„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3580-Iს
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 31/10/2018
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2018
სარეგისტრაციო კოდი 130000000.05.001.019211
3580-Iს
31/10/2018
ვებგვერდი, 21/11/2018
130000000.05.001.019211
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც იქმნება ამ კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას (გარდა საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა) აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას მიეკუთვნება აგრეთვე საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია, რომლის რეგულირების სფერო და შემუშავებისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

2. მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის სფეროში უწყებრივი დონის კონცეპტუალური დოკუმენტებისა და ორგანიზაციული დოკუმენტების რეგულირების სფერო და მათი მიღების წესი განისაზღვრება „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.

3. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) უწყებრივი კონცეფცია არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ სფეროზე ან/და მიმართულებაზე შესაბამისი უწყების შეხედულებების, მისი ღირებულებების, მიდგომების, იდეების, განზრახვებისა და ზოგადი პრინციპების დეკლარირება, რომლებიც სათანადო გარემოებებსა და მოთხოვნებს ესადაგება. უწყებრივ კონცეფციას მიეკუთვნება აგრეთვე შესაბამისი უწყების ხელმძღვანელის ხედვა ამ უწყების მიზნების, ამოცანების, საქმიანობის სპეციფიკისა და განვითარების შესახებ;“;

ბ) „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დოქტრინა არის ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროს ან/და მიმართულების შესახებ ეროვნულ დონეზე დეკლარირებული უმთავრესი პრინციპების შესაბამისად უწყების მიერ შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც ადგენს ამ უწყებაში არსებული რესურსების კონკრეტული ამოცანის (ამოცანების) შესასრულებლად ეფექტიანი გამოყენების წესს;

დ) პროგრამა განსაზღვრავს სპეციალურ ღონისძიებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს ამ კანონის მე-7−მე-13 მუხლებით გათვალისწინებული სფეროებიდან ან/და მიმართულებებიდან გამომდინარე, და მათი განხორციელების საშუალებებს. პროგრამა არ ადგენს აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების გეგმებს.“.

4. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი ორგანოა საქართველოს მთავრობა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პრეზიდენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

31 ოქტომბერი 2018 წ.

N3580-Iს