დაგროვებითი პენსიის შესახებ

დაგროვებითი პენსიის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3303-რს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 21/07/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/08/2018
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.019066
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3303-რს
21/07/2018
ვებგვერდი, 06/08/2018
280060000.05.001.019066
დაგროვებითი პენსიის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (27/06/2024 - 27/06/2024)

 

საქართველოს კანონი

 

 

დაგროვებითი პენსიის შესახებ

თავი I. ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო

1. ეს კანონი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს.

2. დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებული ურთიერთობები ხორციელდება სახელმწიფო პენსიითა და სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფისაგან დამოუკიდებლად.

3. ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს დაგროვებითი საპენსიო სქემის ფარგლებში საპენსიო აქტივების მართვა მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად.

4. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) დამსაქმებლებზე;

ბ) საქართველოს მოქალაქეებზე;

გ) საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებზე;

დ) აქტივების მმართველი კომპანიების, სპეციალიზებული დეპოზიტარების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვა პირების მიერ განხორციელებულ, დაგროვებით საპენსიო სქემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აფილირებული პირი − ნებისმიერი პირისთვის:

ა.ა) წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე მეტის ხმის უფლების მფლობელი ან წილობრივი მონაწილეობის 10 პროცენტზე ნაკლების მფლობელი, რომელსაც ამ პირის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენის მოხდენა შეუძლია;

ა.ბ) ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი, რომლის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელი ამავე დროს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს ამ პირის ხმის უფლების მქონე წილის 25 პროცენტზე მეტს;

ა.გ) საინვესტიციო ან ადმინისტრაციული გადაწყვეტილების მიმღები პირი ან სამეთვალყურეო ორგანოს ნებისმიერი წევრი;

ბ) აქტივების მმართველი კომპანია – აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს საპენსიო აქტივების მართვას, ან იმ საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, რომლის წევრი სახელმწიფოც არის საქართველო, აქტივების მართვის მიზნით ან/და საინვესტიციო რჩევების გაცემის მიზნით შექმნილი ან დაფუძნებული პირი, რომელიც ცალკეული ქვეყნების შესაბამისი მარეგულირებლების მიერ ლიცენზირებას არ  ექვემდებარება;

გ) აქტივების განთავსების სტრატეგია − საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც მოიცავს საინვესტიციო პორტფელში სხვადასხვა კლასის აქტივების განთავსების იმ მიზნობრივ მაჩვენებლებს, მაჩვენებლების განსაზღვრის საფუძველს და მიზნობრივი მაჩვენებლებიდან გადახრის დაშვებულ ნორმებს, რომლებიც დამოკიდებულია საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) რისკის მიმართ ტოლერანტობაზე, საინვესტიციო პერიოდსა და საინვესტიციო მიზნებზე და რომლებიც დროთა განმავლობაში შესაძლებელია შეიცვალოს აღნიშნული პარამეტრების ცვლილების შესაბამისად;

დ) დაგროვებითი საპენსიო სქემა – განსაზღვრული საპენსიო შენატანების საპენსიო სქემა, რომელშიც მონაწილის სასარგებლოდ განსახორციელებელი საპენსიო შენატანები გამოითვლება ამ კანონის შესაბამისად დადგენილი წესით და აისახება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, მიღებული სარგებელი გამოითვლება მხოლოდ განხორციელებული საპენსიო შენატანებისა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე დარიცხული შემოსავლის, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგისა და სხვა შემოსავლის (მისი არსებობის შემთხვევაში) ასახვის შედეგად, ხოლო პენსია/საპენსიო აქტივები გაიცემა ამ კანონის შესაბამისად;

ე) დამსაქმებელი – პირი, რომელიც ანაზღაურებს დასაქმებულის მიერ შესრულებულ სამუშაოს ან/და გაწეულ მომსახურებას;

ვ) დასაქმებული − ფიზიკური პირი, რომელიც, განურჩევლად იმისა, მისი ხელფასი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად იბეგრება თუ არა, ან ის გათავისუფლებულია თუ არა საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან, ან ამ ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი ექვემდებარება თუ არა გადახდის წყაროსთან დაკავებას:

ვ.ა) ვალდებულებებს ასრულებს იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით ან/და საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს შრომის კანონმდებლობით რეგულირდება;

ვ.ბ) ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, სამართალდამცავ ორგანოებსა და მათთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;

ვ.გ) არის საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი (დირექტორი) ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შემსრულებელი;

ვ.დ) დასაქმებულია საჯარო დაწესებულებაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ზ) ერთიანი გადახდა – ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი სრული ღირებულების ერთიანად გადახდა;

თ) ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი;

ი) თვითდასაქმებული – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად;

კ) თვითდასაქმებულის შემოსავალი:

კ.ა) ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში − საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;

კ.ბ) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ფიზიკური პირის შემთხვევაში − საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი შემოსავალი;

ლ) ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში – საპენსიო სააგენტოს მიერ მონაწილისთვის შექმნილი აღრიცხვის ფორმა, რომელიც ასახავს მის სასარგებლოდ განხორციელებულ საპენსიო შენატანებს, მონაწილის საკუთრებაში არსებული პორტფელის ერთეულების შესახებ ინფორმაციას, საპენსიო აქტივების მართვის შედეგებს, ამ კანონის შესაბამისად გატანილ თანხებს და მათთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს;

მ) მონაწილე – დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებული ან თვითდასაქმებული;

ნ) ნდობითი ვალდებულების მქონე პირი – ამ კანონის მე-15 მუხლით განსაზღვრული პირი;

ო) პენსია – მონაწილის დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად ამ კანონის 32-ე და 33-ე მუხლების შესაბამისად მიღებული/მისაღები, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახული თანხა, რომლის დაანგარიშება, დანიშვნა და მონაწილისთვის გადახდა ხდება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრული ოდენობითა და წესით;

პ) პროგრამული გატანა – ამ კანონის შესაბამისად ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან პენსიის პერიოდული გატანა;

ჟ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი – საინვესტიციო საბჭოს ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საინვესტიციო სტრატეგიასა და პრინციპებს და რომლითაც ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) შესაბამისად საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანია ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მონაწილეთა საპენსიო აქტივების მართვასა და ინვესტირებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას;

რ) საპენსიო ასაკი – „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ასაკი;

ს) საპენსიო აქტივები − ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული ყველა აქტივის ერთობლიობა. საპენსიო აქტივებზე არ ვრცელდება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ტ) საპენსიო შენატანი – მონაწილის სახელითა და ხარჯით, მის სასარგებლოდ, მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახვის მიზნით, ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით გადახდილი თანხა;

უ) სამეთვალყურეო საბჭო − საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს ფინანსთა მინისტრისაგან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისაგან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისაგან და რომლის თითოეული წევრი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობას იკავებს საკუთარი თანამდებობიდან გამომდინარე;

ფ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი – საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; 

ქ) სახელმწიფო ხაზინა – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სახაზინო სამსახური;

ღ) საინვესტიციო საბჭო – საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საპენსიო აქტივებთან დაკავშირებულ საინვესტიციო პოლიტიკას და ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას;

ყ) ელექტრონული სისტემა − საინფორმაციო ტექნოლოგიით უზრუნველყოფილი საპენსიო სააგენტოს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა და შესაბამისი მონაცემების ბაზა;

შ) სპეციალიზებული დეპოზიტარი – ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ნდობითი ვალდებულების მქონე იურიდიული პირი ან ამ პირის ფილიალი, რომელიც საპენსიო სააგენტოს ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურებით, აგრეთვე ამ კანონის 26-ე მუხლის მე-13 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − ეროვნული ბანკი;

ჩ) საინვესტიციო ჰორიზონტი − დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც აქტივების განთავსების სტრატეგიის შესაბამისად განსაზღვრული რისკის მიმართ ტოლერანტობისა და სასურველი საინვესტიციო შემოსავლის გათვალისწინებით საპენსიო სააგენტო ან/და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ინვესტიციის კონკრეტული კლასის აქტივებში ან საინვესტიციო პორტფელში განთავსებას გეგმავს (გეგმავენ);

ც) საინვესტიციო პორტფელი − საინვესტიციო ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომელშიც ინსტრუმენტების კომპოზიცია დამოკიდებულია საინვესტიციო პერიოდზე, საინვესტიციო მიზნებსა და რისკის მიმართ ტოლერანტობაზე;

ძ) სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი − საპენსიო სააგენტოს ადმინისტრირების დროებითი რეჟიმი, რომელიც იწყება ამ კანონის შესაბამისად და რომლის მიზანია ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის განგრძობადობის უზრუნველყოფა;

წ) საინვესტიციო ფონდის ერთეული − ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც არის აქცია/წილი საინვესტიციო კომპანიაში ან პაი ერთობლივ საინვესტიციო ფონდში;

ჭ) შემოსავლების სამსახური – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი;

ხ) შესაძლებლობის შეზღუდვა – „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მდგომარეობა, რომელიც დასტურდება შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლების მქონე შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერით და რომელიც განაპირობებს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატულ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსს;

ჯ) შესარჩევი კომისია – კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევას;

ჰ) ხელფასი – შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, აგრეთვე მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი, რომელიც იბეგრება გადახდის  წყაროსთან, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით გათვალისწინებული ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად (გარდა იმ შემოსავლისა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს, აგრეთვე როიალტით, ქირით, იჯარით მიღებული და საინვესტიციო შემოსავლებისა);

1) წლიური ხელფასი/წლიური შემოსავალი – მონაწილისთვის − ერთი წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/თვითდასაქმებულის შემოსავალი, დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული ახალი მონაწილისთვის − გაწევრებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული ხელფასი/თვითდასაქმებულის შემოსავალი;

2) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

3) რისკების მართვა – საპენსიო სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისა და მმართველობის ორგანოების კოორდინირებული ქმედებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც საპენსიო სააგენტოში რისკის მართვა ხორციელდება;

4) საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკა − დოკუმენტი, რომელიც მოიცავს საოპერაციო რისკებისა და მათი მართვის ჩარჩოს, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკას, ბიზნესუწყვეტობის ჩარჩოს, თაღლითობის, ქრთამისა და კორუფციის რისკების ჩარჩოს, რეპუტაციული და კომუნიკაციის რისკების ჩარჩოს, მხილების, სამართლებრივი შესაბამისობისა და ინტერესთა კონფლიქტის ჩარჩოს;

5) საინვესტიციო რისკი – საინვესტიციო რისკი, რომელიც მოიცავს:

5.ა) მიზნობრივი ამონაგებიდან ნეგატიური გადახრის ალბათობას, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება გამოწვეული იყოს საბაზრო რისკით, ინფლაციის რისკით, საკრედიტო რისკით, კონტრაჰენტის რისკით, ლიკვიდურობის რისკითა და შეფასების რისკით;

5.ბ) საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერ რისკს;

6) არასაინვესტიციო რისკი – საპენსიო სააგენტოს არასაინვესტიციო რისკი, რომელიც მოიცავს:

6.ა) სტრატეგიულ რისკს, საოპერაციო რისკს, ინფორმაციული უსაფრთხოების რისკს, სამართლებრივ, მარეგულირებელ, შესაბამისობისა და რეპუტაციულ რისკებს;

6.ბ) არასაინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ან/და მისგან გამომდინარე ნებისმიერ რისკს;

7) რისკის აგრეგირება − საინვესტიციო რისკისა და არასაინვესტიციო რისკის ერთ რისკად გაერთიანება დაგროვებითი საპენსიო სქემის საერთო რისკის შესაფასებლად;

8) პენსიის მიმღები − პირი, რომელიც იყო მონაწილე და რომელიც ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით იღებს პენსიას/საპენსიო აქტივებს;

9) პორტფელის ერთეული − ამ კანონით გათვალისწინებულ საინვესტიციო პორტფელში წილის ფლობის დამადასტურებელი ერთეული, რომლის ღირებულების გამოთვლის წესს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო;

10) საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდი − საინვესტიციო ფონდი, რომლის ერთეულებით ვაჭრობა ხდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე და რომელიც წინასწარ დადგენილი საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად აახლებს ფინანსურ ინდექსებს;

11) საინვესტიციო ფონდი − „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდი, მათ შორის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდი.

თავი II. დაგროვებითი საპენსიო სისტემა

მუხლი 3. დაგროვებითი საპენსიო სქემა

1. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

2. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება და საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა  ყველა  დასაქმებულისთვის,  ამ  კანონის 21-ე მუხლის ამოქმედების შემდეგ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში).

3. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრება ნებაყოფლობითია ყველა დასაქმებულისთვის, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, და თვითდასაქმებულისთვის, თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს. დაგროვებით საპენსიო სქემაში ნებაყოფლობით გაწევრებული მონაწილის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება სავალდებულოა დასაქმებულის მიერ ყოველი ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში ან თვითდასაქმებულის შემოსავლის ნაწილში.

4. დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული დასაქმებულის საპენსიო შენატანებს აფინანსებენ დამსაქმებელი, დასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით, ხოლო დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებული თვითდასაქმებულის საპენსიო შენატანებს − თვითდასაქმებული და სახელმწიფო ამ კანონით განსაზღვრული ოდენობითა და წესით.

5. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი და რომელსაც არ სურს იყოს მონაწილე, უფლებამოსილია, ამ კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან.

6. მონაწილის საპენსიო შენატანები ფინანსდება შემდეგნაირად:

ა) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა საკუთარი ხარჯით, დასაქმებულის სასარგებლოდ, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

ბ) დამსაქმებელი, გარდა ამ პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხელფასის გაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო  დღისა დასაქმებულის სახელითა და ხარჯით, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით, დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს მისთვის გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

გ) თვითდასაქმებული საშემოსავლო დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს თვითდასაქმებულის შემოსავლის 4 პროცენტის ოდენობით;

დ) დასაქმებული, რომლის ხელფასიდან გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი არ ექვემდებარება გადახდის წყაროსთან დაკავებას, ხელფასის მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით ახორციელებს საპენსიო შენატანს დასაბეგრი ხელფასის 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამ დასაქმებულის დამსაქმებელი ვალდებულია ხელფასის გადახდისას მას აუნაზღაუროს საპენსიო შენატანი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტის ოდენობით;

ე) სახელმწიფო მონაწილის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ახორციელებს საპენსიო შენატანს:

ე.ა) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის პირველი 24 000 ლარის ფარგლებში − დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 2 პროცენტის ოდენობით;

ე.ბ) შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში წლიური ხელფასის/წლიური შემოსავლის მიერ ამ პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობის გადაჭარბების შემდეგ − აღნიშნული ოდენობიდან 60 000 ლარის ჩათვლით დასაქმებულის დასაბეგრი ხელფასის ან/და თვითდასაქმებულის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით;

ვ) სახელმწიფო არ ახორციელებს საპენსიო შენატანს შესაბამისი კალენდარული წლის ჭრილში 60 000 ლარის ზემოთ დასაქმებულის დასაბეგრ ხელფასზე ან/და თვითდასაქმებულის შემოსავალზე.

7. ამ კანონით გათვალისწინებული საპენსიო შენატანები ხორციელდება, აგრეთვე დამსაქმებლებსა და დასაქმებულებთან/მონაწილეებთან ანგარიშსწორება (მათ შორის, პენსიის/საპენსიო აქტივების საპენსიო სააგენტოს მიერ გადაცემა/გადახდა/დაბრუნება) ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარში).

    თავი III. საპენსიო სააგენტო

მუხლი 4. საპენსიო სააგენტოს შექმნა

1. საპენსიო სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის განხორციელებისათვის, მართვისა და ადმინისტრირებისათვის.

2. საპენსიო სააგენტოს სტრუქტურა, უფლებამოსილება, საქმიანობის წესი და სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 

3. საპენსიო სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საპენსიო სააგენტოზე არ ვრცელდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდვები და მოთხოვნები.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 5. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობა  

1. სამეთვალყურეო საბჭო ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ზედამხედველობას, გარდა საინვესტიციო საქმიანობისა.

2. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის რეგულირებას ამ კანონისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 6. ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები და ვალდებულებები

1. ეროვნული ბანკი საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობის პრუდენციული რეგულირების განხორციელების ფარგლებში ამოწმებს:

ა) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) მიერ მომზადებული საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ამ კანონითა და ამ კანონის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ბ) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) სტრუქტურის, აქტივების მართვასთან დაკავშირებული პროცედურებისა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საპენსიო აქტივებთან დაკავშირებული საინვესტიციო საქმიანობისთვის აუცილებელ, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

გ) აქტივების განთავსების სტრატეგიის შემუშავების მეთოდოლოგიას, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის პროცედურის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას. ამასთანავე, ეროვნული ბანკი არ აფასებს საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო გადაწყვეტილებებს;

დ) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სააღრიცხვო, საანგარიშსწორებო, ადმინისტრაციული და საინფორმაციო სისტემებისა და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის საშუალებების ამ კანონითა და ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ე) საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტით დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობას.

2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია:

ა) დაადგინოს დამატებითი მარეგულირებელი წესები სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის, რომელიც მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს). ეს წესები შეიძლება ეხებოდეს საკუთარ კაპიტალს, პერსონალის გამოცდილებას, ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურების მაქსიმალურ ფასს ან ნებისმიერ სხვა საკითხს, რომელსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს ამ კანონის აღსრულების მიზნებისთვის;

ბ) საპენსიო სააგენტოს, აქტივების მმართველ კომპანიას, სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და მათთვის მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირსა და იურიდიულ პირს მოსთხოვოს და მიიღოს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია;

გ) საპენსიო სააგენტოსგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან და აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან) მოითხოვოს და მიიღოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია თავის მიერ დადგენილი ფორმითა და პერიოდულობით;

დ) ადგილზე შეამოწმოს საპენსიო სააგენტო, სპეციალიზებული დეპოზიტარი და აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად;

ე) ამ კანონის შესაბამისად დაადგინოს დამატებითი წესები და ლიმიტები საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო პორტფელებში ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის (საინვესტიციო ფონდების) ფლობასთან დაკავშირებით;

ვ) ამ კანონით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას მისცეს სავალდებულო მითითება ან/და საჯარო რეკომენდაცია არსებული ხარვეზების აღმოფხვრის შესახებ და განუსაზღვროს გონივრული ვადა;

ზ) მონაწილეთა ინტერესების დაცვისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, საპენსიო სააგენტოსთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, თავის მიერ დადგენილი წესით სრულად ან ნაწილობრივ შეასრულოს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფუნქციები;

თ) მონაწილის მიერ ამ კანონის 27-ე მუხლის 31 პუნქტით მინიჭებული უფლებით სარგებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) დაადგინოს პორტფელის ერთეულების გამოსყიდვის ისეთი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც მათი გამოსყიდვის თითოეული პერიოდისთვის დაწესდება გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა, აგრეთვე აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარი მექანიზმი, რომელიც დააბალანსებს იმ ეფექტს, რომელსაც ახალი პორტფელის ერთეულების გაყიდვა ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვა ახდენს აქტივების წმინდა ღირებულებაზე.

3. ეროვნული ბანკი ვალდებულია თავის წლიურ ანგარიშში ასახოს საპენსიო სააგენტოს და ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) საინვესტიციო საქმიანობის  ამ კანონსა და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობა.

4. ეროვნული ბანკი ადგენს:

ა) საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას;

ბ) ამ კანონის 27-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვები ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების მინიმალურ საკრედიტო რეიტინგს, რომლებშიც შეიძლება განხორციელდეს საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.

5. თუ ეროვნულ ბანკს აქვს სპეციალიზებული დეპოზიტარის ფინანსური ან ორგანიზაციული მდგომარეობის გაუარესების ან შესაძლო გაუარესების შესახებ ინფორმაცია, ის საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) წერილობით აწვდის ამ ინფორმაციას, აგრეთვე საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) მიერ ამ კანონის შესაბამისად შერჩეული სპეციალიზებული დეპოზიტარისა და ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის ავტორიზაციის გაუქმების პროცესის ინიციირების თაობაზე ინფორმაციას.

6. ეროვნული ბანკი ახორციელებს სპეციალური ადმინისტრირების დროებით რეჟიმს, რომლის დაწყების საფუძველია საპენსიო აქტივების ინვესტირებისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის შედეგად მიღებული ინვესტირებული საპენსიო აქტივების 1%-ზე მეტი დანაკარგი, რომელიც არ არის გამოწვეული საბაზრო პირობების ცვლილებით, საკრედიტო რისკის ან კონტრაჰენტთან დაკავშირებული რისკის მატერიალიზებით, რომლის განჭვრეტაც შეუძლებელი იყო და რომელიც არ არის გამოწვეული სააგენტოს ბრალეულობით, ან ეროვნული ბანკის არსებითი მითითებების სისტემატური შეუსრულებლობა, ან მდგომარეობა, რომლის დროსაც საპენსიო სააგენტო დროებით ვერ ასრულებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს და რომელიც ითვალისწინებს საინვესტიციო საქმიანობის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული დროებითი მოქმედების განხორციელებას. სპეციალური ადმინისტრირების დროებითი რეჟიმის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებისა და მოქმედების წესს განსაზღვრავს ეროვნული ბანკი.

7. ეროვნული ბანკი ახორციელებს ამ კანონით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 7. დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება

1. საპენსიო სააგენტო ელექტრონული სისტემის გამოყენებით ახორციელებს მონაწილეთა დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების ტექნიკურ მხარდაჭერას, აღრიცხავს მონაწილეებს, პენსიის მიმღებებსა და დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასულ პირებს, ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირებას და თითოეულ მონაწილეს უქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს.

2. საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებული ვალდებულებები სრულდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).     

6. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

7. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

8. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .

9. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .

10. საპენსიო სააგენტო ახორციელებს ელექტრონული სისტემის მართვასა და ადმინისტრირებას, მათ შორის, მესამე პირების მეშვეობით.

11. საპენსიო სააგენტო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით/სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განუხორციელებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებთან მიმართებით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის არ არის კრედიტორი. მონაწილის სახელით/სასარგებლოდ განსახორციელებელ საპენსიო შენატანებთან მიმართებით, აგრეთვე, ამ კანონიდან გამომდინარე, დამსაქმებლისადმი მის მოთხოვნებთან მიმართებით კრედიტორი არის (არიან) შესაბამისი მონაწილე ან მონაწილის მემკვიდრე (მემკვიდრეები). „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეაბილიტაციის მმართველის ან/და გაკოტრების მმართველის მიმართვის შემთხვევაში, აგრეთვე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიკვიდატორის მიმართვის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია აღნიშნულ პირს მიაწოდოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შესაბამისი დამსაქმებლის მიერ განხორციელებული საპენსიო შენატანების შესახებ, აგრეთვე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული ინფორმაცია.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 71. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. შემოსავლების სამსახური საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ინფორმაციით საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული საჭიროებისამებრ და პერიოდულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში, მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით შეადაროს ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციას. მათი შედარების შედეგად საპენსიო სააგენტო ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას ან/და ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს მოსთხოვოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ. ამასთანავე, საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო სააგენტოსთვის დაბრუნება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო სააგენტოს მიერ ინფორმაციების შედარების შედეგად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია:

ა) დამსაქმებელს, ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დასაქმებულს, რომელმაც ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება დაარღვია, აგრეთვე დამსაქმებელს, რომელმაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში დასაქმებულს იმავე ქვეპუნქტის შესაბამისად არ აუნაზღაურა საპენსიო შენატანი, დააკისროს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა ან/და მის მიმართ გამოიყენოს გაფრთხილება;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შესაბამის პირს მოსთხოვოს დარღვევის გამოსწორება − საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულება.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო იმავე პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპენსიო შენატანის თანხა ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

5. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა და საპენსიო შენატანი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო სააგენტოს ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.

6. საპენსიო სააგენტო ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, წერილობითი ან/და ელექტრონული გაფრთხილების, ჯარიმის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებსა და პროცედურებს და აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 8. საპენსიო სააგენტოს უფლებები და მოვალეობები

1. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

2. საპენსიო სააგენტო საპენსიო აქტივებს განკარგავს, როგორც ნდობითი ვალდებულების მქონე პირი, მონაწილეების, პენსიის მიმღებებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. საპენსიო სააგენტოს ფუნქციებია:

ა) დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირება და მართვა, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ბ) საპენსიო აქტივების ინვესტირება ამ კანონისა და საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებისა და მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

გ) დაგროვებითი საპენსიო სქემის ანალიზი, მის განვითარებასა და გაუმჯობესებასთან დაკავშირებული ხედვის ჩამოყალიბება, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება და სამეთვალყურეო საბჭოსთვის წარდგენა;

დ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საქმიანობის განხორციელება;

ე) ეროვნულ ბანკში, კომერციულ ბანკებში ან/და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებში  ანგარიშების გახსნა საპენსიო შენატანების აკუმულირების, საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების ან/და ამ კანონით გათვალისწინებული ან/და მისგან გამომდინარე სხვა მიზნით და საპენსიო აქტივების (მათ შორის, საპენსიო სააგენტოს ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე არსებული ფულადი რესურსების) მართვა მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად;

ვ) ელექტრონული სისტემის მართვა და ადმინისტრირება (მათ შორის, იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით);  

ზ) ხელშეკრულებების დადება, მათ შორის:

ზ.ა) აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საინვესტიციო საქმიანობის ან ადმინისტრაციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მომსახურების ან/და საქონლის მიმწოდებელ პირებთან;

ზ.ბ) ბუღალტრული, აუდიტორული, იურიდიული, აქტუარული მომსახურებებისა და საპენსიო სააგენტოსთვის საჭირო სხვა მომსახურების გამწევ პირთან (პირებთან);

ზ.გ) საპენსიო სააგენტოს საქმიანობისთვის აუცილებელი უძრავი ქონების ან მოძრავი ქონების (მათ შორის, აღჭურვილობის ან პროგრამული უზრუნველყოფის) შეძენისა და განკარგვის თაობაზე;

თ) აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის), სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისთვის საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული ნებისმიერი გარიგების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა და მიღება;

ი) საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებით დაკომპლექტება და კონკურენტუნარიანი შრომის ანაზღაურების პირობების შექმნა;

კ) საპენსიო შენატანებთან, საპენსიო აქტივებსა და პენსიის გაცემასთან დაკავშირებული საჭირო ღონისძიებების განხორციელება;

ლ) მონაწილეებისთვის (მათ შორის, იმ მონაწილეებისთვის, რომლებმაც ისარგებლეს ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით), აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში − მონაწილეთა მემკვიდრეებისთვის პენსიებისა და საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის პროცესის ადმინისტრირება;

მ) საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, ამ კანონის 7მუხლის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და გაფრთხილების/ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

5. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ამტკიცებს სამართლებრივ აქტებს საპენსიო შენატანების გადახდის წესების, საპენსიო შენატანებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმების განსაზღვრის, პენსიისა და საპენსიო აქტივების მოთხოვნის შესახებ განცხადების წარდგენის, პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის, დაგროვებითი საპენსიო სქემის ადმინისტრირებისა და მართვისთვის აუცილებელი, აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების, წესებისა და პროცედურების შესახებ.

6. საპენსიო სააგენტოს მიერ ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და დაგროვებითი საპენსიო სქემის ეფექტიანად ადმინისტრირების მიზნით ნებისმიერი ადმინისტრაციული ორგანო ან/და პირი ვალდებულია თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს საპენსიო სააგენტო მისი საქმიანობის განხორციელებისთვის აუცილებელი ნებისმიერი ინფორმაციით (მათ შორის, მონაწილის პერსონალური მონაცემებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

7. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

8. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 9. საპენსიო სააგენტოს დირექტორი

1. სამეთვალყურეო საბჭო შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საქმიანობას ამ კანონის შესაბამისად. საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით.

2. საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

3. საპენსიო სააგენტოს დირექტორის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან სამართლის დარგში და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საპენსიო სააგენტოს დირექტორად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად.

5. თუ საპენსიო სააგენტოს დირექტორის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება დანიშნული საპენსიო სააგენტოს ახალი დირექტორი, საპენსიო სააგენტოს მოქმედი დირექტორი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

6. საპენსიო სააგენტოს დირექტორი წარმოადგენს საპენსიო სააგენტოს მესამე პირებთან ურთიერთობაში და ახორციელებს საპენსიო სააგენტოსთვის ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი:

ა) კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;

ბ) ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს;

გ) ამ კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წინადადებების გათვალისწინებით ამზადებს და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას;

დ) ამტკიცებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მისგან გამომდინარე რეგულაციებს, წესებსა და პროცედურებს და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს და მისი სტრუქტურული ერთეულების მიზნებს, ამოცანებს, უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე მათი საქმიანობის შემადგენელ პროცესებსა და პროცედურებს;

ე) მთავარი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით ამტკიცებს რეგულაციებს, წესებსა და პროცედურებს, რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მიზნებს, ამოცანებს, უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე მისი საქმიანობის შემადგენელ პროცესებსა და პროცედურებს;

ვ) უცვლელად ამტკიცებს საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავებულ და დირექტორისთვის წარდგენილ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს;

ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულებისა და ჯარიმის დაკისრების შესახებ და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად;

თ) ასრულებს საპენსიო სააგენტოს დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

8. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601)

9. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

10. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

11. საპენსიო სააგენტოს დირექტორზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები.

12. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

13. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს.

14. სააგენტოს დირექტორი თანამდებობიდან თავისუფლდება:

ა) საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;

ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევაში; 

გ) მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში; 

დ) სასამართლოს მიერ მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევაში;

ე) სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ვ) მისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში; 

ზ) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის ან/და კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების არასათანადოდ განხორციელებისთვის და კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების არასათანადოდ შესრულებისთვის;

თ) გარდაცვალების შემთხვევაში. 

მუხლი 91. რისკის მთავარი ოფიცერი და საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტი

1. სამეთვალყურეო საბჭო შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს და თანამდებობაზე ნიშნავს, აგრეთვე თანამდებობიდან ათავისუფლებს რისკის მთავარ ოფიცერს.

2. რისკის მთავარი ოფიცრის შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

3. რისკის მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში ხელმძღვანელ თანამდებობაზე რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. რისკის მთავარ ოფიცრად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.

4. საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის სტრუქტურას სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს რისკის მთავარი ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით.

5. რისკის მთავარ ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. რისკის მთავარ ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე  აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. რისკის მთავარი ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

6. რისკის მთავარი ოფიცერი ან/და რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში რისკის მთავარი ოფიცერი ან/და რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

7. რისკის მთავარი ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში რისკის მთავარი ოფიცრის მოვალეობას ასრულებს რისკის მთავარი ოფიცრის მოადგილე. 

8. რისკის მთავარი ოფიცერი საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის მეშვეობით:

ა) ასრულებს არასაინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს, სარგებლობს ამ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად;

ბ) ახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის აგრეგირებას და ასრულებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს, სარგებლობს ამ ფუნქციებთან დაკავშირებული უფლებებით და ასრულებს აღნიშნულ ფუნქციებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული რისკის აგრეგირების წესების შესაბამისად;

გ) ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ ფუნქციებს ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული წესების შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ საინვესტიციო საბჭო ამ კანონის მე-13 მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს.

9. რისკის მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად:

ა) ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე;

ბ) აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს სახელით დადებული გარიგებების შესახებ.

10. რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი, შეაჩეროს, შეაფერხოს ან/და შეზღუდოს საპენსიო სააგენტოს, მათ შორის, მისი საინვესტიციო სამსახურის, გადაწყვეტილებები. რისკის მთავარი ოფიცრის მიერ საპენსიო სააგენტოს მმართველობის ორგანოებისთვის ან/და სტრუქტურული ერთეულებისთვის წარდგენილი რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის.

11. რისკის მთავარი ოფიცერი ამ კანონის შესაბამისად საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია უშუალოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე, ხოლო არასაინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციების შესრულებისას − უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე.

12. რისკის მთავარი ოფიცერი დაგროვებითი საპენსიო სქემის რისკის აგრეგირებასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ისე საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 10. სამეთვალყურეო საბჭო

1. სამეთვალყურეო საბჭო  შედგება 4 წევრისგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი;

ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;

გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

დ) საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე.

2. სამეთვალყურეო საბჭო თავის წევრთაგან 2 წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აირჩევა თანამდებობრივად.

3. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

4. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევისას დაუშვებელია სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

6. სამეთვალყურეო საბჭო:

ა) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტს, საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას;

ბ) ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს დირექტორისა და შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობას და აძლევს მათ მითითებებს;

გ) საინვესტიციო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უფროს საინვესტიციო ოფიცერს;

დ) შესარჩევი კონკურსის საშუალებით არჩევს, თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორსა და რისკის მთავარ ოფიცერს;

ე) განსაზღვრავს და ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის მექანიზმს;

ვ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601);

ზ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601);

თ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს დირექტორის ნორმატიულ აქტებს, გარდა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და საინვესტიციო საბჭოს, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობის სფეროებისთვის მიკუთვნებული სამართლებრივი აქტებისა;

ი) უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოს დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩატარებას;

კ) ახორციელებს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას;

ლ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის მიერ შემუშავებულ საოპერაციო, შესაბამისობისა და რეპუტაციული რისკის პოლიტიკას. მისი გამოქვეყნების წესები დგინდება საპენსიო სააგენტოს დებულებით;

მ) ზედამხედველობს საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობას;

ნ) ითანხმებს საპენსიო სააგენტოს რისკების კონტროლის დეპარტამენტისა და შიდა აუდიტის სამსახურის წესდებებს.

7. სამეთვალყურეო საბჭო შეიძლება არ დაეთანხმოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის მიერ წარდგენილი საპენსიო სააგენტოს საშტატო ნუსხით/წლიური ბიუჯეტით/სტრუქტურით გათვალისწინებულ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის საშტატო ნუსხასა და სტრუქტურას და საინვესტიციო  საქმიანობის ბიუჯეტს. მისი უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

8. სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა წესები და პროცედურები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს სამეთვალყურეო საბჭოში  საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ.

10. დაუშვებელია საპენსიო სააგენტოს დირექტორის, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის, შიდა აუდიტის სამსახურის რისკის მთავარი ოფიცრისა და რისკების კონტროლის დეპარტამენტის საქმიანობაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩარევა ან/და მათ საქმიანობაზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის მოხდენა. ეს პუნქტი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრულ სამეთვალყურეო საბჭოს და საინვესტიციო საბჭოს ფუნქციებს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 11. შესარჩევი კომისია

1. შესარჩევი კომისია შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

2. საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის პროცედურებს ყოველი შერჩევის პროცესისთვის განსაზღვრავს და ამტკიცებს შესარჩევი კომისია ამ კანონის შესაბამისად.

3. შესარჩევი კომისია შედგება 7 წევრისგან. შესარჩევი კომისიის წევრები არიან: საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს პარლამენტის 3 წევრი, 1 დამოუკიდებელი წევრი.

4. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელ წევრს წარადგენს ეროვნული ბანკი. დამოუკიდებელი წევრი არ შეიძლება იყოს ეროვნული ბანკის თანამშრომელი ან ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. დამოუკიდებელ წევრს უნდა ჰქონდეს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

5. შესარჩევი კომისიის წევრ საქართველოს პარლამენტის 3 წევრს წარადგენს საქართველოს პარლამენტი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შესარჩევი კომისიის წევრს შესარჩევი კომისიის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება მისი, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე.

6. შესარჩევ კომისიას ჰყავს თავმჯდომარე, რომელსაც შესარჩევი კომისია ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. შესარჩევი კომისიის წევრებს, გარდა დამოუკიდებელი წევრისა, შესარჩევ კომისიაში საქმიანობისთვის შრომის ანაზღაურება არ მიეცემათ. შესარჩევი კომისიის დამოუკიდებელი წევრისთვის შრომის ანაზღაურების მიცემას უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი.  შესარჩევი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები ფინანსდება საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტიდან.

7. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება შესარჩევი კომისიის არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 12. საინვესტიციო საბჭოს შემადგენლობა

1. საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისგან.

2. საინვესტიციო საბჭოს წევრებს 5 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით. თუ საინვესტიციო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დროისთვის არ იქნება არჩეული საინვესტიციო საბჭოს ახალი წევრი, საინვესტიციო საბჭოს წევრი აგრძელებს უფლებამოსილების განხორციელებას საინვესტიციო საბჭოს ახალი წევრის არჩევამდე.

3. საინვესტიციო საბჭო თავის წევრთაგან სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით ირჩევს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარეს. ამასთანავე, საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, უფლებამოსილების ვადით აირჩიოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

4. დაუშვებელია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარისა და საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევისას საინვესტიციო საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა.

5. საინვესტიციო საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში ფინანსების, ინვესტიციების, ეკონომიკის, რისკების მართვის ან აქტუარული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება.

6. შესარჩევი კომისია საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის აცხადებს კონკურსს შესაბამისი განცხადების როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე (მათ შორის, არანაკლებ 1 საერთაშორისო ფინანსურ გამოცემაში) გამოქვეყნებით. შესარჩევი კომისია საინვესტიციო საბჭოს წევრის თითოეული დაუკავებელი თანამდებობისთვის განიხილავს არანაკლებ 2 კანდიდატურას შერჩევის კრიტერიუმებზე დაყრდნობით. შერჩევის კრიტერიუმების სიას ამზადებს და შესარჩევ კომისიას წარუდგენს საინვესტიციო საბჭო. შესარჩევი კომისია საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატებს არჩევს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით.

7. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს შესარჩევი კომისიის წევრის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის, საქართველოს მთავრობის წევრის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე რიგის მემკვიდრე ან შესარჩევი კომისიის წევრთან, საპენსიო სააგენტოს დირექტორთან, საქართველოს მთავრობის წევრთან აფილირებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის ხელმძღვანელი ან დაქირავებული პირი, ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების), სპეციალიზებული დეპოზიტარის ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევი ნებისმიერი პირის წილობრივი მონაწილეობის ბენეფიციარი მესაკუთრე, ან აქტივების მმართველ კომპანიასთან (კომპანიებთან), სპეციალიზებულ დეპოზიტართან ან საპენსიო სააგენტოსთვის სხვა მომსახურების გამწევ ნებისმიერ პირთან აფილირებული პირი.

8. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად.

9. საინვესტიციო საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, თუ:

ა) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) სასამართლომ იგი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარა ან გარდაცვლილად გამოაცხადა;

გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით იგი ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად საქართველოს ან სხვა სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად და სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) იგი თანამდებობიდან გადადგა ან გარდაიცვალა;

ე) მან დაარღვია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები ან/და არასათანადოდ განახორციელა კანონით მინიჭებული უფლებამოსილებები და არასათანადოდ შეასრულა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები;

ვ) იგი ზედიზედ სამჯერ, საპენსიო სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის გარეშე არ მონაწილეობდა საინვესტიციო საბჭოს სხდომებში.

10. საინვესტიციო საბჭოს წევრს ეზღუდება აქტივების მმართველი კომპანიისგან (კომპანიებისგან), სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება.

11. საინვესტიციო საბჭოს წევრობა ანაზღაურებადი საქმიანობაა და ფინანსდება საპენსიო სააგენტოს ბიუჯეტიდან.

12. საინვესტიციო საბჭოს წევრი არ შეიძლება საინვესტიციო საბჭოს წევრობის ვადისა და მისი დასრულებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს. თუ აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო საბჭოს წევრი ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 13. საინვესტიციო საბჭოს უფლებები და მოვალეობები

1. საინვესტიციო საბჭო:

ა) ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს და მასში ცვლილების შეტანის უფლების გარეშე, დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს;

ბ) საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და ამ კანონის შესაბამისად განაახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;

გ) არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას; 

დ) ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას და შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში მთავარ საინვესტიციო ოფიცერს მოსთხოვს, გონივრულ ვადაში დასამტკიცებლად წარუდგინოს საინვესტიციო პორტფელის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს;

ე) საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის მოსამზადებლად შეიმუშავებს წინადადებებს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებულ წლიურ ხარჯებთან (მათ შორის, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების რაოდენობასა და სახელფასო ხარჯებთან, მომსახურების გამწევ პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებულ სხვა გადასახდელებთან) დაკავშირებით და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით;

ვ) შეარჩევს სპეციალიზებულ დეპოზიტარს და ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას;

ზ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601);

თ) განსაზღვრავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის ისეთ ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს საინვესტიციო სამსახურში ადეკვატური შიდა კონტროლის მექანიზმების არსებობას, აგრეთვე საინვესტიციო რისკის მონიტორინგის ფუნქციის საინვესტიციო სამსახურისგან ფუნქციურად და იერარქიულად გამიჯვნას;  

ი) ითანხმებს ისეთ წესებს, პროცედურებსა და სხვა დოკუმენტებს, რომლებიც ვრცელდება საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურზე ან/და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურზე და დაკავშირებულია მის/მათ საქმიანობასთან.

11. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციის შესასრულებლად შექმნას სტრუქტურული ერთეული, რომელიც ფუნქციურად და იერარქიულად საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისგან გამიჯნული იქნება და ანგარიშვალდებული იქნება უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

12. საინვესტიციო საბჭო ვალდებულია უზრუნველყოს საინვესტიციო რისკების მართვა და კონტროლი. შესაბამისად, საინვესტიციო საბჭო ზედამხედველობს:

ა) საინვესტიციო საქმიანობიდან გამომდინარე ან/და მასთან დაკავშირებული რისკების მართვის ფუნქციას, რომელსაც ასრულებს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით;

ბ) საინვესტიციო რისკების კონტროლის ფუნქციას.

2. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. საინვესტიციო საბჭო ადგენს ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს, აქტივების მმართველი კომპანიებისთვის სამართავად გადასაცემი საპენსიო აქტივების მოცულობისა და გადაცემის ვადების განსაზღვრის კრიტერიუმებსა და წესს (პროცედურებს).

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

6. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის გათვალისწინებით შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ წესს (პროცედურებს).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 14. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური და მთავარი საინვესტიციო ოფიცერი

1. საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნით საპენსიო სააგენტოში იქმნება საინვესტიციო  სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი.

2. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის თანამშრომელს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

3. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით დამტკიცების მიზნით.

4. საპენსიო სააგენტო საინვესტიციო სამსახურსა და მთავარ საინვესტიციო ოფიცერს უზრუნველყოფს ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისა და მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო ყველა რესურსით, მათ შორის, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით, რომლებიც გათვალისწინებული იქნება საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტით ამ კანონის შესაბამისად.

5. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსისთვის მის მიერ დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით შეარჩევს და სამეთვალყურეო საბჭოს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს მთავარი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურას. სამეთვალყურეო საბჭო მთავარი საინვესტიციო ოფიცრის კანდიდატურის სასარგებლოდ გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით.

6. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს კეთილსინდისიერი  პირი, რომელსაც აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის არანაკლებ 10 წლის პროფესიული გამოცდილება, მათ შორის, ფინანსების, ინვესტიციების ან/და რისკების მართვის მიმართულებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

7. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობს ამ კანონის შესაბამისად.

8. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი პასუხისმგებელია საპენსიო აქტივების საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შესაბამისად ინვესტირებისა და საინვესტიციო რისკების მართვისთვის. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ამ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის მეშვეობით.

9. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ხელმძღვანელობს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობას. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, ამ მიზნით წარმოადგინოს საპენსიო სააგენტო მესამე პირებთან ურთიერთობაში და დადოს მათთან ხელშეკრულებები. მთავარი საინვესტიციო ოფიცრის სხვა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებით.

10. მთავარ საინვესტიციო ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. მთავარ საინვესტიციო ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

11. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ან/და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6  თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ან/და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

12. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან გაათავისუფლოს სამეთვალყურეო საბჭომ საინვესტიციო საბჭოს მიმართვის საფუძველზე.

13. დაუშვებელია საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურისა და მთავარი საინვესტიციო ოფიცრის საქმიანობაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩარევა ან/და მათ საქმიანობაზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის მოხდენა. ეს პუნქტი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნული ბანკისა და საინვესტიციო საბჭოს ფუნქციებს.

მუხლი 15. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი

1. ამ კანონის მიზნებისთვის ნდობითი ვალდებულების მქონე პირები არიან:

ა) საინვესტიციო საბჭოს წევრები;

ბ) მთავარი საინვესტიციო ოფიცერი, აგრეთვე მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილე − მხოლოდ მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შესრულებისას; 

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარი და მის მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;  

დ) ამ კანონის 28-ე და 29-ე მუხლებით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) და მის (მათ) მიერ დასაქმებული პირები, რომლებსაც საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილება აქვთ;

ე) საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით მონაწილეების მიმართ პასუხისმგებელი პირი, რომელიც საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საინვესტიციო რჩევას აძლევს. 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების მიზნებისთვის დისკრეციული უფლებამოსილების მქონე პირად ითვლება სპეციალიზებული დეპოზიტარის/აქტივების მმართველი კომპანიის ის დასაქმებული, რომელიც უფლებამოსილია უშუალოდ მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით ან/და მის ფარგლებში.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 151. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახური

1. საინვესტიციო საბჭო გამჭვირვალე და კონკურენტუნარიანი შესარჩევი კონკურსის საშუალებით შეარჩევს და საპენსიო სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის კანდიდატურას.

2. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია უშუალოდ და მხოლოდ საინვესტიციო საბჭოს წინაშე.

3. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების დარგში და ფინანსურ ინსტიტუტში რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცრად არ შეიძლება დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადდა გაკოტრებულად ან ფინანსურ ინსტიტუტში მუშაობისთვის შეუფერებლად.

4. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის მეშვეობით ახორციელებს:

ა) ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ5.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის კონტროლს;

[ ბ) ამ კანონის მე-2 მუხლის „ჰ 5 .ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო რისკის კონტროლს;  (ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან)]

გ) ამ კანონითა და საპენსიო სააგენტოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებებსა და მოვალეობებს.

5. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და საპენსიო სააგენტოს დირექტორს დასამტკიცებლად წარუდგენს საინვესტიციო რისკების კონტროლთან დაკავშირებულ პოლიტიკის დოკუმენტებს.

6. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო სააგენტოში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც საჭიროა მის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.

7. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის სტრუქტურას საინვესტიციო საბჭოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი და წარუდგენს საპენსიო სააგენტოს დირექტორს საპენსიო სააგენტოს სტრუქტურაში ასახვისა და დამტკიცების მიზნით.

8. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

9. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ამ კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და სხვა მომსახურების გამწევი პირებისგან იღებს საპენსიო სააგენტოს სახელით განხორციელებული იმ გარიგების შესახებ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მიერ საინვესტიციო რისკის მონიტორინგთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად.

10. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის არყოფნის ან მის მიერ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მოვალეობას ასრულებს საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრის მოადგილე. 

11. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერზე ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საინვესტიციო რისკების მთავარ ოფიცერს ეზღუდება აგრეთვე აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან ან საპენსიო სააგენტოსთვის მომსახურების გამწევი სხვა პირისგან ნებისმიერი საჩუქრის, კრედიტის (გარდა ჩვეულებრივი კომერციული პირობებით აღებული კრედიტისა) ან ანაზღაურების მიღება. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.

12. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი არ შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს. თუ აღნიშნულ პერიოდში საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი ამ პუნქტით დადგენილი შეზღუდვის გამო ვერ დასაქმდება, მას უნარჩუნდება არსებული თანამდებობრივი სარგო.

13. დაუშვებელია საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცრისა და საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო რისკის მონიტორინგის სამსახურის საქმიანობაში რაიმე ფორმით, პირდაპირ თუ არაპირდაპირ ჩარევა ან/და მათ საქმიანობაზე პირდაპირ თუ არაპირდაპირ გავლენის მოხდენა. ეს პუნქტი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ეროვნული ბანკისა და საინვესტიციო საბჭოს ფუნქციებს.

14. საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი შეიძლება თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს საინვესტიციო საბჭოს მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორისთვის მიმართვის საფუძველზე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 16. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

1. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას წარმართავს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხვა წევრი.

3. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას ესწრება სამეთვალყურეო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 17. საინვესტიციო საბჭოს სხდომა და მისი ჩატარების პროცედურები

1. საინვესტიციო საბჭოს სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ კვარტალში ერთხელ. საინვესტიციო საბჭოს სხდომა შესაძლებელია ჩატარდეს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით.

2. საინვესტიციო საბჭოს სხდომას წარმართავს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას − საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე (არსებობის შემთხვევაში) ან სხდომის თავმჯდომარედ არჩეული საინვესტიციო საბჭოს სხვა წევრი.

3. საინვესტიციო საბჭოს თითოეულ წევრს აქვს 1 ხმის უფლება და მას არ შეუძლია საკუთარი ხმის უფლების სხვა პირისთვის გადაცემა. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ საინვესტიციო საბჭოს სხდომას ესწრება საინვესტიციო საბჭოს არანაკლებ 3 წევრი. საინვესტიციო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო რისკების მთავარი ოფიცერი უფლებამოსილი არიან საინვესტიციო საბჭოს სხდომას დაესწრონ ხმის უფლების გარეშე.

5. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საინვესტიციო საბჭოს სხდომაზე მოიწვიოს საპენსიო სააგენტოს ნებისმიერი თანამშრომელი ან ნებისმიერი სხვა პირი.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 18. საპენსიო სააგენტოს დაფინანსების წყაროები, საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტი

1. საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყაროა მონაწილეთა საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით, რომელიც გამოიხატება საპენსიო აქტივების პროცენტული მოცულობით. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს აღნიშნული საფასურის გატანის პერიოდულობა.

2. საპენსიო სააგენტოს წლიური ბიუჯეტის პროექტი შედგება:

ა) საინვესტიციო საქმიანობის ბიუჯეტისგან, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურის ბიუჯეტს, ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის გადასახდელ მომსახურების საკომისიოებს და საინვესტიციო საბჭოს ხარჯებს;

ბ) ადმინისტრაციული საქმიანობის ბიუჯეტისგან, რომელიც მოიცავს საპენსიო სააგენტოს მმართველობით და ადმინისტრაციულ ხარჯებს.

3. საპენსიო სააგენტოს წლიურ ბიუჯეტში განსაზღვრული უნდა იყოს წლიური მომსახურების საფასურის პროცენტული მოცულობა როგორც მთლიანად, ისე ცალ-ცალკე, საინვესტიციო საქმიანობისა და მმართველობით-ადმინისტრაციული საქმიანობისათვის.

4. საპენსიო სააგენტოს დირექტორი არაუგვიანეს ყოველი საბიუჯეტო წლის 1 დეკემბრისა სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო სააგენტოს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.

5. არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს საქმიანობის დასაფინანსებლად საპენსიო სააგენტოს მიერ მონაწილეთა საპენსიო აქტივებიდან საპენსიო აქტივების წლიური მომსახურების საფასურის სახით საპენსიო სააგენტოს მიერ მიღებული თანხა დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მასზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ის სხვაგვარად გასხვისდეს საპენსიო სააგენტოს მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. აღნიშნული თანხა აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი საპენსიო სააგენტოს გაკოტრების მასაში.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 19. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგება და ანგარიშვალდებულება

1. საპენსიო სააგენტო ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საპენსიო სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში. ეს ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც საქართველოს პარლამენტი შეარჩევს. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება. საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების დამოუკიდებელი აუდიტორული შემოწმების ჩასატარებლად აუდიტორული ფირმის მომსახურებასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ბ) ინფორმაციას ჯამური აბსოლუტური ამონაგების შესახებ, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით;

გ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულებისა და პროპორციის შესახებ ინფორმაციას, აქტივების კლასების როგორც მიზნობრივ, ისე ფაქტობრივ განაწილებას;

დ) თითოეული აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების, მიზნობრივი მაჩვენებლების და მათგან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას − ცალ-ცალკე, ეროვნული ვალუტით და უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტებისათვის;  

ე) ანგარიშს ყველა სხვა გადასახდელის შესახებ, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და ჯამურად სხვა მომსახურებისა და ფინანსური გარიგების საფასურების თაობაზე;

ვ) საპენსიო სააგენტოს დებულებით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.

2. საპენსიო სააგენტოს დირექტორი ვალდებულია:

ა) კალენდარული წლის პირველი 6 თვის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს მიერ 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა;

ბ) კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საპენსიო სააგენტოს მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.

3. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).  

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

5. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია გამოაქვეყნოს სხვა ინფორმაცია (მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება) მის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 20.  შიდა აუდიტი

1. საპენსიო სააგენტოში იქმნება შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. შიდა აუდიტის სამსახურის უფროსს სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო სააგენტოს დირექტორი.

2. შიდა აუდიტის სამსახურისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ჩანაწერი და დოკუმენტი, მათ შორის, საპენსიო სააგენტოს თანამშრომლებისა და საინვესტიციო საბჭოს წევრების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია.

3. საპენსიო სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საპენსიო სააგენტოს დებულებითა და შიდა აუდიტის სამსახურის წესდებით.

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

თავი IV. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა

მუხლი 21. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა

1. დასაქმებული, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ დამსაქმებლის მიერ ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.

2. დასაქმებულს უფლება აქვს, უარი თქვას დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე ამ კანონის შესაბამისად.

3. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ნებაყოფლობით, ამ კანონის შესაბამისად.

4. დასაქმებული, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 60 წელი (მამაკაცის შემთხვევაში) ან 55 წელი (ქალის შემთხვევაში), აგრეთვე თვითდასაქმებული მონაწილე ხდება ამ მუხლის ამოქმედების შემდეგ მის მიერ პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებისთანავე.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 22. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმა 

1. თუ დასაქმებულს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებამდე შეუსრულდა 40 წელი, არ სურს იყოს მონაწილე, იგი უფლებამოსილია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, წერილობით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა. წინააღმდეგ შემთხვევაში დასაქმებული რჩება მონაწილედ.

2. დამსაქმებელს ეკრძალება დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით დასაქმებულის დარწმუნება ან გადარწმუნება ან მასზე სხვა ფორმით ზემოქმედება.

3. დასაქმებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში:

ა) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელით, დასაქმებულის სასარგებლოდ მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაიბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაუბრუნდება დასაქმებულს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;

ბ) დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული შენატანები და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით დაუბრუნდება დამსაქმებელს ან მის უფლებამონაცვლეს საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით;

გ) სახელმწიფოს მიერ დასაქმებულის სასარგებლოდ, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანები გადაირიცხება საპენსიო სააგენტოს სახაზინო ანგარიშზე, ხოლო ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო შემოსავალი შესაბამისი ხარჯების გამოკლებით გადაირიცხება სახელმწიფო ხაზინის ერთიან ანგარიშზე საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით.

4. თუ დასაქმებული ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით უარს განაცხადებს დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, მას უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.

5. დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გაწევრებული დასაქმებულის მიერ საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით განცხადების წარდგენის საფუძველზე პირველი საპენსიო შენატანის განხორციელება გამოიწვევს ელექტრონულ სისტემაში მის შესახებ საინფორმაციო ჩანაწერის შექმნას, რომელიც დაადასტურებს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებას და შექმნის საფუძველს მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის გააქტიურებისთვის.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 23. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობის განგრძობადობა

1. მონაწილე დასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება ხელფასის სახით თანხის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. ის საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს ხელფასის სახით თანხის მიღების აღდგენისთანავე. თუ დასაქმებული შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების, ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების, დროებითი ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ხელფასის ნებისმიერი მიზეზით არარსებობის გამო შეწყვეტს საპენსიო შენატანების განხორციელებას, საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად.

2. მონაწილე თვითდასაქმებული, რომელსაც დროებით შეუჩერდება თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღება, დროებით შეაჩერებს საპენსიო შენატანების განხორციელებას. საპენსიო აქტივები რჩება მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ამ კანონის შესაბამისად. თვითდასაქმებული საპენსიო შენატანების განხორციელებას განაახლებს თვითდასაქმებულის შემოსავლის მიღების აღდგენისთანავე.

3.  (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

4. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

თავი V. საპენსიო აქტივები და მათი ინვესტირება

მუხლი 24. მონაწილის უფლება საპენსიო აქტივებზე

1. საპენსიო აქტივები, პორტფელის ერთეულები, რომლებიც მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება, მისი საკუთრებაა. მონაწილეს აღნიშნული საკუთრების განკარგვის უფლება წარმოეშობა მხოლოდ საპენსიო ასაკის მიღწევისას ან ამ კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. არ შეიძლება მონაწილის/პენსიის მიმღების საპენსიო აქტივებზე/ პორტფელის ერთეულებზე მისი ქონებრივი უფლებები დაგირავდეს, უფლებრივად დაიტვირთოს, მათზე საკუთრების უფლება მესამე პირს გადაეცეს ან ისინი სხვაგვარად გასხვისდეს მონაწილის, საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის, აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) ან ნებისმიერი სხვა პირის მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან უზრუნველსაყოფად. მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები/პორტფელის ერთეულები აღსრულებას არ ექვემდებარება და ვერ იქნება შეტანილი მონაწილის/პენსიის მიმღების, საპენსიო სააგენტოს, სპეციალიზებული დეპოზიტარის ან აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) გაკოტრების მასაში.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 25. საპენსიო სააგენტოში არსებული ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშები

1. საპენსიო შენატანები და საპენსიო შენატანებით შეძენილი პორტფელის ერთეულები აისახება მონაწილის (მათ შორის, იმ მონაწილის, რომელმაც ისარგებლა ამ კანონის 29-ე მუხლით მინიჭებული უფლებით) ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.

2. საპენსიო სააგენტო მონაწილეს დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრებისთანავე შეუქმნის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშს და უზრუნველყოფს მისთვის ამ ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შესახებ ინფორმაციის დისტანციურ ელექტრონულ ხელმისაწვდომობას. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის შექმნასთან, პორტფელის ერთეულის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასთან, ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიასა და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო.

3. ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის ღირებულება გამოითვლება და მონაწილისთვის მის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება არანაკლებ კვარტალში ერთხელ.

4. საპენსიო სააგენტო შეიმუშავებს და ეროვნულ ბანკს დასამტკიცებლად წარუდგენს საპენსიო აქტივების ღირებულების გამოთვლის მეთოდოლოგიას.

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

6. მონაწილის დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, მის მიერ პენსიის  ან/და საპენსიო აქტივების სრულად მიღების შემდეგ მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში არააქტიური ხდება, თუმცა არ უქმდება. ყოფილი მონაწილისთვის/პენსიის მიმღებისთვის მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიში ხელმისაწვდომი რჩება.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 26. სპეციალიზებული დეპოზიტარი

1. საინვესტიციო საბჭო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია შეარჩიოს სპეციალიზებული დეპოზიტარი, რომელსაც დააკისრებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულების ვალდებულებებს, და ამის შესახებ დადოს მასთან დეპოზიტარული მომსახურების ხელშეკრულება. 

2. საინვესტიციო საბჭო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის საშუალებით შეარჩევს (გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  შემთხვევისა). კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს (მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს) განსაზღვრავს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია. აღნიშნული შერჩევის პროცესზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

[ 2. საინვესტიციო საბჭო სპეციალიზებულ დეპოზიტარს კონკურსის წესით შეარჩევს. კონკურსის ჩატარების პირობებსა და პროცედურებს, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის წინასწარი შერჩევის მოთხოვნებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს საინვესტიციო საბჭო.  (ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან)]

3. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ მას საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული.

4. საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს), უნდა იყოს ლიცენზირებული და ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ავტორიზებული. საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც სპეციალიზებულ დეპოზიტარულ მომსახურებას უწევს საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას (კომპანიებს), უნდა იყოს სხვა სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული, ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული, აგრეთვე ეროვნული ბანკის მიერ საპენსიო აქტივების შენახვის მიზნით ავტორიზებული. ასეთი სპეციალიზებული დეპოზიტარი უნდა იყოს მოქმედი, მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და ის უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5. სპეციალიზებული დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია.

6. სპეციალიზებული დეპოზიტარი, ამ მუხლის მე-13 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) იღებს და ინახავს ფასიან ქაღალდებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

ბ) იღებს და ინახავს იმ გადარიცხვებისა და ფულადი სახსრების გაცემის შესახებ ანგარიშსწორების დოკუმენტების ასლებს, რომლებიც შეადგენს საპენსიო აქტივებს;

გ) ახორციელებს ჩანაწერებს სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივების რეესტრის შესაბამის ანგარიშებში;

დ) საპენსიო სააგენტოს უზრუნველყოფს ყველა საჭირო ინფორმაციით მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაში დახმარების გასაწევად;

ე) უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების შეძენისა და განკარგვის შესახებ დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობასა და საპენსიო სააგენტოს მიერ დადგენილ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობას;

ვ) საპენსიო აქტივებთან მიმართებით ასრულებს ზედამხედველობის ვალდებულებებს;

ზ) ასრულებს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

7. სპეციალიზებულ დეპოზიტარსა და საპენსიო სააგენტოს/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას შორის დადებული სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებებს;

ბ) სპეციალიზებული დეპოზიტარის მიერ ვალდებულებების შესრულების ვადებსა და ფორმას;

გ) სპეციალიზებული დეპოზიტარის ანაზღაურების ოდენობასა და გამოთვლის წესს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

8. სპეციალიზებული დეპოზიტარისთვის შესაბამისი ლიცენზიის ან ავტორიზაციის/აღიარების გაუქმების, სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების ნებისმიერი არსებითი დარღვევის ან არასათანადოდ შესრულების ან სპეციალიზებული დეპოზიტარის წინააღმდეგ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია სპეციალიზებულ დეპოზიტარს უგზავნის შეტყობინებას სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ და ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს ეროვნულ ბანკსა და საინვესტიციო საბჭოს.

9. სპეციალიზებული დეპოზიტარის თითოეული ცვლილება განხორციელდება ისეთი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფს საპენსიო სააგენტოსა და ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (კომპანიებისთვის) სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას.

10. სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სპეციალიზებული დეპოზიტარი მასთან განთავსებულ საპენსიო აქტივებს და მის მიერ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტს გადასცემს ახალ სპეციალიზებულ დეპოზიტარს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ან მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულ ვადებში.

11. ამ მუხლის შესაბამისად სპეციალიზებულ დეპოზიტართან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს სპეციალიზებული დეპოზიტარის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გაკოტრების პროცედურები.

12. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

13. თუ სპეციალიზებული დეპოზიტარის მომსახურების მიღება სხვაგვარად შეუძლებელია ან არაგონივრულ ძალისხმევას ან ხარჯებს მოითხოვს, საინვესტიციო საბჭო ან ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სპეციალიზებული დეპოზიტარული მომსახურების შესაძენად ეროვნულ ბანკთან ხელშეკრულების დადების შესახებ. ამ ხელშეკრულების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა შეიძლება შეასრულოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სპეციალიზებული დეპოზიტარის ყველა ფუნქცია ან მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების  დადებაზე არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა.

მუხლი 27. საპენსიო აქტივების ინვესტირება

1. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით.

2. კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპებია:

ა) საპენსიო აქტივების ინვესტირების შედეგად გრძელვადიან პერიოდში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდა;

ბ) ინვესტიციების დივერსიფიკაცია;

გ) გრძელვადიანი ინვესტირების პირობებში საპენსიო აქტივების უსაფრთხოება;

დ) ადეკვატური ლიკვიდურობის შენარჩუნება.

3. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს ერთმანეთისგან განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე 3 საინვესტიციო პორტფელში:

ა) კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ) დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

გ) დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

31. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტობას. მონაწილე/პენსიის მიმღები საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით წარდგენილი განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება მას.

32. თუ მონაწილე/პენსიის მიმღები ისარგებლებს ამ მუხლის 31 პუნქტით მინიჭებული  უფლებით, მასზე  არ  გავრცელდება  ამავე  მუხლის მე-4 და 41 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.

4. თუ მონაწილე/პენსიის მიმღები არ ისარგებლებს ამ მუხლის 31 პუნქტით მინიჭებული უფლებით, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:

ა) მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვრამდე რიცხული/ასახული საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელებული საპენსიო შენატანები, აგრეთვე დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით:

ბ.ა) 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება  დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ.ბ) 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში;

ბ.გ) 50 წლის ან 50 წელზე მეტი ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის ასაკი დგინდება შემდეგნაირად: დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1 იანვრამდე გაწევრებული მონაწილის ასაკი − 2028 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხოლო 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის ასაკი − გაწევრების თარიღის მდგომარეობით. ამასთანავე, მონაწილის ასაკის ცვლილებასთან ერთად მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“−„ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში გადაიტანება. თუ მონაწილე ისარგებლებს ამ კანონის 33-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, მისი საპენსიო აქტივების ინვესტირება, მონაწილის ასაკის მიუხედავად, განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

5. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან ის საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ამ მუხლის მე-4 და 4პუნქტების შესაბამისად ავტომატურად არის არჩეული და რომლის მართვას საპენსიო სააგენტო ახორციელებს.

51. მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის შერჩევისა და შეცვლის წესს განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო. აღნიშნული წესით დგინდება, მათ შორის, საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა და მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საპენსიო სააგენტოსთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის ვადა. საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები, გარდა საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტით განსაზღვრული ცალკეული შემთხვევებისა (მათი არსებობის შემთხვევაში).

52. საპენსიო სააგენტო ვალდებულია მონაწილეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე 2 წლით ადრე ელექტრონულად აცნობოს/მიაწოდოს ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია პენსიის მიღების შემდეგ საინვესტიციო პორტფელის შეცვლის შესაძლებლობისა და პენსიის გატანის ფორმების თაობაზე. საპენსიო სააგენტო ადგენს პენსიის მიმღებისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემის/დანიშვნის წესებსა და პროცედურებს, მათ შორის, თითოეული პორტფელის ჭრილში ლიკვიდური აქტივების მინიმალურ მოთხოვნებს.

6. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს (შეიმუშავებენ) საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.

7. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნებისთვის, თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ცხადად უნდა განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს:

ა) საინვესტიციო მიზნებს;

ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან გადახრის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისთვის;

გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით;

დ) ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გამწევი პირის შერჩევის, მონიტორინგის, შეფასებისა და მასთან ხელშეკრულების დადების/შეწყვეტის პროცედურას. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის, მაღალი სანდოობით მოსალოდნელი იყოს ინვესტირებიდან დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).

8. თითოეული საინვესტიციო პორტფელი  უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელსაც განსაზღვრავს საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრავს (განსაზღვრავენ) აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე:

ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები;

ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს;

გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო  პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს.

81. საპენსიო სააგენტო, ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ტიპის (კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიკური) საინვესტიციო პორტფელის მიხედვით შექმნას და მონაწილეებს შესთავაზოს რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) ან დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი.

9. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგები და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის და განხორციელებული ინვესტირების შედეგად შემდგარი საინვესტიციო პორტფელის რისკიანობის გათვალისწინებით.

10. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აქტივების მმართველი კომპანია განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესსა და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გადაისინჯოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.

11. საინვესტიციო საბჭო, ხოლო ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.

12. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო პორტფელის ტიპები და დასაშვები საინვესტიციო ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი:

ა.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 100 პროცენტამდე;

ა.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე;

ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი:

ბ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 80 პროცენტამდე;

ბ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე;

ბ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) – 15 პროცენტამდე;

გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: 

გ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ1“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 60 პროცენტამდე;

გ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე;

გ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) − 20 პროცენტამდე.

13. უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ნაკლებად რისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 20 პროცენტი;

ბ) საშუალორისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 40 პროცენტი;

გ) მაღალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი − 60 პროცენტი.

131. ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის ერთეულების ფლობა იმავე საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის პორტფელში შემავალი აქტივების პროპორციული ოდენობით ფლობად ჩაითვლება, თუ შესაბამისი პორტფელის არანაკლებ 95 პროცენტი ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ1“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისგან შედგება. ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ამ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის პორტფელში შემავალ შესაბამის აქტივებზე, თუ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

14. ეროვნული ბანკი და საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილი არიან სამეთვალყურეო საბჭოს ამ კანონში შესატანი ცვლილების შემუშავების მიზნით წარუდგინონ რეკომენდაციები ამ კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ლიმიტებისა და შეზღუდვების ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ ეს ლიმიტები და შეზღუდვები აფერხებს საპენსიო აქტივების ოპტიმალურად განთავსებას მონაწილეთა საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.

15. საინვესტიციო საბჭო ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული თითოეული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის. ის უნდა მოიცავდეს არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად.

16. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს შემდეგ უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი;

გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

დ) სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;

1) სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები;

2) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ  თანადაფინანსებულ სესხში თანამონაწილეობა;

ე) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობლიგაციებისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

ვ) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და რომლებით ვაჭრობაც ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, იმ პირობით, რომ მათზე განხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

ზ) სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული/ავტორიზებული/რეგისტრირებული ან/და სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საინვესტიციო ფონდის (მათ შორის, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის) ერთეულები;

თ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

17. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ ეროვნული ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში:

ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები;

ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, მუნიციპალიტეტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი;

გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;

1) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები;

დ) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობლიგაციებისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით;

1) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ თანადაფინანსებულ სესხში თანამონაწილეობა;

ე) საწარმოთა აქციები, რომლებიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის სიაში და რომლებზედაც  ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (მათ შორის, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის) ერთეულები;

ზ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური ინსტრუმენტები, რომლებიც შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.

18. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

19. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები (მათ შორის, მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგი) ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის ან/და ემიტენტისთვის.

20. აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება:

ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით;

ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებსა და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც ემსახურება რისკების შემცირებას, ამასთანავე, არ ზრდის ღია პოზიციებს. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჰეჯირების სტრატეგიისთვის გამოსაყენებელ დერივატივებთან მიმართებით;

გ) უძრავ ქონებაში ან ფიზიკურ აქტივებში;

დ) იმ აქტივების მმართველი კომპანიის, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის, საინვესტიციო საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში;

ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა იმ აქტივების მმართველმა კომპანიამ, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან მასთან აფილირებულმა პირმა;

ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში.

21. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელ საინვესტიციო ფონდთან და ასეთი საინვესტიციო ფონდის ემიტენტთან მიმართებით დაადგინოს ამ პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესი.

22. დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომლებსაც საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მართავს (მართავენ):

ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 პროცენტზე მეტის ფლობა;

ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ2“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა.

221. ინვესტიციის განხორციელებისას ნებისმიერი საინვესტიციო გადაწყვეტილება უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს. თუ საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა არ არის გამოწვეული ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საპენსიო სააგენტო/ ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის ამ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა.

222. ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ღია (არაჰეჯირებული) პოზიციები.

223. ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული ლიმიტები გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო სააგენტო/ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მართავს (მართავენ).

23. ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება ფულად სახსრებზე, საბანკო დეპოზიტებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და იპოთეკით დაცულ ობლიგაციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- ან მისი ეკვივალენტური საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.

24. არ შეიძლება საპენსიო აქტივები გასხვისდეს:

ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წევრზე ან საინვესტიციო საბჭოს წევრზე; 

გ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი (ასეთი აფილირების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში).

241. ამ მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, 24-ე პუნქტითა და  35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება საპენსიო სააგენტოს/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდებით დადებულ იმ გარიგებაზე, რომლის მეორე მხარე ბენეფიციარის სახელით/სასარგებლოდ ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტია, ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამკვიდრებული ჩვეულებებიდან გამომდინარე, საპენსიო სააგენტოსთვის/აქტივების მმართველი კომპანიისთვის ამ ბენეფიციარის ვინაობა უცნობია.

25. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სესხი ან გარანტია იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც მითითებულია ამ მუხლის 24-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში.

26. საპენსიო სააგენტო/აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს მის მართვაში მყოფი საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ყველა უფლებას მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად.

მუხლი 28. აქტივების მმართველი კომპანია

1. საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილი კრიტერიუმებისა და პროცედურების დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება საპენსიო აქტივების ამ მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის სამართავად გადაცემის შესახებ. ამ შემთხვევაში საპენსიო სააგენტო აქტივების მმართველ კომპანიასთან დებს შესაბამის ხელშეკრულებას.

2. აქტივების მმართველი კომპანია ვალდებულია მართოს საპენსიო აქტივები საპენსიო აქტივების მართვის ხელშეკრულებისა და საინვესტიციო საბჭოს მიერ დამტკიცებული დეტალური საინვესტიციო სახელმძღვანელოს შესაბამისად, რომელიც შემუშავებულია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე.

3. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული, უნდა იყოს ლიცენზირებული და საპენსიო აქტივების მართვის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული იურიდიული პირი. აღნიშნული აქტივების მმართველი კომპანია ბოლო 3 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის/ავტორიზაციის გაუქმების პროცედურები.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საქართველოში ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები.

5. აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც საქართველოს ფარგლების გარეთ არის რეგისტრირებული, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ლიცენზირებული უნდა იყოს იმ სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ, სადაც რეგისტრირებულია, აგრეთვე აღიარებული  უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ;

ბ) ბოლო 10 წლის განმავლობაში უწყვეტად უნდა ახორციელებდეს საქმიანობას და მის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება ან ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების პროცედურები;

გ) არ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთან ან საინვესტიციო საბჭოს წევრთან აფილირებული პირი;

დ) (ამოღებულია - 01.11.2023, №3601);

ე) უნდა ჰქონდეს მესამე პირების (კერძო და ინსტიტუციური) დაგროვილი აქტივების მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

6. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანიისთვის.

7. საინვესტიციო საბჭო შერჩევის გამჭვირვალე პროცედურების გამოყენებით შეარჩევს ერთ ან ერთზე მეტ  აქტივების მმართველ კომპანიას. საინვესტიციო საბჭო ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შერჩევის წესსა და კრიტერიუმებს.

8. ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველ კომპანიასთან განთავსებული საპენსიო აქტივები არ არის მისი საკუთრება, არ შეიძლება მიექცეს აქტივების მმართველი კომპანიის ვალდებულებების შესასრულებლად, არ არის მისი აქტივების ნაწილი, რომელზედაც შეიძლება გავრცელდეს გადახდისუუნარობის პროცედურები.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 29. აქტივების მმართველი კომპანიის (კომპანიების) არჩევის უფლება

1. დასაქმებულს, რომელიც ამ კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების ფარგლებში რჩება მონაწილედ, აგრეთვე თვითდასაქმებულს, რომელიც ნებაყოფლობით გაწევრდება დაგროვებით საპენსიო სქემაში, უფლება აქვს, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და საპენსიო შენატანების სრული მოცულობის ან მისი ნაწილის სამართავად აირჩიოს აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები).

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის გარდა,  ნებისმიერ სხვა მონაწილეს უფლება აქვს, აირჩიოს აქტივების მმართველი კომპანია (კომპანიები) მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული აქტივების მხოლოდ იმ ნაწილის სამართავად, რომელიც დაგროვდა მის მიერ დასაბეგრი წლიური ხელფასის სახით მიღებულ თანხაზე, რომელიც 60 000 ლარს აღემატება.

3. მონაწილის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით მინიჭებული უფლების გამოუყენებლობის შემთხვევაში მისი საპენსიო აქტივების ინვესტირებას განახორციელებს საპენსიო სააგენტო ამ კანონით დადგენილი წესით.

4. ეროვნული ბანკი ადგენს აქტივების მმართველი კომპანიის შესაფერისობის კრიტერიუმებს ამ მუხლით განსაზღვრულ აქტივების მმართველ კომპანიებთან დაკავშირებით.

5. საპენსიო სააგენტო ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად განსაზღვრავს იმ აქტივების მმართველი კომპანიების სიას, რომლებსაც ექნებათ ამ მუხლით გათვალისწინებული საპენსიო აქტივების მართვის შესაძლებლობა.

6. მონაწილე აქტივების მმართველ კომპანიას არჩევს დისტანციური ელექტრონული წვდომის საშუალებით ან საპენსიო სააგენტოს მიერ შემუშავებული განცხადების საფუძველზე, რომელსაც ავსებს და წერილობით წარადგენს.

7. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს აქტივების მმართველი კომპანიისთვის საპენსიო აქტივების სამართავად გადაცემასთან დაკავშირებულ პროცედურებს, შესაბამისი ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მომსახურების საფასურის მაქსიმალურ ოდენობას და საპენსიო აქტივების გადაცემის პერიოდულობას.

8. აქტივების მმართველ კომპანიებსა და ინვესტიციებზე ვრცელდება საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი და ამ კანონის ის დებულებები, რომლებიც შეეხება საპენსიო აქტივების ინვესტირებას.

9. მონაწილის მიერ ამ მუხლის შესაბამისად აქტივების მმართველი კომპანიის არჩევის შემთხვევაში აქტივების მმართველმა კომპანიამ საპენსიო აქტივები შესანახად უნდა გადასცეს სპეციალიზებულ დეპოზიტარს, რომელიც არ უნდა იყოს მასთან აფილირებული პირი და უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.

მუხლი 30. (ამოღებულია)

მუხლი 31. მონაწილის მიმართ წლიური ანგარიშგება  

1. საპენსიო სააგენტო მონაწილეს არანაკლებ კვარტალში ერთხელ აწვდის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ ინფორმაციას, რომელშიც მითითებულია საპენსიო შენატანების განხორციელების თარიღები და საინვესტიციო ამონაგები. ეს ინფორმაცია მონაწილეს შეიძლება მიეწოდოს ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მონაწილისთვის ინფორმაციის მიწოდების წესსა და ფორმას განსაზღვრავს საპენსიო სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. მონაწილის მოთხოვნის შემთხვევაში საპენსიო სააგენტო ვალდებულია მიაწოდოს მონაწილეს წერილობითი ინფორმაცია მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების შესახებ.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 32. პენსიის დანიშვნა და გაცემა საპენსიო ასაკში

1. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მიიღოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულება ერთიანი გადახდით ან პროგრამული გატანით.

2. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს ასევე უფლება აქვს, საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიმართოს საპენსიო სააგენტოს და მოსთხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა პენსიის მიღების მიზნით.

3. საპენსიო სააგენტო უფლებამოსილია განსაზღვროს ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების მონაწილისთვის პენსიის სახით გაცემის სხვა ფორმაც და უზრუნველყოს მონაწილე ამ ფორმით.

4. მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების ღირებულების სრული მოცულობა მისი ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშიდან, თუ მან საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა.

5. საპენსიო სააგენტო ადგენს მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულების ზღვარს, რომლის ფარგლებშიც მონაწილეს უფლება აქვს, მიიღოს პენსია ერთიანი გადახდით.

6. მონაწილე მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხის მთლიან მოცულობას მიიღებს მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიმართავს საპენსიო სააგენტოს, ხოლო საპენსიო სააგენტო მიიღებს ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.

7. საპენსიო სააგენტოს დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სიცოცხლის ხანგრძლივობის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით პროგრამული გატანის პერიოდულობის განსაზღვრის წესებსა და პირობებს საპენსიო აქტივების იმ მონაწილეებისთვის გაცემის მიზნით, რომლებიც არ არიან უფლებამოსილი, გაიტანონ საპენსიო აქტივები ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად.

8. პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობის გამოსათვლელად მონაწილის პენსიაზე გასვლის თარიღისთვის მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება იყოფა მონაწილის სიცოცხლის მოსალოდნელ დარჩენილ ხანგრძლივობაზე, რომელიც ეფუძნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს მოსახლეობის ასაკობრივი განაწილების და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ.

9. პროგრამული გატანით გასაცემი თანხის ოდენობა გადაანგარიშდება ყოველწლიურად, მონაწილის ასაკის შეცვლის თვეში. დაუშვებელია გადახდების პროგრამა განსხვავებული იყოს მონაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის, რასის, რელიგიური მრწამსის, სქესის, ეროვნების ან ნებისმიერი დისკრიმინაციული ნიშნის საფუძველზე.

10. საპენსიო სააგენტო მონაწილეს მისი საპენსიო ასაკის მოახლოების შესახებ ატყობინებს ელექტრონული სისტემის მეშვეობით, ამ ასაკის დადგომამდე 6 თვით ადრე და უზრუნველყოფს მისთვის სტანდარტული განაცხადის ფორმის ხელმისაწვდომობას.

11. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

12. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

13. საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, თუმცა ვალდებული არ არის, საპენსიო ასაკის მიღწევის საფუძვლით მოითხოვოს და მიიღოს პენსია საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით. თუ მონაწილე საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ არ ისარგებლებს ამ უფლებით, დამსაქმებელი და სახელმწიფო მის სასარგებლოდ განახორციელებენ საპენსიო შენატანებს მონაწილის მიერ პენსიის მოთხოვნამდე ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად.

14. არ შეიძლება პენსიის მიღების დაწყების შემდეგ მონაწილემ გააგრძელოს საპენსიო შენატანების განხორციელება.

15. საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მონაწილის მიერ მისთვის საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით პენსიაზე გასვლის შესახებ განცხადებით მიმართვის თარიღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, ხოლო პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს პენსიის/საპენსიო აქტივების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა. საპენსიო სააგენტოს მიერ პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მონაწილეს სტატუსი ეცვლება და პენსიის მიმღები ხდება.

16. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

17. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 33.  პენსიის დანიშვნა და გაცემა მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას

1. მონაწილე უფლებამოსილია შესაძლებლობის შეზღუდვის გამო პენსია მიიღოს  საპენსიო ასაკის მიღწევამდე, თუ მას მიენიჭება სათანადო სტატუსი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ შემთხვევაში მონაწილე პენსიას მიიღებს ამ კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ერთ-ერთი ფორმით.

2. საპენსიო სააგენტო განსაზღვრავს შესაბამის ფორმებსა და პროცედურებს, რომელთა საფუძველზედაც მონაწილე განახორციელებს ამ მუხლით მინიჭებულ უფლებას და მოითხოვს პენსიის საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიღებას.

3. საპენსიო სააგენტო შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და პენსიის გაცემას/გადახდას იწყებს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული წესით და განსაზღვრულ ვადაში.

4. შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის ერთიანი გადახდით დანიშვნის გამო დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის შემდეგ მონაწილეს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეს დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ კანონისა და საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ შემთხვევაში ის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულო წესით გაწევრებულად ჩაითვლება. ამასთანავე, მონაწილეს აღარ ექნება უფლება, ამ კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს შესაძლებლობის შეზღუდვის საფუძვლით პენსიის დანიშვნა და გაცემა. დაგროვებით საპენსიო სქემაში ხელახლა გაწევრების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 34. საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემა

1. თუ მონაწილე გარდაიცვალა, მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხა გადაეცემა მის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

2. საპენსიო აქტივები მონაწილის მემკვიდრეს შეიძლება გადაეცეს ერთიანი გადახდით ან/და გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

3. მონაწილის მემკვიდრე საპენსიო სააგენტოში წარადგენს მოთხოვნას საპენსიო სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის (პროცედურების) შესაბამისად.

4. საპენსიო სააგენტო გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისგან საპენსიო აქტივების მისთვის გადაცემის მოთხოვნისა და ამ მოთხოვნის ლეგიტიმურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესით მიღების შემდეგ ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საპენსიო აქტივების გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემის შესახებ და მემკვიდრეს გადასცემს გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხულ საპენსიო აქტივებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ფორმით, მემკვიდრის არჩევანის შესაბამისად.

5. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601).

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 341. მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების მიღება საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას

1. თუ მონაწილეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მას აქვს უფლება, მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით. ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან/და მას აღარ აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.

2. თუ პირმა, რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, კვლავ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად აღნიშნული პირის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.

3. საპენსიო სააგენტო მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მონაწილეს გადასცემს საპენსიო აქტივების ღირებულებას ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის გადასაცემი თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

თავი VI. ნდობითი ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები

მუხლი 35. ნდობითი ვალდებულების დარღვევა

1. ნდობითი ვალდებულების მქონე პირმა საპენსიო აქტივები უნდა მართოს მხოლოდ მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით. სხვა ინტერესების დაცვა არის ნდობითი ვალდებულების დარღვევა. ნდობითი ვალდებულების მქონე პირი მოვალეობების შესრულებისას ვალდებულია:

ა) მოქმედებდეს კეთილსინდისიერად;

ბ) ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი, საღად მოაზროვნე პირი;

გ) მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი მოქმედება საუკეთესოა საპენსიო აქტივების მესაკუთრეთა ინტერესების დასაცავად.

2. თუ ნდობითი ვალდებულების მქონე პირს არ აქვს რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ცოდნა და ექსპერტიზის ჩატარების შესაძლებლობა, მან უნდა მოიძიოს ამ საკითხზე შესაბამისი სფეროს სათანადო კვალიფიკაციის სპეციალისტის მოსაზრება.  

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევად ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის მიერ მხოლოდ ამ მუხლით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევა (მათ შორის, საპენსიო აქტივების თავის სასარგებლოდ ან მასთან აფილირებული პირების სასარგებლოდ გამოყენება ან საპენსიო აქტივებთან დაკავშირებით ისეთი გარიგების დადება (გარდა საპენსიო სააგენტოს ან აქტივების მმართველი კომპანიის მიერ საინვესტიციო საქმიანობის ფარგლებში საპენსიო აქტივებით საფონდო ბირჟაზე დადებული გარიგებისა), რომლის მეორე მხარე ნდობითი ვალდებულების მქონე პირთან აფილირებული პირია).

4. ნდობითი ვალდებულების დარღვევად არ ჩაითვლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირის ისეთი ქმედება, რომელიც მან საინვესტიციო საქმიანობის ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარმართვის პროცესში განახორციელა, დამდგარი შედეგის მიუხედავად.

5. ნდობითი ვალდებულების დარღვევისთვის პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 36. ნდობითი ვალდებულების დარღვევის შედეგები

1. საპენსიო სააგენტომ შეიძლება ნდობითი ვალდებულების მქონე პირს მოსთხოვოს ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

3. ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად ამოღებული თანხები მიექცევა შესაბამისი მონაწილის ან მისი მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ნდობითი ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის პროპორციულად.

მუხლი 37. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა და დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა

1. დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრების პროცესში დამსაქმებლის ჩარევა ამ კანონის დარღვევაა.

2. დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება), ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულის მიერ ამ კანონის შესაბამისად საპენსიო შენატანის განუხორციელებლობა, აგრეთვე ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისთვის საპენსიო შენატანის აუნაზღაურებლობა ამ კანონის დარღვევაა და გამოიწვევს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები

მუხლი 38. გარდამავალი დებულებები

1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 აგვისტომდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დებულების დამტკიცება.

2. სამეთვალყურეო საბჭომ 2018 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა.

3. ეროვნულმა ბანკმა 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.

5. საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარის არჩევამდე სამეთვალყურეო საბჭო უფლებაუნარიანია 3 წევრის შემადგენლობით.

6. სამეთვალყურეო საბჭოს პირველ თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს მთავრობა.

7. საპენსიო სააგენტოს პირველი 3 წლის ბიუჯეტი 100 პროცენტით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. მომდევნო 10 წლის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს ხარჯებმა არ უნდა გადააჭარბოს საპენსიო აქტივების 0,5 პროცენტს, ხოლო ამ პერიოდის გასვლის შემდეგ −  0,25 პროცენტს.

8. საქართველოს პარლამენტი ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საინვესტიციო საბჭოს პირველი შემადგენლობის 2 წევრს  აირჩევს 3 წლის ვადით.

9. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება მხოლოდ ნაკლებად რისკიან საინვესტიციო პორტფელში.

91. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2024 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო  პორტფელის  ამ  კანონის  27-ე  მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა, აგრეთვე დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის ამ კანონის 27-ე მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტთან შესაბამისობა.

10. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში ამ კანონის 27-ე მუხლის 21-ე პუნქტში მითითებულ ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში (გარდა ფულადი სახსრებისა და საბანკო დეპოზიტებისა) საპენსიო აქტივების ინვესტირების ლიმიტია 15 პროცენტი.

11. შესარჩევი კომისიის საქმიანობა პირველ წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

12. ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.

13. საქართველოს მთავრობამ განსაზღვროს ამ კანონით განსაზღვრული, დაგროვებითი საპენსიო სქემით გათვალისწინებული, სახელმწიფოს მიერ ამ სქემაში შესატანი დაფინანსების, აგრეთვე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა შემთხვევაში დამსაქმებლის მიერ შესატანი თანადაფინანსების ნაწილში 2019 წელს შესასრულებელი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის წესი.

14. საპენსიო სააგენტომ ამ კანონის 71 მუხლის ამოქმედებამდე უზრუნველყოს ამ კანონის 71 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესის შემუშავება და დამტკიცება.

15. პირები (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასაქმებულისა და ამ დასაქმებულის დამსაქმებლისა), რომლებმაც ამ კანონის 71 მუხლის ამოქმედებამდე დაარღვიეს ამ კანონით განსაზღვრული საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულება, თუმცა მას სრულად  შეასრულებენ არაუგვიანეს ამ კანონის 71 მუხლის ამოქმედებიდან 60 დღისა, არ დაექვემდებარებიან დაჯარიმებას იმავე  მუხლის შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ.

მუხლი 39. კანონის ამოქმედება

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-7, 21-ე და 29-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის მე-7 და 21-ე მუხლები ამოქმედდეს 2019 წლის 1 იანვრიდან.

3. ამ კანონის 29-ე მუხლი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

21 ივლისი 2018 წ.

N3303-რს

11. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4312-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 10. 27/06/2024 - საქართველოს კანონი - 4313-XIVმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/07/2024 9. 16/11/2023 - საქართველოს კანონი - 3728-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 07/12/2023 8. 01/11/2023 - საქართველოს კანონი - 3601-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 20/11/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 7. 21/09/2023 - საქართველოს კანონი - 3531-XIIIმს-Xმპ - ვებგვერდი, 12/10/2023 6. 09/02/2023 - საქართველოს კანონი - 2551-XIმს-Xმპ - ვებგვერდი, 27/02/2023 5. 01/12/2022 - საქართველოს კანონი - 2286-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 4. 30/11/2022 - საქართველოს კანონი - 2208-IXმს-Xმპ - ვებგვერდი, 15/12/2022 3. 02/08/2021 - საქართველოს კანონი - 895-Vრს-Xმპ - ვებგვერდი, 04/08/2021 2. 15/07/2020 - საქართველოს კანონი - 7008-რს - ვებგვერდი, 28/07/2020 1. 19/03/2020 - საქართველოს კანონი - 5860-IIს - ვებგვერდი, 23/03/2020