თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 26/02/2016
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2016
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016083
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
2
26/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
040170050.57.069.016083
თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/02/2016 - 20/01/2017)

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №2

2016 წლის 26 თებერვალი

ქ. თბილისი

 

 

თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ

 


„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტისა და მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს:

ა) „თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები“;

ბ) ცნობა თეთრ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესახებ (დანართი).

2. ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 მარტიდან.

3. ბრძანება გავრცელდეს მხოლოდ მისი ამოქმედების შემდეგ წარმოდგენილი მომართვების განხილვაზე.

 



სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე



თეთრი სიის წარმოების წესი და პირობები

 


მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს წესი და პირობები (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და განსაზღვრავს მიმწოდებლის შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრში (შემდგომში – თეთრი სია) დარეგისტრირების საფუძვლებს, მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ მომართვის, ასევე მისი განხილვის წესსა და სააგენტოს გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგებს.

2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონსა და მის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.

მუხლი 2. თეთრი სიის ცნება

1. თეთრი სია წარმოადგენს სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებულ ოფიციალურ რეესტრს, რომელშიც რეგისტრირებული მიმწოდებელი სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობისას სარგებლობს კანონითა და ამ წესით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით.

2. სააგენტო თეთრ სიას აწარმოებს საკუთარ ვებგვერდზე (www.procurement.gov.ge) და იგი ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.

მუხლი 3. თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის საფუძვლები

1. ნებისმიერ მიმწოდებელს, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებს, შეუძლია მიმართოს სააგენტოს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით.

2. მიმწოდებელი თეთრ სიაში დასარეგისტრირებლად უნდა აკმაყოფილებდეს  შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს:

ა) იგი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა რეგისტრირებული შავ სიაში;

ბ) მას თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში არ მიუღია გაფრთხილება შავ სიაში დარეგისტრირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად;

გ) იგი თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;

დ) თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის მის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;

ე) მას თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული აქვს არანაკლებ ორი ცნობა მის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა შეადგენდეს 5 000 ლარზე ნაკლებს) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ. ცნობა გაიცემა ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, რომელიც დატანილი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ფორმის დაუცველად წარმოდგენილი ცნობა არ განიხილება;

ვ) მიმწოდებელი (მის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი ყველა პირი) არ არის ნასამართლევი (ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე–182-ე მუხლებით, XXVI თავით (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ), XXVII თავით (დანაშაული ფულად-საკრედიტო სისტემაში), XXVIII თავით (დანაშაული საფინანსო საქმიანობის სფეროში), XXIX (დანაშაული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ), 2231, 2241, 3222, 339-ე, 3391 და 362-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის;

ზ) მას თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის დღისთვის უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში აქვს არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვა, მაგრამ წლის განმავლობაში არანაკლებ 200 000 ლარისა ან ჯეროვნად აქვს შესრულებული უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სულ მცირე 30 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ხუთი ხელშეკრულებისა. ამასთან, სისტემაში ხელშეკრულებას მინიჭებული უნდა ჰქონდეს სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“, ატვირთული უნდა იყოს შესრულებული ვალდებულებების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი და ასახული უნდა იყოს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;

თ) მიმწოდებელს თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის პერიოდისათვის არ გააჩნია დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე;

ი)  მას განახლებული აქვს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“, „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტები შექმნილი (გაცემული) უნდა იყოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ მომართვის სააგენტოში წარდგენის დღემდე არაუგვიანეს ხუთი დღით ადრე.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემდეგი მოთხოვნები უნდა დადასტურდეს შემდეგი დოკუმენტაციით:

ა) რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობით ან მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერით;

ბ) ნასამართლობის არქონა – ნასამართლობის შესახებ ცნობით;

გ) არანაკლებ 1 000 000 ლარის საერთო ბრუნვის ქონა (მათ შორის, წელიწადში არანაკლებ 200 000-ისა) – ან საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით, ან მოგების, ანდა დღგ-ის დეკლარაციებით;

დ) სულ მცირე 30 (მათ შორის, არანაკლებ წელიწადში 5-ისა) ხელშეკრულების შესრულება – მიმწოდებლის მიერ შედგენილი ჩამონათვალით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს სატენდერო/საკონკურსო განცხადების ნომერი ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი;

ე) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არქონა – საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობით.

მუხლი 4. მომართვა

1. თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ მიმწოდებლის მომართვა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (დოკუმენტაციას):

ა) ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“–„ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელ დოკუმენტაციას;

ბ) მიმწოდებლის კორპორაციულ CV-ს, რომელიც უნდა შეიცავდეს:

ბ.ა) მიმწოდებლის რეკვიზიტებს (სახელწოდება/სახელი, სამართლებრივი ფორმა, საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი, რეგისტრაციის თარიღი);

ბ.ბ) ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირ(ებ)ს;

ბ.გ) საკონტაქტო ინფორმაციას (იურიდიული და ფაქტობრივი მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი);

ბ.დ) საქმიანობის სფეროს;

ბ.ე) გამოცდილებას;

გ) ინფორმაციას მიმწოდებლის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაციის შესახებ:

გ.ა) პირის სახელი, კვალიფიკაცია და დაკავებული პოზიცია;

გ.ბ) პირის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები, დიპლომები და სხვა;

დ) ინფორმაციას მიმწოდებლის ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ (მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი მიმწოდებლის შემთხვევაში);

ე) სააგენტოში თეთრ სიაში რეგისტრაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორის დადასტურებას.

2. მიმწოდებლის მიერ შედგენილი დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი და დამოწმდეს ბეჭდით (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში).

3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ინფორმაციას მოიძიებს სააგენტო.

4. არარეზიდენტი პირის მომართვის შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, საზღვარგარეთ გაცემული იდენტური დოკუმენტაცია ლეგალიზებულ უნდა იქნეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს სახელმწიფოს სახელით მოქმედი, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

5. უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალმა (მუდმივმა დაწესებულებამ) თეთრ სიაში რეგისტრაციის მიზნით დამატებით უნდა წარმოადგინოს ძირითადი საწარმოს სახელზე გაცემული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, იდენტური დოკუმენტაცია, რომელიც ლეგალიზებულ უნდა იქნეს ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს სახელმწიფოს სახელით მოქმედი, საკონსულო ლეგალიზაციის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირების შემთხვევაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ელექტრონულად ხელმისაწვდომი ხდება სააგენტოს ვებგვერდზე.

7. თეთრ სიაში რეგისტრაციის მსურველი (მომართვის წარდგენის შემდეგ) და თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებული არიან, ხუთი დღის ვადაში აცნობონ სააგენტოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შესახებ. აღნიშნული ცვლილების შეუტყობინებლობა ან სააგენტოში არასწორი ინფორმაციის წარდგენა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირებაზე/რეგისტრაციის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ან რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს (თუ მიმწოდებელი დარეგისტრირებულია თეთრ სიაში).

მუხლი 5. მომართვის განხილვა

1. სააგენტო თეთრ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ მომართვას იხილავს მისი წარმოდგენიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში.

2. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს მიმწოდებელს წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ან/და დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რაც საჭიროა თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.

3. სააგენტო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს მიმწოდებლის მომართვა, თუ იგი არ წარადგენს (დააზუსტებს) შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს, ამ წესის შესაბამისად, წარმოადგინოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ ახალი მომართვა.

5. სააგენტო მომართვას იხილავს ამ წესითა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

მუხლი 6. გადაწყვეტილების მიღება

1. სააგენტო მომართვის ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად განხილვის შედეგად იღებს გადაწყვეტილებას მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირების ან თეთრ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ.

2. მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრირდება ერთი წლის ვადით.

მუხლი 7. თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელება

1. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ორი და არაუგვიანეს ერთი თვით ადრე, მიმწოდებელს უფლება აქვს, წარადგინოს თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მომართვა, ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.

2. თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გასაგრძელებლად მიმწოდებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ აუცილებელ მოთხოვნებს.

3. თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მოთხოვნისას მიმწოდებელს არ აქვს უფლება, წარმოადგინოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ისეთი ცნობა, რომელიც მას უკვე გამოყენებული აქვს თეთრ სიაში რეგისტრაციისას ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელებისას.

4. სააგენტო თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მომართვას იხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს ამ წესის მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად.

5. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მომართვას წარადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მინიმალური ვადის დარღვევით, მას შესაძლოა არ გაუგრძელდეს რეგისტრაციის ვადა. ასეთ შემთხვევაში, მისი მომართვა ჩაითვლება თეთრ სიაში რეგისტრაციის ახალ მოთხოვნად, რომელიც განიხილება ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 8. მომართვის ხელახლა წარდგენა

მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირებაზე ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელს უფლება აქვს, ამ წესის შესაბამისად, წარმოადგინოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ ახალი მოთხოვნა, თუ შეიცვალა (აღმოიფხვრა) ის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირებაზე ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას.

მუხლი 9. გადაწყვეტილების გამოქვეყნება

1. თეთრ სიაში დარეგისტრირების ან თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე, რაც ითვლება გადაწყვეტილების ოფიციალურ გაცნობად.

2. მომართვის განუხილველად დატოვების, თეთრ სიაში დარეგისტრირებაზე ან თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მხარეს ოფიციალურად ეცნობება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 10. თეთრ სიაში დარეგისტრირების სამართლებრივი შედეგი

1. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი:

ა) თავისუფლდება საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებისაგან, იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის მოთხოვნას;

ბ) წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს წინასწარ გადასახდელი თანხის ნახევარი ოდენობის გარანტიას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;

გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.

2. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი, შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია სრულად გათავისუფლდეს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენის ვალდებულებისაგან.

3. თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული უფლებებით სარგებლობს ნებისმიერი საშუალებით განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობისას.

მუხლი 11. თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმება

მიმწოდებლის თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების ერთ-ერთი საფუძველია:

ა) ამ წესის მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომა;

ბ) შავ სიაში დარეგისტრირება;

გ) გაფრთხილების მიღება;

დ) მოვალეთა რეესტრში დარეგისტრირება;

ე) გაკოტრება;

ვ) ლიკვიდაცია;

ზ) რეორგანიზაცია – თუ მიმწოდებელი აღარ წარმოადგენს თავდაპირველი საწარმოს სამართალმემკვიდრეს;

თ) მის ან მის ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა;

ი) სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების წარმოშობა.

მუხლი 12. გადაწყვეტილების გასაჩივრება

თეთრ სიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჩივრდება სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

1. ამ წესის ამოქმედებამდე მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირებისა და თეთრ სიაში რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებები ინარჩუნებს ძალას.

2. ამ წესის ამოქმედებამდე თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებლებზე ვრცელდება ამ წესის მხოლოდ მე-9 მუხლი.


6. 21/08/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 47 - ვებგვერდი, 22/08/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 5. 13/04/2023 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 41 - ვებგვერდი, 13/04/2023 - ცვლილება შეიცავს გარდამავალ დებულებას 4. 07/12/2022 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 39 - ვებგვერდი, 08/12/2022 3. 06/08/2021 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 29 - ვებგვერდი, 09/08/2021 2. 25/08/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 35 - ვებგვერდი, 29/08/2017 1. 20/01/2017 - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება - 2 - ვებგვერდი, 23/01/2017