„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 832-IIმს-XIმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/2025
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/06/2025
სარეგისტრაციო კოდი 280060000.05.001.102728
832-IIმს-XIმპ
26/06/2025
ვებგვერდი, 30/06/2025
280060000.05.001.102728
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.08.2018, სარეგისტრაციო კოდი: 280060000.05.001.019066) მე-6 მუხლის:

ა) პირველი−მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შემოსავლების სამსახური საპენსიო ფონდის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად მას შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით. საპენსიო ფონდი  ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს.

2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის, დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს, მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით ან/და 31 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს. ამასთანავე, საპენსიო ფონდს უფლება აქვს, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო ფონდისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტის ოდენობით. საურავი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ ამ საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. დამსაქმებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული საურავი დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

„31. საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების/დაზუსტების შედეგად დამსაქმებელი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს შესაბამის საპენსიო შენატანს/შენატანებს. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, თუ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით არ განახორციელებს საპენსიო შენატანს.

32. ამ მუხლის მე-3 და 31 პუნქტების შესაბამისად დამსაქმებლისთვის საურავის ან/და ჯარიმის დაკისრება მას არ ათავისუფლებს ამ კანონის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული საპენსიო შენატანის თანხა და საურავი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.“;

დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:

„12. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდება მისი შეუსაბამობა შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას იხელმძღვანელოს მის მიერ აღნიშნული შესწავლის პროცესში მიღებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

26 ივნისი 2025 წ.

N832-IIმს-XIმპ