დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 3126-IIს |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 04/03/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/03/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 130000000.05.001.017637 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
კონსოლიდირებული ვერსია (27/10/2015 - 21/12/2016)
|
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ
|
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, ამ პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს.
მუხლი 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ცნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების უზრუნველსაყოფად განხორციელებული საქმიანობა, რომელიც გულისხმობს ქვეყნის შიგნით და მისი ფარგლების გარეთ არსებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენას, იდენტიფიცირებას, შეფასებას, თავიდან აცილებასა და აღკვეთას.
მუხლი 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები ამ კანონის მიზნებისთვის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებია: ა) სახელმწიფო თავდაცვა; ბ) საგარეო უსაფრთხოება; გ) შიდა უსაფრთხოება; დ) სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება; ე) ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება; ვ) ინფორმაციული უსაფრთხოება; ზ) მართლწესრიგი.
მუხლი 4. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ღირებულებები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება შემდეგ ღირებულებებს: ა) სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; ბ) თავისუფლება; გ) დემოკრატია და კანონის უზენაესობა; დ) უსაფრთხოება; ე) კეთილდღეობა; ვ) მშვიდობა.
მუხლი 5. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპები ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების განუხრელი დაცვა და პატივისცემა; გ) ერთიანი სამთავრობო მიდგომა; დ) უწყვეტობა; ე) გეგმურობა; ვ) საჯაროობა და სამოქალაქო ჩართულობა.
თავი II ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები
მუხლი 6. სახელმწიფო თავდაცვა სახელმწიფო თავდაცვის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) სამხედრო საფრთხეების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სამხედრო ძალებით უზრუნველყოფა; გ) სამხედრო ძალების განვითარება, მომზადება და საბრძოლო მზადყოფნა; დ) ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციების თავდაცვით მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) ქვეყნის ეკონომიკის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებების ორგანოების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და მოსახლეობის საომარი მდგომარეობისთვის მომზადება და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება; ვ) თავდაცვითი მიზნებისთვის მატერიალური რეზერვების შექმნა; ზ) სამხედრო განათლების სისტემის, მეცნიერებისა და მრეწველობის განვითარება; თ) უსაფრთხოებისა და სამხედრო-ტექნიკურ საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.
მუხლი 7. საგარეო უსაფრთხოება საგარეო უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება; გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის საერთაშორისო დონეზე განხორციელება; დ) ქვეყნის ფარგლების გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა; ე) ქართული დიასპორების ინტერესების დაცვა და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; ვ) სადაზვერვო და საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება; ზ) საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.
მუხლი 8. შიდა უსაფრთხოება შიდა უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) შიდა საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სუვერენიტეტის დაცვა, ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა; გ) ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა; დ) უცხო ქვეყნების ორგანიზაციების, პირთა ჯგუფებისა და ცალკეულ პირთა სადაზვერვო ან/და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სხვა საქმიანობის ნეიტრალიზაცია; ე) ექსტრემისტულ-ტერორისტული იდეოლოგიისა და საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის უზრუნველყოფა; ზ) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის უზრუნველყოფა; თ) მიგრაციული და რეპატრიაციული პროცესების საერთაშორისო დონეზე აღიარებული ნორმების შესაბამისად მართვა; ი) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა; კ) შიდა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება.
მუხლი 9. სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) სოციალურ-ეკონომიკური საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; გ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ეკონომიკური და ფინანსური საქმიანობის ნეიტრალიზაცია; დ) სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ნორმების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ე) სტრატეგიული მნიშვნელობის ეკონომიკური პროექტების უსაფრთხოების ასპექტების შეფასება და შესაბამისი უსაფრთხოების მექანიზმების შემუშავება; ვ) საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ზ) დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; თ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; ი) სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; კ) პანდემიებისგან, ეპიდემიებისგან, ეპიზოოტიებისგან და სხვა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 10. ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოება ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) ეკოლოგიური და ენერგეტიკული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) ბუნებრივი რესურსების გამოყენების ეროვნული უსაფრთხოების მიზნებთან და ამოცანებთან თავსებადობის უზრუნველყოფა; გ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დასაცავად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; დ) ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირება და ლიკვიდაცია; ე) საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების შესაძლებლობათა განვითარება და მათი საქმიანობის კოორდინაცია; ვ) სახიფათო ნარჩენების მართვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) ენერგეტიკული პოლიტიკის ეროვნული უსაფრთხოების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განხორციელება.
მუხლი 11. ინფორმაციული უსაფრთხოება ინფორმაციული უსაფრთხოების სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) საქართველოს საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების გამოვლენა, იდენტიფიცირება, შეფასება და პროგნოზირება; ბ) კრიტიკული ინფორმაციული სისტემების დაცვის უზრუნველყოფა; გ) კიბერსივრცეში საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებების ნეიტრალიზაცია; დ) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ჩართული უწყებების შესაძლებლობათა განვითარება; ე) კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ინსტიტუციური კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება; ვ) ელექტრონული მმართველობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ზ) კიბერსაკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი საგანმანათლებლო ბაზის ჩამოყალიბება და განვითარება; თ) სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციისადმი ელექტრონული მოპყრობის საშუალებათა ფიზიკური, ტექნიკური და პროგრამული დაცვის უზრუნველყოფა.
მუხლი 12. მართლწესრიგი მართლწესრიგის სფერო მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ა) კანონის უზენაესობის განმტკიცება; ბ) კრიმინოგენული ვითარების გასაუმჯობესებლად შესაბამისი მექანიზმების შემუშავება; გ) ტრანსნაციონალურ და ორგანიზებულ დანაშაულებთან ბრძოლა; დ) სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობათა განვითარება; ე) სამართალდაცვით და სისხლის სამართლის სფეროებში საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება.
მუხლი 13. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა საკითხები ამ კანონის მე-6−მე-12 მუხლებით გათვალისწინებული მიმართულებების გარდა, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს სხვა საკითხებსაც, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს აღნიშნულ მიმართულებებთან.
თავი III ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესი
მუხლი 14. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის ორგანიზება 1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით. 2. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია ხორციელდება ამ კანონის II თავში მითითებული მიმართულებების გათვალისწინებით.
მუხლი 15. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტები 1. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია; ბ) საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი; გ) უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიები. 2. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია არის ფუძემდებლური დოკუმენტი, რომელიც განმარტავს ეროვნულ ღირებულებებსა და ინტერესებს, აყალიბებს ქვეყნის უსაფრთხო განვითარების ხედვას, განსაზღვრავს სახელმწიფოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, რისკებსა და გამოწვევებს და ადგენს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის ყველა ეროვნული და უწყებრივი დონის დოკუმენტი. ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას შეიმუშავებს და საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს მთავრობა. მას დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. 3. საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტი ასახავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის არსებითი საშიშროების შემცველ სამხედრო, საგარეო-პოლიტიკურ, შინაპოლიტიკურ, ტრანსნაციონალურ, სოციალურ-ეკონომიკურ და ბუნებრივ და ტექნოგენურ საფრთხეებსა და გამოწვევებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას მიეკუთვნება აგრეთვე თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითად მიმართულებებს, შეიარაღებული ძალების სამომავლო სტრუქტურას (კონკრეტული პერიოდისთვის) და შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის ამაღლების გზებსა და საშუალებებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ სტრატეგიებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიისა, რომლის დამტკიცების წესი განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 5. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებს და სახელმწიფო რწმუნებულებს − გუბერნატორებს ევალებათ უწყებრივი სამოქმედო გეგმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შემუშავება. უწყებრივი სამოქმედო გეგმები განსაზღვრავს უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის − გუბერნატორებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მექანიზმებს. 6. უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივ სამოქმედო გეგმებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი სამოქმედო გეგმების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 16. უწყებრივი დონის დოკუმენტები 1. უწყებრივ დონეზე ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება შესაბამის უწყებათა მიერ შემუშავებული კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით. 2. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების სახეებია: ა) უწყებრივი კონცეფცია; ბ) უწყებრივი სტრატეგია; გ) დოქტრინა; დ) პროგრამა. 3. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების სახეები განისაზღვრება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 17. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები 1. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტები იქმნება ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად და მტკიცდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით. 2. ამ კანონის მიზნებისთვის: ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ; ბ) უწყებრივი სტრატეგია არის შესაბამისი უწყების მიერ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად აღწერილია ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების მიერ იდენტიფიცირებული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უწყებრივ სტრატეგიას აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები; გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი გამოყენების წესს; დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს. 3. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივი დონის კონცეპტუალურ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 18. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები 1. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტები მტკიცდება/მიიღება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, რომლებიც გამოიცემა/მიიღება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უწყებრივი დონის ორგანიზაციულ დოკუმენტებს შეიმუშავებენ კანონით დადგენილი წესით მათთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. უწყებრივი დონის ორგანიზაციული დოკუმენტების საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში შემუშავება სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 19. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები 1. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესი ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის შესაბამისად. 2. ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შესამუშავებლად იქმნება მუდმივმოქმედი ან დროებითი უწყებათაშორისი კომისიები ან/და სამუშაო ჯგუფები, რომელთა სტრუქტურა, უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. 3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებები არიან ეროვნული უშიშროების საბჭო და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო. 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. 5. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის IV თავით.
თავი IV სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო
მუხლი 20. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს დანიშნულება 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო (შემდგომ – საბჭო) შექმნილია საქართველოს მთავრობის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, თავდაცვის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვის მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრის (შემდგომ − პრემიერ-მინისტრი) პოლიტიკური გადაწყვეტილებების მოსამზადებლად. 2. საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოა და უშუალოდ მას ექვემდებარება. 3. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კანონისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 21. საბჭოს უფლებამოსილებები საბჭო საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად: ა) ეცნობა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, სწავლობს მას, ახდენს შიდა და საგარეო საფრთხეების იდენტიფიცირებას, აფასებს მათ და შეიმუშავებს ამ საფრთხეების თავიდან აცილებისათვის საჭირო ზომებს. შენიშვნა: ამ კანონის მიზნებისათვის სახელმწიფო უსაფრთხოება არის სახელმწიფო თავდაცვის, საგარეო, შიდა, სოციალურ-ეკონომიკური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული და ინფორმაციული უსაფრთხოება; ბ) აანალიზებს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; გ) ორგანიზებას უწევს უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სახელმწიფო თავდაცვისა და მართლწესრიგის სფეროებში სახელმწიფო სტრატეგიების და მათი განხორციელებისთვის აუცილებელი ღონისძიებების შემუშავებას; დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სწავლობს და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და ამუშავებს მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს თანამშრომლობის შესახებ; ვ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად შეიმუშავებს რეკომენდაციებს ქვეყნის ფარგლების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებზე; ზ) შეიმუშავებს და განიხილავს სახელმწიფო თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს; თ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ზედამხედველობს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, სახელმწიფო რწმუნებულების − გუბერნატორების და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას და აძლევს მათ შესაბამის რეკომენდაციებს; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისგან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანოებს აძლევს შესაბამის რეკომენდაციებს; კ) კოორდინაციას უწევს საქართველოს არსებითი სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და საგარეო საფრთხეებისა და რისკების გამოვლენისთვის, თავიდან აცილებისთვის, აღკვეთისა და პროგნოზირებისთვის აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას; ლ) შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა პოლიტიკური, სამხედრო, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა საფრთხეების შემცველი შედეგების თავიდან აცილებისა და აღმოფხვრისთვის; მ) ხელმძღვანელობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების პოლიტიკურ დონეზე მართვას; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 22. საბჭოს შემადგენლობა 1. საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. 2. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი. 3. საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე ხმის უფლებით შეიძლება მოწვეულ იქნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, როგორც საბჭოში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი. 4. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ხმის უფლების გარეშე შეიძლება მოწვეულ იქნენ სხვა თანამდებობის პირები. 5. საბჭო ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3962 – ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 23. საბჭოს სხდომა 1. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს სხდომა დახურულია. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს. 3. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, იმართება ორ თვეში ერთხელ. მას იწვევს პრემიერ-მინისტრი. პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს, საბჭოს სხდომა, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილ ვადაზე ადრე მოიწვიოს. 4. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს სხდომის თავმჯდომარის ხმა. 5. საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხზე პრემიერ-მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად. საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრის წარდგინებით იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს სხდომის თავმჯდომარე და საბჭოს მდივანი.
მუხლი 24. პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი 1. პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს (შემდგომ – საბჭოს მდივანი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 2. საბჭოს მდივანი შეიძლება დაინიშნოს საბჭოს შემადგენლობიდან. ასეთ შემთხვევაში საბჭოს მდივნის საქმიანობა არ ანაზღაურდება და იგი საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს პირვანდელ თანამდებობასთან შეთავსებით. 3. საბჭოს მდივანს ჰყავს მოადგილეები, რომელთაც საბჭოს მდივნის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი. 4. საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ პრემიერ-მინისტრის წინაშე. 5. საბჭოს მდივანი: ა) ორგანიზებას უწევს საბჭოს მუშაობას; ბ) ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატს; გ) პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო განრიგს; [გ) პრემიერ-მინისტრს საქართველოს მთავრობის მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას; (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
დ) ამზადებს საბჭოს სხდომებს;
ე) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის საკითხებზე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების შესრულებას; ვ) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ზ) კოორდინაციას უწევს საბჭოს მიერ შექმნილი მუდმივმოქმედი და დროებითი უწყებათაშორისი კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების საქმიანობას; თ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს და სამართლებრივ აქტებს; ი) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საბჭოს აპარატის მიერ მომზადებული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებას, განსაიდუმლოებას და საიდუმლოობის გრიფის შეცვლას; კ) დადგენილი წესით ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
მუხლი 25. საბჭოს აპარატი 1. საბჭოს მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით გააჩნია აპარატი, რომელიც არის საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული რეჟიმის სამსახური. 2. საბჭოს აპარატი საბჭოსთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად: ა) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების პროექტების შემუშავებას; ბ) მონიტორინგს უწევს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულებისთვის − გუბერნატორებისთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პრემიერ-მინისტრს; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო დარგობრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანოებისგან გამოითხოვს ინფორმაციას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ და საბჭოს განსახილველად წარუდგენს შესაბამის რეკომენდაციებს; დ) ადგენს უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტების ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტებით გათვალისწინებულ მიზნებთან და ამოცანებთან შესაბამისობას; ე) ახდენს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და საგარეო საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას, შეფასებას, ანალიზსა და პროგნოზირებას; ვ) ახორციელებს პრემიერ-მინისტრის საინფორმაციო-ანალიტიკურ უზრუნველყოფას სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით; ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებების განხორციელების უზრუნველსაყოფად; თ) საკუთარი უფლებამოსილებების განსახორციელებლად შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან გამოითხოვს ინფორმაციას დასამუშავებლად ან/და, საჭიროების შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრისთვის წარსადგენად; ი) პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებზე; კ) საბჭოს მდივნის დავალებით ამზადებს საბჭოს სხდომებს; ლ) საბჭოს მდივნის დავალებით პრემიერ-მინისტრს შესათანხმებლად წარუდგენს საბჭოს სხდომის დღის წესრიგს და წინადადებებს საბჭოს სხდომაზე მოსაწვევ თანამდებობის პირთა შესახებ; მ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის საკითხებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ნ) მონიტორინგს უწევს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას; ო) კოორდინაციას უწევს სახელმწიფოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის სფეროებში შემავალი მიმართულებებისთვის პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას; პ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებას; ჟ) საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე კოორდინაციას უწევს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვას; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. საბჭოს აპარატის დებულება, სტრუქტურა და საშტატო განრიგი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. [3. საბჭოს აპარატის დებულება და საშტატო ნუსხა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. (ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან)]
4. საბჭოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საბჭოს აპარატს აქვს საკუთარი ბეჭედი, სატიტულო ფურცელი თავისი დასახელებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სიმბოლოები. 6. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე 21 წლის ასაკიდან, რომელსაც, პირადი და საქმიანი თვისებებიდან, განათლებიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 7. საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 8. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სამხედრო წოდებები, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 9. საბჭოს აპარატის მოსამსახურეს სამხედრო წოდებებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს პრემიერ-მინისტრი ან მისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი თანამდებობის პირი. 10. საბჭოს აპარატის მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადავადებული აქვს სამხედრო ვალდებულების მოხდა ან რომელიც განთავისუფლებულია სამხედრო ვალდებულების მოხდისგან. 11. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც საბჭოს აპარატის მოსამსახურეა, სამხედრო სამსახურს გადის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 12. საბჭოს აპარატის მოსამსახურე საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელებისას სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია. საბჭოს აპარატის მოსამსახურის სამართლებრივ და სოციალურ დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4354 - ვებგვერდი, 11.11.2015წ.
მუხლი 26. კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი 1. საბჭოს აპარატის შემადგენლობაშია კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი. კრიზისული სიტუაციების, კერძოდ, ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფის, შინაპოლიტიკური დესტაბილიზაციის ან მისი მცდელობის, ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ხასიათის კატასტროფის და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში გადადის. 2. მშვიდობიანობის დროს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი: ა) კოორდინაციას უწევს კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების თავიდან აცილებისთვის საჭირო ღონისძიებათა დაგეგმვას; ბ) კოორდინაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველ ყველა ტიპის კრიზისულ სიტუაციებთან დაკავშირებული უწყებათაშორისი გეგმების შემუშავებას; გ) ადგენს უწყებრივი სამოქმედო გეგმის ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უწყებათაშორის გეგმასთან შესაბამისობას; დ) ქმნის და აწარმოებს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის საინფორმაციო ბანკს; ე) უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის მზადყოფნას; ვ) კრიზისის შემდგომ პერიოდში სწავლობს და აანალიზებს კრიზისული სიტუაციის დასაძლევად განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობას; ზ) ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 3. საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ნებისმიერი ტიპის კრიზისული სიტუაციის შექმნის საშიშროების ან შექმნის შემთხვევაში კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრი: ა) შესაბამის ინფორმაციას დაუყოვნებლივ აწვდის საქართველოს პრემიერ-მინისტრს; ბ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ მუშაობას; გ) უზრუნველყოფს კრიზისული სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას; დ) ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს კრიზისული სიტუაციის დაძლევის და ამ სიტუაციის შედეგების ლიკვიდაციის შესახებ; ე) მონიტორინგს უწევს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების მართვასთან დაკავშირებული საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულებას; ვ) ასრულებს პრემიერ-მინისტრის ცალკეულ დავალებებს.
თავი V გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 27. გარდამავალი დებულებანი 1. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესისა და პირობების შემუშავება და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენა. 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 4 თვის ვადაში დაამტკიცოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სამსახურში მიღების, მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების და მის მიერ სამსახურის გავლის წესი და პირობები.
მუხლი 28. დასკვნითი დებულებანი 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №38 დადგენილება „სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“. 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 4 მარტი 2015 წ. N3126-IIს |
დოკუმენტის კომენტარები