატორის როლი, მხარეთა უფლებები, მათ შორის, მედიაციის პროცესში თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით მონაწილეობის უფლება, მხარეთა მოვალეობები, მედიაციის შესაძლო შედეგები და მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების წესი, აგრეთვე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები. 2. მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მედიაციის წარმართვის წესზე, რომელიც ამ კანონით არ არის დადგენილი. 3. მხარეთა შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში მედიაციის წარმართვის წესს განსაზღვრავს მედიატორი დავის ეფექტიანად მოსაგვარებლად, მისი გარემოებებისა და მხარეთა მოსაზრებების გათვალისწინებით. 4. მედიაციის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მხარეები უზრუნველყოფილი უნდა იქნენ საკმარისი დროითა და შესაძლებლობით, რათა განსახილველ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ. 5. მხარემ მედიაციის პროცესში მონაწილეობა შეიძლება მიიღოს როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. მედიატორი უფლებამოსილია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, მოითხოვოს მედიაციის პროცესში მხარის ან მხარეთა უშუალო მონაწილეობა. 6. მედიატორმა მედიაციის წარმართვისას მხარეთა თანასწორობა უნდა უზრუნველყოს. 7. მედიატორმა მედიაცია შეიძლება წარმართოს მხარეებთან როგორც ერთობლივი, ისე ინდივიდუალური კომუნიკაციის მეშვეობით. 8. მედიატორი უფლებამოსილია მედიაციის ეფექტიანად წარსამართავად მხარეებს მედიაციის მიმდინარეობისას შესთავაზოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. 9. მედიატორი ეხმარება მხარეებს დავის მოგვარების მიზნით მორიგების მიღწევაში როგორც მედიაციის პროცესის, ისე მისი საბოლოო შედეგის მიმართ მხარეთა მიერ თავისუფალი, დამოუკიდებელი და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპის გათვალისწინებით. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეთა შორის არსებულ დავასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს. 10. მხარეთა თანხმობის არსებობის შემთხვევაში მედიატორმა შეიძლება მხარეებს შესთავაზოს სამედიაციო მორიგების პირობები, მათი ინტერესებისა და მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მათ მიერ გამოხატული პოზიციების გათვალისწინებით. მუხლი 9. მედიაციის დასრულება 1. მედიაცია დასრულებულად მიიჩნევა: ა) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; ბ) თუ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ მედიაციის შეწყვეტაზე − მხარეთა შეთანხმების დღიდან; გ) თუ მხარემ წერილობით უარი განაცხადა მედიაციაში მონაწილეობის გაგრძელებაზე − მხარის მიერ უარის განცხადების დღიდან; დ) თუ ამოიწურა მედიაციისათვის განსაზღვრული ვადა − ამ ვადის ამოწურვის დღიდან; ე) თუ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მედიატორმა განაცხადა, რომ მედიაციის გაგრძელება არაგონივრული და გაუმართლებელია, − მედიატორის მიერ ამ განცხადების გაკეთების დღიდან. 2. მხარეები ან/და მხარეთა წარმომადგენლები უზრუნველყოფენ სამედიაციო მორიგების შედგენას. მედიატორი შეიძლება დაეხმაროს მხარეებს სამედიაციო მორიგების შედგენაში. 3. სამედიაციო მორიგება წერილობით დგება და მას ხელს მხარეები და მედიატორი აწერენ. 4. მხარის მოთხოვნით, მედიატორი გასცემს მედიაციის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს. მუხლი 10. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება 1. მედიაციის პროცესი კონფიდენციალურია. ასევე კონფიდენციალურია ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას ან არსებითად გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, თუ ამ ინფორმაციის გამცემ პირსა და მხარეს/მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმებით ან კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, აგრეთვე თუ ინფორმაციის გამჟღავნება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების მომენტის განსაზღვრისათვის აუცილებელი არ არის. 2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია მედიაციის მონაწილეებმა არ შეიძლება გამოიყენონ სასამართლო ან საარბიტრაჟო განხილვის დროს ან დავის ნებისმიერი სხვა საშუალებით განხილვის პროცესში, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. მედიატორს უფლება არ აქვს, მხარეს მიაწოდოს მეორე მხარის მიერ მისთვის ინდივიდუალური კომუნიკაციის დროს გამჟღავნებული ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მედიატორს მეორე მხარისაგან მიღებული აქვს აშკარა თანხმობა აღნიშნული ინფორმაციის მხარისათვის მიწოდებაზე. 4. ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტები არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) აუცილებელია პირის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის დაცვა ან თავისუფლების უზრუნველყოფა ანდა არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დაცვა; ბ) ინფორმაციის წარდგენა ხდება სამედიაციო მორიგების შედგენის ფაქტის დასამტკიცებლად, როდესაც მეორე მხარე სადავოს ხდის ან უარყოფს ამ ფაქტს; გ) მხარე ვალდებულია შეასრულოს მედიაციის დაწყებამდე ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულება, გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი მეორე მხარისათვის, იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება; დ) ინფორმაციის გამჟღავნება სასამართლოს ან სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე სხვა გადაწყვეტილებითაა გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ე) ინფორმაციის გამჟღავნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამოძიებისთვისაა აუცილებელი. ამ შემთხვევაში ინფორმაცია მაქსიმალურად შეზღუდული მოცულობით გამჟღავნდება და ამის შესახებ შესაბამის მხარეს წინასწარ ეცნობება; ვ) სამედიაციო მორიგების შინაარსის გამჟღავნება აუცილებელია მის ნებაყოფლობით შესასრულებლად ან იძულებით აღსასრულებლად; ზ) სამართლებრივი ან დისციპლინური დავა მიმართულია ინფორმაციის გამცემი პირის წინააღმდეგ და გამომდინარეობს მედიაციის პროცესიდან, ამასთანავე, ამ ინფორმაციის გამჟღავნება აღნიშნული პირის სამართლებრივი ინტერესების დაცვისთვისაა აუცილებელი; თ) მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას კონფიდენციალურობის დაცვის პირობით გამჟღავნებული ინფორმაცია მხარისათვის მედიაციის დაწყებამდე იყო ცნობილი ან იგი მან კანონით გათვალისწინებული სხვა საშუალებით მიიღო, ან ეს ინფორმაცია სხვაგვარად მოხვდა საჯარო სივრცეში, ისე, რომ მხარეს ამ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება პირდაპირ ან არაპირდაპირ არ დაურღვევია. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის უფლებამოსილი პირისათვის ან ორგანოსათვის გამჟღავნება მხოლოდ კანონიერი მიზნის ადეკვატური და პროპორციული მოცულობით უნდა მოხდეს, ისე, რომ მაქსიმალურად იქნეს დაცული აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა მესამე პირისაგან. 6. მედიატორი ვალდებულია მედიაციის დაწყებამდე მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებისა და მისი ფარგლების შესახებ. 7. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მოქმედებს მედიაციის დასრულების შემდეგაც, თუ მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული წერილობითი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 8. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებისას მისი მიმღები პირი ვალდებულია დაიცვას ეს ინფორმაცია გავრცელებისაგან. მუხლი 11. მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები 1. კერძო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება მხარეებსა და მედიატორს შორის დადებული შეთანხმებით. 2. თუ მედიაციის თაობაზე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მხარის მიერ გაწეულ ხარჯებს ეს მხარე ანაზღაურებს, ხოლო მედიაციის პროცესთან დაკავშირებული საერთო ხარჯები მხარეებს შორის თანაბრად ნაწილდება. 3. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორი ვალდებულია ყოველწლიურად სასამართლო მედიაციის პროგრამით განსაზღვრული რაოდენობის დავების საქმეებზე სასამართლო მედიაცია ანაზღაურების გარეშე (Pro Bono) წარმართოს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სასამართლო მედიაციაში მონაწილე მედიატორის საქმიანობა ანაზღაურდება სასამართლო მედიაციის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილი ასიგნებებიდან, თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დავის საგნის ღირებულების მიხედვით სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების სხვა წესი არ აქვს დადგენილი. სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესს ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მუხლი 12. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 1. კერძო მედიაციის დაწყების მომენტიდან ჩერდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა. 2. მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად მიიჩნევა კერძო მედიაციის დასრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს კერძო მედიაციის დაწყებიდან 2 წლისა. კერძო მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში დრო, რომლის განმავლობაშიც მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებული იყო, აღნიშნულ ვადაში არ ჩაითვლება. მუხლი 13. სამედიაციო მორიგების აღსრულება 1. მხარეთა შეთანხმებით, სამედიაციო მორიგება შეიძლება სასამართლომ აღასრულოს. 2. სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ. 3. სასამართლო სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს იხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. მუხლი 131. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება 1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეთა შეთანხმებით, იგი შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლო საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. მუხლი 132. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება 1. ცნობასა და აღსრულებას არ ექვემდებარება საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელიც: ა) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც წარმოიშვა საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთ-ერთი მხარის (მომხმარებლის) მიერ პირადი, საოჯახო ან საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის დადებული გარიგებიდან; ბ) დადებულია იმ დავის მოსაგვარებლად, რომელიც გამომდინარეობს საოჯახო, მემკვიდრეობის ან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობებიდან; გ) დაამტკიცა სასამართლომ ან დადებულია სასამართლოში მიმდინარე საქმისწარმოების დროს და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც სასამართლო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს სახელმწიფოში; დ) გაფორმებულია და ექვემდებარება აღსრულებას, როგორც საარბიტრაჟო გადაწყვეტილება. 2. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები გამოიყენება მხოლოდ იმ ფარგლებში, რომლებზედაც საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეები შეთანხმდნენ. 3. ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების წესები არ გამოიყენება იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მხარეც არის სახელმწიფო ან ნებისმიერი სახელმწიფო უწყება ან ამ სახელმწიფო უწყების სახელით მოქმედი ნებისმიერი პირი. საქართველოს 2021 წლის 22 ივნისის კანონი №667 – ვებგვერდი, 24.06.2021წ. თავი III საქართველოს მედიატორთა ასოციაცია მუხლი 14. საქართველოს მედიატორთა ასოციაციის შემადგენლობა და ფუნქციები, მედიატორთა ერთიანი რეესტრი 1. საქართველოს მედიატორთა ასოციაცია (შემდგომ − მედიატორთა ასოციაცია) არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი, წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს მედიატორთა თვითრეგულირებას. 2. მედიატორთა ასოციაციაზე არ ვრცელდება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლი. 3. მედიატორთა ასოციაციის წევრები არიან მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორები. 4. მედიატორთა ერთიან რეესტრში შეიძლება რეგისტრირებულ იქნეს ქმედუნარიანი ფიზიკური პირი, რომელიც არ არის ნასამართლევი, რომელსაც მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისად გავლილი აქვს მედიაციის/მედიატორის ტრენინგი და რომელიც ფლობს მედიატორთა ასოციაციის მიერ გაცემულ სერტიფიკატს. 5. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამა უნდა ადგენდეს მედიაციის/მედიატორის ტრენინგის მინიმალურ სტანდარტებს და განსაზღვრავდეს აღნიშნული ტრენინგის შინაარსსა და ხანგრძლივობას, ტრენერთა კვალიფიკაციას, ტრენინგის გავლის შედეგად მიღებული ცოდნის შემოწმების წესს და ტრენინგთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამას ამტკიცებს მედიატორთა ასოციაცია. 6. მედიატორთა ასოციაციის თანხმობით, მედიაციის/მედიატორის ტრენინგის ორგანიზებისა და ჩატარების უფლება აქვს იმ დაწესებულებას/ორგანიზაციას, რომლის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტი მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. მედიატორთა ასოციაცია განსაზღვრავს იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალს, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს. 7. მედიატორთა ერთიანი რეესტრი ქვეყნდება მედიატორთა ასოციაციის ვებგვერდზე. იგი უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს: ა) მედიატორის სახელსა და გვარს; ბ) მედიატორის დაბადების წელს; გ) მედიატორის კვალიფიკაციას ან/და აკადემიურ სტატუსს; დ) მედიტორის მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრაციის თარიღს. 8. მედიატორთა ასოციაციის უმაღლესი ორგანოა მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება, რომელიც მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორებისაგან შედგება. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მოწვევის პერიოდულობა, უფლებაუნარიანობა და საერთო კრების მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. 9. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის წესდების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა; ბ) მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება; გ) მედიატორთა ასოციაციის წესდებით განსაზღვრული წესით მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და, საჭიროების შემთხვევაში, მედიატორთა ასოციაციის სხვა ორგანოების ჩამოყალიბება; დ) მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის დამტკიცება; ე) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის, აგრეთვე მათ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელების წესის დამტკიცება; ვ) მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა; ზ) მედიატორთა ასოციაციის ფიქსირებული ოდენობის საწევრო გადასახადის დაწესება. 10. მედიატორთა ასოციაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, მედიატორთა ასოციაციაში გაწევრებისა და მედიატორთა ასოციაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლები და პირობები, აგრეთვე მედიატორთა ასოციაციის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. მუხლი 15. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო 1. მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო (შემდგომ − აღმასრულებელი საბჭო) უზრუნველყოფს მედიატორთა სერტიფიცირებას და მედიატორთა ერთიანი რეესტრის წარმოებას. 2. აღმასრულებელი საბჭოს ფუნქციებია: ა) მედიატორთა ასოციაციის კოლეგიური წესით მართვა; ბ) მედიატორთა ასოციაციის საშტატო ნუსხის დამტკიცება; გ) მედიატორთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ტრენინგებისა და საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა და განხორციელება; დ) მედიაციის სფეროში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის საქართველოში დანერგვასა და განვითარებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შემუშავება და მედიატორებისათვის გაცნობა; ე) მედიაციის საყოველთაო ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ვ) დაწესებულების/ორგანიზაციის მიერ შეთავაზებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგის სტანდარტის მიერ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემოწმება და მის ორგანიზებასა და ჩატარებაზე თანხმობის გაცემა; ზ) იმ საერთაშორისო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა, რომელთა მიერ შეთავაზებული/ჩატარებული მედიაციის/მედიატორის ტრენინგები მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამით დადგენილ პირობებს აკმაყოფილებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლო მედიაციის პროცესში მონაწილე მედიატორთა მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველყოფა; ი) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული მედიატორის მიერ მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში მის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების განხორციელება და მედიატორისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ მედიატორთა ასოციაციის წესდებით შესაბამისი უფლებამოსილება სხვა ორგანოს არ აქვს დელეგირებული; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მედიატორის უფლებების დაცვა; ლ) სასამართლო მედიაციის განვითარებისა და მედიაციის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადება და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრებისათვის წარდგენა. 3. აღმასრულებელი საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება. 4. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ადმინისტრირებასა და ორგანიზაციულ და ანალიტიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აღმასრულებელი საბჭოს სამდივნო. 5. აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები, აგრეთვე აღმასრულებელი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით. მუხლი 16. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე 1. მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ირჩევს 4 წლის ვადით მედიატორთა ასოციაციის წევრთაგან. 2. მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე იმავდროულად არის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს მედიატორთა ასოციაციას. მუხლი 17. მედიატორთა ასოციაციის დაფინანსების წყაროები მედიატორთა ასოციაციის დაფინანსების წყაროებია: ა) მედიატორთა ასოციაციის საწევრო გადასახადი; ბ) გრანტები და შემოწირულებები; გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) მედიატორთა ასოციაციის საქმიანობიდან მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. თავი IV გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი მუხლი 18. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიანი რეესტრის ფორმის დამტკიცება. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში იმ ქმედუნარიანი ფიზიკური პირის რეგისტრაცია, რომელიც არ არის ნასამართლევი, ფლობს არანაკლებ 40-საათიანი მედიაციის/მედიატორის ტრენინგის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს და რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში სულ მცირე 1 სასამართლო მედიაცია აქვს წარმართული. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრების ჩატარება, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მედიატორთა ასოციაციის წესდება და აირჩიოს ამ კანონითა და აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ორგანოები და თანამდებობის პირები. პირველი კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. პირველი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა ნახევარი მაინც. თუ პირველმა კრებამ ვერ მიიღო ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი კრების ჩატარების თარიღიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს მომდევნო კრების ჩატარება. 4. 2020 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მედიაცია დასრულდეს 2020 წლის 1 იანვრამდე არსებული წესით. მუხლი 19. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი−მე-17 მუხლებისა და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი−მე-17 მუხლები და მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 18 სექტემბერი 2019 წ. N4954-Iს |
დოკუმენტის კომენტარები