პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 111/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 05/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.017184
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
111/ნ
05/09/2016
ვებგვერდი, 05/09/2016
430030000.22.022.017184
პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (05/09/2016 - 27/09/2016)

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №111/ნ

2016 წლის 5  სექტემბერი

ქ. თბილისი

 

პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესის დამტკიცების თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ1“ ქვეპუნქტისა და ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 თებერვლის №68 დადგენილების III თავის ,,მასწავლებლობის უფლების მოპოვება ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებისთვის“ საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი დამტკიცდეს ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა



დანართი
პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი

თავი I
ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. რეგულირების საგანი
პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საფუძვლებს, წესსა და პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამავე წესის მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) აპლიკანტი – ბაკალავრის, მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც მიღებული აქვს „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის (შემდგომში – ეროვნული სასწავლო გეგმა) შესაბამისი საგნის/საგნობრივი ჯგუფის აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება (ამ შემთხვევაში აუცილებელია სრული ზოგადი განათლების ქონა), წარმატებით აქვს ჩაბარებული ,,საგნის გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 25 სექტემბრის №124/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგნის გამოცდის ჩატარების წესით (შემდგომში – საგნის გამოცდის ჩატარების წესი) გათვალისწინებული იმ საგნის გამოცდა, რომლის შესაბამისი აკადემიური ხარისხიც/განათლებაც აქვს და დარეგისტრირდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე;

ბ) მასწავლებელი – მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც ერთ საგანს მაინც ასწავლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;

გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა – ბაკალავრიატისა და მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო – სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისაგან დამოუკიდებელი, შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა;

დ) საგნის გამოცდა -  საგნის გამოცდის ჩატარების წესით გათვალისწინებული საგნის გამოცდა, რომლის წარმატებით ჩაბარების შედეგად აპლიკანტი მოიპოვებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე გასვლის უფლებას;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა – გამოცდა, რომლის საფუძველზეც აპლიკანტი ჩაირიცხება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.


მუხლი 3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველი
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;                                                     

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნის გამოცდა ტარდება საგნის გამოცდის ჩატარების წესის შესაბამისად.


თავი II
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღება

მუხლი 4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის გამოცხადება
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შესაბამის პროგრამაზე აპლიკანტთა ჩარიცხვის წლის 15 თებერვლამდე აცხადებს აპლიკანტთა მიღებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (შემდგომში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) მიერ დადგენილი ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტთა მიღების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სპეციალურ პროგრამაში ასახული ინფორმაციის სისწორე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, სპეციალურ პროგრამაში არსებული ღილაკის მეშვეობით, დადასტურებული იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

3. სპეციალურ პროგრამაში მითითებული უნდა იყოს:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი;

ა.გ) ტელეფონი (ფაქსი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

ა.დ) ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

ბ)  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი;

გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

დ) ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ;

ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა და ადგილების რაოდენობა საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე;

ვ) სწავლის საფასური;

ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნის გამოცდა;

თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა;     

ი) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

კ) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;

ლ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნის გამოცდას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შესაბამისად.

5. საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  უფლებამოსილია შეცვალოს საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა, ისე რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა;

6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამის წელს ვერ ჩარიცხავს აპლიკანტებს, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში არ შეავსებს სპეციალურ პროგრამას.

7. სპეციალური პროგრამის საფუძველზე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ამუშავებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემებს ელექტრონულად.

8. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალურ პროგრამაში გათვალისწინებულ ელექტრონულად დამუშავებულ ინფორმაციას განათავსებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განთავსებულ ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც იწარმოებს აპლიკანტთა მიღება.


მუხლი 5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა
1. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ აპლიკანტი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით გადის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე.

2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად ადგენს მის მიერ განსაზღვრული გამოცდის შინაარს, ჩატარების ფორმასა და გამოცდის ჩატარებასთან დაკავშრებულ პროცედურებს.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აპლიკანტთა რეგისტრაციის გამოცხადებასა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას  აქვეყნებს მის ოფიციალურ ვებგვერდზე.


მუხლი 6. რანჟირების დოკუმენტი
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, მის მიერ განსაზღვრული გამოცდის საბოლოო შედეგების დაინტერესებულ მხარეთათვის საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით გაცნობის შემდეგ, ქმნის რანჟირების დოკუმენტს.

2. რანჟირების დოკუმენტში მოხვდება მხოლოდ ის პირი, რომელმაც საგნის გამოცდა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რანჟირების დოკუმენტს ქმნის შესაბამის  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობისა და აპლიკანტთა მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულის შესაბამისად.

4. თუ რანჟირების დოკუმენტის შექმნის პროცესში აღმოჩნდება, რომ თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აპლიკანტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იღებს გადაწყვეტილებას მისთვის გამოყოფილი მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების დამატების თაობაზე. 


მუხლი 7. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შემუშავებული რანჟირების დოკუმენტის საფუძველზე.

2. აპლიკანტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა შეიძლება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - დიპლომის ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტისა და კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

3. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აპლიკანტის ჩარიცხვა ფორმდება, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და აპლიკანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. 

4. იმ პირების თაობაზე, რომლებთანაც გაფორმდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დგება რექტორის ერთიანი აქტი, რომელიც იმავე წლის 5 ოქტომბრამდე იგზავნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. რექტორის ერთიან აქტში მითითებული უნდა იყოს აპლიკანტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, შესაბამის საგნის გამოცდაზე აპლიკანტის საიდენტიფიკაციო კოდი, საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული საგანი, რომელიც წარმატებით ჩააბარა აპლიკანტმა  და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში მიღებული ქულა.

5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 7 ოქტომბრის ჩათვლით წარადგენს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი ფორმის შესაბამის ინფორმაციას ჩარიცხული პირების შესახებ ელექტრონული ფორმით.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემის შემდეგ პირი ირიცხება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.


მუხლი 8. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა
1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერებად განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერების საფუძველია: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება.

3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსის შეწყვეტის საფუძველია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეჩერებიდან 5-წლიანი ვადის გასვლა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა, ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული სხვა საფუძველი, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით/პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობას ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელებას.

4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. პირი, რომელსაც შეჩერებული აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსი, არ განიხილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების საერთო რაოდენობის ფარგლებში. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების რაოდენობის აღრიცხვის მიზნით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში (შემდგომში – რეესტრი) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსის შეჩერების რეგისტრაცია.

6. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის  სტატუსის აღდგენა იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც პირს შეუჩერდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სტატუსი, დასაშვებია სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლების გადაჭარბებით. ამ შემთხვევაში სტუდენტების საერთო რაოდენობის ზევით ჩარიცხული პირების რაოდენობა გამოაკლდება მომდევნო სასწავლო წლისათვის დაწესებულების მიერ დადგენილ სტუდენტთა მისაღები ადგილების რაოდენობას.


თავი III
გარდამავალი დებულებანი

მუხლი 9. გარდამავალი დებულებანი
1. 2021 წლის ბოლომდე აპლიკანტი შესაძლებელია იყოს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების საფუძველია იმ საგნის გამოცდის ჩაბარება, რომლის სწავლებაც სურს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია პირი ჩარიცხოს მის მიერ ჩაბარებული საგნის გამოცდის შესაბამის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამის მოდულზე.

2. ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგნის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება:

ა) პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება (ამ შემთხვევაში აუცილებელია სრული ზოგადი განათლების ქონა) და საგნის გამოცდის ჩატარების წესის შესაბამისად, ამ წესის დამტკიცებამდე  წარმატებით აქვს დაძლეული საგნის გამოცდა;

ბ) პირი, რომელსაც აქვს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლება და წარმატებით აქვს ჩაბარებული ,,მასწავლებელთა სერტიფიცირების დებულებისა და მასწავლებლის სერტიფიკატის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 4 დეკემბრის №1101 ბრძანებით გათვალისწინებული მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის შინაარსობრივი ნაწილი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით  გათვალისწინებულ პირს უფლება აქვს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაში. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირი, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან სამხედრო/სასპორტო პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს.

4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2016 წელს აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით:

ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგენს სპეციალურ ანკეტა-კითხვარს (შემდგომში – ანკეტა);

ბ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი 7 სამუშაო დღის ვადაში ამოწმებს ანკეტაში ასახული ინფორმაციის სისწორეს;

გ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს ანკეტის ფორმას, რომელიც განთავსდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს:

გ.ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების:

გ.ა.ა) სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება;

გ.ა.ბ) იურიდიული მისამართი და პროგრამის განხორციელების ადგილი;

გ.ა.გ) ტელეფონი (ფაქსი) და ელექტრონული ფოსტის მისამართი;

გ.ა.დ) ხელმძღვანელი პირ(ებ)ის ვინაობა მათი საკონტაქტო ტელეფონების მითითებით;

გ.ბ)  მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, მიზანი და სწავლის შედეგი;

გ.გ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოცულობა კრედიტებში;

გ.დ) ინფორმაცია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების შესახებ;

გ.ე) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა და ადგილების რაოდენობა საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით ცალ-ცალკე;

გ.ვ) სწავლის საფასური;

გ.ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული საგნის გამოცდა;

გ.თ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდა;

გ.ი) სწავლების ენა საგანმანათლებლო პროგრამის მიხედვით;

გ.კ) აპლიკანტისათვის განსაზღვრული სპეციალური პირობები;

გ.ლ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია;

დ) საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების შეუვსებლობის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება  უფლებამოსილია შეცვალოს საგნის გამოცდის ჩატარების წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული თითოეული საგნის მიხედვით განსაზღვრული ადგილების რაოდენობა, ისე რომ არ შეიცვალოს ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის ,,გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ადგილების ჯამური რაოდენობა;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე შესაბამის წელს ვერ ჩარიცხავს აპლიკანტებს, თუ ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში არ წარადგენს ანკეტას;

ვ) განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ანკეტას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე.



10. 16/01/2024 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 19/ნ - ვებგვერდი, 17/01/2024 9. 18/10/2023 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 97/ნ - ვებგვერდი, 19/10/2023 8. 13/12/2022 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 124/ნ - ვებგვერდი, 14/12/2022 7. 08/10/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 88/ნ - ვებგვერდი, 08/10/2021 6. 29/07/2021 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 55/ნ - ვებგვერდი, 30/07/2021 5. 29/04/2020 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 53/ნ - ვებგვერდი, 30/04/2020 4. 12/07/2019 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 147/ნ - ვებგვერდი, 15/07/2019 3. 08/11/2018 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 50/ნ - ვებგვერდი, 08/11/2018 2. 02/02/2017 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 16/ნ - ვებგვერდი, 03/02/2017 1. 27/09/2016 - საქართველოს მინისტრის ბრძანება - 127/ნ - ვებგვერდი, 27/09/2016