დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1158-IVმს-XIმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 09/12/2025 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 060000000.05.001.102887 |
|
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.09.2019, სარეგისტრაციო კოდი: 060000000.05.001.019578) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულება 1. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეიძლება სასამართლომ აღასრულოს. 2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ. 3. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.“. 2. 131 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგება ერთ-ერთი ან ორივე მხარის მიმართვის საფუძველზე შეიძლება ცნოს და აღასრულოს სასამართლომ. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების უფლებამოსილების მქონე სასამართლოა საქართველოს უზენაესი სასამართლო.“. 3. მე-14 მუხლის მე-9 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ეთიკის კომისიის (შემდგომ − ეთიკის კომისია) წევრების არჩევა;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი: „დ1) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცება;“; გ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ მედიატორთა ეთიკის ერთიანი სტანდარტისა და მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების დამტკიცება;“. 4. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის ფარგლებში სათანადო პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების უზრუნველყოფა;“; ბ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 მუხლები: „მუხლი 151. ეთიკის კომისია 1. ეთიკის კომისია შედგება 9 წევრისგან. ეთიკის კომისიის წევრებს 4 წლის ვადით ირჩევს მედიატორთა ასოციაციის საერთო კრება მედიატორთა ასოციაციის წესდებით დადგენილი წესით. 2. ეთიკის კომისიის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომლებიც სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას მიიღებენ. 3. ეთიკის კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად, მედიატორის პროფესიული ეთიკის ნორმების საფუძველზე, ამ კანონისა და მედიატორთა ასოციაციის საერთო კრების მიერ დამტკიცებული მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების შესაბამისად. 4. ეთიკის კომისია თავის წევრთაგან ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით ირჩევს ეთიკის კომისიის თავმჯდომარეს. ეთიკის კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად უნდა იყოს მედიატორთა ასოციაციის წევრი. პირი ეთიკის კომისიის თავმჯდომარედ შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 5. ეთიკის კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში მის ადგილს იკავებს ეთიკის კომისიის ახალარჩეული წევრი, რომელსაც ირჩევს მედიატორთა ასოციაციის უახლოესი საერთო კრება. 6. ეთიკის კომისია ამოწმებს მიღებულ ინფორმაციას მედიატორის შესახებ და სწავლობს მის საფუძვლიანობას, აგრეთვე განიხილავს და წყვეტს მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს ამ კანონისა და მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულების შესაბამისად. 7. ანონიმური წერილი ან შეტყობინება არ შეიძლება გახდეს მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის განხილვის საფუძველი. 8. მედიატორისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა და დისციპლინური საქმის წარმოების წესი განისაზღვრება მედიატორთა დისციპლინური საქმის წარმოების დებულებით. 9. ეთიკის კომისია უფლებამოსილია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე სახელმწიფო ორგანოსგან ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირისგან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს განსახილველ დისციპლინურ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გამოჰკითხოს შესაბამისი ფიზიკური პირები და შეასრულოს უფლებამოსილების ეფექტიანად განხორციელებისთვის საჭირო სხვა მოქმედებები. სახელმწიფო ორგანომ და კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სათანადო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გაცემაზე უარის თქმა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაასაბუთონ. 10. ეთიკის კომისია გადაწყვეტილებას იღებს მედიატორთა ასოციაციის სახელით. მუხლი 15 2. მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება და საჩივრის განხილვის წესი 1. მედიატორს უფლება აქვს, მისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება მისთვის/მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში გაასაჩივროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში. ამ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანება ეთიკის კომისიაში. ამ საჩივრის მიღებიდან 7 დღის ვადაში ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დისციპლინურ საქმეს საჩივართან ერთად გადასცემს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატას და ამის შესახებ ატყობინებს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმის მხარეებს. 2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა საჩივარს განიხილავს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის XIII1 თავით დადგენილი წესით, ამ კანონის ნორმების გათვალისწინებით. 3. საჩივრის განხილვასთან დაკავშირებული საქმის მხარეები არიან მედიატორთა ასოციაცია და ის მედიატორი, რომელსაც დისციპლინური სახდელი დაედო. 4. საჩივრის განხილვის პროცესი კონფიდენციალურია, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შესაბამისი სხდომა − დახურული. ორივე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროდ უნდა ჩატარდეს. 5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომაზე დგება ოქმი. ამ ოქმს ხელს აწერენ აღნიშნული სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი. 6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში აღინიშნება: ა) სხდომის ჩატარების თარიღი; ბ) სხდომის დაწყების დრო; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის შემადგენლობა და სხდომის მდივნის ვინაობა; დ) საქმის დასახელება და რეგისტრაციის ნომერი, ეთიკის კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების თარიღი; ე) მხარეთა და საქმეში მონაწილე სხვა პირთა შესახებ ინფორმაცია; ვ) მხარეთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები; ზ) მხარეთა პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტები; თ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილების შინაარსი; ი) სხდომის დამთავრების დრო. 7. მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმში იმ გარემოების შეტანის თაობაზე, რომელსაც, მისი აზრით, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. 8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა შეიძლება ჩაწერილ იქნეს სათანადო ელექტრონული საშუალების გამოყენებით. 9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომის ოქმი საქმეს დაერთვება. 10. თუ ამ კანონის შესაბამისად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომა საჯაროა, საქმის განხილვის ფოტოგადაღება, კინოგადაღება, ვიდეოგადაღება, სტენოგრაფირება და აუდიოჩაწერა ხორციელდება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით. 11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საქმის განმხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრები. ეს გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით საჯაროდ ქვეყნდება. საქმის განმხილველი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის წევრის განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში იგი აღნიშნულ გადაწყვეტილებას დაერთვება. 12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის მიერ მედიატორის დისციპლინური სახდელის შეცვლის შემთხვევაში მისთვის დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების დაკისრებისას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს. ეთიკის კომისია ვალდებულია ამ გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში განსაზღვროს კერძო სარეკომენდაციო ბარათის შინაარსი და ეს ბარათი მედიატორს გაუგზავნოს. 13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გადაწყვეტილება ეგზავნებათ მხარეებს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 9 დეკემბერი 2025 წ. N1158-IVმს-XIმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები