განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ

განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი ნ-13
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 18/08/2017
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/08/2017
სარეგისტრაციო კოდი 350090000.64.076.016020
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ნ-13
18/08/2017
ვებგვერდი, 18/08/2017
350090000.64.076.016020
განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/08/2017 - 16/08/2019)

 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №ნ-13

2017 წლის 18 აგვისტო
ქ. თბილისი

 

განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „განგრძობითი განათლების სტანდარტი“  თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 მე-9, მე-11 და მე-12 მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3

ამ ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი, მე-7 მე-9, მე-11 და მე-12 მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.


ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიური დოლიძე



განგრძობითი განათლების სტანდარტი

                                                 

 


მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს სტანდარტი, სერტიფიცირებული ბუღალტრის კვალიფიკაციის შენარჩუნებისთვის, განსაზღვრავს  განგრძობითი განათლების პროგრამას და მისი განხორციელებისა და აღიარების სამართლებრივ საფუძვლებს.

მუხლი 2. სტანდარტის სამართლებრივი საფუძვლები

ეს სტანდარტი ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონს (შემდგომ კანონი) და შეესაბამება ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს და ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილ განათლების საერთაშორისო სტანდარტებს (IES).

მუხლი 3. ტერმინთა განმარტება

1. ამ სტანდარტის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სერტიფიცირებული ბუღალტერი − ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ სამსახური) მიერ დადგენილი პროფესიული სერტიფიცირების სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებულია ბუღალტერთა ან/და აუდიტორთა პროფესიული ორგანიზაციის მიერ ან სერტიფიცირებულ ბუღალტრად აღიარებულია  კანონით და რომელიც სერტიფიცირების შემდეგ თავის კვალიფიკაციას განგრძობითი განათლების სტანდარტის შესაბამისად ადასტურებს;

ბ)  განგრძობითი განათლება − სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების შემდგომ სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ უკვე შეძენილი პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნების და განვითარების პროცესი;

გ) განგრძობითი განათლების პროგრამა − სასწავლო კურსების (სილაბუსების) ერთობლიობა, რომელშიც მოცემულია პროგრამის მიზნები, სწავლის შედეგები, სწავლის ერთეულები (საათები), სასწავლო პროცესის განხორციელების თავისებურებები.

2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტისა, ამ სტანდარტის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინები განიმარტება კანონითა და სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

მუხლი 4. განგრძობითი განათლების მიზანი

განგრძობითი განათლების  მიზანია:

ა) სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ უკვე შეძენილი პროფესიული კომპეტენციის შენარჩუნება და განვითარება, რომელიც საჭიროა პირის მიერ სათანადო პროფესიული  მომსახურების გასაწევად და პროფესიისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხის ასამაღლებლად;

ბ) ახალი როლის შესასრულებლად საჭირო პროფესიული კომპეტენციის შეძენა და მათი განვითარება, რაც გამოიხატება ტექნიკური კომპეტენციის, პროფესიული უნარების, პროფესიული ფასეულობების, ეთიკის და დამოკიდებულებების სათანადო დონეზე სრულყოფაში.

მუხლი 5. განგრძობითი განათლების პროცესის წარმართვა

1. განგრძობითი განათლების პროცესს უზრუნველყოფენ პროფესიული ორგანიზაციები.

2. პროფესიული ორგანიზაციები ვალდებული არიან, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთი წევრ სერტიფიცირებულ ბუღალტერთა განგრძობით განათლებას და აწარმოონ შესაბამისი აღრიცხვა.

3. პროფესიულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შიდა პოლიტიკა, სისტემები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი წევრი სერტიფიცირებული ბუღალტრის განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ამ პუნქტით გათვალისწინებული სისტემა გულისხმობს იმ პროცესების/პროცედურების ერთობლიობას, რომელიც უზრუნველყოფს ამ სტანდარტით დადგენილი მიზნების მიღწევას.

4. განგრძობითი განათლების პროგრამის აღიარებას და მის სამსახურის მიერ დადგენილ წესებთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებას უზრუნველყოფს სამსახური.

5. სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია ჩაერთოს სამსახურის მიერ აღიარებულ, სხვა პროფესიული ორგანიზაციის განგრძობითი განათლების  პროგრამაში.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია მის წევრ სერტიფიცირებულ ბუღალტერს, განგრძობითი განათლების გავლის დამადასტურებელი ცნობის წარმოდგენის საფუძველზე,  შესრულებულად ჩაუთვალოს შესაბამისი სწავლის ერთეული (საათი).

მუხლი 6. განგრძობითი განათლების  მოთხოვნა

1. სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია ყოველწლიურად აკმაყოფილებდეს განგრძობითი განათლების მიმართ მოთხოვნებს და სერტიფიცირების შემდეგ ადასტურებდეს თავის კვალიფიკაციას.

2. სერტიფიცირებული ბუღალტერი, განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესასრულებლად, ვალდებულია ყოველი 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე გაიაროს განგრძობითი განათლების სულ მცირე 120 საათი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული).

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამწლიანი თანმიმდევრული პერიოდის ათვლა იწყება სერტიფიცირებული ბუღალტრის სტატუსის მინიჭების მომდევნო კალენდარული წლიდან.

4. სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია, 3 (სამი) უწყვეტი კალენდარული წლის მანძილზე, ყოველ წელს გაიაროს, სულ მცირე, შემოწმებადი 30-საათიანი (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეული) განგრძობითი  განათლება.

5. პროფესიული ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილია  გაზარდოს განგრძობითი განათლებისთვის სავალდებულო, ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სწავლის ერთეულის რაოდენობა  ყველა წევრის ან მათი ნაწილისათვის. საჭიროება შეიძლება გამომდინარეობდეს ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის, დიაგნოსტიკური ანგარიშის ან პროფესიული ორგანიზაციის მიერ განხორციელებული  კვლევის შედეგებიდან ან კანონმდებლობაში, სტანდარტებში ან აუდიტის სფეროში   მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებით.

6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, გავლილი საათების რაოდენობიდან 90 საათი  უნდა იყოს  შემოწმებადი, ხოლო 30 საათი არაშემოწმებადი, ამ სტანდარტის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. 

7. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია მისი წევრი სერტიფიცირებული ბუღალტრისთვის უზრუნველყოს განგრძობითი განათლებისთვის საჭირო ინფორმაციის, და არსებობის შემთხვევაში, სასწავლო რესურსების ხელმისაწვდომობა.

8. პროფესიული ორგანიზაციები უფლებამოსილნი არიან ითანამშრომლონ განგრძობითი განათლების მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, შესაფერისი გარემოს შექმნისა და მუდმივი გაუმჯობესებისათვის.    

მუხლი 7. განგრძობითი განათლების ფორმები

1. განგრძობითი განათლების ფორმებია:

ა) შემოწმებადი განგრძობითი განათლება;

ბ) არაშემოწმებადი განგრძობითი განათლება.

2.  შემოწმებადი განგრძობითი განათლებაა:

ა) პროფესიული ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული განგრძობითი განათლების პროგრამებში მონაწილეობა;

ბ) სწავლა სამუშაო ადგილზე (აუდიტორული ფირმის პოლიტიკის ფარგლებში);

გ) პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევა, პროფესიული, ტექნიკური ან აკადემიური სახის სტატიის/ნაშრომის გამოქვეყნება ან წიგნის გამოცემა;

დ) პროფესიული სასერტიფიკაციო გამოცდების განმეორებით ჩაბარება;

ე) ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის, ფინანსების ან/და ეკონომიკის მიმართულებით მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება;

ვ) განგრძობითი განათლების პროგრამის სწავლებაში მონაწილეობა (ლექტორობა, ინსტრუქტორობა);

ზ) პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენციებში მონაწილეობა.

3.  არაშემოწმებადი განგრძობითი განათლებაა:

ა) პროფესიასთან დაკავშირებით ბრიფინგებზე ან შესაბამის განხილვებში მონაწილეობა;

ბ) პროფესიული ლიტერატურის ან ჟურნალების გაცნობა, რაც პიროვნებას დაეხმარება პროფესიული როლის შესრულებაში;

გ) პროფესიულ განვითარებაში დახმარება სხვა სერტიფიცირებული ბუღალტრისათვის ან პირიქით.

მუხლი 8. განგრძობითი განათლების მიზნის მიღწევის შეფასება

1. იმისათვის, რომ სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ მიღწეულ იქნეს განგრძობითი განათლების მიზნები, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს  სწავლის შედეგზე დაფუძნებული მიდგომით. ამასთან, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ასევე გამოიყენოს დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომა.

2. სწავლის შედეგზე დაფუძნებული მიდგომის შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია განგრძობითი განათლების მიზნის მიღწევის შეფასებისთვის ხელმძღვანელობს სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ წარდგენილი, შედეგის ამსახველი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს მიღწეულ და შენარჩუნებულ კომპეტენციას.

3. დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომის შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია განგრძობითი განათლების მიზნის მიღწევის შეფასებისთვის ხელმძღვანელობს იმ სასწავლო ღონისძიებაზე დასწრებით, რომლის მოცულობა (სწავლის ერთეული) და შინაარსი წინასწარ განსაზღვრულია.

მუხლი  9.  სწავლის შედეგების დადასტურება

1. როდესაც განგრძობითი განათლების მიზნები მიიღწევა სწავლის შედეგებზე დაფუძნებული მიდგომით,  სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ  წარდგენილი დოკუმენტაციით  უზრუნველყოფილი (კომპეტენტური პირის მიერ დადასტურებული) უნდა იყოს მიღწეული პროფესიული კომპეტენციის ნათლად იდენტიფიცირება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ  წარდგენილი დოკუმენტაცია შეიძლება იყოს:

ა)  გამოქვეყნებული მასალის (ნაშრომის) რეცენზენტის მიერ შეფასება;

ბ)  გამოცდის შედეგი;

გ) პროფესიული სტატიის ან სამეცნიერო კვლევის პროექტის შედეგების გამოქვეყნება;

დ) მაგისტრის ან დოქტორის ხარისხის მიღება.

3. დასწრებაზე  დაფუძნებული  მიდგომის  შეფასება ხდება სწავლების ღონისძიებაზე დახარჯული დროის მიხედვით.

4.  დასწრებაზე დაფუძნებული მიდგომის დროს, დადასტურების მიზნებისათვის გამოიყენება შემდეგი:

ა) პროგრამის შინაარსი და სასწავლო მასალები;

ბ) ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებს სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ სწავლების ღონისძიებაზე/სასწავლო კურსზე დასწრებას;

გ) სწავლების პროცესში მონაწილე ინსტრუქტორის, დამსაქმებლის, ლექტორის მონაწილეობის დამადასტურებელი ინფორმაცია.

მუხლი 10. განგრძობითი განათლების მოთხოვნების შესრულების შესახებ ინფორმაციის წარდგენა

1. სერტიფიცირებული ბუღალტერი ვალდებულია პროფესიულ ორგანიზაციას, ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 31 იანვრისა წარუდგინოს ინფორმაცია განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულების შესახებ. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის ელექტონულ ან/და მატერიალურ ფორმას ადგენს  პროფესიული ორგანიზაცია.

2. იმ შემთხვევაში თუ სერტიფიცირებული ბუღალტრის მიერ ვერ დასტურდება განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულება, პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია  მოსთხოვოს მას დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

3. სერტიფიცირებულ ბუღალტერი, რომელიც განგრძობით განათლებას გაივლის პროფესიული ორგანიზაციის მიერ განგრძობითი განათლების ფარგლებში ორგანიზებულ სასწავლო პროცესში, თავისუფლდება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებისაგან.

მუხლი  11. განგრძობითი განათლების მოთხოვნების ჩათვლა

1. სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია, მიიღოს განგრძობითი განათლების მოთხოვნის ჩათვლა:

ა) არაუმეტეს შემოწმებადი 30  სწავლის ერთეულის (საათის)  ოდენობით, სტუდენტის აქტიური სტატუსის პერიოდში ორი თანმიმდევრული წლის განმავლობაში, ბიზნესის ადმინისტრირების, ბუღალტრული აღრიცხვის, მენეჯმენტის, ფინანსების ან/და ეკონომიკის მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებისათვის;

ბ) არაუმეტეს შემოწმებადი  30 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით ყოველწლიურად, პროფესიული ორგანიზაციის მიერ განგრძობითი განათლების პროგრამის სწავლების პროცესში,  განგრძობითი განათლების პროგრამით გათვალისწინებულ  საგანში (თემატიკაში) ლექტორობით/ ინსტრუქტორობით;

გ) არაუმეტეს შემოწმებადი  40 სწავლის   ერთეულის (საათის)  ოდენობით, თუ გამოაქვეყნა ტექნიკური, პროფესიული ან აკადემიური ხასიათის სტატიები, სამეცნიერო ნაშრომი ან გამოსცა წიგნი ან ჩაატარა პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა და რომლებიც შეფასებულია რეცენზენტის მიერ;

დ) არაუმეტეს 30 სწავლის ეკვივალენტური ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ განმეორებით ჩააბარა პროფესიული სასერტიფიკაციო გამოცდა;

ე) არაუმეტეს 10 სწავლის ერთეულის (საათის) ოდენობით, თუ პირი ადასტურებს პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონფერენციაში მონაწილეობას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის განმეორებით ჩაბარება სერტიფიცირებულ ბუღალტერს განგრძობით განათლებად ჩაეთვლება, თუ ჩაბარებულ გამოცდებს შორის პერიოდი არანაკლებ 3 (სამი) წელია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის დამადასტურებელ ცნობას გასცემს შესაბამისი პირი.

4. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, სერტიფიცირებული ბუღალტერი უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას მიმართოს დამსაქმებელ აუდიტორულ ფირმაში გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლის მოთხოვნით.

მუხლი 12. აუდიტორულ ფირმაში გავლილი სასწავლო ღონისძიებების ჩათვლა

1. პირი განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულების დადასტურებისათვის უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას წარუდგინოს დამსაქმებელ აუდიტორულ ფირმაში შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/ინფორმაცია (სწავლის ერთეული (საათი), სასწავლო ღონისძიების დასახელება, ნომერი და შინაარსი).

2. პროფესიული ორგანიზაცია, უფლებამოსილია ჩაუთვალოს სერტიფიცირებულ ბუღალტერს სამუშაო ადგილზე (აუდიტორული ფირმის პოლიტიკის ფარგლებში) გავლილი სასწავლო ღონისძიებების (ტრენინგის, სემინარის, ელექტრონული სწავლების და ა.შ) შესაბამისი სწავლის ერთეული (საათი) განგრძობითი განათლების მოთხოვნის შესრულებად.

3. სასწავლო ღონისძიებების პოლიტიკა და პროცედურები აუდიტორული ფირმის შიდა კონტროლის სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესაბამისად უნდა იყოს დოკუმენტირებული.

მუხლი  13. განგრძობითი განათლების გადავადება და შეჩერება

1. სერტიფიცირებული ბუღალტერი, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემთხვევებისა, უვადოდ ირიცხება პროფესიული ორგანიზაციის სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრში.

2. თუ სერტიფიცირებული ბუღალტერი მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ ასრულებს სავალდებულო განგრძობითი განათლების მოთხოვნებს, იგი უფლებამოსილია მიმართოს პროფესიულ ორგანიზაციას მიმდინარე წლის განგრძობითი განათლების სრულად გავლისათვის გასავლელი საათების არაუმეტეს მომავალი წლისთვის გადავადების მოთხოვნით და წარადგინოს შესაბამისი ცნობა/დოკუმენტაცია. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი რჩება პროფესიული ორგანიზაციის სერტიფიცირებულ ბუღალტერთა რეესტრში და ექვემდებარება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს.

3. თუ პროფესიული ორგანიზაციის მიერ ამ სტანდარტის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოვლინდა, რომ სერტიფიცირებული ბუღალტერი არ აკმაყოფილებს ამ სტანდარტის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს და არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, მიმდინარე წლის გასავლელი საათების მომავალი წლისთვის გადავადების საფუძველი, პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს პირის სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრიდან ამოღება.

4. პირი, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ამოღებულია სერტიფიცირებული ბუღალტრის რეესტრიდან, რეესტრში  ასახვის მოთხოვნით უფლებამოსილია მიმართოს მისთვის სასურველ პროფესიულ ორგანიზაციას და წარუდგინოს არანაკლებ შეჩერებული პერიოდისათვის (კალენდარული წლისათვის) შესაბამისი განგრძობითი განათლების ან არაუმეტეს 120 საათის (ან მისი ეკვივალენტური სწავლის ერთეულის) გავლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ამ პუნქტის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია ასახოს სერტიფიცირებული ბუღალტერი შესაბამის რეესტრში. პირი რეესტრში ასახვის შემდეგ ექვემდებარება პროფესიული ორგანიზაციის მიერ დადგენილ წესებს.

მუხლი 14. პროგრამების შედგენისათვის საჭირო კვლევა

 1. პროფესიული ორგანიზაცია  საჭიროებისამებრ ატარებს კვლევას სერტიფიცირებული ბუღალტრის განგრძობითი განათლებისთვის საჭირო სასწავლო პროგრამების შედგენის მიზნით.

2. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია დამსწრეებისაგან სალექციო კურსის ბოლოს მიიღოს ელექტრონული ან/და მატერიალური ფორმით შეფასება (მათ შორის სილაბუსის და  ლექტორის შესახებ) და აღნიშნული გამოკითხვის შედეგები გაითვალისწინოს შემდგომი პროგრამების შედგენისათვის.       

მუხლი 15. განგრძობითი განათლების პროგრამის აღიარება

1. პროფესიული ორგანიზაციის მიერ წარდგენილ განგრძობითი განათლების პროგრამას ამ სტანდარტთან შესაბამისობის საფუძველზე აღიარებს სამსახური.

2. განგრძობითი განათლების პროგრამის აღიარების მიზნით, სამსახურს უნდა წარედგინოს განცხადება, რომელსაც უნდა დაერთოს განგრძობითი განათლების  პროგრამა.

3. განგრძობითი განათლების პროგრამაში, მისი განხორციელების პროცესში ან გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობაში ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ხარვეზ(ებ)ის აღმოფხვრა.

4. პროფესიული ორგანიზაცია ვალდებულია არაუგვიანეს ყოველი  კალენდარული წლის 1 სექტემბრამდე წარუდგინოს სამსახურს განცხადება განახლებული განგრძობითი განათლების პროგრამის აღიარების მოთხოვნით.

5.  პროფესიული ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამ სტანდარტთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით  სამსახური უფლებამოსილია მონიტორინგის პროცესში ჩართოს შესაბამისი სფეროს ექსპერტები.

მუხლი 16.  განგრძობითი განათლების პროგრამა

1. განგრძობითი განათლების პროგრამამ უნდა მოიცვას სიახლეები, შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code);

ბ) ხარისხის კონტროლის საერთაშორისო სტანდარტების (ISQC);

გ) აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA) და აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების საერთაშორისო საბჭოს (IAASB) მიერ  ან მისი უფლებამონაცვლე ორგანოს მიერ მიღებული და დამტკიცებული მიმოხილვისა და დაკავშირებული მომსახურების, აგრეთვე სხვა მარწმუნებელი გარიგების საერთაშორისო სტანდარტები;

დ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები;

ე) საგადასახადო, ბიზნეს კანონმდებლობა და სფეროს მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, პროგრამის სასწავლო თემატიკა უნდა შეივსოს აუდიტორების/გარიგების პარტნიორების/აუდიტორული ფირმების ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის შედეგების, დიაგნოსტიკური ანგარიშის, კვლევის შედეგების და ეკონომიკურ გარემოში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალისწინებით.

3. სასწავლო კურსის სილაბუსი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სასწავლო პროგრამის დასახელება და ნომერი;

ბ) სასწავლო კურსის თემატიკა (დეტალურად);

გ) პროგრამის სწავლების ფორმატი;

დ) სწავლის შედეგები;

ე) სასწავლო კურსის მიზანი;

ვ) სწავლის ერთეულის ოდენობა (საათები);

ზ) სასწავლო ლიტერატურა და სხვა რესურსები;

თ) სწავლების ენა;

ი) პროგრამის ავტორი.

4. განგრძობითი განათლების  პროგრამის შესახებ სრული ინფორმაცია, არსებობის შემთხვევაში სასწავლო ლიტერატურა და სხვა რესურსები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მსმენელისათვის პროგრამის დაწყებამდე.

მუხლი  17. სასწავლო პროცესის ორგანიზება    

1. პროფესიული ორგანიზაციის მიერ განგრძობითი განათლების ფარგლებში ორგანიზებული სასწავლო პროცესი უნდა ტარდებოდეს  ლექციებისა და პრაქტიკული მაგალითების განხილვით, ლექციის  ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ საათზე ნაკლები.

2. სასწავლო პროგრამას უნდა ადგენდნენ და ლექციებს უძღვებოდნენ მაღალი კვალიფიკაციისა და პროფესიული რეპუტაციის მქონე ინსტრუქტორები/ექსპერტები, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი საგნის/თემატიკის სიღრმისეული ცოდნა და საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება.

3. სალექციო პროცესი უნდა იყოს ინტერაქტიული − ლექტორი/ ინსტრუქტორი/ექსპერტი ნათლად უნდა ახდენდეს პროგრამის შინაარსის პრეზენტაციას და მსმენელს უნდა ჰქონდეს  კითხვის დასმის და შესაბამისად პასუხის მიღების საშუალება.

4. სასწავლო გარემო უნდა იყოს სწავლისათვის შესაფერისი და უნდა პასუხობდეს თანამედროვე მოთხოვნებს. აუდიტორიები უნდა იყოს აღჭურვილი როგორც საპრეზენტაციო ტექნიკით, ასევე სხვა საჭირო ინვენტარით.

5. ლექციაზე დასწრების ჩანაწერების წარმოება  და  მათი დადასტურების მიზნით 6 წლის  ვადით შენახვა  სავალდებულოა.

6. სამსახურის წარმომადგენელი მსმენელთა დასწრების მონიტორინგისა და სასწავლო პროცესის შეფასების მიზნით  უფლებამოსილია დაესწროს   პროფესიული ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ სასწავლო პროცესში ჩატარებულ ლექციებს.

მუხლი 18. რეესტრი

1. განგრძობითი განათლების პროგრამების  რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამსახური.

2. რეესტრში რეგისტრაციისას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პროგრამებს ენიჭებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომერი.

3. აღიარებული პროგრამების შესახებ რეესტრში უნდა იყოს  ინფორმაცია:

ა) იმ პირის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდების, იურიდიული და ფაქტობრივი მისამართის, ვებგვერდის მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის და საიდენტიფიკაციო  ნომრის შესახებ, რომლის პროგრამებიც აღიარებულია;

ბ) პროგრამის დასახელება,  აღიარების თარიღი და მოქმედების პერიოდი.

მუხლი 19. პროგრამის გასაჯაროება

ის პირი, რომლის განგრძობითი განათლების პროგრამა აღიარებულია სამსახურის მიერ, ვალდებულია თავის საიტზე განათავსოს აღიარებული პროგრამა.             

მუხლი 20. გარდამავალი დებულება

1. პროფესიული ორგანიზაცია უფლებამოსილია, 2017 წლის 1 იანვრის შემდგომ გავლილი სწავლის ერთეულის (საათის) რაოდენობა ჩაუთვალოს სერტიფიცირებულ ბუღალტერს ამ სტანდარტის შესაბამისად.

2. ამ სტანდარტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში, პროფესიულმა ორგანიზაციებმა უზრუნველყონ  2017 წლის განგრძობითი განათლების პროგრამის სამსახურის მიერ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და აღიარება სამსახურის მიერ დადგენილი წესით.

3. პროფესიული ორგანიზაციების მიერ 2017 წლის განგრძობითი განათლების პროგრამის აღიარებისათვის არ მოითხოვება  ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის  „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასწავლო კურსის სილაბუსში სასწავლო კურსის თემატიკის დეტალურად აღწერა და სასწავლო ლიტერატურისა და სხვა რესურსების წარდგენა.


6. 30/08/2023 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-10 - ვებგვერდი, 04/09/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 23/08/2023 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-9 - ვებგვერდი, 25/08/2023 4. 22/03/2021 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-3 - ვებგვერდი, 24/03/2021 3. 15/07/2020 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-9 - ვებგვერდი, 16/07/2020 2. 29/04/2020 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-3 - ვებგვერდი, 30/04/2020 1. 16/08/2019 - ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება - ნ-13 - ვებგვერდი, 19/08/2019 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას