სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 476
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 01/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 03/10/2018
ძალაში შესვლის თარიღი 15/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.020792
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
476
01/10/2018
ვებგვერდი, 03/10/2018
300160070.10.003.020792
სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (03/10/2018 - 14/11/2018)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2018 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი სამშენებლო პროდუქტების შესახებ“ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი).  
მუხლი 2
სსიპსაქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე, აქვეყნებს სტანდარტ(ებ)ს (სტანდარტების დასახელებას), რომელიც უზრუნველყოფს ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებას.
მუხლი 3
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური (შემდგომში − შემოსავლების სამსახური) ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი ამავე დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო).  

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური იმპორტიორს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის (შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის)/უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 6 სამუშაო დღის ვადას, რომელიც აითვლება სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული განკარგვის ღონისძიებები.

3. იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებული შესაძლო შეუსაბამობის ან/და დადასტურებული საფრთხის შესახებ, უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს და ასეთ შემთხვევაში გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება ამ დადგენილების მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის შემოწმებისათვის განსაზღვრული ვადით, რათა სააგენტომ განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებები.

4. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, არ დაუშვას ისეთი სამშენებლო პროდუქტის იმპორტის გზით საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომლის ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში არ დადგინდება ბაზარზე ზედამხედველობის პროცედურებით.

მუხლი 4
1. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ განისაზღვროს სააგენტო.

2. სააგენტო უფლებამოსილია, ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობა, შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ლაბორატორიული კვლევა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით.

4. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა, სააგენტო პროდუქტის ამ ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას დაადგენს შესაბამისი კვლევისთვის სტანდარტით გათვალისწინებულ ვადაში.    

5. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის შესაბამისობის დასადგენად აუცილებელია ნიმუშის ლაბორატორიული კვლევა და შესაბამისი სტანდარტით არ დგინდება პროდუქტის გამოცდისთვის საჭირო ვადა, სააგენტო პროდუქტის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას ადგენს პროდუქტის ნიმუშის ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ვადაში.

მუხლი 5
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 15 ნოემბრიდან. 

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე



ტექნიკური რეგლამენტი

 სამშენებლო პროდუქტების შესახებ

თავი I

ზოგადი ნაწილი


მუხლი 1. მოქმედების სფერო

ეს ტექნიკური რეგლამენტი ადგენს სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე განთავსების პირობებს მათი ძირითადი თვისებების განსაზღვრისა და ნიშანდების წესების შემუშავების გზით.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები:

ა) სამშენებლო პროდუქტი – ამ რეგლამენტის მიზნებისათვის: ცემენტი (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია: 2523), არმატურა (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია: 7214), ელექტროკაბელები (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია: 8544) და პლასტმასის მილები (სეს ესნ სასაქონლო პოზიცია: 3917);

ბ) სამშენებლო პროდუქტების ნაკრები – ერთი მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი, რომელიც შედგება, სულ მცირე, ორი განცალკევებული კომპონენტისაგან და ერთობლივად გამოიყენება სამშენებლო ობიექტების მშენებლობისას;

გ) სამშენებლო ობიექტები – შენობები და სამოქალაქო საინჟინრო ნაგებობები;

დ) ძირითადი მახასიათებლები – სამშენებლო პროდუქტის ის მახასიათებლები, რომლებიც დაკავშირებულია სამშენებლო ობიექტების ძირითად მოთხოვნებთან;

ე) სამშენებლო პროდუქტების თვისებები – სამშენებლო პროდუქტის თვისებები მისთვის დადგენილ ძირითად მახასიათებლებთან მიმართებით, რომელიც გამოხატულია კლასების ან დონეების სახით ან შესაბამისი აღწერით;

ვ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დონე – სამშენებლო პროდუქტის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებების შეფასების შედეგი, გამოხატული რაოდენობრივი მნიშვნელობით;

ზ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასი – სამშენებლო პროდუქტის თვისების დონეების საზღვრები, რომელიც განისაზღვრება მინიმალური და მაქსიმალური მნიშვნელობებით;

თ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების ზღვრული დონე – სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების მინიმალური ან მაქსიმალური დონე;

ი) პროდუქტის ტიპი – სპეციფიკური საწარმოო პროცესის შედეგად ნედლი მასალის ან სხვა ელემენტების კომბინაციით მიღებული სამშენებლო პროდუქტის წარმომადგენლობითი დონე ან კლასი, რომელიც დაკავშირებულია მის ძირითად მახასიათებლებთან;

კ) სტანდარტი − საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული საქართველოს სტანდარტი;

ლ) ევროპული ტექნიკური შეფასება – სამშენებლო პროდუქტისა და მისი ძირითადი მახასიათებლების ფუნქციონირების შეფასების დოკუმენტი;

მ) დანიშნულების მიხედვით გამოყენება – სამშენებლო პროდუქტის გამოყენება შესაბამისი ტექნიკური სპეციფიკაციებით, მათ შორის, სტანდარტებით გათვალისწინებული დანიშნულებით;

ნ) სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სისტემა ჩანაცვლებულ იქნა სხვა მეთოდებით, და რომ აღნიშნული მეთოდების შედეგად მიღებული შედეგები ეკვივალენტურია სტანდარტებით გათვალისწინებული გამოცდის მეთოდების გამოყენებით მიღებული შედეგებისა;

ო) პროდუქტის საწარმოო კონტროლი – დოკუმენტირებული, მუდმივი, წარმოების შიდა კონტროლი, რომელიც ხორციელდება ტექნიკური სპეციფიკაციების ან სტანდარტების შესაბამისად;

პ) სასიცოცხლო ციკლი – სამშენებლო პროდუქტის თანმიმდევრული და ურთიერთდაკავშირებული სასიცოცხლო ეტაპების ერთობლიობა, ბუნებრივი გზით მოპოვებული ან შექმნილი პირველადი ნედლეულიდან, მის საბოლოო ფორმით გამოყენებამდე;

ჟ) მწარმოებელი – დასრულებული პროდუქტის, ნედლი მასალის ან პროდუქტის შემადგენელი ნაწილის საქართველოში რეგისტრირებული მწარმოებელი, პროდუქტის გადამკეთებელი, აგრეთვე იმპორტიორი ან დისტრიბუტორი, რომელმაც სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე განათავსა საკუთარი სახელით ან სავაჭრო ნიშნით ან მოხდა ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის გადაკეთება, რამაც შესაძლოა ზეგავლენა მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაზე.

2. ამ ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებზე, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტერმინებისა, ვრცელდება პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ტერმინთა განმარტებები.

მუხლი 3. სამშენებლო საქმიანობის მიმართ არსებული ძირითადი მოთხოვნები და სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები

1. სამშენებლო პროდუქტის სამშენებლო ობიექტზე გამოყენებისას მისთვის დადგენილი ძირითადი მახასიათებლების აუცილებელი დონე და კლასი განისაზღვრება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტით ან/და ტექნიკური რეგლამენტით.

თავი II

სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია და ნიშანდება

მუხლი 4. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია

თუ სამშენებლო პროდუქტი შეესაბამება საქართველოს სტანდარტს ან აკმაყოფილებს მისთვის დადგენილ ევროპული ტექნიკური შეფასების მოთხოვნებს, მწარმოებელი ვალდებულია, ასეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე შეადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია.

2. თუ სამშენებლო პროდუქტი აკმყოფილებს შესაბამისი სტანდარტის მოთხოვნებს და პროდუქტზე გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შეფასების დოკუმენტი, სამშენებლო პროდუქტის ძირითად მახასიათებლებთან დაკავშირებული თვისებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც ასახულია სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში, შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ნებისმიერი ფორმით, გარდა ამ რეგლამენტის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შედგენით მწარმოებელი პასუხისმგებლობას იღებს სამშენებლო პროდუქტის დეკლარირებულ თვისებებზე.

მუხლი 5. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შედგენის ვალდებულებიდან გამონაკლისები

თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მწარმოებელი უფლებამოსილია არ შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შემდეგ შემთხვევებში:

ა) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ინდივიდუალურად ან შეკვეთის საფუძველზე არასერიული წარმოების გზით, და მწარმოებლის მიერ დამონტაჟებულია ერთ წინასწარგანსაზღვრულ სამშენებლო ობიექტზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მშენებლობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მეთვალყურეობის ქვეშ;

ბ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია მშენებლობის ადგილზე მისი ამავე სამშენებლო ობიექტზე გამოყენების მიზნით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებითა და სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოდ განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის პასუხისმგებლობის ფარგლებში;

გ) თუ სამშენებლო პროდუქტი წარმოებულია ტრადიციული მეთოდით ან კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, ასევე დაცული ტერიტორიის ან განსაკუთრებული არქიტექტურული ან/და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტის განახლების მიზნით.

მუხლი 6. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შინაარსი

1. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია უნდა ასახავდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებებს მის ძირითად მახასიათებლებთან მიმართებით, შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების დაცვით.

2. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

ა) მითითებას პროდუქტის ტიპზე, რომლისთვისაც შედგენილ იქნა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაზე;

ბ) რეგლამენტის დანართი III-ით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციისა და შეფასების სისტემას ან სისტემებს;

გ) საქართველოს სტანდარტის იმ საიდენტიფიკაციო ნომერსა და დამტკიცების/რეგისტრაციის თარიღს, რომელიც გამოყენებულ იქნა სამშენებლო პროდუქტის თითოეული ძირითადი მახასიათებლის შეფასებისას;

დ) შესაბამის შემთხვევებში, მწარმოებლის მიერ გამოყენებული ყველა სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის საიდენტიფიკაციო ნომერსა და იმ მოთხოვნებს, რომელთა მიმართაც მწარმოებელი ადასტურებს პროდუქტის შესაბამისობას;

ე) სამშენებლო პროდუქტის გამოყენების შესახებ მითითებას, შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული ფორმით;

ვ) შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული ძირითადი მახასიათებლის ჩამონათვალს, რომელიც გააჩნია პროდუქტს დეკლარირებული დანიშნულებით გამოყენებისას;

ზ) სამშენებლო პროდუქტის დანიშნულებისამებრ გამოყენებისას, სულ მცირე, ერთი ძირითადი მახასიათებლის თვისებების შესახებ ინფორმაციას;

თ) შესაბამის შემთხვევებში, სამშენებლო პროდუქტის თვისებებს კლასის ან დონის მიხედვით, ან მისი ძირითადი მახასიათებლების აღწერას, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი გამოთვლების თანხლებით;

ი) სამშენებლო პროდუქტის იმ ძირითადი მახასიათებლების თვისებების შესახებ ინფორმაციას, რომლებიც დაკავშირებულია მის დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან;

კ) შესაბამისი ჩანაწერი იმ ძირითადი მახასიათებლებისთვის, რომელთა მიმართ თვისებები არ არის დეკლარირებული;

ლ) სამშენებლო პროდუქტის თვისებებს კლასის ან დონის მიხედვით ან თვისებების აღწერას ყველა იმ ძირითადი მახასიათებლების მიხედვით, რომელსაც შეიცავს ევროპული ტექნიკური შეფასება, იმ შემთხვევაში, როდესაც სამშენებლო პროდუქტისათვის გათვალისწინებულია ევროპული ტექნიკური შეფასება.

3. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შედგენილი უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის II დანართით გათვალისწინებული ნიმუშის შესაბამისად.

4. შესაბამის შემთხვევაში, თვისებების დეკლარაციას თან უნდა დაერთოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით განასზღვრული შეზღუდულად ბრუნვადი მასალების გამოყენების შესახებ, მათი აღწერილობა დანიშნულება, გამოყენების დრო ადგილი და მეთოდი.

მუხლი 7. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის წარდგენა

1. ბაზარზე განთავსებული ყველა სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია წარდგენილი უნდა იქნეს მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის დიდი რაოდენობა მიეწოდება ერთ მომხმარებელს, შესაძლოა წარდგენილ იქნეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის ერთი ეგზემპლარი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.

2. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, მომხარებელს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია გადასცეს მატერიალური ფორმით.

3. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია მწარმოებლის მიერ შესაძლოა განთავსდეს მის შესაბამის ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია ვებგვერდზე განთავსებული უნდა იყოს, სულ მცირე, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით.

4. სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შედგენილი/ხელმისაწვდომი უნდა იყოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე.

მუხლი 8. ნიშანდების ძირითადი პრინციპები და გამოყენების წესი

1. პროდუქტზე ნიშანდება უნდა შეესაბამებოდეს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ნიშანდება დაიტანება იმ სამშენებლო პროდუქტებზე, რომლებზეც მწარმოებლის მიერ შედგენილია სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია, ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად. ნიშანდების დატანით მწარმოებელი აღიარებს სამშენებლო პროდუქტის შესაბამისობას მის მიერ დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებთან ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან და ნიშანდებასთან დაკავშირებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შესაბამის მოთხოვნებთან.

მუხლი 9. ნიშანდების დატანის წესები და პირობები

1. ნიშანდება სამშენებლო პროდუქტზე ან მის ეტიკეტზე დატანილი უნდა იქნეს ადვილად აღსაქმელი ფორმით, მკაფიოდ და წაუშლელად. თუ აღნიშნული შეუძლებელია სამშენებლო პროდუქტის თავისებურების გამო, ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს თანდართულ დოკუმენტაციაზე ან სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე.

2. ნიშანდებასთან ერთად პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს მისი პირველად დატანის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრი, ასევე მწარმოებლის რეგისტრირებული სახელი და მისამართი ან შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშანი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მწარმოებლის სახელისა და მისამართის ადვილად იდენტიფიცირება.

3. ნიშანდებასთან ერთად პროდუქტზე დატანილი უნდა იყოს:

ა) პროდუქტის ტიპის აღმნიშვნელი უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი;

ბ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის საიდენტიფიკაციო ნომერი;

გ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარირებულ დონისა და კლასის შესახებ ინფორმაცია;

დ) გამოყენებული სტანდარტების შესახებ ინფორმაცია;

ე) შესაბამის შემთხვევებში, შესაბამისობის შემფასებელი ორგანოს საიდენტიფიკაციო კოდი;

ვ) გამოყენებული სტანდარტების გათვალისწინებული გამოყენების დანიშნულება.

4. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ამ მუხლი მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის პროდუქტზე დატანა, ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

5. ნიშანდება დატანილი უნდა იქნეს სამშენებლო პროდუქტზე ბაზარზე განთავსებამდე. ნიშანდებასთან ერთად პროდუქტზე ასევე შესაძლოა დატანილ იქნეს პიქტოგრამა ან სხვა მკაფიო ნიშანი სპეციფიკური გამოყენების ან რისკების შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეულ იქნეს სამშენებლო პროდუქტის მიერ.

თავი III

ეკონომიკური ოპერატორების ვალდებულებები

მუხლი 10. მწარმოებლის ვალდებულებები

1. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია შეადგინოს ამ რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლების შესაბამისად, ხოლო პროდუქტზე ნიშანდება დაიტანოს ამ რეგლამენტის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად. მწარმოებელმა, სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციას საფუძველად უნდა დაურთოს ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციისათვის გამოყენებული სისტემის ყველა შესაბამისი ელემენტის შესახებ ინფორმაციას.

2. მწარმოებელი ვალდებულია, შეინახოს ტექნიკური დოკუმენტაცია და სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.

3. მწარმოებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სერიული წარმოებისას სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს დეკლარირებულ სამშენებლო პროდუქტის თვისებებს. მწარმოებელმა ასევე უნდა გაითვალისწინოს პროდუქტის ტიპსა და მასთან დაკავშირებულ ჰარმონიზებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებში განხორციელებული ცვლილებები. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევაში, დეკლარირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული ან ხელმისაწვდომი სამშენებლო პროდუქტის ნიმუშის გამოცდა, ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, შეინახოს: საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობების შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. მწარმოებელი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

4. მწარმოებელი ვალდებულია, რომ სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა ნებისმიერი ნიშანი, რომელიც უზრუნველყოფს პროდუქტის იდენტიფიცირებას. იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, ინფორმაცია დაიტანება სამშენებლო პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

5. მწარმოებელი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული ვერ ხერხდება სამშენებლო პროდუქტის ზომის, ფორმის ან/და სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

6. მწარმოებელმა ბაზარზე განთავსებისას სამშენებლო პროდუქტს უნდა დაურთოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და პროდუქტის უსაფრთხო მოხმარებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

7. მწარმოებელი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტის სხვა შესაბამის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა სამშენებლო პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან ან აუცილებლობის შემთხვევაში, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, მწარმოებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

8. მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე. მწარმოებელი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 11. ავტორიზებული წარმომადგენლის ვალდებულებები

1. მწარმოებელი უფლებამოსილია მიანიჭოს ავტორიზებული წარმომადგენლის უფლებამოსილება ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, წერილობითი ფორმით, გარდა ტექნიკური დოკუმენტაციის შედგენის უფლებამოსილებისა.

2. ავტორიზებულმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს მინიჭებული უფლებამოსილებით გათვალისწინებული ფუნქციები, რომელიც მოიცავს, თუმცა არ არის შეზღუდული შემდეგით:

ა) სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის წარსადგენად, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით შეინახოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია;

ბ) ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტი და ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის შესაბამისობას სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან;

გ) შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, მწარმოებლის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტებით გამოწვეული საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით.

მუხლი 12. იმპორტიორის ვალდებულებები

1. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს.

2. იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე დარწმუნდეს, რომ მწარმოებელმა განახორციელა: სამშენებლო პროდუქტის სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია; შეადგინა ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური დოკუმენტაცია; შეადგინა რეგლამენტის მე-4 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. იმპორტიორი ასევე ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ სამშენებლო პროდუქტზე დატანილია ნიშანდება, სამშენებლო პროდუქტს თან ერთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია და მწარმოებელი აკმაყოფილებს ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

იმპორტიორმა, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, არ უნდა განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს. საფრთხის შემცველი სამშენებლო პროდუქტის არსებობის შემთხვევაში იმპორტიორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს.

3. იმპორტიორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტზე დაიტანოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ აღნიშნული შეუძლებელია სამშენებლო პროდუქტის სახეობის, ფორმის ან სხვა ფიზიკური მახასიათებლის გამო, მითითებული ინფორმაცია დატანილი უნდა იქნეს პროდუქტის შეფუთვაზე ან თანდართულ დოკუმენტაციაზე.

4. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელსაც თან ერთვის ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გათვალისწინებულ ენაზე.

5. იმპორტიორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

6. იმპორტიორი ვალდებულია, დეკლარირებული თვისებების სიზუსტის, სტაბილურობისა და საიმედოობის შენარჩუნების მიზნით, აუცილებლობის შემთხვევაში, განახორციელოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების ნიმუშის გამოცდა. ასევე, გამოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში შეინახოს საჩივრები, პროდუქტის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევებისა და პროდუქტის გამოთხოვის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია. იმპორტიორი ვალდებულია, ამგვარი მონიტორინგის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს დისტრიბუტორებს.

7. იმპორტიორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები, რათა პროდუქტი მოიყვანოს შესაბამისობაში აღნიშნულ მოთხოვნებთან. აუცილებლობის შემთხვევებში იმპორტიორი ვალდებულია, მოახდინოს სამშენებლო პროდუქტის ბაზრიდან ამოღება ან გამოთხოვა. იმ შემთხვევაში თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, იმპორტიორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

8. იმპორტიორი ვალდებულია, სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის წარსადგენად, ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადით შეინახოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაცია.

9. იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით განსაზღვრულ ენაზე შედგენილი ყველა შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას. იმპორტიორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიებების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 13. დისტრიბუტორის ვალდებულებები

1. დისტრიბუტორი ვალდებულია, სამშენებლო პროდუქტის ბაზარზე განთავსებისას დაიცვას ამ ტექნიკურ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

2. დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ იმ სამშენებლო პროდუქტის განთავსება, რომელზეც დატანილია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ნიშანდება და თან ერთვის ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, მათ შორის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ენაზე შედგენილი შესაბამისი ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. დისტრიბუტორი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ აღნიშნული სამშენებლო პროდუქტის მწარმოებელი და იმპორტიორი აკმაყოფილებენ ამ რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით და მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში მითითებულ ინფორმაციას, ან არ აკმაყოფილებს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ვალდებულია, არ განათავსოს სამშენებლო პროდუქტი ბაზარზე, სანამ სამშენებლო პროდუქტი არ დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ მოთხოვნებს, ან არ მოხდება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციის შესაბამისი შესწორება. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, ამის შესახებ შეატყობინოს მწარმოებელს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსა და შესაბამის შემთხვევებში, იმპორტიორს.

3. დისტრიბუტორი ვალდებულია, უზრუნველყოს შენახვისა და ტრანსპორტირების იმგვარი პირობები, რომ მისი პასუხისმგებლობის პერიოდში სამშენებლო პროდუქტი ინარჩუნებდეს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას.

4. დისტრიბუტორი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სამშენებლო პროდუქტი არ შეესაბამება სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციაში წარმოდგენილ ინფორმაციას, ან ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომები რათა პროდუქტი მოიყვანოს აღნიშნულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში. აუცილებლობის შემთხვევაში, დისტრიბუტორი ვალდებულია, შეუსაბამო სამშენებლო პროდუქტი ამოიღოს ან გამოითხოვოს ბაზრიდან. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი შეიცავს საფრთხეს, დისტრიბუტორი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს, მათ შორის, შეუსაბამობისა და განხორციელებული მაკორექტირებელი ღონისძიებების შესახებ.

5. დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით ამისათვის გათვალისწინებულ ენაზე, რომელიც ადასტურებს სამშენებლო პროდუქტის სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაციასთან და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობას. დისტრიბუტორი ვალდებულია, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, ითანამშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან ყველა იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიერ გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

მუხლი 14. ეკონომიკური ოპერატორების იდენტიფიკაცია

ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში ეკონომიკურმა ოპერატორმა ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარუდგინოს:

ა) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელმაც მიაწოდა მას სამშენებლო პროდუქტი;

ბ) ინფორმაცია ნებისმიერი ეკონომიკური ოპერატორის შესახებ, რომელსაც თვითონ მიაწოდა სამშენებლო პროდუქტი.

თავი IV

ტექნიკური მოთხოვნები

მუხლი 15. სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასები, დონეები და სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია

1. სამშენებლო პროდუქტის თვისებების კლასები, მისი ძირითადი მახასიათებლების მიმართ განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სტანდარტით ან ტექნიკური რეგლამენტით.

2. სამშენებლო პროდუქტის ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებთან დაკავშირებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს რეგლამენტის დანართ III-ში მითითებული ერთ-ერთი სისტემის შესაბამისად.

თავი V

გამარტივებული პროცედურები

მუხლი 16. შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის გამოყენება

1. პროდუქტის ტიპის განსაზღვრისას მწარმოებელი უფლებამოსილია ტიპის გამოცდა ან ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშება ჩაანაცვლოს შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციით, რომელიც:

ა) მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის ერთი ან რამდენიმე ძირითადი მახასიათებლისთვის დამატებით გაანგარიშებებს, რომ პროდუქტი შეესაბამება კონკრეტულ დონეს ან კლასს ან დამატებითი გამოცდის გარეშე ადასტურებს, რომ შესაბამისობაშია არსებულ ტექნიკურ მოთხოვნებთან;

ბ) ადასტურებს, რომ ბაზარზე განთავსებული, სტანდარტით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტი შეესაბამება ბაზარზე სხვა მწარმოებლის მიერ განთავსებულ სამშენებლო პროდუქტის ტიპს, რომელსაც გავლილი აქვს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული გამოცდა. ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მწარმოებელი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის თვისებები შეესაბამება ბაზარზე სხვა მწარმოებლის მიერ განთავსებული იმავე სამშენებლო პროდუქტის გამოცდის ყველა ან გარკვეული ნაწილის შედეგებს. მწარმოებელს შეუძლია გამოიყენოს აღნიშნული გამოცდის შედეგები მხოლოდ სხვა მწარმოებლის თანხმობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში სხვა მწარმოებელი პასუხისმგებელია გამოცდის შედეგების საიმედოობაზე, სტაბილურობასა და სიზუსტეზე;

გ) ადასტურებს, რომ მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტი არის კომპონენტებისგან შემდგარი სისტემა, რომელიც მწარმოებლის მიერ აწყობილია აღნიშნული სისტემის, ან კომპონენტის მიმწოდებელის მიერ განსაზღვრული ინსტრუქციების სრული დაცვით, და აღნიშნულ მიმწოდებელს განხორციელებული აქვს შესაბამისი კომპონენტის ან სისტემის გამოცდა სამშენებლო პროდუქტის ერთი ან რამდენიმე ძირითადი მახასიათებლის კუთხით, შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით.

ზემოხსენებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში მწარმოებელი უფლებამოსილია განაცხადოს, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული სამშენებლო პროდუქტის თვისებები შეესაბამება სისტემის ან კომპონენტების გამოცდის შედეგების ყველა ან გარკვეულ ნაწილს. მწარმოებელი უფლებამოსილია გამოიყენოს სხვა მწარმოებლის ან სისტემის მიმწოდებლის გამოცდის შედეგები, მხოლოდ სხვა მწარმოებლის ან სისტემის მიმწოდებლის თანხმობის შემთხვევაში. სხვა მწარმოებელი ან სისტემის მიმწოდებელი არის პასუხისმგებელი გამოცდის შედეგების საიმედოობაზე, სტაბილურობასა და სიზუსტეზე.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტი მიეკუთვნება სამშენებლო პროდუქტების ჯგუფს, რომლისთვისაც რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებულია სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის „1+“ ან „1“ სისტემა, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული ტექნიკური დოკუმენტები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ დამოწმებული უნდა იქნეს რეგლამენტის III დანართის შესაბამისად.

მუხლი 17. სხვა გამარტივებული პროცედურები

1. შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტებისათვის, რომლებიც დამზადებულია ინდივიდუალურად ან სპეციალური შეკვეთის საფუძველზე, არასერიული წარმოების პროცესის შედეგად, და დამონტაჟებულია ერთ წინასწარგანსაზღვრულ სამშენებლო ობიექტზე, ამ რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების შეფასების სისტემა შესაძლოა მწარმოებლის მიერ ჩანაცვლებულ იქნეს მწარმოებლის მიერ შექმნილი სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და გამოყენებული პროცედურები შესაბამისობაშია სტანდარტებით გათვალისწინებულ პროცედურებთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამშენებლო პროდუქტი მიეკუთვნება სამშენებლო პროდუქტების ჯგუფს, რომლისთვისაც ამ რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებულია სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის „1+“ ან „1“ სისტემა, სპეციფიკური ტექნიკური დოკუმენტები დამოწმებული უნდა იქნეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ ამ რეგლამენტის III დანართის შესაბამისად.

თავი VI

შესაბამისობის შეფასება და შესაბამისობის შემფასებელი პირები

მუხლი 18. სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებასა და ვერიფიკაციაზე უფლებამოსილი პირები

ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს.

მუხლი 19. აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო აკრედიტაციის ცენტრი

აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი) ვალდებულია, შეიმუშაოს და განახორციელოს ამ რეგლამენტის მიზნებისათვის სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში შესაბამისობის შემფასებელი პირების შეფასებისა და აკრედიტაციისთვის აუცილებელი პროცედურები.

მუხლი 20. მოთხოვნები შესაბამისობის შემფასებელი პირის მიმართ

1. შესაბამისობის შემფასებელი პირი უნდა წარმოადგენდეს მის მიერ შემოწმებული სამშენებლო პროდუქტისგან დამოუკიდებელ მესამე პირს. ორგანიზაცია, რომელიც გაწევრიანებულია ისეთ პროფესიულ ასოციაციაში, რომელიც მონაწილეობს შემოწმებული სამშენებლო პროდუქტის დიზაინის შემუშავების, წარმოების, მომარაგების, აწყობის, გამოყენების ან ტექნიკური უზრუნველყოფის პროცესში, შესაძლებელია იყოს შესაბამისობის შემფასებელი პირი, თუ დაამტკიცებს, რომ ინტერესთა კონფლიქტი არ არსებობს.

2. შესაბამისობის შემფასებელი ორგანო, მისი ხელმძღვანელი და პერსონალი, რომელიც უშუალოდ არის ჩართული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში, არ უნდა იყოს მის მიერ შემოწმებული სამშენებლო პროდუქტის დიზაინერი, მწარმოებელი, მიმწოდებელი, მემონტაჟე, შემსყიდველი, მფლობელი, ან აღნიშნული პროდუქტის ტექნიკურ უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი, ან აღნიშნული პირების უფლებამოსილი წარმომადგენელი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული პროდუქტის გამოყენება უკავშირდება მათ მოხმარებას პირადი მიზნებისთვის ან შეფასების პროცედურებით განპირობებულ აუცილებლობას.

3. აღნიშნული პირები არ უნდა იყვნენ ჩართულნი ისეთ საქმიანობაში, რომელიც გავლენას მოახდენს მათ დამოუკიდებლობასა და საიმედოობაზე აკრედიტაციით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას. ზემოაღნიშნული აკრძალვა ეხება ასევე აღნიშნული პირების მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, უზრუნველყოს მისი კონტრაქტორების და ქვეკონტრაქტორების ობიექტურობა, მიუკერძოებლობა და კონფიდენციალურობის დაცვა მათ მიერ განხორციელებული შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში.

5. შესაბამისობის შემფასებელ პირს უნდა შეეძლოს, ამ რეგლამენტის III დანართის შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში აკრედიტაციით განსაზღვრული ყველა უფლებამოსილების განხორციელება მიუხედავად იმისა, უშუალოდ ახორციელებს ამ უფლებამოსილებებს თუ სხვა პირის საშუალებით.

მუხლი 21. შესაბამისობის შემფასებელი პირის ქვეკონტრაქტორი და შვილობილი ორგანიზაციები

1. შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელიც სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში საკუთარ განსაზღვრულ ფუნქციებს შესასრულებლად გადასცემს ქვეკონტრაქტორ ან შვილობილ ორგანიზაციას, ვალდებულია, უზრუნველყოს, რომ ეს ორგანიზაციები აკმაყოფილებდნენ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-20 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. შესაბამისობის შემფასებელი პირი პასუხისმგებელია მისი ქვეკონტრაქტორისა და შვილობილი ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების გადაცემა ქვეკონტრაქტორი ან შვილობილი ორგანოსთვის შესაძლებელია მხოლოდ დამკვეთის (პროდუქტის მფლობელი) თანხმობის შემთხვევაში.

4. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრისათვის წარსადგენად შეინახოს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს ქვეკონტრაქტორებისა და შვილობილი ორგანიზაციების კვალიფიკაციის შეფასებას და რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 22. შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ დამოუკიდებელი ლაბორატორიების გამოყენება

1. მწარმოებლის მოთხოვნის საფუძველზე და იმ შემთხვევებში, თუ აღნიშნული გამართლებულია ტექნიკური, ეკონომიკური და ეფექტურობის თვალსაზრისით, შესაბამისობის შემფასებელი პირი უფლებამოსილია რეგლამენტის III დანართში მითითებული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის 1+,1 და 3 სისტემისთვის დადგენილი გამოცდები განახორციელოს ან საკუთარი ზედამხედველობის ქვეშ, უზრუნველყოს მათი განხორციელება საწარმოში, მწარმოებლის შიდა ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით ან მწარმოებლის წინასწარი თანხმობით, დამოუკიდებელ გარე ლაბორატორიაში, ამავე ლაბორატორიის საგამოცდო მოწყობილობების გამოყენებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გამოცდების განმახორციელებელი შესაბამისობის შემფასებელი პირები სპეციალურად განსაზღვრულნი უნდა იყვნენ, როგორც შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები, რომლებიც საკუთარი აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის გარეთ განახორციელებენ სამუშაოებს.

3. ზემოაღნიშნული გამოცდების ჩატარებამდე, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, დარწმუნდეს, რომ:

ა) დამოუკიდებელი ლაბორატორია აკმაყოფილებს საგამოცდო მეთოდებისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) საგამოცდო მოწყობილობას აქვს შესაბამისი კალიბრაციის სისტემა და გაზომვების მიკვლევადობა გარანტირებულია;

გ) უზრუნველყოფილია გამოცდის შედეგების ხარისხი.

მუხლი 23. შესაბამისობის შემფასებელი პირების საქმიანობასთან დაკავშირებული ვალდებულებები

1. შესაბამისობის შემფასებელმა პირებმა უნდა განახორციელონ შესაბამისობის შეფასება რეგლამენტის III დანართით განსაზღვრული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის სისტემის შესაბამისად.

2. სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია უნდა განხორციელდეს მწარმოებლისთვის გამჭვირვალედ, პროპორციულად და ეკონომიკური ოპერატორებისათვის არასასურველი ბარიერების შექმნის გარეშე. შესაბამისობის შემფასებელი პირები ვალდებულნი არიან განახორციელონ თავიანთი საქმიანობა დაგეგმილი სამუშაოების მოცულობის, საქმიანობის სფეროს, პროდუქტის ტექნოლოგიის სირთულის ხარისხისა და წარმოების პროცესის მოცულობის ან წარმოების სერიულობის გათვალისწინებით. ზემოაღნიშნული პროცესებისას შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, გაითვალისწინოს ამ რეგლამენტით პროდუქტისთვის დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების სირთულე და პროდუქტის როლი სამშენებლო ობიექტებისათვის დადგენილი მოთხოვნების შესრულებაში.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი საწარმოს და პროდუქტის წარმოების პროცესის თავდაპირველი ინსპექტირებისას აღმოაჩენს, რომ მწარმოებელს არ აქვს უზრუნველყოფილი წარმოებული პროდუქტის თვისებების უცვლელობა, იგი ვალდებულია, არ გასცეს სერტიფიკატი და მწარმოებელს მოსთხოვოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომების გატარება. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისობის შემფასებელი პირი, წარმოებული პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციის მიზნით განხორციელებული მონიტორინგის პროცესში, დაადგენს, რომ სამშენებლო პროდუქტის თვისებები აღარ შეესაბამება დამტკიცებული პროდუქტის ტიპის თვისებებს, ვალდებულია, მწარმოებელს მოსთხოვოს შესაბამისი მაკორექტირებელი ზომების გატარება და აუცილებლობის შემთხვევაში გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი ან შეაჩეროს მისი მოქმედება.

4. იმ შემთხვევაში, თუ მაკორექტირებელი ზომები არ არის განხორციელებული ან გატარებულ ღონისძიებებს არ აქვთ შესაბამისი ეფექტი, შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, შესაბამის შემთხვევებში შეზღუდოს, შეაჩეროს ან გააუქმოს ნებისმიერი გაცემული სერტიფიკატი.

მუხლი 24. შესაბამისობის შემფასებელი პირების მიერ ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

1. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, აკრედიტაციის ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია:

ა) სერტიფიკატებზე უარის თქმის, შეზღუდვის, შეჩერების ან გაუქმების შესახებ;

ბ) ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს აკრედიტაციის მასშტაბებსა და პირობებზე;

გ) მოთხოვნის შემთხვევაში, შესაბამისობის შეფასების სფეროს ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი საქმიანობის შესახებ, ქვეკონტრაქტორის საქმიანობასა და ტრანსასაზღვრო საქმიანობასთან დაკავშირებული მონაცემების ჩათვლით.

2. შესაბამისობის შემფასებელი პირი ვალდებულია, ამ რეგლამენტის III დანართით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას მიღებული ნეგატიური შედეგების და შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, პოზიტიური შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს სხვა შესაბამისობის შემფასებელ პირს, რომელიც ახორციელებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მსგავს ფუნქციებს იმ სამშენებლო პროდუქტებისათვის, რომელზეც ვრცელდება მსგავსი სტანდარტები.

თავი VII

ბაზარზე ზედამხედველობა და უსაფრთხოების ღონისძიებები

მუხლი 25. რისკის შემცველი სამშენებლო პროდუქტების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები

1. იმ შემთხვევაში, როდესაც ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ პროდუქტი შესაძლოა არ შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან/და შეიცავდეს დადასტურებულ საფრთხეს, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, განახორციელოს სამშენებლო პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობა. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანა­მშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან.

2. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში დაადგენს, რომ სამშენებლო პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მუხლი 26. დოკუმენტური შეუსაბამობები

1. გარდა 25-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, შესაბამის ეკონომიკურ ოპერატორს მოსთხოვოს შეუსაბამობების გამოსწორება, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში:

ა) ნიშანდება დატანილი იქნა მე-8 და მე-9 მუხლების დარღვევით;

ბ) სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია არ იქნა შედგენილი მე-4 − მე-7 მუხლების შესაბამისად;

გ) ტექნიკური დოკუმენტაცია არ არის ხელმისაწვდომი ან არასრულყოფილია.

2. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შეუსაბამობა არ იქნა აღმოფხვრილი, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია, გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ზომა.

დანართი I

ძირითადი მოთხოვნები სამშენებლო ობიექტების მიმართ

სამშენებლო ობიექტების და მათი ცალკეული ნაწილების თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს მასთან დაკავშირებული პირების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, სამშენებლო ობიექტებმა უნდა დააკმაყოფილოს ამ დანართით სამშენებლო ობიექტებისათვის გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები გონივრული ეკონომიკური სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.


1. სიმტკიცე და მდგრადობა

სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მშენებლობისა და გამოყენების პროცესში, მათზე მოქმედმა საანგარიშო დატვირთვებმა არ გამოიწვიოს:

ა) ობიექტის მთლიანად ან ნაწილობრივ რღვევა;

ბ) დაუშვებელი ხარისხის დეფორმაციები;

გ) მზიდი კონსტრუქციის მნიშვნელოვანი დეფორმაციის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტების სხვა ნაწილების, ან დამონტაჟებული მოწყობილობების დაზიანება;

დ) შენობა-ნაგებობის დაზიანება გამომწვევი მიზეზის არაპროპორციულად.

2. უსაფრთხოების დაცვა ხანძრის დროს

სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ ხანძრის შემთხვევაში:
ა) განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მზიდმა კონსტრუქციამ შეინარჩუნოს მდგრადობა;
ბ) შეზღუდულ იქნეს სამშენებლო ობიექტებზე ხანძრისა და კვამლის გაჩენა და გავრცელება;
გ) შეზღუდულ იქნეს ხანძრის გავრცელება მიმდებარე სამშენებლო ობიექტებზე; ;
დ) სამშენებლო ობიექტზე მყოფ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დატოვონ ობიექტი ან ევაკუირებულ იქნენ სხვა საშუალებებით;
ე) გათვალისწინებული უნდა იქნეს სამაშველო ჯგუფის უსაფრთხოება.

3. ჰიგიენა, ჯანმრთელობა და გარემო

სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნას ობიექტებზე მყოფი მუშების, მობინადრეებისა ან/და მეზობლების ჰიგიენას ან ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

ასევე, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და დემონტაჟის პერიოდში არ გამოიწვიოს ძლიერი ზემოქმედება გარემოს პირობებზე, ან კლიმატზე. განსაკუთრებით შემდეგ შემთხვევებში:

ა) ტოქსიკური გაზის გაშვება;
ბ) საშიში ნივთიერებების, აქროლადი ორგანული ნაერთების, სათბურის გაზის ან სახიფათო ნაწილაკების შიდა ან გარე სივრცეში გაფრქვევა;
გ) საშიში რადიაციის გავრცელება;
დ) საშიში ნივთიერებების მიწისქვეშა წყალში, ზღვაში, წყლის ზედაპირზე ან ნიადაგში გაშვება;
ე) საშიში ნივთიერებების ან სხვა მავნე ნივთიერებების სასმელ წყალში გაშვება;

ვ) კანალიზაციის წყლის, მყარი ან თხევადი ნარჩენების ავარიული ემისია ან გამონაბოლქვი აირების ემისია;

ზ) სამშენებლო ობიექტის ნაწილებში ან ზედაპირზე ნესტის არსებობა.

4. უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა

სამშენებლო ობიექტი უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ ექსპლუატაციის პერიოდში არ წარმოშობდეს ისეთ მიუღებელ რისკებსა და საფრთხეებს როგორებიცაა: დაცურება, დაცემა, შეჯახება, დამწვრობა, ელექტროობისგან მიღებული დაზიანება, ასევე აფეთქებისგან მიღებული დაზიანება და ასევე ძარცვასთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამშენებლო ობიექტებზე შეღწევადობასა და სარგებლობას.

5. ხმაურისგან დაცვა

სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების ან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, ძილის მოსვენების და მუშაობის პირობებს არ ექმნებოდეს საფრთხე ხმაურისგან.

6. ენერგიის ეკონომია და სითბოს შენარჩუნება

სამშენებლო ობიექტები და მათი გათბობის, კონდიცირების, განათებისა და ვენტილაციის მოწყობილობები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების რაოდენობისა და ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით, ექსპლუატაციისთვის აუცილებელი ენერგიის მოცულობა იყოს მინიმალური. სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს ენერგოეფექტური, მათი მშენებლობისა და დემონტაჟის დროს უნდა გამოიყენებოდეს შეძლებისდაგვარად მცირე ენერგია.

7. ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება


სამშენებლო ობიექტების დაპროექტება, აშენება და დემონტაჟი უნდა მოხდეს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების პირობებში, კერძოდ, შესაძლებელი უნდა იყოს:

ა) დემონტაჟის შემდეგ სამშენებლო ობიექტების ნაწილებისა და მასალების განმეორებით გამოყენება ან გადამუშავება;

ბ) სამშენებლო ობიექტების მდგრადობის შენარჩუნება;

გ) გარემოსთან თავსებადი ნედლეულის და მეორადი მასალების სამშენებლო ობიექტებში გამოყენება.

დანართი II

სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია

№ ............................................................... ................ ..

 

1. პროდუქტის ტიპის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი:

...................................................................................................................................................

 

2. ტიპის, პარტიის ან სერიის ნომერი ან სხვა რაიმე ელემენტი, რომელიც სამშენებლო პროდუქტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის (შემდგომში რეგლამენტი) მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად:

...................................................................................................................................................

3. სამშენებლო პროდუქტის შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებული გამოყენების დანიშნულება. მწარმოებლის შეხედულების გათვალისწინებით:

.....................................................................................................................................................

4. მწარმოებელის სახელი, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და საკონტაქტო მისამართი, რეგლამენტის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად:

......................................................................................................................................................
......................................................................................................................................................

5. საჭიროების შემთხვევაში, ავტორიზებული წარმომადგენლის სახელი და საკონტაქტო მისამართი, რომლის უფლებამოსილება მოიცავს რეგლამენტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს:

.....................................................................................................................................................

............................................................................................... ...................................... .............

................................................................................................................................................

6. რეგლამენტის III დანართით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის ვერიფიკაციისა და შეფასების სისტემა ან სისტემები:


.....................................................................................................................................................
.....................................................................................................................................................

7. იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია მოიცავს შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებულ სამშენებლო პროდუქტს

.......................................................................................................................................................

(შესაბამისობის შემფასებელი პირის სახელი და საიდენტიფიკაციო ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში)


განხორციელდა    ..............................................................................     სისტემის ფარგლებში
(ქმედებების აღწერა რეგლამენტის III დანართის შესაბამისად)

და გაიცა ....................................................................................................................................

(სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის სერტიფიკატი, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შესაბამისობის სერტიფიკატი, შესაბამის შემთხვევებში გამოცდების/გაანგარიშებების ანგარიშები).

8. დეკლარირებული თვისებები

ცხრილთან დაკავშირებული შენიშვნები:


1. სვეტი №1 უნდა შეიცავდეს შესაბამისი სტანდარტებით გათვალისწინებულ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლის ჩამონათვალს, ამ დანართის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გამოყენებისას.

2. სვეტ №1-ში ჩამოთვლილი თითოეული ძირითადი მახასიათებლისთვის, ამ დანართის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, სვეტი №2 უნდა შეიცავდეს დეკლარირებულ თვისებებს, რომელიც წარმოდგენილია დონეებით ან კლასებით, ან გადმოცემულია აღწერილობით. იმ ძირითადი მახასიათებლებისთვის, რომელთა მიმართ თვისებები არ არის დეკლარირებული, აბრევიატურა „NPD“ (თვისებების დეკლარირების გარეშე) უნდა იყოს მითითებული.

3. №1 სვეტში ჩამოთვლილი თითოეული ძირითადი მახასიათებლისათვის სვეტი №3 უნდა შეიცავდეს შესაბამის სტანდარტებზე მითითებას (დამტკიცების თარიღის მითითების ჩათვლით) და საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის საიდენტიფიკაციო ნომერს.

ძირითადი მახასიათებლები

(იხილეთ შენიშვნა 1)

თვისებები

(იხილეთ შენიშვნა 2)

სტანდარტები

(იხილეთ შენიშვნა 3)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოთხოვნები რომლებსაც პროდუქტი შეესაბამება, როდესაც რეგლამენტის მე-19 და მე-20 მუხლებით გათვალისწინებული სპეციალური ტექნიკური დოკუმენტაცია იქნა გამოყენებული:

....................................................................................................................................................

................... .................................................................................................................................

 

9. დეკლარაციის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული პროდუქტის თვისებები შესაბამისობაშია დეკლარაციის მე-9 პუნქტში მითითებულ დეკლარირებულ ფუნქციონირებასთან.

ეს თვისებების დეკლარაცია გაცემულია მხოლოდ დეკლარაციის მე-4 პუნქტში მითითებული მწარმოებლის პასუხისმგებლობის ქვეშ.


ხელმოწერილია მწარმოებლისთვის და მისი სახელით:

...................................................................................................................................................

(სახელი და ფუნქცია)

 

.......................................................... .........                       ............... .....................................

(გაცემის ადგილი და თარიღი)                                                     (ხელმოწერა)

 

დანართი III

სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასება და ვერიფიკაცია

1. სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასების და ვერიფიკაციის სისტემები

1.1. სისტემა (1+) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:

1. პროდუქტის საწარმოო კონტროლი;
2. საწარმოდან აღებული ნიმუშების დამატებითი გამოცდა დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად.

ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:

1. პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;

2. საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;

3. მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;

4. პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე აღებული ნიმუშების აუდიტორულ შემოწმებას.

1.2. სისტემა (1) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:

1) პროდუქტის საწარმოო კონტროლი;
2) მწარმოებლის მიერ საწარმოდან აღებული ნიმუშების დამატებითი გამოცდა, დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად.

ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:

1) პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;

2) საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;

3) მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;

1.3. სისტემა 2+ – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს:
1) პროდუქტის ტიპის განსაზღვრა ტიპის გამოცდის (მათ შორის ნიმუშის აღება), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე;

2) პროდუქტის საწარმოო კონტროლი;

3) საწარმოდან აღებული ნიმუშების გამოცდა დადგენილი გამოცდის გეგმის შესაბამისად.

ბ) შესაბამისობის შემფასებელი პირის მიერ გაცემული თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის სერტიფიკატი უნდა ეფუძნებოდეს:

1) საწარმოს და პროდუქტის საწარმოო კონტროლის პირველად ინსპექტირებას;

2) მუდმივ ზედამხედველობას, პროდუქტის საწარმოო კონტროლის შეფასებასა და ვერიფიკაციას;

1.4. სისტემა 3 – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება შემდეგ ქვემოთ ჩამოთვლილ საფუძველზე:

ა) მწარმოებელი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის საწარმოო კონტროლი;

ბ) აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორია ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის ტიპის განსაზღვრა ტიპის გამოცდის (მწარმოებლის მიერ აღებული ნიმუშების საფუძველზე), ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრული მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე;

1.5. სისტემა (4) – მწარმოებლის მიერ სამშენებლო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლების თვისებების დეკლარირება, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს მწარმოებლის მიერ:

1) პროდუქტის ტიპის განსაზღვრას ტიპის გამოცდის, ტიპთან დაკავშირებული გაანგარიშების, წინასწარგანსაზღვრულ მაჩვენებლის (ტაბულირებული ღირებულებები) ან პროდუქტის აღწერილობით დოკუმენტაციას;

2) პროდუქტის საწარმოო კონტროლს;

2. პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პირები.

სამშენებლო პროდუქტების თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის პროცესში ჩართული პირების ფუნქციების გათვალისწინებით უნდა გაიმიჯნოს:

1) პროდუქტის სერტიფიცირების ორგანო: შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია განახორციელოს პროდუქტის სერტიფიცირება დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;

2) პროდუქტის საწარმოო კონტროლის სერტიფიცირების ორგანო: შესაბამისობის შემფასებელი პირი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია განახორციელოს პროდუქტის საწარმოო კონტროლის სერტიფიცირება დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების შესაბამისად;

3) საგამოცდო ლაბორატორია: აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს სამშენებლო პროდუქტის ან მასალების ძირითადი მახასიათებლების ან თვისებების გაზომვას, გამოცდას, დაკალიბრებას ან სხვაგვარად განსაზღვრას.

3. ძირითადი მახასიათებლები, რომელთათვისაც სტანდარტებზე მითითება არ არის სავალდებულო.

1. ხანძარზე რეაგირება.  
2. ცეცხლმედეგობა.
3. ზედაპირის ცეცხლმედეგობა.
4. ხმაურის დახშობა.
5. საშიში ნივთიერებების ემისია.


10. 19/03/2024 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 89 - ვებგვერდი, 21/03/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 9. 18/04/2023 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 156 - ვებგვერდი, 19/04/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 8. 18/12/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 754 - ვებგვერდი, 22/12/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 27/11/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 707 - ვებგვერდი, 30/11/2020 6. 07/08/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 492 - ვებგვერდი, 10/08/2020 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 08/01/2020 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 09/01/2020 4. 04/09/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 446 - ვებგვერდი, 06/09/2019 3. 19/06/2019 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 292 - ვებგვერდი, 21/06/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 2. 22/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 559 - ვებგვერდი, 22/11/2018 1. 14/11/2018 - საქართველოს მთავრობის დადგენილება - 541 - ვებგვერდი, 14/11/2018